Litclub.ge

* * * ძლივს შემეჩვიე...
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით:
"არ შეიძლება... აკრძალულია"...
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.

შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ფიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.

მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.

მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი
და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო.
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის
გაუბედავად: "მამა... მამიკო..."

ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით.
"არ შეიძლება... აკრძალულია..."
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.