Litclub.ge

ორუცნობიანი ლექსი
ამ უძილო ღამეებით აივსო ტვინი 
და ჩემი თავის ქალა 
თითქოს ქვებით სავსე ქვაბია, 
ისე დამძიმდა. ოთახში 
ეს შავ_თეთრი ტელევიზორი მიყურებს, 
როცა გამორთვა მავიწყდება და 
შიშინებს. სხვა მხრივ, 
შეუმჩნევლად გამყავს დრო _ 
შიში არა მაქვს. ძილი კი 
საუკეთესო საშუალება იქნებოდა 
შენი ამბების გასაცნობადაც, 
როცა სიზმარი შეხვედრის ადგილია, 
ხოლო ჩვენ _ ორი უცნობი 
ამ უძილო ღამეებით _ ქვებით 
სავსე ტვინს ვბურღავთ.