ჩვენ დროის ტალღამ გადაგვიარა,
სასტიკმა ტალღამ - ძლიერმა და დამანგრეველმა;
შეგვატორტმანა, ფეხქვეშ მიწა გამოგვაცალა
და ისე წავიდა,
რომ გზად ბევრი რამ იავარქმნა
და ბევრი ვინმეც თან გაიყოლა.
იავარქმნა... თან გაიყოლა...
მაგრამ იმავე შეშლილმა ტალღამ
რაღაც თავისიც დაგვიტოვა.
დაგვიტოვა არა თვისი გულმოწყალებით,
არამედ უფრო ირონიით:
"ნახეთ, აკრიფეთ და გაერთეთო..."
ჰო, ჩვენ გადავრჩით
და ვინც დავრჩით,
ახლა ერთად ვათვალიერებთ
ნიჟარებით მოფენილ ნაპირს,
და ვკითხულობთ
ერთმანეთის დაწერილ ლექსებს.
ჩვენ ერთმანეთს ვჩუქნით ნიჟარებს,
ხოლო ჩვენს ლექსებს,
მიმოფანტულებს წიგნების თუ ჟურნალების
ქვიშიან ფურცლებზე,
სათაურებქვეშ აწერიათ ამას თუ იმას -
სიყვარულით, თანაგრძნობით, მადლიერებით...
ჰო, სიყვარულით, თანაგრძნობით, მადლიერებით
და, ალბათ, იმის სურვილითაც,
რომ კვლავ ვირწმუნოთ ჩვენივე თავის;
რომ საყრდენი ისევ ვიპოვოთ,
და ისევ მყარად ვიგრძნოთ მიწა,
მიწა - ჩვენს ფეხქვეშ.