პატარა ფლორიანს ბაბუა მოუყვა მარიამისა და იოსების შესახებ, რომლებმაც სასტიკ ყინვაში ბეთლემამდე მიაღწიეს და თავშესაფრის ამაო ძებნაში სამი ფუნდუკი შემოიარეს.
პირველი ფუნდუკის პატრონს საუბრის დაწყებაც კი ზედმეტი ეჩვენა; უკმაყოფილოდ გააქნია თავი და თითით კარებზე მიუთითა: "ეშმაკმა წაგიღოთ!".
განრისხებისაგან წამოჭარხლებულმა მეორე მეფუნდუკემ დაიღრიალა: "უგვარტომოებს არ ვემსახურები! თანაც ფეხმძიმე ქალი! სადმე სხვაგან იმშობიაროს!".
მესამე მეფუნდუკემ ცოტათი მეტი გულისხმიერება გამოიჩინა: "ჩემი ფუნდუკი სახურავამდე სავსეა. სამწუხაროდ. მოსახლეობის აღწერის გამო ხალხი ყოველი მხრიდან მოედინება. ქალი ფეხმძიმედ არის? კაცმა რომ თქვას, კი უნდა დაგეხმაროთ. მე ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ უკვე გითხარით, რომ სხვენის ჩათვლით ყველაფერი დაკავებულია". აქ მეფუნდუკემ თავი მოიფხანა. "ისე, თუ მოისურვებთ, ღამის გათენება თავლაში შეგიძლიათ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ხვალ კი იქნებ ერთი პატარა ოთახიც გათავისუფლდეს".
ღამით იესო მოევლინა ქვეყანას.
დილას ძალზე გაკვირვებულმა მეფუნდუკემ თავლის ბინადართ გულთბილი სალამი მიუძღვნა: "გილოცავთ, გილოცავთ, მაგრამ თავისუფალი ოთახი ჯერ კიდევ არა მაქვს, გუშინ ორი დუჟინი ახალი სტუმარი მოგვივიდა".
ამასობაში კი მწყემსები დაადგნენ გზას, რათა ახალშობილის ხილვით გაკვირვება გამოეხატათ, - და სამი ბრძენი და კეთილაღნაგი მოგვი ლევანტიდან. წარმოიდგინე, ფლორიან, ახალშობილი მათ თავლაში დახვდებათ, ხარსა და ვირუკას შორის მწოლარე. რაოდენი სირცხვილია ჩვენთვის, ადამის მოდგმისათვის!
ბაბუამ ეს ყველაფერი ერთობ ცოცხლად მოუთხრო ფლორიანს, მაგრამ ეტყობა ბიჭუნამ მონაყოლში რაღაც ვერ გაიგო. იგი ხომ ტურისტული ბიუროს მფლობელის შვილი იყო და ხშირად ჰქონდა საშუალება, რომ მამისათვის მოესმინა, როდესაც ის სასტუმროს ნომერს უკვეთავდა.
ახლა მშობლები დაკავებულნი იყვნენ; დედა სამზარეულოში საქმიანობდა, მამა საშობაო ნაძვის ხეს ამკობდა, ბაბუა თავის ოთახში ტახტზე იყო წამოწოლილი და თვლემდა.
მაშ, საქმეს პირი ჩვენსკენ უჩანს. შეგვიძლია შეუფერხებლად დავრეკოთ. მამის სატელეფონო ცნობარში უამრავი სასტუმროს ნომერია.
2227133 - "გრანდ ოტელი".
- "გრანდ ოტელი" გისმენთ. საღამო მშვიდობისა.
- საღამო მშვიდობისა. გაქვთ თავისუფალი ნომერი?
- რა თქმა უნდა. ვინ ლაპარაკობს?
- ფლორიანი.
"გრანდ ოტელის" მანდილოსანს ხმა გაუთბა: "რომელი ფლორიანი?"
- ფლორიან ბერჩი. მამაჩემი ტურისტული ბიუროს მფლობელია.
მცირე პაუზა ჩამოვარდა.
- ფლორიან, შენ ისევ აპარატთან ხარ?
-დიახ, და გთხოვთ დამიჯავშნოთ ლამაზი, მყუდრო ოთახი.
- თარიღები?
- არანაირი. ნომერი დღევანდელი ღამისათვის მესაჭიროება.
- ფლორიან, შენ იცი, რომ დღეს შობის წინადღეა?
- ვიცი, - აქ კი ფლორიანს მხნეობამ უღალატა. უცებ დაავიწყდა, კიდევ რას ამბობდა ხოლმე მამა, როდესაც ნომერს უკვეთავდა, მაგრამ ჯიუტად დაუმატა: "ეს ოთახი მარიამისა და იოსებისათვის მჭირდება".
- აა, თურმე რაში ყოფილა საქმე.
- და ეღიროს იმდენი, რამდენიც ეღირება.
- ყველაფერი წესრიგშია. საფასურს ვინ გადაიხდის?
- მე.
- შენ?
- მარიამსა და იოსებს ხომ ფული არა აქვთ. შენ ეს არ იცი?
