ნაწილი პირველი
ასე, დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ხევის ერთს სოფელში კერას პირს ისხდნენ ორი კაცი და ერთი დედაკაცი. ერთი ამათგანი, ონისე გელაშვილი, გამოქნილის და მკაცრის გამჭვრეტელობით ბანდულებს ამაგრებდა.
იმისი ცოლი, მახია, იქვე კერასთან ჩამომჯდარიყო, ართავდა საჩოხე მატყლს და შესცქეროდა ქვაბს, რომელიც ცეცხლზედ ჩუხჩუხებდა.
ონისეს ძმას, მთხოვარა გლახას, როგორც ყველანი ეძახდნენ, ბევრით მოხუცებულს თავის ძმაზედ, ფანდური ეჭირა ხელში და დაღონებულად, შეწუხებულის ხმით დამღერდა ერთს იმ სიმღერებთაგანს, რომელიც მთაში საზოგადოდ შემოღებული არის.
როგორც ხმაში, ისე პირისახეზედ მთხოვარა გლახას ეტყობოდა, რომ ბევრი გულსათუთქი წუთები და მღელვარება გამოევლო, რომელთაც შეუბრალებლად დაეღმიჭათ იმისი პირისახე, რომელიც, როდისღაც მშვენებით სრული, ეხლა წარმოადგენდა რაღაცა უსიამოვნო, შემაწუხებელს სურათს.
უცნაურად დაფლეთილი და მასუკან სხვადასხვა ფერის ნაკუწებით დაკონკებული ფარაჯა შეადგენდა იმის ტანსაცმელს, რომელსაც უნდა დაეფარა იმის დაუძლურებული სხეული და სიბერისგან ჩავარდნილი გული სიცივისგან და ავდრისაგან.
გლახამ ჩაჰკრა ფანდურსა და დასძახა:
როსტომ თქვა: მიწა რბილია,
სიტყვას მით უნდა რბილობა;
ვაჟკაცს რომ გაუჭირდების,
მაშინის უნდა ცდილობა.
როსტომ თქვა: ერთი არა სჯობს
ამ ჩემსა მოგონებასა:
ერთხელ სჯობია სიკვდილი
სულ მუდამ დაღონებასა!..
- რაია, ღთის მადლსა, სულ მაგის ჩხარა-ჩხური? - გააწყვეტინა მოთმინებიდგან გამოსულმა ონისემ.
მთხოვარა გლახამ ამოიოხრა და გადასდო ფანდური იქით.
- ახლა წახვალ ისევა და, უფალმა იცის, კიდევ გნახავთ როდისმე თუ არა; ვინ იცის სად მშიერი ივლი და სად მაძღარი?..
ეჰ, ჰე, ჰე, ჩემო ძმავ! - მწუხარებით წამოიძახა მთხოვარა გლახამ და ამოიოხრა: - რა ხარჯს გაძლევთ, რომ ცხოთა კარზედ გამიტარებია ჩემი სიცოცხლე?.. შინიდგან არა მიმაქვს-რა, არა გამიყიდნია-რა და არც შემიჭამია-რა... ჩემი სარჩო-საბადებელი თქვენთვის დამილოცია, ცხო რაღა გინდათ?.. დავდივარ ქვეყანაზედ, ვთხოულობ და კეთილი ხალხის წყალობით ლუკმასა ვჭამ... რაი გაქვსთ ჩემზედ სამდურავი?.. თუ ერთი-ორი გროში გადამრჩენია, ისიც თქვენთვის გამომიგზავნია.
- შინ იყო და იუფროსო, ის არა სჯობს? - გააწყვეტინა ონისემ.
- ეჰ, ჰე, ჰე! - კიდევ ამოიოხრა გლახამ და დაუმატა: - არა, ძმაო, არა... შენც კარგად იცი, კაცი თუ გარეთ სიარულს დაეჩვია, ის შინ ვეღარ გასძლებს... ან რაი-ღა ხელსაპყარი ვარ? „დავბერდი, დავჩაჩანაკდი, წვერი გამიხდა ჭაღარა, შინ ჯალაბთ მოვძულებულვარ, გარეთ უნდივარ აღარა“, - დაუმატა გლახამ და ისევ ჩაჰკიდა თავი.
- რაისათვი ამბობ მაგასა, რაისათვი? აქ იყო, იუფროსო და რიგი მოგვცე, ის არა სჯობს? - წარმოსთქვა წყენით მახიამ.
- კარგია-ღა, მახიაისი!.. აბა რაღა რიგის მიცემა შეუძლიან ჩემისთანა ავარდნილ-გავარდნილს კაცს?
- რად არა?
- იმად, რომ... - აღარ გაათავა სიტყვა გლახამ და გაჩუმდა.
- დარჩი, დარჩი!.. ღთის მადლმა, ჩემი ბალღები ეგრე შეგინახვენ, როგორც ბატონსა. - დაიწყო ისევ უმცროსმა ძმამ.
- შენც კარგად იცი, ონისეისი, დარჩენაც რომ მინდოდეს, ვერ დავრჩები... ჩუმად მოვსულვარ ჩემ ქალას სანახავად... გულმა ვეღარ გასძლო მეტი უნახაობა, და ახლა ისევ ჩუმად უნდა გავიპარო... მე არა მინდა-რა, ყველა ღმერთმა თქვენ მოგახმაროსთ, ოღონდაც ჩემ ქალას მოუარეთ, უპატრონეთ და გაათხოვეთ.
- აბა, უფალს არ მოეტყუება, შენი ქალაი ჩემს შვილებს მირჩევნია, - უპასუხა მახიამ.
- ერთი იმას გეხვეწებით, ისეთ კაცზედ კი გაათხოვეთ, რომელიც გემრიელ ლუკმას შეაჭმევს... „გორსა“ და სიმდიდრეს ნუ გამოუდგებით... გლეხი ხალხი შრომისათვის ვართ გაჩენილი... ოღონდ ერთურთი უყვარდესთ და ცხო არა უნდათ-რა... მუშაობა ქალისთვის ძნელი არაა, თუ ჯალაბობაში მშვიდობიანობა იქნება.
- ღმერთი იყოს შენი თავდები, - უპასუხა ონისემ; რომელსაც ცრემლები მოერია თვალებში.
- შენს სასიძოდ თუ არავინა გყავს არჩეული? - ჰკითხა მახიამ.
- მე ამოდენი ხანია აქაური ღრუბელიც არ დამინახავს და ვინ მეყოლება ამორჩეული?.. ან რაი ჩემი საქმეა? ქალი თქვენია და თქვენმა სულმა იცის, როგორს პატრონობასაც გაუწევთ.
ჩამოვარდა სიჩუმე, ყველანი რაღაც აღშფოთებასა ჰგრძნობდნენ. მოხუცის მკერდი ძალზედ ადიოდ-ჩადიოდა ჩქარის ქშენისაგან, ეტყობოდა, რომ იმის დამწვარი გული ჯერ არ გაქვავებულიყო და კიდევ შეეძლო დუღილი და ბრძოლა.
მართლადაც, მეტად ძნელი უნდა ყოფილიყო იმ მოხუცის მდგომარეობა, რომელსაც ცის ქვეშე ერთი ქალის მეტი არა ჰყოლოდა-რა და იმის ბედნიერებაზედ ზრუნვაც კი იძულებული იყო სხვისთვის დაეთმო.
როდესაც გლახამ გული დაიმშვიდა და თავი შეიმაგრა, ისევ წყნარად გააგრძელა თავის საუბარი, თითქოს ანდერძს უგებდა თავის ძმას და სცდილობდა ყოველი სიტყვა გარკვევით წარმოეთქვა და ჩაეგონებინა იმისთვის.
- მე ერთი, ხალხისაგანაც და ღმერთისაგანაც, მოძულებული კაცი ვარ... ერთი ფეხი სამარეში მიდგა, დღეს თუ ხვალ მოვა სიკვდილის ჟამი და გავქრები... ნუნუს მამის სახლობა თქვენ უნდა გაუწიოთ. მაშ ეცადეთ საქმროც ეგეთი აურჩიოთ, რომ თქვენი გამოსადეგიც იყოს... თუ თითონ შეუყვარდა ვინმე, ეგ ხომ სულ კარგი და სულ კეთილი! ნუ დაუშლით.
- განა-ღა ბატარაია ნუნუ, ჩემო ყველავ! ეხლა თითონ უნდა აირჩიოს, თორემ ცხო ვის შეუძლიან! - უპასუხა მახიამ.
- თქვენ იცით, თქვენა! - ყრუდ წამოიძახა გლახამ, წამოავლო გუდას და ჯოხს ხელი და წამოდგა.
- აბა, ახლა კი წავალ.
ონისე და მისი ცოლიც წამოდგნენ.
- ბატარა შეჭამე მაინც რამე, - უთხრა მახიამ.
- მანამ ნუნუ მოვა, - დაუმატა ონისემ.
- გიშველათ უფალმა, - უპასუხა გლახამ: - არა მინდა რა... ნუნუსაც რაიღა მოვუცადო, უბრალო ცრემლები-ღა იქნება... მშვიდობით, ჩემო ძმაო, ჯერ ღმერთს და მერმე თქვენ გებაროსთ ჩემი ნუნუ... ვინ იცის, გნახავთ კიდევ, თუ არა!.. მშვიდობით, მახიავ, შენ იცი და შენმა დედაკაცობამ, როგორც უპატრონებ იმ ქალას.
ამ სიტყვებთან ერთად ის გაბრუნდა და წყნარად გადააბიჯა იმ კარის ზღურბლს, რომლის თავის დანებებაც ისე უძნელდებოდა. ონისე გაჰყვა თანა, მახია კი კარებიდგან გამობრუნდა.
- საღამომდის მაინც მოიცდიდი! - დაიწყო ისევ ონისემ.
- რაიღა გავაკეთო?
- არ გიცნონ და...
- რაღას მიცნობენ, ღთის მადლსა? ხალხს კიდეც გადავავიწყდი.
ამ ლაპარაკით იმათ მიაღწივეს ერთ ხევს, რომელსაც ყუროს უძახიან, იქ გამოესალმნენ ერთმანეთს და ონისე გამობრუნდა თავის სახლისკენ. გლახა კი, რომელიც ღრმა ფიქრმა წაიღო, ჩამოჯდა ქვაზედ.
იმას მოაგონდა თავისი სიყმაწვილე, მოაგონდა თავისი ცოლი, წარსული იმედები, ერთი სიტყვით, ყველა ის, რითაც კი ისე ტკბილი ხდება კაცის მწარე სიცოცხლე. მოაგონდა ეს ადგილები, სადაც როდესღაც ცხვარი დაუდიოდა საძოვრად, მოაგონდა ის წუთიც, როდესაც ივანობაზედ მხვეწარი ჩამოდიოდა და პირველად შეჰკრა თვალი იმ ქალს, რომელმაც სწრაფად აუდუღა სისხლი ძარღვებში. ეს ყველა წარმოუდგა იმის გონებას და მწუხარებით აუვსო გული. სად განჰქრა ეს ნეტარება, სად წავიდა?..
ხედავდა, იმედებით და სიცოცხლით სავსე ყმაწვილის მაგიერ, მოხუცებულს, დაუძლურებულს თავის თავს, რომელსაც ბედნიერების მაგივრად უკანასკნელი წუთებიც კი სხვათა კარზედ უნდა გაეტარებინა და სიკვდილის ჟამს თავის სახლობის ცრემლიც კი არ ღირსებოდა...
იმას ჯერ თითქოს რაღამაც ძალზედ მოუჭირა გულზედ, ბოლოს ის გახურდა, ადუღდა ცხლად და მწვავად წამოვიდა და ყელს მოებჯინა. იმან დაიწყო ყელში ხრიალი და მანამ ვერ დაისვენა, სანამ ცრემლებად არ ჩამოედინა ეს შეგუბებული სულის მღელვარება.
როდესაც გული იჯერა ტირილით, ის წამოდგა დასუსტებული, გაჰხედა თავის სოფელს, ჩაიქნია ხელი და წამოიძახა: - აჰუ!.. მუხთალო სოფელო!
გაბრუნდა საჩქაროდ და მთვრალსავით ბარბაცით გაემართა ვლადიკავკავისაკენ...
ონისე თუმცა გამოქნილი კაცი იყო, რომელიც ძმის მოშორებისთვის არც აგრე აიტკიებდა თავს, რადგანაც ძმის წილობა იმასა რჩებოდა, მაგრამ ძმის გამოსალმებას არა მცირედად აეღელვა და გული მოელბო, ამიტომაც შევიდა ის ისე დაღონებული თავის სახლში.
- რაი მოგსვლია? - ჰკითხა ცოლმა.
- აბა რაი ვიცი? - დაღონებით უპასუხა ონისემ და მოიფშვნიტა ცრემლ-მორეული თვალები.
- იტირე ბარემ და, რაიღას ელი? - დაცინვით უთხრა ცოლმა და ჩამოჯდა ისევ კერას პირს.
- შენ ძმასთან დაშორება იქნება მართლა ადვილი გგონია?.. მართლადაც, უფალმა უწყის, კიდევ გვეღირსების ერთურთის ნახვა, თუ არა?
- იმას მადლიც მოუვიდა წასვლითა!.. ო, ღთის მადლმა!.. ჩვენა ვართ ბედშავნი რომ, რაც გინდა ვქნათ, ვერ მოვშორდებით აქაურს მშრალა ქარჯინას.
- ეგ ყველა, ყველა, ის წავიდა და ღმერთმა ხელი მოუმართოს... მაგრამ რაი უნდა ვუყოთ იმ ქალა-შავასა!
- ნუნუსა?.. მთხოვრები გვყავს, მივცეთ და მოვიშოროთ თავიდგან.
ონისემ თავი ჩაჰკიდა და ცოტა ფიქრს შემდეგ წამოიძახა:
- რაი ვქნა, ბიჭი არ მომწონს და ცხოთა შვილის ცოდოში საით ჩავდგე?.. თითონ იმ ქალა-შავასაც არ მოსწონს, თავს იკლავს - არ გავთხოვდებიო.
- იმან რაიღა იცის, ღთის მადლსა? ვისაც ჩვენ ვეტყვით, იმას უნდა წაჰყვეს.
- მართალია, მაგრამ ნუნუს ცხო უყვარს და...
- რაი ვუყოთ, რომ ცხო უყვარს? - გააწყვეტინა ცოლმა.
ამ დროს გაიღო კარები და წყლით სავსე ტაგანა-აკიდებული, თექვსმეტ-ჩვიდმეტის წლის ქალი, ტანადი და მოხდენილი, წყნარად შემოვიდა ოთახში. წყნარად ჩამოიღო ტაგანა, მოხსნა თოკი და მოუბრუნდა იქ მყოფებს: - მამაი სადაა?
ამ უბრალო, დამშვიდებულმა კითხვამ ისე არია ცოლქმარი, რომ დიდხანს პასუხი ვერ მოეხერხებინათ.
- მამაი სადაა? - ისევ იმ ხმით განიმეორა ქალმა და ჩაციებით დაუწყო ყურება მახიას.
- წავიდა, - ბოლოს უპასუხა მახიამ.
- წავიდა? - რაღაცა მწუხარებით იკითხა ნუნუმ და ხელები ჩამოუცვივდა.
იმას აშკარად ეტყობოდა, რომ ეს სიტყვები ლახვრად მოხვდა გულში და იქამდინ ძალა დაატანა, რომ რამოდენიმე ხანი მოუნდა, სანამ გონს მოვიდოდა და ტირილს მოახერხებდა.
- მე კი მეგონა... - წარმოსთქვა იმან, წყნარად დაეშვა იქავ მიწაზე და დაიწყო ტირილი.
ის ტიროდა გულამომჯდარი, ცხარედ, მახიას ყოველი ცდა იმის დასამშვიდებლად რჩებოდა ამაოდ.
- რაი გატირებს, რაი? - მეათედ ეუბნებოდა ეს დედაკაცი.
- რაი მატირებს? - უპასუხებდა ნუნუ: - ის მატირებს, რომ მამაი ეგრე წავიდა, რომ არც კი მნახა.
- გაჩუმდი, გაჩუმდი, - თითქმის ბრძანებით უთხრა მოთმინება-დაკარგულმა მახიამ და, ბოლოს, უფრო დამშვიდებულმა დაუმატა: - აი ეხლა გაგათხოვებთ და სუყველაი გადაგავიწყდება.
- არ მინდა გათხოვება, მე არ გავთხოვდები!
- ახლა ეგრე ამბობ, მაგრამ მაშინ მაგას აღარ იტყვი, - დაუმატა ონისემ.
- აგეთ კაცს მიგათხოვებთ, რომ ყველა შენ შემოგნატროდეს. ო, ღთის მადლმა!
- არ მინდა, არა! - რაღაცა გაბრაზებით უპასუხებდა ნუნუ: - მე ვიცი ვისზედაც გათხოვებას მიპირებთ, თავს დავიღრჩობ და იმას კი არ გავყვები.
- რაისთვი არა, რაისთვი?
ნუნუ კარგა ხანს ჩუმად იყო და პასუხს არ აძლევდა. ბოლოს გუნებაში გაურბინა, რომ გადაჰხვეოდა მახიას, ჩაჰკვროდა გულში და ყმაწვილი ქალებისადმი მინიჭებულის მორცხვობით ეთქვა: „მე ცხო მიყვარს, გებრალებოდე, მახიაისი!“ მაგრამ რაწამს შეჰხედა თავის ძალუას მკაცრს პირისახეს და გაყინულს თვალებს, რომელიც უწყალოდ გამოიხედებოდნენ, ნუნუს სიტყვები პირში გაუწყდა. ის აშკარად ჰხედავდა, რომ იმის წინ თანამგრძნობელი ადამიანი კი არ იდგა, არამედ პირი, რომელსაც წინადვე გარდაეწყვიტა იმისი მომავალი და არავითარს საბუთს, არავითარს ხვეწნას გავლენა აღარ ექნება იმის გაქვავებულ გულზედ.
მართლადაც, აღარ გამოიარა რამოდენმამე ხანმა, როდესაც მახიამ მკაცრად და გადაწყვეტით დაიწყო:
- კარგია, გაჩუმდი!.. მამაშენი წავიდა და შენი გათხოვება ჩვენ მოგვანდო, ვისაც ჩვენ ამოგირჩევთ საქმროდ, შენც იმაზედ უნდა გათხოვდე.
ამ სიტყვებზედ ნუნუმ მარტო შეჰხედა იმას დაღონებულის თვალებით, მაგრამ შეჰხედა ისეთის გარდაწყვეტილებით, თითქოს ისინი ამბობდნენ: „თქვენ არ გინდათ იმას მიმათხოვოთ, ვინც მე მინდა, და ვნახოთ, სხვას როგორ მიმათხოვებთ!“
- ახლა კი წადი საჩალეში (კალო), წაიღე ხენცელი (პატარა ნამგალი) და სავალდახე1, მოთიბე, - უთხრა მახიამ და გამობრუნდა. ნუნუმ აიღო ხენცელი და წავიდა სათიბლად, მაგრამ რა საქმის გაკეთება შეეძლო, როდესაც იმისი გული ათასის ლახვრით იხეოდა.
ის გადავიდა კალოში, ერთი ხელით შემოიყარა დოინჯი, მეორე, კი ჩამოუვარდა ისე, თითქო მოტეხილი ჰქონდა. ასე მიდიოდა დრო, წუთი წუთით იცვლებოდა, მაგრამ ის მაინც იმავე მდგომარეობაში იდგა, ისევ ისე გასცქეროდა სივრცეს და ფიქრობდა თავის მწარე მდგომარეობაზედ.
- გამარჯვება შენ საქმესა! - შესძახა ერთმა ლაზათიანად მოყვანილმა ბიჭმა, რომელიც ღობესთან მომდგარიყო და ღიმილით უყურებდა იმას.
ქალი შეჰკრთა, შეჰხედა და სირცხვილისგან მთლად აინთო.
- კარგადაც მუშაობ! - ისევ იმ ღიმილით უთხრა ბიჭმა და გადისვა ხელი ახლად აშლილ ულვაშებზედ.
ნუნუმ ძლივს მოახერხა, რომ დაჰხროდა ბალახს და მთრთოლარე ხელებით დაეწყო თიბვა.
ბიჭი წყნარად გადავიდა ღობეზედ, მივიდა ქალთან და უთხრა:
- მაი, მე მომე ხენცელი, მე მოგითიბ.
- არა, შენაი ჭირაიმე, არა! დამეხსენ, მე თავად მოვთიბ.
ბიჭმა დაუწყო ყურება გამომცდელის თვალებით, რადგანაც უკვირდა ნუნუს ამგვარი პასუხი, რომელიც პირველად ესმოდა.
- რაი მოგსვლია, ქალაუ! რაისთვი მელაპარაკები აგრე?
- არც რა, არც რა! - საჩქაროდ უპასუხა ნუნუმ და ჩქარადვე დაუმატა: - წადი, არავინ მოგვასწროს და...
- მოგვასწრონ, რაი იქნება? - ჰკითხა დაფიქრებულმა ბიჭმა და გულში გაუელვა რაღაცა ეჭვმა.
ის დაფიქრდა კარგა ხანს და მერმე ჰკითხა:
- რა მოგივიდა, რად არ მეუბნები?
- ის მომივიდა, რომ ცხოს მიპირებენ მიცემას, - უპასუხა ნუნუმ და ცრემლები გადმოედინა.
- ცხოსა? - გაფითრებით იკითხა ახლად მოსულმა.
- ჰო, ცხოსა.
- მამაი რაღას ამბობს?
- მამაი აღარაა აქა, წასულა! - იმედ-გადაწყვეტით წამოიძახა ნუნუმ.
- წასულა? - ხმის კანკალით იკითხა უცნობმა, რომელიც უფრო ჩაფიქრდა და ჩაჰკიდა თავი.
კარგა ხანს ის იმ მდგომარეობაში დარჩა და სიტყვა ვეღარ მოეხერხებინა. ბოლოს ამოიოხრა, აიღო მაღლა თავი და უთხრა:
- მაშ იაგო მოჰკვდეს, თუ იმან სხვას დაგანებოს!.. იცი რაი გითხრა: დღეს საღამოზედ, როდესაც ყველანი დაიძინებენ, გამოდი აქა. ჯერ მე თითონაც არ ვიცი რასა ვიქმ, მაგრამ, წმინდის გივარგის მადლმა, მე შენს თავს არცვის დავანებებ, არცვის დავუთმობ!.. გამოხვალ, განა?
- აბა რაი ვიცი?
- იქნება შენ თითონაც აღარ გინდა ჩემზედ გათხოვება?- წარბებ-შეჭმუხვნით ჰკითხა იაგომ.
ქალმა, მართალია, ამ სიტყვებზედ არ უპასუხა, მაგრამ ისეთის თვალით შეჰხედა, რომ იაგო ჟრჟოლამ აიტანა.
არის ხოლმე ერთი ისეთი შეხედვა, რომელიც აგრძნობინებს, აუხსნის კაცს ათასჯერ უფრო მომეტებულს, სანამ გატაცებული საუბარი გავარჯიშებული მოლაპარაკე კაცისა.
ნუნუს შემოხედვაც სწორედ ამგვარი იყო, და მიაღწივა თავის მიზანს.
იაგოს გადაავიწყდა გაბრთხილება, გადაავიწყდა მუხთალი მიწის შუქი, რომელსაც შეეძლო გაეცა ყოველი იმათი მოძრაობა და თავდავიწყებით გადაეხვია.
- ნუნუ, ნუნუ! ჩემო ყველავ! - კოცნით ეუბნებოდა ის: - მოხვალ, განა, მოხვალ?..
პირველმა სიტკბოების წუთებმა ნუნუც ისე გაიტაცა, რომ ისიც მიეკრა ძალზედ და რამოდენიმე სიყვარულის ბეჭედი დაასვა ტუჩებზედ.
- მაშ მოხვალ, განა, ამაღამ ამ ადგილს? - არ ეშვებოდა იაგო.
- აგრე, აგრე! ოღონდაც ეხლა კი წადი!
- წავალ, წავალ, ოღონდაც... ერთი გაკოცო კიდევ, ..
ღმერთსაც ნუ ექმნა, რომ იმათ ალერსისათვის ვისმე თვალი შეეკრა, თორემ ძვირად დაუჯდებოდა იაგოს თავისი მოუფიქრებლობა, მაგრამ საბედოდ იმათ იღბალი შესწეოდა და ალერსი შეუმჩნეველი დარჩა. ისინი გაიყარნენ იმ პირობით, რომ საღამოზედ ისევ შეყრილიყვნენ, გარდაეწყვიტათ, თუ რარიგად მოქცეულიყვნენ შემდეგში. იაგო წავიდა თავის ნათლიისას რჩევის სკითხავად, ნუნუ კი დაადგა სათიბს, რომელზედაც დამშვიდებული მუყაითად მუშაობდა.
ის ამ მუშაობაში იყო, როდესაც გლახამ მიაღწივა დარიალის ციხეს, სადაც უნდა შეერთებულიყო სხვა მგზავრებს და ჯარს, თუ მშვიდობიანად ჩასვლა უნდოდა ძაუგს.
მაგრამ, სანამ ჩვენს მოთხრობას გავაგრძელებთ, მომეტებული არ იქნება, რომ უფრო დაახლოვებით გაგაცნოთ გლახას წარსული.
გლახა იყო ხევში ერთი შეძლებული გვარის შვილი, რომელიც მოეხარა ახალ წყობილებას და იმ ძალას, რომელიც ისე უღმერთოდ ამსხვრევდა ხალხის ჩვეულებას წარსულს საუკუნეში, თუმცა ამაყი მთის სისხლი ჯერეთ კიდევა ჩუხჩუხებდა და თვითოეულს პირში იჩენდა თავს. ყმაწვილობაში გლახამ შეირთო ცოლი სიყვარულით და პირველში იმის დღეები წავიდა სანატრელის სიამოვნებით. ის ჰხარობდა თავის მშვენიერ ცოლთან, სტკბებოდა იმის სიყვარულით, როგორც ერთი უბედნიერესი კაცი, მაგრამ ეს სიტკბოება ჩქარა შეეცვალა სიმწარედ. იმან შეამჩნივა, რომ იასაული გადაეკიდა მეტის-მეტად, ყველაზე ჩქარ-ჩქარად დაჰყვანდა ბეგარაზედ და თუმცა ის ჰხედავდა ამ უსამართლობას, მაგრამ ხმა ვერ ამოეღო, რადგანაც იმ დროში კაცი საჩივრის გზასაც ვერ გაიგებდა, არამც თუ რომელიმე სამართალი მიეღო. ერთს დღეს, როდესაც გლახა ბეგრიდგან დაბრუნებულიყო, მოვიდა იმასთან იასაული და ურმის თხოვნა დაუწყო. გლახამ უარი უთხრა, მაგრამ იასაული არ ეშვებოდა, და ამისთვის კარგად სცემა თავის მომბეზრებელს.
ამ დანაშაულობისათვის გლახა დაიჭირეს და სამი წლით ციხეში ჩასვეს, სადაც ყოველივე სივიწროვე, რაც კი კაცის აზრს შეუძლიან წარმოიდგინოს, გამოიარა. მაგრამ რა სატანჯველი იქნებოდა ისე ძნელი, როგორც სატრფო ცოლთან დაშორება, რომელსაც უნუგეშოდ სტოვებდა, რადგანაც იმისი ძმა ონისე ჯერ პატარა იყო და თავის-თავის მოვლას ვერ მოახერხებდა, არამც თუ რძალისთვის და სახლისთვის ზრუნვა შესძლებოდა.
რაწამს გლახა ციხეში ჩასვეს, ბატონი დიამბეგი, ერთი იმ დროის ღმერთთაგანი გლეხებისათვის, მობრძანდა გლახას სოფელში და გალახული იასაულის შემწეობით დაუწყო არშიყობა გლახას ცოლს, რომელიც, სავაგლახოდ, სადღაც ენახა და თვალში მოჰსვლოდა. იასაული ბევრს ეცადა, ბევრი ელაპარაკა, მაგრამ გლახას ცოლი ვერ დააყაბულა ქმრის ღალატს. ბოლოს, რომ ვეღარა მოახერხა-რა, დაუწყო რჩევა, რომ ჩასულიყო დიამბეგთან და ეთხოვა თავის ქმრის გამოხსნა, რომელსაც, იმის სიტყვებით, ციმბირში ჰკარგავდნენ.
- რო ვთხოვო, დაიხსნის? - ბოლოს იკითხა დედაკაცმა.
- ჰაი, ჰაი, რო დაიხსნის! განა თითონ კი არ უნდა დახსნა, მაგრამ ხევის დიამბეგია, იმას მხოლოდ თხოვნა უნდა. ოღონდაც კი სთხოვე და, ღთის მადლმა, მაშინვე გამოუშვებს.
ქალი, მარტოობაში შეწუხებული ბეგრით და ათასი უსამართლობით, დაჰყაბულდა იასაულს და წავიდა იმათთან, ვისაც ხალხზე ზრუნვა და იმათი კეთილდღეობის დაცვა ჩაბარებული ჰქონდა, რომ შეეტყობინა თავისი მწუხარება.
ქალმა ვერ მოასწრო ოთახის კარებთან მისვლა, როდესაც იასაულები უკანიდგან მიეპარნენ, მოიტაცეს და ერთს თვალის დახამხამებაზედ შეიტანეს დიამბეგის ოთახში.
დიამბეგმა, რომელიც ბოლთას სცემდა და რაღაცა მღელვარებით მოელოდა ქალის მოყვანას, ერთბაშად გაიღიმა, უმსგავსად და საზიზღრად გაიზმორა.
- თქვენ წადით, კარგია, - დაითხოვა იასაულები, რომელთაც საკმაო სამსახური გაუწიეს.
იასაულები გამოვიდნენ და პირუტყვს დარჩა საცოდავი ქალი, რომელიც მთლად ჰკანკალებდა შიშისაგან და ვერ გამოერკვია თავისი უბედური მდგომარეობა. დიამბეგი მივიდა, ჩაჰკეტა კარები და მიუბრუნდა ქალს, რომელსაც მოურიდებლად მოჰხვია მკლავები და ძალათი დასვა ტახტზედ...
ამის შემდეგ, რა მოხდა იმათ შორის, რა იყო, - ამაზედ ლაპარაკი მომეტებული იქნება, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იმ ღამეს ბატონი დიამბეგი მოიქცა, როგორც უსვინიდისო, პირუტყვი, რომლისათვისაც ქალის ნებას და ნამუსს, ნამეტნავად გლეხიკაცისას, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
როდესაც დიამბეგი განსვენებაში იყო, ერთბაშად ფანჯარამ იჭეხა, მინებმა მოიღეს პოლზედ წკრიალი და ვიღაცა კაცი გადაფრინდა ოთახში. იმის შევარდნაზედ დიამბეგმა სპიჩკას გაჰკრა, აანთო სანთელი და იცნო გლახა, რომელიც ანანურის ციხიდგან გამოქცეულიყო. იმას თვალები აღგზნებოდა მეტის ჯავრისა და მწუხარებისაგან.
რაწამს ცოლმა ის დაინახა, გაექანა ქმრისკენ ხვეწნით, რომ ეშველა იმისთვის, მაგრამ ქმრამდის ვეღარ მიაღწია და დაეცა ქმრის ხანჯლით თავ-შუაზედ გაჩეხილი.
დიამბეგიც, რომელიც გულგახეთქილი ტახტის ქვეშ დამალვას აპირობდა, გამოათრია გლახამ, გაუყარა იღლიის ქვეშ ხანჯალი და დასძახა:
- შენ კი ღორი ხარ და ღორსავით მოგკლავ.
ამ მწარე დღიდგან გლახა გადაიკარგა იმ ადგილებიდგან და იმისი უპატრონოდ დარჩენილი ძუძუთა ქალი იზრდებოდა ჯერ გულკეთილ მეზობლებისას და მერმე ონისესთან, რომელიც დაქორწილდა.
ეხლა რაკი შევიტყვეთ გლახას ვინაობა და დამალვის მიზეზი, შეგვიძლიან გავაგრძელოთ ჩვენი მოთხრობა.
გლახა მოვიდა დარიელის ციხესთან, სადაც მოგროვებულიყვნენ ვლადიკავკაზში მომავალი მგზავრები და ის ჯარი, რომელთაც უნდა დაეცვა მგზავრები მოუსვენარი შამილის მომხრე მთის ხალხისგან.
მისვლის უმალეს გლახას დაუხვდა უფროსი სალდათი, რომელმაც მკაცრად ჰკითხა:
- შენ ვინა ხარ?
- მე მთხოვარა ვარ.
სალდათმა შეჰხედა ეჭვნეულად, აათვალიერ-ჩამოათვალიერა, გაიქნია თავი და წამოიძახა:
- გიცნობთ, რა შვილებიცა ხართ! - და ცოტა სიჩუმის შემდეგ უფრო მკაცრად და მრისხანედ დაუმატა:
- შენ მაგ ჩაცმულობით ვერ მომატყუებ! განგებ მოგიგონია გლახობა, რომ ვერ გიცნონ...
- მთხოვარა ვარ, ღთის მადლმა! - უპასუხა გლახამ, რომელსაც ვერ გაეგო რაზედ ელაპარაკებოდა ეს რუსი.
- შენ შამილის მომხრე ხარ და საზვერლად მოსულხარ აქა!
გლახას გაეცინა ამ სიტყვებზედ, შეხედა თავისთან მოლაპარაკეს და განცვიფრებულმა უთხრა:
- რას უბნობ?
- აი, მე შევატყობინებ შენს საქციელს იმათ მაღალკეთილშობილებას და ისინი ოცდაოთხ საათში დაგხვრეტენ, - უთხრა სალდათმა ისე მშვიდობიანად, თითქოს კარგს სადილს ჰპირდებოდა.
- აბა შემომხედე კარგად, განა მე შემიძლიან-ღა რაიმე?.. მთის ხალხი, ვისაც კიდევ ბრძოლის გული შერჩენია, განა ჩემისთანა მოხუცებს გზავნიან მაგგვარი საქმისათვის?
- ვიცით, ვიცით, რა შვილებიცა ხართ!
- დამეხსენ, ღთის მადლსა, უბრალოდ შარს ნუ მკიდებ! რაი გინდა ჩემგან?
- მე მათ მაღალკეთილშობილებას კი შევატყობინებ და მერმე თითონ იციან.
გლახა ჩაფიქრდა თავის ბედიღბალზედ. ვერ გაეგო, თუ რა უნდოდა ამ რუსს, ან რას ითხოვდა იმისაგან, ან რად ექცეოდა ასე მკაცრად, რისთვის უპირობდა დაბეზღებას ჯარის უფროსთან, როდესაც ისე დაბერებული და მიხრწნილი იყო, რომ იმისგან რომელიმე ვნების მოტანა შეუძლებელი იყო. იმას დაბეზღებას ჰპირდებოდნენ, ოცდაოთხ საათში დახვრეტას, მაშასადამე, უნდა გათავებულიყო ამოდენა სატანჯველი, დაბოლოებულიყო იმისი მოუსვენარი და გულის მღრღნელი დღეები. იქნება გლახა სიხარულითაც მოელოდა ამ დღეს, მაგრამ იმას უკვირდა, რომ ქრისტიანი ქრისტიანს ასეთს შარსა სდებს და ურწმუნოებზედ მეტად მოსწყურებია უღონო მოძმეს სისხლი. სალდათი უყურებდა იმას რამოდენიმე ხანი. ბოლოს მოავლო მან ხელი და გაიყვანა ცალკე.
- შენ ძალიან გინდა წასვლა?
- ჰაი, ჰაი, რო მინდა, თუ არა მდომოდა, მაშ აქ რად ჩამოვიდოდი?
- მაშ ერთი მანეთი მომე და წაგიყოლებ.
გლახას ისე გაუკვირდა სალდათის ამისთანა თხოვნა, რომ გაშტერებული შესცქეროდა. ბოლოს იფიქრა, რომ უეჭველად სმენამ უღალატა, გამოიფშვნიტა ყური და ჰკითხა:
- რაი მითხარ?
- მანეთი მომე და გაგიყოლებ, - გარკვევით უპასუხა იმან.
- მანეთი? - გაშტერებით წამოიძახა გლახამ და დაუმატა: - მანეთი ვინ მომცა, შე კაი კაცო?.. მანეთები მქონდეს, ხომ ასე არ მეცმოდა. აბა კარგად შემოჰხედე ჩემს ტარავალს.
- შენ იცი! მაშ დაგაბეზღებ აფიცერთან.
- არა მაქვს, ღთის მადლმა, და საით მოგიტანო!
კარგა ხანს ევაჭრა გლახას მშვიდობიანობის დამცველი, დიდხანს ეღიჯინა გლახაც, მაგრამ იმან ვერ მოალბო სალდათის გული. რუსს გარდაეწყვიტა, თუ ფული არ ექნებოდა მთხოვარას, მაშინ ტანისამოსიდგან მაინც რამე აეგლიჯა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთხოვარას ტანისამოსი ისე დაძველებული იყო, რომ არაფრად არ გამოადგებოდა.
- აი, ეს ჯაყო (მოსაკეცი დანა) მაქვს, თუ გინდა, ეს აიღე.
სალდათმა დაინახა, რომ სხვას ვეღარას გამორჩებოდა, გამოჰგლიჯა ხელიდამ ეს დანა და გაიფიქრა: ერთს არაყს მაინც დავლევ ამის ნაფასურით.
ამგვარად ისინი მორიგდნენ, თუმცა ასე მცირე საშოვრით გულდაკლებული იყო სალდათი; და გლახა შეუერთდა დანარჩენს მგზავრებს, რომელნიც მეორე დღეს დილით უნდა გამართულიყვნენ ვლადიკავკაზისკენ.
ამ ხანში მოაღწივა საღამომ და ნუნუს სახლობა შეიყარა სამყოფო სახლში, სადაც კერას შემოსხდომოდნენ და ვახშამს ელოდნენ. ნუნუ, როგორც უმცროსი, სენაში2 ცომსა ჰზელავდა ხმიადებისთვის, რომელიც იქვე ნაცარში უნდა გამოეცხოთ. ამ დროს გარედგან მოისმა ძახილი:
- ონისე, ჰა, ონისე!
- გახედე-ღა, ვინ ჰკივის, - უთხრა ონისემ პატარა ბალღსა, რომელიც იქვე კერას პირს იჯდა და ტიტველა ტალახში ამოსვრილი ფეხები მიეშვირა ცეცხლისთვის. ბალღი წამოხტა, გავიდა გარეთ და შესძახა:
- ვინაა, ვინა ჰკივის?
- ჩვენა ვართ, - უპასუხეს იმას ორმა ნაბდიანმა კაცმა, რომელნიც წამოდგნენ წინა და იკითხეს:
- ონისე შინაა?
- შინაა, - უპასუხა ბალღმა და შებრუნდა შინა. ნაბდიანები გარეთ დარჩნენ, რადგანაც მთის ჩვეულებით, სანამ მასპინძელი არ გამოვიდოდა და არ შეიპატიჟებდა, ისინი კარების ზღურბლს ვერ გადასცდებოდნენ, რათა მოულოდნელის თავწადგომით არ შეევიწროებინათ მასპინძლები.
- მოხვედით მშვიდობითა, მოხვედით მშვიდობითა, - უთხრა ონისემ და შეიპატიჟა მოსულები სახლში.
- მშვიდობა მოგცეს გივარგიმა! - უპასუხეს იმათ და შეჰყვნენ სამყოფოში (საჯალაბო სახლი).
მივიდნენ თუ არა კერასთან, სტუმრებმა დაიძახეს ერთხმად:
- აქა მშვიდობა!
- მშვიდობა მოგცათ უფალმა! - უპასუხა მახიამ, როგორც ოჯახობაში უფროსმა რძალმა და დიასახლისმა; მიგებებით გაუშვირა ორივე ხელი, რომელიც ზრდილობიანად ორისავე ხელით ჩამოართვა ჯერ ერთმა და მერმე მეორე სტუმარმა.
- ცხო, როგორ გიკითხოთ, თავად, საქონლით, ჯალაბობით? - ალერსიანად ეუბნებოდა მახია.
- დაგვირჩა შენი თავი! ვცოცხლობთ, ღთის მადლით, ჯერ კიდევ სული გვიდგია.
ონისემ გადიწვია სტუმრები გრძელ „შკამზედ“ დასასხდომად, და სტუმრებიც წყნარად გადავიდნენ, წყნარად აიხსნეს ნაბდები, რომელიც უმცროსებმა ჩამოართვეს და წყნარადვე დასხდნენ. ბოლოს ერთმა სტუმართაგანმა, რომელიც უფრო ყმაწვილი იყო, გადიწია ჩოხის კალთა, ამოიღო ჯიბიდგან ბოთლით არაყი და გადასცა ბალღს.
- აბა, რად გინდოდათ, ღთის მადლსა! - უთხრა ონისემ: - რაისთვის ირჯებოდით?
- რა გვიშავ, შენი ჭირიმე, მტერი ხომ არა ხარ?
- ბედშავო ჩემო თავო! მტერი რომ არა ვარ, განა მე კი ვერ გიშოვიდით არაყსა?
ამის შემდეგ ისინი დამშვიდნენ და გაჩუმებულები იყვნენ იმ დრომდინ, სანამ მახია გამოვიდოდა სენიდგან.
- დაბრძანდი, მახიაუ, ერთაი ორაი სიტყვაი გვაქვს სათქმელი, - დაიწყო ერთმა სტუმართაგანმა.
მახიამ მოიკეცა კერასთან, ონისე ჩამოჯდა „მარტოშკამზედ“.
- აბა, მოვსულვართ თქვენთან სახვეწრადა, - დაიწყო ისევ იმ სტუმარმა, რომელმაც პირველში დაიწყო ლაპარაკი: - მოვსულვართ და ჯერ ღთის სახელს ვახსენებთ და მერმე იმას გეტყვით, რაიც გულში გვიძევს.
- ღთის სიტყვას უბნობ, მამუკაო, ღთის მადლმა! - უთხრა ონისემ.
- თქვით, ჩემო ყველაუ, ყური თქვენკენ გვაქვს, - დაუმატა მახიამ და გადაიგდო თავზედ შალის წვერი, რომელიც ყურზედ ჰქონდა ჩამოხვეული და სმენას უშლიდა.
- ჩვენ მოვსულვართ შუაკაცებად, ამ ქალასა გთხოვს გირგოლაი თავის ძმისთვის, - დაიწყო ისევ მამუკამ.
- ოჯახობა კარგია, ბიჭია-და - კაი ბიჭი, ღთის მადლმა, არც რაით არ დაიწუნების, - დაუმატა მამუკას ამხანაგმა.
- გირგოლაია და ხემწიფის სამსახურში არის ჩაფრადა, ყველაფრით შემწეობა შეუძლიან.
- აბა ღმერთს ვერ შევცოდავ, ოჯახი კარგი აქვსთ, ხევში განთქმულია, მაგრამ გირგოლაის ძმა ნინიაი სულ ცხორში დადის, გირგოლას ჯალაბობა არავინა ჰყავს, და ეგ ქალი რას გააწყობს იმათ ოჯახში? - ფიქრის შემდეგ წარმოსთქვა ონისემ.
- რაი უშავს, შენაი ჭირაიმე, ბატარა ხომ აღარაა ნუნუ?
- ბატარა არაა, მაგრამ სახლის პატრონობას დიდი თავი უნდა. გირგოლას სახლი დიდი აქვს და სტუმარი ბევრი მისდის, ყველას დახვედრება უნდა.
- აბა ჩვენ კი მოვსულვართ, გეხვეწებით - გაწბილებულს ნუ გაგვგზავნით, და ახლა თქვენ იცით.
- რაისთვი გააგდო გირგოლამ თავისი ცოლი? მოიყვანოს და მაშინას ორ რძალს ოჯახობაში არც რაი არ გაუჭირდების.
- მოიყვანს, მოიყვანს, მა რასა იქმს?
- რაი ვქმნა, მეტად უღმთოა გირგოლაი, თავის ცოლსაც სულ აგინებდა, სცემდა, თმით ათრევდა და რაი უნდა ვქმნა, არ ვიცი! - კიდევ დაღონებით წარმოსთქვა ონისემ.
ამგვარმა ვაჭრობამ კარგა ხანს გასწია, თუმცა მახიას წინადვე ჰქონდა გარდაწყვეტილი, რომ ნუნუ ნინიასთვის მიეცა და, რასაც მახია გარდასწყვეტავდა ონისესთვინაც გადაუბრუნებელი კანონი იყო. მაშასადამე, გამარჯვებულნი უნდა შუაკაცები დარჩენილიყვნენ. ქალის პატრონები მხოლოდ ურვათის მოსამატებლად-ღა ლაპარაკობდნენ.
- ღონივრები არიან, შენაი ჭირაიმე, აჰკიდე მძიმედ, და ისინიც ასწევენ... ცხო რაი-ღა ლაპარაკი გინდათ ურვადზედ, - უთხრეს შუაკაცებმა.
- თხუთმეტი ძროხა ურვათი, ერთაი თუმანი მახიას - გასამზრდელო. ერთაი ცხენი სადედისძმაო, ხუთი მსუქანი ჭედილაი, თავის სატან-საპოხით3.
- ოჰო, ჰო, ჰო!.. - თავის გაქნევით და მწარედ წარმოსთქვა მამუკამ, - ბევრია, ბევრი.
- ჩვენ ნაკლებ ქალს არ გავიყვანთ სახლიდგან, არა! - წყენით წამოიძახა მახიამ და მერმე დაუმატა: - თქვენს ხათრს რაი ვუყო, თორემ სხვებიც ბევრი მყვანდა მთხოვარი... აგრემც დამირჩებით, რომ ურვადსაც მეტს გვაძლევდნენ; მაგრამ ჩვენც „გორს“ ვეძებთ.
ისინი ჩქარა მორიგდნენ, აიღეს ნიშნად ხუთი მანათი და გარდასწყვიტეს ნუნუს გადაცემა იმ ოჯახობაში, რომელშიაც შესვლას ქალი სიკვდილს რჩეულობდა.
ნუნუ, მთის ხალხის ჩვეულებისამებრ, სენიდგან არ გამოდიოდა, მაგრამ ზოგიერთი სიტყვებიდგან კი ესმოდა, რომ ლაპარაკი იმას და იმის გათხოვებას შეეხებოდა. ის ცდილობდა - ყური დაეგდო, გაერკვია, რითი გარდასწყდებოდა იმის მომავალი, რომ გაეგო მართლა გამოიმეტებენ ისე უღმერთოდ და ადვილად გასაყიდად, - მაგრამ, საუბედუროდ, სამყოფი სახლი კარგა დიდი იყო და სენა - დაშორებული მოლაპარაკეთაგან; ასე რომ ნუნუმდინ კარგად ვერ აღწევდა იმათი საუბარი.
იმას უდუღდა გული და უდუღდა იმისთვის, რომ თავის სახლეულები არც კი ჰკითხავდნენ იმას. მოსწონდა ნინია თუ არა.
ბოლოს, ნუნუ მღელვარებამ იქამდინ დაასუსტა, რომ ამ საგანზედ ფიქრიც კი ეზარებოდა. ის ფიქრობდა მარტო თავის სატრფო იაგოზედ, რომელიც ეხლა, უეჭველია, კალოში ელოდდა.
იმან დაუწყო ღმერთს თხოვნა, რომ, რითაც იქნებოდა, - დაჰპირდებოდნენ იმის თავს. თუ არა, - ჩქარა გარდაწყვეტილიყო და სტუმრები წასულიყვნენ, მოჰშორებოდნენ თავიდგან.
ამ უკანასკნელ წადილის ასრულებამ დაუგვიანა და ჩქარა გაშალეს ვახშამი და მოჰყვნენ ახალი დანიშნულების სადღეგრძელოს.
ამ ხანში იაგო მოუთმენლად ელოდა ნუნუს, რომლის დაგვიანებაც ისე აწუხებდა და აღშფოთებდა იმის გულს.
მთის ხალხი თითონ ბუნებისაგანვე, საზოგადოდ, შეჩვეულია მოთმინებით მოლოდინს, მაგრამ იაგოს ამ ჟამად სრულებით დაჰკარგოდა ეს ჩვეულებრივი მოლოდინი და გული ძგერისაგან ვეღარ შეებორკილა.
ის, ვინ იცის, მერამდენედ მიიპარებოდა ღობესთან, გასცქეროდა აღგზნებულის თვალებით ნუნუს სახლს, მაგრამ იქ არავინ მოჩანდა და იმედ-გარდაწყვეტილი ბრუნდებოდა ისევ მაღალ ბალახებში, რომელიც იმასა ჰფარავდა კაცის თვალისაგან.
იმას ათასმა აღგზნებულმა, ეჭვით სავსე ფიქრმა გაურბინა თავში და უხურებდა შუბლს. ამ მოუსვენარმა მღელვარებამ იაგო იქამდინ მიიყვანა, რომ ვეღარც დაჯდომა მოეხერხებინა და ვეღარც ზეზე დგომა.
ბოლოს, როდესაც აზრი დაეღალა მუშაობისაგან, სხვადასხვა სურათები შეუერთდა ერთად და გადაიქცა ერთმანეთში გადახლართულს, არეულს საგნად, რომელსაც ის ვეღარ არჩევდა. იმას ვეღარ მიექცია აზრი განსაკუთრებით ერთი საგნისათვის. იაგო იქამდინ მივიდა, რომ თავბრუ დაესხა, მუხლები უნებლივ ჩაეკეცა და ღონემიხდილი ჩაჯდა. ასე თავდავიწყებაში, თითქმის ბურანში, დარჩა ის რამოდენიმე ხანი. ბოლოს, თითქოს გამოღვიძებული, ღრმა, მაგრამ მოუსვენარი ძილისგან, რომელსაც არაქათი წაერთვა, ფერი მიეხადა იმისთვის, - წყნარად აიღო იმან დაღონებული თავი და მწუხარებით შეჰხედა ცას, რომელზედაც გადაჭედილი იყო მხიარული ვარსკვლავები, რომელთა სხივიც მთრთოლარედ კამკამებდნენ სივრცეში. ცისკარი კარგად გადახრილიყო, მაშასადამე, ღამე ცოტა-ღა რჩებოდა და ნუნუ კი მაინც არა ჩნდებოდა.
იაგო წამოდგა წყნარად, მივიდა კიდევ ღობესთან და კიდევ გაჰხედა ნუნუს სახლს, საიდგანაც ჯერ კიდევ შუქი გამობჟუტავდა.
