Litclub.ge

დალი კლდეში მშობიარობს
ნაცრისფერ კლდეებს ერთი თეთრი კლდე,
ერთი თეთრი კლდე,
როგორც ღამეებს დილა შერევია.
"დალი დავმძიმდი, ნაწნავებიც კი წელში გამხრიან და მერევიან,
მე ვმშობიარობ! მზეო, მომადექ! ბინდო, მერიდე!
ელვა-თეთრი კლდე ძირს არ დამიშვებს,
დაიბადება ჩემი მემკვიდრე.
რძეო, ჩამიდექ, ქვიშავ, მერიდე!
დალი დაიშლის თავის ნაწნავებს, ქვეშ დაიფენს,
შემობრუნდება მზე, ხორბლისფერ თმებში ბუდეს დაიდებს.
დალი თანდათან ცხრება, მზიან ტკივილს არ გაიმიზეზებს;
დალის კვნესა ჰგავს გალობას მოსავლის მწიფე სიმძიმეზე,
დალი კვნესის თუ გალობს თავის ძეზე, პირით-მზეზე.
ოი! ოი! დალს გადაუვარდა შვილი კლდიდან!
კლდეები შხუილით მოჯარდნენ ზეცა-უფსკრულის მხრიდან,
გადაუვარდა შვილი კლდიდან თეთრი კლდის იქით,
კლდეები შხუიან კალთების მიხლით.
კლდის ძირში დაუღია ხახა რუხ მგელს,
დასტაცა პირი ჩვილს, დედისგან ხელ-უხლებს,
მინდორზე მიქრის.
ოჰო, ქედ-ქედ, მინდვრის გასწვრივ
მობრძანდება მონადირე მეფისა,
დიდი იმედი აქვს ნადირობისა და დღეისა,
მობრძანდება მონადირე მეფისა,
ფეხებს აღარ აცლის,
ფიქრით უკვე დიდება და პატივი ეღირსა.
ქედ-ქედ მობრძანდება, მინდვრის გასწვრივ,
მონადირე მეფისა.
დაინახა მგელი, დაუდარაჯდა,
მისი ტყვია მგელს მწიფე შინდივით შუბლზე დააჯდა,
ძე დალისა დააგდებინა, ხელში აიყვანა,
აი, ბედი უნდა სწორედ ამისთანა.
ტყუილად არ ჰქონდა იმედი დღეისა,
ღიღინით მოდის,
თეთრი კლდის ძირას მოდის მონადირე მეფისა.
კლდეში დალი მოსთქვამს,
მასზე მეტად მოსთქვამენ კლდეები.
"დედაო", დალს ვიღაც ეძახის, თითქოს, ყური მოჰკრა,
ვიღაც ეძახის ნაზად და ვედრებით.
"დედის მადლი შეგეწიოს, დედის მთქმელი აღარავინ მყავს"?!
"დედა, მე ვარ, შენი ძე, ოქროს ნაწნავი გადმომიგდე, ისე ამიყვან".
დალის სული დარბილდა სიხარულით,
როგორც ცვილი მზეზე,
დალი მონადირეს თვალ-მოუკრავ სხეულს უჩვენებს,
მისთვის საჩუქარს ეძებს:
"ო, მონადირევ, მოხდენილო,
გინდა? ყოველდღე შუნს სდევდე,
ყოველდღე შეგაფეთო შუნი დამფრთხალი,
ერთ წუთს არ დაგჭირდეს თვალთვალი.
თუ გინდა, მზე-ბუდა შემოდგომით,
როცა იმარცვლება გიცრული,
ტყე ივსება ფოთლების შრიალ-წყდომით,
მე შენ ამას აგისრულებ:
ცხრა ჯიხვს გიბოძებ, კუნთმთრთოლვარეს,
რქებით გააპობენ ჰაერს ნაპერწკლებად,
მკლავს ვერ მოავლებ,
ვეება მხრები მათი სიმძიმით დაგეძლევა.
