ჩემს დროს მოკვდნენ სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი
და გიორგი დიმიტროვი, ვილკო ჩერვენკოვი ასევე მოკვდნენ ჩემს დროს
და კლემენტ გოტვალდი, ანტონინ ზაპოტოცკი, გუსტავ ჰუსაკი და ლუდვიგ სვობოდა
ჩემს დროს მოკვდნენ
და ბოლესლავ ბერუთი ჩემს დროს მოკვდა
და იოსიფ ბროზ ტიტო ჩემს დროს მოკვდა
ჩემს დროს მოკვდა ენვერ ხოჯაც
ჩემს დროს მოკვდნენ ვილჰელმ პიკი, ოტო გროტევოლი,
ვალტერ ულბრიხგი და ერიხ ჰონეკერი
მაო ძე-დუნი, ჩჟოუ ენლაი, ლინ ბიაო ჩემს დროს მოკვდნენ
ხო ში მინი ჩემს დროს მოკვდა
და დე გოლი მოკვდა
და ადენაუერი, ბრანდი, შმიდტი, შტრაუსი მოკვდნენ
ჩერჩილი და იდენი ჩემს დროს მოკვდნენ
რუზველტი და ტრუმენი ჩემს დროს მოკვდნენ
ჩემს დროს მოკვდნენ პაასიკივი და ურხო კეკონენი
პალმირო ტოლიატი და ლუიჯი ლონგო მოკვდნენ ჩემს დროს
ფრანკო და სალაზარი მოკვდნენ ჩემს დროს
და ხიროხიტო მოკვდა ჩემს დროს
და ბევრი, ბევრი, ბევრი სხვაც
ასევე მოკვდა ჩემს დროს
ჩემს დროს მოკლეს მოსადიკი, ლუმუმბა და ალიენდე
ზია ულ ხაკი, ორივე განდი და სამოსა
ბანგლადეშის პრეზიდენტი, არ მახსოვს, რა ერქვა, მოკლეს
კორეის პრემიერ-მინისტრი მთელი მისი კაბინეტით მოკლეს
ჰო, კენედი, კენედი, კენედი ჩემს დროს მოკლეს
მოკლეს სადათი, ჩაუშესკუ და რაბინი
კიდევ ვინ?
ჰო, ულოფ პალმე მოკლეს
ალდო მორო მოკლეს
და ბევრი, ბევრი, ბევრი სხვაც მოკლეს
ჩემს დროს
ჩემს დროს იყო ომები
ეგვიპტისა ინგლისთან და საფრანგეთთან
ჩრდილოეთ კორეისა სამხრეთთან
ინდოეთისა და პაკისტანის ომი იყო
ინდოეთისა და ჩინეთის ომი იყო
ჩინეთისა და ვიეტნამის ომი იყო
აჰ, ჰო, ჰო, სულ დამავიწყდა! - კიდევ დიდი მეორე მსოფლიო ომი იყო ჩემს დროს
და ინგლისისა და არგენტინის ჩემს დროს ომი იყო
და ისრაელის ეგვიპტესთან
და ისრაელის სირიასთან
და საბერძნეთის თურქეთთან ჩემს დროს ომი იყო
და ერაყის ირანთან ჩემს დროს ომი იყო
და ერაყის კუვეიტთან
და ეთიოპიის სომალისთან
და სსრკ-ს ავღანეთთან
და პერუსი ჰონდურასთან
და მგონი ზამბიის ზაირთან
და სხვა, და სხვა, და სხვა
და ყველა ეს ომი ჩემს დროს იყო
ჩემს დროს გაქრა ბრიტანეთის იმპერია
ჰო, ჰო, ჩემს დროს
ჩემს დროს გაქრა საფრანგეთის იმპერია
ჩემს დროს გამოცხადდა როდეზია და გაქრა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ჩემს დროს გაქრა-დაიშალა იუგოსლავია
და რაც უფრო სამწუხაროა - სსრკ გაქრა ჩემს დროს
და დიდი ინდოეთი გაქრა ჩემს დროს
და გდრ, გდრ, გდრ გაქრა ჩემს დროს
თუმცა სამაგიეროდ გაერთიანებული გერმანია გაჩნდა ჩემს დროს
თუმცა სამაგიეროდ მთლიანი კორეა დაიშალა ჩემს დროს
და არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა გაერთიანდა და იქვე დაიშალა ჩემს დროს
და ვარშავის ხელშეკრულება დაირღვა ჩემს დროს
და, ცხადია, ჩეხოსლოვაკიაც ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა ჩემს დროს
ჰო, ბევრი, ბევრი განსხვავებული რამ
შეიქმნა და მაშინათვე, ან ცოტა მოგვიანებით
ან ზუსტად თავის დროზე
დაიშალა ჩემს დროს.