იაგოს გაუკვირდა აქამდინ სახლის პატრონების ზეზედ ყოფნა, რადგანაც ამ დროს არც ბედნიერი დღე იყო და არც ავადმყოფი ჰყვანდათ ვინმე, რომ იმისთვის ეთიათ ღამე. მაშ რა მიზეზი უნდა ყოფილიყო ნუნუს სახლობის უძილობისა?
ის წყნარად ავიდა და გადავიდა ღობეზედ. წყნარად და სიბრთხილით გასწია ქალის სახლისკენ, სადაც უნდოდა შეეტყო ნუნუს დაგვიანების მიზეზი.
ის მიდიოდა სიბრთხილით, რადგანაც ეშინოდა გზაში მოულოდნელად არავინ შეჰფეთებოდა და ამით მიზეზი არ მიეცა მეჭორე ხალხისთვის, რომელთაც ისე უყვარს სხვების საქმეზედ ლაპარაკი და სჯა. იაგო, სანამ დაადგამდა დედამიწას ფეხს, წყნარად სინჯავდა მიწის მდგომარეობას და თუ ქვას იგრძნობდა სადმე, ისე მოჰხვევდა ბანდულებიან ფეხის გულებს, რომ ქვა უნებლიედ არ განძრეულიყო, არ გამოეღო ხმა და მით არ დაერღვია ღამის იდუმალი გაჩქურება (გაჩუმება).
იაგო მიახლოვდა სახლის კარებს, ნიავსავით წყნარად ავიდა დერეფანზედ და კარებთან კუნჭულში მიიკუნჭა. იმას უნდოდა შეეტყო - რაზედ ლაპარაკობენ სახლში, ან ვინ არიან იქა, მაგრამ სახლიდგან ლაპარაკი კარგად ვერ გამოდიოდა და სარკმელი კი მეტად მაღლა იყო, რომ შეცქერა შესძლებოდა; ამისთვის ის გამობრუნდა ამ ადგილიდგან, სახლს მოუარა უკანა მხარეს და ავიდა ბანზედ, იპოვნა ერთი ერდოთაგანი, რომლებიც ისე ხშირად არის მოხევეების ბანებზედ და დაიწყო იქიდგან ყურება. იმის თვალს წარმოუდგა გაშლილი სუფრა, სახლის პატრონი, იმისი ცოლი და ორი სტუმარი, რომელთაც ვახშამი გაეთავებინათ და საყველაწმინდოს-ღა სვამდნენ.
რასაკვირველია, ორივე სტუმარი იცნო იაგომ, რადგანაც ესენი იმის სოფლელები და მეზობლები იყვნენ.
მაგრამ რა უნდათ ნუნუს სახლში ამ დროს, - აი რის გაგება სურდა იაგოს.
- უფალმა კეთილი ჰქმნას ჩვენი საქმე, კეთილი! - შემოესმა იაგოს სტუმრების ხმა და პირველი სიტყვებიდგანვე გაიგო საცოდავმა მიჯნურმა, რომ ლაპარაკი ნუნუს გათხოვებას შეეხებოდა.
- მაშ ნუნუ დანიშნეს?! - უნებურად და მწუხარებით წამოიძახა იმან, და გული ხელახლად აუდუღდა.
- ურვათისა კი არ დაივიწყოთ, - დაიწყო ონისემ.
- აბა ურვათს რაი-ღა დაგვავიწყებს, - მისცეს პასუხი.
- არ დაივიწყებთ და თქვენ პატივისცემასაც გადაგიხდით, ღთის მადლმა! - ჩაურთო მახიამ.
- დიდი მადლობელი, მადლობელი, მახიას დარჩენამ. ჩვენთვის მაგაზედ უკეთესი პატივისცემა რაი-ღა იქმნების, რომ ჩვენ გაწბილებულები არ გაგვგზავნეთ, - მიფერებით ეუბნებოდნენ სტუმრები, რომელთაც ქეიფის გამო ენის დაბმა დასტყობოდათ.
- აბა, თქვენც კარგად იცნობთ იაგოსა, - დაიწყო ისევ მახიამა: - გულადობით გინდათ, თუ მუშაობით, ხევში განთქმული ვაჟია და ისიც კი გვთხოვდა ნუნუსა და თქვენის ხათრით იმასაც უარი ვუთხარით.
- რაია იაგო? - წყენით უპასუხა ერთმა სტუმარმა: - მებატონის ყმაა, ცხო რაი?.. არცა მიწა იმისთვი, არცა სახლი და არცა კარი!.. იმას კაცობა რომ ჰქონდეს, თავის მამის სახლს არ აიღებდა.
- ჰაი, ჰაი, რომ არ აიღებდა! არ აიღებდა, უფლის მადლმა! წამოიძახა ონისემ და მერმე დაუმატა: - ან ურვათს საით აუვიდოდა?
იაგოს ეს სიტყვები ლახვარად ხვდებოდა გულში და აგონებდა თავის წარსულს. იმას თვალ-წინ წარმოუდგა თავისი დედა, როდესღაც თავისუფალი, ღალატით და ძალით გაყიდული ერთს მებატონეზედ; მოაგონდა თავისი მამა, რომელმაც სული დალია მამულისთვის ბრძოლაში; მოაგონდა ბოლოს დაქვრივებული უპატრონო თავისი დედა, რომელიც უსამართლობით და ძალით ყმად იქმნა დაწერილი, და ჩაჰკიდა თავი. ის წაიღო ღრმა ფიქრებმა, რადგანაც ის, თავის მეზობლების სწორი, როდესღაც განთქმული თავისუფალი გვარის, დღეს შექმნილიყო ყმად და სხვების უსამართლობას, სხვების ძალის მოტანას დღეს იმას უსაყვედურებენ, თითქოს ყველა ამაში ის ყოფილიყვეს დამნაშავე... ის მეზობლები, რომლებიც შემთხვევით გადარჩენილიყვნენ იაგოსთანა დღეს და მარტო შემთხვევით შეეძლოთ თავის თავისთვის დაეძახნათ სახელმწიფო თავისუფალი გლეხები, ისე მკაცრად ჰკიცხავდნენ იაგოს ქცევას.
საკვირველი და საწყენი იყო ონისეს და იმის სტუმრების სიამაყე, როდესაც იმათი მდგომარეობა სანატრელი არ იყო და თითონ სიტყვაც „თავისუფალი გლეხი“ თავის მნიშვნელობას ჰკარგავდა.
მაშ რაღად აკლებდნენ იაგოს იმ ბედნიერებას, რომელზედაც ყველა ცის-ქვეშე ქმნილებას ნება ჰქონდა?
იმისთვის, რომ ის ყმად დაიბადა და შეიქმნა?
განა იაგო იყო ამაში დამნაშავე?
ყველას ამას, თუმცა გაურკვევლად, მაგრამ ბუნდად მაინც, ჰგრძნობდა იაგო და ეს გრძნობა იყო ისე სატანჯველი, სამწუხარო იმისთვის, რომ გონება ერეოდა და ბრაზზედ მოჰყვანდა.
იმან ვეღარ გასძლო იმათი ყურება და წამოდგა, მაგრამ წამოდგომასთან ერთად ამას წარმოუთქმელად მოუნდა ნუნუს ნახვა, ერთი თვალის მოკვრა მაინც, რათა ენახა, შეეტყო, შეემჩნივა იმის სახეზედ - ისიც თანაუგრძნობდა იმ ხალხის გარდაწყვეტილებას და აზრს, თუ არა!
ალბათ ისიც თანაუგრძნობს, - გაიფიქრა იაგომ თავისთვის და გასცდა სენის ერდოს, მაგრამ ბანის პირს ვეღარ მიაღწივა და საჩქაროდ გამობრუნდა იმ ერდოსთან, საიდგანაც იმედი ჰქონდა თავის სატრფო დაენახა.
სენაში ჩაიხედა თუ არა, იმას დაუწყო გულმა ძგერა და დაინახა დაღონებული, მოწყენილი და თვალებ-ცრემლმორეული ნუნუ, რომელსაც სახეზედ ეტყობოდა ის მწუხარება, რომელიც გამოევლო ამ ცოტა ხანში.
იაგო კარგა ხანს უყურებდა იმას, თანაუგრძნობდა იმის მდგომრეობას, მაგრამ იტანჯებოდა, რომ ნუგეში ვერაფრით მიეცა და სიშორის გამო ხმის გაცემაც ვერ გაებედნა; თუმცა იქნება ახლოც რომ ყოფილიყო, იმ მღელვარებაში ძნელად მოახერხებდა სიტყვის გაცემას.
ბოლოს, იაგომ აიღო კენჭი, დაუმიზნა და წყნარად გაუშვა. კენჭი წავიდა ტრიალით და ქალს პირდაპირ კალთაში ჩაუვარდა. ნუნუ შეჰკრთა, წამოხტა და შემოიხედა მაღლა. იმან დაინახა იაგო, რომელიც გაშმაგებულის თვალებით უყურებდა, და გაიღიმა.
რამდენიმე წუთის ცქერამ დაუმტკიცა იმათ, რომ ისინი ერთმანეთისათვის გაჩენილან და იმათი სიცოცხლე უერთიერთმანეთოდ შეუძლებელი შექმნილიყო!
იაგომ ვეღარ გასძლო და მთრთოლარე, მაგრამ გაბრთხილებულის, ჩუმის ხმით ჩასძახა:
- საჩალეში გამოხვალ?
- აკი გითხარ, - მისცა ნუნუმ პასუხი, ისეთისავე ჩუმის ხმით.
- ჩამოვდნი შენის ლოდინითა.
- აბა რაი ვქნა? ფეხი აღარ წაიტეხეს სტუმრებმა და ჯერ არც ვინ დაწოლილა.
- მაშ მოგიცადო? - ჰკითხა იაგომ, რომელიც მაინც ვერ მოჰშორდებოდა ამ ადგილებს, თუ გინდ ნუნუს უარიც ეთქვა გამოსვლაზე.
- შენ იცი! - მოკლედ უპასუხა ნუნუმ მხრების აწევით და ისეთის ხმით, თითქოს უნდოდა ესაყვედურა ამგვარის კითხვისთვის.
ამ დროს შემოვიდა მახია, რომელსაც სტუმრები გაეცილებინა და დასაწოლად მოდიოდა. იაგო და ნუნუ გაჩუმდნენ.
- რას უზიხარ, ქალაუ! რად არ დაწვები? - ჰკითხა მახიამ.
- ჯერ შენ არ დაწოლილხარ და მე საით დავწვებოდი? - წყნარად უპასუხა ნუნუმ.
- გაშალე საბან-გობანი და დავწვეთ.
ნუნუმ სიხარულით აასრულა მახიას სურვილი, საჩქაროდ გაუშალა ყველას საგებელი და დააწვინა.
მერმე შეჰხვია კერაში ცეცხლი, დააქრო ჩირაღები და თითონაც მიწვა, ისე - გაუხდელი.
ღამე ცოტა-ღა რჩებოდა და, რასაკვირველია, უძილო ხალხს ჩქარა უნდა დასძინებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ ნუნუს გაკვირვება, როდესაც ერთბაშად მოისმა მახიას ხმა:
- ნუნუ, წაგეძინა?
ნუნუმ თუმცა გაიგონა ეს კითხვა, მაგრამ ხმა გაკმინდა და ფშვინვას მოუმატა, როგორც ხშირს ძილში მყოფმა ადამიანმა.
- ნუნუ, არ გესმის?
ქალმა კიდევ ხმა არ გასცა.
- რა ძილქუში დაგაწვა, რაი მოგივიდა?.. ნუნუ!
- რაი გინდა? - გაჯავრებით უპასუხა ნუნუმ.
- გობანაი (ლეიბი, ძირს საგები) ჩემკენ მოიწიე, მინდა რაიმე გითხრა.
- მახიაისი, მეძინების, რაი-ღა ლაპარაკისაა, საცაა გათენდების, - უპასუხა ნუნუმ და გადაბრუნდა ხვრინვით მეორე მხარეზედ.
- მოიწიე მეთქი, სათქმელი მაქვს რაიმე.
ნუნუმ გადასწყვიტა, რომ რამდენსაც უნდა ჰლაპარაკებოდა მახია, მაინც ხმა არ გაეცა და ამგვარად თავიდან მოეშორებინა უდროოდ, უბედოდ ავარდნილი დედაკაცი, რომელიც, უეჭველია, სასიამოვნოს არას ეტყოდა.
- ნუნუ!.. ქალაუ!.. აი, ნუღარ გაგაღვიძოს წმინდამ გივარგიმა, კაი ადამიანი შენა ხარ!.. არ გესმის? - იძახდა მახია, მაგრამ ჯავრობა და ლაპარაკი აღარ შველოდა, რადგანაც ნუნუ პასუხს არ აძლევდა.
მახია რამდენჯერმე წამოიწივა ასადგომად, მაგრამ დაჰზარდა, კიდევ რამდენჯერმე ეცადა ძახილით ნუნუს გაღვიძებას, მაგრამ ძილმა ჩქარა თავი მოსჭრა და თვალები დახუჭა.
ნუნუ კიდევ რამდენიმე ხანი ხმა-გაკმენდილი ელოდდა და ყურს უგდებდა მახიას. ბოლოს, გულის ძგერით წყნარად წამოდგა, მოვიდა კარებთან და გააღო. რაწამს გარეთ გამოვიდა, იმას დაჰხვდა იაგო, რომელიც მოუთმენლად იქ ელოდა.
ნუნუს დანახვასთან ერთად იმან გაშალა მთრთოლარე ხელები და ჩაიკრა გულში მოხევის ქალი, ნუნუ, რომელიც ემზადებოდა სალაპარაკოდ, რომელსაც ეგონა, რომ ლაპარაკისათვის მთელი საუკუნოები არ ეყოფა, ეხლა იდგა ჩუმად, თავდახრილი, გაწითლებული და სიტყვა ვეღარ მოეხერხებინა. იაგო დასცქეროდა თავის სანატრელს, ჰხედავდა, რომ იმათ ერთმანეთი უყვარსთ, ჰხედავდა, რომ ნუნუ ყველაფერს კისრულობდა იმისთვის, და ისიც ეძლეოდა წარმოუთქმელ სიხარულს.
ისე ტკბილი, ტკბილი იყო იაგოსათვის ეს წამები, რომ მღელვარება ვერ შეეყენებინა და თითონ გაბრთხილებაც კი გადაჰვიწყებოდა.
იაგომ თავი წყნარად მოიხარა და მიუახლოვდა ნუნუს პირს, რომლის მხურვალებასაც ის აშკარად ჰგრძნობდა თავის სახეზედ; ეს ათრობდა, ჰბანგავდა, ჰხიბლავდა იმას... კიდევ ოდნავ თავის მოხრა - და ნუნუს თმები, რომელიც ქარს გაეშალა და არხევდა, მოხვდა იმის სახეს და მთლად ჟრიალმა აიტანა.
იმან ვეღარ გასძლო და გიჟსავით დაეკონა გამშრალის ტუჩებით ნუნუს სახეს, გაშმაგებით და თავდავიწყებით დაუწყო კოცნა.
ბოლოს მოჰხვია ძლიერი მკლავები, აიყვანა როგორც პატარა ბავშვი, და, რამდენიმე გადახტომის შემდეგ, გადაიყვანა საჩალეში.
ის ჰკოცნიდა და ჩასჩურჩულებდა: „მარტო შენ ხარ მთელი ჩემი სიხარული!.. სცადონ - შენი თავი წამართვან, თუნდა მთელი ქვეყანა ამიტყდეს, და ვნახოთ, ვნახოთ, როგორ მოახერხებენ!“
როდესაც ცოტა დამშვიდნენ და იმათმა აღელვებულმა აზრებმა წესიერი მდინარეობა მიიღო, როდესაც შეიძლეს უფრო დამშვიდებულად დაკვირვება თავიანთ მდგომარეობაზედ, აშკარად დაინახეს თავიანთი უპატრონობა და სამწუხარო მდგომარეობა.
იაგო მარჯვე, ყოჩაღი, გულადი და მოსაზრებული ბიჭი იყო, მაგრამ ის იყო უმამულო, ყმა, საკუთრება მებატონისა, რომელსაც შეეძლო - დღესვე გაეყიდა, გადაეგდო, ეჩუქებინა ვისთვისმე და, მაშასადამე, იმ დამოკიდებულებაში, რომელსაც თავის ბედნიერებისათვის სხვის ნებადართვა უნდა ეთხოვა; და თუ ეს სხვა, რომელისამე ანგარიშის გამო, არ მოიწადინებდა იმის იმგვარ ბედნიერებას, იაგო სამუდამოდ უნდა გამოსთხოვებოდა თავის სატრფოზედ ფიქრს.
- რა-ღა ვქმნათ, რაი-ღა მოვახერხოთ? - ჰკითხა დაღონებულმა იაგომ: - შენ ცხოზედ დაგნიშნეს, სამუდამოდ სისხლი ჩამოგვიგდეს!
- რაი ვუყოთ, რომ დამნიშნეს?.. მე არცვიზედ არ გავთხოვდები, შენს გარდა მე ცხო არვინ მინდა.
- ბარემ მეც არავის დაგანებებ, მაგრამ რაისთვი მოიქცა შენი ბიძა აგრე? არ ეყოფა იმ უღმერთოს მამიშენის წილობა, შენც რომ არ გაგყიდოს?
ამ სიტყვებზედ ნუნუს ცრემლები გადმოედინა, მოაგონდა თავისი მამა, რომელმაც ასეთს დროს თავი დაანება და თავის ძმას ნება მისცა ასე უწყალოდ გასრისოს ყმაწვილი ქალის გრძნობა და სიყვარული.
- მამა განგებ გაგზავნეს, რომ მე, რაც უნდათ, ის მიყონ, უღმერთონი არიან, უღმერთონი!
- ნუ სტირი, ჩემო ყველავ! გეფიცები წმინდა გივარგის მადლს, რომ მე შენს თავს არვის არ დავანებებ.
- ბარემდინ, მაგრამ შენც რაი უნდა ჰქმნა, ბედშავო! აგერ ყველა იმას იძახის, რომ შენი თავი შენ ხელთ არა გაქვს!..
- ყმა ვარ, რაი-ღა? სიმწარით წამოიძახა იაგომ და ჩაფიქრდა, მერმე დაუმატა უფრო წყნარად, მაგრამ გარდაწყვეტით:
- რაი ვუყოთ, რომ ყმა ვარ?.. ღთის მადლმა, თუ გამიჭირდა ყმობა მე ვერ დამაყენებს. ძალა იხმარეს ჩვენზედა, ძალად გამხადეს ყმა, ძალად წამართვეს ყოველი საცხოვრებელი და შენ თავსაც შემეცილნენ, მეც ძალას ვიხმარებ და მაშინის, ვისი დედა ატირდების, იმასაცა ვნახავთ ოღონდ შენ გიყვარდე, შენ ნუ გამცვლი ცხოზედა და ქვეყანა დიდია, მტერს მოკეთედ გადავიქცევ და იქაც გაცხოვრებ.
- ავაი-მე დაღუპილსა! საით შემიძლიან შენი ღალატი? მე შენთვის მომიცია ჩემი გული და სიკვდილი-ღა გამყრის შენთანა.
- ჩემო ყველავ! - წამოიძახა იაგომ მკლავებ მოხვევით და კოცნით: - ოღონდ შენ კი გიყვარდე და ღთის მადლმა პირდაპირ ჩეჩენში გაგიყვან.
ამ დროს სოფლიდამ ხმაურობა მოისმა, მეშეშეები ამდგარიყვნენ და ლარსისკენ გამგზავრებას აპირობდნენ. ნუნუს და იაგოს მოაგონდათ, რომ იმათ გაყრის დრო იყო, თუ შეუმჩნეველი და გაუჭორებელი დარჩენა უნდოდათ.
- გათენებულა! - წამოიძახა ნუნუმ.
- წადი, წადი შინა, არავინა „ნახას“. ბევრი მოგვიცდია, ბატარაიც მოვიცადოთ, მოვიფიქროთ, მეც მოკეთეები, ამხანაგები მყვანან, გავიგებ, რჩევას ვკითხავ და, თუ აქ არა მოხერხდა-რა, შამილთან გავიდეთ ჩეჩენში. შენ თუ არ გეშინიან ქისტებისა?
- შენთან რაისი უნდა მეშინოდეს?
- ჩემო ყველავ! - პასუხად კიდევ ეს, ხევში საყვარელი სიტყვები გაიმეორა იაგომ და მერმე დაუმატა: - ხვალ გამოხვალ აქა?
- გამოდი, გამოდი, ჩემო ყველავ! უშენოდ გული მიღონდების, - უთხრა იმან; აკოცა, ერთხელ კიდევ მიიკრა გულზედ და მოშორდა, მარდად გადახტა ღობეზედ და ჩქარა მიეფარა კედლებს.
ნუნუმ წყნარა ამოიოხრა, გაჰხედა იმ მხარეს, საითაც იაგო მიეფარა კედლებს, და წარმოსთქვა:
- წმინდა გივარგი იყოს თავდები, ნუნუ ან შენი ცოლი იქმნების, ან წყალში დაიხრჩობს თავსა.
ამ სიტყვებს შემდეგ ის გადავიდა ღობეზე და წყნარად გაემართა თავის სახლისკენ, სადაც შეუმჩნეველი შევიდა და შეუმჩნეველივე ჩაწვა თავის საგებელში.
იაგო გასცდა თუ არა რამდენსამე სახლს, ერთბაშად თავის მხარზედ იგრძნო ვიღაცის ხელი, რომელმაც შეაკრთო და შეაყენა.
- ბიჭავ! კარგა ხანს არ გძინავს! - უთხრა უცნობმა.
იაგო გაკვირვებული უკან წარსდგა და გაკვირვებითვე წამოიძახა:
- დიამბეგი!
დიაღ, იმას თვალ-წინ წარმოუდგა დიამბეგი, რომელსაც თან ახლდა რამდენიმე შეიარაღებული ყაზახი. ეს ბატონი ახლად გადმოსულიყო და პირველადვე დაენიშნათ ხევში... ამგვარის მოწყალებისთვის, რასაკვირველია, ბ-ნმა დიამბეგმა საჭიროდ დაინახა, რომ ამ გაუნათლებელ ხალხში, უეჭველად, ყოველი აზრი, თითონ პატივისცემა და სიყვარული, მათრახით დაედგინა და ამისთვის ყოველ დანაშაულისთვის, თუნდა მცირედიცა ყოფილიყო ის, მათრახით ახდევინებდა. ამის გარეთ, რადგანაც თითონ ხალხს სრულებით არ იცნობდა და არ იცოდა იმათი ენა, იმას ნება-უნებლიედ უნდა გაეჩინა ენის მომტანები, მთხრობლები, დამბეზღებლები, ჯაშუშები და სხვა ამგვარი პირები, რომელნიც წყნარ-წყნარად შეიქმნენ იმის მაგიერ ამ ადგილების მმართველნი, და დიამბეგი კი - ბრმა აღმასრულებელი ამ პირების სურვილისა. იმასთან მხლებელნი ვინც კი იყვნენ, შედგენილი იყო ყველა ან მთის ოსებისაგან, რომლებიც ძმას გროშზე გაყიდიან და დედას მშობლად არ უყურებენ, ან კიდევ იმ მოხევეებისაგან, რომელთაც დაეკარგათ უწინდელი სვინიდისი და პატიოსნება, გარყვნილიყვნენ ახალი წყობილობისაგან და დაევიწყნათ ხალხთან ის დამოკიდებულება, რომელიც უწინდელ დროში ისე წმინდად ინახებოდა; და მაშასადამე, შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ, რა-რიგი სამართლიანი იქნებოდა იმათგან მოტანილი სიტყვები! რასაკვირველია, ისინი ყოველ დროს და ყველგან ხელმძღვანელობდნენ მარტო თავისი პირადი სარგებლობით და ბ-ნ დიამბეგს კი აღასრულებინებდნენ თავიანთ პირად სურვილს. როგორც დიამბეგი იყო დამოკიდებული ამ გარსშემოხვეული უსვინდისო ხალხისაგან, ისე თავის მხრით - ნაჩალნიკი დიამბეგისაგან და ამისთვის უღმერთოებასა და უსამართლობას საზღვარი აღარა ჰქონდა.
აი, ერთს იმგვარ დიამბეგს შეხვდა იაგო ამ უდროოდროს და შეხვდა სწორედ იმ დროს, როდესაც მხლებლებს მოეხსენებინათ დიამბეგისათვის გალაშქრება ერთ გლეხკაცის სახლზედ, სადაც ვითომც უნდა ნაქურდალი საქონელი ეპოვნათ; მაგრამ რადგან ეს დაბეზღება ერთი იმ პირადი სურვილის მისაღწევი იყო დამბეზღებლისაგან, როგორც ზევით იყო აღწერილი, და მეორეს მხრით კი ამავ დამბეზღებლის მეგობრებს დუქნის კარში უნდა გაექურდათ მეაქლემეები, ამისთვის დიამბეგის სოფელში გატყუებით, რომელიც, უეჭველია, ყაზახებს თან წაიყოლებდა, ქურდებს თავისუფალი დრო დარჩებოდათ და თავისუფლად გასცარცვავდნენ დაუფარველ მეაქლემეებს.
დიამბეგმა, როგორცყოველთვისინ ხდებოდა, ვერაფერი იპოვა გაჩხრეკილ გლეხკაცის სახლში და ამისთვის მოდიოდა ცუდს გუნებაზედ, რომელსაც კიდევ დაემატა დუქნის კარში მეაქლემეების გაქურდვის ამბავი. ის ჯავრობდა, ანჩხლობდა და ვერ გაეგო, რაშია თავისი შეცდომილება და რად ვერ ახერხებდა ქურდობის და ავაზაკობის თუ არ მოსპობას, ამხანაგობას მაინც. ამისთვის ის ხმარობდა მათრახს და უსამართლობას, თუმცა ეს არც ქურდების, არც ავკაცების რიცხვს არ ამცირებდა.
ამ გაბრაზებაში იყო ის, როდესაც შეჰხვდა იაგოს და გაუხარდა, რომ ჯავრის ამოყრა შეიძლო ვიზედმე.
- რას აკეთებდი აქა ამ დროს? - მკაცრად ჰკითხა დიამბეგმა. პირველში იაგო ისე გააკვირვა ამ შემთხვევამ, რომ სიტყვა ვეღარ მოახერხა, მაგრამ, როცა გონს მოვიდა, დამშვიდებით უთხრა:
- მოკეთეებისას ვიყავ და ეხლა შინ მივდივარ.
- მე ვიცი, რა მოკეთეებთანაც იქნებოდი! - უთხრა იმან დამუქრებით და მერმე მიუბრუნდა ყაზახებს: - დაიჭირეთ, შეუკარით ხელები!
ყაზახები, რომელთა შორის ნუნუს საქმროც იყო, მისცვივდნენ იაგოს, რომელიც უკან გადახტა და გაიძრო ხანჯალი.
- ჩვენებურნო, თქვენ იქით მიდექით, დე თითონ ეგ მოვიდეს! - შესძახა და უჩვენა დიამბეგზედ.
დიამბეგი, რომელსაც არამცირედი შეეშინდა ამ სიტყვებისა, უკან მიდგა და შესძახა ყაზახებს:
- რას უდგეხართ? დაიჭირეთ, შეჰკარით!
იასაულებმა ვერ შეჰბედეს იაგოს, რომელიც ანთებულის და გაცეცხლებულის თვალებით პირდაპირ დიამბეგს უყურებდა, იაგომ ამის გამო ვერ შეამჩნივა გირგოლას მოძრაობა, რომელიც ჩუმად უკანიდგან უვლიდა.
მტანჯველის მდგომარეობაში გაატარეს რამდენიმე წუთი. ერთბაშად იაგომ იგრძნო უკანიდგან მოხვეული გირგოლას ხელები, რომელთაც მაგრა ჩაებოჭათ ისა.
იაგომ შეიბრძოლა და თუმცა ვერ გააშვებინა, მაგრამ თითონაც ხელის გავლება მოასწრო.
გირგოლა იყო მაღალი, მხარ-ბეჭ გადგმული და ღონიერი. ამისთვის პირველ დაქნევაზე ის ყოჩაღად გაუმაგრდა იაგოს, რომელიც ცდილობდა მხოლოდ თავის განთავისუფლებას იმის ხელიდგან.
- გირგოლაუ! რაი მმართებს შენი? გამიშვი, მომშორდი, თორემ, ღთის მადლმა, სისხლი მოვიდა ყელში! - გაანჩხლებით და კბილების ხრჭიალით უთხრა იაგომ.
გირგოლამ პასუხის მაგივრად ის ძალზედ დაიქნივა, მაგრამ იაგოს ადგილიც ვერ აცვლევინა.
- დაჰკარით, დაჰკარით! - უბრძანა დიამბეგმა.
- რაისთვის მრევ მეზობლების სისხლში? შენ თითონ მოხვიდე, თუ გულს გერჩის?
ამ სიტყვების გათავება ძლივს მოასწრო იმან, როდესაც უკანიდგან ხმლის ყუა მოხვდა თავში და თვალთ დაუბნელდა.
- ეი, თქვე უღმერთონო, დაუნდობნო! - ძლივს მოასწრო იმან და მოუქნია გირგოლას ხანჯალი, მაგრამ ხმალი მეორედ მოჰხვდა და დარეტიანებული დაეცა მუხლებზედ.
ამ დროს დიამბეგისგან წაქეზებული ოსის ყაზახები მისცვივდნენ და მაგრად შეჰკრეს.
იაგო ჩქარა მოვიდა გონს, წამოხტა ფეხზედ, გაიბრძოლა რამდენჯერმე, მაგრამ თოკებმა, რომელიც ჩასჭირებოდა ხელებში, სისხლი შეუყენეს ძარღვებში და მკლავები იქამდინ დაუდუნეს, რომ მოძრაობაშიაც კი ვეღარ მოჰყვანდა.
- გირგოლავ! რაისთვი მომექეც ეგრე! რაი ჯავრი მოგაგონდებოდა? აჰუ, დიაცი ყოფილხარ!
- გაჩუმდი! - გააწყვეტინა დიამბეგმა და რამდენჯერმე გადაჰკრა მათრახი.
იაგომ კბილები გააღრჭიალა ჯავრისაგან და თავდავიწყებით მივარდა იმას. მაგრამ ხელებშეკრული რას დააკლებდა, და მეტის მწუხარებით რამდენიმე მსხვილი, ცხარე ცრემლი-ღა გადმოსცვივდა.
- უღმერთო, უსამართლო! უთხარ - ამჩეხონ მაინც, თუ არა და რას მემართლები?
- მაგას ხვალ შეიტყობ! - უპასუხა დიამბეგმა მკაცრად.
იაგო წაიყვანეს ისე შეკრული, რათა შეეგდოთ იმ ოთახში, რომელსაც სატუსაღოს ეძახდნენ და რომელიც ზაფხულობით იყო საბუდარი ყოველგვარი ქვემძრომებისა და ჭიაღუებისა, ზამთარში კი - საყინულე, რადგანაც ცეცხლს იქ არ ანთებდნენ და დამსხვრეულს ფანჯრებიდგან ქარი თავისუფლად შემოქშუტუნებდა.
იაგო თუმცა ყმა იყო და, მაშასადამე, დაჩვეული ყოველგვარს ჯაფას და მოთმინებას, მაგრამ მთის წმინდა ჰაერსაც და იქაურ ჩვეულებასაც იყო შეჩვეული. ის თავს იკლავდა და გულს იხეთქავდა ამ შემთხვევით. იმას მაგალითად ჰქონდა თავის მამა-პაპათ ცხოვრება, იმათი სირცხვილი ჯერ კიდევ სირცხვილად მიაჩნდა და სახელი - სახელად. ის ჯერ კიდევ არ გარყვნილიყო ამ ახალ ნიადაგზედ, რომელზედაც ის დაეყენებინა ახალ ცხოვრებას და წყობილებას; ამისათვის იმისი შეგდება სატუსაღოში, მეზობლისაგან ღალატი, რომელიც, ჩვეულებისამებრ, პირდაპირ არა მტრობდა, უსამართლო მტრისაგან მათრახით ცემა გულს უთუთქავდნენ და აგონებდნენ წარსულს ნეტარებას, როდესაც მტრობა თუ მოყვრობა აშკარა და პირდაპირი იყო...
ის იტანჯებოდა იმ სატუსაღოში, სადაც შეეგდოთ და, თუმცა გათენებამდინ მხოლოდ რამდენიმე საათი რჩებოდა, იმას ყოველი წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა.
იაგოს მებატონე ერთი იმ დაცემულ სახლთაგანი იყო, რომელთაც ყველა ნაჩალნიკის წინ ზურგის ხრა უნდება, მაშასადამე, იმას ამ მხრიდგან არავითარი შემწეობის იმედი არა ჰქონდა.
- რაისთვი დამიჭირეს, რას მემართლებოდნენ? - ათასჯერ ჰკითხავდა იაგო თავის თავს, მაგრამ ყოველთვისინ ერთსა და იმავე გარდაწყვეტილებაზედ მიდიოდა: უღვთონი არიან, უსამართლონი!
ის კიდევ ამ სიტყვებს იმეორებდა, როდესაც მზე ამოვიდა და კარგა ადგილი მოიარა.
ბატონმა დიამბეგმაც ინება გაღვიძება და თვალების გახილებასთან ერთად მოიწოდა თავისი ერთგული იასაული გირგოლა, რომელიც კარებთანვე ელოდდა.
- გირგოლა! - მოისმა დიამბეგის ძახილი.
- ბატონო! - იყო პასუხი და შეაღო გირგოლამ კარები.
- წაღები გაწმინდე?
- დიაღ, შენი ჭირიმე.
- მომართვი.
გირგოლამ მიართო წაღები. ჩააცვა ტანთ და პირ-საბანად იარაღი მოუმზადა.
დიამბეგმა მსუქან ხელებზედ წყნარად გადაიკეცა პერანგის სახელოები და დაიწყო პირის ბანა.
ეს წუთები გირგოლამ, - რომელიც დიამბეგს იქაც კი ეხმარებოდა, სადაც დახმარება სრულებით საჭირო არ იყო, - საუკეთესოდ დაინახა, რათა ლაპარაკი დაეწყო.
- წუხელი ძალიან კი მოვასწარით, შენი ჭირიმე, იმ ბიჭს.
- ხომ არ გატეხილა?
- აბა, უთქვენოდ იმასთან ლაპარაკს ვინ გაჰბედავდა?
- სწორედ ეგ გაჰქურდავდა მეაქლემეებს, სხვა არავინ! შენ როგორა გგონია?
- მაგის მეტი ვინ იქნებოდა, შენი ჭირიმე, - დაუკრა კვერი გირგოლამ და ცოტა სიჩუმის შემდეგ გაქნილი კაცის ღიმილით გააგრძელა:
- ღმერთმა მოგცეთ - იღბალი გქონიათ, შენი ჭირიმე!
დიამბეგს იამა ეს სიტყვები და გაიღიმა.
- მაინც ძალიან სცნობთ ავ კაცსა, - დაუმატა გირგოლამ: - აი ეხლა მთელ ხევში ისე მოგახსენებენ, შენი რისხვა არა მაქვს, რომ თქვენ არა გამოგეპარებათ-რა.
დიამბეგი უფრო აღიტაცა ამპარტავნებამ.
- შენ მე ყოჩაღი მყევხარ, გირგოლა, ყოჩაღი! წუხანდელი ქცევისათვის მე შენ უთუოდ ჯვარზე წაგადგენ.
- შენი წყალობა ნუ მომაკლოს ღმერთმა.
- იაგოს ბატონი ხომ არ მოსულა? - იკითხა დიამბეგმა.
- როგორ არა, შენი ჭირიმე, კარებზედ გახლავსთ.
ამის შემდეგ ლაპარაკი გადავიდა იმ საგანზედ, თუ რას უზამდა იაგო მოპარულს ფარჩას. გირგოლამ დაარწმუნა დიამბეგი, რომ ფარჩას არამც თუ თავის ბატონთან მიიტანდა, რომელსაც თითქმის კუჭი უხმება შიმშილით, არამედ - რომ თითონ ბატონიც, უეჭველად ერეოდა ამ საქმეში.
ეს ერთგული ყმა, რომელსაცა ჰსურდა იაგოს დაღუპვა, და სვინიდისიანი ბატონი, რომელიც ისე ბრმად ემონებოდა თავის იასაულის, მოსამსახურის სიტყვებს, ამ საუბარში იყვნენ, როდესაც გარეთ მომჩივანნი, - ვინ იცის საიდგან, სად და რა უბრალო საქმეზედ მორეკილნი, - მოთმინებით ელოდნენ იმის გამობრძანებას.
თითონ იაგოს ბატონიც კი, რამდენჯერმე თითის წვერებზედ, რათა არ შეეწუხებინა ბატონი დიამბეგი, მიდიოდა იმის საწოლის კარებთან და წყნარად ჰკითხავდა იქ მდგომს იასაულებს:
- ბატონმა (დიამბეგმა) გაიღვიძა თუ არა?
- გაიღვიძა, მაგრამ ჯერ არ გამობრძანებულა, - მიიღებდა პასუხად და წყნარად სულგანაბული ისევ თითის წვერებზედ გამობრუნდებოდა. დანარჩენთ მომჩივანთ კი აი, რა ლაპარაკი ჰქონდათ ერთმანეთში:
- გაგიაუ! რამ მოგიყვანა ამ ყელის-ჭრა მუშაობაში? - ჰკითხა ერთმა მოხუცმა მეორეს, რომელიც, სხვათა შორის, ქვაზედ ჩამომჯდარიყო და სწევდა ჩიბუხს.
- აბა რაი ვიცი, შენი ჭირიმე! თავად დამიბარეს, თორემ რაი მომიყვანდა მაგ შარიანებთან!
- მეც არ გამიკვირდა, საჩივრად თუ ჩამოვიდა მეთქი.
- რაისთვი ჩამოვალ საჩივრად? თუ სადაო რაიმე გამიხდა, ჩემი მეზობლები გვერდს არა მყვანან? შევყრი ბჭეებსა და ისინი გაგვასამართლებენ.
- მაინც, რაის თაობაზედ დაგიბარეს? - ჰკითხეს კიდევ იმასა.
- აბა რაი ვიცი, - განიმეორა ამან და დაიწყო: - ჯვართ-ვაკეს რომ საძოვრებია, თემმაც იცის და ხალხმაცა, რომ ადამის ჟამიდგან ჩვენი სოფლისა ყოფილა. როგორც უწინ იყო, წელსაც ჩვენმა სოფელმა იქ გაგზავნა საძოვარზედ თავიანთი ცხვარი და ჩემი ბალღაი (შვილი) სარქლად ამოირჩივეს. მერე მოსულიყო რაიმე ყაზახები, დაეჭირათ ცხვრები და დახოცვას თურმე უპირობდნენ...
- მაგათზედ უღმერთონი კი აღარავინ იქნება, ღთის მადლმა! - ჩაურთო ვიღამაც.
- ჩემ ბალღს ვეღარ მოეთმინა და ყაზახისთვის დაეკრა...
- აი, შერჩა ხელები! - მოიწონეს მწყემსის საქციელი.
- ეხლა გვეუბნებიან, რომ ყაზახს საექიმო უნდა მისცეთო და ადგილი კი ნაჩალნიკის „ყორაულის“ არისო...
- ნაჩალნიკის „ყორაული“ საიდგან-ღა მოვიდა?
- აბა რაი ვიცი!.. მთელმა თემობამ იცის, რომ ის ჩვენი ადგილია, ჩვენ კი საბალახეში სამოც ცხვარსა გვთხოვენ!.. ან მაგდენი ცხვარი საით მოუყვანოთ, ან ადგილს რაისთვი გვართმევენ?
- ურჯულონი არიან, ურჯულონი... სად-ღაა სამართალი!
ამ სიტყვებზედ დიამბეგი გამობრძანდა, ხალხი წამოცვივდა ზეზედ და ქუდები მოიგლიჯეს თავიდგან.
მებატონე მივიდა, მდაბლად დაუკრა თავი, დილა-მშვიდობისა მოახსენა, მაგრამ დიამბეგმა, ვითომც ვერ შეამჩნივა, ზურგი შეაქცია იმას.
მებატონეს აშკარად შეეტყო პირისახეზედ ის წყენა, რომელიც იქონია იმაზედ დიამბეგის უსვინიდისო სიამპარტავნემ და ოხვრაში გამოითქვა ეხლა ისე გამწარებული წარსულის სიტკბოება.
იმის გულში აღიძრა სიამაყე, იმან დაიხურა ქუდი და თითქოს წელშიაც გასწორდა. ბოლოს დიამბეგი მობრუნდა იმისკენვე და მოელოდდა, რომ ისევ მებატონე თავის დამდაბლებით დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ მოსტყუვდა, რადგანაც ის გაჯავრებულის, აღგზნებულის თვალებით უყურებდა.
დიამბეგმა გააღო პირი, რომ შეტევით დაეწყო ლაპარაკი, მაგრამ, რა შეჰხედა მებატონის გაანჩხლებულს სახეს და არეულს თვალებს, შეშინებულმა რამდენიმე ნაბიჯი უკან წადგა და დაბალის ხმით დაიწყო:
- ა-ა, თქვენა ბრძანებულხართ?
- დიაღ, მე გახლავართ და, ვგონებ, დროც იყო ყურადღება მოგექციათ.
- უკაცრავად, ვერ დაგინახეთ.
მებატონემ შეჰხედა და ღიმილი მოუვიდა პირისახეზედ.
- რისთვის დამიბარეთ? რა გნებავთ ჩემგან?
- უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ, - დაიწყო იმან ბოდიშით: - მაგრამ ხომ მოგეხსენებათ ჩვენი მდგომარეობა? ჩვენ სამსახურის კაცნი ვართ და...
- მოკლედ მიბრძანეთ, რაცა გნებავთ, - გააწყვეტინა დიამბეგსა.
- მე წუხელის შემატყობინეს, რომ მეაქლემეები გაუცარცვავთ. მეც გიახელით გზების შესაკრავად და თქვენი ბიჭი შეგვხვდა, რომელიც დავიჭირეთ.
- ნაქურდალი უპოვნეთ რამე?
- არა, ბატონო, მაგრამ ქურდი სწორედ ეგ არის.
- მაშ მე რაღად მიბარებდით, თუ კიდეცა გცოდნიათ, რომ ქურდი ეგ არის?
- მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა, შემეტყო... ჰო, იმას მოგახსენებდით... - აერია ლაპარაკი დიამბეგს, რომელიც ემზადებოდა სხვის შეშინებას და თითონ კი შეემთხვა ეს უბედურება.
- ჩემთვის რა კითხვა გინდოდათ? გამოიძიეთ და, თუ დაუმტკიცებთ ჩემს ბიჭს ავაზაკობას, გადაახდევინეთ ისე, როგორც კანონი ითხოვს. - ამ სიტყვებთან ერთად ის გამობრუნდა და გასწია ბინისკენ. დიამბეგი კი გაშტერებული დარჩა ამ მოულოდნელის შემთხვევით.
როდესაც ცოტა ხანმა გაიარა და დიამბეგი გონზედ მოვიდა, ის გაშმაგებით მივარდა იქ მყოფ გლეხებს, რომელნიც ქუდმოხდილნი ელოდნენ, თუ როდის ინებებდა დიამბეგი იმათ მოგონებას და გასამართლებას.
- რა გინდათ? რად მოსულხართ? - დაუყვირა იმან.
- რა მოგახსენოთ, შენი ჭირიმე, თქვენ დაგებარებინეთ და ჩვენც გიახელით, - მდაბლა თავის დაკვრით უპასუხეს იმათ.
- თქვენ დაგებარებინეთ, თქვენ დაგებარებინეთ! - გაუკირცხლა დიამბეგმა, გაიარ-გამოიარა და მერმე დაუმატა:
- რა ვუყოთ, რომ დაგიბარეთ? ეხლა მე თქვენთვის არა მცალიან.
გლეხკაცებმა შეჰხედეს ერთმანეთს და ტოკვა დაიწყეს. იმათ ვერ გამოერკვიათ - ბატონი დიამბეგი ეხუმრება თუ მართალს უბრძანებს.
- რაღას უდგეხართ?- წადით მეთქი! - ცოტა სიჩუმის შემდეგ კიდევ დაუყვირა დიამბეგმა და შეიჭმუხნა წარბები.
- მოგვისმინე, შენი ჭირიმე, ბატონო. - დაიწყო ერთმა ჭაღარა-მორეულმა მოხუცმა.
- სწორედ მოგახსენოთ - შენის მეტი საქმე არა მაქვს! - დაცინვით წარმოსთქვა ხევის მმართველმა. - წადით, წადით, ეხლა არა მცალიან თქვენთვის: მე დღეს ქვეშეთს მივდივარ; თუ გინდათ, თქვენც იქ გადმოდით.
- შე დალოცვილო! ამ ყელის-ჭრა მუშაობაში მოგვაცდინე და ახლა კიდევ ქვეშეთს უნდა წავიდეთ?.. მთის ხალხი თუ თიბვაში გააკეთებს რასმე, თორემ სხვა როდის, ან რა უნდა იმუშაოს?
- ხმა გაწყვიტეთ!- დასჭყივლა დიამბეგმა და დაუბარტყუნა ფეხები.
- ნუ გაგვიწყრები, შენი ჭირიმე, ბატონო, - დაიწყო ისევ მოხუცმა: - ჩვენი სიცოცხლისა და სიკვდილის დღე ეხლა გახლავს და...
- მე რა?- ჯანიმც გაგვარდნიათ, თუ ერთს დღეს გასწყვეტილხართ! აი დარდი!
- ბატონო...
- ყაზახებო! - გააწყვეტინა დიამბეგმა - მათრახები მაგათ!
იქამდისინ შემაძრწუნებლად დაინახეს ეს ბრძანება, რომ იმისთანა გარყვნილ იასაულებმაც კი, როგორც გირგოლა იყო, ვერ მოახერხეს ხელის გამოღება. ამის გამო ყაზახებს, რომელნიც იმ დროში დიამბეგების და ნაჩალნიკების განკარგულებაში იყვნენ, შეჰხვდათ ბრძანების აღსრულება.
- უღმერთონო! უსამართლონო! შეუბრალებელნო! გაგვწყვიტეთ ბარემა, დალიეთ ჩვენი სისხლი! - გასძახოდნენ გლეხკაცები, რომელთაც მათრახებით უღმერთოდ და შეუბრალებლად სცემდნენ. ცხვირი, პირი, ყურები აღარ გააჩნდათ საცოდავებს, და თქრიალით გადმოსდიოდათ სისხლი...
ჩქარა შემოფანტეს ეს ხალხი, რომელთ მწუხარებას რაღაცა სიამოვნებით უყურებდა ამ ბრძანების მიმცემი და ხანგამოშვებით აქეზებდა ერთგულ აღმასრულებლებს...
- აგრე, აგრე... ყოჩაღ, ყოჩაღ!
როდესაც ცოტა გული იჯერა ამ სურათით დიამბეგმა, რიგი მიერგო იაგოს, რომელსაც ასე დღის გამწარებას უპირობდა.
- აბა, ახლა ის ბიჭი მომიყვანეთ! - დაიძახა ამან ბოლოს.
- იაგო, შენი ჭირიმე? - იკითხა გირგოლამ.
- ჰო, იაგო.
იაგო მოიყვანეს რამდენიმე ყაზახმა, რომელნიც თოფებგაშიშვლებული მოსდევდნენ იმას, როგორც ერთს ავაზაკს.
- რა უყავი ცალები? - დაუყვირა დიამბეგმა იაგოს მოყვანის უმალეს.
- რა ცალები? - იკითხა იმან და გაშტერებული დაუწყო ყურება.
- ერთი ამას უყურეთ-და!.. ვითომც არც-კი იცის!.. ის ცალები, რომელიც წუხელ მოიპარე.
- მე არ მომიპარავს. - მტკიცედ და გადაწყვეტით უპასუხა იმან.
- უბრალოდ სცდილობ ჩემს მოტყუებას, მე კარგად ვიცი, რომ ქურდი შენა ხარ.
- ღთის მადლმა, არა ვარ.
- არა ხარ?
- არა.
- შენ არ გინდა სთქვა და ვნახოთ, გათქმევინებ თუ არა?.. მაშ წუხელ, შენი დაჭერის წინ, სად იყავ?
- თქვენ რაი გინდათ?
- მე ის მინდა, რომ უნდა მითხრა! - დაუყვირა დიამბეგმა.
- რაისთვი უნდა გითხრა? მთელმა სოფელმა იცის, რომ ქურდი არა ვარ და ცხო, საცა გინდა ვყოფილიყავ, თქვენ რაი?
- გათქმევინებ კი არა, ჯანს გაგაგდებინებ, ჯანს!
- ძალა თქვენ ხელშია და ხმალი! ჰაი, ჰაი, რომ გამაგდებინებთ. მაგრამ იმას კი არ გეტყვით, საცა ვიყავ.
- მოიცადე და თუ არ გათქმევინებ, მაშ კაციმც არა ვყოფილვარ!
- ღთის მადლმა, ცოცხალს ვერ მათქმევინებ, და მკვდარი ხომ სულ ვეღარას ვიტყვი.
- გაჩუმდი! - დაუყვირა დიამბეგმა და გადმოუბრიალა თვალები.
- რაისთვი გავჩუმდე? რაისთვი დამიჭირეთ?
- გაჩუმდი მეთქი, მე შენ გიბრძანებ!
იაგოს რაღაც აზრმა გაურბინა თავში და გარდასწვიტა, რაც უნდა ეთქვათ იმისთვის, თუნდ ეს იმის საკეთილოც ყოფილიყო, მაინც პასუხი არ ეძლია და ეჯავრებინა დიამბეგი, რომელიც ასე უსამართლოდ ექცეოდა.
- არ გავჩუმდები.
დიამბეგი მივარდა და შემოჰკრა შემდეგის სიტყვებით:
- შენ როგორ ჰბედავ, რომ აგრე მეპასუხები?
- რაისთვი მცემ? - უთხრა იმან.
დიამბეგმა პასუხის მაგივრად კიდევ შემოჰკრა.
- ძალუმ კაცობა არაა ხელშეკრულის ცემა! - უთხრა იაგომ და გააკრაჭუნა კბილები.
- წაიყვანეთ, გამაცალეთ! - დაიღრიალა დიამბეგმა: - გამაცალეთ მეთქი, თორემ შემომაკვდება ეს ასეთ-აგეთი.
