გოეთეს დაბადებიდან ორასი და გარდაცვალებიდან ასჩვიდმეტი წლის თავზე სწორად იქცევა კაცი, როცა მის შესახებ მოხსენებას ამ სიტყვებით იწყებს: ახალს ვერაფერს გეტყვით.
ეს განსაცვიფრებელი, დიადი და კურთხეული სიცოცხლე ლამის მისი დაშრეტის წუთიდან მთელი შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ძირისძირობამდე იქნა შესწავლილი, გაშუქებული და გადმოცემული. ეს დიდებული შემოქმედება უკვე ერთიანად კომენტირებული, ნადღესასწაულები, ფილოლოგიურად ნაჩხრეკი და სულიერად განმარტებულია, რაც იშვიათად ღირსებია რომელიმე სხვა მოკვდავის ცხოვრებასა და შემოქმედებას. და ფრიად გამართლებულია განცდა, რომ შენ მეტისმეტად გვიან მოდიხარ მთელი შენი სათქმელით ამ ფენომენის თაობაზე. Tout est dit1 _ ყველაფერი უკვე ნათქვამია: გერმანელთა და არაგერმანელთა მიერ და რაც ყველაზე უარესია: მე თავადაც უკვე ვთქვი ჩემი და მთელი მარაგი ჩამოვცალე: ნახევარ დუჟინ წერილებსა და მთელ რომანში. და ახლა, როცა კიდევ ერთხელ ვბედავ გოეთეზე საუბარს, _ უნდა გავუძლო კონკურენციას არა მხოლოდ მთელ მსოფლიოსთან, არამედ ჩემ საკუთარ თავთანაც.
მართალი გითხრათ, მაინცადამაინც არ მეამაყება ჩემი ეს წვლილი, ჩემი ეს ჩაღრმავება გოეთეს ცხოვრებასა და შემოქმედებაში, თავისი პოეტური ნაირგვარობითა და მონუმენტურობით ესოდენ უსასრულოდ შთამბეჭდავ ამ პიროვნებაში, რამაც ჭეშმარიტად რაღაც სპეციალისტის, დიახ, რაღაც მიმბაძველ-მოციქულის სახელი მომიპოვა. არ მეამაყება, რადგან ეს არის გერმანელის ჩაღრმავება გერმანულში. გაცილებით მეტად მხიბლავს ის, რაც კარლეილისა2 და ემერსონის3 დროიდან მოკიდებული ჟიდის,4 ვალერის5 და ინგლისური გოეთოლოგიის ჩათვლით, მაშასადამე, არაგერმანელთა მიერ ამ დიდი გერმანული მოვლენის შეცნობისათვის შეიქმნა. ერთხელ მრავალი წლის წინ გერმანიაში ჩემს ახლად დაბრუნებულ მეგობარს, სახელგანთქმულ რომანისტ კარლ ფოსლერს6 ვკითხე, თუ რა იყო მიზეზი და იმპულსი იმისა, რომ ადრიდანვე თავდავიწყებით სწავლობდა ლათინურ ენასა და ლიტერატურას, და ბრწყინვალე ნაშრომები უძღვნა არა ჰიოლდერლინს ანდა ჰეგელს, არამედ დანტეს, რასინსა7 და კალდერონს8. "რაღაც სრულიად განსხვავებულის მოთხოვნილება მქონდაო" - მომიგო. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან რა ღირსეული და მართალიც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის მისი ეს მოთხოვნილება, უნდა მეღიარებინა, რომ ჩემი საკუთარი განათლებისა და ჩამოყალიბების პროცესს მსგავსი რამ არ განსაზღვრავდა, რომ იგი მთლიანად გერმანული სამყაროთი საზრდოობდა, და მე როგორც კრიტიკოს-მწერალი და თაყვანისმცემელ-ინტერპრეტატორი, თითქმის მხოლოდ მშობლიურს ვემსახურებოდი და არა უცხოს. მე მრცხვენოდა ამის გამო, მრცხვენოდა ჩემი გერმანელობის, რადგან სულის სიღრმეში რაღაც გრძნობა მკარნახობდა და არც არასოდეს შეწყვეტს კარნახს, რომ ნამდვილი განათლება მხოლოდ და მხოლოდ "სულ სხვა რამის" ანუ უცხოს, უცხო ენის, კულტურისა და სულიერი ფორმის გაცნობით, დაუფლებითა და ათვისებით, მისი გამშობლიურებით იწყება. და მე კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემით, კლაისტის,9 ვაგნერის10 და თავად გოეთეს ნაცვლად პასკალზე,11 დიდროზე12 ან უორდსვორტსა13 და კიტსზე14 რომ მემუშავა. როდესაც ცოტა ხნის წინ ამერიკაში პირველად გამოქვეყნდა ჩემი ესეების კრებული "Essays of Three Decades"15, მართალია, კრიტიკას პირდაპირ არ გავუკიცხივარ, მაგრამ ნაკლზე მინიშნება აშკარად იგრძნობოდა კონსტატაციაში: ამ შტუდიათა ობიექტები ტოლსტოისა და დონ-კიხოტის ავტორის გამოკლებით სხვადასხვა რანგის პირწმინდად გერმანელი ავტორები არიანო. ცხადია, არ შემეძლო არ შემემჩნია, რომ ამ სიტყვებით პროვინციულობას მსაყვედურობდნენ. რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს, ამ საყვედურს ყველაზე მეტად სწორედ გერმანული სულიერების შეზღუდვა და მისი მხოლოდ გერმანულზე დაყვანა იმსახურებს. ყველაზე ნაკლებ სწორედ გერმანელს ეკადრება დაკმაყოფილდეს თავისი ქალბატონი დედაენით და იმით, რაც ამ ენაზე შექმნილა; მას ყველაზე მეტად მართებს ექსპანსიურობა, მსოფლიო აზრისაკენ ლტოლვა, გაცნობა, მიღება და დამუშავება უცხო ელემენტისა და ამ უცხოთი აღფრთოვანება. და მას სწორედ გოეთესგან შეუძლია ისწავლოს ყოველივე ეს, გოეთესგან, რომელმაც 78 წლის ასაკში ეკერმანს უთხრა: "თუ ჩვენ, გერმანელები, ჩვენი ვიწრო წრიდან გარეთ არ გავიხედავთ, მაშინ ადვილად შეგვიპყრობს პედანტური მედიდურობა. ამიტომ მე სიამოვნებით ვადევნებ თვალს უცხო ნაკადებს და ყველას ვურჩევ, თავის მხრივ იგივე გააკეთოს. ნაციონალური ლიტერატურა ახლა ბევრს ვეღარაფერს იტყვის. მოდის მსოფლიო ლიტერატურის ჟამი და ყველამ უნდა შეუწყოს ხელი მის დაჩქარებას".
ამდენად, იყო გოეთეს მიმდევარი და მომხრე, სულაც არ ნიშნავს გერმანულ პროვინციულობას. და საერთოდ, უფლება მაქვს განვაცხადო: თუკი მე ბევრს ვწერდი გერმანელებზე და ნაკლებს უცხოელებზე, - გერმანელებში მუდამ მსოფლიოს, მუდამ ევროპას ვეძებდი, და დაუკმაყოფილებლობის განცდა მეუფლებოდა, თუკი ამას იქ ვერ ვპოულობდი. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ის გერმანელები, რომლებიც ჩემს მასწავლებლებად მიმაჩნდა: შოპენჰაუერი, ნიცშე, ვაგნერი და ბოლო წლებში, უპირველესად - გოეთე, ყველაზე მკვეთრად არიან აღბეჭდილნი ზეგერმანული, ევროპული ნიშნით. რასაც მე მათში ვპოულობდი, ეს იყო ევროპული გერმანულად, ევროპული გერმანია, რაც მუდამ ჩემი სურვილისა და ლტოლვის საგანს წარმოადგენდა და სრულიად უპირისპირდებოდა "გერმანულ ევროპას", გერმანული ნაციონალიზმის ამ საშინელ ქშენას, იმთავითვე თავზარს რომ მცემდა და გერმანიიდან გამაძევა. თითქმის ზედმეტია იმის აღნიშნვა, რომ ეს ორივე კონცეფცია გულისხმობს განსხვავებას, რითაც მსოფლიო "კარგ" და "ცუდ" გერმანიას ერთმანეთისგან მიჯნავს: ევროპული გერმანია, ამავე დროს "დემოკრატიული" გერმანია, ამ სიტყვის უფართოესი მნიშვნელობით, ანუ ის ქვეყანა, რომელთან ცხოვრებაც შეიძლება, რომელიც მსოფლიოს თავზარს კი არ სცემს, არამედ მის სიმპათიას იმსახურებს, რადგან მას წილი უდევს საკაცობრიო, დემოკრატიულ რელიგიაში, რელიგიაში, საბოლოო ანგარიშით დასავლეთის მორალურ ცხოვრებას რომ განსაზღვრავს და იგულისხმება, როდესაც წარმოვთქვამთ სიტყვას "ცივილიზაცია".
ბედისწერამ ინება, რომ ამ ევროპულმა დემოკრატიზმმა გერმანიაში დიდი პოლიტიკური ძალა ვერ მოიპოვა; რომ ძალაუფლებასა და ხელისუფლებას არასოდეს სურდა მას დაკავშირებოდა. სხვა ხალხებისაგან განსხვავებით, ეს იდეა ისტორიულად თითქმის გერმანულ უძლურებასთან გაიგივდა. "საქმით მწირი და აზრით მდიდარი" - ასე უწოდა ჰოლდერლინმა ძველ, ღვთისმოსავ, სულიერ და უძლურ გერმანიას, და ეს სიყვარულითაა ნათქვამი. ამ სიტყვებში დასტური და თანხმობა გაისმის. მაგრამ გერმანული განხეთქილება სულსა და ძალას, აზრსა და საქმეს შორის, შეუსაბამობა კულტურის მაღალ რანგსა და პოლიტიკურ უბადრუკობას შორის ტანჯვის წყაროსაც წარმოადგენდა. გოეთე, მაგალითად, - ჰიოლდერლინთან შედარებით ნაკლებ ეთერული ნატურა აშკარად იტანჯებოდა ამ წინააღმდეგობებით და ცხოვრებისაგან მოწყვეტილ თეორეტიზმს, გერმანული ხასიათის არსებით თვისებას, შემთხვევა მიეცემოდა თუ არა, ქოქოლას აყრიდა. "ვიდრე გერმანელები - ეუბნება იგი ეკერმანს 1829 წელს - თავს იტეხენ ფილოსოფიურ პრობლემათა გადაჭრით, ინგლისელები თავიანთი დიდი პრაქტიკული ჭკუით დაგვცინიან და მსოფლიოს იპყრობენ".
და აი, მინდა სრულიად გულახდილი ვიყო და განგიცხადოთ, რომ გოეთეს ეს ნათქვამი არ მიყვარს. ჯერ ერთი, ინგლისს არასოდეს დაუცინია ღარიბი, სულიერი და არაპრაქტიკული გერმანიისთვის. პირიქით, მრავალი მიაგებდა პატივსა და აღტაცებას გერმანიას, რაც თუნდაც იმ უამრავ ინგლისელს შეეძლო გამოეხატა, ვაიმარში რომ ჩადიოდნენ პილიგრიმებად. მეორეც, არცთუ კეთილგანწყობის მაჩვენებელია ინგლისის მხოლოდ პრაქტიკულ ჭკუაზე დაყვანა და მისი აღმოსავლეთინდურ კამპანიასთან გაიგივება, რადგანაც ინგლისმა მსოფლიოს უდიდესი დრამატურგი, მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი მწერალი თუ მოაზროვნე და ამაღლებულ-ნატიფი ლირიკა მისცა. გარდა ამისა, ამ ნათქვამიდან გამოსჭვივის ფარული ნაციონალური მედიდურებაც, თითქმის ის აზრი, თითქოსდა გერმანია სულის მიერ რჩეული ხალხია. მესამეც, და ეს ყველაზე მეტადაა დამაფიქრებელი, ამ სიტყვებში გაისმის ერთგვარი წაქეზება: მიბაძონ ინგლისს და მსოფლიოს დაპყრობისათვის შეიმართონ; ბიძგი იმ შურიანი შეჯიბრისაკენ, რამაც მოგვიანებით ასეთი უბედური როლი შეასრულა გერმანიის ისტორიაში.
