Litclub.ge

დემოკრატია და პიროვნება (მთარგმნელი: გია სიამაშვილი)
ჩვენში იშვიათად მსჯელობენ საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლებზე. აზრი და გონება მიმართულია ელემენტარულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისაკენ, მათ მიღმა კი ვეღარას ვხედავთ. მაგრამ ჩვენს საზოგადოებას მოუწევს ცხოვრების ძირეული გარდაქმნა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
დღემდე ეროვნული მოძრაობა იმ იდეების მიხედვით ხორციელდებოდა, რომლებიც მოწყვეტილი იყო რეალობას. რუსეთის ინტელიგენციას დემოკრატიული იდეები მიაჩნდა თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად. დემოკრატია არასოდეს ყოფილა სერიოზული მსჯელობისა და კრიტიკის საგანი. არავის უფიქრია მის ცხოვრებაში გატარების სირთულეებზე. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მანკიერი მხარეები ხელს უწყობდა ჩვენი აზროვნების წესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, სიკეთედ გვეჩვენებოდა ყოველივე ის, რაც ჩვენი რეალობის საპირისპირო იყო. ყოველი მეტისმეტად რთული საზოგადოებრივი აზრი გაუგებრად და უსარგებლოდ მიგვაჩნდა. დასავლეთში დემოკრატიის პიროვნებასთან მიმართების საკითხი დიდი ხანია სერიოზული მსჯელობის საგნად არის ქცეული. იქ მრავალი საზოგადოებრივი ფორმაციის გამოცვლის შედეგად პოლიტიკურმა აზროვნებამ ერთგვარად ამოწურა კიდეც თეორიული მარაგი. ჩვენ კი მთელი ისტორიის მანძილზე ძალადობის წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდით და საზოგადოებრივი აღმშენებლობის საკმაოდ მწირი გამოცდილება გაგვაჩნია. თუმც იდეის დონეზე განცდილი გვაქვს ყველაზე უკიდურესი პოლიტიკური თუ სოციალური მოძღვრებანი, ვგონებ ანარქიზმიც გამოვიარეთ. მაგრამ ეს უკიდურესი პოლიტიკური თუ სოციალური სისტემები რუსეთში მუდამ გამარტივებულად და ელემენტარულად იყო გაგებული. ასევე გამარტივებულად იქნა აღქმული დემოკრატიის იდეაც. რუსებისათვის, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე მიჩვეულნი იყვნენ უსამართლობასა და ჩაგვრას, დემოკრატია წარმოადგენდა რაღაც სრულიად მარტივსა და გასაგებს. მას უნდა მოეტანა დიდი სიკეთე - გაეთავისუფლებინა პიროვნება. დემოკრატიის უდავო უპირატესობათა გამო, ჩვენ დავივიწყეთ, რომ ეს ერთგვარი რელიგია, როგორი სახითაც იგი ჩამოყალიბდა რუსოს მოძღვრებაში და როგორც განხორციელდა რობესპიერის მიერ, არამცთუ არ ათავისუფლებდა პიროვნებას და არ განამტკიცებდა მის უფლებებს, არამედ სრულიად უგულებელყოფდა მას. დემოკრატიის პირობებში სახელმწიფოებრივი აბსოლუტიზმი ისევე შესაძლებელია, როგორც უკიდურესი თვითმმართველობის დროს. სახალხო მმართველობას ისევე შეუძლია ხელყოს პიროვნების უფლებები, როგორც თვითმმართველობას. ასეთი გახლავთ ბურჟუაზიული დემოკრატია, მისი სახალხო მმართველობის ფორმალური პრინციპით. მაგრამ მარქსის სოციალური დემოკრატია ასევე ნაკლებად ზრუნავს პიროვნების თავისუფლებაზე და უგულებელყოფს