"The children in my backyard...
They make love; they fall
asleep beside me"
A. CAIMI
ჰეი, იესო
ახლა უნდა ვიმღერო მისთვის _
ვისი გულიც გაიხსნა,
ვისი ცრემლიც ცის ნამია,
ვისი ხელები წეროებია,
ვისაც ოქროს ქოშები უჭერს.
ჰეი, იესო
მე არ ვიყავი ის,
თოჯინა რომ ვიპოვე
მიწაში დაფლული _
ფერშეცვლილი და გლუვმუცლიანი?!
ჰეი, იესო
მე არ ვიყავი ის,
ვინც პირველად ვნახე
თუ როგორ დადეს ანგელოზებმა კვერცხები
და გაფრინდნენ?!
ჰეი, იესო
ახლა უნდა ვიმღერო მისთვის
ვისი გულიც გაიხსნა,
ვისი პირიც ჭრილობაა სულის,
ვისაც სიზმარში უნახავს _
ოდნავ მოცეკვავე
ბინდისფერი ბავშვები.