Litclub.ge

ფიქრის სონეტი
ხანდახან, როცა ნაღვლიანი ფიქრები მიხმობს
და გონს განწყობა ეუფლება მძიმე, სასუდრო,
თავს ვაიძულებ, გავაღწიო სამყაროს მიღმა
და ზეციერი სიმაღლიდან ვჭვრიტო საწუთრო.

შორს, სადღაც ბრუნავს დედამიწა: "ის მაინც ბრუნავს!"
მეც ვიმეორებ დაჟინებით, ვით გალილეი,
და თუ არ დაგვწვეს ისე, როგორც ჯორდანო ბრუნო,
ამ მიწასავით ჩვენც ვიბრუნებთ და გავილევით.

შემოგვეპნევა ამ ბრუნვაში სიცოცხლის წლები,
მაშ რატომ გვინდა, რომ ეს ტვირთი მხრებზე ვიკიდოთ,
თუ ამ მიწაში ჩვენგან რჩება მარტოდენ ძვლები,
არქეოლოგთა საჩხარუნოდ და საკირკიტოდ?!

ჩვენ მაინც ვბრუნავთ და ჯიუტად ვამტკიცებთ ამით:
- მარადისობას გვირჩევნია სიúოცხლის წამი!