Litclub.ge

დიაფილმი
ასეა ყოველ ლილოჭრელობას: 
დნება და დნება თვალსდახელსშუა ჩემი სოფელი - 
მთის კალთაზე შერჩენილი მყიფე ლოლუა, 
დნება და დნება... 
ჯერ ერთი სახლი ემსგავსება გატეხილ კოკას, 
მერე - მეორე... 
ჯერ ერთი ეზო ჩაცურდება ფერდობებზე ჩალის ზვინივით, 
მერე - მეორე... 
დრო რომ უქსოვს ანწლისა და შამბის არშიებს, ეგ რა შვებაა... 

რაც იყო, ახლა დიაფილმის კადრებია, უხმო კადრები: 
”ვისი სული გსურს”, 
”ხიდობანა” 
და ”ბორა-ბორა”, 
დაბორიალობს ორღობეში ბერიკაცივით 
ბიის სურნელი და ბიაზე - ზანტი ობობა. 
უღელში მარტოდ დარჩენილი ნიშა ხარივით, 
ძლივსღა მოათრევს ცის ძირიდან მთვარეს დაისი, 
კადრზე კითხულობ გადაძახილს: 
- ზურია, უუუ! 
- ვახტია, უუუ! 
- რუსუდან, უუუ! 
ეს უკვე ნიშნავს: საღამოა. 
ასეთ ამინდში, 
მეტი რა უნდათ ციცინათელებს, 
ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას. 

აჩერებ კადრებს. 
აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება: 
ბებია, გობი, გობზე - ფქვილი და კეცზე - მჭადი, 
დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს, 
მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის. 
კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად, 
წვივებისა და მხალისათვის - თოთო ჭინჭარი, 
წყალწყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად, 
თეთრი მაქმანი ”შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი... 

მეზობლის ლუბა, მეზობლის ნინა, ჟოჟიკა, ბაღდო... 
ბარდებში - დედის მომლოდინე ბუსუსა ბარტყი, 
შემოდგომობით - ქარებისგან სილაგაწნული 
შაფრანი, 
აუჰ, ზამთარში კი, ბარდნის და ბარდნის... 

ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი: 
ჩვენსავით, ასე, 
თამაშ-თამაშით, 
ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი 
და დაცლილ მთაში, 
მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც, 
ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს, 
მხარზე გაიდებს 
და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება. 

ჩემს დიაფილმზე... 
ჩემს დიაფილმზე ბოლო, ხმოვანი კადრი დარჩა: 
ბალახებში კუტკუტებენ კუტკალიები: 
”ამის პატრონმა რა ქნას”... 
”ამის პატრონმა რა ქნას”... 
”ამის პატრონმა რა ქნას”...