მე ამაქვეყნად არაფერი მემათხოვრება,
არ მიძებნია ნიაღვრებში იოლი ფონი,
წინ დავიხვავე დაპნეული ჩემი ცხოვრება
და ყოველ მარცვალს მისხალ-მისხალ ვზომავ და ვწონი.
ჩამოვიშორე ამ ცხოვრების ზედმეტი ბარგი,
და ნუ ჩამითვლით ამ ჩემს ნათქვამს ავყია კვეხნად,
მე, შესაძლოა, ბევრს ვერ გავწვდი და ვერ-რა ვარგე,
მაგრამ არასდროს არავისთვის მივნია ქვეყნად.
ვერ-რა გავუგე სააქაოს სატანურ ფანდებს,
ალალი კაცი ამ ქაოსში ხსნას ვერ მიაგნებს.
ვისიც მწამდა და ვისაც ჩემი ხომალდი ვანდე,
ის მიძენძავდა თურმე ლაღად გაშლილ იალქნებს.
მე მაინც მზად ვარ, რომ ხატის წინ კელაპტრად ვენთო
და იმათ სულთა შესანდობად გევედრო, ღმერთო.