ასეთია ჩემი დაპირისპირება იმ ნათქვამთან, რომელიც პედაგოგიურ ზემოქმედებას გულისხმობდა და არც აკლდა პედაგოგიური ღირებულება: რადგან გოეთეს მიერ "პრაქტიკული ჭკუის" შექება გაფრთხილება იყო სულისა და აზრისთვის, რომ ღრუბლებში კი არ ეფარფატათ, არამედ გაერთიანებულიყვნენ ცხოვრებასთან და პასუხისმგებლობა ეტვირთათ მის გამო. ის იმ დემოკრატიულ პრაგმატიზმს უმიზნებს, რომელიც გერმანიას მართლაც ყოველთვის მეტისმეტად აკლდა, მაშინაც კი, როცა აქ "სიცოცხლეს", როგორც უმაღლეს ღირებულებას, დიონისურად დღესასწაულობდნენ. სწორედ სიცოცხლის მხარე დაიჭირა უდიდესმა პოეტმა სულის ქედმაღლობის პირისპირ, და არა მხოლოდ ამ შემთხვევითი ნათქვამით. და ახლა მსურს, მორის ბარესი 16 დავიმოწმო. მან გოეთეს "იფიგენიას" უწოდა "ცივილიზებული ქმნილება", რომელიც "იცავს საზოგადოების უფლებებს სულის ქედმაღლობის პირისპირ". ეს გახლავთ განსაზღვრა, რომელიც ლამის უფრო მეტად შეესაბამება "ტასოს", თვითაღზრდისა და თვითმოთოკვის, დიახ, თვითგამათრახების ნაწარმოებს, - პოეზიას, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი სიფხიზლის გულისთვის თავად პოეზიისა და პოეტის გაწირვამდე მიდის რილკეს მსგავსი პოეტების გულის მოსაკლავად, რომლებიც აქ ღალატს და გამყიდველობას ხედავენ ხელოვნების მიმართ სიცოცხლის სასარგებლოდ. ხელოვნების არისტოკრატიული განმარტოება მათთვის სანუკვარი რამაა. ისინი მძულვარედ შესცქერიან უხამსსა და მიწიერ ანტონიოსს, რომელიც იმარჯვებს დრამაში.
ამის თაობაზე ამას წინათ ბრწყინვალე ნაშრომი წაიკითხეს Pუბლიცატიონ of the english Goethe Society17-ში. ეს გახლავთ უდო მასონის "რილკე და გოეთე", რომლის ავტორსაც არც ეს გამორჩენია და რილკეს მოსაზრებები "ტასოს" ირგვლივ გოეთეს ნოვალისისეულ კრიტიკასთან დაუწყვილებია. ნოვალისი "ვილჰელმ მაისტერს" უაღრესად არაპოეტურ ნაწარმოებს და "პოეზიის წინააღმდეგ მიმართულ კანდიდს"18 უწოდებდა. რომანტიული ელემენტი აქ იღუპება, - წერს იგი, - ასევე ქრება ბუნების პოეზიაც, სასწაულებრივი ფენომენიცო. რჩება მხოლოდ ეკონომიური სული, როგორც ჭეშმარიტი რამ. გოეთე სრულიად პრაქტიკული პოეტიაო, - ვკითხულობთ ნოვალისთან - ის იგივეა თავის ქმნილებებში, რაც ინგლისელი თავის საქონელში: უკიდურესად უბრალო, სასიამოვნო, მოხერხებული და ხანგამძლე... რილკესა და ნოვალისის აზრი სავსებით ემთხვევა ერთმანეთს. ეს ერთი და იგივე ხმაა - ცხოვრებით ნატიფი სულის გამწარებისა და პოეტურ-არისტოკრატული ტანჯვის ხმა იმის წინააღმდეგ, ვინც ცხოვრების მხარე დაიჭირა და გულგრილად უარმყოფელი სიტყვა წარმოსთქვა: "ხელოვნებაში საქმე საერთოდ არ უნდა გვქონდეს ტანჯვასთან". მაგრამ მას სრულიად განსხვავებული ნათქვამიც აქვს, აი თუნდაც ეს სიტყვები, იტალიაში მოგზაურობის დროს რაფაელის თაობაზე რომ ამბობს: "რადგან ჩვენ ვგრძნობთ იმ შემზარავ გარემოებებს, რომელთა დროსაც მხოლოდ ყველაზე უფრო ენერგიულ, ერთნიშნად ბუნებრივ ელემენტს ძალუძს ამაღლდეს შესაძლებლობის მაქსიმუმამდე". ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს, რომ ამ "შემზარავ გარემოებებს" იგი არა მხოლოდ გრძნობდა, არამედ სცნობდა კიდეც? ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს, რომ ის ყველაფერი, რის გამოც ჩვენს წარმოდგენებს ჰარმონიის, გაწონასწორებულობისა და კლასიკურობის შესახებ გოეთეს ვუკავშირებთ, მას ადვილად არ მისცემია? რომ ეს ყველაფერი მისი უკიდურესი ძალისხმევით იყო მოპოვებული, ეს იყო შექმნილი მისი ხასიათის ძალებით, ძალებით, რომლებიც ახერხებდნენ დაეძლიათ, აეთვისებინათ, გამოეყენებინათ, დაეწმინდათ და ამ გზით თვით ყველაზე უფრო სახიფათო, ზოგჯერ კი, უბრალოდ გამანადგურებელი გარემოებები იძულებული გაეხადათ სიდიადედ და სიკეთედ ქცეულიყო. მისი ცხოვრება შეიძლება წარმოვიდგინოთ დანებით ცეკვად სიმძიმისა და სიმსუბუქის სიყვარულისა, როგორც რაღაც მხოლოდ-სწორედ ასე-შესაძლებელი. თან გენიოსზეა ლაპარაკი. კი, ბატონო. გენიოსი კი ყოველთვის არის: მხოლოდ-სწორედ ახლა-შესაძლებელი. ამ ცხოვრებას ხელოვნების ქმნილება უწოდეს. ხელოვნების დრამა უნდა ეწოდებინათ. თავად ასე აღნიშნა აფორიზმში, რომელიც თავისი საფლავის წარწერად სურდა შეეკვეთა:
"Wohl kamst du durch, so ging es allenfalls,
Mach's einer nach und breche nicht den Hals."
"დიახ, კეთილად გააღწიე. ყოველ შემთხვევაში, ასე მიდიოდა საქმე.
დე, მოგბაძოს მავანმა და კისერი არ მოიტეხოს."
მე აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც ბ. ფეირლის წიგნში "A study on Goethe"19 წავიკითხე სიტყვები, რომელთაც ასე ვთარგმნი: "გოეთე არ შემცდარა და წინასწარ განჭვრიტა მომდევნო საუკუნეში ისეთი თვალთახედვის აღმოცენება, რომელსაც უფრო მოეწონებოდა, თუკი იგი, როგორც მართალი პოეტი, კრახით დაამთავრებდა, ვიდრე ის, რაც მან შეძლო: რომ საგნებისაგან თავისი წინსვლა შეექმნა. და თუ მან მართლაც წინასწარ იხილა, საბედნიეროდ რაღაც ისეთი იყო მის არსებაში, რაც ამ თვალთახედვას უკუაგდებდა. რადგან თუ თვითგადარჩენის ინსტინქტი კაცობრიობისთვის თვითგანადგურების ინსტინქტზე უფრო ძვირფასია, მაშინ გოეთეს ცხოვრებას და შემოქმედებას - ისეთს, როგორიც ჩვენ გადმოგვეცა, - გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მაშინ ექნებოდა, იგი რომ თავისივე სიმძიმის ქვეშ დამსხვრეულიყო ან თავი დაენებებინა იმის კეთებისათვის, რაც გააკეთა". განა ამ "to macke a success of things"-ს20 - ადამიანურობისათვის სასარგებლო ამ ნებას, გადარჩენის ამ ნება-სურვილს რაღაც დემოკრატიული არა აქვს დაღუპვის პოეტურ-არისტოკრატიულ ნებასთან შედარებით? შილერის "ზარი"-ს შესავალში გოეთე ერთხელ იყენებს სიტყვას "სიცოცხლის ღირსი" ("lebenswürdig"): "სიცოცხლის ღირსი ადამიანი სიკვდილმა უნდა მოინადიროს"-ო - ჰგოდებს იგი.
მახსოვს, ჯერ კიდევ პირტიტველა ყმაწვილს, რომელსაც პესიმიზმის დიადი ნებართვა შოპენჰაუერისაგან მქონდა მიღებული, როგორ პირდაპირ გულში მომხვდა ეს გამოთქმა, თუ არ ვცდები, გოეთეს საკუთარ სიტყვათქმნადობას რომ წარმოადგენს. მან მთლიანად ამირ-დამირია წარმოდგენები სულიერებაზე, ხელოვანზე, პოეზიაზე, წარმოდგენები, მიწიერი ცხოვრებისათვის ხელოვანის არისტოკრატიულ გამოუსადეგარობას რომ გულისხმობდა, იმას, რომ ხელოვანი ცხოვრებისათვის მოწოდებული არ არის. ჯერ კიდევ შორს იყო ის დრო, როცა გოეთეს ნებასა და უნარს - "განეხორციელებინა წარმატება" უმძიმესი წინაპირობებიდან, უდიადეს და უსაყვარლეს ნიმუშად, მისაბაძ საქმედ ჩავთვლიდი. და მე დღეს მხოლოდ იმდროინდელ განცდას გამოვხატავ, როცა ვიხსენებ მის კეთილგანწყობას სიცოცხლის, ცხოვრების მიმართ - და მის მიერ დაღუპვის პოეტური ვნების უარყოფას დემოკრატიულ ნიშნად მივიჩნევ. ამ ნიშანს შეუძლებელია გერმანული ვუწოდოთ. იგი, სწორედაც რომ, გერმანულთან შინაგანი დისტანციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. "გერმანელებს უყვართ სიკვდილი" - თქვა ჟორჟ კლემანსომ21 პირველი მსოფლიო ომის დროს: "შეხედეთ მათ ლიტერატურას! არსებითად მათ მხოლოდ სიკვდილი უყვართ!" ეს შეფასება საკმაოდ ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ოღონდ ფსიქოლოგიური ანალიზით გატაცებულ სახელმწიფო მოღვაწეს არ შეიძლებოდა გოეთე ეგულისხმა, რადგან ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგებოდა ყველა ჯურის გერმანულ-რომანტიკულ კულტს სიკვდილისას. და მე მჯერა, თუკი საქმის არსში ჩავიხედავთ, სწორედ გოეთეს სიცოცხლისმოყვარეობა იქცა იმის მიზეზად, რომ მას ევროპა თავისიანად თვლის.
აქ ერთგვარი ჩანართის აუცილებლობას ვხედავ. ნება მომეცით, ერთად გავიხსენოთ, რომ გოეთე არც ფილოსოფოს-სისტემატიკოსი ყოფილა და არც დოგმა-მოსაზრებათა გახევებული მიმდევარი. გოეთეს პოეტური ნაყოფიერების წყარო წინააღმდეგობათა ის უსასრულო სიმდიდრე იყო, მის ბუნებას რომ მოიცავდა და თანამედროვეთ დროდადრო უბიძგებდა, იგი ერთგვარ ბუნებრივ-ელფურ ნიჰილიზმში დაედანაშაულებინათ. ხშირად თქმულა, რომ გოეთეს სიტყვებით ამქვეყნად ყველაფრის გამოთქმა და დამტკიცება შეიძლება. მიუხედავად ამისა, და მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომელთაც ჩვენ დღესაც შევეხებით, გოეთესთან ვპოულობთ მისი დიდი, ურყევი ადამიანურობისა და უტყუარი სიკეთის უცვლელ საფუძველს; ამ საფუძველში ყველა მისეული წინააღმდეგობა უფრო მაღალი, თითქმის ღვთაებრივი წესით განზავდება. უფრო ღრმა ხედვისათვის ამ შეუმცდარ ადამიანურობაში გაჯერდება ისიც, რაც გოეთეს პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში ერთი შეხედვით ხმაშეუწყობლად უპირისპირდება ერთმანეთს.
