Litclub.ge

წითლად შეღებილი გმირებისადმი
სანამ არ იყო პლატონური სიცრუე იდეათა შესახებ,
ადამიანები თევზებივით დაუძაბავად
და უდარდელად მოძრაობდნენ.

ჰქონდათ სამსონივით გრძელი თმები
და ისარივით მიისწრაფოდნენ მიზნისაკენ.

კარგად იცოდნენ, რომ არაფერში ჭირდებოდათ
ცოდნა საკუთარი არარაობის შესახებ
და არც იყვნენ არარანი.

და აი ისინი ბრუნდებიან! უსმინე!
გესმის, მთვარის შუქზე მოცეკვავე ვიწროწელიან მეომართა,
გრძელფეხება წვეროსანი მამაკაცების
ხმადაბალი და მსხვრევადი სიცილი.

მათი სახეები დელფინის სისხლივით წითელია.
ღმერთო, უმშვენიერესი ერთიანად ალისფრად შეღებილა,
ცეკვის დროს წითლად ლაპლაპებს
და შავწვერს მიღმა იღიმის

ისინი ცეკვავენ, ცეკვით გაგვშორდნენ და ცეკვითვე ბრუნდებიან
ისინი ალისფერად შეღებილან,
რადგან რაც ქვეყნად, ღვთის ალისფერი ბრწყინვის გარეშე შექმნილა -
უმჯობესია არც შექმნილიყო.
ო, როგორ წითლად კაშკაშებენ ისინი!