იუბილარის, ამ მეოცის, ამ ატომურის,
თითქოს უთუოდ არსებითის
და რამდენადაც,
და რამდენადაც გონიერის, თითქოს იმდენად
ამ გადარეულ საუკუნის ღვიძლო და გერო,
ჰე, მოქალაქევ, უსუსურო და ღონიერო,
გაურკვევლობის ტკივილით ხარ მძიმედ სნეული,
გაურკვევლობის უკურნებელ ტკივილით ავად,
შენს უჯრედებს რომ ერთიანად დაუფლებია,
შიშველ ნერვებზე უხეშ ტოტებს რომ გიტყლაშუნებს
და ფოთოლ-ფოთოლ თავის შხამს რომ მოერეკება,
რათა შენს აშლილ თმაშიც... თმაშიც გადაურიოს.
გაურკვევლობის ტკივილით ხარ მძიმედ სნეული,
ამ შემზარავი სატკივარით გადალეული...
მხოლოდ წარსულით აბა როგორ იცხოვრებ, როცა
შენი აწმყოც კი
სხვას არაფერს... აღარ ხმარდება,
გარდა ხვალინდელ დღეზე ფუჭი საგონებლისა?!
ამ ცოდვილ ცთომილს რა მოელის? -
რას მიპასუხებ?
რა გადახდება ამ ქვეყანას? -
როგორ მიხვდები?
დაბეჩავებულ ამ მიწაზე რა გაიხარებს?
ან მომავალში აქ რომელი ენა დარჩება?..
უღმერთოდ იწვი საგონებლის დაუმქრალ ცეცხლში,
ხსნა არ ჩანს არსად. და არც ბოლო არა ჩანს არსით.
ასებობს ერთი ვეერთელა გაურკვევლობა,
არასოდეს რომ არ ივსება, ისევე როგორც
ვერ აივსება ტორიჩელის სიცარიელე!..
არსებობს ერთი უსამანო გაურკვევლობა.
ჰაერივით რომ ყველგან შედის,
თუ ხვრელი ნახა!..
არსებობს ერთი გარკვეული გაურკვევლობა,
და კაკალივით არის იგი ორგარსიანი!..
როგორ იცხოვრობ
ამ შხამიან და მყარ ფორმებში?
ასე უსულო ფორმებს შორის
როგორც იცხოვრებ?
ატირებულმა
თუ დავსილმა თვალმა მარილი
ნამდვილად იცის,
ისე როგორც ადამიანმა -
უუნაპირო ოკეანე გაურკვევლობის, -
მაგრამ სად არის სიმშრალე და მყარი ადგილი?..
აი, ცემენტი! -
კარგად მხოლოდ წყალში რომ სუნთქავს!
სხვაფრივ, საცოდავს,
საკუთარი მტვერიც კი ახრჩობს;
ისევე, როგორც ადამიანს - გაურკვევლობა.
ასეა, ასე, მაგრამ წყალი, წყალი სად არის?..
მზის სხივებს მწვანე ჭინჭრიანშიც
უნდათ შეღწევა,
მაგრამ ცვივიან აქეთ-იქით - დასუსხულები;
ოღონდ გიჩვენონ ჭინჭრიანი, გაურკვევლობის,
გაურკვევლობის ჩრდილი რომ არ ადგას, ისეთი
და იმ ჭინჭრიანს
შენ საკუთარ ბინად დაიდებ!..
ხე ყოფილიყავ,
იტირებდი შენივე ცრემლით...
და მოირჩენდი
შენს საკუთარ ქერქშივე ტკივილს.
მაგრამ ცრემლები შენი
შენვე გღრღნის... სინდიყივით!
შენ ამა ქვეყნის ტკივილების წინაშე ხე ხარ, -
ქერქატკეჩილი!
ადამის ძის ფორმა გაქვს მხოლოდ!
და ქერქატკეჩილ მაგ შენს ხეზე,
ცოტად თუ ბევრად,
ახლა ჯანმრთელი თუა რამე - არის თვალები!
შენი თვალები - სავსე, სავსე გაურკვევლობით!..
გაურკვევლობის ტკივილით ხარ მძიმედ სნეული,
ჯადო-ტკივილით,
შენს სიკვდილის რომ ესწრაფვის, მაგრამ
ეს სიკვდილიც რომ არსად არის?!.
კაცს წესიერი
სიკვდილისთვისაც ბედი უნდა სწყალობდეს, ბედი!..
ტყუილუბრალოდ არა მკითხო: "მაშ რა ვქნათ?" - რადგან
შენ მაგის პასუხს ვერ მიიღებ ჩემგან, გახსოვდეს
ჩემნაირები ქვეყნად ადრეც ბევრი მოსულა
და მომავალშიც კიდევ ბევრი დაიბადება,
რათა გვიჩვენონ საკუთარი ცხოვრებით იგი,
თუ რა არა ქნან!.. მხოლოდ ასე... მხოლოდ ამგვარად!..
მაგრამ თუ კიდევ რამე გნებავთ,
დანარჩენისთვის
თქვენ ისევ ტკივილს, ისევ ტკივილს და ისევ ტკივილს, -
გაურკვევლობის გაურკვეველ ტკივილს მიმართეთ!..