ცხადია, მესმის, რომ საგნის არსს ძირისძირობამდე უნდა ჩავყვე და დემოკრატიის ცნებაც ძალზე გავაფართოვო, რათა გოეთეს მოქცევა მოვახერხო ამ ცნების ფარგლებში. რადგან უფრო ვიწრო აზრით, უფრო ზედაპირულად თუ განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ გაცილებით უფრო მეტი რამ სწორედ მის ანტიდემოკრატიულობაზე მეტყველებს როგორც პოლიტიკურ, ასევე მორალურ ასპექტში. მაგრამ ესეც ისევ და ისევ სიცოცხლესთან მისი პოზიტიური დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, მისი ბუნებრივი თვითშეგრძნებიდან, იქიდან, რომ იგი თავს ღმერთების ნებიერად, შემოქმედის საყვარელ ბავშვად აცნობიერებდა, სამყაროს მეუფედ, რომელიც უბედურებად ჩათვლიდა ოპოზიციაში ყოფნას. სწორედ ასე თქვა: "უბედურება რომ მხვდომოდა წილად და ოპოზიციაში ვყოფილიყავიო..." - და სულ დაავიწყდა, რომ ზოგჯერ დიადებიც არიან ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, მისთვის ნაცნობი იყო სინაზისა და სიუხეშის კავშირი, გენიოსის განსაკუთრებულ ვიტალობას რომ შეადგენს, სიამოვნებით ლაპარაკობდა იმაზე, განსაკუთრებული ადამიანები თავიანთი სენსიბილობის წყალობით მუდმივი ავადმყოფობისთვის არიან განწირულნიო, და თვითონაც ხშირად იყო ავად. ვერთერის დღეებიდან მოკიდებული, კაცმა რომ თქვას, ეს ფრიად სახიფათო მეგობრობა იყო, მას რომ სიცოცხლესთან აკავშირებდა. მაგრამ გოეთეს ძალიან უყვარდა ძალა და წვენი წარმოეჩინა, დედამიწის მძლავრფესვება შვილი - მუხა ეთამაშა და თავისი ხანგამძლეობითაც ეტრაბახა, თავისი დღეგრძელობით, რაც აგრერიგად ანცვიფრებდა ვალერის: "Ce qui me frappe dans Goethe, avant toutes choses, c'est cette vie fort langue - un changement d'amplitude presque séculaire".22 გოეთე თავად მოდიოდა განცვიფრებაში ამ მოვლენით და დღემოკლეობაზე ანუ განსაკუთრებული დღეგრძელობის უუნარობაზე იუმორით და აგდებულად ლაპარაკობდა. 81 წლისა იგი ამბობს: აი, ზომერლინგი (სახელგანთქმული გერმანელი ანატომისტი) უბადრუკ ასაკში გარდაიცვალა: სულ რაღაც 75 წლისა: მაინც რა უვარგისები არიან ადამიანები, რომ იმის თავიც არა აქვთ, ამაზე მეტ ხანს გაძლონ ამქვეყნად! ამიტომ ვუქებ ჩემს თავს ჩემს მეგობარ ბენტამს (იგულისხმება ინგლისელი ეკონომისტი და უტილიტარისტი) ამ უკიდურესად რადიკალურ შლეგს: მას კარგად უჭირავს თავი, არადა ჩემზე რამდენიმე კვირით უფროსია!".
არც კი ვიცი, მერამდენედ ვყვები ამ ანეკდოტს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს და სწორედ იმის გამო, რომ ასე მდიდარია იმპლიკაციით23... ასე მრავალწახნაგოვანი მორალური და ფსიქოლოგიური შინაარსის თვალსაზრისით და აქ პირველ რიგში რადიკალიზმის გაქირდვა მახსენდება, ასე ძალიან რომ შეეფერება სიმართლეს. თანამოსაუბრეს გოეთესთვის უპასუხია: ინგლისში რომ დაბადებულიყავით, თქვენი აღმატებულებაც რადიკალური იქნებოდა და სახელმწიფო მმართველობაში გაბატონებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შეებრძოლებოდაო.
ამაზე გოეთე მეფისტოფელის სახით პასუხობს: ვინ გგონივართ? მე რა კანონდარღვევებს ჩავუდგებოდი კვალში, რათა ისინი აღმომეჩინა და გამეხმოვანებინა? მე, რომელიც ინგლისში სწორედაც რომ კანონდარღვევებით ვიცხოვრებდი?! მე რომ ინგლისში დავბადებულიყავი, მდიდარი ჰერცოგი ვიქნებოდი, ან უფრო ეპისკოპოსი ოცდაათი ათასი ფუნტი ყოველწლიური შემოსავლით! თანამოსაუბრეს უპასუხია, ხომ შეიძლებოდა ცხოვრების ლატარეაში ბედს არ გაეღიმა მისთვის, ამ ცხოვრებაში ხომ ამდენი უიღბლო ბილეთიაო. და ამაზე გოეთე: "ყველა როდია, ჩემო ძვირფასო, დიდი ხვედრისთვის დაბადებული. თქვენ რა გგონიათ, ისეთ სისულელეს გამოვიჩენდი, რომ ცარიელი ბილეთი შემხვედროდა?!"
ეს მედიდურობაა, ბაქიაობა ცხოვრებით, წინასწარ დადგენილი გამორჩეულობის ცნობიერება. ის, რომ გოეთე თავის დაბადებასა და არსებობას გერმანიაში, იმასთან შედარებით, რადაც შეეძლო ინგლისში ყოფნა, უიღბლობად განიხილავდა, _ აქედან თავისთავად გამომდინარეობს. მაგრამ აქ მთავარი ის მეტაფიზიკური დარწმუნებულობაა, რომ რა პირობებშიც არ უნდა დაბადებულიყო, იგი ყველგან დიადი სვე-ბედის კაცი იქნებოდა, დიდბატონი, მსოფლიოს მოქალაქე, მსოფლიოსი, რომლის კორუფციით აღშფოთება ხელმოცარულთა საქმედ უნდა ჩათვლილიყო.
მას უყვარდა ერთი ასეთი გამოთქმა, რომელსაც ლოგიკურად ვერანაირად ვერ გაამართლებ, მის ბაგეს კი ისე სწყდებოდა როგორც რაღაც რამ კეთილშობილური და თავისთავად ცხადი. იგი ლაპარაკობს "თანდაყოლილ დამსახურებებზე". ეს როგორ? ეს ხომ იგივეა, რაც ხის რკინა! დამსახურებანი არ შეიძლება იყვნენ თანდაყოლილნი, მათ ხომ მოპოვება, მიღწევა სჭირდებათ! და რაც თანდაყოლილია, ის არ არის დამსახურებული, ასე რომ, სიტყვა თითქოსდა ამოგლიჯეს ყველა მისი მორალური კავშირიდან. მაგრამ სწორედ ამას არ აგდებს იგი არაფრად. ეს გამოთქმა შეგნებული გალაშქრებაა მორალურის წინააღმდეგ, ყველანაირი ნება-სურვილის, ჭიდილის, სწრაფვის, ბრძოლის წინააღმდეგ; მთელი მორალური ძალისხმევა ფრიად სანაქებოა, მაგრამ არა - კეთილშობილური, და ამიტომაც სრულიად უპერსპექტივო რამ არის მისთვის. "რაღაც უნდა იყო, - აცხადებს იგი, - იმისათვის, რომ რაღაც გააკეთო". და როცა ესმის: "აზროვნება ძნელია"-ო, პასუხობს: "ცუდი ის არის, რომ მთელი ეს აზროვნება ვერ გეხმარება აზროვნებაში. ბუნებით უნდა იყო სწორი და მართალი, ისე, რომ კეთილი მიგნებანი და აზრები ღმერთის ლაღი ბავშვებივით იდგნენ შენს წინ და გიძახოდნენ: ჩვენ აქა ვართ!". უეჭველად, "ბუნებით სწორ და მართალ" ადამიანად აღიქვამდა იგი თავს, იმ ადამიანად, ბუნების მადლით წარჩინებულად და კეთილშობილად რომ დაბადებულა.
და ირწმუნებოდა, ჩემზე უფრო თვითნაბადი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრიაო. ეს პოზიცია ადგილს არა სტოვებს საზოგადოებრივი ამბიციის რამენაირი სახის სნობიზმისათვის. თავადის დიპლომი, ვაიმარის ჰერცოგმა გოეთესთვის რომ გამოსთხოვა იმპერატორს, მას "არაფრად, სრულიად არაფრად" მიაჩნდა, რადგანაც: "ჩვენ, ფრანკფურტელი პატრიციები თავს მუდამ თავადების ტოლ-სწორად ვთვლიდითო" და დასძენს: "დიახ, მე თავად ისე კარგად ვგრძნობდი თავს საკუთარ კანში, და თან იმდენად კეთილშობილად აღვიქვამდი საკუთარ თავს, რომ თუკი თავადობას მომანიჭებდნენ, ეს სულაც არ მომეჩვენებოდა რაღაც განსაკუთრებულ უცნაურობად". სხვათაშორის, მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული, თავადი გახდებოდა თუ არა. რომ აჰყოლოდა ცდუნებას, რომელიც მას დროდადრო ეწვეოდა ხოლმე, და ნაპოლეონის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა: ანუ პარიზში გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა და როგორც ეს იმპერატორს სურდა, იქ "კეისარი" დაეწერა, რისთვისაც მას "ყოვლად უმაქნის", "მდაბალ" მკვლელთა მიმართ თავისი ყმაწვილური სიძულვილისთვის პირის მოხსნა დასჭირდებოდა მხოლოდ, - იმპერატორი მას ნამდვილად უბოძებდა თავადობას, ისევე როგორც, მისივე სიტყვების თანახმად, აპირებდა კორნელისთვის მიენიჭებინა ეს წოდება. სხვათაშორის, უკვე ასაკოვანი გოეთე მართლაც რაღაც თავადური ბრწყინვალებით იყო გარემოცული გარე სამყაროს თვალში, რაც თავის გამოხატულებას პოულობდა ხოლმე წერილობითი მიმართვის ზოგ ფორმაში: ფრანგი კორესპონდენტები მას "მონსინიორ"-ს უწოდებდნენ, რაც, კაცმა რომ თქვას, პრინცის ტიტულია. ერთი ინგლისელი სწერდა: "მის უბრწყინვალესობას, თავად გოეთეს ვაიმარში". "ეს ალბათ იქიდან მოდის, - განმარტავდა მოხუცი, - რომ მე სიამოვნებით მიწოდებენ პოეტთა თავადსო".
მაგრამ ეს მიმართვები სწორედაც რომ არ გულისხმობდა მის პოეტობას ვიწრო აზრით, პოეტობას, რომელიც მხოლოდ ხატი იყო, მისმა სიდიადემ რომ მიიღო სინამდვილისაგან დაცლილ, ღარიბ და სულიერ გერმანიაში - "პოეტთა და მოაზროვნეთა ქვეყანაში" ის პოეტზე მეტი იყო: ის იყო ბრძენი, მმართველი, უკანასკნელი წარმომადგენელი და სულიერი მბრძანებელი ევროპისა, დიდი კაცი. და აი, ისმება კითხვა: რამდენად შეიძლება სიდიადე ეთავსებოდეს დემოკრატიას. - ეს ალბათ არაფრთხილი კითხვაცაა, ყოველ შემთხვევაში, როცა გერმანიას ვგულისხმობთ, სადაც სიდიადე ყოველთვის არადემოკრატიული ჰიპერტროფირებისაკენ იხრება ხოლმე: აქ სიდიადესა და მასას შორის უფსკრულია, "დისტანციის პათოსი", ნიცშეს საყვარელი სიტყვა რომ გავიხსენოთ, სიტყვა, რომელიც არ შეიძლება ასეთი მძაფრი აზრით გვხვდებოდეს იმ ქვეყნებში, სადაც სიდიადე არ წარმოშობს ერთ მხარეს მონობასა და მეორე მხარეს - აბსოლუტისტური მე-ს შეგრძნების ბატონობას. ამ აბსოლუტიზმისა და პიროვნული იმპერიალიზმის კვალი გოეთეს დიდებულ ხანდაზმულობას საკმაოდ ღრმად ატყვია. ეს ხანდაზმულობა დამთრგუნველ სიმძიმედ აწვებოდა ყველას და ყველაფერს, რასაც მის გვერდით ასევე სურდა სიცოცხლე, და მის სიკვდილს მხოლოდ დიადი პანის დამტირებელი ნიმფების მოთქმა-გოდება როდი შეეგება, არამედ აგრეთვე სრულიად აშკარა: "უჰ!".
