Litclub.ge

სიმღერა ზანგებს
აქ ქარია.
აქ ამ სახლში ქარია
ქარი. სულ გაქარდა ყველაფერი
ვიდრე გარეთ და იმის
გარეთაც. ქარშეყრილი სახლები
ირხევიან როგორც თხელი ლელქაშები
მწვანე ჭაობში. ბაყაყები
იკრავენ სუნთქვას და ერთი წუთით
ყურს უგდებენ ზანგთა სიმღერას
უხვმზიანი ქვეყნიდან რომ მოიღო
ქარმა და მუდმივად
მოყიყინე ბაყაყებსაც დაუფრთხო
ძილი იქ
იმ ქარში ნაჯაფარმა ზანგთა
სიმღერამ.
მოიტანა იმათი სურნელი _
ქარნაჭამი ხელების და
თმების სიშავე აქ
ამ სახლში იმის მერე
ჩამოიხრჩო
მეწისქვილემ ბებერი თავი
უხეში და
თეთრი ხელებით ჭაღარა
თავი
და ზანგური სიმღერები
ჭექდა საფლავზე. იმის საფლავზე ყოველ დილით
აი ასე გამთენიისას
როცა ქარი მოუბერავდა.
ქარშეყრილი სახლებიდან მონაბერი
თამამი ქარი მიძვრებოდა
თბილ ფუღუროში. საიდანაც
კრეფდა ფოთლებს
ნეშომპალაწაყრილ მიწიდან
ჭიაყელებმა რომ ამოყვეს თამამი თავი.
სლიპინაზურგა
ყავისფერმა ჭიაყელებმა
ააფახულეს
ლოპრიანი შავი თვალები
და ქარის ხმა
უწიოდათ ფერმკრთალ ყურებში
იმ სახლების საიდანაც
მოისმოდა ზანგთა სიმღერა.
ხელჩაკიდულ ზანგთა
ხმაური უსიერი ტრამალებიდან
აპობდა ჰაერს
და წისქვილის ფრთებიც
ბრუნავდა აქ
ამ ქარში
ქარშეყრილი სახლების გარეთ
და იმის გარეთ როგორც ლელქაში
ირხეოდა მეწისქვილის
თეთრი ხელებით ჩამობმული
მაგარი თოკი...