Litclub.ge

* * * ცარიელ კალთაზე დავიკრიფე ბალახები
ცარიელ კალთაზე დავიკრიფე ბალახები და
შავი ქალების იავნანას გიღიღინებ, როცა მიდის:
ტებ'ეტე მა'ტელელე,
ტებ'ეტე მა'ტელელე,
დაიძინე, თეთრო ადგილო.

რასაც არ იტყვი, სუნი გაგცემს.
ნაკლულ ჰაერს ჩამოგიკრეფს
და თივასავით მზეზე გაგიფენს:
შენ საბოლოო ნიშანი ხარ, მკვდარო ბალახო.

ქორფა ფოთლები სათითაოდ ვაცალე, ვხარშე,
და მდუღარეს შებინდებისას
გადარჩენის ლოცვა ფესვებისკენ ჩავაყოლე.
არ უშველა.
ტებ'ეტე მა'ტელელე,
ტებ'ეტე მა'ტელელე.

ახლა ჯიბეებში თითქოს სხვისი სისხლი ჩამიგუბდა,
ხელის ჩაყოფის მეშინია და ვიცი,
აი, ასეთი, მხოლოდ შენი სამყოფი ჩრდილია
სიყვარული.

სხვა ვერაფერი გამოვიყოლე
სიბნელიდან.

2008.