მისი ღრმა კავშირი სიცოცხლესთან, სიცოცხლეზე მისი გადაჯაჭვულობა, - რაც თავისთავად დემოკრატიულია სიკვდილის პოეტური არისტოკრატიზმისაგან განსხვავებით, - ხშირი ჩავარდნებითა და გადახვევებითაა აღბეჭდილი, სრულიად რომ ამართლებენ ყველანაირ ეჭვს იმის თაობაზე, საერთოდ შეუძლია თუ არა ევროპულ დემოკრატიას ეს კაცი თავისიანებს მიათვალოს. განა შემთხვევითია, რომ მისი ერთგულება სიცოცხლისადმი თავის გამოვლენაში იგივეა, რაც თავმოწონება საკუთარი ვიტალური ხანგამძლეობით და ცინიზმი პოლიტიკური რადიკალიზმის მიმართ? გოეთეს ანტირადიკალიზმს ღრმა ფესვები აქვს, პირველ რიგში კი იგი უკავშირდება მის იდეას, რომლის თანახმადაც არსებობის ყველა ფორმა სრულყოფილი და აუცილებელია, რომ სამყარო საბოლოო მიზეზებისა და საბოლოო მიზნებისაგან თავისუფალია და სიკეთესა და ბოროტებას ერთნაირი უფლება აქვთ ამ სამყაროში არსებობისა. ხელოვნებისა და ბუნების ქმნილებათა შორის ყოფნა რაიმე მიზნისაგან მისთვის უმაღლესი მაქსიმაა და საკუთარ თანდაყოლილ პოეტურ ტალანტს იგი ახასიათებს "მთლად როგორც ბუნებას", როგორც დიდი, ყოვლადი დედის წყალობას, სიკეთესა და ბოროტებას რომ მოიცავს. მისი ადრეული აღფრთოვანება შექსპირით აქ იღებს სათავეს. მერე კი, გვიან, ბუნების გოეთესეული ესთეტიზმი და მისი ანტიმორალიზმი ძალზედ დიდ გავლენას ახდენს ნიცშეზე, იმორალისტზე, რომელიც უფრო შორს წავა და ექსტატიურად შეუდგება მტკიცებას, რომ ბოროტებას უპირატესი უფლება აქვს სიკეთესთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა სიცოცხლის შენარჩუნებისა და ტრიუმფისათვის.
გოეთესთან, თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი ჯერ ისევ მშვიდ, უფრო ლაღ წონასწორობაში იმყოფება, რჩება აზრის ობიექტურ და პლასტიკურ წყობად. მაგრამ ისევე, როგორც მისი მოთმინება, მისი შემწყნარებლობა და ყველაფრისთვის ანგარიშის გაწევის მიმტევებლური უნარი აღმოცენდება ბუნების მისეული გაღმერთებიდან, მისი სპინოზისტური პანთეიზმიდან, ასევე აღმოცენდება აქედან მისი სიცივე, ენთუზიაზმისა და იდეური აღტაცების ნაკლებობა, რასაც მრავალი საყვედურობდა. ამოიზრდება იდეების მიმართ მისი უპატივცემულობა, მისი სიძულვილი ყოველივე აბსტრაქტულის მიმართ, მას რომ სიცოცხლის მომაკვდინებლად მიაჩნდა. "ზოგადი ცნებები და დიდი სიბნელე, - ასე ჟღერს მისი ერთ-ერთი უმთავრესი აფორიზმი, - საზარელი უკეთურობის მოსახდენად". ეს არის კრედო მისი საყოველთაოდ ცნობილი უარყოფითი დამოკიდებულებისა საფრანგეთის რევოლუციის მიმართ. იგი ერთიანად გამსჭვალული იყო აზრით, რომ "სამყარო, გონებით დაყოფილი, - ვერ გაიხარებს", და შემდეგ, დარწმუნებული გახლდათ, რომ "კანონმდებელნი და რევოლუციონერები, რომლებიც თანასწორობასა და თავისუფლებას ერთდროულად პირდებიან ხალხს, ან ფანტასტები არიან, ან თაღლითები". ვინ ისურვებდა უარეყო, რომ აქ გოეთე დემოკრატიის სიძნელეებსა და იმ პრობლემას ეხება, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს თავის მარწუხებში აქცევს და საშინელი საფრთხით ემუქრება: გამოიწვიოს შემზარავი დაპირისპირება თანასწორობისა და თავისუფლების რევოლუციურ პრინციპებს შორის!
ფაქტია, რომ დიდმა რევოლუციამ - მსოფლიო მოვლენამ - გოეთე ისე გააწამა ცხოვრებაში, როგორც სხვას არაფერს გაუწამებია და ლამის თავისი ტალანტისგანაც კი გაძარცვა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი სიჭაბუკისდროინდელი ქმნილებით, საზოგადოებრივ საძირკველთა ესოდენ ველურ-მგრძნობელურად შემარყეველი "ვერთერით" იგი წინასწარმეტყველურად დაუდგა გვერდით მომავალს, დაეხმარა კიდეც, რომ მოსულიყო.
რაც გრძნობით სურს ხოლმე ადამიანს, სინამდვილედ ქცეული აღარ უნდა. ასეთი რამ ხშირად მეორდება ისტორიაში. და გოეთეს მიმართება რევოლუციისადმი ისეთივე იყო, როგორიც ერაზმუსისა24 რეფორმაციისადმი, რომელსაც მან ასეთი თავდადებით გაუკაფა გზა და რომელიც შემდეგ ჰუმანისტური გულზიზღიანობით უარყო. ხოლო გოეთემ, ლუთერისადმი მთელი თავისი პიროვნული და თვით რელიგიური ლტოლვის მიუხედავად, ორივე "ორომტრიალი" ერთად მოიხსენია ერთ ცნობილ დისტიქონში:
"ფრანგობამ ახლანდელ არეულობაში
უკან მიაწყვიტა მშვიდი განათლება,
როგორც თავის დროზე ქნა ეს ლუთერობამ".
მშვიდი განათლება ნამდვილად არ წარმოადგენდა პატრიოტების უპირველეს საზრუნავს, გერმანიის აღზრდა რომ მოეწადინებინათ პოლიტიკური თავისუფლებისათვის, და როგორც გოეთე იტანჯებოდა, ასევე იტანჯებოდნენ მისით, იტანჯებოდნენ და მწარდებოდნენ მისი დიდად ღირსეული, პატივსაცემი თანამედროვენი: კერძოდ, სტანჯავდათ მისი "უზარმაზარი შემაფერხებელი ძალა", - როგორც აღნიშნავდა ბიორნე,25 - მისი უსაზღვრო ძალმოსილება, რითაც გოეთეს ბუნება ეპოქის ენთუზიაზმს, ნაციონალურ-დემოკრატიულ იდეას უპირისპირდებოდა. ის პრესის თავისუფლების წინააღმდეგი იყო, მასის ალაპარაკების, მასთან დიალოგის წინააღმდეგი, წინააღმდეგი კონსტიტუციისა და უმრავლესობის ბატონობისა; დარწმუნებული გახლდათ, რომ "ყველანაირი გონიერება უმცირესობაშია" და ამას არ მალავდა როგორც მინისტრი, რომელიც თავის გეგმებს ხალხისა და მეფის წინააღმდეგ მარტოდმარტო განახორციელებდა. უნდა გენახათ, როგორ იდგა იგი 1816 წლის აპრილში კონსტიტუციის ზეიმზე ტიტულითა და რანგით: ზაქსენ-ვაიმარის დიდი საჰერცოგოს პირველი მინისტრი, - წელში გამართული, ტახტთან ყველაზე ახლოს, "თეთრი შევარდნის" ვარსკვლავით მკერდდამშვენებული! მთელი ეს ამბავი მასში უღრმეს ზიზღს იწვევდა. მან თავის ბატონს ურჩია ვენის კონგრესზე არ წასულიყო, კონგრესზე, რომელმაც შემდგომში პატარა ქვეყანა თითქმის ნახევარჯერ გაზარდა და კარლ აუგუსტი დიდ ჰერცოგად დააწინაურა. მაგრამ "ვენის შეთანხმებანი" ყოველ გერმანულ სახელმწიფოს პირდებოდა კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრივილეგირებული ფენები ლანდტაგში26 უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი, და ამიტომ გოეთეს მეტისმეტად არ სიამოვნებდა თავისი ქვეყნის მიბმა ამ კონსტიტუციაზე. სახელმწიფო მოღვაწის შორსმჭვრეტელობად ნამდვილად ვერ ჩაითვლება მისი სურვილი, ხელი შეეშალა ჰერცოგისათვის კონგრესზე წასვლაში. ეს თვისება მას საერთოდ ნაკლებად ჰქონდა. ისიც მყარად სჯეროდა, რომ ნაპოლეონის ბედის ვარსკვლავი აღარასოდეს ჩაინავლებოდა. გამანთავისუფლებელი ომის დროს, მეტისმეტად არაპატრიოტულად მოიქცა და თქვა: "აჟღრიალეთ, რამდენიც გინდათ, თქვენი ჯაჭვები! ჩემო კარგებო, ეს კაცი მეტისმეტად დიდია თქვენთვის". - "ეს კაცი მეტისმეტად დიდი თქვენთვის" - ნათქვამი ნამდვილად შეიცავს სიმართლის ნაწილს. რადგან, სწორედ იმიტომ, რომ ის მეტისმეტად დიდი იყო ყველასთვის ცალ-ცალკე, - გაერთიანდნენ და ისე დაამარცხეს იგი, ისე, რომ გოეთეს პრაქტიკულად მცდარი თავდასხმა გამოუვიდა და იძულებული გახდა "ეპიმენიდე"-ში პატიება ეთხოვა. ასევე არასწორი აღმოჩნდა იგი, როცა რადიკალურ წინააღმდეგობას უწევდა გერმანიის გაერთიანების ადრეულ მცდელობებს, ფრიდრიჰ დიდის 1784 წლის გეგმას, შეექმნა გერმანულ სათავადოთა ფედერაცია ავსტრიის გარეშე და მის წინააღმდეგ, ანუ დაემკვიდრებინა გერმანული ერთიანობა დინასტიურ-ნაციონალურ საფუძველზე. პრუსიის მეთაურობითა და აუგსბურგის გამოკლებით. ეს წამოწყება, რომლითაც კარლ აუგუსტი ერთობ ანთებული იყო, ამჯერად ჩაიშალა. მაგრამ სწორედ ამ გზით წავიდა შემდგომში ბისმარკი: ეს იყო ისტორიის გზა, რომელსაც გოეთე ვერ ხედავდა და არც სურდა დაენახა.
მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ისტორიის საქმე, ისტორია მუდამ იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც ხდება. მაგრამ გოეთეს ისტორია არ უყვარდა. ამქვეყნიურ პოლიტიკას იგი "შეცდომებისა და ძალადობის ორომტრიალს" უწოდებდა.
