Litclub.ge

მხატვარი ებერტი (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
და შემდეგ ისევ გავეშურეთ
მხატვარ ებერტის სანახავად გარეუბანში
და იქ ანაზდად გაზაფხულს შევხვდით: მდინარისპირა
მდელოებზე უკვე რაღაცა იზრდებოდა და ბუჩქები
იფოთლებოდნენ და ფრთოსნებიც
დაფრთხიალებდნენ. სადაც ის ცხოვრობს
იქ ზაალეს რბილი რკალია და წყლის სიშავეს
აკამარებს კოხტა თაღით პატარა ხიდი.
ვრცელ წინკარში უკლოზეტო ძველი სახლის სუნი ტრიალებს
მაგრამ იქ თავს გრძნობ მყუდროდ და მშვიდად
უკვე დავლანდეთ თეთრ ჩარჩოებში ნახატთა ბზინვა
კარს ვაკაკუნებთ მაშინ გვამცნობს მეზობლის ქალი
შინ არ არისო და როდესაც სახლიდან გადის
მით უფრო როცა ცოლი სადღაც თმებს ახვევინებს
დაღამებამდეც არ ბრუნდებაო. ჩვენ მოვიარეთ
მისი ჩვეული ლუდხანები
ყოველ მათგანში შევიხედეთ, შევყავით თავი
მზის სინათლიდან სარდაფთა ბინდში
კვამლიანი კუნძულების მიკროჰავაში იქ ბოთლების
წკრიალი იდგა - და ერთ-ერთმა მეპატრონემ
რომელსაც ის გზას გამდგარი დაუნახავს, გვირჩია მაშინ
მიგვეკითხა იქვე ახლოს სხვა მედუქნისთვის
მაგრამ ვეღარსად მივაგენით, არც "მავრში" და
არც "გოზენთან" ის არ აღმოჩნდა. მერე ქალაქი იწყებოდა
აღარ შეგვეძლო გვედია მისთვის ხე ლუდხანების
აქ უკვე მძლავრად განშტოვდებოდა.