ყაზახები მისცვივდნენ და წაათრიეს იაგო, რომელსაც შეუყარეს ფეხებში ბორკილები და გაგზავნეს ქვეშეთს. ცოტა ხანს შემდეგ დიამბეგი შევიდა თავის ოთახში და დაიწყო მზადება, რადგან თითონაც რამდენიმე საათს უკან ქვეშეთს უნდა გამგზავრებულიყო.
გირგოლა, რომელიც თან ახლდა და ემსახურებოდა, ერთბაშად მივიდა კარებთან, გაიხედა გარეთ, მერმე მაგრა მოიხურა კარები და იდუმალებით დაიწყო:
- გველეთიდგან4 ქისტები გახლავან.
- რაო? - განსაკუთრებითი ყურადღების მიქცევით ჰკითხა დიამბეგმა და მოუთმენლობა დაეტყო პირისახეზედ.
- ვერცხლეული და ფარჩა რაიმე აქვსთ ნაქურდალი.
- მერმე?
- ნაჩალნიკთან მიჰქონდათ საჩუქრადა, მაგრამ მე იქ არ გავუშვი - თქვენთან მოვიყვანე.
დიამბეგს სიამოვნების ღიმილი გამოეხატა პირისახეზედ.
- ყოჩაღ! - შეაქო იმან: - მეც გადაგიხდი სამსახურს, ჩემო გირგოლა.
- ღირსი არ ვარ შენს წყალობას, შენი ჭირიმე! - თავის დაკვრით უპასუხა იმან: - მაშ, როგორ მიბრძანებთ?
- აქ ნუ მოვლენ, დაინახავს ვინმე და კარგი არ არის. - უპასუხა დიამბეგმა და ჩაფიქრდა: - იცი რა? ამაღამ მე კობში5 დავრჩები, ისინიც იქ ამოვიდნენ და იქ მომიტანონ.
- კარგი, შენი ჭირიმე.
ამ დროს დიამბეგის კარებთან მოისმა ზარების წკრიალი და გაჩერდა ტროიკა, შებმული სამი ჩერქეზულის ცხენით, რომელთაც კოხტად გვერდზედ ეჭირათ თავები და მოუთმენლად ფეხებს აბარტყუნებდნენ გატკეპნილს მიწაზედ.
ჩქარა გამობრძანდა დიამბეგი, ჩაბრძანდა ტროიკაში. იემშიკმა დასძრა ვოჟები და მკვირცხლი, მარდი ცხენები მხიარულად, მერცხალივით გაფრინდნენ კობისაკენ...
სოფელმა გაიგო იაგოს დატუსაღება, იმის გაგზავნა ქვეშეთში და გარდასწყვიტა, რომ ის ვეღარ დაბრუნდებოდა და თავის სამშობლოს ღრუბელს ვეღარ დაინახავდა. რამდენიმე ბიჭი, რომელთაც შორი-ახლოდგან ეყურებინათ და გაეგონათ იაგოს ლაპარაკი, უამბობდნენ დანარჩენებს და ისინიც ქებას ასხამდნენ იაგოს იმგვარის გულადობისათვის.
- აბა, ღმერთს არ მოეტყუება, რომ ბრალია იმისი დაღუპვა, - წარმოსთქვა ერთმა.
- ბრალია და აგეთი?...
- მართლა ან ქურდი ყოფილიყო, ან ავი კაცი - კიდევ ჰო, თორემ რაისთვი მოგვდის აგრე?.. ყველაზედ მეტი სამსახური ჩვენ გვადგია, ყველაზედ მეტი ჯაფა ჩვენს ხალხს მოსდის და მოსვენება კი აღარსადაა ჩვენთვის.
- ეჰ, ჰე, ჰე, ჰე! - ოხვრით წარმოსთქვა კიდევ ერთმა: - სადღაა ჩვენთვის ან ღმერთი, ან შეწყალება? ვიღაა ჩვენი პატრონი? რაიც უნდათ, იმას გვიშვრებიან... თითოოროლაი ”მაჭყირობელაი” მოვა და რაც უნდათ, იმას სჩადიან.
- უწინ თათრობა იყო, ღთის მადლმა, მაგრამ ეგეთი გაჭირვება არ გვინახავს... უწინ იარაღი გვეჭირა ხელში და, ვინც ჩვენზედ ძალის მოტანას მოისურვებდა, იარაღით გავცემდით პასუხს: ან დავიხოცებოდით, ან არა-და უსამართლობას არ ავიტანდით.
ესენი ამ საუბარში იყვნენ, როდესაც გაიგონეს გზირის ხმა, რომელიც ციხეზედ (კოშკზედ) შემდგარიყო და იქიდგანა ჰკიოდა:
- სოფელო! ჯარი მოვიდა, ბეგარაი არის წასაღები, კომლზედ ურემი გამოიტანეთ.
ხალხი ზარმაცად და უკმაყოფილოდ დაიძრა: ზოგი მამასახლისისკენ, რომ მოეხერხებინათ ბეგარის თავიდგან აცდენა, ზოგიც ურმების გასამართად...
ამ ხანში ნუნუს ყურამდინაც მიაღწივა იაგოს დაჭერამ და ქვეშეს გაგზავნამ.
იმ დროს ის წყალზედ მიდიოდა ტაგანა-აკიდებული, იმას მიემატნენ კიდევ რამდენიმე დედაკაცი: ზოგი ტაგანებით, ზოგიც თულუხებით. ყველანი მხიარულის მოღიმარის სახით შეჰხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგანაც აქ ყველა ჰპოულობდა თავის გულის მეგობარს, რომელსაც უშიშრად ანდობდა თავის გულის გრძნობას, თავის ნაღველს და გაიგონებდა თანამგრძნობელ, დამამშვიდებელ სიტყვას.
მთელი დღეების მუშაობაში გამტარებელი დედაკაცები, რასაკვირველია, სიამოვნებით შეიყრებოდნენ ერთმანეთთან, სიამოვნებით დაიწყებდნენ საუბარს და მთელი დღე მარტოობაში შეგუბებულს მოსაზრებულს ეხლა თავისუფალი მდინარეობა მიეცემოდა.
ნუნუმაც, რომელსაც პირისახეზედ საერთო მხიარულება არ ეტყობოდა, გასწია ერთი ქალისაკენ; უკანასკნელმა დაუწყო ლოდინი მოღიმარის პირისახით, მაგრამ, რა ნუნუს შეამჩნია მჭმუნვარება, მაშინვე თითონაც სახე გამოიცვალა და თანაგრძნობით წამოიძახა:
- რაი მოგსვლია?
- დავიღუპე, მარინეისი, დავიღუპე! - უპასუხა ნუნუმა და ცრემლები გამოერია თვალებში.
იმათ გაიცადეს დედაკაცები და თითონ უკან დარჩნენ, რათა არავის დაეშალა ლაპარაკი.
- რაი ამბავია, მითხარი ჩქარა? - ჰკითხა მარინემ.
- რაი-ღა რაი ამბავია, იაგო... - წარმოსთქვა ნუნუმ და სიტყვები ვეღარ გაათავა.
- რაი მოუვიდა? თქვი-ღა ჩქარა? - უთხრა დედაკაცმა, რომელსაც წარმოუთქმელი მღელვარება დაეტყო.
- დაიჭირეს.
- ვინ დაიჭირა?
- დიამბეგმა.
- დიამბეგმა? - განიმეორა მარინემ და სიტყვა გაუწყდა პირში.
- რაისთვი დაუჭერია, როდისა?
- წუხელისა, ქურდობა დაუბრალებიათ.
ამის შემდეგ რამდენიმე ხანი ორივე დედაკაცები გაჩუმდნენ და ხმა ვეღარ ამოეღოთ.
- რაი უშავს, ბედშავო ჩემო თავო! გამოუშვებენ ისევ, - ბოლოს სცადა დამშვიდება მარინემ.
- დიაღ, გამოუშვებენ! - ჩემი დაღუპაი უნდოდათ, იმათ დაიჭირეს და ვიღა გამოუშვებს იმას! - იმედ-გარდაწყვეტით წარმოსთქვა ნუნუმ და მერმე დაუმატა:
- იმათ უნდათ სხვაზედ გამათხოვონ, მაგრამ არ გავთხოვდები, არა... თუ ძალა დამატანეს - წყალი ხომ ხელთაა.
მარინემ დაუწყო ნუნუს დამშვიდება, თუმცა იმასაც მწარედ გულს უცემდა თავის „გულის საყვარელს“ ძმადნაფიც იაგოსთვის. იმას ბევრისა გაეგონა ასე შარმოკიდებით გადაღუპვა თავის ქვეყანიდგან, გადაღუპვა დიამბეგებისაგან, რომელთაც იმ ხანში მინიჭებული ჰქონდათ ისეთი წარმოუთქმელი და წარმოუდგენელი ძალა.
ბევრი ლაპარაკისა და რჩევის შემდეგ ისინი მივიდნენ ერთს გარდაწყვეტილებამდის, რომელსაც ნუნუ უნდა გადაერჩინა ძალდატანებული ჯვარისწერისაგან.
ნუნუ და იმისი მეგობარი, რამდენადაც შეიძლებოდა იმათ მდგომარეობაში, დამშვიდდნენ, გარდასწყვიტეს იაგოს მოლოდინი, რომელიც იმათის აზრით უეჭველად, კარგად თუ ავად, უნდა განთავისუფლებულიყო და ჩქარა მოსულიყო.
ამ გარდაწყვეტილებით ისინი დაბრუნდნენ თავთავის სახლში და დაადგნენ თავთავიანთ საქმეს. დიამბეგს კი ამ დროს კობში მოელოდნენ, სადაც ერთის მედუქნისას, რომელსაც სასტუმრო ჰქონდა გამართული, უნდა ჩამომხტარიყო. ის ოთახი იქამდისინ შესანიშნავი იყო, რომ პირველსავე შეხედვაზედ შეამჩნევდით რაღაცა განსაკუთრებითი მოწყობილობას: შუა კედელთან ჰქონდა გამართული თლილი ქვის ბუხარი, რომლის აქეთ-იქითგანაც, კედლის ნაპირობაზედ, ტახტები გადაეჭიმათ; ერთი კარი შედიოდა გალავნიდგან და მეორე კი იმის პირდაპირ გადიოდა მინდორზედ, საიდგანაც ხალხის შეუხვედრად შესვლა და გასვლა შეიძლებოდა.
მით უფრო სახერხო იყო ეს ადგილი იდუმალ სასიარულოდ, რომ ეს დუქანი სოფლის განაპირას იყო და მგზავრის ფეხი არ ჰხვდებოდა მინდორს, რომელზედაც უკანა კარი გადიოდა. თითონ ტახტის ფიცრები, რომელიც დალურსმული არ იყო, თავისუფლად აიხდებოდნენ, და ძირს იყო გათხრილი სხვადასხვა სიდიდის ორმოები, რომელიც მსახურებდნენ თავის პატრონს სხვადასხვა დაფარული საჭიროებისათვის.
დაგვილი, დაწმენდილი ოთახი, გაჩაღებული ბუხარი, თუმცა ზაფხული იყო, და შეიარაღებული სომეხი - დუქნის პატრონი - მოელოდნენ დიამბეგს, რომლისათვისაც დაუზოგავად, ბევრს შეშას ეზიდებოდა ნაცვალი თავის იასაულებით.
ერთი იასაული უვლიდა აქ მყოფს მედუქნეებს და ატყობინებდა იმ დროის ღმერთის სწორი კაცის მოსვლას, რომლისათვისაც ვახშამი უნდა მოემზადებინათ.
ერთ იასაულს მოერეკა სოფლიდგან ხალხი, რომელთაც წამოერეკათ ძუძუთა ბატკნები და ელოდნენ დუქნის კარზედ.
ბატკნები, რომელთაც თავები ამოეყოთ ხურჯინებიდან და იმედგარდაწყვეტილად თავები გადაეგდოთ გვერდზედ, თვალებდახუჭულნი მოელოდნენ თავიანთ მომავალს. ზოგი იმათგანი დროგამოშვებით შემაძრწუნებლად დაიბღავლებდნენ და ეს ხმა, ეს მოგონება, ძახილი თავის სამშობლოსი, კაცს ჟრუანტელს გაუტარებდა გულში. დიამბეგი, მოსვლის უმალეს, შებრძანდა მომზადებულს ოთახში, სადაც შეჰყვა ქუდ-მოხდილი ნაცვალი.
- გამარჯვება შენი, - უთხრა დიამბეგმა.
- შენი წყალობა ნუ მომიშალოს, - თავის დაკვრით უპასუხა იმას.
- ვინ არიან დუქნის კართან?
- არავინ, შენი ჭირიმე... საკლავები მოგართვეს.
- ბევრია? - ჰკითხა პირდაპირ მმართველმა.
- თხუთმეტიოდე გახლავთ.
დიამბეგმა სიამოვნებით გაიღიმა და გაიარ-გამოიარა. შემდეგ მივიდა ნაცვალთან, დაჰკრა მხარზედ ხელი და უთხრა;
- ბარაქალა, ბარაქალა... შენი ერთგულება მეც არ დამავიწყდება.
- ღირსი არ ვარ შენს წყალობას, შენი ჭირიმე!
- არა, ხარ ღირსი, ჩემო იაკობა, ხარ!
- ბატონს სამსახური უნდა, შენი ჭირიმე, მაშ როგორ იქნება?
- ყოჩაღ, ყოჩაღ!.. - აბა ახლა შენ ის მითხარ, ხომ არავინ გაჯავრებს, ან არ გაწუხებს?
- არა, შენი ჭირიმე, არავინ, მხოლოდ ერთი მედუქნე მეხირება რასმე და შენის წყალობით იმასაც მალე მოვუგრეხ კისერს.
- როგორ თუ მედუქნე? - იკითხა იმან და შეიჭმუხვნა შუბლი: - რომელი მედუქნეა.
- აი, სოსიკაანთ ბიჭს მოგახსენებენ.
- კარგი, ხვალ მომიყვანე აქა და მე ვაჩვენებ... იაგო გაატარეს?
- დიაღ, შენი ჭირიმე, ყაზახებმა გაატარეს... ეხლა გუდაურში იქნებიან.
ამაზედ ლაპარაკი შესწყდა, რადგანაც შემოიტანეს ბარგი და დუქნის პატრონიც შემოვიდა. დიამბეგმა ღიმილით შეჰხედა იმას, რაღაც ანიშნა თვალით და ჩახველებით უთხრა:
- იქნება?
- ვა, მაშ არ იქნება? - ღიმილითვე უპასუხა მასპინძელმა.
ამ დროს მოვიდნენ მედუქნეები სხვადასხვა ფადნოსებით, რომელზედაც ეწყო ქათმები, მთელ-მთელი ყველის კვერეულები, გრაფინკები და დოქები ღვინოებით და დაბეჭდილი ბოთლები ევროპიულის სასმელებით.
დიამბეგმა ეს ყველა მიიღო, ყველას უთხრა თითო-ოროლა სიტყვა და დაითხოვა.
იმასთან დარჩა მარტო სახლის პატრონი, გირგოლა და რამდენიმე ყაზახი.
როდესაც ფეხის ხმა მიწყნარდა, უკანა კარები გაიღო და გირგოლა შემოუძღვა სამს ქისტს, რომელთაც მოართვეს თავიანთი ნაქურდალი ვერცხლის დანა-ჩანგალი, კოვზები, თასები და სხვა.
ღირსეულმა მმართველმა მადლი გადაუხადა ღირსეულ ქვეშევრდომებს, დაჰპირდა იმათ თავის წყალობას და მფარველობას.
რა ისინიც გაისტუმრა და მარტონი დარჩნენ, უკანა კარი კიდევ გაიღო და დუქნის პატრონი შემოუძღვა მორთულ-მოკაზმულს ოსის დედაკაცს, რომელსაც პირისახეზედ ჩამოეფარებინა მერდინი.
ამის შემდეგ ჩამოვარდა ფარდა და ხევის მმართველის სადგურში ხდებოდა ისეთი სისაძაგლე, რომელიც კი შეუძლიან ჩაიდინოს სვინიდისისაგანაც და ნამუსისაგანაც ხელაღებულმა გარყვნილმა კაცმა.
როდესაც დიაძბეგი ამ განცხრომაში იყო, იაგო ბორკილების ჩხარაჩხურით მიჰყვანდათ ქვეშეთისაკენ. ერთს ადგილს ისინი შესდგნენ და შეისვენეს. იაგოც ჩამოჯდა.
თუმცა ზაფხული იყო, მაგრამ იმ ადგილებში, თოვლების სიახლოვით, საკმაოდ ციოდა, მაგრამ სიარულით და ფიქრებით გახურებული იაგო ვერ ამცნევდა ამ სიცივეს.
იმას გასწყვეტიყო საკინძე, გული გადაჰღეღოდა და აშკარად გამოსჩენოდა ვაჟკაცს ძარღვიანი მკერდი, რომელიც ქშენისაგან ძალზედ ადიოდ-ჩადიოდა.
იმას იმ დროს დაჰვიწყებოდა თავისი მდგომარეობა, დაჰვიწყებოდა ბორკილები, ყარაულები და მთლად მისცემოდა თავის ნუნუზედ ფიქრს.
იმას ეხატებოდა თვალ-წინ მშვენიერი ყმაწვილი გოგო, რომლის ტანიც ალვის ხესავით ირხეოდა; მოღიმარე პირისახე და ცოტა გაღებული ტუჩები თითქოს დალაპარაკებას აპირობდნენ. ჟუჟუნა თვალები მხიარულად ეპატიჟებოდნენ თავისკენ. იაგო იქამდინ გაიტაცა ამ სურათებმა, რომ ჰგრძნობდა ქალის მოახლოვებას, სუნთქვას; ჰგრძნობდა, რომ ხელი მოეხვია იმისთვის წელში და უპირობდა გახურებულს გულზედ მიკვრას.
ეს სურათები ისე სასიამოვნოდ, ისე ნუგეშიანად უალერსებდნენ იმას, როდესაც მოჰხვდა მათრახი ბეჭებში და გიჟივით წამოაგდო ზეზედ.
- დაგეძინა განა, შე ზარმაცო? - ჰკითხა ყაზახმა, რომელმაც ასე უწყალოდ გადაჰკრა.
- რადა მცემ? რა დამიშავებია? - ჰკითხა იაგომ და შეჰხედა შეწუხებულის თვალით.
- გაიარე, კარგი! ბევრს ნუ ლაპარაკობ. - მისცეს იმას პასუხი და კიდევ გადაჰკრეს მათრახი.
- ახ-მე! - კბილების ხრჭიალით და თავის გაქნევით წამოიძახა დაბორკილებულმა: - სად არის სამართალი? სად არის ღმერთი?
ისინი ჩავიდნენ ქვეშეთში, სადაც იაგო გადასცეს ეტაპის სალდათებს, რომელთაც შეაგდეს საპყრობილეში და გადმოუკეტეს კარები.
იქ იაგომ უფრო თავი მოსვენებით იგრძნო, რადგანაც თავისუფლად ფიქრი მაინც შეეძლო.
დაღალული, დაწყვეტილი, არა იმოდენი სიარულით, რამოდენიც ფიქრისა და მღელვარების გამო, ის მიეგდო პოლზედ და დახუჭა გახურებული თვალები, რომელნიც მოსვენებას ითხოვდნენ.
თუმცა ის იწვა დახუჭულის თვალებით, მაგრამ ძილი მაინც გაუბრთხა და ამის მაგივრად ფიქრი ფიქრზედ ებადებოდა.
იმას ცხოვლად წარმოუდგა თავისი მდგომარეობა, ის უსამართლობა, რომელიც იმისთვის მიეყენებინათ და ის კი ვერ გაეგო, თუ რა უნდათ იმისგან, ან ასე უწყალოდ რა დანაშაულისათვის ექცევიან?
ის არ იყო ქურდი და ქურდობას სწამებდნენ!
ის არ იყო ავაზაკი და ავაზაკობას აბრალებდნენ!
იმას უყვარდა და საყვარელს საგანს აშორებდნენ!
სცემდნენ, აწვალებდნენ, ამტყუნებდნენ და გამართლების ნებასაც კი არ აძლევდნენ!
რისთვის? რად? ვის რა შეემატებოდა იმისი წვალებით? რად ხდებოდა ეს ასე?... ყველა ეს კითხვები გაურკვევლად ტრიალებდა იმის თვალში და დაბოლოება კი არა სჩანდა.
მეორე დღეს დილით, როცა მზემ კარგად მოიარა, დიამბეგი გამობრძანდა გარეთ, სადაც თან გამოჰყვა ერთგული და ბრძანების აღმასრულებელი ნაცვალი.
ხალხი, რომელთაც საჩივარი ჰქონდათ, იქ შეყრილიყვნენ და პატივისცემის ნიშნად ქუდები მოეხადნათ, შორიახლოს იდგნენ, - როდის ინებებდა ხევის ბატონი ამათზედ ყურადღების მიქცევას და იმათ საჩივრის მოსმენას. ყველას მოუთმენლობა ეტყობოდა პირისახეზედ, მაგრამ მაინც ვერავის გაებედნა წინ წამოდგომა და თავის ნაღველზედ ლაპარაკის დაწყება.
დიამბეგი დუქნის კარებთან ტრიალებდა, იპრანჭებოდა და ბოლთას სცემდა; ის ისე იქცეოდა, თითქოს ვერც კი ამჩნევდა იქ მყოფებს. ნაცვალი ქუდ-მოხდილი, თითის წვერებზედ, სიბრთხილით უკან დასდევდა, რათა ფეხის მოულოდნელი ხმაურობით არ დაეშალა იმის ფიქრებისათვის.
- ნაცვალო! - ბოლოს დაუძახა დიამბეგმა.
- შენი ჭირიმე! - იყო პასუხი და წინ გამოჭიმული წადგა ნაცვალი.
- წუხელ შენა სთქვი, რომ ხალხმა საკლავები მოგართვაო? - ისე სიჩუმითა ჰკითხა დიამბეგმა, რომ სხვების სმენას არ მისწვდომოდა იმის სიტყვები.
- დიაღ, შენი ჭირიმე.
- სად არიან?
- ქორფა ბატკნები გახლავან, მეშინოდა - სიცივეს არ დაედურაღა და თავლაში შევაყრევინე.
- ბატკნები? - ჩაფიქრებით წარმოსთქვა დიამბეგმა და სახეზედ უსიამოვნობა დაეტყო.
- დიაღ, შენი ჭირიმე.
დიამბეგი რამოდენიმე ხანს ჩაფიქრდა და კიდევ გაიარ-გამოიარა და მერმე შეუტია ნაცვალს.
- ქორფა ბატკნები რად მინდოდა მეთქი? - გარკვევით და ჩაცივებით განიმეორა იმან.
ნაცვალი, რომელიც მადლობას მოელოდა თავის გულმხურვალე მეცადინეობისათვის, არია ამ მოულოდნელმა გაჯავრებამ და თითონაც არ იცოდა რა ეპასუხა.
- რა მოგახსენოთ, შენი ჭირიმე, - ბოლოს მოუაზრებლად წარმოსთქვა იმან.
- არა, თექვსმეტი ბატკანი და ისიც ქორფა, რად მინდა?... მედუქნე ხომ არა ვარ, რომ მომეხარშა, კერძებად დამეწილადა და ისე გამეყიდნა?... მიპასუხე: მედუქნე ხომ არა ვარ?
- არა, შენი ჭირიმე, არა ბრძანდებით.
- მაშ რად მინდოდა? - თანდათან ცხარდებოდა დიამბეგი.
თუმცა ნაცვალს ვერ გაეგო, რაზედ ცხარობდა დიამბეგი, მაგრამ მაინც კი სცადა იმისი დამშვიდება.
- გავყიდოთ, შენი ჭირიმე, და ფული იქნება.
დიამბეგმა შეჰბღვირა და უფრო შეიჭმუხვნა წარბები.
- რაო?- მე უნდა გავყიდო ბატკნები?.. აი შე ბრიყვო მოხევე, შენა! მიკიტანი ხომ არა ვარ, რომ ბატკნებით ვივაჭრო? - შენ არ იცი, რომ ცოლშვილით დაგღუპავ მაგ სიტყვებისთვის?.. ციმბირში ამოგიყოფ თავს!
საცოდავს ნაცვალს არა სახუმროდ შეეშინდა, რადგანაც დიამბეგს თუ მართლა მოეწადინა, კიდეც შეეძლო იმისი დაღუპვა და ამისათვის, გაფითრებულმა შიშისაგან, რაღაცა ლუღლუღი დაიწყო.
- ნუ გაგვიწყრები, შენი ჭირიმე, - ბოლოს ძლივს გაიგნო ენა: - გლეხები ვართ, უგუნურები... იქნება ჩვენის უცოდნელობით გაწყენინეთ რამე, მოგვიტევე.
- გლეხკაცები! - გაუკირწყლა დიამბეგმა: - გლეხკაცები კი არა, სუყველანი ეგეთები ხართ. გასწი ეხლავ, მაგ ბატკნების დედები ჩამოარეკინე ჯვარვაკეს ჩემ მწყემსთან, თორემ, არ ვიცი, რა გიყო!..
- ბატონი ბრძანდები, შენი ჭირიმე, - უპასუხა ნაცვალმა თავის დაკვრით: - ოღონდ შენ ნუ გამიწყრები და თუნდა მთელს ფარას იქ ჩამოვარეკინებ.
- არა, შე მხეცო, ძუძუთა ბატკნები რომ დედისთვის მოგიშორებიათ, კაცობა აღარ არის თქვენში? გული აღარა გაქვსთ? არა, რამ უნდა აცხოვროს ძუძუთა ბატკნები უდედოდ?
- რა ვქნათ შენი...
- კარგია, ბევრს ნუ ყბედობ! - გააწყვეტინა დიამბეგმა: - ამ ზაფხულს მოსწოვენ და შემოდგომაზედ დედებს ისევ პატრონებს დავუბრუნებთ! გასწი, კარგია.
- ბატონი ხარ, შენი ჭირიმე!
- კარგია, წადი.
ნაცვალი საჩქაროდ აირია ხალხში და ჩუმად წაიბუტბუტა: - ბატკნები რას ეყოფა მაგ ცოდვიანს!
ამ დროს გამოჩნდა გირგოლა, რომელმაც დიამბეგს მოახსენა:
- ცხენები მზად გახლავს.
- მზად არის?
- დიაღ. მე რას მიბრძანებთ: თქვენთან გიახლოთ?
- არა, შენ შეგიძლიან დაბრუნდე ქვეშეთში საჭირო არ იქნები. შენს სახლობას მიჰხედე.
- შენი ჭირი მომცა ღმერთმა.
- კარგა თვალ-ყური კი გეჭიროს, თუ გაჩნდა სადმე რამე... ხომ გესმის?
- მესმის, შენი ჭირიმე... შენს ხელს იქით არსად წავა.
- აბა, შენ იცი.
გალავნიდგან გამოვიდა ტროიკა ბარგ-ჩალაგებული და მომზადებული. დიამბეგი გამოეთხოვა მასპინძელს და წყნარად ჩაბრძანდა ტროიკაში.
მომჩივრებმა, რომელთაც დაინახეს, რომ დიამბეგი წასასვლელად ემზადება და ყურადღებას არ აქცევს იმათ, წინ წამოიწიეს და ძლივს გაბედეს სიტყვის წარმოთქმა;
- ჩვენ შენთან გახლავართ, შენი ჭირიმე. - დაიწყო ერთმა.
- რაო? - შეუტია დიამბეგმა და მიუბრუნდა იემშიკს: - გასწი!
იემშიკს, რომელსაც პირი დაეღო და შესცქეროდა ამ ხალხს, ვერ მოესმა დიამბეგის ბრძანება და ამისთვის გაუნძრევლად იმავე მდგომარეობაში დარჩა, როგორშიაც იყო ბრძანებამდის.
- საჩივარი გვაქვს, შენი ჭირიმე! მოგვისმინე, - დაიწყო კიდევ ერთმა გლეხკაცთაგანმა.
- შენ არ გესმის? გასწი მეთქი! - დასჭყივლა დიამბეგმა და ისე წაპკრა კისერშა იემშიკს, რომ იმანაც შეშინებით საჩქაროდ გამოსწია ვოჟებს, გადაჰკრა შოლტი ცხენებს და თვალის დახამხმებაზედ ტროიკა და ზედ მსხდომნი მოეფარნენ ცხვირ-წამოწვდილ კლდეს.
გლეხკაცები ისე გაშტერებულნი დარჩნენ რამოდენიმე ხანს. ბოლოს ერთი იმათგანი დაეხარა ქვას, აიღო და გაჯავრებით მიაყოლა მიმავალ ტროიკას უკან.
- წასვლა შენი და აღარ მოსვლა! - დასძახა ისეთის სიბრაზით, თითქოს მართლა ამ ქვაზედ ყოფილიყოს იმ დიამბეგის ბედ-იღბალი.
გლეხკაცები იქ დარჩნენ კიდევ რამდენიმე ხანი, შესჩივლეს ერთმანეთს თავიანთ მწუხარე მდგომარეობაზედ, მოიფხანეს თავები და დაიშალნენ სიტყვებით:
- აღარც სამართალია, აღარც შეწყალება!.. როდემდის უნდა ვიტანჯეთ ასე!..
ქვეშეთში ნაჩალნიკი სადილს ემზადებოდა, როდესაც დიამბეგი გამოჭიმული და მხარზედ ხმალ-გადაკიდებული მოწიწებით და კრძალვით შევიდა იმასთან.
დიამბეგს ქაღალდში გახვეული რაღაცა ეჭირა.
- ა-ა! - გააგრძელა ნაჩალნიკმა, რაწამს შეამჩნივა დიამბეგი და მერმე დაუმატა: - შენა ხარ?
- მე ვახლავარ თქვენს ბრწყინვალებას.
- შენ ნახე, როგორი იმერული მეძებრები მომივიდა? - დაიწყო ნაჩალნიკმა პირველის სიტყვიდგანვე.
- არა, ჯერ არ მინახავს, თქვენო ბრწყინვალებავ.
- ოჰ, ჰო, ჰო, აღარ შეიძლება იმისთანები! სწორედ კალმით ნახატები არიან!- მაგრამ მოიცა, ეხლავე გაჩვენებ. ბიჭო, ბიჭო! წადი ერთი ის მეძებრები შემოიყვანე, იმერეთიდგან რომ მომივიდა, - მიუბრუნდა ნაჩალნიკი თავის ძახილზედ შემოსულს ბიჭს.
- უეჭველია, კარგები გახლდებიან. თორემ თქვენს ბრწყინვალებას უხეიროებს როგორ გამოუგზავნიდნენ?
- ქება აღარ ითქმის! გუშინ მყვანდა სანადიროდ და სულ ერთის საათის განმავლობაში შვიდი კურდღელი წამოაგდეს!.. გესმის - შვიდი კურდღელი!
- საკვირველი გახლავს.
- მერმე რა რიგად ეძებენ და... რაკი ერთხელ კვალს დაადგებიან. იმათგან დაკარგვა ხომ არ შეიძლება!.. ზედ კურდღელზედ მიგიყვანენ; შვიდი კურდღელი წამოაგდეს და შვიდივე დავიჭირეთ...
- რაღას წაუვიდოდა თქვენი ბრწყინვალების მწევრებს, ნამეტნავად მერცხალას.
- ნაზიას, - გაუსწორა ნაჩალნიკმა.
- დიაღ, დიაღ, ნაზიას. - საჩქაროდ წარმოსთქვა დიამბეგმა, ჩაახველა რამდენჯერმე, წადგა წინ და გაუშვირა ხელი, რომელშიაც შეხვეული რაღაცა ეჭირა.
- ეგ რა არის? - კითხა ნაჩალნიკმა.
- ეს ვიშოვე, თქვენო ბრწყინვალებავ, და თქვენ მოგართვით.
ნაჩალნიკმა გამოართო, წყნარად გადაჰხსნა ქაღალდი და თვალებმა სიამოვნების ნიშნად გაუღიმეს.
- ახ, რა მშვენიერია! - წამოიძახა იმან და ამოიღო მოზრდილი ძველებური ხელობის ჩარექა და დაუწყო სინჯვა: - სად გიშოვნია?
- გზაში ოქრომჭედლები შემხვდნენ, თქვენო ბრწყინვალებავ, ეს მომეწონა და კნეინასთვის ვიყიდე.
- ახ, დიდათა გმადლობთ, დიდათ... ვეცდები გადაგიხადოთ... ვეცდები.
- თქვენი კეთილი თვალი ყველა საჩუქარზედ ძვირფასი გახლავსთ ჩემთვის.
ნაჩალნიკმა ისევ ჩარექას დაუწყო სინჯვა და სიჩუმე ჩამოვარდა ისევ.
- თქვენო ბრწყინვალებავ! - ბოლოს დაიწყო დიამბეგმა გამოქნილის და წყნარის ხმით: - ერთი კაცი დავიჭირე და აქ გაახელით.
- ვინ კაცია?
- იაგო გოგობაიძე.
- მერე?
- ქურდობაზედ დავიჭირე.
- ქურდობაზედ თუ დაიჭირე, სამაგალითოდ უნდა გადაჰხდეს.
- დიაღ, თქვენო ბრწყინვალებავ. მეც მაგასა გთხოვთ. მაგაზედ ავაზაკი და რაზბოინიკი ხევს კაცი არ მოიპოვება.
- გადავახდევინოთ...
- ეგების გავაგზავნინოთ, - დაუმატა დიამბეგმა.
- გავაგზავნინოთ, რა! - ისე წარმოსთქვა ნაჩალნიკმა, თითქოს წყალი მოსწყურებია და წყალს ითხოვსო.
- მაგის დაკარგვა საჭირო გახლავს, თქვენო ბრწყინვალებავ! იაგოს გაგზავნა კარგი მაგალითი იქნება.
- გავგზავნოთ, გავგზავნოთ - მშვიდობიანად განიმეორა ნაჩალნიკმა და ისევ ჩარექას დაუწყო სინჯვა.
ამ დროს შემოიღო კარები და შემოცვივდნენ ძაღლები. ნაჩალნიკს ყველაფერი გადაავიწყდა, დააგდო ჩარექა და დაუწყო ძაღლებს ალერსი. ბოლოს აიღო შჩოტკი და დაუწყო ერთ ძაღლს იმითი წმენდა და ფხანა. დიამბეგი აღტაცებით ქებას შეასხამდა ძაღლების მშვენიერებას, ლაპარაკობდა რაღაცა ნიშნებზედ, რომელიც ვითომც იმათი ყნოსვის ძალას ამტკიცებდნენ; ნაჩალნიკმა იმას გადასცა შჩოტკი და იმანაც მხიარულის სახით დაუწყო ძაღლებს წმენდა.
- მე ჩემს ცოლს გაუტან ამ ჩარექას და ვეტყვი, რომ შენ მოუტანე.
- ჩემს მაგივრად კნეინას მდაბლად თავის დაკვრა გამოუცხადეთ.
- კარგი, კარგი, - მოაძახა კარებიდგან ნაჩალნიკმა და დაუმატა: - სანამ შენ კარგად გაწმინდე ეგ ძაღლები... რაც იაგოს შეეხება, შეადგინე ქაღალდები და გავგზავნოთ სუდში...
ამ სიტყვებით გავიდა ნაჩალნიკი და, რა დიამბეგი მარტო დარჩა, გაჯავრებით გადასტყორცნა შჩოტკი და წიხლი ამოუქნია მეძებარს, რომელიც წმუკუნით განზე გახტა.
- ძაღლების მლოცველნი არიან ეგ ოხრები, თუ რა არის? - წარმოსთქვა იმან გაჯავრებით.
ამის შემდეგ ის წავიდა კანცელარიაში, სადაც დაიწყო ქაღალდის შედგენა იაგოს ავკაცობის და მავნებელ მოქმედების შესახებ; იმ ქაღალდში გამოყვანილი იყო უეჭველი საჭიროება იაგოს მოშორებისა დანარჩენი ხალხისაგან და გაგზავნა იმისი ციმბირში.
ეს ქაღალდი ერთი კაცისაგან იყო მიწერილი გამომძიებლისა, პროკურორისა და მსაჯულისადმი, რომელზედაც რამდენიმე დღის შემდეგ მოაწერა ხელი ნაჩალნიკმა და გაგზავნა მაზრის სასამართლოში ბრალდებულთან ერთად.
ამ ხნის განმავლობაში ნუნუს ცხოვრება ჩვეულებრივ მიდიოდა, ესე იგი დილიდგან საღამომდე მუშაობა, საღამოზედ ქათმებთან ერთად დაწოლა, თუმცა ძილი ბევრჯერ გათენებამდინაც არ მოსდიოდა და დახუჭულს თვალებს მარტო იაგოს სახე ელანდებოდა, ხან ბედნიერად, ხან იმის სასიამოვნოდ, და უფრო ჩქარ-ჩქარად კი უბედურად, ტანჯულად და წამებულად.
იმის შეუხედლივ, - სასიამოვნო, თუ სამწუხარო იყო ეს სურათები, - ნუნუ იტანჯებოდა, რადგანაც ორივე დროს მღელვარება ერთგვარად სტანჯავდა, აწუხებდა იმის გულს და ეს კი უღალავდა და უსუსტებდა აგებულებას.
ნუნუს მდგომარეობა მით უფრო ძნელი იყო, რომ იმას ვერავისთვის მიენდო თავის გულის მოძრაობა, თავისი აზრები, რომელიც გულში ებადებოდა და ისევ გულში ემარხებოდა, რადგანაც თანამგრძნობელს ვერავისა ჰხედავდა. თავისი მეგობარი მარინეც ამ ხანში სხვა სოფელში დედის ძმისას იყო და, მაშასადამე, ნუნუ ამ მარტო ერთი მეგობარი ქალის ნახვასაც მოკლებული იყო.
მახიამაც, კარგა ხანი იყო, რაც თავი დაანება იმასთან ჩხუბს და ათასში ერთხელ თუ შეჰხედავდა დამცინავის, გველურის თვალით, რომელიც ლანძღვასა და თრევაზედ უფრო დამჩაგრავი, შემაწუხებელი იყო ბედშავი ნუნუსთვის.
იმას მეტად სტანჯავდა იაგოს უამბობა, რომელსაც თითქო მიწა გაჰხეთქიყო და თან ჩაეტანა; იმისი მნახველი და ამბის მომტანი არავინ გამოჩნდა.
ერთხელ მახია აუტყდა ნუნუს, რომლის ძალათი გათხოვება გირგოლას ძმაზედ უეჭველად უნდოდა მოეხერხებინა, მაგრამ ნუნუ ისე ყოჩაღად დაუხვდა თავის ძალუას, რომ მეორედ ამგვარი ძალდატანებით ლაპარაკი ვეღარ გაჰბედა. ის ჩამოეხსნა ნუნუს, თუმცა გულში კი გადიწყვიტა, რომ, კარგად თუ ავად, ეს ქორწილი უეჭველად მოეხერხებინა.
გირგოლა, რომელიც ამ ხანში დაბრუნებულიყო, ჩქარჩქარად დადიოდა მახიასთან და ესენი, რაკი ერთად შეიყრებოდნენ, ყოველთვისინ რაღაცა საჩურჩულო საგანსა ჰპოულობდნენ.
ონისე, რომელიც მუდამ სამუშაოდ დადიოდა, თითქოს ვერ ამჩნევდა ამ ლაპარაკსა და ხანდისხან განგებ თავსაც კი არიდებდა იმათ.
ერთ დღესაც გირგოლა სწორედ ისეთს დროს მივიდა, როდესაც ონისე მთელი ჯალაბობით და ერთი მოხუცი სტუმრით შინ იყო. ნუნუმ, რომელსაც თვალის დასანახავად ეჯავრებოდა გირგოლა, რაწამს გაიგონა გირგოლას ხმა, წამოდგა და გარეთ გასვლას აპირობდა, მაგრამ სტუმარმა, რომელიც კარებში შეჰხვდა, გადუღობა ხელი და შეაყენა.
- ქალაუ! რაისთვი გარბიხარ, რაისთვი მერიდები? - უთხრა იმან.
- გამიშვი, „დაგიბრმა თოლები!“ - შეჰბღუზუნა ნუნუმ.
- რაისთვი გეჯავრები, რაი დამიშავებია შენთვის? - გულნატკენად წარმოსთქვა გირგოლამ. |
- „მარი, მარი მეთქი!“ - განიმეორა ნუნუმ და გაუძვრა იღლიის ქვეშ.
გირგოლა შესდგა და დაღონებულის თვალით გაჰხედა მიმავალს ქალს, ამოიოხრა მძიმედ და თავისთვის წარმოსთქვა:
- გამტანჯე, ღთის მადლმა, მაგრამ ხელიდგან მაინც ვერ წამიხვალ, თუ გინდა რაც უნდა მომივიდეს.
ამ დროს ონისე და მისი მოხუცებული სტუმარი „პაპა“, მოვიდნენ და მიესალმნენ გირგოლას, რომელიც სახლის-პატრონმა შინ შეიწვივა.
- გარდმოხე, მახიაი გიმასპინძლებს, ჩვენ კი „ცხოგან“ უნდა წავიდეთ, საქმე გვაქვს.
- ნუ, ონისეისი, ნუ წახვალ, - უპასუხა გირგოლამ და დაუმატა:
- აი პაპაიც ღთის კაცია, ეგეც დარჩეს. ეგეც სიტყვას იტყვის; უფროსია, გვირჩევს რასმე.
ონისე შესდგა და ისეთის თვალით შეჰხედა, რომელიც ეუბნებოდა: „ემანდე ჩემი ცოლი, რაც გინდათ, ისა ჰქენით! ჩემგან რაღა გინდათ“.
გირგოლა მიჰხვდა იმის გულის პასუხს და ამისთვის გააგრძელა თავის საუბარი.
- შენთან მაქვს საქმე, შენთან მოვედ სალაპარაკოდ.
- ჩემთანა? - გაიკვირვა ონისემ.
- ჰო, შენთანა.
ონისე კიდევ ჩაფიქრდა რამოდენიმე ხანს და მას შემდეგ წყნარად უპასუხა:
- კარგი... შევიდეთ შინა და იქ მითხარ, რაიც გინდა.
- მე კი წავალ. - წარმოსთქვა პაპამა და გაემართა კარებისაკენ.
- არა, არა, - საჩქაროდ შეაყენა გირგოლამ, - შენც აქ იყავ, უფროსი კაცი ღთის წყალობაა.
ამ სიტყვების შემდეგ ისინი შევიდნენ სახლში, სადაც მახია მხიარულად და ღიმილით მოეგება.
პირველი მისალმების შემდეგ ისინი დასხდნენ გაჩუმებულნი. ყველას პირისახეზე რაღაცა მღელვარება, მოუთმენლობა და ჩქარა სიჩუმის გაწყვეტის სურვილი ეტყობოდა.
- აბა, რას გვეტყვი, გირგოლავ, რაი საქმე გქონდა? - როგორც იყო დაიწყო პაპამ.
- გვითხარი, რაი საქმეა? - დაუმატა ონისემ.
- საქმე როგორ-ღა არა მქონდა, თქვენი ჭირაიმეთ, საქვეყნოდ თავი მეჭრების.
- რაისთვი, რაისთვი? - ჰკითხა ონისემ.
- იმისთვი, რომ ქალს აღარ გვაძლევთ!... თუ არ გინდოდათ მოცემა, ურვათი რაღად აიღეთ და თუ ურვათი აიღეთ, ქალს რაღად არ გვანებებთ?
ამ სიტყვების შემდეგ ისევ მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა.
- რაისთვი არას მეუბნები? - დაიწყო ისევ გირგოლამ.
- აბა რაი გვეთქმის? რაი უნდა გითხრათ? - უპასუხა დაღონებულმა ონისემ.
- მითხარი რამე... თუ გვარს მიწუნებთ, ისა სთქვით, თუ ურვათი გეცოტავებისთ, ის მითხარით, თუ არა-და რისთვის მარცხვენთ თემობაში? არა, პაპაისი? - გირგოლა მიუბრუნდა მოხუცსა.
- ჰაი, ჰაი, რო უნდა გითხრათ რაიმე... რაისთვი არას ეტყვი, ონისე?
- რაი ვქნა, ქალაი თავს იკლავს! არ ნდომულობს მაგის ძმას და ძალად საიდგან დავაჯერო?
- ჰოო! - გააგრძელა მოხუცმა: - თუ ქალს არ უნდა, ეგ ცხოა.
- მაშ ურვათი რაღად აიღეს, რაღად მაიმედებდნენ?.. - დაიწყო ისევ გირგოლამ: - ღთის მადლმა, ორნი ძმანი ვართ, ორნივე მაგ საქმეზედ გავწყდებით და მაგ ქალს კი თავს აღარ დავანებებთ.
- მაგას რაისთვი უბნობ გირგოლაისი, რაისთვი?.. სიყვარული ძალად არ იქმნების! - დაიწყო პაპამ, რომელსაც ეგონა, რომ იმის მოსაზრებულს სიტყვებს გავლენა ექნებოდა გირგოლაზედ.
- ურვათი რაისთვი-ღა აიღეს, თუ ქალის იმედიც არა ჰქონდათ? - იმეორებდა ისევ თავისას.
- რა ვუყოთ, რომ აიღეს? პირველი ხომ არაა მაგისთანა საქმე ხევში?.. ბევრჯერ ყოფილა მაგისთანა მაგალითი ჩვენ თემობაში, ღთის მადლმა, თემობას ჯვარდაწერილებიც ბევრი გაუყრია და გაუშორებია ერთურთისაგან. თუ კი სიყვარული და გემრიელობა არ ექნებათ, რაღა ცოლქმრობა იქმნების!
- ეგ იქნება უწინ იყო, იქნება უწინ თემობას ჰქონდა მაგისთანა ძალა, მაგრამ ახლა თათრობა ხომ აღარაა? ახლა ქრისტიანების ხელში ვართ. ღმერთმა უშველოს რუსებსა, ახლა სუყველა ზაკონის კანონზედ არის... არა, პაპაუ, ურვათი აუღიათ, ქალი უნდა მამცენ, მე რათ მინდა ან თემი და ან სხვა? მე წინანდელს ჩვეულებას კი არ მივყვები, წავალ, ერთს სიტყვას ვეტყვი დიამბეგს, ნაჩალნიკსა, და ქალსაც წავიყვან და ონისესაც დავღუპავ! ღთის მადლმა, ცოლშვილით დავაღუპვინებ!
- გირგოლაუ, ნუ, ნუ სჩადით მაგას! ღთის გულისთვის, ნუ სჩადით! აბა ძალად ჯვარის წერა, რაი ქრისტიანობაა, რაი სამართალია? ან რაისთვი გინდათ ან დიამბეგი, ან ნაჩალნიკი? რაისთვი გინდა იმათთან ჩივილი? შენმა მეზობელმა თუ გაწყენინა რაიმე, შენივე მეზობლები შეჰყარე, მონახე უფროსი კაცები და, რაიც იმათ გითხრან, ის გაიგონე.
- არა, პაპაუ, მე თემის ხალხი არ მინდა, მე ზაკონის გზა კარგად ვიცი, - მკაცრად წამოიძახა გირგოლამ და წამოიწივა.
- ზაკონის გზა ის თუა, რომ ქალს, რომელსაც არ უყვარს შენი ძმა, ძალად ჯვარი დასწეროთ იმაზედ? - გაჯავრდა პაპა.
- მე ხემწიფის სამსახურში ვარ, მე ეგრე ადვილად როდი ამაგდებინებენ მასხარადა. - ცხარობდა გირგოლა.
- თემის პირს ნუ არღვევთ! ნათქვამია: „ხმა ღვთისა და ხმა ერისაო“...
- თემი, შენი ჭირიმე, - დაცინვით წამოიძახა გირგოლამ: - ძალიან რამე არაა ჩვენი თემი!.. მე ზაკონით გესაუბრებით, ზაკონით.. მაგრამ რას გელაპარაკებით, მაძლევთ ქალსა, თუ არა? - მიუბრუნდა ისევ ონისეს.
- ვინ გიჭერს ქალსა, ვინა? - დაიძახა ონისემ, რომელსაც კარგად ესმოდა გირგოლას ძალა.
- სულ ეგრე იძახით და ბოლო კი აღარა სჩანს.
- თუ კი არ უყვარს შენი ძმა, საითგან უნდა მისცენ? - ჩაუმატა ისევ პაპამ.
- არა, პაპაისი, ჩვენ მაგის დღე არა გვაქვს, რომ ქალი დაუჭიროთ, - გაურია სიტყვა მახიამ, რომელიც აქამდინ ჩუმად იჯდა და ლაპარაკში არ ერეოდა.
- ეგ ხემწიფის სამსახურშია, - წარმოსთქვა ისევ ონისემ: - ჩვენ მაგასთან ბრძოლის თავი ვინ მოგვცა? დეე წაიყვანოს ის ქალა-შავა.
- რაი სთქვი ეგა? - წამოხტა გაჯავრებით პაპა: - ფუი შენს ნამუსს! ქუდი აღარ გხურავს თავზედ? დიაცი ყოფილხარ, ონისე, დიაცი!.. ძალამ ისე როგორ უნდა შეგაშინოს, რომ ოჯახიდგან ქალი გაიყვანო და ისეთს კაცს მისცე, რომელიც თქვენ ქალს არ უყვარდეს?.. აჰუ! მშიშარაი ჰყოფილხარ, მშიშარაი, მოკვდეს შენისთანა კაცი! - ხელის ქნევით და სიბრაზით წარმოსთქვა პაპამ.
- რაისთვი სჯავრობ, პაპაისი! - დაიწყო მახიამ. - მაშ ისა სჯობს, რომ ყველანი ციმბირს გაგვგზავნონ ერთაი ქალა-შავას გულისათვის?
- ციმბირს რაისთვი გაგვგზავნიან?.. მაშ სამართალი აღარა ყოფილა! ხალხი გაწყვეტილა! - ცხარობდა პაპა: - ემისთანა მაიმუნებმა უნდა შეგაშინოს? ვაი ჩემო ყმაწვილ-ბიჭობავ, რა გითხრა, თორემ მე ვაჩვენებდი ემას თამაშას.
- ღთის მადლმა, თუ ნუნუ არ მომცეს, ესე მოვაშორებ ონისეს აქაურობას, რომ აქაური ღურბელიც ვეღარ დაინახოს, - დაიძახა გირგოლამ.
- ვინა? შენა?... აი შე ბუგრიანო, სადა მაქვს ეს დაშნა ტიალი, რომ ეხლავ ხმას არ გაგაწყვეტინებ?