მის ავტონომიურობას. სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთ ყრილობაზე ითქვა, რომ პროლეტარიატმა შესაძლოა ჩამოართვას კიდეც პიროვნებას კანონით მინიჭებული უფლებები, ვთქვათ, სიტყვის თავისუფლება, თუ ეს პროლეტარიატის ინტერესებში იქნება. როგორც ჩანს, მათთვის პროლეტარიატი გახლავთ ის აბსოლუტი, რომელსაც ყველაფერი უნდა მიეტანოს მსხვერპლად. ამგვარი აბსოლუტიზმით გამსჭვალულია მთელი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება. იგი ვლინდება როგორც ერთმმართველობის, ასევე სახალხო მმართველობის პირობებშიც. აბსოლუტიზმის ინსტინქტებითა და ჩვევებით გამსჭვალულია დემოკრატიაც, რომლის ფორმალური აბსოლუტიზმი სხვა იდეებით უნდა იყოს შეზღუდული. უმრავლესობა ვერ იბატონებს განუსაზღვრელი დროით ცალკეულ პიროვნებებზე. საზოგადოებრივი მოთხოვნა ინდივიდისადმი, როგორც ერის აბსოლუტური ნების გამოხატულება, არ შეიძლება იყოს ფორმალური. დემოკრატია აღიარებს თავისუფალი ადამიანის სტიქიას, რაც მისი ნების იმანენტურია, მაგრამ დემოკრატია გასულიერებული უნდა იყოს, რაც სულიერ ღირებულებებთან და მიზნებთან კავშირს გულისხმობს. დემოკრატიის იდეის გააზრება და ფორმულირება მოხდა ისეთ ისტორიულ პერიოდში, როდესაც ევროპელთა რელიგიური და ფილოსოფიური ცნობიერება მოწყვეტილი იყო ადამიანის სულიერ სამყაროს. ადამიანი განიხილებოდა როგორც საზოგადოების მიერ გაპირობებული სუბიექტი, მაგრამ თავად საზოგადოება მოწყვეტილი იყო მსოფლიო მთლიანობას, კოსმიურ სიცოცხლეს, რამაც გამოიწვია მისი მნიშვნელობის გაზვიადება. შეიქმნა რაციონალისტური უტოპიზმი სრულყოფილი ცხოვრების მოწყობის რწმენით. ამ უტოპიაში იგნორირებულ იქნა სიცოცხლის, ადამიანისა და სამყაროს სულიერი ბუნება. საფუძველს წარმოადგენდა ადამიანისა და მოქალაქის უფლებებათა დეკლარაცია, რომელიც წარმოიშვა სინდისის თავისუფლების რელიგიური მოძღვრებიდან რეფორმაციის პერიოდში. მაგრამ ეს დეკლარირებული უფლებები ყოველთვის ილახებოდა, განსაკუთრებით სოციალური კატაკლიზმების დროს. ისინი ეწირებოდა უტილიტარულ საზოგდაოებრივ ინტერესებს. რუსეთში დემოკრატიული იდეების რეცეფცია მოხდა პოზიტივიზმისა და მატერიალიზმის ნიადაგზე, ამიტომაც ეს იდეები მოწყვეტილი იყო ადამიანისა და მოქალაქის იდეას. სოციალური თანასწორობის პათოსი ჩვენში მუდამ ახშობდა პიროვნების თავისუფლების პათოსს. ადამიანის უფლებათა დეკლარაცია არ უკავშირდებოდა სულიერად და მორალურად პიროვნების ვალდებულებებს, მის პასუხისმგებლობას. გაბატონებული იყო უპასუხისმგებლო სოციალური გარემოს თეორია, რომელიც მხოლოდ პრეტენზიებს ბადებდა.
პიროვნება არ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების პასუხისმგებელი შემოქმედი. ცხოვრების გარდაქმნას მოელოდნენ სოციალურ გარემოში განხორციელებული ცვლილებებისაგან და არა პიროვნული და ეროვნული ნებისა და ცნობიერების გარდაქმნისაგან. ერთა ზნე-ჩვეულებანი საერთოდ უგულებელყოფილია ახალ სოციალურ მოძღვრებაში.
