მწუხრზე მამა ბერკაცად იქცა. ბნელ ოთახებში გაქვავდა დედის თეთრი იერი და ყრმას ამხობდა წყევლა და კრულვა გადაგვარებულ ჯილაგის თავზე. ჟამი-ჟამ იგი იგონებდა ბავშვობას თვისას, ავადმყოფობით, ძრწოლითა და წყვდიადით სავსეს, ნამალევ თამაშს ვარსკვლავთა ბაღში. ან კიდევ იმას, შებინდბუნდებულ ეზოში ვირთხებს რომ აპურებდა. ლურჯი სარკიდან გადმოვიდა დის ფერმიხდილი, ვიწრო აჩრდილი და ყრმა მკვდარივით ჩაეცა ბნელში. ღამღამობით ეღებოდა პირის წიაღი, ვით ძოწისფერი მწიფე ნაყოფი და ვარსკვლავნი გადმობრწყინავდნენ მის უენო და უხმო კაეშანს. მისი სიზმრები ავსებდა ბებერ მამისეულ სახლს. საღამოობით ის დახავსებულ სასაფლაოს მიაშურებდა ან შენაბინდარ საყდრის წიაღში უმზერდა გვამებს, მათ ლამაზ ხელებს, ხრწნის მწვანე ლაქებს რომ მოეჩითათ. პური ითხოვა საყდრის ჭიშკართან. იქ წყვდიადიდან გადმოფრინდა რაშის აჩრდილი და შეაშინა. მერე კი თავის დამზრალ საწოლში ჩამოსდიოდა გამოუთქმელ ცრემლების ღვარი, მაგრამ იქვე არავინ იყო, რომ მისთვის შუბლზე დაედო ხელი. შემოდგომა როცა დგებოდა, ვიდოდა იგი, ნათელმხილველი, თალხ მინდორ-ველზე. ჰოი, ველური აღფრთოვანების შმაგი წუთები, საღამოები მწვანე მდინარის სანაპიროზე, ნადირობანი. სული, რომელიც ჩუმად მღეროდა შეყვითლებული ლელიანის მსუბუქ სიმღერას. ცეცხლოვანი ღვთისმოსაობა. მშვიდად და დიდხანს იმზირებოდა გომბეშოების ვარსკვლავთვალებში, აცახცახებულ ხელებით გრძნობდა ხავსმოდებული ლოდის სიგრილეს და ლურჯი წყაროს საკვირველი ლეგენდები ახსენდებოდა. ო, ვერცხლისფერი თევზები და მძიმე ნაყოფი, ტოტებდაგრეხილ ხეებიდან ძირს რომ ცვიოდა. აკორდები საკუთარი ნაბიჯებისა მას აღავსებდა ქედმაღლობით და კაცთსიძულვილით. ძველ მიყრუებულ კოშკს მიადგა შინ მიმავალი. ბაღში დაქცეული ღმერთები იდგნენ, საღამოს ბინდში მგლოვიარედ თავჩაქინდრულნი. მას კი ეჩვენა: მე აქ ვიცხოვრე წლები, ახლა დავიწყებული. ორღანის ქორალმა აღუვსო სული ღმერთის ცახცახით, მაგრამ ის უკუნ გამოქვაბულში ატარებდა ცხოვრებას თვისას, ცრუობდა და იპარავდა, ემალებოდა იგი მგელი ალმოდებული, დედის თეთრ იერს. ო, წუთი, როცა ქვადქცეულ პირით ვარსკვლავების ბაღში ჩაეცა და მკვლელის ჩრდილი თავს წამოადგა. მეწამულ შუბლით შედიოდა მრუმე შამბნარში და უფლის რისხვა მწარედ სცემდა ლითონის მხრებზე. ჰოი, გრიგალით დაზნექილი არყის ხეები, შავი ნადირი, მისი სიგიჟის ბნელ ბილიკებს რომ გაურბოდა. სიძულვილმა დაუწვა გული, და ნეტარებამ, როს ამწვანებულ ზაფხულის ბაღში მდუმარე ბავშვზე ძალა იხმარა, იმ სხივოსანში მან საკუთარი იხილა სახე, გონგადასული. ვაგლახ, მწუხრის ჟამს ფანჯარასთან, სისხლისფერი ყვავილებიდან ჩონჩხი საზარი, სიკვდილი რომ წამოიმართა. ო, ზარებო და სამრეკლოებო. და ეცემოდნენ ღამის ჩრდილები ყრმას ლოდებივით.