- შენ თვითონ ვისგან გაიგე, რომ მათ ფული არა აქვთ?
- ბაბუასაგან!
- თუ ასეა, საქმეს ვერაფერი გაგვირთულებს.
- და მათ ბავშვიც ჰყავთ.
- ო, ამის შესახებ სულ არ მიფიქრია. მაშინ ხომ მათ ძალიან დიდი ოთახი დასჭირდებათ, ეს კი კიდევ უფრო ძვირი დაჯდება.
- მათ დიდი ოთახი ესაჭიროებათ. მწყემსები მოვლენ და მოგვები.
- ფული რამდენი გაქვს, ფლორიან, რამდენის გადახდა შეგიძლია?
- მე ვფიქრობ, რომ...
- ჩაიხედე შენს ყულაბაში. ყულაბა ხომ გაქვს?
- მე ყულაბა-ღორი მაქვს.
- ყულაბის გატეხვა ხომ არ დაგჭირდება?
- არა, მუცელზე გასახსნელი აქვს.
ფლორიანს ყურმილი არ დაუკიდია. ყულაბის გასახსნელად გაქანდა. ხაზის მეორე ბოლოში მანდილოსანიც სიამოვნებით დარჩა აპარატთან.
როდესაც ფლორიანმა სულმოუთქმელად გახსნა ყულაბა და თავისი დანაზოგი საფუძვლიანად დათვალა, ისევ ტელეფონთან გაჩნდა.
- მისმენ?
- რა თქმა უნდა, ფლორიან. რამდენი აღმოგაჩნდა?
- 27 მარკა და 53 პფენიგი. შეიძლება 54 პფენიგიც იყოს.
- მოდი, პფენიგებს თავი დავანებოთ. როგორ ფიქრობ, 27 მარკა საკმარისია?
- 27 მარკა უზარმაზარი თანხაა.
- რაც მართალია, მართალია. მე მეგობრულ შეთანხმებას გთავაზობ: 30 მარკა.
- 30 მარკა, - გაიმეორა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ფლორიანმა და უკვე ყურმილის დადებას აპირებდა, მაგრამ მამა დროზე გაახსენდა: ოთახს 29 მარკად ავიღებ".
ფლორიანი ბაბუასგან ისესხებს - ბაბუასთან ბედი ყოველთვის წყალობს, - დედა კი ნამდვილად დაუმატებს ერთ ან ორ მარკას.
- ალო, ფლორიან?!
- ჰო, მე ისევ აქა ვარ, და 29 მარკა ჩემი უკანასკნელი სიტყვაა.
- კეთილი, დაეთანხმა მანდილოსანი "გრანდ ოტელის" მისაღებიდან, - მე დავჯავშნი ლუქსს მარიამისა და იოსებისათვის 29 მარკად, მაგრამ მხოლოდ შენი ხათრით, ფლორიან. როდის იქნებიან სტუმრები?
- ოჰოჰოჰო, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ფლორიანი.
- მარიამი და იოსები ხომ თავლაში ცხოვრობენ. იცის ბაბუამ, სად დგას თავლა?
- მე ვკითხავ.
- რას კითხავ?
- თავლა სად დგას.
- მაგაზე ნუ შეწუხდები. ბაბუა ნამდვილად გეტყოდა, რომ თავლას ზევიდან კაშკაშა ვარსკვლავი დაჰყურებს. დარწმუნებული ვარ, იმ ვარსკვლავს ჩვენც დავინახავთ. შენ კი შობის მეორე დღეს მოხვალ და ნომრის საფასურს გადაიხდი. 29 მარკას.
- ეს საქმე მე მომანდეთ. ჩვენი ფირმა ხარჯს ყოველთვის წინასწარ ანაზღაურებს.
- ეს ფრაზა, რომელიც ფლორიანს ხშირად ესმოდა მამის სატელეფონო საუბრების დროს, პირდაპირ ცხრიანში მოხვდა.
ფლორიანმა ყურმილი დადო და თავისი თავით ძალზე კმაყოფილმა გაიფიქრა: რა კარგია, როცა ადამიანი მშობლებს ყურადღებით უსმენს.
შობის ამ წინადღეს ფლორიანმა განსაკუთრებული სიხარული იგრძნო. მარიამი, იოსები და, რაც მთავარია, ახალშობილი ქრისტე თავლაში კი არ გაათენებენ ღამეს, არამედ "გრანდ ოტელში". და ნამდვილად არ შერცხვებიან, როდესაც სამი მოგვი მოვა სტუმრად.
- ბაბუა, ერთ მარკას ვერ მაჩუქებ?
- რაო, ჩემი საჩუქრები არ მოგეწონა?
ფლორიანს არ უნდოდა გამხელა, რისთვის დასჭირდა ერთი მარკა.
- შენ მე საჩუქრებს დამიბრუნებ, მე კი ერთ მარკას მოგცემ.
- არა, არა, მხოლოდ შობის მეორე დღეს; მაშინ დამჭირდება ერთი მარკა.
- რატომ მაინც და მაინც შობის მეორე დღეს?
- ამას მაშინ გეტყვი. თვალები შუბლზე აგივა!