ზოგჯერ ისე ჩანს, რომ მას ძალზე ცოტა ან არაფერი ეცხო ჰუმანიტარული რწმენიდან ადამიანის, კაცობრიობის, მისი რევოლუციური განწმენდის, მისი უკეთესი მომავლისადმი. გონებასა და სამართლიანობას ადამიანებს ვერანაირად ვერ მიუტანო; მუდამ იქნება რყევა აქეთ-იქით, და ომსა და სისხლისღვრას ბოლო არასოდეს მოეღებაო. პესიმისტური კაეშნით მაინც ეთქვა ეს! მაგრამ არა. არსებითად მართლაც ასეთ დამოკიდებულებაში იყო ამ საგნებთან, რადგან პაციფისტისა ძალზე ცოტა რამ ჰქონდა. და პირიქით: ძალზე კარგად ესმოდა ძალაუფლების, კამათისა და ქიშპობის აზრი, ქიშპობისა "იქამდე, ვიდრე ერთი მეორეს თავის ჭარბ ძალას დაუმტკიცებს", ასე ძლიერ რომ გაგვახსენებს ვაგნერის გმირის ვოტანის სიტყვებს: "რადგანაც თუ ძალები გაბედულად აღიძვრებიან, მაშინ მე ღიად ვურჩევდი მათ ომს". მან ძალიან ზუსტად იცოდა ომის რაობა, ეს აუცილებლად უნდა დავძინოთ, და ამბობდა, ომი "ჭეშმარიტი ავადმყოფობაა, რომლის დროსაც წვენებს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებას, რომ ემსახურებიან, მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რაღაც უცხო და ბუნების საწინააღმდეგო გამოკვებონო". მაგრამ პიროვნულად იგი აღიარებს, რომ მას "სევდით ავსებს ყველა ადამიანთან კეთილი ურთიერთობა", რომ მას "მრისხანება სჭირდება", ჰოდა, რაღა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი არ წარმოადგენს ქრისტიანულ მშვიდობისმოყვარეობას, თუმცა ლუთერულად ჟღერს და ამავე დროს ბისმარკულადაც. ზოგი რამ უნდა გავიხსენოთ იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო ხოლმე ატანილი კამათის ვნებით, ჟინით მავანზე "ზედ შემდგარიყო და ლაგამი ამოედო" მისთვის. როგორ მზად იყო საწინააღმდეგო აზრები ძალის გამოყენებით ძირშივე ჩაეხშო და "ასეთი ადამიანები საზოგადოებიდან გაეძევებინა". ეს ყველაფერი, თუ გნებავთ, სამი ნაბიჯით, ან უფრო ნაკლებითაა დაშორებული სისასტიკეს - როგორიც საერთოდ იყო იგი რეალობაში, რომელიც გლეხის სახლში გაჩენილ ხანძარს სინამდვილედ და თანაგრძნობის ღირსად განაცდევინებდა, "სამშობლოს დაღუპვას" კი მარტოოდენ ფრაზად.
ღრმაა მისი სკეპტიციზმი მმართველობის ლიბერალური ფორმების მიმართ. "მალე აღმოაჩენენ", ამბობს იგი, რომ "ზემოდან ქვემოთ მიმართული მეტისმეტი სიკეთით, ლმობიერებითა და მორალური დელიკატესით დიდხანს ვერ გაიტანენ თავს, როდესაც არეულ-დარეული და მდაბალი მსოფლიოს განკურნება და წესიერების საზღვრებში შენარჩუნება მმართებთ", რაც თითქმის სიტყვასიტყვით მოგვაგონებს შოპენჰაუერს, მის პოლიტიკურ მოწაფეს.
კრიმინალური იურისპრუდენციის საკითხებში იგი გადაჭრით ეწინააღმდეგება ლმობიერებასა და სირბილეს, მრისხანებს დროის ჰუმანური ტენდენციების წინააღმდეგ, სამედიცინო დასკვნებითა და სხვადასხვაგვარი მფარველობებით რომ ცდილობენ მძიმე სასჯელი ააცილონ დამნაშავეებს. იგი სიამოვნებით აამბობინებს ახალგაზრდა, ენერგიულ ფიზიკოსს. მან კითხვაზე: შერაცხადი და კანონქვემდებარეა თუ არა მავანი ქალი, რომელმაც საკუთარი ბავშვი მოკლა, გადაჭრით უპასუხა: ეჭვგარეშეო. "ეს ქალი პირველი არ არის"-ო, დასძინა თვითონ. ებრაელთა ემანსიპაციას, რასაც მისი დიდი იმპერატორი ამკვიდრებდა, იგი ნაკლებად ეთანხმებოდა. ბოლოს ისე იქნება საქმეო, - ამბობდა, - ვაიმარში ობერჰოფმაისტერად ებრაელი ქალი დაგვიჯდებაო.
მასასთან დამოკიდებულებაში იგი არისტოკრატულია. და მხოლოდ მაშინ აღიქვამს მას რესპექტაბელურად, თუ იგი მუშტებს იქნევს. მასას უბადრუკი მსჯელობა ახასიათებსო, ასე ამბობს ერთ თავის გარითმულ აფორიზმში. მასას და კულტურას იგი ერთმანეთს ვერანაირად ვერ უწყვილებდა, ვერ ურითმავდა, რადგან კულტურა მისთვის რჩეულ საზოგადოებას ნიშნავდა, რომლის წევრებიც უმალ უგებენ უმაღლეს საგნებს მოწიწებული, ჩუმი ღიმილით... ამიტომ იგი ძალზე შორსაა იმ აზრისგან, რომ მისი ნაწარმოებები შეიძლება პოპულარული გახდნენ. "ვინც ამაზე ფიქრობს და აქეთკენ ისწრაფვის, - ამბობს იგი, - ცდება. ისინი მასისთვის არ არიან შექმნილნი, არამედ მხოლოდ იმ ცალკეული ადამიანებისთვის, რომლებიც იგივეს ეძებენ და იგივე სწყურიათ". აქ უცნაური მხოლოდ ის არის, რომ იგი ამავე დროს აცხადებს: მთელ ამ კიცხვა-კრიტიკას, რაც ჩემს წიგნებს, მაგალითად, "ვერთერს" დაატყდა თავს, არაფერი უვნია ჩემთვის, რადგან ცალკეული, თუნდაც მნიშვნელოვანი ადამიანების ასეთი სუბიექტური განაჩენები მასის მიერ ისევ წონასწორდებაო. ვინც მილიონ მკითხველს მაინც არ ელის, ერთი სტრიქონიც დაწეროსო..
ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია: თავისი ცხოვრების უხანგრძლივესი მონაკვეთის განმავლობაში მას საქმე თავის პიროვნულ კულტურასთან ჰქონდა და კერძოდ, იმასთან, რომ "თავისი მიწიერყოფნის პირამიდა რაც შეიძლებოდა აემაღლებინა". ქვეყნიერების გაუმჯობესებაზე ფიქრით თავს ნაკლებ იტკიებდა. დაბოლოს, სწორედ თავისი მაღალი პიროვნული განვითარების სიდიადესთან აკავშირებდა ის უკვდავებასაც, მაშინ როდესაც მდაბიო მასას სამარადჟამო გაქრობას უტოვებდა ხვედრად. "ვინც ვერ მოიხვეჭა სახელი ამქვეყნად, და არც კეთილშობილებას ესწრაფვოდა, იგი ბუნების ელემენტებს განეკუთვნება და დაე, წაიღონ ამ ელემენტებმა". უფრო არისტოკრატიული სიტყვა წარმოუდგენელია. იგი მოწმობს იმ რწმენის შესახებ, რომ შესაძლებელია მადლის არჩევა. თუ ეს ქრისტიანული კონცეფციაა, მაშინ ამ ნათქვამით ქრისტიანობა თავისი ყველაზე უფრო არისტოკრატული სახით მოტრიალდება ჩვენსკენ.
და მაინც ქრისტიანობა ეს არის დემოკრატია როგორც რელიგია, შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატია ქრისტიანობის პოლიტიკური გამოხატულებაა. ქრისტიანობის რევოლუციურ აზრს გოეთე ამ სიტყვებით გამოხატავს: "ქრისტიანობა წინასწარგანზრახული პოლიტიკური რევოლუციაა, რომელიც მიზანს ასცდა მას შემდეგ, რაც მორალურ რევოლუციად იქცა". ეს ობიექტური შენიშვნაა, რომელიც არაფერს ამბობს გოეთეს პიროვნულ დამოკიდებულებაზე ქრისტიანობასთან. მაგრამ ვალდებულნი ვართ დავიჟინოთ: როგორ ეკიდებოდა იგი ქრისტიანობას? როგორ ეკიდებოდა რწმენას, საერთოდ, ღვთისმოსაობას? აქ მსურს მისი ერთი აფორიზმი გავიხსენო, რომელიც უსასრულოდ ესიტყვება ჩემს გულს. და უსასრულო სიმპათიას აღმიძრავს. იგი ამბობს:
"არაფერი მაქვს წინააღმდეგ ღვთისმოსაობის -
იგი ამავ დროს მეტისმეტად ხელსაყრელია.
იმ კაცს მოუწევს ბევრად მეტი შრომა და გარჯა,
ღვთისმოსაობის გარეშე სურს ვისაც ცხოვრება.
მან საკუთარ თავს მინდობილმა უნდა იაროს,
თავსაც და სხვებსაც მოუტანოს კმაყოფილება,
და რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს იმის იმედიც,
უფალი ღმერთი გაიხსენებს და ჩამოხედავს".
იგი ნდობითაა აღვსილი უზენაესი კეთილმოსურნეობის მიმართ მაშინაც, ან: სწორედ მაშინ, როცა ის კი არ სურს, ხელსაყრელად, მოხერხებულად მოკალათდეს სარწმუნოების დამცავ ნავსაყუდელში, არამედ დაუცავ თავისუფლებაში დგება, საკუთარი პასუხისმგებლობის ამარა და რაც ძალი და ღონე აქვს შრომობს, აკეთებს იმ საუკეთესოს, რაც მას შეუძლია. ეს აფორიზმი პროტესტანტულად ჟღერს, და კაცს შეიძლებოდა ის აზრიც კი მოსვლოდა თავში, რომ დღეს სწორედ პროტესტანტული აღზრდა და მიდრეკილებები უნდა ჩაითვალოს იმ ძალად, რომელიც შეაკავებდა მავანი ადამიანის სულს, ეძებნა დამცავი თავშესაფარი კომუნისტურ რწმენაში.
ამავე დროს, საკმაოდ უცნაურია ის, თუ გოეთე როგორ წარმოადგენს პროტესტანტიზმს შემთხვევისდაკვალად იმ ძალად, რომელმაც ძველგერმანიკული წარმართობა და დიდბატონობა ქრისტიანობასთან შეარიგა:
"გერმანელმა კაცებმა სახელი გაითქვეს იმით, რომ სძულდათ ქრისტიანობა. მაინც საკმაოდ დიდხანს იბრძოლეს, ვიდრე ხუცებმა არ მოდრიკეს და თავიანთ უღელში არ შეაბეს, და ნახევრად ეძინათ, როდესაც ლუთერმა ბიბლია გადმოაგერმანულა ასე ყოჩაღად. ვიდრე არ დასცა კეთილშობილი საქსები უფალ კარლოსის მძიმე დაშნამ. თავისუფლება იღვიძებს ყოველ მკერდში, და ჩვენ ყველანი ხალისით ვპროტესტანტობთ."
ეს სტრიქონები მართლა ისე ჟღერს, თითქოს პროტესტანტობა მხოლოდ ქრისტიანობის ადაპტაცია იყოს გერმანიკულ წარმართობაზე მოსარგებად, წარმართობაზე, ესოდენ ჭარბად რომ მოსდგამდა გოეთეს, რისი დამამტკიცებელი საბუთებიც მას მცირედ როდი დაუტოვებია. მისი საჯარო და გამომწვევი აღიარებანი ჩვენ ყველას ახლაც ყურში გვიდგას. იგი თავის თავს "წმინდა წყლის არაქრისტიანს" უწოდებდა, ჯვარს თავის ანტიპათიას გამოუხატავდა, თვინიერება და მოთმენა თავის საქმედ არ მიაჩნდა და ამაყად აცხადებდა: "ალაჰს მატლად რომ ვდომებოდი, მატლად გამაჩენდაო".
