როცა ქალაქი ემსგავსება მუცლით მეზღაპრეს,
თავის ხმას იხშობს,
ქარბუქის ხმით იწყებს ლაპარაკს,
მე ვემზადები, ვჯდები ”კარმასთან” და ხელებს ვითბობ,
რომ მოგწერო ჩვეულებრივი ზამთრის წერილი,
ასე, ამგვარად:
როცა ქალაქი ემსგავსება მუცლით მეზღაპრეს,
თავის ხმას იხშობს,
ქარბუქის ხმით იწყებს ლაპარაკს,
ესე იგი,ზამთარი მოდის.
როცა ქალაქში ზამთარი მოდის,
სახლმოყინული ქუჩებით და თოვლჭყაპიანი, ძველი ბოტებით,
ის ძალიან ჰგავს სხვა ქალაქიდან შემოხეტებულ მაწანწალას -
ჭუჭყიანს, მშიერს... თავშესაფარს რომ ეძებს და
მზადაა, თუნდაც ბორდიურზე გამოიზამთროს.
როგორ მაშინებს აქ ზამთარი!
ვაქრობ სინათლეს,
ვიცვამ რუხ და დაწინწკლულ პალტოს,
თავზე წითელ ბერეტს ვიხურავ
და ვტოვებ ქალაქს.
მე ვტოვებ ქალაქს და მივდივარ
არა სამხრეთით,
სადაც ნაპირებს ჯერ კიდევ ესმით,
როგორ მღერიან მოლუსკები ზღვის იავნანას
ქვიშის პატარა მარცვლებისთვის
და სადაფისფერ რძეს აწვეთებენ,
კეთილშობილ მარგალიტებად რომ გამოზარდონ
(ყველა დედას ხომ, დიდებული მომავალი სურს შვილისათვის,
თუნდაც ის, ქვიშის მარცვალი იყოს),
არამედ აქვე.
მე მივდივარ თოვლიან ტყეში.
მე მივდივარ თოვლიან ტყეში.
ტყის პირას მდგარი ხის სახლები
ჰგვანან საბავშვო სპექტაკლების შუქჩაუმქრალ დეკორაციებს
ფიჩხიც კი, ფეხქვეშ, ისე ტყდება,
თითქოს ბავშვები ატკაცუნებენ საახალწლო სატკაცუნოებს
და ჩემთან ერთად,
ბილიკს მოჰყვება მიკიოტების და კოდალების ხმათა ექო:
უუკ...
უუკ...
უუკ...
ესე იგი, სწორად მივდივარ.
შენთან მოვდივარ!
ქალაქიდან თოვლიან ტყეში.
გააღე შენი ფუღუროს კარი,
დიდი ამბავი, თუკი არ აქვს -
არც დახურული და არც ღია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვერავინ შემოგვიმტრევს,
ჩვენს თბილხავსიან სიმყუდროვეში ვერ ჩაიხედავს,
ჭორის აცმულას ვერ ჩამოჰკიდებს ხის ტოტებზე გამოსაშრობად,
როგორც მანჭკვალას, ანდაც ქამას, მთელი წელი რომ გამოიზოგოს,
რადგან ეს, მარტო ჩემი და შენი სიყვარულია.
ეს მარტო ჩვენი სიყვარულია, როცა არ ვჩაქარობთ.
არ გვედარდება ფანტელების ჩუმი წიკწიკი,
არც მსუნაგი ზაზუნების ხმაური გვაკრთობს,
ძილშიაც რომ ვერ ისვენებენ და წიწიბოს აკნატუნებენ.
ჩემი და შენი სიყვარული ახლა ჰგავს ღიმილს,
ხეზე მიკრული განცხადების წაკითხვის შემდეგ:
”წითელი, თბილი ბერეტით და დაწინწკლული, რუხი პალტოთი,
კოდალა ეძებს შესაფერის კანდიდატურას,
სიყვარულისთვის, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულისთვის!
პ.ს. აუცილებლად ჰქონდეს ფუღურო და იყოს თუნდაც, მიკიოტი ”
და შემდეგ:
”ასე შემდეგ და შემდეგ”
(ეს, ლირიული წერილიდან გადახვევაა).
...შემდეგ მე ჩუმად მოგიყვები,
როგორ ვითბობდი შემცივნულ ხელებს და გწერდი წერილს.
ვითბობდი ხელებს და გწერდი წერილს:
როცა მე და შენ ვემსგავსებით მუცლით მეზღაპრეს
და ერთმანეთის ხმებით ვცრუობთ,
რომ ეს ქალაქი, ზამთარშიც კი არის სამხრეთის,
რადგანაც ქალაქს ყოფნის სითბო - ჩემი და შენი,
რომ ეს ქალაქი, ზამთარშიც კი არის ცოცხალი,
რადგანაც ქალაქს ყოფნის სუნთქვა - ჩემი და შენი,
რომ ეს ქალაქი, ზამთარშიც კი, არის ლამაზი,
რადგან იქ ჩვენ ვართ...
უნდა გვიყვარდეს ჩემი და შენი სიყვარული ყველაზე მეტად.
და უფრო უნდა გვიყვარდეს მაშინ,
როცა აქა-იქ შემორჩენილი ასკილებიდან,
ჭირხლის კრისტალებს მოიპარავს ჩვენზე უფრო ცრუ გაზაფხული
და ძვირფას ქვებად შეატყუებს თოვლშემშრალ ქალაქს,
რომელიც ჰგავს მუცლით მეზღაპრეს და გამოგონილ ამბავს ჰყვება
მოხეტიალე მაწანწალაზე.
აქ, ამ ცრუ და ვითომ ნამდვილ, ტყუილ ქალაქში,
ნამდვილი ვართ მხოლოდ მე და შენ,
და ნამდვილია ჩემი და შენი სიყვარული -
თბილხავსიანი, როგორც ზამთრის ძილისპირული.
ჩუმად,
მიკიოტების და კოდალების ხმათა ექო ბრუნდება უკან - იქიდან აქეთ:
უუკ...
უუკ...
უუკ...
ეს ნიშანია,
რომ ქალაქში, საცაა, მოთოვს.
გამოვიზამთროთ.