რა უძიროა ძილი ბნელი, ბანგისმიერი. აღვსილი თეთრი ვარსკვლავებით და თოვლისფერი, ქვადქცეული იერით დედის. მწარეა სიკვდილი, საზღაური ცოდვით დაღდასმულ სულთა; ძველ, თალხ ტოტებში გვარტომის ხისა ღრეჯით ჩაიშალნენ თიხის სახენი, მაგრამ ხმადაბლა ამღერდა კაცი, ანწლის მწვანე ჩრდილს შეფარებული, როდესაც ავი სიზმრებიდან გამოეღვიძა: მას ვარდისფერი ანგელოსი მიუახლოვდა თანატოლივით, იგი, ნადირი ლმობიერი, ღამის მსუბუქ ძილს რომ მისცემოდა. და მან იხილა სიწმინდის ვარსკვლავიერი. მზის ოქროსფერი ყვავილები ეფინებოდა ბაღის ღობეზე, ზაფხული რომ შემოდგებოდა. ო, რუდუნებავ ფუტკრებისა და კაკლის ხის მწვანე ტოტნარო, ო, ავდარნო გარდამავალნო. ვერცხლად ყვაოდა ამ დროს ყაყაჩოც, მწვანე კვირტებში რომ გამოეკრა ღამეული ჩვენი სიზმრები, ვარსკვლავური. ო, რა სიჩუმეს მოეცვა სახლი, როდესაც მამა წყვდიადისაკენ დაადგა მკვდრის გზას. ძოწისფრად მწიფდა ხეზე ნაყოფი და მებაღე დაკოჟრილი ხელით იწვდიდა. ო, ბალნიანი, ბნელი ნიშნები სხივოსან მზეში. მაგრამ მწუხრის ჟამს ჩუმად მიადგა მკვდრის აჩრდილი მგლოვიარე თავისიანებს და ბროლივით წკრიალებდა ნაბიჯი მისი ამწვანებულ ველობზე ტყესთან. გარინდებულნი მიუსხდნენ ინახს. მომაკვდავებმა ცვილის ხელებით გატეხეს პური, სისხლადმდინარი. ვაგლახ, დის ქვიან თვალთა, შეშლილთა, სერობაზე მათი სიგიჟე ძმის ღამეულ შუბლს რომ შეაფრინდა. დამზრალ და მტკივან ხელებში დედას ქვად ექცა პური. ო, ხრწნაშემდგარნო, ვერცხლის ენებით ჯოჯოხეთი რომ დაადუმოთ. ჩაქრა ლამპები ცივ ოთახებში და სისხლისფერი ნიღბებიდან გატანჯულები უმზერდნენ ერთურთს, დიდხანს და ჩუმად. მთელ ღამეს წვიმა მოშრიალებდა და ყვავილნარი გამოაცოცხლა. და ეკლიანი უდაბურობის წიაღ იკვლევდა გზას ყარიბი, ბნელით მოსილი, მისდევდა ყანის ყვითელ ბილიკებს, ტოროლას ძახილს, მწვანე ტოტნარის სათუთ სიჩუმეს, რათა მშვიდობა ეპოვა სადმე, ო, თქვენ სოფლებო და ხავსიანო საფეხურებო, შემოხედვავ ალმოდებულო. მაგრამ ცახცახებს გააფთრებული ძახილი ძერის. შებინდებისას უკაცრიელი ქვიანეთი იპოვა ისევ, მამის უკუნი სახლისაკენ მკვდარს რომ მიჰყვება. მეწამული ღრუბელი შუბლს შემოეღრუბლა, როს უხმოდ დააწყდა საკუთარ სისხლს და საკუთარ ხატებას, მთვარისფერი იერი მისი. ქვასავით ჩაეცა ცარიელ სიღრმეში, როდესაც დამსხვრეულ სარკის წიაღში მომაკვდავი ყრმა _ და აღიმართა. ღამის წყვდიადმა შთანთქა იგი ჯილაგი კრული.