ძალიან კარგი. ეს არის გოეთე: არისტოკრატი. მაგრამ ხომ იმთავითვე წარმოუდგენელია, რომ ამ სულის ფორმირება ყველაფერთან ერთად უძლიერესად არ ყოფილიყო გაპირობებული ყველაზე ღრმად მოქმედი რევოლუციითაც, უფრო სწორად: მუტაციით, რომელიც ოდესმე განუცდია ადამიანურ სინდისსა და მსოფლგანცდას. სულ ცოტა, უნდა ეფიქრა მაინც ამ მოვლენაზე, ლიხტენბერგივით,27 რომელმაც ასწონ-დასწონა რა, რომ ისეთი რელიგიური არსება როგორიც ქრისტე იყო, დედამიწაზე აღარასოდეს გაჩნდებოდა, გადაწყვიტა _ "სწორედ ამიტომ მასთან უნდა დავრჩეო". სწორედ ქრისტიანობის აღმზრდელობით-გამაკეთილშობილებელი ძალაა, რასაც გოეთე უსვამს ხაზს, როდესაც გვიან, ეკერმანთან საუბარში საბოლოოდ განმარტავს თავის დამოკიდებულებას რელიგიასთან. იმაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, სახარების ყოველ პუნქტში ისტორიული სიმართლე ვეძიოთო, - ამბობს იგი: "მათში მოქმედებს სიდიადის გამოსხივება, ქრისტეს პიროვნებიდან რომ მოიღვრება და უფრო ღვთაებრივი ბუნებისაა, ვიდრე ყველაფერი ღვთაებრივი, რაც ოდესმე დედამიწაზე გამოცხადებულა... როგორც არ უნდა განვითარდეს სულიერი კულტურა, გაღრმავდეს და გაფართოვდეს ბუნების მეცნიერებათა არეალი და გაძლიერდეს ადამიანის სული, - ვერაფერი გადააჭარბებს იმ სიმაღლესა და ზნეობრივ კულტურას, თავისი მადლის ნათელს რომ გვფენს სახარების ფურცლებიდან". ქრისტიანობის ზნეობრივი კულტურა, მისი ჰუმანურობა, მისი გამაკეთილშობილებელი, ანტიბარბაროსული ტენდენცია იყო ის, რის წინაშეც იგი თავს იდრეკდა, რადგან ეს მისეული გახლდათ. მსგავსი თაყვანისცემანი ძმობის წევრობის განცდიდან აღმოცენდებიან, იმ ნათესაობიდან, რომელსაც იგი ხედავდა გერმანიკულ სამყაროში ქრისტიანობასა და თავის პირად მოწოდებას შორის. და ეს უღრმესად დემოკრატიული დანიშნულებაა, რადგან დამდაბლებულისაკენ დახრა, ტანჯვის ამაღლება ქრისტიანობას თან დაჰყვა. და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ქრისტიანული და ასევე უფრო დემოკრატიული, ამ სიტყვის საუკეთესო აზრით, ვიდრე გოეთეს ეს ნათქვამია: "ყოველგვარ ტანჯვას აქვს რაღაც ღვთაებრივი".
მისი ქრისტიანობა, როგორც მისი პიროვნების ბუნებრივი ინგრედიენტი, პროტესტანტული შეფერილობით გამოირჩევა. იგი პროტესტანტია კულტურით: "ვერთერის ვნებათა" მსგავსი ნაწარმოები პიეტისტური თვითდაკვირვების ხანგრძლივი სკოლის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალზედ სწორად მონიშნა ნიცშემ გოეთეს ადგილი "საბერძნეთსა და პიეტიზმს შორის". და თვალშისაცემია, რომ გოეთე პროტესტანტიზმში, ლუთერანიზმში სწორედ დემოკრატიულ ტენდენციას ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას, და კათოლიკური ეკლესიისა და მისი იერარქიის კრიტიკისას უეცრად "ქვედა მასებზე" იწყებს ლაპარაკს: "ეკლესიას ბატონობა სურს", _ ამბობს იგი ერთგვარი პოლიტიკური გაგებით, _ "და ამიტომაც მას გონებრივად შეზღუდული მასები სჭირდება, რომლებიც წელში ადვილად იხრებიან და მიდრეკილნი არიან იმისაკენ, რომ ვიღაცას დაემონონ. მაღალ სასულიერო წოდებას, რომელსაც კარგი შემოსავალი აქვს, არაფრის ეშინია ფართო მასების განათლებაზე უფრო მეტად. იგი დიდხანს, ძალზე დიდხანს უმალავდა მათ ბიბლიას. და მართლაც, რა უნდა ეფიქრა საწყალ, ღარიბ ადამიანს, ქრისტიანული მრევლის წევრს მდიდარი ეპისკოპოსის მეფურ ფუფუნებაზე, თუ კი სახარებაში წაიკითხავდა ქრისტეს ღარიბული, მწირი ცხოვრების შესახებ, ქრისტესი, ფეხით რომ დადის თავის მოციქულებთან ერთად, მაშინ როდესაც ეკლესიის თავადი ექვსცხენიანი ეტლით დაბრძანდება? არც კი გვაქვს გაცნობიერებული, თუ რარიგ უნდა ვემადლიერებოდეთ ლუთერსა და რეფორმაციას ზოგადად. რეფორმაციის წყალობით ჩვენ გავთავისუფლდით სულიერი შეზღუდულობისაგან, ჩვენ... მოვიპოვეთ უნარი, დავუბრუნდეთ სათავეს და ქრისტიანობა თავისი წმინდა სახით შევიცნოთ". რაც ლუთერმა მოიტანა, ეს რელიგიური დემოკრატიაა და გოეთე ეთანხმება მას. თუმცა, თავად ბევრად უფრო ნატიფი, კეთილშობილური და დელიკატურია, ვიდრე ხალხის უხეში შვილი ვიტენბერგიდან _ მისი შინაგანი კავშირი ამ კაცთან წრფელი და ღრმაა. ნაციონალურ-პიროვნულ ნათესაობას, მონათესავე სულის ხელახლა ცნობას ეხება საქმე. მას ჯერ კიდევ ყმაწვილ კაცს ბიბლიის ლუთერისეული თარგმანი შეაქვს "ფასუტში" და მთელი ცხოვრების განმავლობაში უდიდეს პატივს მიაგებს ლუთერის ენობრივ ქმნილებას, რომლის შთამომავალიცა და დამხვეწ-განმავითარებელიც თავად გახლდათ. ერთგან ამბობს: "ოღონდ სინაზეს, რომელსაც ბიბლია შეიცავს, მე უეჭველად უკეთ გადმოვცემდიო".
და მაინც, მისი პროტესტანტიზმი მთლად სანდო ვერ არის. დროდადრო იგი გასაქანს აძლევს თავის აღტაცებას კათოლიკური ცხოვრების წესით, ოღონდ არა იმდენად მისი ესთეტიკური უპირატესობებით, რამდენადაც მისი დემოკრატიული, საკრებულოს განმანათლებელ-მაფორმირებელი ძალებით. ეს ძალები უფრო ძლიერია და სიხარულის მომნიჭებელი, - აღმოაჩენს ერთხელ, - ვიდრე პროტესტანტიზმისაო. "კაცი ახლავე კათოლიკე უნდა გახდეს, რათა ადამიანთა ცხოვრებაში დაიდოს წილი, მათ შეერიოს, გაუთანაბრდეს, ცხოვრების გულში იტრიალოს, ხალხში სადმე... რა უბადრუკი, მარტოსული ადამიანები ვართ ყველანი ამ პატარ-პატარა სუვერენულ სახელმწიფოებში!" და იგი აქებ-ადიდებს ვენეციას, როგორც არა მავანი მბრძანებლის, არამედ ხალხის მონუმენტს.
"ცხოვრება ხალხში" - ესეც გოეთეა და თან ახალგაზრდობიდანვე. ბავშვები, ხალხი, ბუნება, ეს იყო სიყვარული, ნაპასუხები სიყვარული ჭაბუკი ვერთერისა, და "ეგმონტისა" და "ფაუსტის" თბილი ხალხური სცენების გახსენება აღარც კი არის საჭირო, საკმარისია, გავიხსენოთ, რა კარგად გრძნობდა იგი თავს სახალხო ღონისძიებებზე, მაგალითად, თუნდაც როხუსის ხალხურ დღესასწაულზე ბინგენთან, რათა მივხვდეთ, რას ნიშნავდა მისთვის ხალხთან ყოფნა, ხალხის შუაგულში დგომა წყაროს კურთხევისა თუ "ჩიტების დაცხრილვის"28 დროს; თუ რა ძლიერ აღიქვამდა იგი ხალხურ ელემენტს მეგობრული ბუნების სტიქიად და გამაახალგაზრდავებელი ძალის მკვებავ წყაროდ.
"ადამიანს, - ამბობს იგი, - დიდხანს არ შეუძლია დარჩენა ცნობიერში, დროდადრო ისევ არაცნობიერში უნდა გაიქცეს, რადგან იქ ცოცხლობენ მისი ფესვები". და განა ამ ფრაზის წარმოთქმა შეეძლო შილერს - ამაყ სნეულს, სულის არისტოკრატს, თავისუფლების დიად, გულისამაჩუყებლად შლეგ რაინდს? "მას წილად ხვდა უცნაური ბედნიერება, _ ეუბნება გოეთე ეკერმანს ღიმილით, _ ხალხის განსაკუთრებით ერთგული მეგობრის სახელი ჰქონოდა. მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენში დარჩეს და ჩემზე უფრო არისტოკრატი იყო".
მართალია, მაგრამ მთლად სიმართლე მაინც არ არის. რადგან ხალხური სტიქიისადმი კონსერვატული სიყვარული, რაც გოეთეს ახასიათებდა, სულ სხვა რამაა, ვიდრე იდეალური და რევოლუციური სიყვარული კაცობრიობისადმი, პათეტიკურ საქმედ რომ ჰქცეოდა შილერს და მისი ხალხურობის ბუნებას განაპირობებდა, აქცევდა რა მას პოლიტიკურად ემანსიპირებულ, ეკონომიკური თავისუფლების მომპოვებელი ბურჟუაზიის მეხოტბე-მესიტყვედ. ეს გოეთემ მხოლოდ იცოდა, არასოდეს ყოფილა ამით აღტაცებული. ეს იყო სრულიად ნეიტრალური ცოდნა, რომელმაც მას 1792 წელს ვალმის გადაწყვეტილების, რევოლუციის გამარჯვების შემდეგ თავისი სამხედრო გარემოცვის მიმართ ათქმევინა: "დღეიდან და აქედან იწყება მსოფლიო ისტორიის ახალი ეპოქა და თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ შეესწარით მას". "მეფე გარბის, ბურჟუა გამარჯვებას ზეიმობს". დიახ, მან ეს იცოდა, მაგრამ უფრო ეთანხმებოდა, ვიდრე მიესალმებოდა. მოდიოდა სასარგებლო ეპოქა, რომელსაც ფული და მიმოსვლა, გონი, ვაჭრობა და კეთილდღეობა მოჰქონდა და გოეთეს არ სურდა რამენაირად დაპირისპირებოდა მას, პირველ რიგში კი იმიტომ არ სურდა, რომ ახალი ტენდენცია მას დიდ სივრცეებთან ანათესავებდა და მის პიროვნებას სიმპათიით ესიტყვებოდა; ეგებებოდა მის ექსპანსიურ მოთხოვნილებებს. "მსოფლიო ლიტერატურა" _ სიტყვა, რომელსაც იგი იგონებს, რომელსაც იგი თავის დროში ნერგავს, სანახევროდ როგორც ფაქტს, სანახევროდ _ როგორც მოთხოვნას. განა სიტყვათა ეს წყვილი, პირველ რიგში, მისი პიროვნული თვისების გამოხატულება არ არის? თვისებისა, სიბერეში სულ უფრო რომ უძლიერდება? კერძო შემთხვევაში იგი ლაპარაკობს "გრძნობებითა და ცნებებით თავისუფალ ვაჭრობაზე", რაც ლიბერალურ-ეკონომიკური პრინციპების სულიერ ცხოვრებაზე გადატანას უდრის. მეცხრამეტე საუკუნის ხმა მოისმის აქედან, ხმა ეკონომიკისა და ტექნიკის საუკუნისა, რომელსაც მეთვრამეტე საუკუნის შვილი ერთი ადამიანური ცხოვრების მანძილზე დაემგზავრა, რომელიც მან შეიცნო და ნათელმხილველურად იწინასწარმეტყველა თავისი პირადი ცხოვრების სამანთა, დიახ, თავად საუკუნის სამანთა მიღმა, ბურჟუაზიული ეპოქის შემდგომ, შორეულ დროებამდე...