ამ სიტყვებით საჩხუბრად მოიწია პაპამ გირგოლაზედ, მაგრამ ონისე და მახია შუაში ჩაუდგნენ და გააშველეს.
პაპა თუმცა მოაშორეს, მაგრამ ის მაინც არ მშვიდდებოდა და იწევდა გირგოლაზედ, რომელსაც თავის მხრით დაედო ხანჯალზედ ხელი და ისე მოელოდა იმას. ონისემ, როგორც იყო, პაპა გაიყვანა გარეთ, გაისტუმრა და თითონ კი ისევ შინ შემოვიდა.
- დამაცადოს მაგ გაშტერებულმა და თუ ბეგარაში სული არ ამოვართვი, მე გირგოლაი არ ვიქნები! - დაემუქრა იასაული.
ამის შემდეგ ისინი ისევ დამშვიდნენ და დაიწყეს თავიანთ საქმეზედ ლაპარაკი.
- არა, შენი ჭირიმე, ჩვენ ქალს არ გიჭერთ; მოდით როცა გინდათ, წაიყვანეთ თქვენი ქალი, - უთხრა ონისემ.
- ოღონდ შენ კი დასტური დამეცი და, ვინც წამართოს, ალალი იყოს. ღთის მადლმა, თუნდა დღესვე გავიტაცებდი.
- აქედგან ნუ, გირგოლაისი, თორემ მაგათაც მამის ძმები ჰყავსთ, უხიფათოდ არ დაგანებებენ, - გააბრთხილა მახიამ.
- მაშ საითა?
- მაშ ან მთაში, ან წისქვილში გავგზავნით და მაშინ შეგატყობინებ, გაიტყუეთ და რაც გინდათ ის უყავით.
- რამდენიმე ხანი გახიზნება კი მოგინდებათ ამ სოფლიდგან, - დაუმატა ონისემ.
- მაგისი კი მე ვიცი, - წარმოსთქვა მხიარულად გირგოლამ: - მაგრამ როდისა, როდის?.. აგერ ორი კვირაა ჩემი ძმა შინ მყავს, მეცხვარედ ცხო დავიჭირე და ის დადის ცხორში. ნინიაიც ჩქარა უნდა გავგზავნო, თორემ, თუ საქონელში პატრონის თვალი არა ბრუნავს, წყალსავით დაილევის.
- დაილევის, ღთის მადლმა, დაილევის, - დაემოწმა ონისე.
- თვალ-ყური ჩვენკე გქონდეს, მზად იყავ და, რაწამს საქმე ხერხად მოვა, მე მაშინვე შეგატყობინებ.
ამ სიტყვების შემდეგ ისინი კიდევ რამდენიმე ხანი დარჩნენ ერთად და ცოტა მუსაიფის შემდეგ დაიშალნენ.
გირგოლამ იმავე დღეს დაიბარა რამდენიმე შეიარაღებული ოსი, რომლებიც ხევში განთქმული იყვნენ თავიანთი ავაზაკობით და უპატიოსნო მოქმედებით.
ამ დღიდგან ის მზად იყო ნუნუს გასატაცებლად და ელოდა მხოლოდ მახიას კაცს, რომელსაც დრო და ადგილი უნდა შეეტყობინა.
ერთ დღეს მთელი სოფლის ყმაწვილ-ქალობა გერგეტის მთაში, სადაც ქუბი და შავი ხილი უნდა მოეკრიფათ, წასასვლელად ემზადებოდნენ. ამგვარად ისინი ყოველ ზაფხულს რამდენჯერმე შეიყრებიან ხოლმე და არა იმდენად ხილის მოსაკრეფად, რამდენადაც დროს გასატარებლად და გულის გასართობად გაისეირნებენ ხოლმე.
ქალები გროვდებოდნენ ფოდორცაში და ელოდნენ თავთავიანთ მეგობრებს, ამხანაგებს.
- მახიაისი, მეც ხილობ წავალ! - მიექცა ნუნუ თავის ძალუას.
- წადი, რაი მენაღვლების? - უპასუხა იმან და როგორღაც უცნაურად გაიღიმა; - მე თითონ მინდოდა გამეგზავნე, გულს გაირთობ, თორემ აგერ რამდენი ხანია, პირზედ ღიმილიც არ მოგსვლია.
ნუნუმ ამოიოხრა, წყნარად აიღო კალათა ხელში და პასუხისმიუცემლივ გავიდა გარეთ.
ნუნუს გასვლაზედ მახიას სრულებით შეეცვალა სახე და განსაკუთრებითი ზრუნვა დაეტყო.
ის მივიდა, გააღო წყნარად კარი და იქიდგან დაუწყო ყურება ნუნუს, რომელიც მიეშურებოდა თავის ტოლსწორ ქალებისაკენ. რაწამს ნუნუ მოეფარა სახლებს, მახიამ მოუთმენლად დაუწყო ძახილი ერთს პატარა ბიჭს, რომელიც იქვე კოჭებს თამაშობდა.
იმან მოირბინა საჩქაროდ, ჩაიყარა კოჭები ჯიბეში და დაუწყო ყურება დედას.
- გაიარე ჩქარა და გირგოლას უთხარ - ეხლავ აქ მოვიდეს. უთხარი, რომ ძალიან საჭირო საქმე მაქვს-თქო.
ამ სიტყვებზედ ბალღი გაბრუნდა და სირბილით წავიდა, მახია კი შინ შევიდა, სადაც მოუსვენრად მოელოდა გირგოლას, რომელსაც უნდა აღსრულებაში მოეყვანა თავისი სურვილი, რომელსაც ისე შემწეობდა ნუნუს გერგეტის მთაში წასვლა.
ქალები მხიარულად, სიმღერით და თამაშობით გაემგზავრნენ. იმათ ოხუნჯობას და ერთმანეთში ლექსობას ბოლო აღარა ჰქონდა.
- მთელის თვეობით დამწყვდეული და მუშაობით თავმობეზრებული, ეხლა ისინი ჰგრძნობდნენ სრულს თავისუფლებას და ნამდვილს გულწრფელს მხიარულებას ეძლეოდნენ.
ამათ მისდევდა ნუნუ, როდისღაც მხიარულების, ლხინის და თამაშობის მოთავე, დაღონებული, შეწუხებული და დაფიქრებული. მარინეს, ამის მეგობარს, რომელიც ჩამოსულიყო სხვა სოფლიდგან და გვერდით მისდევდა, ვერ გაებედნა ხმის გაცემა თავისი მეგობრისთვის, რათა ნუნუს დამაღონებელის საგნის შეხებით მეტად არ დაელბო მისი გული და ცრემლები არ გადმოსდენოდა იქ მყოფის ქალების სასაცილოდ და საოხუნჯოდ.
ასე მხიარულად და ლაღობით ქალები შევიდნენ წმინდა სამების ტყეში, რომელიც ხატის ტყედ ითვლება და ამ შემთხვევას იმ გარეგანი შეხედულების დასამშვენებლად გადაურჩენია.
ყველანი გაეკიდნენ მარწყვს, ხახამას, შავ ხილს და ჭუკსა. ასე რომ ნუნუ და მარინე სხვების შეუნიშვნელად დაშორდნენ ამხანაგებს, ჩავიდნენ მდინარე ჩხერის პირსა, სადაც პირები დაიბანეს და დასხდნენ.
ისინი კარგა ხანს ისხდნენ ჩუმად და ერთმანეთს ხმის გაცემას მაინც ვერ უბედავდნენ.
- რა ამბავია, რად არას მეტყვი? - ბოლოს გასწყვიტა სიჩუმე მარინემ.
- რაი-ღა გითხრა? - მხრების აწევით წამოიძახა ნუნუმ: - ჩვენებმა ურვათი სულ აიღეს, მე საქორწილო ტარავალს მიკერავენ. გირგოლაიც ქორწილს ემზადება თურმე და იაგოსი კი არა ისმის-რა, - წარმოუდგენელის მწუხარებით დაიწყო ნუნუმ და ცრემლები მოერია თვალებში.
- მაშ არ იშლიან, ნინიაზედ გათხოვებენ?
- მათხოვებენ, - დაღონებით უპასუხა ნუნუმ და მწარე ღიმილით დაუმატა: - ღთის მადლმა, საქორწილო ტარავალი სულ არად გადამექცევა, და ნინია კი თავის სახლში ვერა მნახავს.
- მაშ რასა იქმ?
- მაგას ქვეყანა და თემი გაიგებს.
- ბედშავო ჩემო თავო! მაშ იაგო რომ არ მოვიდეს, აღარ გასთხოვდები?
- არა.
- რაისთვი არა?... იქნება იაგო კიდეც გამოუშვეს და ვინ იცის საით წავიდა!
- რას მეუბნები, მარინეისი! - გაიკვირვა ნუნუმ.
- მართალს ვამბობ, ღთის მადლმა.
- ნუ მეუბნები მაგას, თორემ გიშუღლებ! - გაჯავრებით შესძახა ნუნუმ და შეიჭმუხნა წარბები: - იაგო მე საით მიღალატებს, ერთურთისათვი ღთის ფიცი გვაქვს მიცემული!..
- შენ იცი, - უპასუხა მარინემ და ჩაფიქრდა.
მარინე თითონაც იყო შეყვარებული, თითონაცა ჰყვანდა „გულის საყორელი“ და თითონაც არავისზედ და არაფრისთვის არ გასცვლიდა თავის სატრფოს, არ უღალატებდა იმას, მაგრამ რა ნუნუს მწუხარებას ჰხედავდა და იაგოს დაბრუნება კი საეჭვოდ შექმნილიყო, ამისთვისა სცადა იმის სახელის ამოფხვრა ნუნუს გულიდგან. მაგრამ, რა შეამჩნივა ნუნუს ისეთი გაჯავრება ამ სიტყვებზედ, ის მაშინათვე გაჩუმდა და ნანობა დაიწყო წარმოთქმული სიტყვებისათვის.
- მაშ ვერ დაივიწყებ იაგოს? - ჰკითხა რამდენიმე ხნის სიჩუმის შემდეგ.
- ვერა, ვერა, მარინეისი, სიკვდილს ვირჩევ, იმის თავს დანებებას... ის ჩემი გულისთვის დაიჭირეს, დაჰკარგეს და მე საით-ღა ვუღალატო?
- მართალს ამბობ, არ გეღალატების, - დასთანხმდა მარინეც.
- რაით-ღა ვუშველო, რაი-ღა მეწამლების? ჩამოვდნი, ჩამოვხმი იმის მოლოდინით და ჩემთვის ნუგეში აღარსაით გაჩნდა. რომ საითმე შემეძლოს, თავს გავყიდდი და იმას კი გადავარჩენდი.
ამ სიტყვების დროს გადაიწია ტყის შტოები, და რამდენიმე შეიარაღებული კაცი გადმოხტა შეშინებულ ქალებთან, რომლებიც წამოცვივდნენ და ერთმანეთს მიეჭუჭკნენ.
ამ კაცებს შორის ქალებმა იცნეს გირგოლა, რომელიც პირდაპირ მივიდა ნუნუსთან, მოჰგლიჯა თავის მეგობარს და დაცინვით უთხრა:
- ახლაც უარს იტყვი?
ნუნუ შიშისგან ცახცახებდა და მთლად დაკარგულიყო. მარინეც, გაფითრებული, ერთს ადგილს გახევებულიყო.
- მოვიდეს და გიშველოს იაგომ, - განიმეორა გირგოლამ დაცინვით.
- გამოიარე, წავიდეთ, - თითქმის ბრძანებით უთხრა გირგოლამ და გადმოუბრიალა თვალები.
- სადა? - დაფანტვით იკითხა ნუნუმ.
- მაგისი მე ვიცი! - კიდევ ჩაიცინა გირგოლამ და გამოსწივა მაჯას. ნუნუ თითქოს მაშინ მოვიდა გონს, გირგოლასთვის მოულოდნელაღ გაიბრძოლა და გაეშვებინა.
- არ წამოვალ ცოცხალის თავით! - შეჰყვირა იმან და თვალები გაღუებულს ნახშირსავით აენთო:- არ გავთხოვდები შენს ძმაზედ, ის მე მეჯავრება, შენცა მძაგხარ, ორნივ დიაცები ხართ, მშიშრები..
- გამოიარე მეთქი! - დაუღრიალა გირგოლამ და დაავლო ხელი.
- ჰაჰაი! დიაცებო, დიაცებო! ქუდი რაისთვი-ღა გხურავთ, თუ კი დედაკაცზედ ეგეთს ძალას მიიტანდით, მაი ჩემი მანდილი მოიხვიეთ, ეგ თქვენ უფრო დაგშვენდებათ! - იბრძოდა ნუნუ, მაგრამ რას გაჰხდებოდა გამხეცებულს გირგოლასთან, რომელსაც მაგრა გაევლო ხელი და მიათრევდა.
- მომეშველენით, - დაუძახა გირგოლამ თავის ამხანაგებს, რომელნიც დოინჯ-შემოყრილნი იდგნენ და ისე იყურებოდნენ, თითქოს იმათ თვალ-წინ არა ხდებოდა-რა. ისინი გირგოლას სიტყვებზედ მისცვივდნენ ნუნუს, ასწივეს ცივ-ცივ და წაყვანა დაუპირეს.
მარინე, რომელიც იქამდინ უსიტყვოდ იდგა, ეხლა მოვიდა ერთბაშად გონსა, მოიგლიჯა თავიდგან მერდინი და კაცებს ჩაუგდო შუაში.
- ჩემს მერდინს დასდეთ პატივი, ჩემს მერდინს აპატიეთ! - დაიძახა იმან, დარწმუნებულმა, რომ ეს საზოგადო მთის ჩვეულება შეწყნარებული იქნებოდა იმ კაცებისაგანაც.
შვილის მომკვლელზედ გამწარებულს მამას იარაღით ხელში რომ მიეწია, ისიც სცემდა ქალის თხოვნას პატივს და რაკი მერდინი გაეფინებოდა ფეხთან, ისიც უკან დაიხევდა, მაგრამ დიამბეგთან გარყვნილი გირგოლა, რომელსაც გადეარა მთის ხალხის ნამუსი და ჩვეულება, რას დაგიდევდა ქალის თხოვნას, ქალის ლეჩაქს, რომელსაც ისეთი საპატიო მნიშვნელობა ჰქონდა როდესღაც მთაში.
- აჰუ! - ხელის ჩაქნევით დაიძახა მარინემ: - თქვენ კაცები აღარა ჰყოფილხართ! ნამუსიც დაგიკარგავსთ და სირცხვილიც.
- იყბედე, იყბედე ეგრე, ბევრს გააწყობ! - ნიშნის მოგებით და დაცინვით უპასუხა გირგოლამ.
- მე არ გავაწყობ, მაგრამ მაგასაც მამის ძმანი ჰყვანან, არ შეგარჩენენ, გირგოლაისი.
- ქალაუ, რას - გადამეკიდე, რაი გინდა?
- ის მინდა, რომ ნამუსს ნუ გვხდით! კაცები ხართ, ქუდები გხურავსთ.
- ონისეს ნებით ვარ აქა, იმან დამარიგა, რომ გაიტაცეო, რაი გინდა, ვის ქომაგად გამოსდიხარ?.. ახლა კი მომშორდი, ღთის მადლმა, თორემ ემაგ ადგილზედ გაგაქრობ.
- ვის გააქრობ, შე წუწკო დიაცო, შენა? - შესძახა იმასა და გაავლო ხელი ერთმა ბიჭმა, რომელიც გადმოხტა ტყიდგან: - აქეთ მოდი, თუ კაცობა რამე გაქვს, აქეთა.
გირგოლამ იცნო კობა, მარინეს გულთ ძგერის მიზეზი, რომელიც მთაში სანადიროდ მიმდინარიყო და ხმაურობაზედ შემობრუნებულიყო იმ ტყეში.
კობა და გირგოლა მოჰხვდნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბრძოლა; ორნივ ძალოვანები შეჰხვდნენ და ორნივ ხერხიანად უვლიდნენ ერთმანეთს.
გირგოლა ცდილობდა კობას ფლატეზედ გადაგდებას, მაგრამ კობამ შეუტყო ეშმაკობა, მოიკრიბა უკანასკნელი ღონე და ძალზედაც დასცა გირგოლა. მასუკან ამოიღო ხანჯალი და, რა გულში ჩაცემას უპირებდა, უკანიდგან გირგოლას ამხანაგი მოეპარა, დაჰკრა თოფის კონდახი კობას შემაღლებულს ხელში და ხანჯალი გააგდებინა. გირგოლამ ისარგებლა ამ წუთით და წამოუდგა ზეზე. კობა მარცხენა ხელით დასწვდა ხანჯალს და გამწარებულმა შეუტია ოსს, რომელმაც ხანჯალი გააგდებინა.
ოსმა წარდგა რამდენიმე ნაბიჯი უკან და მიუშვირა თოფი. კობა მარდად გადახტა, აუკრა თოფის ტუჩს ხელი და თითონ ისეთი ძალით დასცა ხანჯალი მკერდში, რომ ტარიც ნახევრამდინ ჩაიმალა იარაში.
კობამ გამოაძრო ჭრილობიდგან ხანჯალი, მიიხედ-მოიხედა და თავის გვერდით ვეღარავინ დაინახა. გაიქცა იმ მხარეს, საიდგანაც დანარჩენი ოსები ნუნუს მიათრევდნენ, და სერზედ შეამჩნია რამდენიმე ცხენოსანი, რომლებიც მიაჭენებდნენ. ესენი გახლდნენ გირგოლა და იმისი ამხანაგები, რომელთაც პატარძალი მიჰყვანდათ გირგოლას ძმის ნინიასთვის.
კობამ ჯავრით კბილები გაუხრჭიალა, რადგანაც ცხენოსნებს ვეღარ მოსწვდებოდა.
- დამაცადე, გირგოლაუ, დამაცადე! - დაემუქრა კობა და მოუქნია მუშტი, - თუ შენ ხელიდგან წამიხველ და ჩემი ჯავრი შეგარჩინე, ეს ულვაშებიმც ნუღარა მესხმის.
მაშინ მოაგონდა თავისი საყვარელი მარინე, რომელსაც ბრძოლის დროს შიშისაგან გულს შემოჰყროდა და გახურებულს, აღელვებულს კობას კი ვერ შეემჩნივა.
როდესაც დაბრუნდა კობა ბრძოლის ველზედ, იმან პირველად მოკლული ოსი დაინახა, რომელიც გულაღმა გადაბრუნებულიყო და სიკვდილს მწარედ დაემახინჯებინა, დაეღმინჭა პირისახე.
კობამ ზიზღით შეჰხედა იმას და დაიძახა:
- რაზედ მომაკვლევინე თავი, რაზედ გამრიე შენს სისხლში?
მერმე მობრუნდა და დაინახა გულშემოყრილი მარინე და შეშინებული გაქანდა იმისკენ.
ამას ეგონა, რომ მარინეც დაჭრილი იყო და ამისთვის მწარედ წამოიძახა:
- დიაცების ხოცვის დროც მოვიდა, განა? სიკვდილი არა სჯობს ამ სიცოცხლეს?!
მაგრამ, რაწამს დაეხარა თავის საყვარელს, ის მაშინვე გონს მოვიდა, რადგანაც კობა ფათერაკს გადარჩენილი, უვნებელი და კარგადმყოფი დაინახა. გულმა აღარ გაუძლო და მადლობის ნიშნად ცრემლები გადმოედინა.
ის მაგრა მოეხვია კობას და, დარწმუნებული, რომ ყველა უსიამოვნება ასცდათ, დაუწყო იმას გატაცებით კოცნა და ალერსი.
სამწუხაროდ, გრძნობისაგან აღელვებულები ჩქარა უნდა გამოსულიყვნენ სასიამოვნო თავდავიწყებიდგან და მწარე ჭეშმარიტება გაეგოთ, და ეს კი კობას, როგორც კაცის მკვლელს, აშორებდა თავის ქვეყანას, თუ თავის ტუსაღად ჩაგდება ან სიკვდილი არ უნდოდა.
ისინი შეჰკრთნენ, დაფიქრდნენ, მაგრამ ჩქარა გაიგეს თავიანთი მდგომარეობა. ამიტომაც ისე საჩქაროდ გამოეთხოვნენ ერთმანეთს, თუმცა ეს დაშორება ყველაზედ ძნელი იყო იმათთვის.
ქალი გაერია დანარჩენ ქალებს, კობამ კი თოფს წამოავლო ხელი და გასწია, ვინ იცის, საითკენ...
ამავე საღამოს, იმის შეუხედავად, რომ ნუნუ ხმამაღლა უარს ამბობდა თავის გათხოვებაზედ, იბრძოდა და არა დგებოდა, სოფ. ხ. საყდარში მღვდელმა ნუნუ და ნინია ძალად შეაუღლა იმ უღლით, რომლიდგანაც დაშორება ხალხის ხელში აღარ იყო...
ნაწილი მეორე
არშის ციხე, რომელიც თავის სიმაგრით განთქმულია არა მარტოკა ხევში, არამედ საქართველოს ისტორიაშიც, თითქოს განგებ შემოზღუდულა ამაღლებული კედლებით, რომელსაც კაცი, გარდა ერთის მხრით, ვერა ღონისძიებით ვერ მიუდგება. ის ერთი მხარეც ისეთი გასაჭირი ასასვლელია რომ ერთს კაცს შეუძლიან მთელი ქვეყნის ჯარი შეაყენოს, რადგანაც ბილიკი, რომელიც წვრილს სარტყელსავით მისდევს სიპს კლდეს, ერთს ადგილს იქამდინ ვიწროა, რომ ერთ კაცსაც კი უჭირდება თავისუფლად გავლა.
ამრიგად შემოზღუდული არშის სიმაგრე შუაში შეიცავს მშვენიერს მწვანე მინდორს, ათასის სურნელოვანი ყვავილებით და ისეთი ცივის წყაროთი, რომ კაცს უკვდავება ეგონება. აქ გაკეთებულია გამოქვაბულები, რომელშიაც კაცს თავისუფლად შეუძლიან თავის შეფარება. ამ ციხეს დიდი ხანია რაც თავი დანებებული აქვს, აქ აღარავინა სცხოვრობს; მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეიყრება ხალხი. რომ ადიდოს არშის წმინდა გიორგის დროშა, რომელიც იქვე ერთს გამოქვაბულში ასვენია.
რამდენიმე ნაბადი, რომელიც გამოფენილი იყო მზეზედ. და ერთის გამოქვაბულის გახეთქილის კედლებიდგან ამომდინარი კვამლი ამტკიცებდა, რომ აქ ვიღაცანი უნდა დასახლებულიყვნენ.
მზე გადაიწვერა. როდესაც ერთი მოხევე, დაღონებული და შეწუხებული, გამოვიდა სადგურად გამხდარის ქვაბიდგან, მივიდა წყაროს პირს, დადგა რამოდენიმე ხანი, ამოიოხრა და დაჯდა.
იმის დაფიქრებული სახე, გაშტერებული მიჩემება ერთი მხრისკენ, ამტკიცებდა, რომ ის ღრმა ფიქრს მისცემოდა და იმისდაგვარად ეცვლებოდა პირისახის გამომეტყველება. რარიგი აზრიც გაურბენდა თავში. ბოლოს კიდევ მძიმედ ამოიოხრა, მიუშვირა მუჭი მჩქეფარე წყაროს და დალევის შემდეგ ძალზედ ამოიქშინა.
- რაი ვქმნა, მიყვარს და რაი ვუყო? - წამოიძახა იმან და ჩაჰკიდა თავი.
ამ დროს სახლიდგან გამოვიდა მეორე კაცი და გასწია წყაროსთან მჯდომისაკენ. ის ისე მივიდა, რომ პირველმა ვერ შეამჩნივა.
- ნინიაუ! - მხარზედ ხელის დაკვრით უთხრა ახალ მოსულმა.
- ჰა! - შეკრთომით წარმოსთქვა ნინიამ და ცოტა სიჩუმის შემდეგ გააგრძელა: - შენა, გირგოლაუ?
- ჰო, მე ვარ, - უთხრა გირგოლამ და ისევ რამოდენიმე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
- ახლა ცხორს აღარ მიჰხედავ? - გაწყვიტა სიჩუმე ისევ გირგოლამ, მაგრამ პასუხი ვეღარა მიიღო-რა და ისევ თითონ სთქვა:
- დაილია, ბიჭავ, საქონელი, რაით-ღა უნდა ვიცხოვროთ? ჩვენი სარჩო-საბადი ეგაა.
- მე რაი ვუყო? ოხრათამც დარჩენილან! - დაღონებით უპასუხა ნინიამ.
- რაისთვი, რაისთვი?..
- იმისთვი!
- სულ ხომ დედაკაცს არ მოუჯდები გვერდსა, სირცხვილია, ღთის მადლმა! ქვეყანა დაგვცინებს.
- წყალსამც უზიდნია ცხორიცა და ქვეყანაცა!
- აჰუ! - ჩაიქნია ხელი გირგოლამ: - მაშ რაი გინდა, რა?
- რა ვქნა, გირგოლაისი? მე თავადაც არ ვიცი, რაი მინდა. ვიწვი, ვდნები და იმას კი არა აქვს ჩემი სიყვარული!.. რაისთვი შემრთე, რად ჩასდეგ ჩემ ცოდოში?.. მიშველე, მიწამლე რაიმე...
- აბა რაი გიყო, რაი გიწამლო?.. ჩემი ცოლი ყოფილიყო, მე გავაგებინებდი, და შენ რომ არა შეგიძლიან-რა, მე რაი უნდა გიყო?.. ქალაი ხარ, ქალაი!..
- რაი ვქნა, რაი? - ხელების მტვრევით და თითქმის ტირილით წამოიძახა იმედ-დაკარგულმა ნინიამ.
- რა იყო? კაი-კაი მათრახები იმას და, ღთის მადლმა, იფნის სახრესავით მოიქნების.
- კიდევ მათრახები, კიდევ ცემა? - წარმოუთქმელის მწუხარებით წარმოსთქვა ნინიამ: - განა ცოტა ვცემე?.. აღარ შემიძლიან! გული მიკვდების! იმას რომ ვცემ, ასე მგონია, მე მცემენო...
- გეუბნები, ქალაი ხარ მეთქი!.. მაგის მეტი თუ აღარ შეგიძლიან-და, ცხორს მაინც მიჰხედე... სანამ მე ვეცდები ეგების მოვარჯულო...
- წავალ, წავალ, მა რაი-ღა უნდა გავაკეთო? აგერ ორი თვე შესრულდა რაც შევირთე, მაგრამ იმან არც ცემით და არც დაყვავებით არ მიმიკარა.
- გეუბნები, მე ვეცდები, შენ კი წადი.
- აგრე, აგრე.
- მაშ როდის წახვალ?
- აი, გზიურ წავალ... შინ რაისთვი-ღა შევიდე?... - უთხრა ნინიამ, რომელიც მივიდა გამოქვაბულის კარებთან, შესდგა რამოდენიმე ხანი, მერმე აიღო გუდა, შესდგა კიდევ, აიღო კომბალი, წარსდგა რამოდენიმე ნაბიჯი სადგურისაკენ, მაგრამ ისევ თავი შეიკავა, გამობრუნდა საჩქაროდ და მოვიდა ძმასთან.
- გირგოლაუ, მე მივდივარ და შენ იცი!.. ღთის მადლსა, ძალიან ნუ შეაწუხებ... რა ვუყოთ, რომ არ უყვარვარ, ის ლამაზია და მე... მე კი გონჯი.
ამ სიტყვების შემდეგ ნინია მღელვარებისაგან ბარბაცით გაემართა ციხის გასავლისაკენ და ჩქარა მიეფარა აქა-იქ ცხვირ-წამოწვდილს კლდეებს.
გირგოლა კარგა ხანს უყურებდა თავის უშნო ძმას, რომელიც უმადურად მიიზლაზნებოდა ბილიკზედ და, საზოგადოდ ისეც პატარა, ეხლა თითქოს ერთი-ორად გალეულიყო.
გირგოლა იდგა და უყურებდა რაღაცა-გვარის თვალებით და კაცი ძნელად გარდასწყვეტდა - ამ დროს რასა ჰგრძნობდა იმისი გული: ეს გამოხედვა იყო სიზიზღე, სიბრალული თუ სიხარული თავის ძმის უხეირობისა!
პატარა ტანის ნინია, კუზიანი და ბლუ, მართლა შესაბრალისს სურათს წარმოადგენდა, გალეული და გაცრეცილი პირისახე, პატარა, უსიცოცხლო თვალები კიდევ უფრო ამახინჯებდნენ იმას.
გირგოლამ უკანასკნელად შეჰხედა და თითქოს ზიზღით წამოიძახა:
- ეგ საით ჩემი ძმაა!..
ამ სიტყვების შემდეგ ის წყნარად გამობრუნდა და გასწია ბინისაკენ, სადაც დამწყვდეული ნუნუ ჰყვანდათ.
ჯვარისწერის შემდეგ ესენი გამოიხიზნენ ამ სიმაგრეში, რადგანაც ეშინოდათ ქალის მამეულებს არ გადაეხადათ იმათთვის. იქ ელოდნენ შერიგებას და კაცებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. ყველაზე მეტად მახია და ონისე ცხარობდნენ, რადგანაც ქვეყნის თვალში თავის გამოჩენა უნდოდათ.
ამ შუაკაცობაში თუმცა დრო მიდიოდა, მაგრამ ნუნუ ვერა საშუალებით ვერ დაიმორჩილეს. ის ვერც მოფერებამ, ვერც ჯავრობამ, ვერც ცემამ ვერ მოაჭკვიანა და ვერ შეაჩვია თავის მდგომარეობას, თავის ქმარს.
ბევრმა ძალდატანებამ ქალი გაჰხადა, ჩამოახმო, მაგრამ ხასიათის ძალა მაინც ვერ გაუტეხეს და ვერ მიაკარეს ნინიას. ყოველ ქალის უარს, წინააღმდეგობას ნინიაზედ დამამორჩილებელი მოქმედება ჰქონდა და ბოლოს, თითონ ნინია, რომელიც მბრძანებელი უნდა შექმნილიყო, მოულოდნელად გარდაიქცა ქალის ბრძანების აღმასრულებლად. ის იქამდინ დაიმორჩილა ნუნუმ, რომ მარტო შეხედვით კანკალს დააწყებინებდა.
ამას მიემატა სიყვარული, რომელმაც ყურმოჭრილ ყმად გაჰხადა ნინია; ეს დიდი ხანი აღასრულებდა ნუნუს სურვილს, თავს დაანებებდა და გაუშვებდა შინ, მაგრამ, პატარაობიდგანვე დაჩაგრული, დამორჩილებული თავის უფროსი ძმისაგან, ვერა ჰბედავდა იმის ბრძანების გადასვლას. ერთის სიტყვით, ნინია ორ ცეცხლს, ორ მბრძანებელს შუა იყო და, რა დროსაც რომლის მბრძანებელის გვერდით იყო, იმ დროს იმის ბრძანებას ასრულებდა, თუმცა კი ორივე შემთხვევაში ერთ-რიგად იტანჯებოდა, იდაგებოდა.
გირგოლა არა ჰგვანდა იმას. ის ღონიერი, ძლიერი, მხარბეჭ-გადგმული, იყო ჯიუტი და შეუპოვარი. იმისი გაქვავებული გული, რაკი ერთხელ მოიწადინებდა რასმე, საშუალებას აღარ დაერიდებოდა იმის აღსასრულებლად; ვეღარც ხვეწნა, ვეღარც მწუხარება, ვეღარც ცრემლები ვერ შეაყენებდნენ: მოუვიდა თავში აზრი - და გათავდა, უნდა აღესრულებინა თავის გუნების სურვილი.
როდესაც გირგოლა მოვიდა ქოხის კართან, მზე გადაწვერილიყო და უკანასკნელ სხივებს ოქროსფრად მოეფარათ უსწორ-მასწოროდ აშვერილი კლდის წვერები. იმათ თითქოს უკანასკნელად ესალმებოდა ეს შუქი და შეწუხებულს მთის წვერებს ამგვარის უბედურობით ფერი სცვლოდათ. ჩრდილოეთიდგან მთა-მთა, როგორც მოწინავე ჯარი, წყნარად მიიპარებოდა ნისლის პატარა ნაჭრები და, ამათ ცოტა დაშორებით, შემოჭედილიყო შავად მოქცეული ნისლი. წინ უხდებოდა კვირცხლი ნიავი, შლიდა, აბრუნებდა, ატრიალებდა, მაგრამ ნისლს თანდათან ემატებოდა; ის იზრდებოდა თანდათან და ჯერ შეუმჩნევლად, თითქო ნაბიჯით მოიპარებოდა; მერმე ერთბაშად დაჰბერა ჩრდილოეთის ქარმა და გამოსწია შეუპოვარმა ნისლმა. აქამდისინ მხიარული დღე, ერთბაშად მოიქცა პირქუშ მგლოვიარედ. ცა და დედამიწა მოიფერა ტყვიის-ფრად და ეს ფერი თითქოს მძიმე ლოდს ადებდა ადამიანის გულს.
ბოლოს ერთბაშად შეცხა, შეჩერდა ქარი, გაჩუმდა ყოველისფერი ბუნებაში; თითონ ჩამონადენი წყალის ჩხრიალიც კი უფრო ყრუდ მოისმოდა; კაკბების კაკანი და შურთხთ სტვენა, ისე ჩვეულებრივი საღამოს, აღარ მოისმოდა.
ერთბაშად იჭექა ცამ, მოისმა გრიალი და ამას მოჰყვა წვრილი, მაგრამ ჩქარი ხორხოშელა, წვიმასთან ერთად ნარევი. მთა, მინდორი, ღელეები ერთბაშად თითქოს მდინარეებად გარდაიქცა და გალექებული წარმოუთქმელის ძალით გაქანდა თავქვე.
გირგოლა, თითქოს გაექვავებინა ბუნების ძალას, შიგ გამოქვაბულის კარებში გაჩერებულიყო.
ნუნუ მწარედ დაღონებული, მობუზული იჯდა კერის პირს და ჰფიქრობდა თავის მწარე დღეებზედ; იმისი პირისახე დამსგავსებოდა წმინდა სანთელს და ჟუჟუნა, მომღიმარი თვალები თითქოს სადღაც ჯურღმულში ჩასცვივნოდა.
პირველმა დაქუხებამ ორნივ იქ მყოფი შეაკრთო. ნუნუმ გადაიწერა პირჯვარი და გირგოლა კი შინ შევიდა.
ქოხში საკმაოდ ჩამობნელდა და მხოლოდ ჩქარ-ჩქარი ელვა ანათებდა იქაურობას. გირგოლა მივიდა, ჩამოჯდა „მარტო-შკამზედ“ და ჩაფიქრდა. ნუნუ მთლად ცახცახებდა. მობურვილი დღის მიზეზით, თუ სხვა რომელიმე გრძნობათა მღელვარების გამო, იმას გული უდუღდა და ცრემლები მოჰრეოდა თვალებში. კარგა ხანს ასე ჩუმად ისხდნენ.
- ქალაუ! - ბოლოს გასწყვიტა სიჩუმე გირგოლამ და იმის ხმა გამოისმა როგორღაც ყრუდ, უსიამოვნოდ. ნუნუ, რომელიც თითქოს ამ სიტყვებს ელოდა, შეჰკრთა, გაჟრჟოლდა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოედინა.
- შენი ქმარი გავგზავნე... - გააგრძელა გირგოლამ და ისევ გაჩუმდა.
- რა მოგდის? - დაიწყო ისევ გირგოლამ.
- რაი ვუყო, რომ გაგზავნე? - უპასუხა ნუნუმ.
გირგოლა კარგა ხანს დააცქერდა და მერმე ჰკითხა:
- რაისთვი არ გიყვარს შენი ქმარი?- რაისთვი არ მოგწონს?
- მე ქმარი არა მყავს, - მისცა მოკლედ პასუხი.
- ღთის მადლმა, მართალს უბნობ! - უპასუხა გირგოლამ და გაიხარხარა: - ეგეთი ქმარი თუნდ იყოს და თუნდ არა!.. შენ ეგეთი ქმარი კი არ გინდა. აბა, რა კაცია ჩემი ძმა?!
- მაშ რაისთვი-ღა მომიტაცეთ, რაისთვი ჩადეგით ჩემ ცოდვაში? - დაღონებით და საყვედურით უპასუხა ნუნუმ.
- რაისთვი?.. - იკითხა გირგოლამ და ჩაიცინა.
- ჰო, რაისთვი!
გირგოლა გაფითრდა და ცოტა სიჩუმის შემდეგ წყნარად, მაგრამ გარკვევით უპასუხა,
- იმისთვი, რომ მიყვარხარ.
ნუნუ არ მოელოდა ამ პასუხს, რომელმაც სიტყვა გაუწყვიტა პირში. გირგოლა წამოდგა და გაიარ-გამოიარა.
- გაიგე ახლა, რადაც მოგიტაცე? - ის მივიდა ქალთან ახლოს და ხელის მოხვევას უპირობდა.
- შორს!..- ხელის კვრით მოიშორა ნუნუმ: - ცოდვიანო, შენი ძმის ცოლს მაგას რას მეუბნები!
- ქალაუ! მოვკვდი, ჩამოვდნი, დავილიე შენის ცქერით! ღმერთი არა გწამს, არ გებრალები?
- შენ გიყვარდი და შენ ძმაზედ დამწერე ჯვარი?! კარგია-ღა, კარგი!... გეყოფის-ღა სიცილი.
- ღთის მადლმა, მიყვარხარ და არცვის არ დავუთმობ შენს თავს... ჩემი ძმის სიკვდილიც რომ დამჭირდეს, ემ ხანჯალს ტარამდინ ჩაუსვენ გულში და იმასაც არ დაგანებებ.
- რას უბნობ, ცოდვიანო, რასა?.. მაგით გინდა შემაშინო?!..
- მაშ რაით დაგაჯერო, რაითა შემოგფიცო?
- ან ღთისა არ გეშინიან, ან ხატისა?
- ნუნუ, ნუ მტანჯავ, ნუ მაწვალებ, ნუ, ღთის მადლმა, თორემ არ ვიცი რაი აგიტეხო შენცა და ჩემს თავსაცა!
- რად არ ჩამომეხსნები, რაი გინდა ჩემგან?
- შენი სიყვარული!
- შენ... შენ შეგიყვარო!.. შენ, რომელმაც დაღუპე, ცოცხალი მიწაში დამარხე იაგო?.. შენ, რომელმაც უღმერთოდ დამიბნელე დღე?.. შენ, რომელმაც იმედი გადამიწყვიტე ყოველ სიხარულზედ... რაის-ღა პირით მეუბნები, რომ შეგიყვარო?...
- ძმაც შენი გულისთვი დავკარგე, ქვეყანასაც შენთვის გამოვაკლდი...
- შენ ძმაზედ რაღად დამწერე ჯვარი, თუკი შენ გიყვარდი? - გააწყვეტინა აღელვებით ნუნუმ - ეგეც ჩემი სიყვარულით მოგივიდა?
- ჰაი, ჰაი, რომ შენი სიყვარულით... მე ჯვარდაწერილი ვიყავ, მეორედ აღარ დამწერდნენ ჯვარსა. ცოლიც შენის გულისთვის გავაგდე, ჩემ ძმაზედაც შენის სიყვარულით დაგწერე ჯვარი... ჩემი ძმა მე ვერ მომშორდების და იმას კი - ჯვარდაწერილი ცოლი.
ნუნუ გაშტერებული, გონებადაბნეული ყურს უგდებდა ნამუსდაკარგულ კაცის ლაპარაკს, ცდილობდა კარგად ჩაესმინა ეს ურცხვი ლაპარაკი, მაგრამ მაინც არა სჯეროდა, რომ ადამიანის შვილს ამ სიმცირემდე მისვლა შეეძლო. იმას ეგონა, რომ გირგოლა მარტო ან გამოსაცდელად ელაპარაკება, ან არა-და დასცინოდა.
- ქალაუ, გაიგონე! შენ ჩემი უნდა იქმნა, ჩემთვის მოურგიხარ წერას.
- ჩემს სიკვდილს უფრო მალე ჰნახავ, სანამ მაგას!
- ქალაუ, შენ ხუმრობ, მაგრამ მე კი არ მეხუმრების! - გაიქნია თავი გირგოლამ: - აქამდინ დაგაცადე, ხათრად ეგეცა კმარა!
ამ სიტყვების შემდეგ ის მივიდა ქალთან და ხელი გაავლო. ნუნუმ გაიბრძოლა, მაგრამ ღონიერად ჩავლებულს ხელს ვერ გამოუსხლტა,
- გირგოლაუ, გრცხვენოდეს! - დაიძახა იმან.
- რაი-ღა სირცხვილისა, ღთის მადლსა? - უპასუხა იმან ურცხვად და მიიკრა გულზედ.
- შენი ძმის ცოლი ვარ... არშის წმინდა გივარგის სტუმარი, იმის ხათრი შეინახე!.. აჰუ! კაცი არა ჰყოფილხარ! დამეხსენ, იწამე ღმერთი! - ეუბნებოდა ხვეწნით ნუნუ, მაგრამ ვინ იყო იმისი მსმენელი.
აღელვებულს გირგოლას ქალისთვის გაშმაგებით ჩაევლო მკლავებში ხელი და ისე ძალზედ უჭერდა, რომ ძვლებს ჭახჭახი გაჰქონდა. გირგოლას შეჭმუხვნილი წარბების ძირიდგან გაღუებულს ნაღვერდალსავით გამოიყურებოდნენ შესაზიზღი თვალები. კბილებ-მოჭერილი, ცხვირის ნესტოებ გაგანიერებული, მძიმედ, მაგრამ ძალზე, ძლივსღა იქცევდა სულსა. იმას იმ დროს ყოველისფერი დაჰვიწყებოდა და მარტო ერთს პირუტყვულს წადილს დაემორჩილებინა, შეეპყრო.
ნუნუმ უნებურად შეჰხედა იმას და, რა დაინახა იმის დაპრანჭული სახე, დარწმუნდა, რომ სიტყვებს აღარავითარი გავლენა აღარ ექნებოდა გამხეცებულს კაცზედ. ის იწოდა, იტანჯებოდა თავის მდგომარეობით და, დადუნებული, თითქოს რკინის ჭახრაკ მოჭერილი, მკლავები წარმოუთქმელს ტკივილს აგრძნობინებდა.
გირგოლამ მეორე ხელი მოჰხვია წელზედ, მიიკრა ახლო და აცახცახებულის, ნერწყვ-მოსულის ტუჩებით საკოცნელად მიიზიდა; მაგრამ იმან მიახლოვება ვერ მოასწრო, როდესაც ცამ ძალზედ იჭექა და უსიამოვნო გოგირდის სუნი დატრიალდა; ეტყობოდა, ახლომახლოს სადმე მეხი უნდა ჩამოვარდნილიყო.
ამ ჭექამ გირგოლა შეაკრთო და თავისავე უნებურად ხელები გააშლევინა. რაწამს ნუნუს თავი თავისუფლად დარჩა და პირველი გაშტერებიდგან გამოვიდა, ის წამოვარდა, მიჰვარდა ცულს, რომელიც იქვე ეგდო, აიტაცა და ისე გამოვარდა გარეთ.
გირგოლამ, რომელიც უკან გამოეკიდა, წინ გადაურბინა და გზა გაღაუღობა.
- ქალაუ, ხუმრობ თუ?! - დაცინვით შესძახა იმან: - ღთის მადლმა, აგრე ადვილად ვერ წახვალ.
- გამეცალე, შე თათარო, ურჯულო!.. გზა! - შეჰკივლა ქალმა და შეუმაღლა ცული.
გირგოლა გვერდზე გახტა, ძალზედ მოქნეული ცული კი ზუზუნით წამოვიდა, მოჰხვდა ფეხთან მიწას და ყუამდინ შიგ ჩაჯდა. გირგოლამ ძალზედ გაიხარხარა, გადმოხტა საჩქაროდ და, სანამ ნუნუ ცულის ამოღებას მოასწრობდა, ძალზედ მოჰხვია ხელები, ასწია გულშემოყრილი ქალი და შეიტანა ოთახში.
იმან მიიტანა საგებელთან, რომელზედაც დაასვენა, და დაუწყო გატაცებით კოცნა. ცოტა ხნის დამშვიდებული გირგოლა თითქოს ისევ სიგიჟემ შეიპყრო და თავ-დავიწყებით, გაბრაზებით დაუწყო ალერსი...
გულ-შემოყრილმა ნუნუმ, როდესაც გონს მოვიდა და თვალები გაახილა, დაინახა თავის მტარვალის სახე, რომელსაც მასხარად აეგდო, დაემცირებინა იმისი ყმაწვილი ქალობა, იმისი ნამუსი!
რაწამს ნუნუ გონს მოვიდა, ზიზღით წამოვარდა და დაიწყო ტირილი. ისა ხედავდა თავის თავს გაუპატიურებულს, შერცხვენილს და ნამუს-ახდილს... ცოდვილს ღმერთისა და კაცის წინაშე, იმას სიტყვა ვეღარ ამოეღო სირცხვილით და ჯავრით, მაშინ როდესაც გირგოლა, წამოწოლილი მხართეძოზედ, ღიმილით უყურებდა.
- მოდი, ქალაუ, სად გარბი?... ეხლა მაინც ჩემი ხარ, - უთხრა გირგოლამ და ქალისკენ მისაზიდად გაიშვირა ხელი.
პირველი მოძრაობა ნუნუსი - კარისკენ გაქცევა იყო. მაგრამ მოსაზრებულს გირგოლას მაგრა დაკეტვა არ დაჰვიწყებოდა და ამისთვის იმედ-გარდაწყვეტილი ნუნუ უნდა შემდგარიყო.
- რაი?... ვერ გააღე? - დაცინვით ჰკითხა გირგოლამ.
ნუნუ თავდაღუნული გამობრუნდა, მოვიდა შუა ადგილას, შედგა რამოდენიმე ხანს, თითქოს რაღაცაზედ დაფიქრდა, მერმე გაბრუნდა ერთბაშად და გავიდა მეორე ოთახში, რომელიც იქვე გამოქვაბულში იყო.
გირგოლამ კარგად იცოდა, რომ იქიდგან გასასვლელი არ იყო, იმისთვის არ შეიწუხა თავი და ისევ ისე მხართეძოზე წამოწოლილი ნებიერობდა, დარწმუნებული, რომ დღეის შემდეგ ნუნუ იმას დარჩა, იმას დაეკუთვნა, და ნუნუს სიჩუმე და ცრემლები კი, იმის აზრით, იყო შედეგი ყმაწვილი ქალის გამოსალმებისა წარსულთან და მიგებება მომავალთან.
- ჰაი, ჰაი, რო იტირებს, - ფიქრობდა, - პირველად გაიგო სიყვარული... ქალია, სცხვენიან და ხმას იმად არ იღებს... ეხლა აღარსად წავა, ჩემი იქნების, მე მეკუთვნების და ცხოს - არავის.
ის ამ მოსაზრებაში იყო, როდესაც მეორე ოთახიდგან რაღაცის ბრახუნი მოესმა, თითქოს მძიმე რამ დაეცა მიწაზედ, და ეს ხმა ყრუდ განმეორდა გამოქვაბულში. გირგოლა შეჰკრთა და თავისავე უნებურად ფეხზედ წამოვარდა; მიიხედ-მოიხედა და გაქანდა მეორე სამყოფისკენ.
ის შევიდა და გაშტერდა: ცეცხლის შუქზედ, რომელიც მცირედ ანათებდა, დაინახა ჭერში ჩამოკიდებული ნუნუ, რომელსაც სახე დაჰპრანჭოდა უკანასკნელი წუთების მოახლოვებით; კბილებ-დაკრეჭილს, თითქოს უფრო გაგრძელებულს, შესაზარი სახე დასდებოდა. დაჭყეტილი თვალები, რომელსაც სიცოცხლე დაეკარგა, თითქოს ელვარებით უყურებდა როგორც გირგოლას, ისე ხალხს, მთელს ქვეყანას. ჩამოღრჩობილი ჯერ კიდევ წყნარად ირყეოდა, როგორც ფურცელი სუბუქ ნიავისაგან.
გირგოლა გაექანა, გადასჭრა თოკი, რომლითაც ნუნუ ჩამოკიდებულიყო და საჩქაროდ შეხსნა გულიდამ საბელი.
ნუნუ ჯერ კიდევ თბილი იყო. ამისთვის გირგოლამ საჩქაროდ გაუწყვიტა ქამარი და გაუფხრიწა ახალუხი, იქვე იპოვა ლიტრით წყალი, რომლითაც დაუწყო ბრუნება. ის კარგა ხანსა წვალობდა, მაგრამ ნუნუ გონს არ მოდიოდა, როდესაც იმედ-გარდაწყვეტილი გირგოლა წამოდგა, მოისმა ქალის ამოქშენა. გირგოლა ხელ-ახლად დაეცა მუხლებზედ და ხელ-ახლად იმედ მოცემულმა დაუწყო ბრუნება.
რამდენიმე წვეთი წყალი, რომელიც ქალს მოჰხვდა მკერდზედ, საკმაო იყო, რომ ნუნუ სრულებით გამობრუნებულიყო. გაახილა თვალი თუ არა, წყნარად მოათვალიერა იქაურობა და წყნარადვე წარმოსთქვა:
- სადა ვარ... რაი მომდის?
- ბედშაო, რაი მოგივიდა, თავს რაზედ იკლავ? - მიატანა გირგოლამ და გაუშვირა ლიტრით წყალი: - დალიე, გულს გიპოვის.
ქალი ჯერ კიდევ სრულს გრძნობაზედ ვერ მოსულიყო და ამისათვის თავისავე გაუგებრივ აასრულა გირგოლას სიტყვები.
ნუნუმ კიდევ ამოიქშინა და თითქოს მიელულა - ეტყობოდა, რომ ის მწარედ უნდა დაეღალა, გაელახა იმ გრძნობათა მღელვარებას, რომელიც იმას ამ დღეებში გამოევლო.
- თუ არა გტკივა-რა? - ჰკითხა გირგოლამ.
- არა, - უპასუხა მოკლედ და წამოიწია წამოსადგომად, მაგრამ იმან განძრევა ძლიეს მოასწრო, როდესაც კვნესით ისევ დაეცა და დახუჭა თვალები.
- რაია? - ჰკითხა რამდენჯერმე გირგოლამ, რადგანაც პირველ კითხვებზედ პასუხი ვერ მიიღო.
