Litclub.ge

*** "შეხედე"
შეხედე _
ზეცის ციხე-კოშკიდან
წვიმის დალალი ჩამოიშალა...
ვერ დავივიწყე,
ზღვის ხმაურივით
დაგიმახსოვრე, როგორც ნიჟარამ.
წვიმს და უშენოდ ეს გაზაფხული
ყველა საამო ჟრუანტელს მწაპნის...
მწვანე თვალების დაღლილი შუქით
ვერ გააკვირვებ ციმციმა აპრილს.
მე დღეს მარტო ვარ და სუროსავით
გულში ვიხუტებ ჟანგიან მესერს.
და ეს თქაფუნა წვიმის წვეთები
აუმღვრეველი სიმშვიდით მსრესენ...
სიმარტოვე კი ორ ცხელ ღარს ისე
გულგრილად ტოვებს დაღლილ სახეზე,
კი არა ვტირი...
სულ ერთი წამით
დარდი გულიდან გამოვახედე.