გოეთე კიდევ ერთი საკვირველი თავისებურებით გამოირჩეოდა: ეპოქის ნების ცოდნას ამ ნებისადმი მორჩილებად აქცევდა; აქცევდა ვალდებულებად მომსახურებოდა ეპოქის ნებას, ხელი შეეწყო მისთვის და "ეპოქა დაეჩქარებინა". ამიტომ "მსოფლიო ჟამის" მისეული, ზუსტი ცოდნა, ცოდნა იმისა თუ, რა ზარმა დაჰკრა, _ ამავე დროს პროგრესულობა იყო, და იგი ძალიანაც მართალია, როცა ენერგიულად აპროტესტებს სურვილს, მიანიჭონ მას "არსებულის მეგობრის" ტიტული: არსებულისა, ყველაფერთან ერთად გამუდმებით რომ შეიცავს დრომოჭმულს და ცუდსაც. "დრო, _ ამბობს გოეთე, _ მარადიულ წინსვლაშია და ადამიანური საგნები ყოველ ოთხმოცდაათ წელიწადში ახალ სახეს იღებენ, ისე რომ მოწყობილობა, რომელიც 1800 წელს სრულყოფილებად ითვლებოდა, 1885 წელს ჩამორჩენილობად იქცევა". ჭეშმარიტისა და მართლის ხატში ყურადღების გამახვილება ცვალებადობაზე და მისთვის ანგარიშის გამწევი ინტელიგენტური მორჩილება - ეს არის, კაცმა რომ თქვას, გოეთეს საკუთრივი პოზიტიური რელიგია. აქედან მისი გადაწყვეტილებაც: "არსებითად არსებობს მხოლოდ წინ". აქედან მისი მოუთმენლობა მარადიულ გუშინდელთა მიმართ, რომელთაც ასე მიაძახებს:
"ეს ხომ მხოლოდ გუშინდელი ნაგავია,
ისევ მანდ ხართ? _ მოიკრიბეთ ძალი!
სულ იმავე მტვერს და ლაქას რად ეკვრებით,
წინ წადით და დროს უსწორეთ თვალი!"
იგი მუდამ სვლას განაგრძობდა, წინ და შორს მიდიოდა და თავისი ვიტალური გამძლეობის წყალობით უფრო დიდხანს შესძლო სიარული, ვიდრე შილერმა, რომელიც სულ 46 წლისა გავიდა დრო-ჟამიდან. ცოცხლად დარჩენილი და მუდამ წინმავალი გოეთეს მორალურ-პოლიტიკური განვითარება არეკლილია ყმაწვილობის ჟამს დაწყებულ და გვიან დამთავრებულ, დიდ "განვითარების რომანში": "ვილჰელმ მაისტერში", რომელიც "ფაუსტისა" არ იყოს, ათწლეულობის მანძილზე თან სდევდა მას და მრავალ, ძალიან განსხვავებულ სულიერ სტადიას გადიოდა. მისი ცხოვრების სრულიად განსაზღვრული პერიოდია 1875 წელი, როდესაც იგი იმავე ასაკშია, რა ასაკშიც შილერი გარდაიცვალა და როდესაც ხორციელდება თეატრის რომანის გარდაქმნა სოციალური პრობლემების რომანად, დიდ ეპიურ ტილოდ. ხოლო 58 წლის გოეთე, რომელიც განაახლებს მუშაობას "მოგზაურობის წლებზე", უკვე სულ სხვა ადამიანია, დიდად განსხვავებული ოდინდელი თეატრალ-ენთუზიასტისგან, რომლის განზრახვაც სხვა არა იყო რა, თუ არა დიონისური ბოშების სამყაროს, კულისების სამყაროს აღწერა ისე, როგორც ჯერ არავის აღეწერა იგი. ეს ნაწარმოები მე-სთან კავშირს ინარჩუნებს, რამდენადაც აღზრდის ისტორიად, ინტელექტუალურ სათავგადასავლო და ექსპერიმენტულ რომანად რჩება. მაგრამ თვალთახედვანი სრულიად შეცვლილია. ახლა წიგნში იდეები ელვარებენ, იდეები, რომლებიც დიდად სცილდებიან პიროვნულის ესთეტიკურ კულტს, ყველაფერს, რაც ბიურგერულ ჰუმანურობად იყო გაგებული. ეს იდეები მაღლდებიან კლასიკური და ბურჟუაზიული კულტურის ცნებაზე, რომლის შემუშავება-დამკვიდრებაც, პირველ რიგში, გოეთეს დამსახურება იყო. ჩვენს წინაშეა სიცოცხლის მოსურნე და ცნობისმოყვარე ჩხრეკა იმისა, რისი "დროც დამდგარიყო", რაც მორალურ და გარეგან სფეროში, ცხოვრებისეულ-ტექნიკურ სფეროში მოდიოდა, რასაც მოსვლა ენებებინა, და რისი დაჩქარებაც ყველას თავის საკუთარ მოწოდებად უნდა გაეხადა _ თუნდაც იმ იდეალების ხარჯზე, რომლებიც დიდხანს ნასათუთებ და ნალოლიავებ, მაგრამ უკვე სიცოცხლეჩამქრალ დროებას ეკუთვნოდნენ. და აი, აქ ჩვენს წინაშეა მისი სახელგანთქმული "უარის თქმა". გოეთეს ხანდაზმულობის საყვარელი ლაიტმოტივი. "უარის თქმა" ეს არის ინდივიდუალისტური ჰუმანიზმის თვითგადალახვა, პირად-კერძოადამიანური ყოველმხრივობის იდეალის უარყოფა და ცალმხრივობის ეპოქის პროკლამირება. ამ ეპოქას მოუტანია ინდივიდის ნაკლებობის განცდა, დღეს რომ ასე ბატონობს; ცალკეული ადამიანი რაღაც ფუნქციად იქცევა, საქმე უკვე იმას ეხება, რა შეიძლება ცალკეული ადამიანის საშუალებით გაკეთდეს კულტურისათვის. ადამიანთა თემის, ერთობის, "კავშირის", კოლექტივის ცნება მოიწევს წინა პლანზე და "პედაგოგიური პროვინციის" იეზუიტურ-სამხედრო სული, მუზათა მიერ შთაგონებულ-გალაღებული, როგორიც ის არის, თითქმის აღარაფერს სტოვებს ინდივიდუალისტური და ლიბერალური, ბიურგერული იდეალისაგან.
უპირველეს ყოვლისა, კი რომანში ის ხდება, რომ იგი თამაშდება კონტინენტებს შორის. ახალი სამყარო _ ამერიკაა შემოტანილი მხედველობის არეში და მთავარ მოტივად ამერიკაში გამგზავრების იდეა იქცევა, რასაც ბოლოს ახორციელებს კიდეც ადამიანთა დიდი უმრავლესობა. გოეთე და ამერიკა. გოეთე _ ამერიკელი _ ეს მართლაც გამაოგნები კავშირი და წარმოდგენაა. რადგან ეს კაცი ხომ ნამდვილი "არქიევროპელია" და უფრო "კონტინენტურს", ვიდრე გოეთეა ვერაფერს წარმოიდგენს ადამიანი. იგი ბოლომდე, გვიანაც, "მოწაფეობის წლებშიაც" კი სიყვარულსა და თაყვანისცემას გამოუხატავს ევროპულ კულტურას _ ეს "ფასდაუდებელი კულტურა, რამდენიმე ათასი წლის წინ აღმოცენებული, გაზრდილი, გავრცობილი, დახშობილი, დათრგუნული, მთლად ვერასდროს გათელილი, კვლავ შვებანაპოვნი, ხელახლა გაცოცხლებული და როგორც ყოველთვის, ისევ უსასრულო ღვწაში წარმომდგარი". ეს ნამდვილი ხოტბა-დიდებაა. მაგრამ, სულ ცოტა, საუკუნის დასაბამიდან, იმდროინდელი კატაკლიზმებიდან და რყევებიდან მოკიდებული, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ მას გული კარგს არაფერს უგრძნობს ევროპასთან დაკავშირებით; რომ მისი რწმენა ევროპის მომავლისადმი მერყეობს; რომ მას თანდათან შიში ეუფლება და სული ეხუთება დედამიწის ამ ძნელ ნაწილში. გაქცევა ხომ უცნაურ როლს თამაშობს მის ცხოვრებაში: იგი გარბის შვეიცარიაში ლილი შიონემანის29 პერიოდში, შემდეგ კისრისტეხით გარბის იტალიაში, და ეს უკვე ევროპიდან გაქცევაა, როცა ის "დივანის" პირველ სიმღერაში ამბობს: "გაიქეც წმინდა აღმოსავლეთში, ჰაერს დაეწაფე პატრიარქალურს".
და აი, ახლა ამერიკა ქცეულა მისი შინაგანი გაქცევის მიზნად, ქვეყანა, შორს, მიღმა, გარეთ, რომელიც სწორედ ახლა იბრძვის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და რომლის გამარჯვებასაც სიმართლისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში მან თავის "პოეზიასა და სიმართლეში" უწოდა შვება კაცობრიობისათვის. უფრო დემოკრატიულად ნაგრძნობი სიტყვა არ არსებობს. გაქცევა ამერიკაში ფანტაზიისა და აზრის ნაყოფად რჩება, მაგრამ სიტყვიერად იგი მხოლოდ თავის ასაკს აბრალებს იმას, რომ სინამდვილეში შორს გამგზავრება აღარ შეუძლია. "ოცი წლით უმცროსები რომ ვიყოთ, _ ეუბნება იგი 1819 წელს კანცლერ მიულერს, _ გემით გავემგზავრებოდით ამერიკისაკენ". ეს იგივე წელია, როცა გოეთე თავის კრებულს უძღვნის ჰარვარდის უნივერსიტეტს და თანდართულ წერილში შტატებს უწოდებს "განსაცვიფრებელ ქვეყანას, მთელი მსოფლიოს მზერა რომ მიუპყრია თავისი დღესასწაულებრივ-კანონიერი მდგომარეობით, რომელიც ბიძგს აძლევს დაუსაზღვრელ განვითარებას". და მოგვიანებით იგი ასე ასწონ-დასწონის თავის ადრეულ ნათქვამს მეგობარ სულპიც ბოისერესთან საუბარში: "ნეტავ რა იქნებოდა, ოცდაათი წლის წინ ერთ-ორ მეგობართან ერთად ამერიკაში წავსულიყავი და კანტი და სხვები არც გამეგონა!"
ეს ნათქვამი გვახსენებს სტრიქონებს "დასავლეთ-აღმოსავლეთის დივანის" შესავალი ლექსიდან:
"იქ, სიწმინდესა და სიმართლეში,
მინდა შევრეკო მოდგმანი კაცთა
დიად სიღრმეში დასაბამისა,
სადაც ღმერთისგან იგრძნობენ გულით
ზეციურ სიბრძნეს მიწიერ ენის
და ტვინის ჭყლეტას არ მოჰყვებიან".
