შენთვის სისხამზე გადაიხსნა ლურჯი ცის კარი
და ამ მიწაზე რა ღიმილი დაგაკავებდა.
მწვანე თვალები ერთდროულად მზეს და კალენდარს
მიეყინა და ახლა დროის სრბოლა მრისხანებს.
აბა, რა იცი, როგორმა ცამ დამაიმედა,
გზაჯვარედინზე მარტოდმარტო რატომ ვრჩებოდი...
სულის ღიობში ფორიაქი სევდად შემოდის
და სულ ეს არის, რაც ცხოვრებამ გამოიმეტა,
მაგრამ... ხომ არის ღამე, არის გრილი სისხამი,
ტკბილ-მწარე სევდის დღეები ხომ შერჩა კალენდარს.
შენთვის, ღვთის ნებით, გადაიხსნა ლურჯი ცის კარი.
ასეც ვიცოდი... ღიმილი რას დაგაკავებდა!