ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
ნეტავი მან, მოუცლელი
რომ ჰყუდია ცრემლმდინარი,
ლოცვებს შორის, ხატებს შორის,
ერთხელ მაინც მოგკრა თვალი?
ავია და მწყრალია და
ბერი სოფლის საცდურებთან,
ერთი თვალით, ერთი ფიქრით
ჟამი მისი გაცუდდება.
ცულით ხომ არ გამოგენთო,
მოძალადე რაკი გპოვა,
თუ სარკმელი ამოქოლა
და ბილიკიც მიატოვა.
ალუბლის ხევ, შეპარულო,
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რატომ უხმობ წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
რომ დაისხი და დამწიფდი,
როგორც ცოდვის სისხლი, მწველად,
ნუთუ ერთიც არ მოგწყვიტა,
და ბაგე არ გაისველა.
ვის უნახავს მონასტერის
კედლებს როგორ შუქით ავსებს,
ხატებს როგორ აელვარებს
ხორციელი სილამაზე...
და რა ძალა უნდა გქონდეს
და რა მტრობა ბევრზე ბევრი,
რომ ცოდვილად დაისახო
ხორციელი უცოდველი.
რომ უდაბნოდ დაისახო
ლურჯი ცა და მწვანე ველი,
და მოჰკვეთო სილამაზე,
ვით ლაშქარი მწვალებელი.
ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...
წელი მიდის სხვა ათასი
და არ წყდება მაინც დავა,
რატომ უნდათ ერთმანეთი
იმათ, ღმერთმა ვინც ასხვავა.
რატომ ხმება ზეზეულად
უპასუხო სიყვარული
და ყოველწამს რატომ არის
საუკუნო დასასრული.
რად იწყება კვლავ თავიდან
სიყვარული მოძულეთა,
აქ ამბავი არვინ იცის,
ვინც წავიდა, დარჩა ღმერთთან...
ალუბლის ხევ, შეპარულო
ბერ-მონაზვნის სამყოფელში,
რომ იწვევდი წმინდას წმინდა
იმ სოფლიდან ამ სოფელში...