Litclub.ge

ძველი ფილმი
კიდევ თუ აწვიმთ შერბურში ქოლგებს,
ისევ აცვივა ცრემლი ქვაფენილს?
ეს ერთი კადრი -
გოგონა მორბის,
თვალსევდიანი, სხვა არაფერი.

არ მახსენდება გადაუღებელ,
საგაზაფხულო წვიმის თქეშიდან -
მორბის გოგონა,
კარს გაუღებენ,
დაამშვიდებენ თუ შეეშინდა.

მსუბუქი ოხვრა, ასე ნაცნობი,
ზედ დაადნება ბაგეს უნაზესს,
იბრჭყვიალებენ ცრემლის მარცვლები
თვალის უპეში და სასთუმალზე.

გარეთ კი ისევ იმღერებს წვიმა.
სახურავებზე ქარი იქროლებს,
და სიყვარულის დაწყვეტილ სიმებს
მწუხარე ჩელო გამოიგლოვებს.

დარბაზიც ერთხმად აქვითინდება,
როცა დაგვზაფრავს ჰანგი გრძნეული.
ათრთოლდებიან შენი თითებიც
ჩემს ცივ ხელებში გამომწყვდეული...

დღეს კი...
გავყურებ მიმავალ ქოლგებს,
სიყვარულს კიდეც რომ გაუავდრდეს,
როგორღა ვიგრძნობ - მე უკვე მოვკვდი -
იმ გადავლილი წვიმის ჟრუანტელს.