- თავს რეტი მესხმების, კისერი, მხრები მტკივა... რაისთვი?.. ვინაა აქა?.. - დაუმატა ცოტა სიჩუმის შემდეგ.
- მე ვარ.
- შენა?.. შენ ვინა ხარ?..
- მე, გირგოლაი!
- გირგოლაი?.. - დაფანტვით წარმოსთქვა ნუნუმ და ჩაფიქრდა კიდევ.
გირგოლამ მოჰხვია ხელი და წაიღო მეორე ოთახში, სადაც ჩალის საგებელზედ წმინდა ნაბადი იყო გადაფარებული. ნუნუმ წინააღმდეგობა არ გამოაცხადა და, როგორც მორჩილი ბავშვი, ისე აჰყვა გირგოლას. იმან წყნარად დააწვინა საგებელზედ, აანთო ჩირაღი და თავს დაადგა დაღონებული; პირისახეზედ კაცი ძნელად შეამჩნევდა რა მოძრაობდა იმის გულში: შიში, რომ ამ მოულოდნელს შემთხვევას შეეძლო მოეგლიჯა, მოეშორებინა საყვარელ საგანს, თუ ამ მოშორების შემდეგ კიდევ სისხლის დავალება, რომლისთვისაც კანონს გამოდავება შეეძლო და ქალის ნათესავობას - გადამტერება და გადახდევინება.
ქალი შეჰკრთა, რამდენჯერმე გააზმორა და დაიწყო ცახცახი, რომელიც კარგა ხანს ვრცელდებოდა. აშკარად დაეტყო, რომ იმას გააცივა.
გირგოლამ მიაყარა რაც კი სახლში ებადა, მაგრამ ქალს ხელფეხი მაინც გაყინული ჰქონდა და არ უთბებოდა. გირგოლა თანდათან მოუსვენრობაში შედიოდა; იმან გადააფურთხა რამდენჯერმე, რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და ძალზედ ამოიოხრა. ის მივიდოდა ქალთან, დაელაპარაკებოდა, მაგრამ, რა პასუხს ვერ მიიღებდა, ისევ მოუსვენრად და მღელვარებით დაიწყებდა სიარულს. ვინ იცის, რასა გრძნობდა მისი გული? იქნება იმას გულში გაუელვა პატიოსნების ნაპერწკალმა და ეს მოუსვენრობა იყო შედეგი თავის მოქმედების სინანულისა!
ქალმა ამოიქშინა და ხელების გადმოქნევით გადაყარა ზედ-სახური. წამოჭარხლება, რომელიც დაეტყო ლოყებზედ, ამტკიცებდა, რომ ცივების შემდეგ სიცხემ მოიცვა ის და ტანჯვასთან ერთად როტვასაც ჩქარა დააწყებინებდა.
მართლადაც, არ გამოიარა რამდენიმე წუთმა, როდესაც ნუნუმ საშინლად დაიწივლა და მოჰყვა ტირილს.
- ახრჩობენ, ჰკლავენ!.. არ დაგანებებთ, არა... იაგო, იაგო! მოკვლას უპირობენ! - ბოდავდა უაზროდ და გადაუბმელად ავადმყოფი, რომლის გახურებულს გონებასაც, უეჭველია, საყვარელი საგანი წარმოსდგომოდა.
გირგოლა შესდგა; მივიდა ახლო და ყური დაუგდო. რამდენჯერაც ქალი იაგოს სახელს ახსენებდა, იმდენად გირგოლას წარბები შეიჭმუხნებოდა და კბილების ღრჭიალით წამოიძახებდა:
- ძილშიაც ის აგონდების, ის ელანდების...
- მოდი, მოდი ჩემთან... ჩემი ხარ... ნურვის დამანებებ... შენ მირჩევნიხარ ყველას, შენ ჩემი გულის საყვარელი ხარ!..
გირგოლამ მოკუმშა მუშტები და მუქარით დაიძახა:
- რით ვერ გაიგე, რომ იაგო მოკვდა, აღარაა შენთვის! - და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - მოგკლავ, დაგლევ და იაგოს კი გადაგავიწყებ!
ამ დროს გარედგან შემოისმა ძაღლის ყეფის ხმა, რომელმაც გირგოლა შეაკრთო და თოფს ხელი წამოავლებინა.
ის საჩქაროდ გავიდა გარეთ და ციხის კართან საფრად გაკეთებულს კედელს მოეფარა. ვიწროებში ცის ტატნობაზედ გამოჩნდა, ორი კაცი, რომლებიც გულადად და შეუპოვრად მოდიოდნენ.
გირგოლამ გადაუშვირა თოფი და, რამდენადაც ღამის სიბნელე ნებას აძლევდა, ნიშანში ამოიღო.
- ვინა ხარ, ვინ მოდიხართ?
- გირგოლაუ, შენა? - მოსცეს პასუხად.
- მე კი - მე ვარ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ, ან რა გინდათ ამ დროს?
- ჩვენა ვართ - პეტრიაი და გახუტა, დიამბეგმა გამოგვგზავნა.
- იასაულები ყოფილან, - წაიბუტბუტა თავისთვის გირგოლამ და დაუმატა: - რაი საქმე უნდა ჰქონდესთ...
ამ ხანში პატრონის ხმით გაგულადებულმა ძაღლმა ჩააღწივა მომავალ კაცებთან და ძალზე ტანება დაუწყო. ისინიც, მთის ჩვეულებისამებრ, ძაღლს ისე უჯავრდებოდნენ, რომელიც უფრო წაქეზება იყო, სანამ მართალის გულით გაჯავრება. არც ერთს იმათგანს არ უცდია ჯოხის ან ქვის დარტყმა, რადგანაც დასამცირებელია მთის კაცისთვის ძაღლის რისიმე დაშავება პატრონის ერთგულის სამსახურისთვის.
- გირგოლაუ, მოგვაშორე ეს ძაღლი, გზა აღარ მოგვცა, - დაუძახეს იასაულებმა, რომელთაც წინ ჩასდგომოდა და გაბრაზებულს თითქოს ბრძოლაში სიკვდილი ერჩია, სანამ პატრონის უნებურად გზის დათმობა მომავლებისთვის.
- აქა, ბროლიაუ, აქა! - დასძახა გირგოლამ და მორჩილი ძაღლი ერთბაშად გამობრუნდა, სირბილით და კუდის ქნევით მოვიდა პატრონთან, რომელსაც დაუწყო ლაქუცით ალერსი.
გირგოლამ რამდენჯერმე გადაუსვა ხელი და წყნარის ლაპარაკით ალერსიანად უთხრა:
- ა, ბედშაო, ბროლიაუ!.. მოკეთე ვეღარ გიცვნია? აჰუ!..
ბროლიამ დაუწყო ხელების ლოკვა და მერმე ისევ ღრენით გაექანა მომავლებს, რომლებიც ამ ხანში მოახლოვდნენ ციხის კარს.
- ასგამ, შე ტიალო! - დაუყვირა პატრონმა და ეს საკმარისი იყო, რომ ძაღლი თავდაღუნული მოშორებოდა იმათ, გასულიყო ქედზედ და იქ დაწოლილიყო ყარაულად.
- მოხვედით მშვიდობით! - უთხრა გირგოლამ.
- მშვიდობა მოგცეს უფალმა, - მისცეს პასუხი ახლად მოსულებმა.
- რაი ამბავი?
- დიამბეგმა გამოგვგზავნა.
- რაისთვი?
- იაგო გაქცეულა.
- იაგო?!.. - იკითხა გირგოლამ და თავზარდაცემულსავით დაეშვა დედამიწაზედ. კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა იმათ შუა, სანამ გირგოლა სიტყვას მოახერხებდა.
- როდის გაქცეულა, საიდგან?
- დღეს მესამე დღეა... ანანურის ციხიდგან გაქცეულა.
- რას უბნობთ, ღთის მადლსა?.. იქიდგან საით გაიქცეოდა?
- აბა რაი ვიცით? გაქცეული კია და... ეხლა დიამბეგი მოვიდა, ყაზახები მოიყვანა და სოფლებში ჩააყენა. ყველგან გზები შეუკრეს... ჩვენც შენთან გამოგვგზავნა.
გირგოლა ჩაფიქრდა. იმას ძალიან კარგად ესმოდა, რომ იაგო, რა ერთხელ გამოვიდოდა, დღეს გაუმწარებდა და მოსვენებას აღარ მისცემდა. ისიც კარგად ესმოდა, რომ საქმე ითხოვდა იმის საჩქაროდ წასვლას, რადგანაც იმასავით მუყაითად და გულმხურვალედ არავინ ეცდებოდა იაგოს დაჭერას; მაგრამ მეორეს მხრით მომაკვდავი დედაკაცი, რომლის გულისთვისაც მოახდინა ყველა ეს ამბავი, დააჭერინა იაგო, გადაიმტერა ორი გვარეულობა, - ეხლა სულთმობრძავი შინ უწვა და პატრონი კი არა ჰყვანდა, რომ იმასთან დაეგდო არამც თუ დამცველად, არამედ მომვლელად მაინც არის.
- სამი დღეა რაც გაიქცა? - ბოლოს იკითხა იმან.
- ჰო.
- აქამდისინ სად იყვნენ? რას აკეთებდნენ? - დაიწყო იმან გაჯავრებით, - ეხლა, მგონია, ცხრა მთა ექმნების გადავლილი და ჩვენ კი აქ უნდა შევუკრათ გზები.
ამ სიტყვების შემდეგ იმან შეატყობინა თავისი მდგომარეობა, მარტოობა სახლში და ავადმყოფის ყოლა, რომელსაც წყლის მომწოდებელიც არა ჰყავს.
ისინი შევიდნენ შინ, სადაც ცოტა რჩევის შემდეგ გარდასწყვიტეს, რომ არშიდგან ამოიყვანდნენ გირგოლას ნათლიდედას და იმის თექვსმეტი წლის შვილს, რომელთაც დააგდებდნენ ავადმყოფის მოსავლელად და თვალყურის დასაჭერად; რაც შეეხება იაგოს, ის ვერ გაბედავდა აქ მოსვლას, რადგანაც დილიდგანვე დიამბეგს დააყენებინებდა, ერთი ან ორი რუსის ყაზახის ზედამხედველობით, არშელთ ყარაულებს ციხის კართან.
ამის შემდეგ ერთი ახალმოსულებთაგანი მაშინვე გაგზავნეს გირგოლას ნათლიდედასთან, რომელიც იმ ღამესვე ამოვიდა თავის შვილით და სამი ერთგული მოსამსახურე კი მეორე დღეს ადრიან გაემგზავრნენ იაგოს დასაჭერად.
როგორც სთქვა გირგოლამ, ისეც მოიქცა. ჩავიდა თუ არა სოფელს არშაში, მაშინვე ხალხი შეჰყარა და გამოუცხადა, რომ ბატონი დიამბეგის ბრძანებით, - თუმცა დიამბეგს ის ჯერაც თვალითაც არ ენახა, - კომლზედ კაცი უნდა გასულიყო არშის ციხის გზის შესაკრავად.
არშავლებმა მოისმინეს დიამბეგის ბრძანება, დაღონდნენ, რომ ამ მუშაობის დროს იმათ იაგოს დევნა მოუნდებოდათ; შესწუხდნენ, რომ, ვინ იცის, ვის და რის გულისთვის თავის მეზობელის მტრობა უნდა დაეწყოთ.
- ჩვენ ვერ გავალთ, გირგოლაისი! რაი დაუშავებია იაგოს ჩვენთვის, რომ მოსისხლედ ჩავუდგეთ. - დაიწყო ხალხმა ერთხმად.
- ვერ გახვალთ? - წყნარად იკითხა გირგოლამ და ჩაცინებით დაუმატა:
- გაგიყვანთ, ღთის მადლმა.
- რაისთვი გაგვიყვანთ, გირგოლაისი, რაისთვი? - ხელის ქნევით უპასუსა ერთმა.
- იმისთვი, რომ იაგო ქურდია, რომ იაგო გამოიქცა ციხიდგან; იმისთვი, რომ დიამბეგი გიბრძანებსთ, - უპასუხა იასაულმა.
- რა ვუყოთ, რომ გვიბრძანებს? - იმან ერთურთის გაწყვეტა რომ გვითხრას, უნდა დავიჯეროთ? - წარმოსთქვა იმავე ბიჭმა.
- ჰაი, ჰაი, რომ უნდა გასწყდეთ!
- მაშ ღმერთი არ ყოფილა ჩვენს გაჩენაში? რაიც იმათ უნდათ, იმას გვიზმენ.
- ჰაი, ჰაი, რომ გიზმენ.
- ღთის მადლმა, რომ არ გავალთ! - გარდაწყვეტით უპასუხა იმანვე: - აბა რაისთვი?.. იაგოს ჩვენთვის რაი დაუშავებია, რაი მტრობა აქვს ჩვენთან? ურიებისგან თავი დაუხსნია - ღმერთმა ხელი მოუმართოს!
- იქნება შენც იმის ამხანაგი ხარ? - ულვაშების გრეხით მიუბრუნდა მოლაპარაკეს გაჯავრებული გირგოლა.
- მე არც ამხანაგი ვარ და არც მტერი... ტყუილად ქურდობა დააბრალეთ ხევის თვალს, აწვალეთ, გასტანჯეთ და ახლა გინდათ ჩვენ კი შეველივნეთ!.. რაისთვი? ჩვენი რაი საქმეა?... თუ მტრობა აქვს იმასთან ვისმე, დეე იმანვე მონახოს და გადაუხადოს!
- კარგი, კარგი, მეც ეგრე ვეტყვი დიამბეგს... შევატყობინებ, რომ არშავლები არ ასრულებთ იმის ბრძანებას; ვეტყვი, რომ გამოგზავნოს ყაზახები და „ზეკუციად“ ჩაგიყენოსთ.
ამ სიტყვების შემდეგ გირგოლა თავის ამხანაგებით გაბრუნდა და გაემართა სოფელს სტეფანწმინდისკენ, სადაც დიამბეგი იმყოფებოდა. ხალხი კი იქ დარჩა და ერთი ხორხორი ასტეხა ამ შემთხვევაზედ.
იმათთვის ადვილი გასაგონი არ იყო ყაზახების ჩაყენება, რადგანაც იმათი მოსვლა ყოველგვარ უსამართლობას, ჩაგვრას და შეწუხებას მოაგონებდა ხალხს. დედაკაცებთან მოკრძალული მთის ხალხი, გაბრთხილებული და ზრდილი ლაპარაკში, რაკი მანდილოსანს ჰხედავდნენ, რასაკვირველია, ზიზღით უყურებდა ყაზახებს, დაუფერებელთ, ბინძურ-მოლაჟღანდარეთ... რასაკვირველია, ჭირის ჩასახლება ერჩივნათ ყაზახების ჩაყენებას, რომლებიც, თავის ჩვეულებისამებრ, ქალებთან დაიწყებდნენ თავისუფალ ლაჟღანდარობას და შეუდგებოდნენ ყოველგვარ სოფლის ნამუშავრის გაჩანაგებას.
ამ მიზეზით სოფელი გაიყო ორ მხარედ და ზოგნი, უფრო მოსაზრებულნი და დროებისაგან გაეშმაკებულნი, იძახდნენ, რომ გასულიყვნენ გზების შესაკრავად, მაგრამ იმ პირობით, რომ იაგო, თუნდა ენახათ, არ დაეჭირათ და მეორენი კი, რომელთაც ჯერ კიდევ უწინდელი პირდაპირობა და აშკარა ქცევა მოსდევდათ, უარს ამბობდნენ.
ერთნი იძახდნენ:
- წავიდეთ, ხალხო, დავდგეთ გზებში და, თუ შეგვხდების იაგო, ის ჩვენი ძმაა, ძმურად გავისტუმროთ.
მეორეები კი ამბობდნენ:
- რაისთვი უნდა მოვცდეთ მუშაობას? სხვის მტრებს რაისთვი უნდა შევეხოცნეთ?... ნურც გავალთ, ნურც გავინძრევით!
- ყაზახებს ჩაგვიყენებენ!
- ბარემ ერთბაშად დაგვხოცონ ყველანი და მოგვასვენონ! თუ არა და რაღა, ღთის მადლსა? აქა-და გირგოლაი ეჯიბრების იაგოს, მთელი სოფელი უნდა აგვრიონ!
ისინი ჯერ კიდევ ასე ლაპარაკობდნენ და გარდაწყვეტილება ვერა მიეღოთ-რა, როდესაც სტეფანწმინდის სტანციის ოთახში გირგოლა დიამბეგს ეახლა.
- ბატონი ადღეგრძელოს ღმერთმა! - მდაბლად თავის დაკვრით მოახსენა იმან შესვლის უმალ.
- აჰა, გირგოლა! - სიამოვნებით და სიხარულით წარმოსთქვა დიამბეგმა.
- როგორა ხარ?
- ვცოცხლობთ შენის წყალობით, შენი ჭირიმე!
- გაიგე, რომ იაგო გაგვექცა?
- დიაღ, შენი ჭირიმე, მითხრეს.
- ახლა, როგორ უნდა დავიჭიროთ?
- თქვენი სახელი დიდია, შენი ჭირიმე, სად ჯანაბაში წაგვივა? - დიამბეგი გაიბერა ამ ქებით.
- არა, წასვლით კი ვერსად წაგვივა, მაგრამ მე მინდოდა მალე დაგვეჭირა.
- თუ დედამიწაში არ ჩასძვრა, სად დაგვემალების?.. მალე დავიჭერთ, შენი ჭირიმე!
- აბა როგორ?
- როგორ-და, გზები შევუკრათ... გამოვრეკოთ სოფლის ხალხი და ქვედა გასავლებში ყარაულები დავაყენებინოთ... ზოგიერთს სოფელში, სადაც იაგოს მოკეთეები ჰყავს, ყაზახები უნდა ჩავაყენოთ...
- ეგ ძალიან კარგი იქნება, - მოუწონა დიამბეგმა და გაიფიქრა თავის გუნებაში: - საკვირველი მოსაზრებული კაცია ეს გირგოლა!
- თუ ყაზახებს არ ჩავაყენებთ, შენი ჭირიმე, ის მოკეთეებისას დაიმალება და ხელში ვეღარ მოვიგდებთ.
- აბა რომელ სოფელშია?
- ფანშეტს, კარკუჩას, გორის-ციხეს და არშაში.
- კარგი... ათ-ათი კაცი ეყოფა?
- არშას მოუნდების ოცამდინ კაცი, თორემ სხვაგან ხუთ-ხუთიც ეყოფის.
- არშაში რაღად უნდა ეგრე ბევრი?... იქ სულ შვიდი კომლია, მგონი.
- ცხრა გახლავს, შენი ჭირიმე.
- თუნდ ცხრა იყოს. ოცი კაცი რად უნდა?
- იმად, რომ იმ სოფელში ყველანი იაგოს მოკეთეები არიან.
- ჰო, ეგ სხვა არის.
- მე ასე მგონია, შენი ჭირიმე, რომ იაგოს გაქცევაშიაც ისინი უნდა ერივნენ.
- ეგ სულ სხვა არის... მაშ ოც-და-ხუთი კაცი ჩავუყენოთ.
- კარგი იქნება, შენი ჭირიმე.
ლაპარაკი ცოტა ხანს ამაზე შესწყდა. მერმე დიამბეგი კიდევ მოუბრუნდა გირგოლას.
- როგორ გგონია, სად უნდა იმალებოდეს იაგო, ან სად უფრო შეჰხვდებიან?
- აბა, რა მოგახსენოთ, შენი ჭირიმე.
- მაინც?
- ის ჯერ მთაში იქნება, ბარად ჩამოსვლას ვერ გაჰბედავდა.
- მერე მთაში რა აცხოვრებს?
- არშის მთაში დიდძალი ცხვარი დგება, - მეცხვარეებთან იქნების.
- მაშ იქ გავგზავნოთ დასაჭერად.
- იქ ვერ დავიჭერთ, დამალვენ.
- მაშ რა ვქნათ?
- არშის ციხის კარი შევუკრათ. იმაზედაა გზა და თუ მოასწრეს, იქვე ჩააძაღლებენ.
იმდენი უარა და ილაპარაკა გირგოლამ, სანამ თავის სურვილი არ წარმოათქმევინა დიამბეგს და წარმოათქმევინა ისე, რომ დიამბეგი დარწმუნებული დარჩა, რომ საკუთრივ იმის სურვილი და მოსაზრება სრულდება.
- მაშ შენ დღესვე წაიყვანე ყაზახები და ჩაუყენე არშავლებს. იქიდგან გამორეკე რამდენიც საჭირო იყოს არშაველნი, ჩააბარე ოთხ ყაზახსა და, სადაც საჭირო იყოს, გზები შეაკვრევინე.
- ბატონი ხარ, შენი ჭირიმე.
გირგოლამ და დიამბეგმა ამითი გარდასწყვიტეს, და იასაული ყაზახებით წავიდნენ არშას.
სოფელმა, ბევრი ხორხორისა და ლაპარაკის შემდეგ, გამოიყვანა კომლზედ კაცი, რომელთაც ყაზახების ზედამხედველობით შეჰკრეს არშის ციხის კარი. გირგოლა კი ისევ დიამბეგთან დაბრუნდა დანარჩენი ბრძანების აღსასრულებლად...
აქ მოთხრობის მდინარეობა ცოტას ხნით უნდა შევწყვიტოთ და ცოტა უკან დავიწიოთ, რათა გიამბოთ: რა იქმნა იაგო, სად იყო იქამდინ, რა ცხოვრებითა სცხოვრობდა, ან როგორ გაიქცა ანანურის ციხიდგან.
ანანურის ციხეში, იმ წარსული საუკუნის ჯურღმულში, სადაც ასობით სული ჰხდებოდათ ალალს და მართალს, თუ შარმოდებულ პყრობილებს, სხვათაშორის იტანჯებოდა იაგოც, რომლის საქმის გარჩევა თითქოს გადაჰვიწყებოდათ.
იაგო პირველში დარწმუნებული იყო, რომ იმას ჩქარა გაამართლებდნენ და გამოუშვებდნენ, მაგრამ დღეები დღეს მისდევდნენ, თვეები - თვეს და საქმის დაბოლოვებაზედ კი ჩამიჩუმიც არ იყო.
ბოლოს, იმას გარდაუწყდა იმედი და დარწმუნდა, რომ მისთვის არც-არავინა ჰფიქრობს და არც თავს იტკივებს.
- როგორ? - ჰფიქრობდა ის: - ნუთუ მთელი ჩემი სიცოცხლე აქ უნდა გავატარო? აქ ამომხდეს, ასე ძაღლუმადურად, სული? შეუბრალებელი, გაუკითხავი, გაუსამართლებელი?! არა, არ შეიძლება, იაგო მთის კაცია, იაგო ვერ მოითმენს მაგასა, იმას სიკვდილი, სიკვდილი ურჩევნიან ამ ცხოვრებას!..
მაგრამ როგორ მოკვდეს, როგორ გაათავოს თავისი სიცოცხლე?.. ისე უსახელოდ სალდათის შუბს ხომ ვერ წაეგებოდა? იაგოს უნდოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი ვაჟკაცურად, სახელით, ისეთი სახელით, რომ მთის ყმაწვილი ქალების ზარით ტირილში სამაგალითოდ მოხსენებულიყო იმის სახელი და სივაჟკაცე.
შუადღე იქნებოდა, როდესაც ის მიწოლილი აყროლებულს, ნახევრად დამპალს ჩალის საგებელზედ იწვა, შეჰყურებდა ნოტიო, სევდის ამშლელს კედლებს და იგონებდა თავის მთებს გამაცოცხლებელის წმინდა ჰაერით და სურნელებით სავსე ბალახით.
იმის გვერდით იწვა, იმავეგვარს საგებელში, მოხუცი ტუსაღი, მძიმე ხუნდებ-შეყრილი. ისიც დაღონებულის თვალით შეჰყურებდა კედლებს.
- ეს, ეს უნდა იყოს ჩვენი საგებელი! - წამოიძახა იაგომ ჯავრიანის ხმით და ხელის წამოკვრით გაფანტა ჩალა.
- რაი ვუყოთ იაგოისი? ძალა აქვთ და აგრე იმად გვექცევიან, - მისცა პასუხი მოხუცმა.
- ძალა, ძალა!.. - მოუთმენლად წამოიძახა იაგომ: - ძალა კი არა, დიაცნი შევიქმენით, თორღავ, მშიშარეები!!. წარღვნა მაინც მოსულიყო, რომ სულ წაველეკეთ!... აბა რაი-ღა სიცოცხლეა?
- სულ ეგრე არ იქმნების, ღვთის გაჩენილებს ღმერთივე გვიშველის.
- ღმერთი, ღმერთი!.. - თანდათან მღელვარებდა იაგო: - სადღაა ჩვენთვის ღმერთი?..
- რაი ვქმნათ, რაი ვქმნათ!.. - დაღონებით წარმოსთქვა მოხუცმა და ჩაჰკიდა თავი: - ცოლი, შვილი, ქალები... დამაგდებინეს... ვინ-ღაა იმათი პატრონი!..
ჩამოვარდა რამდენიმე ხანს სიჩუმე. ორივე პყრობილი თავთავიანთ საგონებელში წავიდნენ.
- არა, ვეღარ გავძლებ, არ შემიძლიან!.. - ერთბაშად წამოვარდა იაგო, როგორც გიჟი, და თვალები თითქოს ცეცხლივით აენთო.
მოხუცმა, პირველი გაშტერების და შეშინების შემდეგ, დაუწყო იმას დამშვიდება:
- რას სჩადი, შე ბედშაო, რასა?.. რას გიშველის ეგ ჯავრობა?
- მომკალ მაინც! მადლი მომივა!
ამ სიტყვებით დაიწყო იმან წარმოუთქმელად ყვირილი და აქეთ-იქით წყვეტება.
მოხუცი თანაგრძნობით და შეშინებული უყურებდა იმას, რადგანაც ეგონა, რომ, თავისუფლებას და წმინდა ჰაერს დაჩვეული იაგო ჭკუიდან შესცდა. თორღას ყველა მეცადინეობა იაგოს დასამშვიდებლად ამაოდ რჩებოდა: ის ღრიალებდა და გიჟივით აწყდებოდა აქეთ-იქით.
ამ ხმაურობაზედ მოვარდნილმა ყარაულმა შეშინებულის ხმით გააბა ყვირილი და უფროსის ძახილი, რომელიც საჩქაროდ მოიჭრა.
უფროსმა ჯავრობა დაუწყო იაგოს, მაგრამ რად ჩააგდებდა თავზე ხელაღებული კაცი იმის ფეხების ბარტყუნს.
ციხის ზედამხედველმა გააღებინა კარები, შეიყვანა რამდენიმე სალდათი და შორი-ახლოდგან ჰკითხა აღელვებულს იაგოს მიზეზი ამგვარი ქცევისა.
- მიზეზი ის არის - ასე წყნარ-წყნარად სიკვდილს, ერთბაშად მაინც მომკალით.
- შეუყარეთ მაგას კიდევ ხუნდები და ხელები ისე დაუკარით, რომ განძრევის თავი აღარა ჰქონდეს! - უბრძანა უფროსმა თავის სალდათებს.
სალდათები, რომელთაც რამდენიმე ნაბიჯი წინ წარდგეს, ერთბაშად შესდგნენ, რადგანაც იაგომ იქ მდგარს სკამეიკას წამოავლო ხელი და მოემზადა იმათ დასახვედრად.
- არ მოხვიდეთ, არა მეთქი, თორემ, ვინც მოვა, ღთის მადლმა, თავს შუაზე გაუჩეხ! - შეჰყვირა იმან და მთლად თრთოლამ აიტანა.
მოხუცი სულგაკმენდილი, გულის ძგერით უყურებდა ამ კაცის მოქმედებას, რომელიც სასოწარკვეთილებას ამ წარმოუდგენელს თავგადადებამდინ მიეყვანა.
- თოფები! - დაიძახა უფროსმა და კარებში გამოჩნდა რამდენიმე თოფიანი სალდათი.
- დააგდე ეგ სკამეიკა! - დაუყვირა უფროსმა.
ამ ბრძანებაზედ იაგომ გადიხარხარა.
- დააგდე, თორემ ძაღლსავით მოგკლავთ!
- ძაღლს ძაღლური მოქმედება ექნება: ცხო რაი შეგიძლიანთ, თუ არ უიარაღო კაცის მოკვლა?!
- დააგდე, თორემ ახლავ დაგახვრეტინებ!
- ურჯულონო, უღმერთონო, მეც ეგ მინდა, რომ მომკლათ.
- მაშ იმედი გარდაწყვიტე, ეგრე არ მოგკლავთ!.. - უპასუხა უფროსმა და უბრძანა სალდათებს, რომ მისულიყვნენ იაგოზედ და შეეპყრათ.
სალდათები გაექანენ, იაგო დაუხვდა იმათ და პირველი მისული იქვე თავგაჩეხილი გააგორა. შეამაღლა მეორედ თავისი იარაღი, მაგრამ ბორკილებ-შეყრილი ხელები და ტუსაღობით დასუსტებული მაჯები თავისუფლად ვეღარ მოქმედებდნენ; აცახცახებულმა ძარღვებმა ვეღარ გასძლეს: მოქნეული სკამეიკა ჭერს მოჰხვდა და გავარდა ხელიდგან.
ის დაიჭირეს, შეჰკრეს მაგრა და დაუწყეს უწყალოდ ცემა, მერმე წაიყვანეს უფროსის ბრძანებით და დასიებული, დარუმბებული შეაგდეს ერთს პატარა ოთახში, სადაც კაცი დაჩოქილიც ძლივს იმართებოდა; გამოუხურეს კარი და დასტოვეს.
იაგო კარგა ხანს ეგდო ამ მდგომარეობაში და, როდესაც გონს მოვიდა, თვალის გახელასთან ერთად იმას მოადგა მთვარის შუქი პატარა ფანჯრიდგან. პირველში იაგოს ვერ წარმოედგინა - თუ რა მოსდის, ან სად არის. არ ესმოდა ასე რად სტკივა ყოველი სხეული, ან რად ეძნელებოდა განძრევა.
ბოლოს იმას მოაგონდა თავისი ცემა, მოაგონდა უფროსის ბრძანება, თავისი მდგომარეობა და სიბრაზით გაახრჭიალა კბილები.
ამ მდგომარეობაში იყო, როდესაც ოთახი, სადაც ის ეგდო, თითქოს დაბნელდა. იაგომ რის წვალებით წამოიხედა და აშკარად დაინახა, რომ ფანჯარას ვიღაც აჰყუდებოდა და იმას დაებნელებინა მთვარის შუქი. პირველში იმას ეგონა, რომ მეტის ნაცემობით თვალთ უბნელდებოდა. დახუჭა თვალები და, როდესაც გაახილა, მთვარე ისევ თავის ნაზს შუქს ჰფენდა ოთახის კედლებს.
- აკი ვსთქვი, თვალთ მიბნელდება მეთქი! ამ შუაღამისას ვინ გაჰბედავდა ფანჯარასთან მოსვლას? - იფიქრა იმან და მიეცა ისევ თავის საგონებელს.
საკვირველია კაცის მდგომარეობა! წარმოუთქმელს ბედნიერებაში თუ უბედურებაშია, მხიარულებაში თუ მოწყინებაშია, - არ შეიძლება, რომ თავის საყვარელი საგანი არ წარმოუდგეს თვალწინ! არ შეიძლება, რომ იმას არ შეეალერსოს გამხიარულებული, თუ დაღონებული გული, რომელიც ჭმუნვით და კვნესით ნატრობს იმის სიახლოვეს, იმის ალერსის გაგონებას, იმის დანახვას, იმის თანაგრძნობას!..
სწორედ ამ მდგომარეობაში ჩავარდა იაგო: იმას წარმოუდგა თვალწინ თავისი ნუნუ! ნუნუ, რომელიც ვერა მწუხარებას, ვერა სატანჯველს ვერ ამოეშალა იმის გულიდგან.
გარკვევით ებეჭდებოდა გულში იმისი სახე.
ეს ყველა სტანჯავდა, აწუხებდა, არ ასვენებდა იმას, მაგრამ თითონ ეს ტანჯვა, მწუხარება, მოუსვენრობა ისე ტკბილი, ისე სასიამოვნო იყო იმისთვის, რომ ქვეყანაზედ არაფერზედ გასცვლიდა იმათ...
ამ ტკბილსა და შემაწუხებელ ოცნებაში იყო, როდესაც ფანჯრიდგან რაღასიც ჭახანი მოისმა.
იაგო შეჰკრთა, წამოიწივა და სულგანაბულმა ყურის გდება დაუწყო ამ ხმაურობას, მაგრამ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
ცოტა ხანს შემდეგ კიდევ განმეორდა ეს ხმა, და ამის შემდეგ აშკარად გაიგონა წყნარი გაბრთხილებული ჩურჩული:
- წყნარა, წყნარა, არ გაგვიგონონ მაგ ურჯულოებმა... - შემოესმა იაგოს და ის მთლად სმენად გარდაიქცა.
- ვინ არიან, რასა შვრებიან? - უნებურად გაუელვა თავში, და გულმა რაღაცა წინასწარგრძნობით ღელვა დუწყო.
კიდევ ცოტა ხანს შემდეგ აშკარად დაინახა, რომ ფანჯრიდგან ერთი ქვა მოშორდა და იმასთან ერთად სიმაგრისთვის გარდი-გარდმო გახიახებული რკინები.
იაგომ წამოიჩოქა ფანჯარასთან და დაუწყო იქიდგან ყურება. იმან გაარჩია ორი კაცი, რომელიც ფანჯრიდგან გადმოღებულს ქვას წყნარად მიწაზედ სდებდნენ.
ისინი მობრუნდნენ ისევ ფანჯარასთან და ერთბაშად შესდგნენ.
- ვინა ხართ ქრისტიანები! მიშველეთ! - წყნარად და მღელვარებით ჰკითხა იაგომ.
კაცები, რომელნიც პირველში შეაკრთო ამ სიტყვებმა, ცოტა ფიქრის შემდეგ, მოუახლოვდნენ ფანჯარას.
- სუუუ! - ჩვენა ვართ! - უპასუხეს იმათ ჩუმად და გაბრთხილებით.
- ქართველები, ქრისტიანები ხართ?.. - წამოიძახა კაცს დანატრებულმა იაგომ.
- იაგო! შენა? - წყნარად წარმოსთქვა ერთმა და დაკვირვებით დააცქეოდა.
- ჰაი, ჰაი, რო მე ვარ!.. მაგრამ შენ ვინა ხარ? ვერა გცნობ.
უცნობმა, სანამ იაგოს უპასუხებდა, წყნარად ქუდი მოიხადა, მიაპყრო ზეცას თვალები და წარმოსთქვა:
- იდიდოს შენი ძალა, დიდებულო წმინდავ გივარგივ! - ამ სიტყვების შემდეგ კიდევ გადაიწერა პირჯვარი და მერმე მიექცა იაგოს:
- მაშ ვერ მიცან, ვინა ვარ?
- ღთის მადლმა, ვერ გიცან!- - ლაპარაკზედ გატყობ, მოხევე უნდა იყო, და რაი გავიგო ბნელაში?
- მე კობაი ვარ, შენი ძმადნაფიცი.
- კობაი? - გაკვირვებით წარმოსთქვა იაგომ და ისე გაშტერებული დარჩა რაოდენსამე ხანს. მერმე ჰკითხა:
- საით? აქ საით მოსულხარ?
- რაი გეკითხების? ან რაი დრო არის? ყველას მერმე გიამბობ, ეხლა კი შენ უნდა გაგიყვანოთ აქაით.
- მაშ ჩემთვის მოხვედი? არ დაგვიწყებივართ? გმადლობ, შენ წვერისა სპარს-ანგელოზო!
- ბედშაო! ძმადნაფიცს რაი-ღა დამავიწყებდა? ტოლამანი გარვიდ იცვლების, გულს ხომ არა სცვლის?.. მაი, ეხვია, ნუღარ ვგვიანობთ, გავხსნათ კედელი, - მიუბრუნდა კობა თავის ამხანაგს.
- მეც გიშველით, ხელები გამიხსენით როგორმე, - უთხრა იაგომ.
- რაი? - გაკვირვებით ჰკითხა ძმადნაფიცმა.
- ხელები გამიხსენით მეთქი.
- მოგიკვდეს ჩემი თავი!.. აქამდინ ხელშეკრული ხარ? აჰუ! მოკვდი, კობავ, ახია შენზედ!.. მობრუნდი, მობრუნდი ჩქარა!
იაგო რის წვალებით მიბრუნდა ამ პატარა ოთახში და შეკრული მკლავები მიანდო სარკმელს. კობამ შემოჰყო ხანჯლიანი ხელი და წყნარად გაუჭრა საბლები.
- აჰა ხანჯალი, ფეხებზედაც დაიჭერ თოკები. - იაგო სცდილობდა ხანჯალი გამოერთვა, მაგრამ თოკის მაგრა წაჭერით ძარღვებში სისხლი შესდგომოდა და მკლავები დაჰბუჟებოდა.
- რაი მოგივიდა, გამომართვი ხანჯალი! - განიმეორა კობამ.
- რაი ვქმნა, მკლავებს ვეღარ ვხმარობ.
- მაშ ბატარაი დაისვენე და ძალა მოგივა ხელში, - უთხრა კობამ და მიუბრუნდა ამხანაგს, რომელსაც პატარა რკინის ლომი ეჭირა.
- შენ რაღას უყურებ, ავჩქარდეთ, თორო გვიანდების, გათენება მოგვასწრობს.
ამხანაგები შეუდგნენ მუშაობას. იმათი ხერხიანად მოქცევა ამტკიცებდა, რომ ამგვარ საქმეზედ პირველად არ იყვნენ.
რამდენსამე წუთს შემდეგ სარკმელი იმოდენად ჩამოაქციეს და გააგანიერეს, რომ იაგოს თავისუფლად მოძრაობა შეეძლო.
პყრობილი გამოიყვანეს თუ არა, შეუდგნენ ბორკილების ქლიბვას და ის იყო გაათავეს, როდესაც ფეხის ხმა მოისმა: ის იყო ყარაულები, რომელთაც ციხე უნდა დაეთვალიერებინათ.
- ვიღაცეები მოვიდნენ! - დაიძახა თორღამ და დაუწყო იმ მხარეს ყურება, საიდგანაც ფეხის ხმა მოისმოდა.
სხვებმაც მიიხედეს იქით: მთვარის შუქზედ აშკარად გამოჩნდა შუბიანი თოფები და ცოტა ხანს შემდეგ რამდენიმე სალდათი, რომელნიც უზრუნველად, ლაზღანდარობით და სიცილით მოდიოდნენ, რადგანაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იქ არავინ შეჰხვდებოდათ. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სიმაგრეს მიუდგებოდა ვინმე, რადგანაც იმ მხარეს, იმათის აზრით ამოუსვლელი კლდე იყო.
- სალდათები არიან! - პირველსავე შეხედვაზედ დაიძახა კობამ და თოფი გაიძრო ბუდიდგან.
- მეც მომეცი იარაღი! ერთის სისხლი მაინც დავლიო, და მერმე რაიც უნდა მომივიდეს! - დაიძახა იაგომ, რომელიც ისე მიესუსტებინა წმინდა ჰაერს, რომ ფეხზედ ძლივს-ღა იდგა, მაგრამ თავისუფლების დაკარგვის შიშმა და უსამართლო წვალებისაგან გაბრაზებამ თითქოს ერთბაშად მოუკრიფა იმას ძალა.
- ეგრე ნუ! - დაიძახა თორღამ, - თორემ უბრალოდ გაგვწყვეტენ.
- მაშ რაი ვქმნათ?
- აგერ, იმ კლდეს ამოვეფარნეთ და, როდესაც მოვლენ, ერთბაშად დავესხათ... ისინი აქ არავის ელიან, ჩვენ რომ ერთბაშად გადავცვივით, წინა უკანას ვეღარ გაიგებს.
- მართალს ამბობ, ღთის მადლმა!
- თუ გაიქცნენ, ხომ გაიქცნენ, და თუ ძალა გაჰბედეს, რაი გაუვათ - ხუთნი არ არიან?
- კლდესთან, კლდესთან! - ნიავსავით წყნარად წამოიძახა კობამ და ყველანი თვალის დახამხამების უმალ კლდეს მიეფარნენ.
სალდათები მძიმედ აბარტყუნებდნენ ლურსმნით ნაჭედს ჩექმებს. ისინი თანდათან უახლოვდებოდნენ სულგანაბულ ამხანაგებს, რომელთაც ხანჯლები შეეპყროთ ხელში. მოუთმენლად, პირ-მოკუმულნი და წარბებ-შეჭმუხვნილნი გაქვავებულებსავით წაჰკროდნენ კლდეს და ელოდნენ.
სალდათები ვერ ჰხედავდნენ იმათ და, ძალიანაც რომ დაჰკვირვებოდნენ იმ ალაგს, ძნელად გამოარჩევდნენ ქვებიდგან თავ-გადადებულს მეგობრებს.
ღამე იყო ჩინებული, მშვიდი, მთვარიანი, სიოც არსაიდგან ინძრეოდა, გაეკმინდა ხმა, თითქოს ბუნებას მიეძინებინა თავისი შვილები, და მთვარე გამოსულიყო, რომ დამტკბარიყო ამ მოწყობილის მშვენიერებით. ათასში ერთხელ დაუცხრომელი ბულბული კვნესით ჩააკაკანებდა ალერსიანს, სევდიანს ხმას. უეჭველია, ძილში თავის სატრფო მოჰლანდებოდა.
სალდათები მოახლოვდნენ და შესდგნენ იმ კლდესთან, რომლის იქიდგანაც იმალებოდნენ იაგო და იმისი ამხანაგები.
- მოდით, ჩიბუხებს მოუკიდოთ, - დაიძახა ერთმა რუსმა, როდესაც კლდეს მოუახლოვდნენ.
- კარგი იქნება. - მისცეს პასუხად, თოფები მიაგდეს და დასხდნენ. სხვებმაც მოუკიდეს ჩიბუხებს და გამართეს ლაპარაკი.
- გუშინ სოფელში გამგზავნა ნაჩალნიკმა, - დაიწყო ერთმა.
- ქათმების სასყიდლად, - დაუმატა მეორემ.
- მივედი სოფელში, - გააგრძო მანვე, - და დავიწყე სოფელში სიარული... ვიკითხე ერთგან: არავინა ჰყიდის ქათმებს?
- ჰფიქრობენ, რუსს ქათამს ნუ მივყიდითო! ეგენი - წყეული ხალხია, ქართველები!
- ბუსურმანები არიან, - დაუმატა გრძელ-ულვაშიანმა რუსმა.
- ვფიქრობ: „დამაცადეთ და მე გიჩვენებთ ამბავს"... ერთბაშად მივედი ერთს სახლთან, კარებში ინდაურები დადიოდნენ, მოვიქნიე ჯოხი და მოვდე ერთს ინდაურს. ძაღლის ყეფაზედ ვიღაცა დედაკაცი გამოვიდა და დაიწყო თავიანთ ბუსურმანის ენაზედ რაღაცის ჯიყჯიყი. მე ინდაურს წამოვავლე ხელი. ის ჩემსკენ გამოექანა... ვეზიდებით ორნივ ამ ინდაურს - სასაცილო იყო. მე არ ვანებებ. გაბრაზებულმა დედაკაცმა წამოავლო ჯოხს ხელი და აკი დამკრა. ოხ, ეშმაკის შვილო, ვამბობ მე, დამაცადე, რა გიყო... ბევრი აღარ დამიგვიანია, ავდექი და ეზოში კი გავიშალე... გავინაბე სული... მოვიდა ხალხი, ლაპარაკობენ, მე მაბრუნებენ, წყალს მასხამენ, დედაკაცს კი ეჩხუბებიან, - იმათ ეგონათ, რომ მართლა მოვკვდი, - ეშინოდათ, რომ ხემწიფის მოსამსახურის სიკვდილისთვის გადაჰხდებოდათ. როცა იყო, გავახილე თვალი და ვითომ მაშინ მოვედი გონსა. წამოვხტი, გავავლე ხელი ერთს კაცს - ვეუბნები:
- წამოდი ნაჩალნიკთან, შენ დააშავე ხემწიფის მოსამსახურე... ვინა ხარ შენა? მუჟიკი!.. როგორ შეგიძლიან ხემწიფის სალდათს სცემო? - იმას შეეშინდა, სულ გაფითრდა, მეხვეწება, თავი დამანებეო... მე კი არ ვეშვები... მომცეს სამი ინდაური, შვიდი ქათამი და მაშინ დავანებე თავი.
- ყოჩაღ, ყოჩაღ!.. - მოუწონეს სხვებმა.
- ნაჩალნიკთან რომ ეჩივლათ, რაღას იქმოდი?
- ნაჩალნიკს მე თვითონ ვუამბე.
- მერმე?
- მადლობა მითხრა და ბევრიც იცინა.
- აი, ყოჩაღად შენ მოჰქცეულხარ! - მოუწონეს იმას.
- არ იქნებოდა - ნაჩალნიკმა მიბრძანა ქათმების სყიდვა და ის დაწყევლილნი კი არ მაძლევდნენ, მა რა უნდა მექნა?
ყველა ნატრობდა ამ ამბის მთქმელის ადგილს ყოფნას, რათა ბუსურმანი ქართველები გაეტანჯა. ჩიბუხები დიდი ხანია გაკეთებული ჰქონდათ და ელოდნენ სპიჩკის ანთებას, რომელიც ჰქონდა ერთს იმათგანს და დაჰსველებოდა ჯიბეში. ის უფხაკუნებდა თავის ტოლამანზედ, მაგრამ ცეცხლი მაინც არ უჩნდებოდა. ბოლოს, როცა იქმნა, იფეთქა სპიჩკამ და ერთბაშად გაანათა იქაურობა, შემდეგ, როცა სპიჩკა გაჰქრა, ყველას ერთბაშად თვალთ დაუბნელდა.
ამ წამსვე სამმა სალდათმა წამოიწივეს, მაგრამ ისევ მიწაზედ დაეცნენ, და დაიწყეს ფართხალი.
იაგო და მისი ამხანაგები, რომელნიც დროს არჩევდნენ ამ კაცების თავს დასასხმელად, სწორედ ამ დროს გამოცვივდნენ, როდესაც სპიჩკამ იელვა. წინადვე გამოანგარიშებული მანძილი და ხანჯლისთვის ამორჩეული ადგილი იქამდისინ სისწორით იყო, რომ არც ერთს ამხანაგს არ აუცდენია თავისი იარაღი.
ორი გადარჩენილი რუსი, გულგახეთქილები წამოცვივდნენ და ღრიალით გაიქცნენ ციხისკენ.
როდესაც იაგომ გული მოიჯერა და იმის წარმოუთქმელმა წადილმა კმაყოფილება მიიღო, ის წყნარ-წყნარად მოვიდა გონსა და სისუსტე შეეპარა.
იმას დაუწყო მუხლებმა ცახცახი, დაეხვა თავს ბრუ და თვალთ დაუბნელდა. ის თავისავე უნებურად დაეშვა დედამიწაზედ და წყნარად წარმოსთქვა:
- ერთი, ერთის ჯავრი მაინც ამოვიყარე!..
იმ დროს მისი ამხანაგები, რომლებიც გაიქცნენ სალდათების დახოცვის შემდეგ, ერთბაშად შესდგნენ და დაინახეს, რომ იაგო იმათთან აღარ იყო. იმათ დაჰვიწყებოდათ იაგოს სისუსტე და ამის გამო ჰგონებოდათ, რომ მოხევე იმათთან სიარულს შესძლებს.
- იაგო რა იქმნა? - იკითხა პირველად კობამ.
- აბა, რაი ვიცი, - უპასუხა თორღამ.
- იაგო! - განიმეორა იმან, მაგრამ ეს ხმა მეორედაც ისე უპასუხოდ დაიკარგა ჰაერში, როგორც პირველად.
- ვაი თუ მომიკლეს! - დაიკრა მუხლებზედ ხელი კობამ და ორნივ ამხანაგები სირბილით წავიდნენ იმ მხარისკენ, სადაც რამდენიმე წუთს წინათ სისხლის ღვრა მოჰხდა.
ისინი მირბოდნენ გულის ხეთქით, რადგანაც ეშინოდათ, რომ იაგო ან არ დაეჭირათ, ან არ მოეკლათ.
კობას მოაგონდა იაგოს სისუსტე და მაშინ მოიაზრა - შესაძლებელი იყო იმას ისე შემოჰყროდა გულს და ამიტომ მოჰშორებოდა იმათ, თუმცა ეს მოსაზრება კობას ამშვიდებდა ერთი მხრით, მაგრამ მეორე მხრით უფრო შემაწუხებელმა ფიქრებმა გაურბინეს თავში:
- ახლა რომ იქ მოასწრონ და დაიჭირონ, რაიღა მეშველების?
- იმ ურჯულოებმაც ღრიალი შეჰქმნეს, - დაუმატა თორღამ.
- ნეტავ ისინიც არ გაგვეშვა და მოგვეკლა, - ჯავრით წარმოსთქვა კობამ.
- ლომისა შეგვეწევის! - მისცა იმედი თორღამ.
ისინი მოვიდნენ იმ ადგილას და ჩქარა იპოვნეს გულშემოყრილი იაგო, რომელიც თორღას წამოეკიდა, და გასწიეს ჩქარის სიარულით თავის გზაზედ.
სალდათები, რომლებიც გადარჩნენ და გაიქცნენ ყვირილით და რომლებისაც ეშინოდათ კობას და მის ამხანაგს, მიმალულიყვნენ ბუჩქებში და ცახცახით, გულგახეთქილები გათენებას ელოდნენ.
როდესაც ყველაფერი დამშვიდდა, განთიადის სიომ დაჰკრა, ისინი წყნარად და სიბრთხილით გამოძვრნენ თავიანთის სამალავიდგან, გაჰხედეს ამ ალაგს, საიდანაც ისე გულგახეთქილები გამოიქცნენ და დაინახეს თავის სამი ამხანაგი, რომელთათვისაც სიკვდილს სახე დაეპრანჭა და გულაღმა ეყარნენ.
ისინი წყნარად მივიდნენ, აიღეს თავ-თავიანთი თოფები, რომლებიც იქავე ეყარა და დაფიქრდნენ თავიანთ მდგომარეობაზედ. იმათგან არც ამხანაგების შებრალება, არც სხვა რომელიმე კაცობრიული გრძნობა! იმათ მხოლოდ ეშინოდათ თავის უფროსისა, რომელიც უეჭველად გადაახდევინებდა აქამდინ სიჩუმისთვის.
