როგორ უნდა მიუახლოვდე.
თუ სივრცე ისე გაიწელა,
სამიოდე ქუჩის ადგილას - გაეჩხირა მთელი ქალაქი.
როგორ უნდა,
თუ საფრენი ზონაც ჩაკეტეს მოლაღურებმა.
ზღაპრულმა ცხრა მთამ
შვა ბორცვები, გორაკები
ძებნის დღეს -
გზის ასეთმა გახანგრძლივებამ
ორივე უნდა ისე დაგვქანცოს,
თითქმის მწვერვალს მიღწეულებმა
ნიშნის კოცონი ვეღარ ავანთოთ.
სანაცვლოდ ცაა,
უერთმანეთოდ დათრთვილულები
მას ვაშტერდებით - ვინ პირველი დაახამხამებს ყინვის წამწამებს.
კარამელ „საფრენს"
ამაოდ ვეძებ შოკოლადებს შორის დახლებზე.
მჯეროდა ასე:
ენის ქვეშ თუ დავადნობდი
ღამით ტანი გამეცლებოდა
და ფრენა-ფრენით
ჩამოაღწევდა მთიდან ბარში -
შენამდე - მისი მთავარი მოგზაურობა.
საჰაერო ბურთია, მგონი,
ეს ერთად ყოფნა - საითაც ქარი უკარნახებს.
გადამფრენების ბასრმა ნისკარტმა თუ არ გაფხრიწა,
მშვიდი იქნება მაშინ დაშვება.
დღეს
როგორ უნდა მომიახლოვდე,
ქარბუქია ხვალის პროგნოზით.