Litclub.ge

* * * გესმის ქოშინი?
გესმის ქოშინი?
აქ ჩემს ოთახს თავის ღამე ჰყავს -
მოახლესავით -
რომ დაბერდა და ვერ უვლის ნივთებს,
ხოლო სიმწრით გამოზრდილი მოჩვენებები
უკვე პირში დასცინიან, ვერ იმორჩილებს.
ფარდაც ვერ იჭერს -
ფანჯრებიდან შემოდის შუქი -
ნეონის მახვილ სხივებზეა
აცმული ძილი -ციმციმა აბრებს
სიტყვებიდან გამოაქვთ სისხლი -
და მეცოდება ასოები - მუნჯი ტყვეები,
რომ ჩაამწკრივეს და აკივლეს გათენებამდე.
შავ ბამბაშია შეფუთული რძით სავსე ჭიქა.
რაც არ იმსხვრევა - ტელეფონის ბლოკნოტიც კი
შავ ბამბაშია -
და იქ ანბანის სულელური რაღაც წესრიგით,
გამოგონილი მეგობრები მიქნევენ ხელებს.