დემოკრატიის იდეამ, იმ გამარტივებული და სწორხაზოვანი ფორმით, როგორითაც ის ჩვენში იქნა მიღებული, სავალალო შედეგები მოგვიტანა. მან გაათავისუფლა პიროვნება ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან, დააკარგვინა მას ავტონომიურობა და ბუნებრივი უფლებები, რადგან მხოლოდ პასუხისმგებელია თავისუფალი და თავისუფალია პასუხისმგებელი, ხოლო ჩვენს დემოკრატიულ იდეოლოგიებში პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადატანილი იქნა მასების რაოდენობრივ მექანიკაზე. სწორხაზოვანი დემოკრატიული მეტაფიზიკა არ მოითხოვს პიროვნების გარდაქმნას, შინაგან სულიერ ცვლილებებს. იგი აყალიბებს საზოგადოებრივ მორალს, რომლის თანახმადაც ყოველგვარი სასიკეთო ცვლილება ფორმის სრულყოფილებაზეა დამოკიდებული. ამგვარი დემოკრატიული მეტაფიზიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მასების გახელებას, აგიტაციას, პროპაგანდას, მანიფესტაციებს. იგი ნაკლებად ფიქრობს ადამიანთა შინაგან არსობრივ ცვლილებებზე. მთავარია არა სულიერი ძალების განვითარება, ვთქვათ მუშებისა და გლეხების, არამედ მათი იმგვარ პირობებში მოქცევა, რომელიც გარდუვალს ხდის საპროტესტო აქციებს. ეს არის დემოკრატიის ზნეობრივი გადაგვარება, რომლის ნაყოფსაც დღემდე ვიმკით.
მე ვგულისხმობ არა დემოკრატიის საპროგრამო დებულებებს, რომლებიც უდავოდ შეიცავენ სიმართლესა და სამართლიანობას, არამედ იმ პოლიტიკურ მეტაფიზიკას და მორალს, რომელშიც შინაგანზე დომინირებს გარეგანი, აგიტაცია აღზრდაზე, პრეტენზია პასუხისმგებლობაზე, რაოდენობა ხარისხზე, თანასწორობის მექანიკა თავისუფალ სულიერ შემოქმედებაზე.
ამგვარი ყოვლად შეუზღუდავი დემოკრატია წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის სულთან, მის ბუნებასთან. დემოკრატიის ფორმალიზებულ სულს, რომელიც ორიენტირებულია გარეგანზე, უნდა დაუპირისპირდეს ადამიანისა და კაცობრიობის შემოქმედი სული, პიროვნებისა და ერის სული, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში დემოკრატიული პროგრამების შინაარსთან, მაგრამ იმავდროულად მოითხოვს გონისა და ნებელობის აქტივობას, პიროვნების სულიერ გარდაქმნას. საზოგადოების ბედს იგი უკავშირებს ადამიანის, ერის, კაცობრიობის შინაგან ცხოვრებას. იგი გულისხმობს ადამიანთა ჭეშმარიტ გაერთიანებას და არა მათ მექანიკურ კავშირებს. სოციალური შემოქმედება შეუძლებელია შემოქმედი სუბიექტის გარეშე. დემოკრატიული მეტაფიზიკა არ საჭიროებს შემოქმედებას, იგი ემყარება რაოდენობრივ მექანიკას, გადანაწილების პრინციპს. მას არ აინტერესებს მოქმედ ინდივიდთა შინაარსი, უარყოფს პიროვნებათა შერჩევის პრინციპს, მათ ინდივიდუალობას. პიროვნება არ აგებს პასუხს საზოგადოებრივ პროცესებზე. მაგრამ ჭეშმარიტი სახალხო მმართველობა, როგორც ორგანიზებულ ადამიანთა ენერგიის, ეროვნული ხასიათის გამოვლენა გულისხმობს თვითდისციპლინას, თვითაღზრდას, ნებისყოფის წრთობას. ჭეშმარიტი სახალხო მმართველობა ნიშნავს როგორც პიროვნების, ასევე მთელი ერის ძალისხმევას საზოგადოებრივი ცხოვრების სრულყოფისათვის. ერი არ არის ადამიანთა მექანიკური კავშირი. იგი ცოცხალი ორგანიზმია თავისი ხასიათით, ნებელობით, ცნობიერებით და მიზნებით. დემოკრატია, როგორც ღირებულება, გულისხმობს ჩამოყალიბებულ ეროვნულ ხასიათს, ზრდასრულ პიროვნებას, რომელსაც შესწევს თვითგამოხატვის უნარი ერის ცხოვრებაში.
