Litclub.ge

ვუძღვნი ჩემს ფოტოაპარატ “ზენიტ TTL”-ს
შემომეფანტნენ მეგობრები, ძვირფასო ზენიტ!
ზღურბლთან ყოფილი მეგობარი, დაღლილი ყეფით,
ხშირად სუნთქავს და ძველ ჭრილობას ილოკავს ენით.
ზენიტ, შემახე მაგ გრილი კეფა.
მე სიბერის დროს მოვიწონებ თავს ამ კადრებით,
მუხლებში თუ არ ჩავუვარდი ცისფერ ავტობუსს,
თუკი სიბერე მექნება და არ იკადრებენ,
ათასნაირად დაქუცმაცდეს ერთი ატომი.
ამერიკული იქნებ კიდეც გჯობდეს "კოდაკი",
ანდა სხვა ფირმის, რამ გამყაროს მე შენს "ჰელიოსს",
ვერ ვუღალატებ მზეს, სამყაროს, როგორც ქონდარი
და ჩემს სიკვდილში შენი ხელიც უნდა ერიოს.
ჩვენ ყველა ქართულ მონასტერთან მივალთ უთუოდ
კლდით, ტყით, ხეობით, პურის ყანებით.
თუ გავექეცი გაზქურას და თუ საუთოომ
არ მომიქცია თავის ბრჭყალებში...
ჯერ კი ვტრიალებ, როგორც შენი კოჭი კასეტში
და რეალური ოცნებებიც მაქვს მეტისმეტი.
ახლაც აღვბეჭდო ნეგატივზე მინდა ასეთი -
შავად უელავს კბილი თეთრი მეტისს.
მე წარმოვიდგენ _ თერმობირთვის მყრალი კაშჩეი
დაიღუპა და ვმოგზაურობ ამერიკაში.