ის გადმოეშვა დედამიწის დახშულ სფეროზე
და რა იხილა ჯოჯოხეთის ძრწოლვა და გმინვა,
სალხინებელში აიტაცა მეუფის სხივმა
და მის საჭვრეტად აღებრწყინა, ვით ასპიროზი.
დახვდა ცის თაღი - მზეასხმული, როგორც ფირუზი
და ჩვენს ბედდამწვარ სამშობლოში - ნათელ და მჭვირვალ
ღვთის საუფლოში აღავლინა საღამოს წირვა
და კვლავ განზავდა თვალშეუდგამ ცის საფირონში.
ალიგიერის ქებას ვამბობ - სულმნათ დანტესი,
ვისაც განუდგა ლაფდასხმული მისი მამული
მიძინებული საუკუნის იმ სიზანტეში.
შევნატრი მის ხვედრს: ნუთუ, ღმერთო, ეგზომ შორია
მისი გოლგოთა, მისი ცრემლი, გზა უამური,
თვისტომთა წყევლა, მარტოობა და ექსორია...