ვერა, ვერ შევძელ, სიყვარულო, სუსხის გალღობა,
გული დამიხშეს, სასოებას ბჭე დაუხურეს
და გზა, რომელსაც მოყურადე სევდით უყურებს,
მიმქრალია და შორეული, როგორც ბალღობა.
მიჯნებს სიცოცხლე-სიკვდილისას ბინდით გავღობავ,
მაგრამ შენი ხმა გადმოლახავს ბნელს და უკუნეთს
და შენი ხატი გადასწვდება სხვა საუკუნეს,
ვით სილამაზის დამკვიდრება და უკვდავყოფა.
და ჩემი ჰანგი მოგეკმევა, როგორც საკმელი,
ვით განძი გვირგვინ-შემოსილი და მისარქმელი,
და - უჩვეულო იერსახით, უცხო სამოსლით -
შენ გადმოდგები ღრუბლებიდან, როგორც ოცნება
და შენი სული, მშვენიერო, ამ გარდამოსვლით
წარმავალობის მცდარობაში დამემოწმება...