- რა ვქმნათ? - სთქვა ერთმა.
- ნაჩალნიკი როზგით ტყავს დაგვაძრობს, სულს ამოგვართმევს! - დაღონებით უპასუხა მეორემ.
კარგა ლაპარაკის და ფიქრის შემდეგ, რომელიც მარტო იმათ პირად საქმეს შეეხებოდა, იმათ გარდასწყვიტეს, რომ გაისვრიან თოფებს, გაიქცევიან ციხეში და მოიგონებენ, ვითომ მთელი ჯარი დაეცა, გატეხეს ციხე და პყრობილები წაიყვანეს. იმათ ორი მარჯვე სროლით მტრებს მოუკლეს ორი კაცი, მაგრამ იმათ დახოცილები თან წაიღეს და შეშინებულები გააქციეს.
- აგრე ხომ წყალობასაც მოგვცემენ! - სიამოვნების ღიმილით წარმოსთქვა ერთმა.
როგორცა სთქვეს, ისე მოიქცნენ: ისროლეს თოფები და გაიქცნენ ღრიალით ციხისკენ.
მოისმა ბარაბნების ხმა, რომელზედაც განგაშს სცემდნენ და ტკბილის ძილიდგან გამოღვიძებული ციხის უფროსი თმაგაწეწილი და ფეხშიშველი გამოვარდა გარეთ.
- რა ამბავია? - შეშინებულის ხმით დაიძახა იმან.
- რა მოგახსენოთ, თოფები გაცვივდა, - უპასუხა კარებთან მდგომმა ყარაულმა.
სალდათები გამორბოდნენ, გზაში იკეთებდნენ თავიანთ სამკაულს, რადგან შეჭურვა შინ ვერ მოესწროთ.
წარმოუთქმელი არეულობა იყო, მით უფრო, რომ ჯერ არავინ იცოდა, რა ამბავია, ან ვისთან ექმნებოდათ საქმე.
ამ დროს შემოსცვივდნენ ის სალდათები, რომელთაც ისეთი არეულობა მოახდინეს თავიანთ თავის დასაცველად. ისინი მოვიდნენ პირდაპირ ნაჩალნიკთან.
- რა ამბავია? - შორიდგანვე დაუძახა იმან.
- მტერი გამოჩნდა, თქვენო მაღალკეთილშობილებავ!
უფროსი დაიფანტა, თმა უფრო აებურძგნა.
- ვინ მტერი? სად? როგორ? - არევით იკითხა იმან.
- ციხეს დაეცნენ, გატეხეს, ტუსაღები წაიყვანეს.
- რას მეუბნებიან? - გულგახეთქით წამოიძახა აფიცერმა, რომელსაც პირისახე დაუმახინჯა შიშმა.
- სამი სალდათი მოგვიკლეს, ჩვენც ორი მოვკალით, მაგრამ დახოცილები თან წაიღეს და თითონაც გაიქცნენ.
რა რომ სიტყვა „გაიქცნენ“ გაიგონა და დაინახა, რომ იმის სიცოცხლეს აღარავინ ერჩოდა, გული მოეცა, მაგრამ მაინც პირველი იმისი ფიქრი იყო პირადი საქმე.
- მაინც პასუხისგებაში მიმცემენ! - დაიძახა იმან და წაივლო თმებში ხელი.
ის შებრუნდა შინ, ჩაიცვა საჩქაროდ და გასწია სალდათებით და კიდევ ერთის იქ მყოფის უფროსით ბრძოლის ველზედ.
იქ მივიდნენ, ნახეს დახოცილი რუსები, ნახეს ციხის გახსნილი კედელი და შეიტყვეს იაგოს გაქცევა, რომელიც ყველაზედ მეტად ეწყინა მბრძანებელს.
ციხის უფროსმა ერთი აფიცერი და რამდენიმე სალდათი გამოუყენა გაქცეულებს, რომელთ რიცხვიც ასორმოცდაათ კაცს უნდა გადასჭარბებოდა სალდათებისაგან მოტანილის ცნობით; თითონ კი დაბრუნდა ციხეში, სადაც სასტიკი გამოძიება უნდა მოეხდინა.
ამ ხანში იაგო თავის ამხანაგებმა გაიყვანეს ერთი მთის სერზედ, სადაც მოაგროვეს სველი ბალახი, ზედ გადააფარეს ნაბადი და იმაზედ დააწვინეს დასუსტებული...
იაგოს, რომელიც დაეღალა სიარულს, მოუსვენებლობას და წარსულს ცხოვრებას, ეძინა, როგორც მკვდარს. იმისი ამხანაგები კი მოსდგომოდნენ სადილის ზრუნვას და ირმებზედ სანადიროდ წასულიყვნენ.
ესენი ამ მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც განრისხებული ციხის უფროსი შევიდა სწორედ იმ მოხუცთან, რომელიც იაგოსთან იყო დამწყვდეული.
იმათ შესვლაზედ მოხუცი, რომელიც ჩალაზედ იწვა, გადაბრუნდა და თვალები მოარიდა შესულებს.
- შენ, ეი! არ გესმის, ვინ შემოვიდა? - დაუყვირა უფროსმა და დაუბრიალა თვალები.
მოხუცმა ხმა არ გასცა.
- არ გესმის? - განუმეორა უფროსმა.
- მესმის, - უპასუხა პყრობილმა.
- მერე უფროსს ეგრე უხვდებიან?
კიდევ პასუხი არ მიიღო და ამან უფრო გააცეცხლა.
- ადეგ! - დასჭყივლა იმან ერთბაშად და შემოჰკრა სილა.
- რადა მცემ?.. რას მემართლები?..
- ადე მეთქი! - განუმეორა ნაჩალნიკმა.
- არ შემიძლიან, მუხლები დასიებული მაქვს.
- ააყენეთ! - უბრძანა იმან იქ მყოფ სალდათებს და ისინიც მისცვივდნენ.
- უღმერთონო! დაჰხედეთ ჩემს მუხლებს! - უთხრა მოხუცმა და გადმოაშვირა მუხლი, რომელსაც საფარი შემოჰგლეჯოდა და ნაფლეთების ქვეშიდგან ტიტველა ხორცი გამოსჩენოდა. მაგრამ, ოჰ, ღმერთო! რა ხორცი იყო?! გამხდარი, ცარიელა ტყავი, რომელშიაც წყალი ჩამდგარიყო და, დარუმბებულს, კანი იქამდის დასთხელებოდა, რომ შიგ შუქი გადიოდა.
გასიებული ფეხი და მუხლი კოჭებთან მოჭერილს ბორკილს ჩაეჭამა და ხორცი დაფარულიყო იარებით; უწამლობისა და რკინისაგან მუდამ ჩაჭმის გამო ერთ ალაგს ძვალი გამოეჩინა და ზედ შემხმარი სისხლი და ჩირქი შესაზიზღ ტალახის ფერად გარდაჰქცეოდა. ალაგ-ალაგ სილურჯე ამტკიცებდა, რომ ამ მდგომარეობას ჩქარა ბოლო უნდა მოეღო ამ წამებულისათვის.
- უკაცურნო, დაჰხედეთ! - კაცობა აღარა გაქვსთ?
სალდათებმა ყური არ უგდეს იმის ლაპარაკს და წამოაგდეს მოხუცი, რომელიც ტკივილისაგან იკლაკნებოდა და ძლივს-ღა იდგა.
- დადეგ, დადეგ - ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება! - ტუჩების ღრღნით უთხრა უფროსმა და დაუწყო ყურება.
ის უყურებდა დიდხანს რაღაცა სიამოვნებით და თითქოს სტკბებოდა მოხუცის მწუხარებით და ტკივილით; უფროსი იგრეხდა ულვაშებს; ხანდისხან წარმოსთქვამდა რაღაცა გამოურკვეველ ხმებს და დროგამოშვებით ანძრევდა ერთ ფეხს. ბოლოს შესწყვიტა სიჩუმე და ერთბაშად შეუტია:
- სად არის იაგო?
მოხუცმა გაკვირვებულის თვალით შეჰხედა, რადგანაც ვერ გაეგო - რასა ჰკითხავდნენ.
- რას დაგიჭყეტია თვალები? მიპასუხე - რა იქმნა იაგო?
- იაგო?! - კიდევ ვერ გამოერკვია მოხუცს, რას ჰკითხავდნენ.
- ჰო, იაგო!
- იაგო თქვენ წაიყვანეთ! თუ მოჰკალით, სხვას რას უზამდით - რა გამოგივათ ხელიდგან?
- ნუ ეშმაკობ, მაგით ვერ მომატყუებ.
- მე არ ვეშმაკობ.
- სად გაიქცა, ან ვინ უშველა?
- გაიქცა?! - მღელვარებით წარმოსთქვა მოხუცმა და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ გაიქცა.
- შენ ხომ იცოდი, რომ გაიქცეოდა? უეჭველია გეტყოდა.
- არ ვიცოდი და არც უთქვამს.
- სტყუი!
- მე მთიული ვარ.
- მითხარ ყოველისფერი, თუ თავი გებრალება.
- მე სიკვდილი არ მაშინებს და არც ტყუილს ვიტყვი.
- გათქმევინებ, ყოველისფერს გათქმევინებ! - მივარდა უფროსი და დაუწყო წვერ-ულვაშის გლეჯა.
მთიული მთლად გაფითრდა ამგვარად დამცირებისთვის.
- ურჯულოს მეტი კაცის ულვაშს ვინ შეეხება?.. რაც გინდა ჰქმნათ, ლომისის მადლმა, კაცობა არა გაქვსთ...
- გაჩუმდი, გაჩუმდი, შე ავაზაკო, კერპო შენა, თორემ შემომაკვდები!
მოხუცს თავში გაუელვა აზრმა, რომ ეს საუკეთესო წუთი იყო თავის სურვილის აღსრულებაში მოსაყვანად და ეს სურვილი კი იყო სიკვდილით გადარჩენა...
- მაშ არ იცი, არა? - ცემით ეუბნებოდა უფროსი.
- ვიცი, - უპასუხა მოხუცმა, თითქოს შეწუხებამ წარმოათქმევინა უნებურად.
- ძლივს! - წარმოსთქვა უფროსმა და ღიმილით დაუმატა: - თითქოს არ გინდოდა თქმა?
- ძალა აღმართსა ჰხნავს! მეტი რა დღე მქონდა, რომ არ მეთქვა!
- არ იცოდი რომ ეგრე იქნებოდა?.. აბა მიამბე ყველაფერი დაწვრილებით.
მთიულმა ჩაიცინა და უპასუხა;
- გიამბო? - რაისთვი გიამბო? ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ გიამბობ, ლომისის მადლმა!
- რაო? - მიუახლოვდა გაოცებული აფიცერი.
- მე ყველაფერი ვიცოდი, - ვიცოდი, რომ იაგო უნდა გაქცეულიყო, ვიცოდი ვინც იმის ამხანაგები იყვნენ, ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი, მაგრამ შენ კი არ გეტყვი.
- მოგკლავ, ჩამოგახრჩობ! - მივარდა უფროსი.
- რაც უნდა მიყო, ლომისის მადლმა, არ გეტყვი.
- მაშ არ მეტყვი?
- არა.
აფიცერმა გაიარ-გამოიარა და მიუბრუნდა კიდევ.
- გირჩევ მითხრა, თუ თავი გებრალება.
- სიკვდილისა თქვენ გეშინიანთ, დიაცები თქვენა ხართ, მე რაი მათქმევინებს?.. არ ვიტყვი, აგრემც შემეწევა პირიმზე.
უფროსის ყოველი მეცადინეობა, ალერსი, მუქარა, თუ დაყვავება, ამაოდ რჩებოდა და მოხუცმა სიტყვა არ გააწყალა იაგოს გაქცევაზედ. ან რა უნდა ეთქვა, როდესაც თითონ არა იცოდა-რა და მხოლოდ ისე ტყუილად მოიგონა უფროსის გასაჯავრებლად.
- მაშ არ იტყვი, რაღა? - უკანასკნელად ჰკითხა პყრობილს.
- არა.
- აბა! - ანიშნა თვალით სალდათებს და ერთს წამზედ იმათაც როზგები მოიტანეს.
- წამოაქციეთ! - უბრძანა ციხის ბატონმა და იმათაც აასრულეს ბრძანება.
თავზედ და ფეხებზედ დაასხდნენ სალდათები, ორნიც აქეთ-იქით დაუდგნენ და დაუწყეს ტიტველ ხორცზედ უწყალოდ ცემა. პირველ დაკვრაზედვე ხორცი ჯერ გაწითლდა, მერმე ლურჯად გადაიქცა, ბოლოს ყავარ-ყავარ დასკდა და სისხლმა ჩქეფით დაიწყო ამოდენა. წკეპლები დაიმტვრა და რამდენჯერმე გამოიცვალეს ახალახალი კონები; გამოიცვალნენ მცემლებიც, რომელთაც ოფლი წურწურით გასდიოდათ დაღალვისგან, მაგრამ გაკერპებულს ტუსაღს სიტყვა ვერ წარმოათქმევინეს.
- ყველაფერი ვიცი, - გასძახოდა ისა, - მაგრამ ძაღლებს არ ვეტყვი, არა!
ყოველ დაკვრაზედ ინსტიქტიური თროთლა ამტკიცებდა წარმოუდგენელს ტკივილს. ხორცი ცემით ისე დაეკეპა, როგორც გუფთა და, ბოლოს, ნაფლეთ-ნაფლეთი სდევდა წკეპლებს და სცვივოდა აქა-იქ. მოხუცი თანდათან სუსტდბოდა, მაგრამ იმის პირს არც ხვეწნა და არც მუდარა არ წარმოუთქვამს. უკანასკნელმა მიხრწნილმა ხმამ კიდევ ლანძღვა და წყევლა გააგონა უსამართლო მტარვალებს და ამ სიტყვებთან ერთად იმან დაჰკარგა გრძნობა. ამ მდგომარეობაში კიდევ კარგა ხანს სცემეს, მაგრამ მოხუცი ვეღარ ინძრეოდა.
- თქვენო მაღალკეთილშობილებავ, აღარ ინძრევა, - შენიშნა სალდათმა, რომელიც თავზედ ეჯდა.
- ტყუილად იგონებს სიკვდილს!- გულგრილად წარმოსთქვა მბრძანებელმა და დაუმატა: - აბა კიდევ რამდენიმე ცხელ-ცხელი მიარტყით, მაშინა ვნახავთ.
სალდათები თუმცა სცდილობდნენ ბრძანების აღსრულებას, მაგრამ მოხუცი გონს აღარ მოვიდა, მკვდარსავით ეგდო.
როცა კარგად გული იჯერეს და დარწმუნდნენ, რომ მოხუცი არ ეშმაკობდა, იმათაც ხელი აიღეს ცემიდგან. დამახინჯებული, დაფლეთილი შეაგდეს ერთს ოთახში, სადაც ჩქარა სული დალია უბედურმა, საშინელს ტანჯვასა და სულის ბრძოლაში. ის უკანასკნელად თითქოს მხოლოდ იმისთვის მოვიდა გონს, რომ უფრო ეგრძნო თავისი სიმარტოვე, უპატრონობა. იმას არ დაიტირებდნენ არც ცოლი, არც შვილი, არც ნათესაობა! იმის გვერდით არ იმყოფებოდა ისეთი პირი, რომელსაც წმინდა გულით შეჰნანებოდა იმისი დაკლება, შეჰნანებოდა ისე კი არა, როგორც ხარი, ცხენი, რომელიც საცხოვრებელს აძლევდა, არამედ ისე, როგორც დასახლებული ამის გულში, რომელსაც ამისი სიკვდილით გულიდგან მართლა რაღაცა სწყდებოდა.
მოხუცმა გაახილა თვალები, მოიკრიბა უკანასკნელი ღონე, რომ წამოეწია. მასუკან წამოახრიალა ყელში შვილების სახელი, სალდათების წყევლა და უკანასკნელს სიტყვებთან დალია სული...
ამ ხანმი თორღას და კობას წყლის ბილიკი შეეკრათ ირმის ჯოგისთვის და მოუთმენლად ელოდნენ იმათ გამოჩენას.
გაიარა რამოდენმა ხანმა და ამ ლოდინში, მაგრამ ირმები, თითქო განგებ, არ ჩნდებოდნენ, თუმცა კვლავად ისინი ამ ადგილებში შეუხვედრად არ დარჩენილიყვნენ, რადგანაც აქ აუარებელი რიცხვი ჯოგ-ჯოგად დადიოდა მლაშეზედ სალოკად და წყლის სასმელად.
იმედ-დაკარგულნი ის იყო უნდა წამომდგარიყვნენ მონადირეები და წასულიყვნენ ბინისკენ, როდესაც მოისმა ხმელი ფოთლების ფაჩი-ფუჩი და ხმელი წიწკების მტვრევა.
- მგონია, ღმერთი გვაძლევს, - წყნარად წასჩურჩულა თორღამ და ორთავ დაუწყეს ყურება იმ მხარეს, საიდგანაც ფეხის ხმა ისმოდა.
დიდმა ხანმა აღარ გაიარა, როდესაც მოისმა ტყის გამხმარი ტოტების ლაწი-ლუწი და გამოჩნდა ამაყად მომავალი ხარი ირემი, რომელსაც ყურები დაეცქვიტა, მაღლა ამაყად აეღო თავი და თეთრი მკერდი თითქოს ნიშანში ამოსაღებად გამოეჩინა. ის მოდიოდა წყნარად, ხანდისხან შეჩერებით და აბრიალებდა შავს, კუპრის მსგავს თვალებს. ყოველი მიხვრა-მოხვრა ამტკიცებდა, რომ იმას დიდი ხანი გაუმარჯვნია თავის მეტოქეებზედ და უშიშრად უარშიყდებოდა ფურებს6,რომელნიც, უეჭველია, იმას ირჩევდნენ პატარა უღონო წალებს7. ის ისე რიგად მოდიოდა, თითქოს საბრძოლველად იწვევდა ყველას, ვინც კი გაჰბედავდა წინ გადადგომას და ეს მიხვრა-მოხვრა აქამდინ მედიდური და ამაყი ჰქონდა, რომ კობას გადაშვერილი თოფი ისე დარჩენოდა და გატაცებული სტკბებოდა ამ მშვენიერის სურათით. ირემი შესდგა, დაიფრუტუნა და გაიქნია თავი; თითქოს გაჯავრდა, რომ არავინ შეჰხვდა თავის ღონის საცდელად. ბოლოს ის შეიკუმშა, გადახტა, შეჰკრა რამდენიმე კამარა და რქებით დაეტაკა იქვე მდგარს მუხის ხეს. ის კარგა ხანს ებრძოდა იმას და იკლავდა ბრძოლის ჟინს, როდესაც თორღამ გამოიყვანა კობა თავდავიწყებიდგან და უთხრა:
- დასაკლავ ხარს რაი-ღა ყურება უნდა? ახალე, თორემ იაგოც მარტოკა გირჩების.
- ჰო, ჰო, მართალი ხარ... დასაკლავს რაი-ღა ყურება უნდა, - განიმეორა კობამ ოხვრით და დაუმიზნა თოფი.
ირემი ამ დროს გაჰშორდა მუხას და გაანჩხლებული, რომ იმის ძალას ასე უმაგრდებიან, თავგანწირვით გაექანა ხელახლად, მაგრამ მუხამდინ ვეღარ მიაღწივა: გავარდა თოფი - და ირემი დაეცა ჯერ წინა მუხლებზედ და, ცოტა წამოსადგომად ცდის შემდეგ, გაიშალა მინდორზედ.
- გაუმარჯოს შენს მარჯვენას! - დაიძახა თორღამ და გადაფრინდა ირმისკენ, რომელსაც ყელში დანა გაუგდო.
ირემმა შემოჰხედა გონივრულის თვალით, მწარედ დაიბღავლა და, რამდენიმე გაჟრჟოლების შემდეგ, დალია სული.
კობა თუმცა კარგი მონადირე იყო და ბევრი ირემი დაეჩოქებინა იმის „მაჟარს“, მაგრამ მაგალითი არ ყოფილა, რომ მოკლული მეტის-მეტად არ შეჰნანებოდა, ან ისე დროს გასატარებლად მოეკლა ნადირი. ეხლაც ის დაღონებული სწმენდავდა თავის თოფს, მაშინ როდესაც იმის ამხანაგი სიხარულით ჰხდიდა ტყავს ირემს.
იყო იმისთანა მაგალითებიც, როდესაც კობა მთელი საათობით თოფ-გაშვერილი იჯდა და გაჰყურებდა რომელიმე ნადირის ლაღობას.
- მოდი, მიშველე, ვეღარ დავერიე ამ ბაითალს! - მიუბრუნდა თორღა, როდესაც იმან დასერა ირემი ტყავის გასახდელად.
კობამ წყნარად დასდო თოფი, წყნარადვე მივიდა და ხელი დაადო ირემს.
- დაჰხედე, დაჰხედე, რამოდენა რქები ჰქონია! - იძახდა სიხარულით. ირემი ჩქარა გაატყავეს, გამოშიგნეს, ამოიღეს გულ-მუცელი, კუჭმაჭები და სამწვადეები. დანარჩენი აკაფეს, გაახვიეს ტყავში, უფეთქეს გარშემო თოფის წამალი, რათა წამლის სუნზე ნადირი ვეღარ მიჰკარებოდა, და გაბრუნდნენ ბინისკენ. გზაში თორღა შესდგა და დაიკრა მუხლებზედ ხელი:
- რა ამბავია? - ჰკითხა კობამ.
- ვაი შენს თორღას! ფაშვი აკი დამავიწყდა!
- ფაშვი რაღად გინდა? - ჰკითხა ამხანაგმა.
- ხორცს მოვხარშავთ, წვენს გაუკეთებთ იაგოს... წვენი კარგია, გულს უპოვნის ავადმყოფს.
ამ სიტყვებით თორღა გაბრუნდა, მივიდა, გამოშიგნა ფაშვი, წმინდად გარეცხა იქვე ჩამონადენ წყაროში და გაუდგა თავის ამხანაგს.
როდესაც ისინი მივიდნენ, იაგო ჯერ კიდევ ხშირს ძილში იყო და ამისთვის იმათ წყნარად მოაგროვეს ხმელი შეშა, დაანთეს ცეცხლი, გააკეთეს სამფეხა საკიდელი, რომელზედაც შემოჰკიდეს თან მოტანილი ფაშვი, გავსებული წყალით და ირმის ხორცით.
მერმე მოკაფეს ფოთლიანი ფიჩხი და მოუჩრდილეს იაგოს, რადგანაც მზეს მეტად გაეხურებინა იქაურობა და თითონ მძინარესთვისაც საკმაოდ ძალა დაეტანებინა, რადგანაც გამონახეთქი ოფლი მარგალიტსავით სახეზედ დაჰყროდა.
როდესაც საქმეებისგან მოიცალეს, ისინიც უზრუნველად გაწვნენ და დაღალულები მიეცნენ ტკბილს ძილს.
მზე გადაიწვერა და საღამოს ნიავმა დაჰქროლა, როდესაც იაგოს გაეღვიძა და დაჭერის შემდეგ პირველად იგრძნო გამაცოცხლებელი წმინდა ჰაერის მკურნალი ძალა.
ის თავის თავს ჰგრძნობდა როგორღაც მსუბუქად, მხიარულად, და, დიდი ხნის მოკლებული თავისუფლებას, ძალზედ აღებდა პირს და შეისუნთქავდა ყნოსიერებით სავსე ჰაერს.
ყოველი ბალახი, ყოველი ყვავილი გამაცოცხლებლად მიიზიდავდა იმის თვალს და წარმოუთქმელად ახარებდა იმის გულს.
რამდენიმე ამოსუნთქვა საკმაო იყო, რომ ეგრძნო წარმოუთქმელი შიმშილი, რომელსაც აგრძნობინებდა იმისი დასუსტებული სხეული, რომელიც ითხოვდა დაკლებულის შევსებას და გამაგრებას.
მაგრამ თითონ ეს შიმშილიც გადაავიწყდა, რადგანაც გიჟივით წამოვარდა, როდესაც თავისი თავი დაინახა თავისუფლად და დარწმუნდა, რომ დღეს თუ ხვალ ის შეუერთდება თავის საყვარელ ნუნუს.
იქამდისინ მიაღწივა იმისმა სიხარულმა, რომ ადგილზედ ვეღარ დადგა და ჩავიდა იქვე ჩამომდინარს წყაროსთან, სადაც სახე და თავი გაიგრილა.
ამ ხანში იმისი ამხანაგებიც წამოდგნენ და ყველანი ჩავიდნენ წყაროსთან, სადაც გახარებულნი ეხვეოდნენ და ულოცავდნენ ერთმანეთს ასე მშვიდობიანად გადარჩენას.
როდესაც პირველმა მღელვარებამ გაიარა, ისინი ავიდნენ ბინაზედ და დასხდნენ სადილად. ნადირის მწვადები მადის გამხსელს სუნს ატრიალებდნენ ჰაერში.
ისინი სჭამდნენ, როგორც კი დამშეულს ხალხს ჭამა შეუძლიან - უსიტყვოდ და გაჩუმებულნი. მხოლოდ იაგოს აბრთხილებდნენ, რომ ხორცს გადაჩვეულს კუჭს მეტი არ მოსვლოდა.
შიმშილი მოიკლეს.
იაგოს გული არ უსვენებდა და უნდოდა ჩქარა გაეგო ნუნუს ამბავი, რომელსაც, იმისი აზრით, თვალები უნდა გასწყალებოდა სატრფოს ლოდინში.
მაგრამ კობა თითქოს გასჯიბრებოდა და განგებ არას ეუბნებოდა იმაზედ და საზოგადოდ ბრთხილობდა თავის მხრივ შეხებას.
იაგო ფიქრობდა: „რაი მოუვიდა, რაისთვი მაწვალებს?.. რაისთვი არას მეუბნების?!“
კობა კი ჰფიქრობდა: „საიდგან დავიწყო ლაპარაკი, რაი ვუთხრა, როგორ გავაგებინო ნუნუს გატაცება?“
ამგვარად ორნივ მოუსვენარს და უხერხულს მდგომარეობაში იყვნენ. ბოლოს, იაგომ ვეღარ გასძლო და შორიდგან დაიწყო:
- კობავ, რაისთვი არ მიამბობ შენს თავზე გადასახადს?
- რაი გიამბო - კაცი შემომაკვდა, სისხლი დამედო და გამოვიქეც.
- კაცი შემოგაკვდა, სისხლი დაგედო? - შეწუხებით იკითხა იაგომ და დაუმატა - რაისთვი, ვინ შემოგაკვდა?
- ოსი.
იაგო რომ სხვა ქვეყნის კაცი ყოფილიყო, მაშინვე დაუწყებდა დარიგებას, რომელიც ყვედრებით სავსე იქნებოდა, მაგრამ იაგო მოხევე იყო და იცოდა, რომ დარიგებით და ყვედრებით საქმეს აღარ ეშველებოდა და ამ მხრით სიტყვების დაკარგვა ამაო იქნებოდა. ამისთვის პირველი აზრი, რომელმაც თავში გაურბინა, იყო - როგორ უშველოს თავის ძმადნაფიცს; როგორ მისცეს მომეტებული ცხოვრება და როგორ დაიფაროს მოსისხლეებისგან? ამასთან იმას უნდოდა გაეგო - რაგვარად შეემთხვა ეს უბედურება: ოსის სიკვდილი იყო შემთხვევით, ქალაჩუნად, საფარიდგან, თუ ვაჟკაცურს ბრძოლაში, როგორც შეჰფერის მებრძოლს, ომით გაუმაძღარს ხალხს!
ყველა ამას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა და გულის კანკალით მოელოდა - რას გაიგონებდა კობასაგან.
- რაისთვი მოჰკალ? როგორ იყო? - ჰკითხა იმან და მთლად სმენად გარდაიქცა.
- ნადირობ მივდიოდი, ტყიდგან ქალის კივილი შემომესმა და გადაველ. იმას რამდენიმე კაცი გაწბილებას უპირობდნენ, მე წავეშველე და ერთი ოსი შემომაკვდა.
- ვაჟკაცი ნიადაგ ვაჟკაცურად მოიქცევა! - სიხარულით წამოიძახა იმან.
ამ ლაპარაკში თორღამ, რომელსაც ძმადნაფიცების მარტოდ დაგდება უნდოდა, აკრიბა ჭურჭელი და წაიღო წყაროზედ დასარეცხად.
- ეხლანდელი სამართალი შენც იცი: შინ აღარ დამედგომების და წამოველ! - დაიწყო კობამ, როცა მარტონი დარჩნენ.
- რაი ვუყოთ, ერთად ვიცხოვროთ! - უპასუხა იაგომ.
- შენი დატუსაღება მაღონებდის და ვეღარ გავძელ... ე თორღაიც მთიულია, ეგეც კაც-ნაკლავია: ყაზახი მოჰკლა... ერთად შევიყარენით, ძმად გავიფიცეთ და მერმე შენს გამოსახსნელად წამოვედით; თორღამ ციხის ამბავი იცოდა, და წმინდა გივარგიმ კი ხელი მოგვიმართა.
- განა იცოდით, რომ მე იმ ოთახში ვიყავ დამწყვდეული?
- არა... ჩვენ იმ ოთახიდგან ციხეში გვინდოდა შესვლა და მერმე, რასაც უფალი გვაგონებდა, იმას ვიქმოდით.
- ვაჟად გიცნობდი და არც მოვტყუვდი! - შეაქო იაგომ.
ჩამოვარდა ისევ სიჩუმე.
- ცხო რაისთვი აღარას მეუბნები? - პკითხა იაგომ.
- რაი-ღა გითხრა? - უპასუხა კობამ და დაჰხარა თავი. .
- მითხარ რაიმე, ღთის მადლსა!
- რაი-ღა გითხრა ჩვენი სიბედშავის მეტი!.. გვაღრჩობენ, სულსა გვხდიან და ჩვენ კი გაჩუმებულები ვართ.
- არ ვიცი, რაი ღმერთი გაწყრა? სულ დიაცებად გადაიქცნენ, თუ რაი მოუვიდათ?..
- არ ვიცი, არა... ჩვენ კი აღარ გვეცხოვრების, და...
ჩამოვარდა კიდევ სიჩუმე, რომელიც დაარღვია ისევ იაგომ.
- ცხო? - იკითხა იმან.
- ცხო რაი-ღა?
- რაისთვი არას მეუბნები იმაზედ?
- ვიზედ? - მოარიდა პირი კობამ.
- არ იცი, ვიზედაც გკითხავ?.. რაისთვი ეშმაკობ, რად არ მეუბნები? ადამიანი ჭირსაც უნდა მოელოდეს და ლხინსაცა: რაისი გეშინიან, მითხარ ყველაფერი.
- ჰო, ჰო, რაი დაგიმალო: ნუნუ გაიტაცეს, - კარგა ყოყმანის შემდეგ უთხრა კობამ.
ეს ამბავი იაგოს ზარსავით დაეცა და თვალთ დაუბნელდა, ასე რომ კარგა ხანს ხმა ვეღარ ამოიღო.
- ვინ გაიტაცა? - ბოლოს ძლივს წარმოსთქვა იმან.
- გირგოლამ.
- გირგოლამ? - კბილების კრაჭუნით წარმოსთქვა იმან.
- რაი-ღა დავმალო, იმის გატაცებაში მოვკალ ოსიც.
- ო-ო! ჩამივარდება როდისმე ის უღმერთო ხელში და, ღთის მადლმა, დედის ხსენს ვარწყევინებ პირიდგან.
კარგა ხანს შფოთავდა იაგო და კობა კი ამშვიდებდა.
- ტყუილი ჯავრი რაი ვაჟკაცთ წესია?
- ჰაი, ჰაი, რომ გადვუხდი! ღთის მადლმა, ეგრე გადვუხდი, რომ თითონაც არ მოელოდეს!
ამის შემდეგ იაგო თითქოს დაწყნარდა და სთხოვა კობას, რომ ყველაფერი დაწვრილებით ეამბო.
კობაც მოჰყვა თავიდგან და ბოლომდის გავიდა. შეატყობინა იმათი არშის ციხეში გახიზნება და თავისი ამბავი, რომელიც იაგოსავით შეყვარებული იყო, და გირგოლას უკაცურობამ კაცი შემოაკლა და საყვარელს გააშორა.
კარგად რჩევის შემდეგ იმათ გარდასწყვიტეს, რომ გაიტაცებდნენ თავიანთ საყვარლებს და, რადგანაც თავის ქვეყანაში აღარ ეცხოვრებათ, გადავლენ შამილთან, რომელსაც კარგად ხმა გაუვარდა რომელზედაც მთელს მთის ხალხს თვალი ჰქონდა მიპყრობილი, რადგან დახსნას და შველას მოელოდნენ.
ამ დროს ამოვიდა თორღა.
- თორღაუ! შენ კობას ძმადნაფიცი ჰყოფილხარ, დღეს იქით ჩემიც ძმა იქნები.
- მტერზედ მოქნეული ხმალი ტარშიმც გაუტყდეს შენს მოღალატეს, - უპასუხა თორღამ და ამოიღო მასრიდგან ტყვია: - აჰა, ჩემი ტყვია.
იაგომაც თავის სასწრაფოდგან, რომელიც კობას მოეტანა იმისთვის, ამოიღო ტყვია.
- აჰა, ჩემიც.
ორთავ ერთ დროს გაიშვირეს ხელები და, სანამ გასცვლიდნენ ტყვიებს, წარმოსთქვეს:
- ჩემი მარჯვენა შენს მარჯვენას ემსახუროს, ჩემი თვალი - შენს თვალს, ჩემი მუხლი - შენს მუხლს; მოღალატეს რისხავდეს ლომისა.
- ამინ, - წყნარად წარმოსთქვეს სამთავემ...
იაგომ და თორღამ ტყვიები შეცვალეს, მოეხვივნენ ერთმანეთს და სამჯერ ჩაიკრეს გულში ერთმანეთი.
მთვარე, რომელიც გაკაშკაშებულიყო ლაჟვარდს ცის სივრცეში, თითქოს განგებ გამოსულიყო, რომ მოწმად დასწრებოდა იმათ შეერთებას.
ამის შემდეგ იმათ გარდასწყვიტეს, რომ ერთს კვირას ამ ადგილს არ მოჰშორდებიან, რადგანაც დასუსტებულს იაგოს ეჭირვებოდა დასვენება და ჯანის მოკრება, და ასეთს ყოველის მხრით შემკობილს ადგილს კი ვერსად იპოვნიდნენ.
როდესაც იაგოს დაატყობდნენ მოკეთებას, ისინი წავიდოდნენ, გაიტაცებდნენ თავიანთ გულის საყვარლებს და პირდაპირ გალაშკაში გავიდოდნენ.
ესენი აქ ასე სცხოვრობდნენ და ნადირობაში ატარებდნენ დროს, როდესაც გამწარებული გირგოლა ყაზახებთან ერთად ხან რომელ მეცხვარეს დაეცემოდა და ხან რომელს და ეძებდა იაგოს, მაგრამ იმის მეცადინეობა ამაოდ რჩებოდა და ამ შემთხვევით გაცეცხლებული მწყემსებზედ ყრილობდა ჯავრს.
ჯერ ხუთმეტამდინ ალალმართალი მწყემსი დაეჭირათ და დამწყვდეული ჰყვანდათ, თუმცა იმათ იაგოს ამბავი არა იცოდნენ-რა.
ერთს დღეს ნაროვნის მთაში მეცხვარეებს ის-იყო მოერეკათ ცხვარი და სწველავდნენ, როდესაც მოისმა ცხენების ფეხის ხმა და გირგოლა ოცის ყაზახით თავზედ წაადგა.
მწყემსები წამოცვივდნენ, მიესალმნენ და ჩვეულებისამებრ მიიწვიეს.
- ვინ არის სარქალი? - ბატონურად იკითხა გირგოლამ, რომელმაც მადლობის გადახდაც კი საჭიროდ არ დაინახა მწყემსების მისალმებაზედ.
- მე, - უპასუხა ერთმა წარმოსადეგმა შუახნის კაცმა, რომელსაც ახალუხი ეცვა და თუშური ქუდი კოხტად გვერდზედ მოჰქცეოდა.
- აქ გამოდი!
- რაი გინდა? - უპასუხა გაკვირვებულმა მწყემსმა, რადგანაც არ იცოდა, რისთვის მიეწერა გირგოლას ბრძანებლობითი ლაპარაკი.
- აქეთ გამოდი და მაშინ გაიგებ.
- იცი, რა გითხრა... თუ სტუმრად გვეწვიე, ჩამოხე ცხენიდგან, საკლავს დაგიკლავთ, პურს გაჭმევთ და გაგისტუმრებთ, თუ არა-და, ღთის მადლმა, ბატონობით ვერც რას ვერ გაიტანთ.
გირგოლამ შეჰხედა მეცხვარეს და გულ-მოსულობა შეატყო სახეზედ, რომელზედაც ალმური ასდიოდა. გირგოლას სულაც არ უნდოდა მეცხვარესთან ჩხუბი და იმისი წყენინება, მაგრამ როდესაც კაცი უსამართლოდ ძალას მოიპოვებს, მაშინ ამგვარი ცხოვრება სრულიად აბრიყვებს კაცს და ავიწყებს სხვის პირადობას. არამც თუ წყენინება არ უნდოდა იმას, არამედ დამეგობრებაც კი ეჭირვებოდა მწყემსთან; და პირველად შეუტია, შეუტია მხოლოდ იმისთვის, რომ ეგონა შეაშინებდა, დაიმორჩილებდა და ამის შემდეგ თავის ყურ-მოჭრილ ყმად გაიხდიდა, და, რასაც უნდოდა, იმას აქნევინებდა; მაგრამ, რა მეცხვარის მამაცად დახვედრა ნახა, ხმის და თავის საქციელის გამოცვლა ამჯობინა.
- მე შენთვის არა მიწყენინებია-რა, რაისთვი ჯავრობ? - უთხრა იმან.
- აი, აგრე არა სჯობს ლაპარაკი? - კითხვით უპასუხა მწყემსმა.
- მე სტუმრად მოვედ, მეგონა მწყემსებმა სტუმრის დახვედრა იცით, და შენ კი მეჩხუბები.
- თუ სტუმრად მოხვედ, აჰა ჩემი თავი: შენ ბატონი და მე ყმა, - უპასუხა მეცხვარემ, მოიხადა ქუდი და ჩაუგდო გირგოლას ცხენს ფეხებში.
- ჩამოხე და ჰნახავ - ვიცით სტუმრის დახვედრა, თუ არა.
ამ სტყვებთან ერთად იმან ერთი ხელი დაავლო გირგოლას ცხენის ჯილავს და მეორე უზანგს მოჰკიდა. როდესაც სტუმარი ჩამოხტა, მწყემსი გაუბრუნდა იქ მყოფს ერთს მეცხვარეს:
- გასწია, თოლშია (შავა), დოლა-ჭედილა რომაა, ჩამოიყვანე, დაჰკალ და ჩაჰყარეთ. თქვენც ცეცხლი გაანათეთ ჩქარა! - მიუბრუნდა მეორე მწყემსებს. - მოდით, თქვენი ჭირიმე, მოდით! - ეპატიჟებოდა სარქალი სტუმრებს, რომლებიც ამ ჟამად ცხენებიდგან ჩამოხტნენ.
ყველანი დასხდნენ და დიდი ხნის აღმა სიარულისაგან დაღალული მუხლები დაასვენეს. ზოგნიც წამოწვნენ მწვანე მინდორზედ და დასუსტებულის თვალებით გასცქეროდნენ ქაფისაგან რძესავით გათეთრებულს მაღალი კლდიდან გადმონაჩქეფს წყალს, რომელიც ათას წინწკლებად იქცეოდა, ათასგვარ ფერადად შესთამაშებდა მზის შუქს და მერმე ხშირის ფარდახტით ნამავდა ბალახს.
რამდენიმე წუთში საკლავი დაჰკლეს, მოამზადეს გემრიელი სადილი, რომელიც მხოლოდ მწყემსებისაგან მზადდება და იმაზედ უგემრიელესს კაცი ვერაფერსა სჭამს.
ყველანი ჩუმად და საჩქაროდ სჭამდნენ, სანამ შიმშილს მოიკლავდნენ, მაგრამ რა შენაყრდნენ, დაიწყეს ლაპარაკი. მასპინძელმა პირველმა დაიწყო:
- გირგოლაუ!... შენ უსაქმოდ არ გაირჯებოდი! ეხლა გავძეხით, გვითხარ, რაი გინდა?... თუ „ოჩხარის“8 გაკეთებას აპირობ, მითხარ, და სხვა მწყემსებსაც შევყრი.
- მე შენი გაცნობა მწადის, ოჩხარი რად მინდა!
მეცხვარემ გაკვირვებით შეჰხედა.
- ჩემი გაცნობა?.. მე რაი ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემი გაცნობა მოგეწადოს?..
- ცხო არც-რა, ღთის მადლმა, შენი გაცნობა და შენი ძმობა!
- ჩემი ძმობა რაში გეკადრების: მე, ერთი მეცხვარე, გაუთლელი მთის კაცი და შენ კი ხემწიფის სამსახურისა!
- აი რაისთვი, ყური მომიგდე! - უთხრა იმან და თვალი მოავლო იქ მყოფს ხალხს, თითქოს იმათ დასწრებით ლაპარაკს ერიდებოდა.
მწყემსი მიჰხვდა და უთხრა:
- მითხარ, რაიც გინდა, მე მაგათთან დასარიდები არა მაქვს-რა.
- ჩემი საქმე იგეთია, რომ სხვასთან ვერ გეტყვი.
- მაშ კარგი, გადავიდეთ იქით, - უპასუხა მწყემსმა და წამოდგა.
ისინი გავიდნენ ცალკე და ისე მოშორებით დასხდნენ, რომ იმათი ხმა ამხანაგებს ვეღარ მისწვდებოდა.
- შიოლაუ, - დაუწყო გირგოლამ: - შენც ხომ იცი, რომ ამ მთას სახელმწიფოდ გედავებიან.
- ჰაი, ჰაი, რომ ვიცი!
- ისიც იცი, რომ ჩამორთმევას გიპირობენ?
- გვიპირობენ, მაგრამ გავწყდებით, ღთის მადლმა, და არც ვის არ დავანებებთ.
- რაისთვი, რაისთვი? - სიჩქარით უპასუხა გირგოლამ: - რაისთვი უნდა გასწყდეთ?
- იმისთვი, რომ ჩვენს მამას სჭერია ეს მთა და ჩვენს პაპას, საიდგან მოვიდა აქ სახემწიფო ალაგი?
- მაგას ვიღა არჩევს, ბედშაო!.. მოინდომებენ - წაგართმევენ.
- ცოცხლებს?.. არა მგონია!
- რაი გამოვა თქვენის სიკვდილით?
- რაიც უნდა გამოვიდეს, მოვისვენებთ მაინც. თუ ეგ მთა წაგვართვეს, ღთის მადლმა, არ გვეცხოვრების - ისევ სიკვდილი სჯობია.
- მე რომ ისე გაგირიგოთ, რომ თქვენვე დაგრჩესთ? - ცოტა სიჩუმის შემდეგ წყნარად და გარკვევით უთხრა გირგოლამ და დაუწყო ყურება.
- შენა?
- ჰო, მე.
- თუ კი მაგათ შარს მოგვაშორებ, ღმერთს არ მოეტყუების, რასაც დაგვისახელებთ, იმით გემსახურებით.
- მაშ კარგი, არ დაივიწყო შენი სიტყვა.
- რაი დამავიწყებს?
- მე შენ გაგირიგებ მაგ საქმეს, მხოლოდ შენც სამაგიერო უნდა გადამიხადო.
- აი, ეს ცხორანი მყავს და თუ გინდ შუაზედ გაგიყოფ.
- მე ცხორი არ მინდა, ძოღანვე გითხარ.
- მა რაი გინდა, რაი გვაქვს შენი მოსაწონი?
- ძმობა, მეგობრობა!
მწყემსმა წყნარად შეჰხედა და პასუხი ვერ მოახერხა. ის იცნობდა გირგოლას, იმის გაუმაძღრობას და თვალ-ხარბობას და ეხლა თითქმის საცხოვრებელს აძლევდნენ, და ის კი უარზედ იდგა!
მაშ რა უნდოდა ამ მოძმის მოღალატეს? რისთვის დასჭირდა ეს მწყემსი, რომლის თავის დაკვრაზედ კულავ დროს პასუხსაც არ აღირსებდა და ეხლა კი ერთბაშად ძმობა და მეგობრობა მოეწადინა!?
ის ირეოდა ამ აზრებში და პასუხი ვერც თავის თავისთვის მიეცა და ვერც სტუმრისთვის.
- შიოლაუ! შენ განთქმული სარქალი ხარ, თემობაში გამოჩენილი... რაისთვი გიჭირდების პასუხი!
- ცხო დრო მოვიდა, გირგოლაუ, ცხო დრო!.. უწინ რომ ყოფილიყო ეს ამბავი, თემს შევყრიდი, იმათთან ვიჩივლებდი და, რასაც იტყოდნენ, იმას დავადგებოდი... მაგრამ ეხლა სამართალი აღარაა, დანდობა განჰქრა, ძმა ძმას ვეღარ ენდობის.
- უწინ რაი იყო?.. ეხლა სულ ზაკონის კანონით არის. დალოცა ღმერთმა ხემწიფე იმპერატორი! - სთქვა გირგოლამ.
ამ სიტყვების შემდეგ კიდევ რამოდენიმე ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, რომლის დარღვევაც გირგოლას მოუნდა, რადგანაც შიოლა ღრმა ფიქრმა წაიღო.
- მითხარი, გინდა თუ არა?
- მაი, გირგოლაისი, პირდაპირ მითხარი, რაი გინდა ჩემგან?
- აგრე... პირდაპირ გეტყვი: მე მაგ მთის საქმეს გაგირიგებ; შენ იაგოს დაჭერა მიშველე.
- მე გიშველო? - ფიქრით იკითხა შიოლამ.
- ჰო, შენ.
- მე საით უნდა გიშველო? საით შემიძლიან?
- თუ მოინდომებ, კიდეც შეიძლებ. იაგოს ცხო დღე არა აქვს, თუ მეცხვარეებში არ იარა... ბარად ის ვერ ჩამოვა. როცა გესტუმრების, ჩუმად შეატყობინე და მეც ყაზახებით თავს დავესხმებით.
- რაი? - მოკლედ იკითხა მეცხვარემ.
- როცა გესტუმრების, შემატყობინე მეთქი...
- სტუმარს ვუღალატო, პურ-მარილი ვგმო?.. რას მესაუბრები, გირგოლაისი?
- რაია, რისა გეშინის?
- სუ!.. აღარ განიმეორო! - წარბებ-შეჭმუხვნით წარმოსთქვა შიოლამ: - შენ იძახდი - საქმეს გაგირიგებო, ძალიან კარგი - გაარიგე და დაასახელე გასამრჯელოდ რამდენი ცხორი, გინდა ფული სთქვი, და სტუმრის ღალატი კი არ შემეძლების.
- შე იცი. მე იაგოს დაჭერის მეტი არა მინდა-რა.
- აბა, მაშ ვერ მოგატყუებ. თუ იაგო მესტუმრა, პური და მარილი გატეხა ჩემთან, იმას ვეღარ ვუღალატებ.
- მაშ ის მაინც მითხარ, სადაა ეხლა?
- ღმერთს არ მოეტყუების, არ ვიცი და თუნდა ვიცოდე კიდეც, არ გეტყოდი.
- რაისთვი არა, რაისთვი?
- იმისთვი, რომ იაგო ყველგან განთქმულია, ყველას საყვარელი, შენ კი ურჯულოებს უნდა მისცე ხელში. შენთვის რომ დაეშავებინა რამე, როგორც მეზობელი, ვეცდებოდი მომერიგებინე, მაგრამ შენთვის იმას არა დაუშავებია-რა: ეშმაკის მუშა გამხდარხარ და მეზობელს დასაჭერად დასდევ.
- შიოლაუ! ნაჩალნიკს ეგრე აქვს ჩაგონებული, რომ იაგო შენთან იმალება, შენთან დადის.
- რაი საკვირველია, რომ აქ დადიოდეს? იაგო ჩემი მოძმეა, ჩემი მეზობელი. იმას შარსა სდებენ, ტყუილ-უბრალოდ აწვალებენ და რაი საკვირველი იქნებოდა, რომ დამემალა!
- ნუ შიოლაუ, აგრე ნუ, თორემ დაგღუპენ, დაგანელებენ...
- რაიც უნდა მიყონ, თუ სტუმრად მეწვია ვინმე, ვეღარ ვუღალატებ.
- გაბრთხილდი.
- რაი-ღა გავბრთხილდე?.. მამული აღარ შემარჩინეს და საცხოვრებელი! ახლა სტუმრის მოღალატედაც უნდა გამხადონ?
- გარდაწყვეტილია, არ გვიშველი, რაღა?
- არა!
- მაშ დიამბეგთან უნდა წამოხვიდე.
- რაისთვი?
- ეგრე მაქვს დაბარებული... ჩამოდი, თავად მოელაპარაკე.
- არ წამოვალ! - ცოტა ფიქრის შემდეგ უპასუხა შიოლამ და ამ სიტყვებს შემდეგ ის წამოდგა და გაემართა ცხვრის ბინისაკენ, სადაც ეს არის ეხლა სადილი სჭამეს.
გირგოლა, რომელმაც აღარ იცოდა, რითი მოემხრო ეს ძალის მქონებელი მეცხვარე, უკან გამოუდგა. იმან გარდასწყვიტა, რომ, რითაც იქნებოდა, გადაეხადნა შიოლასათვის ამგვარი სიჯიუტე.
როდესაც იმათ მიაღწივეს ბინას, გირგოლამ დააყენა შიოლა და უთხრა:
- შიოლაუ, დიამბეგი გიბარებს, უნდა წამოხვიდე!
- ამოდენი საქონელი და მწყემსები მე მაბარია, თავი საით დავანებო?
- ეგ ჩემი საქმე არ არის, უნდა წამოხვიდე.
- არ წამოვალ.
- წამოხვალ კი არა და მეტსაც იქმ.
- ღთის მადლმა, არ წამოვალ.
გირგოლა დააცქერდა.
- აბა დაიჭირეთ! - უბრძანა გირგოლამ იქ მყოფს ყაზახებს და ისინიც მისცვივდნენ.