ჩემს დროს გარდაიცვალნენ პასტერნაკი, ახმატოვა,
ზაბოლოცკი, ხარმსი, ვვედენსკი და ტატლინი
პიკასო, მატისი, კამიუ, სარტრი, დალი და დიუშანი
გარდაიცვალნენ ჩემს დროს
და ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, ბორხესი
და ფელინი გარდაიცვალნენ ჩემს დროს
და შოსტაკოვიჩი გარდაიცვალა ჩემს დროს
და პროკოფიევი გარდაიცვალა ჩემს დროს
და დუნაევსკი გარდაიცვალა ჩემს დროს
და სტრავინსკი გარდაიცვალა ჩემს დროს
და კეიჯი გარდაიცვალა ჩემს დროს
ნურიევი, კალასი, კორბუზიე, ლისენკო, ფადეევი,
შოლოხოვი, გაგარინი, ორუელი და მონრო
და ბევრი, ბევრი, ბევრი-ბევრი-ბევრი შესანიშნავი ადამიანი
გარდაიცვალა ჩემს დროს
ჩემს დროს გამოჩნდნენ რუბინშტეინი, სოროკინი,
კაბაკოვი, შნიტკე და ტარკოვსკი
და სტალონე, შვარცენეგერი, კიმ ბესინჯერი,
მაიკლ ჯეკსონი გამოჩნდნენ ჩემს დროს
და ტარანტინო, პლატინი, ვან ბასტენი, ვიმ ვენდერსი
გამოჩნდნენ ჩემს დროს
და ჯეფ კუნსი გამოჩნდა ჩემს დროს
და ჩიჩოლინა გამოჩნდა ჩემს დროს
და რავი შანკარი გამოჩნდა ჩემს დროს
და მაიკ ტაისონი, შუმახერი, აგასი, მეჯიკ ჯონსონი
გამოჩნდნენ ჩემს დროს
ჩემს დროს ასევე გამოჩნდნენ ჩიკატილო, ტომპსონი, კარლოს ილიჩი,
ბასაევი და ჩე გევარა
გამოჩნდა ჩემს დროს გაგარინი
ჰო, ბითლზი, ბითლზი, ბითლზი, ოთხივე მათგანი გამოჩნდა ჩემს დროს
და სალმან რუშდი გამოჩნდა ჩემს დროს
და დერიდა გამოჩნდა ჩემს დროს
და ბევრი, ბევრი, ბევრი სხვა, აქ არ ნახსენები
გამოჩნდა ჩემს დროს
ჩემს დროს გამოცხადდა, რომ ადამიანი ადამიანი კი არაა,
არამედ ნაირ-ნაირი გენების გროვა - აი რა გამოცხადდა ჩემს დროს
ჩემს დროს გამოვლინდა, რომ კოსმოსში შეიძლება არსებობა
და რომ მიწის ქვეშაც შეიძლება არსებობა გამოვლინდა ჩემს დროს
და ათასნაირი კომპიუტერი და რობოტი გამოჩნდა ჩემს დროს
და შიდსი გამოვლინდა ჩემს დროს
და მფრინავი თეფშებით სავსე ჰაერი გამოვლინდა ჩემს დროს
და ყველანაირი უცნაურობები წყლების, მთების, მცენარეების და ცხოველების -
ყველაფერი ეს გამოვლინდა ჩემს დროს
ჰო, დამავიწყდა - ატომური ბომბი გამოჩნდა ჩემს დროს
და ავიამზიდები, რაკეტები, ლაზერები, ტყვიები წანაცვლებული ცენტრით
გამოჩნდა ჩემს დროს
და ის, რომ ძველები ბევრ რამეში მართლები არიან, გამოვლინდა ჩემს დროს
მაგრამ ამავე დროს უამრავი, უამრავი, უამრავი სისულელე
ასევე გამოვლინდა ჩემს დროს
მაგრამ საშინელება, შიში და სიგიჟე
გამოვლინდა ჩემს დროს ახალი გიჟური ძალით
უმეცრება და ტერორი გაჩნდა ჩემს დროს
და ვნება გაჩნდა ჩემს დროს აქამდე არნახული ძალით
და სასოწარკვეთილება გაჩნდა ჩემს დროს სამყაროში აქამდე არნახული ძალით
მაგრამ სიხარულიც და სიხარულის მოლოდინიც
გაჩნდა ჩემს დროს ამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული ძალით
გაჩნდა ჩემს დროს ასევე თანაგრძნობა
ამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული აშკარა ძალით
და ბრძოლა, და ღალატი, და სისუსტე, და სისუსტის გადალახვა
გაჩნდა ჩემს დროს როგორც წამიერი გაელვებანი
ამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული აშკარა ძალით
და საერთოდ, არნახული და აღუწერელი
გაჩნდა ჩემს დროს როგორც წამიერი და მათრობელა გაელვებანი
ამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული აშკარა ძალით
ჩემს დროს ყველაფერი, პრაქტიკულად, იყო გარდაუვალი
და ჩემი მშობლები ჩემს დროს, პრაქტიკულად, იყვნენ გარდაუვალნი
და მე ვიყავი, პრაქტიკულად, ჩემს დროს გარდაუვალი
პრაქტიკულად, ჩემს დროს გარდაუვალი იყო ჩემი და
და ჩუტყვავილა, სიყვითლე, ქუნთრუშა, დიფტერიტი, წითელა, ყბაყურა
და პოლიომელიტი იყო ჩემს დროს, პრაქტიკულად, გარდაუვალი
და სოციალიზმი ჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალი
და კაპიტალიზმი ჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალი
და ჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალი კოლონიალიზმის,
იმპერიალიზმის, კომუნიზმის, ექსპანსიონიზმის, ბიჰევიორიზმის
და ეგზისტენციალიზმის კრახი
მაგრამ სამაგიეროდ ჩემს დროს, პრაქტიკულად, გარდაუვალი იყო
ჰომოსექსუალიზმის და კონცეპტუალიზმის, ფემინიზმის და ეკოლოგიზმის,
ტერორიზმის და სინერგიზმის აღმავლობა
იყო ჩემს დროს, პრაქტიკულად, გარდაუვალი
მიწა, ცა, მინდვრები, ტყეები, მდელოები, მთები, წყლები, მიწისძვრები,
წყალდიდობები, ხანძრები, ნგრევები, ცდუნებები, შიშები, გასხივოსნებები,
ცვლილებები, დამშვიდებები, განწმენდები, განადგურებები, დაუფლებები,
დაკარგვები და ყველაფერი-ყველაფერი-ყველაფერი
ჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალი