ცარიელზე ცარიელი ველები,
ვეღარ გხედავ როგორც გამქრალ მადათოვს,
მომაწოდე დათოშილი ხელები,
მეც მცივა და მითხარ როგორ გაგათბო!..
გაიგე, რომ დროა ახლა ასეთი,
რახანია დაიხოცნენ კრავები,
ახლა მხოლოდ სიჩქარე და გაზეთი,
ახლა მხოლოდ ღრიალებენ ძრავები.
ისევ ლტოლვა ისევ ისე წანწალი...
და ნაცნობი უცხო ჩვენი სამყარო,
დიდი ხნის წინ დამიმთავრდა საგზალი,
ძალაც არ მაქვს ლექსები რომ გავყარო.
ხომ ხდებოდა პოულობდნენ გასაღებს,
ხომ ხდებოდა ზღაპარი და მითები,
რა იქნება, სადმე მაღლა დავსახლდეთ,
ხეზე ისევ ხომ ცხოვრობენ ჩიტები.
დავიღალე თითქოს ვებრძვი ურდოებს,
მე ვარ გიჟი, მაგრამ არ ვარ მოცარტი,
გევედრები: მარტო მაინც ნუ მტოვებ,
გთხოვ ცარიელ სასახლეში მობრძანდი!..