მწყემსი გადახტა უკან, გაიძრო ხანჯალი და შესჭყივლა:
- მოდით, ვისაც თავი არ გებრალებათ!
ყაზახებმა, რომელთაც მოიწადინეს შიოლას დაჭერა, ცოტა უკან დაიწიეს.
ამ ხანში მოცვივდნენ მწყემსები და კომბლებ-მომარჯვებულნი გვერდს მოუდგნენ თავიანთ სარქალს.
- გაგვშორდი, გირგოლაუ! - დაუძახა შიოლამ. - სტუმრად მოსულხართ, პატივი გვიცია, და ეხლა კი თავი დაგვანებეთ.
- დაიჭირეთ მეთქი! - პასუხის მაგივრად ყაზახებს შეუტია გირგოლამ. ყაზახები წახალისდნენ ამ ბრძანებით, მიიწიეს, მაგრამ მწყემსების გრძელი კომბლები ერთბაშად სეტყვასავით წამოვიდა.
ყაზახებმა იშიშვლეს ხმლები, მაგრამ მწყემსები გრძელის შვინდის კომბლებით განზედ გაუდგნენ და ახლოს არ იკარებდნენ.
ამათ ყვირილზედ და ხმაურობაზედ ჩამოცვივდნენ დანარჩენი მწყემსებიც და დაირეკეს ყაზახები ცემა-ტყეპით.
გირგოლამ, რომელმაც ისეთი ტრაბახით დაიწყო, რა ნახა მწყემსების ერთი პირი, მოახტა ცხენს და გაჰქუსლა თავქვე. ჩქარა ყველანი დაშოშმინდნენ, რადგანაც გირგოლასაგან თავ-დანებებულმა ყაზახებმა ხვეწნა დაუწყეს, რომ თავი დაენებებინათ და ნაცემ-ნატყეპები, თავ-პირ დამტვრეულნი დაბრუნდნენ შინ; მწემსებმა კი გარდასწყვიტეს, რომ ყოველის ღონისძიებით ეცადნენ იაგო დაეხსნათ მტერთა ხელიდგან.
ამ ხნის განმავლობაში ნუნუ ისევ არშის ციხეში იყო დამწყვდეული და ჯერ კიდევ ვერ მოკეთებულიყო, რადგანაც ჩამოკიდების დროს კისრის ძარღვები მეტად დასჭიმოდა და თითონ მთელი სხეულიც რაღაცა ყრუ ტკივილსა ჰგრძნობდა.
მიჩენილი დედაკაცი, გირგოლას ნათლიდედა, თავს არ ანებებდა და ყოველ ნაბიჯზედ სდევდა. პირველში ის მეტის-მეტად მკაცრად ექცეოდა ნუნუს, რადგანაც ამ უკანასკნელს უყურებდა, როგორც ქმრისა და ოჯახის მოღალატეს, მაშასადამე, მთის ხალხის შეხედულობით, ყოველი ტანჯვის ღირსს.
მაგრამ საზოგადოდ დედაკაცთ მინიჭებულის გრძნობით ის ჩქარა მიჰხვდა ალალმართალ ნუნუს მწუხარებას, და ამან ისე შეიპყრო და დაიმონა ეს დედაკაცი, რომ თითქმის ყველა იმას აგრძნობინებდა, რასაც თითონ ნუნუს; ის ერთბაშად მტრისაგან ისეთ გულითად მეგობრად გარდაიქცა, რომ მზად იყო ეშველა, ეწამლა რითიმე საცოდავ წამებულისთვის, მაგრამ, რადგანაც არ იცოდა რითი და როგორ ეშველა, ამისთვის მარტო თანაუგრძნობდა.
ამ ხანში ვაჟკაცებიც კი დაემორჩილებინა შეუწყალებელს უსამართლო ძალას და დედაკაცის მდგომარეობა რაღა იქნებოდა? რას გააწყობდა, ან რას მოახერხებდა ისეთი ოხერი უპატრონო ქვრივი გირგოლასთანა კაცთან?
მაშ რაღა რჩებოდა, რომ, ცოტათიც არის, შეემსუბუქებინა ნუნუს მწუხარება? იმასა რჩებოდა მარტო ერთი თანაგრძნობა და დედაკაცის იარაღი - ცრემლი; ისიც თანაუგრძნობდა და ტიროდა ნუნუსთან ერთად.
ყოველ იმის სიტყვაში, ქცევაში, მიხვრა-მოხვრაში ისეთი თანაგრძნობა და გულკეთილობა გამოითქმოდა, რომ კაცი უნებლივ ჰკითხავდა თავის თავს: „ნუ თუ ამ მკაცრი სახის გამომეტყველების ქვეშ იმდენი გულ-რბილობა იფარებოდა?“
ერთს საღამოს ნუნუ ქვეშსაგებში იწვა და ლოყები წამოსჭარხლებოდა სიცხისგან; ის წამდაუწუმ წყალს ითხოვდა, რათა გამშრალი პირი გაესველებინა. მოხუცი დედაკაცი, რომელიც დაღონებულის სახით გვერდს ედგა, ზრუნვით ეუბნებოდა:
- ბევრს ნუ დალევ, გრილია, გაწყენს.
- მაწყინოს! - წყნარად და გარკვევით, თუმცა იმედდაკარგული, უპასუხებდა ნუნუ.
- გული რად გაგტეხია?.. რაისთვი შეშინებულხარ?
- მე არ მეშინის.
- ბევრი მოგითმენია, ბატარაიც მოითმინე.
- რაღა მოვითმინო, ვისთვის?
- ღმერთი დიდია.
- ჰაი, ჰაი, რო დიდია... მაგრამ რაი ვუყოთ?.. ჩემი სიცოცხლე აღარ იქმნების, ან რად-ღა მინდა გაწბილებული სიცოცხლე?
ჩამოვარდა სიჩუმე, რადგან ეს უკანასკნელი სიტყვები ისეთის მწუხარებით იყო წარმოთქმული, რომ მოხუცი დედაკაცის გულს თითქოს მდუღარე გარდაესხა.
ეხლა იმან იცოდა ნუნუს მწუხარების მიზეზი, იცოდა რომ ის არამც თუ დამნაშავე იყო ვისთანმე, არამედ თითონ იმასთან იყვნენ დამნაშავენი, რადგანაც მოეგლიჯათ თავისი სატრფოსთვის, ძალად დაეწერათ სხვა კაცზედ ჯვარი და ძალადვე პყრობილსავით ინახავდნენ.
ერთ დღეს ის მოხუცი ჩავიდა წყაროზედ, სადაც გაშალა სარეცხი და დაუწყო რეცხვა. ამ დროს იქვე მოფენილს ქვების იქიდგან ერთი ყმაწვილი ბიჭი, თავით ფეხამდინ შეიარაღებული, გამოვიდა და წყნარად, სიფრთხილით მიუახლოვდა დედაკაცს.
- გამარჯვება შენს საქმესა, დარეჯან! - შესძახა იმან.
დედაკაცმა თავი აიღო და, რა დაინახა ეს ბიჭი, ისე გაშტერდა, რომ ხმა ვეღარ ამოიღო.
- ვეღარ მიცან? - ჰკითხა იმანვე.
- გიცან, კი გიცან, მაგრამ საით გაჩნდი?
- აბა რაი ვიცი, აქ კი ვარ-და, - უპასუხა ღიმილით უცნობმა.
- აქ კი ხმა ისე დააგდეს, რომ ვითომც მტერი და დუშმანი რუსებმა მოჰკლესო... მადლობა უფალსა, რომ ცოცხალი ჰყოფილხარ... გამეხარდა, ღთის მადლმა!
- დამირჩა შენი თავი.
- კობაისი, სად იყავ აქამდინ? რაისთვი არსადა სჩანდი?
- მოიცა, მაგას გაიგებ... ჯერ შენ მითხარი - რას აკეთებ აქა?
- აქ გირგოლასასა ვარ... ქალაი რასმე ავადმყოფობს, თითონ გირგოლაი შინ არ არის და მე ვუვლი.
- უვლი თუ ჰყარაულობ? - წყნარად წარმოსთქვა კობამ და დააკვირდა; დედაკაცმა შეჰხედა, გაწითლდა და თავი ჩაღუნა.
- რისათვი არ მიპასუხებ? - ჰკითხა ისევ კობამ: - ქალაი ძალად გადმოიტაცეს, ძალად დასწერეს ჯვარი, ძალად ინახავენ და შენ კი ყარაულად დასდგომიხარ!.. სირცხვილი, სირცხვილი!
- არა, კობავ, ღთის მადლმა, არა!
- მაშ რას აკეთებ აქა?
- აკი გითხარ: ავადმყოფს ვუვლი მეთქი.
- დაიღუპოს ეხლანდელი დრო, დაიღუპოს, უწინ მაგას არც ერთი დედაკაცი არ ჩაიდენდა, მთელი თემი შეიყრებოდა და მთელი სახლობით მოიშორებდა გირგოლას, შენ კი ხელს უმართავ! სადაა შენი მანდილი!
- ნუ მიხსენებ მანდილს, კობავ! ღთის მადლმა, დამნაშავე არა ვარ.
- მაშ რად უმართავ ხელსა?...
- პირველში მე მეგონა - ნუნუ მართლა მოღალატე იყო თავის ქმრისა და სახლისა, მაგრამ ახლა კი დავრწმუნდი, რომ სულ ტყუილ-უბრალოდ სტანჯავენ, და მეც მომეწადა იმის შველა.
კობამ შეჰხედა, რადგანაც უნდოდა დარწმუნებულიყო მოსაუბრის სიტყვების ჭეშმარიტებაში.
- უფალმა უწყის, მართალს ამბობ, თუ სტყუი და თვალთმაქცობ!
- აჰუ! - გააწყვეტინა დედაკაცმა: - მანდილი არავის მოუხდია ჩემთვის, ნამუსი არავის წაურთმევია - რაისთვი, ვიტყუებ?
- რაი ვიცი?.. დროება გამოიცვალა, ძმა ძმას ვეღარა სცნობს, და-დასა!.. მაშ მართლა გწადის შველა?
- მწადის, ღთის მადლმა! მაგრამ რაი შემიძლია?
- კარგი, მაგასაც გავიგებთ... თუ აგრეა, ეხლავ წამიყვანე ნუნუსთან.
- იარე, - უპასუხა დედაკაცმა, რომელიც უშიშრად წინ გაუძღვა.
ეს იყო სწორედ იმ დროს, როდესაც მზე მაღალ მთებს გადაჰფარებოდა და ბრწყინვალე მთვარეს ჯერ წვერი არ ამოეყო და არ მოეფინა იქაურობა თავის შუქით.
ამ ლაპარაკის დროს ნუნუს მოსწყენოდა მარტოობა და ლოგინში წოლა, ამისთვის ის ამდგარიყო, გამოსულიყო გარეთ და დასუსტებული წმინდა ჰაერით კარებთან დამჯდარიყო.
იმის თვალ-წინ მოსჩანდა არშის სიმაგრე, სადაც ისე უკაცურად და შეუბრალებლად ძალდატანებული შეიქმნა და იმის იქით - მწვანე ველიანი მთები, რომელზედაც ალაგ-ალაგ გაშლილიყო რიყეს ზემოთ წვერებიდგან ჩამონაშალი კლდეებისა.
იმან მიაქცია ერთს ადგილისკენ თვალები, სადაც კლდისათვის განსაკუთრებითი ძალა დაეტანებინა ქარიშხალს და ავდარს, გამოფუღრულიყო, გაჟვენილიყო ნესტით და წყნარად, მაგრამ განუწყვეტლივ, იშლებოდა და წვრილს ქვიშად და აუარებელს ლოდებად ჩამოდიოდა ქვევით, ხევში. უყურა, უყურა და გულამომჯდარმა წარმოსთქვა:
- მეც ეგრე გამიჯდა სნეულება, მეც ეგრე ვიშლები.
როდესაც თვალი მოეღალა ამ სურათის ყურებით, რომელიც ისე მიემსგავსებოდა იმის მდგომარეობას, იმან უნებურად გაჰხედა იმ ადგილს, სადაც დარეჯანი სარეცხსა რეცხდა. არ გამოიარა რამოდენმამე ხანმა, რომ ამ დედაკაცთან ვიღაცა კაცი მოვიდა და დაუწყო ლაპარაკი. ნუნუ სიშორის გამო ვერ არჩევდა ამ კაცის სახეს და ამისთვის ვერ იცნო.
ადამიანს დანატრებული ნუნუ თავის თავს ეკითხებოდა უცნობის ვინაობას და წარმოუთქმელის სურვილით იწადდა იმის სახელის შეტყობას. ერთბაშად თავში ელვასავით რაღაცა აზრმა გაურბინა და გამოურკვევლად წარმოუდგენელის სიჩქარით აუკანკალდა გული.
იმან კიდეც წამოიწია ზეზედ და სიხარულის ხმა აღმოხდომას აპირობდა იმის პირიდგან, მაგრამ ეს ხმა ყელშივე შესწყდა, ერთბაშად გაფითრდა და შუბლზე დაიდო ხელი; წაბარბაცდა და წყნარად დაეშვა მიწაზედ.
- მაგას ვიღა მაღირსებდა მე ბედშავს! - წარმოსთქვა იმან წყნარად, მაგრამ გულის გამწყალებელის მწუხარებით.
- იაგო რუსებს ჩაუვარდა ხელში და ვინც კი რუსებს ჩაუვარდება, განაღა დაიხსნის თავს? მაშ ვინ უნდა ყოფილიყო? - ისევ მწარის მწუხარებით ეკითხებოდა თავის თავს.
- გირგოლაი?! - ერთბაშად წამოიძახა იმან და ეს სიტყვები გახურებულ ნაღვერდლად მოჰხვდა გულს: - გირგოლაი იქნება, მაშ ცხო ვინა?.. ამ დროს ვინ მოვიდოდა?...
ის ჩაფიქრდა და მოაგონდა თავის დამოკიდებულება თავის მაზლთან, მოაგონდა იმის შეუბრალებელი უწყალო სახე, რომელიც ისე უკაცურად ფეხქვეშ ლახავდა ყმაწვილი ქალის თავმოყვარეობას და ისე მასხარად იგდებდა იმის სურვილს... მოაგონდა ის სატანჯველი საღამო, როდესაც თითონ ბუნებაც კი განრისხებულიყო და ჭექა-ქუხილით აგონებდა ხალხს თავიანთ უსამართლობაზედ... მოაგონდა და გული გაეტენა ნაღველით.
გირგოლა თუმცა აქამდინაც დადიოდა ნუნუსთან, მაგრამ ის მოდიოდა დღე, შევიდოდა მხოლოდ რამდენიმე წუთით ქოხში, იკითხავდა ავადმყოფის მდგომარეობაზედ და მაშინვე გამობრუნდებოდა თავის სამსახურის აღსასრულებლად. ეხლა კი ეს მოსულიყო საღამოზედ, როგორც ეტყობოდა, აქ აპირობდა დარჩენას!.. რათა, რისთვის? რა უსამართლოება უნდა მიეყენებინა კიდევ ამ ქალისთვის?
ნუ თუ გირგოლას ჰგონია, რომ ნუნუს დაავიწყდა, რა უსამართლოებაც მიაყენა იმას? ნუ თუ ჰგონია, რომ მოსტეხა, დაიმორჩილა იმისი გული და ეხლა მშვიდობიანად შეეძლო დამტკბარიყო იმასთან ცხოვრებით! - მაშ თუ აგრეა, ერთხელ ხომ გადამარჩინეთ სიკვდილს, და მეორედ კი ვეღარ, ღთის მადლმა!
ამ სიტყვებთან ერთად ის საჩქაროდ წამოვარდა და შევიდა გამოქვაბულში, იქიდან გაძვრა ქანქანით გაყვანილს ხვრელში და გავიდა ისეთ ადგილას, საიდგანაც თავისუფლად და შეუმჩნევლად შეეძლო ყურება. იქიდგან დაუწყო ყურება უცნობს და დარეჯანას.
როდესაც კობა და დარეჯანა ქოხისკენ გამოიმართნენ და ნუნუ დარწმუნდა, რომ ისინი იმასთან მოდიან, ის გავიდა თავის საფარიდგან, მოირბინა იქვე პატარა გორაკი, რომელიც ჰფარავდა მომავლების თვალიდგან და წყნარად გავიდა ციხის კარებში. რაწამს თავისი თავი თავისუფალი ნახა, გზაზედ დადგომის მაგივრად, ის აღმა შეუდგა ყინვარ-წვერისაკენ და გადავიდა გერგეტულ მთაში, მაგრამ ისე რიგად დასუსტდა, რომ მუხლებ-დაჭრილი დაეცა და იქვე დაეძინა.
სანამ ეს ამ მგზავრობაში იყო, დარეჯანა შეუძღვა კობას გამოქვაბულში და რადგანაც იქ ვერავინ იპოვეს, წყნარად წამოიძახა:
- ნუნუ, რაი იქენ? - მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. დარეჯანა შევიდა მეორე გამოქვაბულში, მაგრამ ისევ ჩქარა გამობრუნდა, რადგანაც იქაც ვერავინ იპოვა.
- არიქა, მიშველე, დავღუპულვარ! - შესძახა იმან კობას, რომელსაც არ ესმოდა - რა ჰხდებოდა.
- რაი ამბავია, რაი არის?
- ნუნუ აღარსადაა.
- მაშ რა იქნებოდა?
- რაი ვიცი.
დარეჯანა ისევ შებრუნდა გამოქვაბულის მეორე ოთახში, იმას შეჰყვა კობა, ეძებეს ბევრი, მოათვალიერეს ყოველი კუნჭული, მაგრამ იმათ ვერავინა ნახეს. დარეჯანამ მაშინათვე იფიქრა, რომ ნუნუს თავი უნდა მოეკლა და ამისთვის შესტირა ცხარე ცრემლებით; რასაკვირველია, რომ კობამაც შესაძლოდ დაინახა ეს შემთხვევა, რადგანაც იმას უამბეს, რომ ამ წინაზედაც ნუნუმ კინაღამ ჩამოიღრჩო თავიო.
ისინი გამოცვივდნენ გარეთ, მოხვდნენ აქეთ-იქით, მოირბინეს მთელი მინდორი, გადააბრუნეს იქაურობა, მაგრამ ქალი ვეღარსად იპოვეს და გარდასწყვიტეს, რომ უკანა კარიდგან უნდა გასულიყო.
- რა იქმნებოდა, სად მოიზაფრებოდა? - მესამედ იმეორებდა კობა.
- აბა რაი ვიცი, რაი... - უპასუხებდა დაღრეჯით დარეჯანა.
- თუ თავი მოიკლა სადმე, მკვდარი მაინც უნდა გვეპოვნა... მიწაში ხომ არ ჩაძვრებოდა?
ამ სიტყვებით ისინი ხელახლად იწყებდნენ ძებნას, დარბოდნენ არშის ციხეში და ყოველ ადგილას, ყოველ ქვის უკან მოელოდნენ ნუნუს პოვნას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, დაქანცულებმა ქალის ძებნით, იმედი გარდაიწყვიტეს და დაღონებულები შეიყარნენ მოედანზედ.
- რაი-ღა ვუთხრა იაგოს? - შეწუხებით წარმოსთქვა კობამ, რომელზედაც მტირალმა დარეჯანამ პასუხი არ მისცა.
თუ კობას აწუხებდა თავის მდგომარეობა და არ იცოდა - რა ეთქვა თავის მეგობრისათვის, ამ დედაკაცს უფრო მეტი საბუთი ჰქონდა, რომ შეწუხებულიყო: გირგოლას იმისი აკლება შეეძლო, და ამისთანა კაცისთვის რა პასუხი უნდა მიეცა? იაგოს ნახვა რომ მოესწრო ნუნუს, რომ ის კიდეც გაქცეულიყო იმასთან, მაშინ მოსარჩლედ ის გამოუვიდოდა და იმდენს ძალას ვეღარ მიიტანდა გირგოლა იმაზედ. მაგრამ ეხლა რა უნდა ექმნა? ვერც იაგოს გული მოიგო და ვერც ნუნუ შეუნახა გირგოლას.
საცოდავი დედაკაცი შიშით ცახცახებდა, რადგანაც თვალწინ წარმოსდგენოდა თავის აკლებული სახლი, რომელსაც შეუწყალებლივ სცარცვავენ და ანადგურებენ იასაულები, და ამის შემდეგ რა მოელოდა იმის შვილებს?.. სიღარიბე, მუდამ სხვის კარზედ ყოფნა, აღარც ცოლი, აღარც ოჯახობა!.. უნდა მოსპობილიყო იმის მამისშვილობა და აღარ დარჩენილიყო იმათი სახელის მხსენებელი.
ზოგიერთებს ჰგონიათ: რა კაცი გლეხკაცად გაჩენილა, იმათ არა აქვსთ იმგვარი გონებითი მუშაობა, როგორც სხვა წოდების ხალხს, მაგრამ მოიგონეთ ხალხის გამოთქმული ანდაზა, რომ „კაცის გული ზღვაა, რას არ გაჰფიქრებს“, და მაშინ დარწმუნდებით, რომ ეს სიტყვები აშკარად ამბობს იმ გონებით ცხოვრებაზედ, რომელსაც ასე უსაფუძვლოდ გლეხკაცობას ართმევენ ზოგიერთნი.
ამ მწარე დუმილში იყო დარეჯანა, როდესაც კობამ დაიწყო ლაპარაკი.
- რაიც მოხდა - აღარ ეშველების... ის ბეჯითად შინ გაიქცა, ან აქედგან გაიპარა, რომ ცხო ადგილს მოეკლა თავი.
- რაი-ღა მეშველების დაღუპულსა?- მწარედ წარმოსთქვა დარეჯანამ.
- რაი ვუყოთ, ღმერთს ხელი არ შაეფარება!
- მოვა გირგოლაი და ამიკლებს!
- რაით აგიკლებს, ქვეყანა, ხალხი აღარაა?
- „ააავ, დადადაი“!.. რაი შეუძლიან ხალხს გირგოლასთან - ხემწიფის სწორი კაცია!
- ნუ გეშინის, დარეჯან! ნათლიაია შენი, რას გიზამს?
- ბედშავო ჩემო თავო! რაი ნათლიაობისა იცის, ჩემო ყველავ, გირგოლამა!
- აჰუ! - უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი კობამ.
- სადღაა ნათელ-მირონის დანდობა? - უწინდელი დრო ხომ აღარაა, რომ ან ღვთისა ეშინოდესთ და ან ერისა.
ორნივ გაჩუმდნენ რამოდენსამე ხანს და ორნივ თავთავიანთ საგონებელმა წაიღო: კობას თვალწინ ედგა მოხუცებული დედაკაცი, რომელიც იტანჯებოდა, ილეოდა შიშისაგან, რომელიც მოელოდა, რომ დაუნაშაოდ გასტანჯავდნენ, გააწვალებდნენ და იქნება სამუდამოდაც კი აღმოფხრას და მერმე ვინ? იმისავე სწორმა კაცმა, რომელიც თავის გარყვნილობით, რომლისათვისაც დახვრეტა ცოტა იყო. „ბატონის ნაჩალნიკის“ საყვარლად შეიქმნა. ამ წამად ის ნატრობდა, რო ის თავისუფალი კაცი და ნათესავი ყოფილიყო დარეჯანისა, რათა შესძლებოდა აშკარად გამოსარჩლება, და მაშინ აჩვენებდა გირგოლას რაიც კაცი იყო.
- დარეჯან! აი რაი გითხრა: შენ მამეულებისას წადი, იქ დარჩი ბატარა ხანს და, სანამ გირგოლას საქმისას გაიგონებ რასმე, იქ იყავ.
- იქაც არ მომისვენებს, ჩემო ყველავ, არა! - პირზე ხელების დაფარებით უპასუხა.
- შენ ნუ გეშინია, თუ ცოცხლები დავრჩით...- აღარ გაათავა კობამ.
- აბა თუ მიშველით რასმე თქვენა, თუ არა და პირი უნდა ავიხვიო და წყალში გადავვარდე.
გასაკვირველი იყო ეს მდგომარეობა! მოწყობილს მმართველობის დროს, როდესაც ნაჩალნიკები, დიამბეგები, სუდი, ნაცვლები და სხვა ათასი მოხელე ხალხი ჭიანჭველებსავით ირეოდნენ და მართლმსაჯულებდნენ, - ალალმართალი დედაკაცი კაცისმკვლელს ეხვეწებოდა, რომ დაეფარა უსამართლოებისაგან!
- ჩადი და იქ მოიცადე... თავად მე შეგატყობინებ გირგოლას ამბავს, ახლა კი ნუნუს გზას გავუდგები.
ამ სიტყვებით ისინი გაშორდნენ ერთმანეთს, დედაკაცმა გასწია თავის სოფლისაკენ, და კობა კი შეუდგა მთებს, საითკენაც უნდა წასულიყო ნუნუ, თუ გაქცევა გაჰბედა, რადგანაც სხვა გზები მცველებით იყო გავსებული და ნუნუც ვერ გაჰბედავდა იმაზედ წასვლას.
ამ ხანში ნუნუ გასცდა არშის მთას და გადავიდა გერგეტულს მთაში, სადაც თავის სიყმაწვილეში ისე ხშირად დადიოდა „ხილობ“.9
აქ ამან სიარული ვეღარ შესძლო დაღალვისა და სისუსტის გამო და, თუმცა შიშით ძალზედ უცემდა გული, მაგრამ ბუნებამ თავისი გაიტანა: როგორც ზევითა ვსთქვით, იმას დაეძინა ტკბილისა და მძიმე ძილით.
გათენებისას იმას გამოეღვიძა და გასწია დათვიას ტყისაკენ, სადაც ჰსურდა ღამემდის დაფარული ყოფილიყო, რათა შეუმჩნევლად გასულიყო თავის სოფელში. ის მივიდა დანიშნულს ადგილს და დაღონებით დაჯდა წყაროს პირს ტყესთან, რომელიც ისე ამშვენებს იქაურს დიდებულს ბუნებას და იმ გარეგანს უზარმაზარად აყუდებულს კლდეებს და ყინულიანს მთებს.
ქალი იჯდა წყაროს პირს, რომელიც იქვე კლდიდგან გამოჩუხჩუხებს, და ჰფიქრობდა თავის მწარე დღეებზედ, როდესაც ერთბაშად მოესმა საშინელი ღრიალი. ნუნუ შეჰკრთა, წამოხტა ფეხზედ და ჯერ ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის, როდესაც ერთი უზარმაზარი დათვი წყნარად და ბუტბუტით გამოვიდა ტყიდგან. ის დადგა ცოტა ხანს, მოათვალიერა იქაურობა, გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, შესდგა ისევ და, თითქოს გაკვირვებულმა, დაუწყო ნუნუს ყურება, რომელიც შიშით ცახცახმა აიტანა. დათვმა აიღო მაღლა თავი და დაუწყო ჰაერს სუნთქვა, თითქოს დარწმუნება უნდოდა, რომ ნუნუ მოჩვენება არ არის, მერმე დააღო პირი, რამდენჯერმე გადაისვა ტუჩებზედ სისხლსავით წითელი ენა, დაღუნა თავი და ღრიალით დაუწყო ტოტებით და ფრჩხილებით მიწას თხრა, თითქოს იმათი სიმწვეტე უნდოდა გამოეცადა.
ნუნუს გასაქცევად გზა აღარა ჰქონდა; რომელიც წყაროდგან მოდიოდა, დათვს დაეჭირა და ისე გულის გამხეთქად წამდაუწუმ ეს მხეცი მსუნაგად ილოკავდა თავის ტუჩებს; ის თითქოს ელოდა, რომ მადა მეტად გაჰღვიძებოდა, და ამისთვის შესთამაშებდა თავის მსხვერპლს.
ნუნუმ იმედი გარდაიწყვიტა და ელოდა, როდესაც დათვი მოიგუნებდა იმის გაფატვრას, მაგრამ მხეცი, დარწმუნებული, რომ მსხვერპლი ვეღარ წაუვა ხელიდგან, არა სჩქარობდა.
ბოლოს დათვს თითქოს მოსწყინდა ამგვარი დროს გატარება; თვალებ-გასისხლებულმა მეტად შეჰღრიალა, მეტად დაუწყო მიწას თხრა, მერმე შესდგა უკანა ტოტებზედ; საშინელის ღრიალით გაემართა ქალისკენ, რომელიც მოკუმშულიყო და აჰკრობოდა კლდეს. დათვი ისე მიახლოვდა, რომ ქალი აშკარად ჰგრძნობდა იმის გახურებულს ქშენას, მაშინ როდესაც ნუნუს სუნთქვა შესწყვეტოდა. ის იყო ტოტი შემოუქნივა, როდესაც გავარდა თოფი და დათვი, დაღრიალების შემდეგ, შეხტა, გადატრიალდა კისერზედ და დაეცა ქალის წინ. ვიღასიც მარჯვენამ შიგ თვალში ჩაუსვა ტყვია, რომელმაც ისე მსწრაფლად ზედ ამ ადგილზე გააცივა ეს გამძვინვარებული პირუტყვი.
ნუნუმ მიიხედა და რამდენიმე ნაბიჯზედ დაინახა ვიღაცა ყმაწვილი ბიჭი, რომელსაც ღიმილი მოსდიოდა სახეზედ და წყნარად თოფსა სწმენდდა.
- ქალაუ! მარტოდ სიარული საშიში თუ არაა? - შაეხუმრა.
- შეგრჩეს მარჯვენაი! თუ შენ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი! - წარმოსთქვა ნუნუმ და ერთბაშად გაშტერდა. ყმაწვილი ბიჭიც გაშტერებულსავით დარჩა, ეტყობოდა, რომ რაღაც ხდებოდა იმათ შორის.
- იაგო! - ბოლოს წყნარად და ძლივს წარმოსთქვა ნუნუმ.
- ნუნუ! ჩემო ყველავ! - დაიძახა იაგომ და მოჰხვია ხელები თითქმის გონება-მიხდილს ქალს.
იაგოს ასე სწრაფად და დროზედ გაჩენის მიზეზი დათვიას ტყეში იყო ის, რომ ეს რამდენი ხანია, რაც ამან და კობამ აქ შეიფარეს თავი, როგორც ერთს საუკეთესოდ დასამალს ადგილს, ეს ადგილი მით უფრო სახერხო იყო, რომ მწყემსებთანაც ახლო იყვნენ, რომლებისგანაც საჭმელს ეზიდებოდნენ არშის ციხიდგან და სოფ, სტეფანწმინდიდგანაც, მაშასადამე, უფრო ადვილად შეეძლოთ ნუნუს ამბისა და თავის საქმის მდგომარეობის შეტყობა.
როდესაც კობა არშის ციხეში წავიდა, იაგო გასულიყო სანადიროდ ჯიხვებზედ. მოეკლა ერთი კარგი ხარი, ჩამოეტანა ბინაში და თითონ წყალზედ მოდიოდა, რათა დაებანა სისხლითა და მტვრით გასვრილი პირისახე. აქ იმან გაიგონა დათვის ღრიალი, რომელსაც წყნარად და ჩუმად დაუწყო მიპარება და, რა წყაროსთან გავიდა, ნახა, რომ დათვი ვიღაცა დედაკაცზედ აპირობდა შებმას და ნადირობას. ის ვერა ჰხედავდა, ვინ იყო ეს დედაკაცი, რადგან იმათ შუა ჩაყრილი ღორღი უშლიდა სახის დანახვას და ეს იყო მიზეზი, რომ იმან შესძლო ასე დამშვიდებით მოქმედება.
მაგრამ რა ერთმანეთი იცნეს, რა ერთმანეთს მიეკარნენ, იმათ გარდაავიწყდათ ყოველისფერი და გაშმაგებით დაუწყეს კოცნა. არის ისეთი წუთები, როდესაც სიტყვას ადგილი აღარა აქვს კაცის მდგომარეობაში და ყოველი შეხედვა, ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი მიკარება, ერთი-ათასად კაცს მეტს აგრძნობინებს, მეტს გადასცემს, სანამ მთელი ქვეყნების ენიდგან გამორჩეული ტკბილი და ძლიერი სიტყვები. სწორედ ამ მდგომარეობაში, ამ თავის დავიწყებაში იყვნენ ისინი და კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ ასე, თუ კობას არ მოსწყენოდა იმათი ყურება და არ გამოეყვანა ამ გაუთავებელის ტრფიალებიდგან.
კობა, რომელიც აჰყოლოდა ნუნუს გზას, სწორედ იმ ადგილს მოვიდა, სადაც არშიყნი შეყრილიყვნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, მაგრამ, რადგანაც არ უნდოდა იმათი სიტკბოების შეწყვეტა, ამისთვის მოჰშორებოდა და შორი-ახლოს ელოდა, სანამ შეამჩნევდნენ იმის მოსვლას. მაგრამ დიდი ხნის დაშორებულნი, ასე მოულოდნელად შეხვედრილნი, არა ჰფიქრობდნენ იმაზედ; იმათ კობა კი არა, მთელი ქვეყანა, თავიანთი თავიც კი გადაჰვიწყებოდათ.
- არ გეყოფათ მაგდენი ხვევნა-კოცნა? - უთხრა კობამ და დაუმატა: - ტუჩები გაგიცვდებისთ, სხვა არა იყოს-რა.
შეყვარებულები შეჰკრთნენ, გაწითლდნენ და გაიყარნენ. კობა მივიდა ახლოს.
- ქალაუ, ეშმაკის ჰყოფილხარ!.. კინაღამ სული ამომხდა შენს ძებნაში, და შენ კი აი, სად ჰყოფილხარ!
აქ იმან უამბო თავის თავ-გადანახადი, უამბო დარეჯანას მდგომარეობა და, ბოლოს, ნუნუს უკან გამოკიდება.
- ბატარას მოიცდიდი, რას მირბოდი? - ბოლოს მოუბრუნდა ნუნუს.
- რაი ვიცოდი, ჩემო ყველავ, რომ შენ იყავ, შენ მოხვიდოდი?
- გულმა თუ გითხრა, რომ აქ იაგოს შეჰხვდებოდი?
ქალმა დაღუნა თავი და გაწითლდა.
- აბა რაი ვიცი, ჩემმა იღბალმა კი აქ მომიყვანა-და.
ცოტა მუსაიფის შემდეგ იაგომ და კობამ ტყავი გააძვრეს დათვსა და ნუნუსთან ერთად წავიდნენ ბინაზედ, სადაც ჰაერი ჩქარა მოიფინა ჯიხვის მწვადების სუნით.
როდესაც პურის ჭამა გაათავეს და ნუნუმ თავისი თავგადასავალი უამბო, იმათ დაიწყეს თავიანთ საქმეზედ სჯა, რომელიც შეეხებოდა ჩეჩენში გაქცევას, სადაც შამილის სახელი ჯერედ კიდევ ბრწყინავდა.
- ამაღამვე უნდა წავიდეთ, - დაიწყო იაგომ: - თორემ, თუ ნუნუს გაქცევა შეიტყეს, ერთი-ორად გაამრავლებენ ყარაულებს.
- ამაღამ საით წავალთ, გზები სულ შეკრულია, - უპასუხა კობამ.
- ყინვარზედ გავიდეთ სანებისკენ და იქიდგან ჯარიახს გავალთ.
- სანებას ოსები დგანან, ისინი ეგრე არ დაინდობებიან, როგორც ძაღლი...
- მაშ რაი ვქმნათ?
- ისევ ორიოდ დღე დავიცადოთ, გავიგოთ ხდეს ვინ დგანან ყარაულად. თუ ჩვენებურებია, თავად გვიშველიან, და თუ რუსები, მაშინ ძალადაც გავალთ, მთაჩი ჩვენ ვერ მოგვყვებიან და გზებიც ჩვენსავით არ იციან.
- აბა, გვიანობისა კი აღარაა და შენ იცი.
- ეს ქალაი არა გვყვანდეს, ჩვენ ვიცოდით, საითაც წავსულიყავით, მაგრამ მაგას რა ვუყოთ?
- იარაღი მიშოვნეთ და მეც თქვენთან მოვკვდები. - უპასუხა ნუნუმ. ორივე ბიჭებმა შეჰხედეს ნუნუს, რომელსაც ამ სიტყვებზედ თითქოს თვალები ცეცხლებრ აენთო. იმის გამხდარს და გაყვითლებულს პირი-სახეზედ მღელვარების სიწითლე თამაშობდა; იმ დროს ვისაც გინდა შეეხედნა ამ ქალისთვის, მაშინვე იტყოდა, რომ იმას ყველა შეუძლიან, ყველას შეჰბედავს, ყველას აიტანს, იქამდისინ ენერგიულად გამოჰჭვრეტდა იმისი სახე.
ბევრი ლაპარაკისა და რჩევის შემდეგ იმათ გარდასწყვიტეს, რომ ისინი ამაღამ ხდეს გავლენ, იქ გაიმართავენ ბინას, სანამ იქ მყოფი ყარაულების ვინაობას შეიტყობდნენ და მომხრეთ გაიჩენდნენ. მხოლოდ მგზავრობისათვის იმათ ის ბილიკი კი არ აირჩიეს, რომელიც ამ ხეობაზედ გზად ითვლებოდა და გველივით იკლაკნება მდინარე ხდის წყლის პირზედ, არამედ ყუროს მთის კლდეებზედ უნდა გადასულიყვნენ ერთს იმ ბილიკებთაგანზედ, რომელიც გაკეთებული არის ჯიხვების მლაშეზედ სიარულით, თუმცა ეს გზები ვიწრო, უხერხული და საშიში არის: ბევრს ადგილს სიპ კლდეზედ, ალაგ-ალაგ გამოშვერილს კლდის ნატეხებზედ კაცს ხტომით გასვლა უნდება, მაშინ როდესაც ქვეშ, უფსკრულში ჩალესილი ფიწალო, ვინ იცის, რამდენ ასს საჟენზედ მიდის, მაგრამ ეს ბუნებრივი გაჭირვება ირჩივეს იმათ, კაცების შეხვედრას.
იმათ მოიცადეს მზის გადაწვერამდინ და, რა მზემ უკანასკნელის თავის სხივით ოქროს გვირგვინი დაჰხურა ყინვარ-წვერს, ისინი გზას გაემართნენ.
დათვიას ტყიდგან ისინი ჩამოჰყვნენ პატარა მდინარე ჩხერს, რომელიც ისე თავის-გუნებაა და ერთს დღეს ათასგვარად იცვლის ფერს და კუპრსავით შავიდგან იცვლება ყვითლად, ჩალის ფრად, წითლად; არა-იშვიათად დაწმინდდება და ანკარა ლურჯად, ქაფმოდებული ჩხრიალით ჩამოდის.
ისინი მიუახლოვდნენ თერგს, გაიარეს ცალა-დირე10 ხიდი, რომელზედაც მთის ხალხს ცხენები ჭენებით გაჰყავსთ. იქიდგან „ყურომდინ“ ჩაუხვიეს თერგის პირად და შეუბრუნდნენ „ზედა-ნიშისაკენ“, რომლის ჯვარობაშიც მთელი ხევი იყრებოდა საჯირითოდ. აქ საშიში არა იყო-რა, რადგანაც ათასი ბილიკები მიდის მთისაკენ, და თუმცა შეუჩვეველი კაცისათვის იქ გზა არ არის, მაგრამ მთის ხალხისთვის კი თავისუფალი სასიარულოა. შეუდგნენ მთას და გათენებისას გავიდნენ ყუროს მთის ჩონჩხებთან, სადაც შეისვენეს „კიდობანა“ ქვასთან, - ვეება ოთხ-კუთხ კლდესთან, რომელიც ზევით წვერებიდგან ჩამოქანებულა, თუ ჩამოგორებულა, მწვანე ველზედ და უცნაურად, თითქოს განგებ, აყუდებულა ამ ადგილას, რათა თავ-შესაფარი შეიქმნეს აქ მოსიარულე ხალხისთვის, და ეს კი ეჭირება, რადგანაც იმ ადგილში განუწყვეტლივ ზევით მთის წვერებიდგან ჩამოდის ქვა.
მეორე დღე იმათ აქ გაატარეს საღამომდინ, რადგანაც დღე სიარული ვერ გაებედნათ, რომ თვალი არვის მოეკრა.
ისინი ამოჰფარებოდნენ კიდობანას და უშიშრად უყურებდნენ თუ ქარისაგან, თუ ავდრისაგან დაფუღუროებული კლდეები როგორ იშლებოდნენ, როგორის ხტომით და რახრახით მოგორავდნენ ზევიდგან ქვები, რომელთაც ერთმანეთის წაკვრის დროს ელვასავით შუქი გამოჰკრთებოდა, გაიფშვნიტებოდა და ჩადიოდა ქვევით ყუროს ხევში, სადაც გროვდებოდა და კლდესავით ედებოდა ერთმანეთზედ. მეორე მხრიდგანაც წყნარად მოცურავდა რბილი შავი ქვიშა, წყალგამჯდარი და დანოტივებული, რომელიც ზედ ეფარებოდა ქვებს და ამგვარად ამაგრებდა ამ ბუნებრივ კედელს, რომლის იქიდგანაც გუბდებოდა წყალი. ყუროს მთის წვერები, შემდგარი რბილის შავის „ჭაჭიდგან“, დანოტივებული, იფშვნებოდა, როგორც ქვიშა და უცნაურად დაეხრამა ადგილები. ცოტა ქვევით გამოჟონავდა ანკარა წყაროები, ისეთრიგად ცივი, რომ კაცი სტაქანს ვერ დალევდა უსვენებლივ.
ჩვენი მგზავრები მოუსვენრად მოელოდნენ საღამოს, როდესაც ამ მთებს დაუპირდაპირდა მზე და დააჭირა სიცხემ. იქამდის ძლიერი იყო მზის სიცხე, რომ ზოგ ადგილებს ოხშივარი ავარდა და თითქოს ამ ოხშივრის ძალით მოძრაობაში მოვიდა წვრილი ქვიშა. თვალს ეჩვენებოდა ისე, თუ მართლა მოძრაობდა ეს ქვიშა - კაცი ძნელად იტყვის, მაგრამ მოისმა ერთბაშად ჭახანი და ხრიალით გამოსქდა წყალი ამ მთიდგან, რომელიც წარმოუთქმელის სიჩქარით გაემართა ქვევით, ხევისაკენ.
იქამდინ ძლიერი და ჩქარი იყო იმისი მსვლელობა, რომ ვერა ქვა, ვერა კლდე ვერ აყენებდა იმის მდინარებას და წყალი, ქვიშა, აუარებელი ლოდები, რომელიც თითო კლდედ ჩაითვლებოდა, არეული და გაზელილი ერთმანეთში, მიეშურებოდა თავქვე მოგროვებულს ქვიშასა და ქვის კლდისაკენ. იქ შემაგრებული კედელი გაუძალდებოდა წუთს და, ბოლოს, ისიც დამორჩილებული, გაერეოდა ახლად-და-ახლად მოსულს ძალას და დამაყრუებელის ხუილით, ქვების ერთმანეთზედ ლესით, ფშვნეტით და ხრიალით ჩადიოდა თერგში, რომელსაც თითქოს კისერზედ შემოიგდებდა; თერგიც ებრძოდა თავის მხრით, ახტებოდა ზედ, გადადიოდა და წარმოუდგენელს სურათს წარმოადგენდა, რადგანაც ყუროს თავნი, თერგის ქვეშ გამძვრალნი, მიეშურებოდნენ დასავლეთისაკენ, და თერგი კი ზედ გადამდენი, გაცოფებული და აქაფებული განრისხებით მიეშურებოდა ჩრდილოეთისაკენ.
კაცმა უნდა ჰნახოს ეს ორი ძალა, ჯვარედინად შეტაკებული ერთმანეთს, უნდა ჰნახოს იმათი ბრძოლა, აქაფება, იმათი ხრიალი, ჩქეფა და ტალღების ჰაერში სროლა, რომელიც ათას ნამქერად რამდენიმე საჟენის სიმაღლეზედ იფანტება ჰაერში - რომ შესძლოს წესიერად დაფასება ამ დიდებული სურათისა. აქ თქვენა ჰხედავთ ძალას, ტირილს, კვნესას, მუქარას, ღრიალს, ბრძოლას ერთმანეთში არეულს და იქამდისინ მიჰყევხართ, რომ რაღაცა გულის კანკალით თითქოს თქვენვე გინდათ ჩაერიოთ ამ უცნაურ ბრძოლაში!
კარგი ხანი იყო, რაც მზე ჩავიდა და მთვარემ მოჰფინა ნაზის სხივით მთის წვერები, მაგრამ მოუსვენარი გაჯიბრებული ყურო და თერგი ისევ ერთმანეთს ებრძოდნენ, ისევ არ ისვენებდნენ, თითქოს ეს ორი ძალა ვერ მოთავსებულიყვნენ. ჩვენი მგზავრები გაუდგნენ თავის გზას, გავიდნენ ზედ ყუროს წვერზედ, საიდგანაც გულისძგერით უკანასკნელად გადმოჰხედეს თავის ქვეყანას, უკანასკნელად გაიგონეს ხსენებული მდინარეთ ბრძოლის ხმა, რომელიც თითქოს უძახდა: „ძალას - ბრძოლა“!
გადადგეს ნაბიჯი და ჩაეფარნენ მთას; აქედგან ხევი აღარა სჩანდა, აქედგან ერთი ხდის ხეობის გავლა, გვირგალას წვერის გადავლა და... სხვა ხალხი, სხვა ქვეყანა!
გადავლიან მშვიდობით? ნახვენ-ღა თავიანთ სამშობლოს?
ეს კითხვები მეტად მძიმე, მეტად მწარენი იყვნენ, რომ ლაპარაკის თავი ჰქონოდათ; ისინი წასულიყვნენ თავ-თავიანთ ფიქრში, თავ-თავიანთ გულში, რომელიც სცემდა, მღელვარებდა, ღრინავდა და სიტყვას ადგილს აღარ აძლევდა.
იქამდინ ძლიერი იყო იმათი მღელვარება, რომ თვით იმ დროს, როდესაც ხდის ტყეში ჩავიდნენ, სადაც ბინა უნდა გაემართათ, იმათ ვერ მოეხერხებინათ ლაპარაკის გაბმა და მოკლე და თითო-ოროლა სიტყვას თუ წამოიძახებდნენ, რომელზედაც ისეთივე მოკლე პასუხი მიეცემოდათ.
დაბინავების შემდეგ იმათ საჩქაროდ შესჭამეს მწვადები, რომელიც მოიმზადეს თან მოტანილი ნადირის ხორცისგან. ნუნუს მისცეს ნაბადი, რომელშიაც გაეხვია; კობა და იაგო კი ცეცხლის პირას ჩიბუხს ეწეოდნენ.
- მე ხვალ გათენებისას გვირგალას წვერზედ გავალ მწყემსებთან, იქ გავიგებ ყარაულად ვინები არიან, - დაიწყო კობამ.
- ხევსურები იქნებიან, სხვა ვინა? - უპასუხა იაგომ.
- ეგ სულ კარგი და სულ კეთილი! ისინი გზას არ დაგვიჭერენ.
- მალე კი გაიგე ყველაფერი.
- მალე გავიგებ.
- გირგოლაი ეშმაკია, თუ მიგვიხვდა აქეთ წამოსვლას, მაშინ ჩამოვლენ და ყველა გზებს შეგვიკრვენ, - აჩქარება უნდა.
- ჰაი, ჰაი, რომ უნდა.
კობამ ვერ გაათავა ეს სიტყვები, როდესაც გაღმა მთის წვერზედ გავარდა თოფი, იმას სხვა ადგილიდან, ცოტა მოშორებით, უპასუხა რამდენმამე თოფმა და მთვარის შუქზედ ველიანს მინდორზედ გამოჩნდა ორი ჯგუფი ხალხისა, რომლებს შორის ასტყდა თოფის სროლა.
ორივე ამხანაგი წამოცვივდნენ და დაუწყეს ცქერა, როდესაც მინდორზედ თოფის ცეცხლი ხან აქ გაიძაბებოდა ენასავით, ხან იქ, და ცოტა ხნის შემდეგ მოისმოდა გრიალი. ვინ იცის ვის ართმევდა სიცოცხლეს, ვის სახლში შეჰქონდა ტირილი და ვაება?
დიდხანს არ გაგრძელებულა ეს სროლა, რადგანაც ერთმა ჯგუფმა დაიწივა უკან და ტყეში შემოცვივდა; მეორე ჯგუფმა თუმცა ყიჟინა დააყარა, აღარ გამოჰკიდებია, რადგან ამ შუაღამისას გადევნება უსარგებლო იქნებოდა, და თითონ ტყეში შეცვივნულებიც უკეთეს პირობაში ჩადგნენ.
- ეგენი, ბეჯითად, ჯარიახლები11 იქნებოდნენ, - წარმოსთქვა იაგომ.
- ჯარიახლები იქნებოდნენ: არწია ე მანდვე გვირგალაის იქით არაა?
- მეცხვარეებს თუ უპირობდნენ დაცემას და გაუგეს.
- ბეჯითად.
- ჩქარა კი შემოცვივდნენ ტყეში.
- მაშ ტყუილად რაზედ დაიხოცავდნენ თავებს? იმათ ცხვარი ენდომებოდათ, და, რაკი, მწყემსებმა გაუგეს, რაღას დაანებებდნენ.
- მაი, მაგათ შევვერთდეთ.
- აგრე.
- მაშ წავალ, მოვნახავ.- წამოიწივა იაგომ.
- შენ რაისთვი, მე აქ არა ვარ - წამოდგა კობა.
- მე რაიღა მიჭირს? მე წავალ, - გადაწყვეტით უთხრა იაგომ.
- შენ აქ დარჩი, ნუნუს უყარაულე.
- აბა, მაშ შენ იცი, სიბრთხილით კი იყავ.
- ფიქრი ნუ გინდა.
- ერთბაშად არ შაეფეთო, არ მოგკლან.
- არა.
- ძმობა უთხარ.
- აგრე.
- უთხარი, რომ აბრაგები ვართ, რომ მაგათას სტუმრად მივდივართ.
- აგრე.
- მაშ ნუღარ იგვიანებ, ღმერთმა მოგიმართოს ხელი.
- კობამ აიღო თოფი, დაიწერა პირჯვარი და რამდენიმე გადაბიჯების შემდეგ დაიმალა ტყეში.
იაგომ თვალი გაადევნა იმას, კარგახანს უყურა იმ ადგილს, სადაც ის დაიმალა ფოთლებში, და, ბოლოს, გამობრუნდა ნუნუსკენ, რომლისთვისაც მგზავრობას ძალა დაეტანებინა და მისძინებოდა.
