Litclub.ge

ვინმე, რომელიც ვიღაც არ არის (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
მესიზმრა - მოდის ვინმე
სიზმრად - წითელი ვარსკვლავი ვნახე და
ქუთუთო ლამის ადგილიდან ამიფრინდა,
ფეხსაცმელები ლამის დამიწყვილდნენ.
დავყრუვდე,
თუ მოვიტყუო:
მე ის წითელი ვარსკვლავი
სიზმრად ვნახე, როცა არ მეძინა.
მოდის ვინმე,
მოდის ვინმე,
მოდის ვინმე,
რომელიც არავის ჰგავს.
ვიღაცა არ არის: მამა არ არის, მეგობარი არ არის, იაჰია5 არ არის,
დედა არ არის.
და სწორედ ისაა, ვინც უნდა იყოს.
უფრო მაღალია, ვიდრე არქიტექტურული სახლების ხეები,
სახე კი სახეზე უფრო ნათელი აქვს.
არ ეშნია სეიედ ჯავადის6 ძმისა,
რომელიც წასულია და ყარაულის ტანსაცმელი აცვია
და არ ეშნია თავად სეიედ ჯავადისაც, რომლის
საკუთრებაცაა ჩვენი სახლის ყველა ოთახი;
მისი სახელი, ისე როგორც დედაჩემი ეძახის
ხოლმე ლოცვის დასაწყისსა და დასასრულში,
ან მსაჯულთა მსაჯულია
ან საჭიროებათა საჭიროებაა.
მას შეუძლია, თვალდახუჭულმა წაიკითხოს
მესამე კლასის სახელმძღვანელოს ყველა ძნელი სიტყვა,
შეუძლია, ოცი მილიონიდან ათასიც კი ისე აიღოს,
რომ არაფერი მოაკლოს
და შეუძლია, სეიედ ჯავადის მაღაზიიდან
ნისიად წამოიღოს რამდენიც უნდა, იმდენი საქონელი.
და შეუძლია რამე იღონოს იმისათვის,
რომ ლამპა - "ალაჰი", რომელიც
მწვანე იყო,
მწვანე იყო დილის საარივით8,
ხელმეორედ აინთოს
მოფთაჰიანის მეჩეთის ზეცაზე.
ოჰ
რა კარგია სინათლე,
რა კარგი სინათლეა
და როგორ მინდა, რომ იაჰიას
ჰქონდეს ერთი ველოსიპედი და
ერთი აჟურული ლამპა;
როგორ მინდა, რომ იაჰიას ველოსიპედზე
საზამთროებსა და ნესვებს შორის დავჯდე
და მოჰამადიეს მოედანს
წრე დავარტყა.
ოჰ
რა კარგია მოედნის ირგვლივ წრეზე ტრიალი,
რა კარგია სახურავზე ძილი,
რა კარგია ეროვნულ პარკში წასვლა,
რა კარგია "პეპსი-კოლას" გემო
და რა კარგია კინოთეატრი "ფარადინი".
და მე როგორ მომწონს ყველაფერი კარგი
და როგორ მინდა, ნაწნავები მოვქაჩო სეიედ ჯავადის გოგოს.

რატომ, რატომ ვარ ისეთი პატარა,
რომ ქუჩებში დავიკარგო,
მამაჩემი რატომ არაა ისეთი
პატარა, რომ ქუჩებში დაიკარგოს.
ის, ვინც ჩემს სიზმარში მოვიდა,
არაფერს აკეთებს იმისათვის,
რომ თავისი მოსვლის დღე
ცოტა წინ გადასწიოს.

და სასაკლაოს უბნის მცხოვრებნი,
რომელთა ბაღების მიწაც სისხლიანია,
რომელთა აუზების წყალიც სისხლიანია,
რომელთა ფეხსაცმლის ლანჩებიც სისხლიანია,
რატომ არაფერს აკეთებენ?..
რატომ არაფერს აკეთებენ?..
რა ზარმაცია ზამთრის მზე!..
მე დავგავე სხვენის კიბეები,
ფანჯრის მინები დავრეცხე.
მამაჩემი მხოლოდ ძილში
რად უნდა ხედავდეს სიზმარს?

მოდის ვინმე,
მოდის ვინმე,
მოდის ვინმე,
ვისი გულიც ჩვენთანაა, სუნთქვაც ჩვენთანაა და ხმაც.
ვისი მოსვლის შეკავებაც შეუძლებელია
და შეუძლებელია ბორკილის დადება
თუ დილეგში ჩაგდება.
იგი, ვინც იაჰიას ბებერი ხეების ქვეშ დაიბადა,
დღითიდღე
გაიზარდა და გაიზარდა,
იგი -
წვიმის,
წვიმის წკაპუნის ხმის,
ყვავილების ფაჩუნისა და ჩურჩულისა.
ვინმე თოფხანის ზეციდან
გარდმოხდება ცეცხლის გახსნის ღამეს.
სუფრას გაშლის,
პურს გაანაწილებს,
ეროვნულ პარკს გაანაწილებს,
ხველების შავი ფერის წამალს გაანაწილებს,
საავადმყოფოს ნომრებს გაანაწილებს,
რეზინის ჩექმებს გაანაწილებს,
კინოთეატრ "ფარადინს" გაანაწილებს,
სეიედ ჯავადის გოგოს ხეებს გაანაწილებს,
ყველაფერ გასიებულს გაანაწილებს;
და ჩვენ-ჩვენ წილს დაგვირიგებს
მე სიზმარი ვნახე