მმართველობის უნარი გააჩნია მხოლოდ მას, ვინც განაგებს საკუთარ თავს. პიროვნული და ეროვნული თვითმმართველობის დაკარგვა, ქაოსის გამოწვევა, არამცთუ არ მოასწავებს დემოკრატიას, არამედ პირიქით _ შეუძლებელს ხდის მას. ეს არის გზა დესპოტიისაკენ. დემოკრატიის საფუძველს ეროვნული ხასიათი წარმოადგენს, რომელიც პიროვნების ჩამოყალიბებიდან იწყება. ამიტომ საზოგადოებრივი განვითარების პროცესი მიმართული უნდა იყოს პიროვნების ჩამოყალიბებისაკენ. სამწუხაროდ ჩვენში ამგვარი მიმართულება არ არსებობს. დემოკრატია ვერ განხორციელდება, თუ ერს არ გააჩნია თვითმმართველობის შინაგანი უნარი, პიროვნული ხასიათი. რუსი ხალხი უნდა გადავიდეს ჭეშმარიტ თვითმმართველობაზე, მაგრამ ამ ამოცანის წარმატება დამოკიდებულია ადმაიანთა ხარისხზე, ყოველი ჩვენთაგანის თვითმმართველობის უნარზე, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ პატივისცემას ადამიანის უფლებებისადმი, მისი თავისუფალი სულიერი ბუნებისადმი. ხელოვნურად გამოწვეული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა ვერ მოგვიტანს თვითმმართველობას. გახელებული ბრბო, რომელიც აღტკინებულია ანგარებითა და ბოროტი ზრახვებით, ვერ მართავს ვერც საკუთარ თავს და ვერც მითუმეტეს საზოგადოებრივ პროცესებს. ბრბო, მასა არ არის დემოკრატია. დემოკრატია არის ქაოტური სიმრავლის თვითდისციპლინირებულ ხარისხში გადასვლა. ცალკეულ პიროვნებას, როგორც მთლიანად ერს, უნდა გააჩნდეს საკუთარი თავის მართვის უნარი. ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერი მხარეები მემკვიდრეობით გვერგო მონობიდან. მათი დაძლევა თვითმმართველობის პრაქტიკაში არის შესაძლებელი.
ფორმალურ დემოკრატიზმს არ აინტერესებს ერის ნება, მისი სული, მთავარია სახალხო მმართველობის ფორმალური პრინციპის დაცვა. მაგრამ ეროვნული ნება არის შინაგანი, სულის გარკვეული მიმართულება, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს დემოკრატიის ფორმალიზმს. ამ შემთხვევაში დემოკრატიის ფასეულობანი შეერწყმება ერისა და პიროვნების სულიერ ფასეულობებს. ამ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა არ განმეორდეს წარსულის შეცდომები და ჩვენ კვლავ რეაქციისა და დიქტატურის მოჯადოებულ წრეში არ აღმოვჩნდეთ.
თუმც დემოკრატია არ სცნობს კლასობრივ და წოდებრივ პრივილეგიებს, იგი შეზღუდული უნდა იყოს ადამიანისა და ერის უსაზღვრო სულიერი ბუნების უფლებით. რადგან ერის სული დემოკრატიაზე ღრმაა, სწორედ იგი უნდა განსაზღვრავდეს ამ უკანასკნელის მიმართულებას.
დემოკრატიის პრიობებში ძალაუფლება არ შეიძლება ეკუთვნოდეს ყველას, მექანიკურად გადანაწილდეს წევრებზე. იგი იმ რჩეულთა კუთვნილებაა, რომლებსაც ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა და რომლებიც იღებენ საკუთარ თავზე უდიდეს ვალდებულებებს. მაგრამ ეს რჩეულთა ხელისუფლება სახალხო ცხოვრების წიაღიდან უნდა იყოს მოსული, იგი ხალხის იმანენტური უნდა იყოს. არ არსებობს აბსოლუტური და შეუზღუდავი დემოკრატია, იგი იზღუდება მის მიერვე განსაზღვრული პრინციპებით.