დაიფრინე წუთები და წერე,
სანამ ძალა დაგრჩენია წერის,
სანამ კიდევ რაღაცისი გჯერა,
წერე, ასე, ერთი მოსმით ხელის;
სანამ გულში ჩაგეღვრება დარდი,
წერე ასე, მსუბუქად და ლაღად,
სანამ ისევ შეგაშინებს ვარდნა,
სანამ რწმენა შერჩენია ქაღალდს;
სანამ ქაღალდს მოსწყინდება შენი
სიტყვების ფრცქვნა, ამოღება გულის,
სანამ თავზე დაგიმძიმდა ჭერი,
სანამ გულში აგიფეთქდა ჭურვი;
წერე, წერე, არ შეშინდე, წერე,
წერე, როგორ დაგეღალა წერით,
ისევ წერით დაუღლელი ხელი,
სანამ თავზე დაგიმძიმდა ჭერი;
სანამ გულში ნაღველია, კვამლი,
სანამ კვამლი გაიპარა გარეთ,
სანამ გული რამემ მოგიწამლა,
სანამ ფიქრი გაუფანტავთ ქარებს;
წერე, ღმერთი სხვას მეტს რაღას მოგცემს,
აიღე და ჩაიხუტე გულში,
რომ ამ სიტყვებს, თამამებს და მორცხვებს,
ძალა ჰქონდეთ, ხმაურის და სუნთქვის.