თუ არა და, მონადირევ, მოხდენილო!
ერთი ღამის ტრფობას გაჩუქებ, ჩემს საწოლს გაგიყოფ,
გინდა?! მათრობელ სურნელით ღამე იელისფრად მოგევლინო,
შეუბოჭავი ალერსით, ჩურჩულით და სუნთქვით დაგიპყრო?!
მოწყდები ყველაფერს თავდავიწყებით, არას ინანებ,
- წაგიღებს სიცხე და ბურანი -
ჩემი სხეულის მდინარე,
ხარბად მოიხვეჭ ჩემს მკლავებს, თმების ბურუსში მინარევს,
გინდა, მონადირევ, მოხდენილო,
ერთი ღამის თრობად მოგევლინო\".
ჰო! რა სურვილი აქვს მონადირეს დალისა,
არ არის მნახველი ამისთანა სანდომი ქალისა,
მაგრამ ბედმა ხელუკრავი შემთხვევა აღირსა -
მოხვეჭისა და დიდებისა და პატივისა და ამისა,
დალს კი ასე ეტყვის:
"ფეთქვა-საოცრებავ და მოუხელთებელო სურნელებავ,
აუხდენელი სიზმარი ხარ ყველა კაცისა და ჭაბუკის!
შენ ჩემთვის ჯილდოდ შენი ტრფობა გენება,
მე კი ვერ გკადრებ ამისთანა საზღაურს, ზე-დიდსა და გაუძლისს
_ სჯობს, როგორც შემფერის მონადირეს,
შენი გულუხვობა ცხრა ჯიხვს მომმადლიდეს".
დალის მკლავი თმებიდან გამოცურდა თეთრი სხივივით,
თითები ააშრიალა ფოთლებად, -
მოვარდა ცხრა ჯიხვი, რქებმიხლილი
ფერდების ხეთქების ხმა მოჰყვებათ.
ერთს თავზე ადგას
მბრწყინავ გაფატვრად
ოქროს გრეხილი,
როგორც სანთელი ალში მცურავი,
წელგადრეკილი.
სხივი მოხვდება -
ოქროს რქა რეკავს,
ზარი ედება, დაგორებული,
ბარდსა და ეკალს.
ოქროს რქა რეკავს
ბრწყინავ-წკრიალით,
ოქროსფრად რეკავს:
სუნთქვა ყელში მოუკალათდა მონადირე მეფისას,
თვალებით ესმის ხმა რეკვისა, ოქროს რეკვისა,
(გაუვალ ტევრში რქათა ნაცრისფერ გაღარულ მერქანს
წყვილი ოქროს რქა შერევია და ყვითლად ფეთქავს.)
თვალებით ესმის ხმა რეკვისა, ოქროს რეკვისა,
თოფს უმიზნებს ოქროსრქიანს მონადირე მეფისა;
ოქროსრქიანი აისხლეტს, შემოუბრუნებს ტყვიას,
გდია მონადირე, შუბლმოშლილი,
ყველაფერი შიგ ნაშობ-ნამალავი უკუნეთში მიაქვს.
მზერა დახარა დალმა -
თვალთა ბორცვებზე მზიანმა ქუთუთომ ინათა.
არც გაიფოთლა სიცილად,
არც მოჭკნა მწყრალად,
წყნარი რწევით თავის თეთრ კლდეს მიმართა.
"მზე არ დამტოვებს! ბინდს დააშინებს,
ძირს არ დამიშვებს
ელვა-თეთრი კლდე,
დიდო სიწყნარევ, სულში ჩამიდექ, შფოთვავ, მერიდე!
ვსება-დუღილო, სხეულს ჩამიდექ, ჭკნობავ, მერიდე!
დაბადებულა ჩემი მემკვიდრე!
რძეო, ჩამიდექ, ქვიშავ, მერიდე".