Litclub.ge

მიმოწერის უფლების გარეშე
ძვირფასო ჩემო, 
წერილს არ გწერ, 
მიმოწერის უფლება არ მაქვს. 
ახლა მე ვარ შენთვის წერილი. 
სისხლძარღვები ჩემს მაჯებზე - 
ასოებია, სუსტად მფეთქავი 
და ისეთი იისფერი, როგორც ყვავილი: 
ივან და მარია... 
*** 
მარია, ჩემო მეზობელო, ხომ მაპატიებ, 
რომ მოგირღვიე შენი ეზოს ლურჯ-ყვითელი, ნაზი არშია. 
და როგორც ადრე, წერილში რომ ვდებდი ყვავილებს, 
ახლა მე თვითონ ჩავიხუტე... 
*** 
იცი, ქარია, 
მაგრამ წერილს - ჩემს დაღლილ სხეულს, 
ქარს კი არა, ეშელონს ვატან, 
აქ ჩემნაირი ისე ბევრია... 
ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, 
ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს, 
ერთმანეთს მხრებით ვეხუტებით, ჩიტებივით ვუკენკავთ დარდებს 
და მატარებლის ბორბლების რიტმზე ვღიღინებთ ჩუმად: 
დარ-დად, დარდად-დარ, 
დარ-დად, დარდად-დარ... 
უცნაურია: 
ჩვენი ხმა ისე უცნაურია, 
თითქოს სკდება ყელზე შებმული შუშის მძივები და 
ნამსხვრევები იყრება დაბლა. 
მერე ნამსხვრევებს, ხელს რომ გვიკაწრავს, 
ბგერა-ბგერა ვაგროვებთ ისევ, 
ჩუმად ვინახავთ, 
თბილ სიტყვებად რომ მოგიტანოთ: 
ჩემო, მიყვარხარ... 

ჩვენ ხეები ვართ, არყის ხეები - 
ცოლები, ვისაც მიმოწერის უფლება არ გვაქვს, 
ცოლები, ვისაც სიყვარულის უფლებაც არ გვაქვს... 
და ერთხელ, როცა შვილებისთვის, 
ჩვენს ტოტებზე გულწითელები ავაჩხარუნეთ, 
მოგვჭრეს, წაგვიღეს... 

მე არყის ხე ვარ, 
სადაფის მერქანს ფურცლებად ვიქცევ. 
ფურცლები, როგორც წერილები შორ, დამღლელ გზაზე: 
ტყეებში, სტეპში... თოვლში, ნამქერში... 
ვარსკვლავებით გადანაღმულ ღამის ტრამალზე... 
მოაღწევენ, მოვლენ შენამდე. 
*** 
მარია, ჩემო მეზობელო, შორსა ვარ ახლა, 
შემოუქსოვე ალბათ ეზოს ისევ არშია, 
აჩვენე დედის თვალის ფერი ჩემს პატარა შვილს, 
აჩვენე შენი ყვავილები: ივან და მარია... 
*** 
ძვირფასო ჩემო, 
წერილს არ გწერ. 
მიმოწერის უფლება არ მაქვს. 
თუმცა მოვედი, მე შენთან ვარ, 
გხედავ ... 
ქარია... 
ეს შენ ხარ, შენ ხარ! 
აქ, ჩემს გვერდით, ჩრდილოეთის ციალს რა უნდა?! 
ეს შენი სუნთქვა ურხევს ახლა წიწვებს ტუიას... 
და ჩემს სხეულზე, ჭკნება სიტყვა, როგორც ყვავილი, 
ცვივა ბგერები: 
აი,ტაიგა... 
აი, ტაიგა...