შენი ნერვიული თითები
ყოველ ნახევარ საათში მიშვებენ ღმერთთან.
ანუ შენ მე მკლავ.
უმოწყალოდ მსრესავ და თავს მიჭყლიტავ ცივ რკინაზე
ან მინაზე.
ყოველდღე დაუდევრად მაყრი ასანთის ცეცხლიან ღერებს,
ათას ხარახურას და ამის მერე
გადამიძახებ სანაგვეში ან, უკეთეს შემთხვევაში
ფანჯრიდან ქუჩას აჩუქებ ჩემს თავს - უმტკივნეულოდ.
არადა: ეს მე ვარ, ვიყავი (ვიქნები ნეტა?)
შენ რომ გაბრუებ და დარდს გიქარვებ.
ყოველწუთს მაგინებ და გინდა მიმატოვო,
ოხ, როგორ გინდა მიმაგდო,
შემაფურთხო
და მაინც მეძებ...
განუწყვეტლივ, ხელის ფათურით, თვალის ცეცებით.
თუმცა, შენ კი არა, მე განადგურებ, მე გფიტავ,
მე ვარ ბატონი!
ოღონდ ლმობიერი, ფერფლის გულის მქონე,
რომელიც დაიღალა შენი თითების და გათანგული ტუჩების
შეხებისაგან.
აღარ მინდა,
აღარ მინდა
სიგარეტობა!