"ტვინის ჭყლეტას არ მოჰყვებიან". ეს გოეთეა. ხიდის გადება ამერიკისაკენ კი ნიშნავს მოთხოვნილებას: სიბერისა და დაცლილობის წიაღიდან აღმოცენებულ სირთულეებს, მწუხარე აზროვნებას, ძველი სულიერი და ისტორიული ტრადიციებით გადატვირთულ და ბოლოს, ნიჰილიზმის საფრთხის წინაშე დამდგარ ევროპის სამყაროს გაექცეს წინაპირობებით დაუმძიმებელ სამყაროში; ბუნებრივობის, უბრალოების, დიახ, უშუალობისა და დაუმწუხრებელი ახალგაზრდული ძალის სამყაროში. იტალიაში გაქცევა უკვე საკმაოდ შეიცავდა ნაივურისა და ბუნებრივისაკენ ამ ლტოლვას, ლტოლვას, რომელსაც უკვე სრული გასაქანი ეძლევა მრავალგზის ციტირებულ ამ სტრიქონებში:
ამერიკავ! ამ ჩვენს ბებერ
კონტინენტზე უკეთ ხარ,
არ გაქვს ძველი, დაქცეული
კოშკები და ბაზალტი,
ხელს არ გიშლის
ცოცხალ დროში
სულის უქმი წვალება,
უსარგებლო მოგონება
და ამაო კამათი".
"ცოცხალი დრო" _ აი, სწორედ ეს არის! ახალი საგნებისაკენ ქრის ამ კონსერვატორის გონება, მისი მხცოვანი ასაკი სავსეა ცოცხალი ცნობისმოყვარეობით, ზიზღით "მკვდარი რაღაცეების მიმართ" და მოუთმენელი შეგრძნებით, რომ აუცილებელია დაჩლუნგებული და სიცოცხლისათვის ხელისშემშლელი სულიერობებით დაავადებული მსოფლიოს გამოფხიზლება, დ,ა რომ სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ტექნიკურ-რაციონალურის გააქტიურება მსოფლიო მასშტაბით. ეს უკანასკნელი გოეთესთვის მთლად ახალი როდია: "პოეზია და სიმართლეში" იგი გვიამბობს: ადრეული ასაკიდანვე მანიჭებდა სიამოვნებას ეკონომიკური და ტექნიკური დაკვირვებებიო. მოხუცებულობაში კი იმდენად გასძლიერებია ეს ვნება, რომ XVIII საუკუნელი, ხშირად მოუხეშავი და მოზარზეიმე დიდსენიორის სუფრასთან სტუმრები გაცილებით უფრო ხშირად და უფრო თავგამოდებით საუბრობდნენ ხოლმე ორთქლის გემებზე და საფრენი აპარატის პირველ გაფრენებზე, მსოფლიო მასშტაბის უტოპიურ ტექნიკურ პროექტებზე, პანამა-სუეცის არხზე, დუნაისა და რაინის შეერთებაზე, ვიდრე ლიტერატურასა და პოეზიაზე. და განა ეს გასაკვირია "ფაუსტის" უკანასკნელი ვარიანტის ავტორისაგან, "ფაუსტისა", თავისი ცხოვრების უმაღლეს წუთს უტილიტარული სურვილის ასრულებაში რომ ხედავს?! "თავისუფალ მიწაზე თავისუფალ ხალხთან ერთად დგომა", - ეს მეტისმეტად ამერიკულად ჟღერს. მომავალი ეკუთვნის დღევანდელი დღის ადამიანებს, რომელთა აზრი და "პრაქტიკული გონება" უახლოესი საგნების, სასარგებლო საგნებისკენაა მიმართული. იგი ეკუთვნის იმ მოქმედ ძალას, რომელიც არ დაძაბუნებულა სისხლგამშრალი აზრებით. არა მხოლოდ გერმანია, მთელი ევროპა ჰამლეტია, ამერიკა კი - ფორტინბრასი.
არა, არ იყო ეს ილუზია, გოეთეს სიყვარული სიცოცხლისადმი, ტო მაკე ა სუცცენს ოფ ტჰინგს - გადარჩენა-გაძლიერების მისეული ნება, ნაცვლად სურვილისა, პოეტურად გაღვრილიყო თავის ქმნილებებში, - დემოკრატიულ თვისებად რომ აღვიქვით; იმის ნიშნად რომ მივიჩნიეთ, რომ ევროპული დემოკრატია მას თავისიანად ჩათვლიდა. დიადი კეთილგანწყობა, კეთილი ნებაა გოეთესთვის დამახასიათებელი. და მისგან ამის სწავლა იქნებოდა განკურნება და ხსნა ჩვენი ეპოქისათვის, რომელშიც ამდენი ბოროტი ნება, ამდენი აღვირახსნილი მტრობა ბობოქრობს სიცოცხლის, ცხოვრების მოთხოვნათა წინააღმდეგ. რადგან სხვა სახელი გოეთესეული კეთილნებობისათვის არის: სიყვარული. ეს სიტყვა, რომელიც, როგორც უკვე გამოთვალეს, ყველაზე ხშირად გვხვდება მის შემოქმედებაში, დადობილებია სიტყვას "სიცოცხლე" და გვერდიდან აღარ შორდება მას. "გვიყვარდეს ყველაფერი ცოცხალი!" აი, ეს მოისმის მისი მარადისობიდან ჩვენს დღევანდელობაში. ხოლო ყველაზე უფრო ხალხურად ეს ყველაზე უფრო ზნეობრივი ჭეშმარიტება ჟღერს მის ერთ გარითმულ მაქსიმაში:
"ვისაც სურს აკეთოს მართალი საქმენი
ყოველთვის და თანაც სიხარულით
მან უნდა აღივსოს გული და გონება
დიდი და ნამდვილი სიყვარულით."
ამ სიტყვებს არაფერი სცხიათ მეფისტოფელური. ასევე დუმს ამ ცინიკოსი მოწინააღმდეგის ხმა წმინდა შეძახილში:
"კეთილშობილი უნდა იყოს ადამიანი,
სხვათა შემწე და გულით კეთილი,
რადგანაც მხოლოდ ეს განასხვავებს
იმ მიწიერ არსებათაგან,
რომელთაც ვიცნობთ.
- - - - - - - -
დაუღალავად უნდა ქმნიდეს
ის სასარგებლო
და მართალ საქმეს.
და გადაიქცეს უნდა ხატად
შეუცნობელ არსებებისა,
რომელნიც ვიცით მხოლოდ გუმანით."
განა ვცდები, როდესაც ამ სიტყვებში ყველანაირი დემოკრატიის უმაღლეს გამოხატულებას ვხედავ? მუდამ ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ყველაფერი, რაც ანტიდემოკრატიულად ჟღერს და მოქმედებს გოეთეს პიროვნების დიალექტიკაში, მეფისტოფელის პარტიას ეკუთვნის და ამიტომ მხოლოდ ეხმარება ნეგატიურს მისი დრამატიული უფლების ფარგლებში. და როცა ეს გულისამრევი მეგზური დასცინის ფაუსტს, რომელსაც სურს ადამიანთა სასიკეთოდ იმპერატორის კარიც კი მართოს და ხელისუფლებასთან კავშირში უკეთესი, კეთილშობილურ-სასურველი ცხოვრება დაამკვიდროს დედამიწაზე, _ მის პასუხად ეს სიტყვები იგულისხმება:
"მაშ გაიგონე, თუ არასდროს გაგიგონია,
კაცობრიობას აქვს საკმაოდ ფაქიზი სმენა,
ერთი რამ წმინდა სიტყვა იწვევს მრავალ მშვენიერ
საქმეს და კაციც, როცა იგრძნობს გასაჭირს მძიმეს,
სიამოვნებით იღებს სხვისგან გონივრულ რჩევას".
სწორედ ასე შეიძლებოდა მონაკვეთში "პროლოგი ზეცაში" შეკამათებოდა ეშმაკს თავად უფალი ღმერთი, პოზიტიური ძალა, შემოქმედებითი სიკეთე და მას ემხრობა ჩვენი ამაღლებული მეგობარი, და არ ხიბლავს ოპოზიციაში დგომა.
ჩვენც მივემხროთ მას, მის კეთილშობილებასა და მის სიმპათიას! და მაშინ არც ჩვენ გვეწვევა უბედურება: აღმოვჩნდეთ ოპოზიციაში სიყვარულისა და სიცოცხლის მიმართ.
შენიშვნები
1. tout est dit (ფრან.)- ყველაფერი ნათქვამია.
2. კარლეილი, რიჩარდი (1790-1843) - ინგლისელი კრიტიკოსი და პუბლიცისტი.
3. ემერსონი, რალფ უოლდო (1803-1882) - ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
4. ჟიდი, ანდრე პოლ გიომ (1869-1951) - ფრანგი მწერალი.
4. ვალერი, პოლ (1871-1945) - ფრანგი პოეტი.
6. ფოსლერი, კარლ (1872-1949) - გერმანელი ფილოლოგ-რომანისტი; იტალიური, ფრანგული, ესპანური ლიტერატურისა და ენების სპეციალისტი.
7. რასინი, ჟან (1639-1699) - ფრანგი დრამატურგი.
8. კალდერონი, პედრო დე ლა ბარკა (1600-1681) - ესპანელი დრამატურგი.
9. კლაისტი, ევალდ ქრისტიან (1715-1759) - გერმანელი პოეტი.
10. ვაგნერი, ვილჰელმ რიჰარდ (1769-1812) - გერმანელი მუსიკოსი.
11. პასკალი, ბლეზ (1623-1662) - ფრანგი მეცნიერი, ფილოსოფოსი, მწერალი.
12. დიდრო, დენი (1713-1784) - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, განმანათლებელი, ენციკლოპედისტების იდეური ხელმძღვანელი.
13. უორდსვორთი, უილიამ (1770-1850) - ინგლისელი პოეტი.
14. კიტსი, ჯონ (1795-1821) - ინგლისელი პოეტი.
15. "Essays of Three Decades" (ინგ.) - სამი ათწლეულის ესეები.
16. ბარესი, მორის (1862-1923) - ფრანგი პოეტი.
17. Publikations of the english Goethe Society (ინგ.) - გოეთეს ინგლისურ ენაზე გამომცემელი საზოგადოება.
18. კანდიდი ("კანდიდი ანუ ოპტიმიზმი") - ვოლტერის ფილოსოფიური ნაწარმოები, მიმართული გერმანელი ფილოსოფოსის გ. ვ. ლაიბნიცის (1646-1716) ფილოსოფიის წინააღმდეგ.
19. "A Study on Goethe" (ინგ.) - გოეთეს კვლევა.
20. "to make a succes of things" (ინგლ.) - წარმატებით სვლა; წინსვლა.
21. კლემანსო, ჟორჟ ბენჟამენ (1841-1929) - საფრანგეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საფრანგეთის აკადემიის წევრი.
22. "Ce qui me frappe dans Goethe, avant toutes choses, c'est cette vie fort langue - un changement d'amplitude presque séculaire" (ფრან.) - რაც მე გოეთეში ყველაზე მეტად მანცვიფრებს, ესაა მისი საოცრად ხანგრძლივი სიცოცხლე - განვრცობილი თითქმის სეკულარულ მოცულობამდე.
23. იმპლიკაცია - ერთი საქმის, გარემოების, ამბის ჩართვა მეორეში.
24. როტერდამელი, ერაზმუსი (1466-1536) - ნიდერლანდელი ჰუმანისტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი, ფილოლოგი, მთარგმნელი.
25. ბიორნე, ლუდვიგ (1786-1837) - გერმანელი მწერალი.
26. ლანდტაგი (გერ.) - ყველა წოდების წარმომადგენელთა კრება ძველ გერმანიაში.
27. ლიჰტენბერგი, გეორგ ქრისტოფი (1742-1799) - გერმანელი მწერალი და სწავლული; ფიზიკის პროფესორი გიოთინგენის უნივერსიტეტში.
28. "ჩიტების დაცხრილვა" - ტრადიციული სახალხო ზეიმი გერმანიაში, რომლის დროსაც ხის ჩიტს, როგორც სამიზნეს, ისე ცხრილავდნენ.
29. შიონემანი, ლილი - გოეთეს სატრფო.
1949 წ.