მოხევე მოუახლოვდა, შესდგა, დაუწყო ყურება იმის პირისახეს, რომელსაც მთვარის შუქი მიჰფენოდა, და აშკარად ღიმილი გამოსჭვრეტდა. იაგო უყურებდა დიდ-ხანს სიყვარულით და თვალი ვერ მოეშორებინა იმის მიმზიდველის სახისთვის, რომელსაც დაწეწილი თმები უსწორ-მასწოროდ დაჰყროდა; სუბუქი, მაგრამ თავისუფალი სუნთქვა არხევდა იმათ, რომელიც, უეჭველია, სასიამოვნოდ უღუტუნებდა, რადგანაც არც აღვიძებდა და არც ღიმილი ეკარგებოდა სახიდგან. ან იქნება, დიდი ხნის უბედურს თავის სატრფოსთან ძილშიაც სიზმრები ეზმანებოდა და ეს იყო იმის მხიარული სახის მიზეზი.
ცოტა ხანმაც გამოიარა, გაეღო ტუჩები, რომლებიც წყნარად შეინძრნენ და ისე ტკბილად და მღელვარებით სავსე გრძნობით ახსენეს იაგოს სახელი, რომ იმან ვეღარ მოითმინა ცქერა, დაეცა მუხლებზედ და წყნარად, სიბრთხილით დაუწყო კოცნა. ნუნუმ, რა გახურებული ტუჩების მიკარება იგრძნო, შეინძრა და დაზარმაცებულის, თუ დაქანცულის ზმორებით, მოხვია მკლავი კისერზედ.
იაგო თითქმის დაიბნიდა იმის მიკარებაზედ, იქამდინ გამტაცებელი, ძლიერი იყო იმის მიახლოვება.
ორნივ სტკბებოდნენ, ორთავ გულისცემა ფართხალად გარდაჰქცეოდათ, ორნივ ერთსა და იმავე თავ-დავიწყებაში და სიტკბოებაში იყვნენ, რომელიც, მთელი საუკუნო რომ გაგრძელებულიყო, სანანურად არ გაუხდებოდათ. ისინი ჰკოცნიდნენ და ითვრებოდნენ ერთმანეთის ეშხით.
რა მოსდიოდათ, რას ჰშვრებოდნენ, რად მოქმედებდნენ ასე და სხვარიგად არა, ამას ვერც ისინი გეტყოდნენ, ვერც სხვა. მხოლოდ იმათ ესმოდათ, რომ ისინი შეეპყრო რაღაცა უხილავ ძალას, რაღაცა სიტკბოებას, წაერთო გონებისთვის მოსაზრება და თავის ქეიფი, ლტოლვილება თითქმის სადღაც მიათრევდა თავის ნებაზედ და ისინიც მისდევდნენ, რადგანაც ძალა აღარა ჰქონდათ წინააღმდეგობისა! ისინი შესწყვეტდნენ ალერსსა, რომ ერთმანეთის თვალებში ჩასცქეროდნენ, რომლიდგანაც თითქოს ახალს ძალას ამოიღებდნენ, ახალს მოუსვენარს გრძნობას შეიძენდნენ და ისევ შეაწებებდნენ ტუჩებს.
ეგეთია სიყმაწვილე და მასთან წმინდა, უანგარო სიყვარული! ღმერთო! რამდენ ნეტარებასა ჰგრძნობდა იმათი გული იმ წუთებში!..
ისინი კიდევ ამ სიტკბოებაში იყვნენ, როდესაც კობა გავიდა იმ ადგილს, სადაც ბინად უნდა დაბინავებულიყვნენ ტყეში შემოფარულნი მეომარნი. იმ ადგილს პატარა მინდორს გარს შემოჰრტყმოდა ხელუხლებელი ტყე, რომელშიაც დარწმუნებულნი იყვნენ - ეს ხალხი ვერ გასდევდნენ, და, მაშასადამე, თავისუფლად უნდა მოწყობილიყვნენ!
კობა სიბრთხილით მივიდა ამ მინდვრის ნაპირად, წყნარადგან გასწივა ფოთლებს და იმის თვალს წარმოუდგა დანთებული პატარა ცეცხლი, რათა მაღლად წასული შუქი მთხრობლად არ გამოსულიყო და გზის მჩვენებლად არ დასდგომიყო იმათ მოწინააღმდეგეებს.
იმან დაინახა ათიოდე კაცი, რომელნიც ისხდნენ ცეცხლის გარეშემო, სწმენდნენ თოფებს და ელოდნენ ვახშმის მომზადებას, რისთვისაც რამდენიმე შამფურზედ შიშხინებდა ჯიხვის მწვადები.
ცოტა-ხანს უყურა კობამ და იცნო, რომ ისინი მართლა ჯარიახელი ქისტები ყოფილან, რომელთა შუა ერთი ნაცნობიც ერია; ეს იყო გამოჩენილი ცულების მკეთებელი ფარჩო, რომლის წარმოსადეგობა და ვაჟკაცობა იმ ხანში ფარულად არა ყოფილა.
ღონიერი და გონიერი ბუნებით, იყო წარმოუთქმელი მარდი, მხნე და გულადი; იმას არა-ერთხელ აეტირებინა ყაზახების ცოლ-შვილი, არა-ერთხელ გამოერეკა იმათი ჯოგი და საქონელი.
მაგრამ ამას რა უნდოდა ხევში, სადაც მოკეთეებით სავსე იყო და ბევრგან პურ-მარილ-ნაჭამი?
ნუ თუ ხევის წინააღმდეგ სადავლოდ წამოსულა? ნუ თუ დაჰვიწყებია პურ-მარილი და მთის ხალხის ჩვეულება, რომელიც, გარდა ოსებისა, ისე წმინდად ინახება ყველასაგან? არა, ფარჩო ჩეჩნელია, მეტად ვაჟკაცია, რომ დაარღვიოს მთის ჩვეულება, ის სადავლოდ არ იქნება აქა!
ამ ფიქრში იყო კობა, როდესაც ფარჩო ერთბაშად წამოხტა, გაავლო თოფს ხელი და დაიძახა:
- ვინა ხარ მანდა?
- სტუმარი, - უპასუხა კობამ და პირდაპირ გავიდა მინდორზედ.
- სტუმარი ღვთისაა, რაღად იმალები? - უპასუხა ფარჩომ და შეჰხედა გამომცდელის თვალით: - მაგრამ თუ გვატყუებ, ღმერთმანი, ძვირად დაგიჯდება შენი საქციელი.
- ტყუილი გიაურებს შეჰფერის, მე მოხევე ვარ! - ამაყად უპასუხა მოხევემ: - ჩემი ქვეყნის ხალხს არც გული აქვს გაყოფილი, არც ენა.
- ღმერთმა დაგლოცოს მაგ სიტყვისთვის! გვეწვიე, - მიიპატიჟა ფარჩომ.
ამ დროს სხვები მიეგებნენ კობას, პატივის ნიშნად თოფი ჩამოართვეს, მიესალმნენ და მიიყვანეს ბინაში.
ფარჩომაც იცნო კობა, მოიკითხეს ერთმანეთი, იკითხეს „ხაბარი“, ერთმანეთის შინაურობა, საქონლის მდგომარეობა და ჩქარა დასხდნენ პურის საჭმელად.
კობას, როგორც სტუმარს, და ფარჩოს, როგორც იქ მყოფების უფროსს, ცალკე მიართვეს, და დანარჩენები კი ერთად დასხდნენ.
აქამდისინ ლაპარაკი შეეხებოდა სრულიად გარეშე საგნებს, თითქოს ზრდილობა ნებას არ აძლევდა ფარჩოს, რომ ეკითხნა კობასთვის იქ ყოფნის მიზეზი და არც კობა ჩქარობდა ამ ამბით და, მთის ჩვეულების-და კვალად, ელოდა უფროსისგან კითხვას.
როდესაც პურ-მარილმა, რომელსაც ისეთი მნიშვნელობა აქვს მთის ხალხში, რამოდენიმეთ დააკავშირა ისინი, როდესაც ყალიონებს მოუკიდეს, ფარჩომ პირველმა დაიწყო:
- სტუმარო, შენ მეცხვარე ხარ, საქონელს ისე არ დაანებებდი თავს... თუ სათქმელი გაქვს რამე, გვითხარი, ყური შენსკენ გვაქვს.
- კაც-ნაკლავი ვარ, სისხლს მოვშორდი, თქვენი მასპინძლობა მწადის.
- კაცის მოკვლა ცოდო არ არის: თუ გვიმტრობს, პასუხიც უნდა მოგვცეს. მარტოკა ხარ?
- არა.
- მაშ?
- მე ვარ, ჩემი ძმადნაფიცი და იმისი ცოლი...
- მოდით. - ცოტა ფიქრს შემდეგ წარმოსთქვა ფარჩომ: - სტუმარი ღვთისაა, და მასპინძელი კი კარს ვერ დაუკეტს. ჩემი სახლი თქვენი სახლი იქნება.
- სიპურადეში ჩეჩნელთ არ დაგეძრახებათ.
- სტუმარი ღვთისაა, ლუკმაც ღვთისაგანა გვაქვს მოცემული.
ამის შემდეგ კობამ უამბო თავისი და იაგოს ამბავი, უამბო ნუნუს ძალად ჯვარის დაწერა, უამბო ციხის გატეხა და გამოქცევა, რომელიც სავსე იყო თავ-გადადებულის ვაჟკაცობით, და იმიტომაც ისეთის სიამოვნებით ყურს უგდებდა ფარჩო და იმისი ამხანაგები.
ბოლოს ფარჩო წამოდგა, ამოიღო მასრიდგან ტყვია და მისცა კობას.
- მოიტა, შენც მამე, ძმადგაფიცვა მწადს შენთან.
კობამაც მისცა თავისი ტყვია და ისინი სამჯერ გადაეხვივნენ ერთმანეთს. ამ დღიდგან ისინი შეიქმნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, როგორც ალალი ძმები, რასაც ყველანი სიამოვნებით ულოცავდნენ იმათ.
ესენი ამ ლოცვაში იყვნენ, როდესაც ნუნუსა და იაგოს კიდევ არ მოსწყენოდათ ალერსი და ისევ მუსაიფში და ტრფიალში იყვნენ. სწორედ იმ დროს, როდესაც იაგომ თავი გადიხარა ნუნუს საკოცნელად და იმასაც აღგზნებული ტუჩები გამოეშვირა საპასუხოდ, მოისმა ხმაურობა და რამდენიმე კაცი, გირგოლას წინამძღომელობით, ხმლებ-ამოწვდილნი გადმოცვივდნენ.
იაგო წამოხტა და პირველსავე დამბაჩის სროლით მიაწვინა იქავ ერთი კაცი, მერმე მოიკრა ხმალს ხელი, და შეიქმნა მწარე და ფიცხელი ბრძოლა, მაგრამ რა გაუვიდოდა ერთს ოც-და-ათამდინ კაცთან, რომლებიც ძაღლებსავით გარს ეხვევოდნენ.
დაიჭრა რამდენიმე კაცი გირგოლას მხრით, თითონ იაგოსაც თქრიალით გასდიოდა სისხლი ჭრილობებიდგან, თუმცა არც ერთი ჭრილობა არა ჰქონდა იმას მძიმე და არ უშლიდა ბრძოლას, რადგანაც ხალხის სიმრავლე იფარავდა იმას; ყველას უნდოდა იმისი დარტყმა, ეხვეოდნენ ერთს ადგილს, ერთმანეთს უშლიდნენ ხმლის მოქნევას და მით იფარებოდა სიკვდილისაგან მოხევე, რომელიც ლომსავით ტრიალებდა იმათ შუა; მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ სისხლის დაღვრასთან ერთად ღონეც თანდათან აკლდებოდა.
იმ დროს, როდესაც იმას თავს ბრუ დაესხა, თვალთ დაუბნელდა და წაქცევას ლამობდა, ერთბაშად მოისმა რამდენიმე თოფის ხმა, და გირგოლას კაცებთაგანი შვიდნი დაეცნენ ძირს, დანარჩენები კი შეცვივდნენ ტყეში, რადგანაც ამ მოულოდნელობამ გულები დაუხეთქათ.
ეს იყო კობა, ფარჩო და იმათი ამხანაგები, რომელთაც გაეგონათ იაგოს დამბაჩის ხმა და ისე დროზედ მოჰშველებოდნენ ჯერედ უცნობს მეგობარს.
რა რომ ეს მოულოდნელი ქომაგები დაინახეს გირგოლას მომხრე ყაზახებმა, პირი გაიბრუნეს საჩქაროდ და შეერივნენ ტყეში, კობას ამხანაგებმა კი აიყვანეს გულ-შემოყრილი იაგო და თითონაც სიმაგრე მონახეს.
ნუნუ, რომელიც ბევრი ეძება, კობამ იქ ვეღარ იპოვა. რა ასე მარტოდ მომწყვდეული იაგო ნახა გირგოლამ, იმის დაბოლოება ყაზახებს მიანდო და თითონ რამდენიმე კაცით კი ნუნუ მოაშორა ამ ადგილს.
იმისთვის, რომ მკითხველებს ავუხსნათ, თუ საიდგან გაჩნდა ასე მოულოდნელად გირგოლა თავის ყაზახებით, ჩვენ ცოტა უკან უნდა დავიხიოთ.
სტეფანწმინდას დიამბეგი იდგა სტანციის ერთს ოთახში და ღილებ-გახსნილი, პერანგა, განსვენებას ეძლეოდა, თუმცა ჯერ არ დასძინებოდა.
გირგოლა, რომელიც იქვე ახლდა, მოახსენებდა, თუ რამდენს ეძებდა იაგოს, რა განკარგულება მისცა იმის დასაჭერად, ვინ იყო ცუდი და ბუნტი კაცი, როდესაც ერთი ოსი წყნარად შემოიპარა ოთახში და გამოიჭიმა კარებთან.
- ვინ არის ეგა? - იკითხა დიამბეგმა.
- ტუღა გახლავს, შენი ჭირიმე, - უპასუხა გირგოლამ და მიუბრუნდა ოსს: - რაი ამბავი?
- იაგო ვიპოვნე.
- სადა? - მიატანეს დიამბეგმა და გირგოლამ ერთად.
- ყუროს მთაში სანადიროდ ვიყავ, იქა ვნახე.
- მარტოკა?
- არა, შენი ჭირიმე! იმასთან კობა გახლდათ და ერთი ყმაწვილა ქალი.
- ქალი? - აღელდა გირგოლა.
- ქალი, ჰო!
- ქალი ვინ იქნებოდა? - იკითხა თავისთვის დიამბეგმა.
- რა მოგახსენოთ, - აღელვებით უპასუხა გირგოლამ.
- ვერ იცან? - მიექცა დიამბეგი ოსს.
- როგორ არა, შენი ჭირიმე, გირგოლას რძალი იყო.
ამ სიტყვებზედ გირგოლა გაფითრდა, მთლად აკანკალდა და გაბრუნდა.
- სად მიხვალ?
- უნდა ზედ შევაკვდე, შენი ჭირიმე.
- აბა, მაშ ხალხი წაიყვანე.
- ხალხი არ გამომადგება, მიბრძანეთ ყაზახები წავიყვანო.
- ხალხი რატომ არა?
- ისინი იაგოს არ დაიჭერენ, გაუშვებენ. ჩვენი ხალხი ძაღლი ხალხია.
- მაშ ყაზახები წაიყვანე. აბა ჩქარა!.. ვინძლო ცოცხლები დაიჭირო და, თუ არ იქმნა, დაახოცვინე.
- ბატონი ბრძანდები, - უპასუხა გირგოლამ, თუმცა გარდაწყვეტილი ჰქონდა, რომ დაჭერის მაგივრად მოჰკლავდა იაგოს, რადგანაც ეს უფრო ადვილიც იყო და მკვდარი მტერი აღარც ისე საშიში იქნებოდა.
გირგოლამ შეჰყარა ყაზახები, წაიყვანა თან ის ოსიც, რომელმაც ამბავი მოიტანა და გასწია ხდეს, რათა ტყის თავი შეეკრა.
ეს ვეღარ მოახერხა, თუმცა ნახა იაგო, კობა და ნუნუ ტყეში ჩასულები, რომელთაც ტუღა გააყოლა სათვალთვალოდ და თითონ ყაზახებით კი იქ დაიმალა.
ტუღა ჩაჰყვა იმათ ბინამდინ, მერმე გამოვიდა გირგოლასთან და ისინი ერთად წყნარად და სიბრთხილით თავს წაადგნენ შეყვარებულებს.
აი ეს იყო მიზეზი, რომ გირგოლამ ასე მოულოდნელად შეიპყრო იაგო, მისცა ის სასიკვდილოდ შეუბრალებელს ყაზახებს და თითონ კი რამდენიმე კაცით ქალი გააქცივა.
- არ გცოდნია პატივის ატანა და ეხლა მიყურე! - უთხრა გირგოლამ ქალს და რამდენჯერმე მათრახი გადაჰკრა.
ქალი, რომელიც გაფითრებულიყო და არ იცოდა, რა ექმნა. შეჰკრთა ინსტიკტიურად, თუმცა ვერც ხვეწნა გაიგონეს და ვერც ცრემლი დაინახეს იმის თვალზედ.
- ძაღლო! ძაღლო! - უპასუხა ქალმა: - რომ მომკლა, მაინც არ მეყვარები.
- არც მოგკლავ და არც გაცოცხლებ... დამაცადე!.. - დაემუქრა გირგოლა და კიდევ მათრახი გადაჰკრა.
გასკდა შემოწუთხული კაბა და სისხლმა შადრევანსავით გადმოასხა. ქალმა მიუშვირა ხელი, გაავსო მუჭა და პირში შეასხა სიტყვებით:
- ურჯულო, უღმერთო! გაძეხ ჩემი სისხლით!.. აჰა, დალიე!
გირგოლა ამოწვდილის ხანჯლით გაექანა, მაგრამ იმ დროს წამოეწივნენ ყაზახები, იმათი უფროსი და ხელიდგან გააგდებინეს ქალი.
მაშინ შეიტყო გირგოლამ, რომ რამდენიმე კაცი მოჰშველებია იაგოს და ის დაჭრილი ხელიდგან გაუგდებინებიათ.
ის იქამდინ გაცეცხლდა, რომ ქოჩორს თავის ხელით იგლეჯავდა, მაგრამ რაღას უშველიდა?
ძლივს ჩაიგდო იაგო ხელში და ეხლაც, ვინ იცის, იქნება ცოცხალი გადარჩა! თუმცა საეჭვო იყო, რომ ოცდაათს ერთი კაცი უვნებლად გადარჩენოდა, მაგრამ ვინ იცის?
ის ჩქარა დაარწმუნეს, თუ დააყაბულეს, რომ იაგო მოკლულიც რომ არ ყოფილიყო, ჩქარა უნდა მომკვდარიყო, რადგანაც გუფთასავით დაკეპილის მორჩენა ძნელი-ღა იყო.
ისინი საღამოზედ ამოვიდნენ სტეფანწმინდაში, შეატყობინეს დიამბეგს, რომ იაგოს ბევრით მეტი ამხანაგები ჰყვანდა, სანამ მოელოდნენ, ისინი ყველანი გაწყვიტეს, ქალი, რომელიც ძალად წაეყვანათ, წაართვეს, თუმცა რამდენიმე ყაზახი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ.
დიამბეგმა ამისდა-კვალად შეადგინა ქაღალდი, სადაც, თავის აზრით სავსე განკარგულება ჩაუმატა და გაუგზავნა ნაჩალნიკს; იმან ეს ქაღალდი გადააკეთა თავის გემოვნებაზედ და თავის სახელიც ჩაურთო და გაუგზავნა გუბერნატორს, იმან თავის მხრით დაუმატა თავის განსაცვიფრებელი ქვეშევრდომების მოქმედება და ეს ქაღალდი, ჭეშმარიტებით სავსე, მოუვიდა უმაღლეს მთავრობას, რომელმაც ყველას დაჯილდოება იპოვნა საჭიროდ.
ვის რად მიაჩნდა ორიოდე ყაზახის სიკვდილი, როდესაც ისეთი ყაჩაღები გაწყვიტეს, როგორც იაგო, კობა და იმათი ამხანაგები? ყაზახების ადგილს სხვა ყაზახები დაიჭერდნენ, - განა ცოტანი არიან სტანიცებში?
რა სტეფანწმინდას მოვიდნენ, ნუნუ გირგოლამ გამოართვა, როგორც თავისი ოჯახობის საკუთრება და წაიყვანა შინ, თავის სახლში, რომელშიაც ამის არშაში გადასვლის შემდეგ აღარავინ მდგარა. შეიყვანა სენაში, გამოუკეტა კარები და უთხრა:
- ემანდ ეგდე ძაღლსავით, სანამ მე მოვალ.
თითონ კი გამოვიდა გარეთ, სადაც მოეხვია ხალხი და ამბავს ჰკითხავდა.
- რაი გიამბოთ, რაი გითხრათ? ჩავხოცეთ ძაღლებსავით და გადავყარეთ.
- აი, ბედშავო იაგო! - შენანებით იძახდა ხალხი: - ბრალი არაა შენისთანა ბიჭი ეგრე უსახელოდ წახდეს!
რამდენმამე ყმაწვილმა ბიჭმა იქვე ჩუმად შეჰკრეს პირობა, რომ ეხლავ წასულიყვნენ და იაგო თავის ამხახაგებით მიწისთვის მაინც მიებარებინათ.
გირგოლა კი ჩავიდა გახარებულს დიამბეგთან, რომელმაც აღარ იცოდა, როგორ ეთქვა მადლობა ამ ხელმწიფის ერთგულ კაცისთვის, რომელიც ისე სამაგალითოდ ემსახურებოდა იმას და ასრულებდა ბრძანებას.
იმან ჩქარა დაითხოვა გირგოლა, რომელიც, უეჭველია, დაღალული უნდა ყოფილიყო და განსვენება ეჭირვებოდა.
- წადი, წადი, ეხლა დაისვენე, ჩემო გირგოლავ, და ხვალ ჩამოხვალ... თუ თემულაკი არ ჩამოგკიდე მაგ ხმალზედ, კაციმც ნუ ვიქნები!
- შენი წყალობა ნუ მომიშალოს ღმერთმა, - დაბლა თავის დაკვრით უპასუხა გირგოლამ და გავიდა.
კობა თავის ამხანაგებით გავიდნენ კლდის ძირობაში, სადაც შემოზღუდული ქვები ერთის მხრით, და მეორეს მხრით კი ჩამოლესილი, თითქოს განგებ ჩამოთლილი კლდე, კარგს სიმაგრედ და საფრად ჩაითვლებოდა. პატარა ბილიკი, სიგრძით ათი-ხუთმეტი საჟენი, რომელზედაც მწკრივად თითო კაცი ძლივს დაეტეოდა, უფრო ამაგრებდა ამ ადგილს.
აქ დაანთეს ცეცხლი, მოჰბანეს იაგოს ჭრილობანი, რომელიც რიცხვით თუმცა მრავალი იყო, მაგრამ, როგორც ზევითა ვსთქვით, არც ერთი არ იყო საშიში; მოაყარეს გამამთელებელი წამალი „მელის კუდა“ და მაგრად შეუხვიეს. რასაკვირველია, მარილის მოყრა არ დაივიწყეს, რათა რა დაეხავრა.
მერმე დაანთეს ცეცხლი, დააყენეს ერთი ყარაულად და დანარჩენები მიწვნენ, ვისაც სად შეჰხვდათ, გახვეულები თავიანთ ყისინებში. იაგო ჯერ გონს არ მოსულიყო და ამისთვის კობამ საჭიროდ დაინახა ღამე ეთივა იმისთვის.
ჩამოვარდა სიჩუმე, რომელსაც დაარღვევდა წყლის ხუილი, რომელიც თითქოს ნანას ეუბნებოდა იქ მყოფებს.
გათენებისას ცეცხლი ჩამქრალიყო და რადგანაც დილის სიომ მეტად მოუჭირა, ხალხს გამოეღვიძა. ყველანი წამოდგნენ, გაანთეს ხელახლად ცეცხლი და მოუსხდნენ გარშემო. იქ არა სჩანდა მარტო კობა, რომელიც იაგოს ვერ მოჰშორებოდა და ისეთის მღელვარებით თავს დაჰყურებდა.
რა ცეცხლთან მსხდომებმა ყალიონებს მოუკიდეს, ფარჩომ დაიწყო:
- ეგ მოხევეები ჩვენ შემოგვეხიზნენ, ჩვენ უნდა გავიყვანოთ აქედგან.
- ჰაი, ჰაი, რომ უნდა გავიყვანოთ.
- წადით, ერთ-ერთმა იაგოს მიჰხედოს და კობა კი აქ გამოგვიგზავნეთ. - ამ სიტყვებზედ ერთი ყმაწვილი ქისტი წამოხტა და მივიდა კობასთან, რომელიც მაშინვე წამოვიდა ფარჩოსთან.
- მოდი, გათბი, - მოიწვიეს მოხევე, რომელსაც ქისტებმა ადგილი მისცეს.
- არა მიშავს-რა, ნუ ირჯებით, - უთხრა კობამ და მოუჯდა ფარჩოს გვერდით.
ცოტა სიჩუმის შემდეგ ფარჩომ დაიწყო:
- კობავ, დრო არის წასვლაზედ ვიფიქროთ.
- ჰაი, ჰაი, რომ დრო არის, მაგრამ დაჭრილს რაი ვუყოთ? - დაღონებით წარმოსთქვა კობამ.
- ეგეც თან უნდა წავიყვანოთ.
- ბარემ, თქვენი ჭირიმეთ, მაგრამ საით ივლის, სულ დაჩეხილია!
- უნდა წავიღოთ, მაგრამ იმ ბილიკზედ ვერ გავიტანთ, რომელზედაც გასვლას ვაპირობდით და გვირგალაზედ კი თქვენებური ყარაულები დგანან... შენ როგორ გგონია, გაგვიშვებენ?
- ბედშაო ჩემო თავო! მაშ ურჯულოების ხელში ხომ არ ჩაგვყრიან!
- რა ვიცი? - უპასუხა ფარჩომ: - გირგოლაიც თქვენებურია...
- ჩვენებურია, ჩვენებური, მაგრამ რაი ვუყოთ? - მწარედ და დაღონებით წარმოსთქვა კობამ: - განა ყველა ეგეთია?
- ჰეი!.. ეგეთები რომ არ იყვნენ, გიაურებს ვაჩვენებდით თავიანთ დღეს!.. რაი გინდათ, რაი?.. თქვენ რაი გაცოდვილებსთ?... რაისთვი უჩვენებთ გზებს?...
- გაირყვნა ქვეყანა, ფარჩო, გაირყვნა!.. მოთავე ხალხი ვინც არიან, ისინი იმათია, და ჩვენისთანა ბეჩავს კაცს რაი შეუძლიან?.. განა ჩვენ კი გვინდა?
- მართალი ხარ, მართალი, მაგრამ ღმერთი დიდია!..
ჩამოვარდა რამდენიმე ხანი სიჩუმე, რომლის დროსაც ორნივ თავთავიანთ აზრმა წაიღო.
- მაგას კი დავანებოთ, - დაიწყო ისევ ფარჩომ. - მაგრამ აი რას გეტყვი: შენ ვერ მოელაპარაკები თქვენებურებს, რომ გაგვიშვან?
- რაისთვი ვერა! ვეტყვი.
- რომ არ დაგინდონ და დაგიჭირონ?
- საით დამიჭერენ! - ამაყად წარმოსთქვა კობამ.
- აბა, მაშ თუ იმედი გაქვს, გასწი ეხლავე; მაგრამ, თუ გეფიქრება, უბრალოდ ნუ ენდობი, სანამ იაგო მოკეთდება, აქაც გავმაგრდებით.
- არა, ფიქრი არაა. - წამოდგა მოხევე.
- მაშ მიხვალ?
- წუთში აქავ გავჩნდები.
ამ სიტყვებით კობამ გადიკეცა ჩოხის კალთები და მგლის ძუნძულით გასწია გვირგალას წვერისაკენ.
იმას იქამდე სურვილი ჰქონდა, რომ ქისტები დაერწმუნებინა თავის ქვეყნის ერთობაზედ, რომ იმან პირდაპირ გასწია ყარაულების ბინისკენ, საიდგანაც გადმომდგარიყო რამდენიმე მოხევე და უყურებდნენ მომავალს.
- ეს ვინ იქნება? - ეკითხებოდნენ ესენი ერთმანეთს, რადგანაც ამ დროს არავის მოელოდნენ.
კობას ყველანი იცნობდნენ და, რა მიახლოვდა, იცნეს და გაუკვირდათ იმისი იქ მისვლა, მერმე ისე პირდაპირ, როდესაც იმის თავი დაფასებული იყო და თვალ-ხარბი ხალხი კი ქვეყანაზედ არ დაილეოდა. ის ისე გულადად, ისე უშიშრად და უზრუნველად მიდიოდა, რომ ნება-უნებლივ თანაგრძნობას უღვიძებდა მაყურებელს.
- გზა მშვიდობისა, კობავ, გზა მშვიდობისა! - მიგებებით ეუბნებოდნენ ყარაულები, რომელთაც ისე მოეწონათ ამ ყმაწვილი ბიჭის სიგულადე.
- მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, მშვიდობა! - უპასუხა იმან და მიესალმა.
- საით? რაი ამბავი? - მოხევეები არ აცლიდნენ ერთმანეთს კითხვას, რადგანაც ისე მოწადინებულნი იყვნენ კობას ამბის შეტყობას, რომელთანაც უეჭველია, იაგოს თავგადასავალიც გადაბმული უნდა ყოფილიყო.
კობამ მოკლედ გადასცა თავის მოსვლის მიზეზი, შეატყობინა, რომ იმისი თავი იმათ ხელს არის და, თუ კაცობა და სვინდისი ნებას მისცემთ, გზას ნუ დაანებებენ.
ვერც ერთმა ყარაულმა, ვერც ერთმა მოხევემ ვერ გაჰბედა წინააღმდეგობის წარმოთქმა! რამოდენიმე ხანი ისე გაჩუმებულნი დარჩნენ კობას სიტყვების შემდეგ და მერმე ყველამ ერთბაშად დაილაპარაკეს:
- რაისთვი, რაისთვი, შენი ჭირიმე!.. აი გზა და აი კვალი! მოგიკვდეს თქვენი გზის დამჭერი.
- დამირჩა თქვენი თავი... მადლი უფალს, რომ ჯერ კიდევ ძმა ძმასა სცნობს!
- წადი, კობავ, ასჩქარდით, თორემ, ვინ იცის, რა ჟამი მოვა... მოდით, გაიარეთ... თქვენს მოღალატეს - უფალმა უღალატოს!
- ღმერთმა ისე ნუ მამკლას, რომ მეც არ გადაგიხადოთ.
ამ სიტყვებით კობა გამობრუნდა, ჩავიდა ქისტებთან, რომლებსაც მოეარათ იაგოსთვის, შეეხვიათ ჭრილობა და ისე მოუთმენლად ელოდნენ გაგზავნილის დაბრუნებას.
კობამ შეატყობინა ყარაულების პასუხი, იმათი თანაგრძნობა და ბევრი აღარ მოიგვიანეს: ჩააწვინეს იაგო ყისინაში, ასწიეს და შეუდგნენ მთას, სადაც მოხევე ყარაულები მოეშველნენ და თითონვე აიტანეს თავიანთ ბინამდინ. იქ დაისვენეს რამოდენიმე ხანი, სჭამეს სადილი, გამოესალმნენ ერთმანეთს, იმისთვის, რომ კობა და იაგო მოჰშორებოდნენ თავიანთ მოძმეთ, თავიანთ სამშობლოს და ყარაულები კი დარჩენილიყვნენ, რათა რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნებულიყვნენ შინ და ყოველგვარი უსამართლობა გამოეარათ დიამბეგისაგან, ნაცვლებისაგან და გირგოლას მსგავსი ხალხისაგან.
იქნებოდა ღამის ცხრა საათი, როდესაც გირგოლა მივიდა თავის სახლის კარებთან, გააღო დაკეტილი კარები, გაჰკრა სპიჩკას და შევიდა თავის სახლში. იმან აანთო ქონის სანთელი, მივიდა სენასთან, გააღო კარი და გამოიყვანა ხელებ-უკან გაკრული ნუნუ, რომელიც სანთელსავით ჩამომდნარიყო. ეს სამი დღე იქნებოდა, რაც ნუნუს, ასე დამწყვდეულს, უჭმელ-უსმელს ინახავდა და ყოველგვარს უწესოებას აყენებდა.
გირგოლამ მიიყვანა ის დედა-ბოძთან და მიაკრა.
- ეგრე იყავ, ძაღლო! ჩაკვდი! - ნიშნის მიგებით და გაბრაზებით უთხრა ნუნუს, რომელმაც ხმა არ გასცა და თავი გაიბრუნა, რომ იმის საზიზღარი სახე არ დაენახა.
გირგოლა მივიდა, დაჯდა სკამზედ და დაუწყო ყალიონს წევა. არ გაიარა რამდენმამე წუთმა, როდესაც კარები დააბრახუნა ვიღამაც, გირგოლა მივიდა კართან და წყნარად იკითხა:
- ვინა ხარ?
- მე ვარ, ჯღუნაი.
გირგოლამ გააღო კარები და შემოუშვა ახლად მოსული, რომელსაც ერთს ხელში ხონჩა ტილო-გადაფარებული, და მეორეში თუნგიანი ეჭირა.
იმათ მიჰკეტეს კარები, შევიდნენ და პურის საჭმელად ისე დასხდნენ - ნუნუს პირდაპირ ეყურებინა და უფრო მომეტებულად ეგრძნო შიმშილით ტანჯვა.
მსუქანს ცხვრის ხორცს, ერბოში მომწვარს ვარიებს, ერბოკვერცხს, ახლად გადმოღებულებს ცეცხლიდგან, ოხშივარი ასდიოდათ, ეს სწვდებოდა ქალის ყნოსვას და გაღვიძებული მადა წარმოუთქმელს ტანჯვად გაჰხდომოდა. იმის ნაწლავებს თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა, თვალთ უბნელდებოდა და დიდი-ხნის წყალ-მიუკარებელი ყელი გაჰშრობოდა და დაჰსიებოდა.
- უჰ, უჰ, უჰ! რა მსუქანია-და! - ყოველს ლუკმის აღებაზედ წამოიძახებდა გირგოლაი.
- ძალუმია, ღთის მადლმა, - დაუმოწმებდა ტუჩების წკლაპუნით ჯღუნა.
ნუნუს თუმცა წარმოუთქმელად შიოდა, მაგრამ ის ძალდატანებით იბრუნებდა იქით სახეს, რათა არ დაენახა ამ უღმერთოების პურის ჭამა. მაგრამ რაღაცა ძალა იმის უნებურად მიაბრუნებინებდა თავს სუფრისაკენ და თვალებს მიაცეცებდა საჭმელს, როდესაც გირგოლამ გადაჰკრა რამოდენიმე ღვინო, აიღო ერთი ხორცის ნაჭერი და წავიდა ნუნუსკენ.
- ქალაუ, ნახე - როგორი მსუქანია?
იმან მიუტანა ტუჩებთან და ზედ მოუსო. ქალმა ვეღარ გასძლო და ინსტინკტიურად, ბევრი ცდის შემდეგ, ძლივს გააღო პირი, მაგრამ გირგოლამ მაშინვე გამოაცალა პირიდგან და ხარხარით თავის ალაგსვე დაჯდა.
- უღმერთონო! - დასუსტებულის ხმით ძლივს წარმოსთქვა ნუნუმ და ჩაიჩოქა: - წყალი, წყალი... ღმერთი აღარ გყავსთ?... - წაიქცა ქალი და თითქოს სული გაკმინდა.
- მაი, გირგოლავ, მივცეთ ბატარა წყალი, არ მოკვდეს!
- ძაღლია, მაგას რაი მოჰკლავს... მაგრამ მიეცი, ბატარაი კი დაალევინე, - ცოტა ხნის შემდეგ წარბებ-შეჭმუხვნით წარმოსთქვა იმან.
ჯღუნა წამოდგა, მივიდა ნუნუსთან, მიიტანა წყალი, მაგრამ ქალს კრიჭა შეჰკვროდა და პირი ვეღარ გაეღო, თუმცა თვალები ღია ჰქონდა და ეტყობოდა, რომ გრძნობა არ დაჰკარგვიყო, რადგანაც ტუჩებს ანძრევდა.
მოხევემ ამოიღო ხანჯლის დანა, ჩაუგდო კბილებ-შუა, პირი ძალად დააღებინა და რამდენიმე წვეთი წყნარ-წყნარად ჩაუშვა პირში.
რა ქალის სასას მიეკარა გამაცოცხლებელი წყალი, იმას მაშინვე დაუბრუნდა სუნთქვა და ყელის მოძრაობა, ის მიეკრო ჭურჭელს და ყოველი წვეთის ჩაყლაპვაზედ აშკარად ჰგრძნობდა სიცოცხლის მობრუნებას.
- ეყოფა, კარგი! - უბრძანა გირგოლამ.
- ბატარაი კიდევ, ღთის გულისთვის! - შეშინებით მიჰყვა ჭურჭელს ნუნუ, რომელიც ჰშორდებოდა იმას.
ჯღუნამ კიდეგ მოაწაფა, მაგრამ წყნარად წაიღო თავი იმისკენ და გირგოლას შეუმჩნევლად ყურში ჩასჩურჩულა „ბატარაიც მოითმინე“... - და მერმე ხმამაღლა დასძინა ჭურჭლის ტუჩებიდან წართმევით:
- გეყოფის, კარგია!
ნუნუ მიჰხვდა ჯღუნას სიტყვებს, თუ გაძღა, გაჩუმდა და იქვე ბოძთან მიჯდა.
გირგოლამ და ჯღუნამ ისევ ქეიფის წევა დაიწყეს.
- მაი, გირგოლავ, - ცოტა ხნის უკან წასჩურჩულა ჯღუნამ: - ბატარაი ხორცი შევაჭამოთ, არ მოგვიკვდეს!
- სამაგისო ხორცი სად-ღაა? - მკაცრად მიუგო იმან.
- ისე უნდა ვქნათ, რომ არც მოკვდეს, არც ცოცხალი დარჩეს, თორემ რაი გამოვა? წვალება არ გინდა მაგისა? თუ კი მოჰკლავ, საით-ღა აწვალებ?
- ჰო, ჰო, წვალება მინდა, წვალება!.. შენ რომ იცოდე, მაგ ეშმაკის კერძმა რამდენი მაწვალა... ოო! - გააღრჭიალა კბილები გირგოლამ, - მეც გადაუხდი!
- მაშ მივცე ხორცი?
- შენ იცი.
ჯღუნამ კითხვა აღარ განიმეორა და მაშინვე მიუტანა საჭმელი საცოდავ ქალს, რომელსაც ჯერ თითონ აჭმევდა და, როდესაც ცოტა მოსულიერდა, ჩუმად გაუჭრა საბელი, რომლითაც ხელები ჰქონდა შეკრული, და კიდევ ჩასჩურჩულა:
- მე კარებთან გელი - გამოდი, რაწამს გირგოლას დაეძინოს.
ამ სიტყვების შემდეგ ის მოჰშორდა და მივიდა გირგოლასთან, რომელსაც ღვინო იქამდისინ მოჰკიდებოდა, რომ თვლემა დაეწყო.
- რას სჩადი, ბედ-შაო! გეძინება?.. - და მერმე შემღერა: - „დალიე დამალევინე, სული ნუ დამალევინე!“
- ჰა?! არა, - უპასუხა გირგოლამ: - მომე, მომე, - და გაუშვირა ყანწი.
ჯღუნამ გაუვსო, და გირგოლამაც თუმცა მოიყუდა, მაგრამ ვეღარ გაათავა, გადააგდო ყანწი, შაიჭმუხვნა და უთხრა:
- აღარ მინდა, კარგია... ახლა კი წადი შინა.
ჯღუნა გამოესალმა და გავიდა, გირგოლამ ბარბაცით მიაცილა კარებამდინ, რის ყოფით გაუგდო ურდული და გამობრუნდა კედელ-კედელ, რადგანაც თავი ვეღარ დაეჭირა. რაკი შიგნით სახლში შევიდა, იმან დაიწყო გაუბმელი და არეული ლაპარაკი, თუმცა კედლისათვის ხელი ვერ მოეშორებინა, რადგანაც წაქცევისა ეშინოდა.
- როგორ მალე დავთვერ!.. რაი მომივიდა?.. ნუნუ, ეხლა მაინც ჩემი ხარ... მოდი... მოდი მეთქი, მაკოცე!.. მაშ არ მოსდიხარ?.. არა?.. მე მოვალ შენთან!
ის ამ ლაპარაკის დროს უპირდაპირდებოდა ნუნუს, რომელიც ბოძთან იდგა და ზიზღით უყურებდა ამ კაცს. ერთბაშად გირგოლამ მოაშორა ხელები კედელს და ტორტმანით, თავ-წინ-დაღებილი წავიდა ნუნუსკენ, რომელიც სწრაფად გამოეცალა; გირგოლამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ისეთის სიძლიერით შეახალა შუბლი ბოძს, რომ უკან გადმოვარდა და რამდენიმე დალუღლუღების შემდეგ იქავ ხვრინვა ამოსტეხა.
ნუნუ გულის კანკალით გამოჰქანდა კარებისკენ, გასწია ურდულს და გამოვიდა გარეთ, სადაც ჯღუნა დაჰხვდა.
- დაეძინა? - მოკლედ და ჩუმად წასჩურჩულა იმან.
- დაეძინა. - უპასუხა ჩუმადვე ქალმა.
- მაშ იარე, შენი ნათლიაი გელის, - უთხრა ჯღუნამ და გაუძღვა წინ.
ქალი ხმა-ამოუღებლივ გაჰყვა იმას, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ თავის ნათლია, ჯღუნას ცოლი, ყოველს ღონისძიებას მოიხმარებდა ნუნუს დასამალად.
ის იმედობდა, რომ გირგოლას მოსწყინდებოდა იმისი დევნა და ბოლოს თავი უნდა დაენებებინა და, თუ არ დაანებებდა, მაშ თავისი თავი ხომ ხელთა ჰქონდა, - თითონ იცოდა, რასაც უზამდა იმას.
იმათ გაიარეს რამდენიმე გზა, შეუბრუნდნენ აღმა, გავიდნენ სოფლის თავს პატარა კოხტა სახლში და იქ დაჰხვდა თავისი ნათლია, რომელმაც მიიღო იმედ-გადაწყვეტილი და ნუგეშ-დაკარგული ქალი.
ჯღუნამ და მისმა ცოლმა დაამშვიდეს ნუნუ, რამდენადაც კი იმის დამშვიდება შეიძლებოდა, და თუმცა თითონაც ჯერ ნამდვილად არა იცოდნენ-რა, მაგრამ ის კი დაარწმუნეს, რომ იაგო ცოცხალი არის და, უეჭველია, ისე თავს არ დაანებებდა.
მეორე დღეს გირგოლას გამოეღვიძა და, რა ნახა, რომ ნუნუ ხელიდგან წასვლია, ის გიჟსავით გამოვარდა გარეთ, გადააბრუნა მთელი სოფელი, შესძრა მთელი ის მხარე, შეატყობინა დიამბეგს და სხვა მოხელე ხალხს ნუნუს დაკარგვა, მაგრამ ძე ხორციელი ვერ იპოვეს იმისი მნახველი და გარდასწყვიტეს, რომ ნუნუმ უეჭველად წყალში თავი დაიხრჩოვო.
ასე მიდიოდა ნუნუს დღეები, რომელიც წინა ცხოვრებასთან შედარებით ეხლა სამოთხესა ჰგრძნობდა, და თუ სევდა შემოაწვებოდა გულს, - ეს იყო იაგოზედ ფიქრი, რომლის ამბავიც ჯერ ვერ გაეგო.
ნაწილი მესამე
სოფელს არწიაში ფარჩოს სახლობამ მიიღო იაგო და მისი ძმადნაფიცი კობა, როგორც ნამდვილი ამ სახლის შვილი და ყოველის ღონისძიებითა სცდილობდნენ იმათი სურვილის აღსრულებას.
ექიმი, რომელიც დაუყენეს იაგოს, იმედობდა, რომ რამდენსამე დღეზედ ფეხზედ წამოაყენებდა ავადმყოფს, და იაგოც მოთმინებით მოელოდა ამ დღეს, რადგანაც წარმოუთქმელად გული ეღრინებოდა გირგოლაზედ, რომელმაც ისე უკაცურად გააბა ხათაბალაში, გაჰხადა კაც-ნაკლავად, წაართვა საცოლე და მოაშორა სამშობლოს.
აქ იმოდენი საბუთები იყო გადახდევინების სურვილის აღსაძვრელად, რომ არამც თუ თავმოყვარე მთის კაცი, რაინდულის შეხედულობით და ხასიათით, რომელსაც ცხოვრების მიზნად აქვს გამხდარი: „სიკვდილი სახელოვანი სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა“, - არამედ დამშვიდებულს კაცსაც კი დააკარგვინებდა გონებას და მოთმინებიდგან გამოიყვანდა.
ასე მიდიოდა დღეები, და კობა განუშორებლივ გვერდს ჰყვანდა ძმადნაფიცს. ყოველთვისინ, რა მარტონი დარჩებოდნენ, მოჰყვებოდნენ ლაპარაკს თავიანთ მდგომარეობაზედ, მოაგონდებოდათ თავიანთი სამშობლო, იქაური ღრუბელი და იმის დანახვის სურვილი ჰლევდა.
ამგვარი ღამეები გათავდებოდა გულის ამდუღების ფანდურის ხმით, რომელსაც ისე მშვენივრად უკრავდა კობა და გმირულს ლექსებს ნახევარ-ხმად დასძახოდა.
ამგვარი ფანდურის ხმა, რომელიც თითქოს აღელვებს ავადმყოფს, ამასთანავე ერთად ამშვიდებს თუ ასიამოვნებს, ავიწყებს წუხილს, სატკივარს, ჭრილობას, და მკურნალი ძილი უხუჭავს დასუსტებულს თვალებს, რომელიც ისე მკურნალად მოქმედებს. მხოლოდ იმას შეუძლიან ამ დაძახილის ღირსეულად დაფასება, ვინც ავადა ყოფილა და გაუგონია ეს ხმა, უგრძვნია თავის თავზედ ის ნეტარების და უკვდავების ნექტარი, რომელსაც ეს ხმა თითქოს წვეთწვეთად უსხავს ავადმყოფს სხეულს და აგებულობაში.
გაიარა კარგა ხანმა, იაგო დადგა მოკეთებაზედ, მოუვიდა მადა, ძილი, და თუმცა ჯერ კიდევ სუსტად იყო, მაგრამ დერეფანზედ გამოსვლა კი წმინდა ჰაერზედ თავისუფლად შეეძლო.
- იაგო, - ერთს ამისთანა დღეს უთხრა კობამ, - მთაჩი წავალ ნადირობ.
- ბედშავო ჩემო თავო! შინ ჯდომა მოგწყინდა განა? - დაღონებით უპასუხა იაგომ.
- შეთან რაი მომაწყენდა, რად მეუბნები მაგას!
- აბა რაი გულის გადასაყოლია სულ ავადმყოფთან ყოფნა?.. წადი, წადი, თვალს გაახელ...
- წავალ, ეგების ჩვენებური მონადირე ვინმე შემხვდეს, შინაობისას გავიგებდი, რასმე!
- შენ იცი, - უპასუხა იაგომ და პირი მოარიდა, რათა ამხანაგს სიწითლე არ შეემჩნივა.
იმას მოაგონდა ნუნუ და დიდი ხანი იყო, რაც უნდოდა ეთხოვა კობასთვის, რომ იმის ამბავი შეეტყო, მაგრამ რცხვენოდა და ვერ გაებედნა.
- ეხლა, წმინდის გივარგის მადლით, შენც აღარა გიჭირს-რა. ბატარაი კიდევ - და ზეზეც წამოდგები. მარტოობა თუ არ მოგწყინდების?
- რაისთვი? არა, არა! - საჩქაროდ წამოიძახა იაგომ, რომელსაც შეეშინდა, რომ კობას არ გადაეგუნება მთაში წასვლა და კიდევ მეტად დასატანჯად არ დაჰშორებოდა ნუნუს ამბის შეტყობა.
- წადი, გაიარე, იქნება, მართალია, ვინმე ნახო, - დაუმატა უფრო დამშვიდებით დაჭრილმა მოხევემ.
კობა მოემზადა, გამოესალმა ყველას და გასწია ხდეს სანადიროდ და უფრო კი ნუნუს ამბის შესატყობად.
ჯერ კიდევ არ დაბნელებულიყო და მზე უკანასკნელს სხივებს ესროდა მთის წვერებს, როდესაც იმან მიაღწივა ხდის ჩხატს (ჩანჩქარს), რომელიც თეთრ რძედ გადაქცეულიყო და ვარდებოდა აუარებლის სიმაღლიდგან; ღრიალებდა, ქაფდებოდა, იმქრეოდა წვრილს ნამად, რომელშიაც ბრჭყვინავდა, ელვარებდა და თამაშობდა მზის სხივი, შეხამებული ათასგვარ ნაზს ფერადად, რომელიც ორს-სამს ალაგას გროვდებოდა და ცისარტყელას მსგავსად იდგა.
ქვემოთ რგვლად შემორტყმული მშვენიერი მწვანე ტყე, იმის იქით მეორე მთის მხრიდგან ჩამონადენი წვრილი შავი ქვიშა. ერთკენ მხარეზედაც პატარა გორაკი, რომელიც თავდებოდა რგვალის ზურმუხტოვანის, შემკულის ათასის ფერის სურნელიანის ყვავილებით, მინდვრით; იქვე აუარებელი „ხახამა“, მარწყვი და „შავი ხილი“, რომლის სისხოც და გემოც გაგაოცებდათ; ცოტა ტყის იქიდგან ფიწალო, ჩამოლესილი კლდეები, რომლის წვერებიც ისე უსწორმასწოროდ ამართულიყვნენ და იკარგებოდნენ ცის სივრცეში.
ხდის ხეობის ერთკენ მხარეს მოვიდა კობა და, დაყრდნობილი თავის თოფზედ, დაჰყურებდა ამ მიმზიდველს სურათს, სადაც ნაზი ფერი და მდებარეობა არეოდა გარეგნულს ამაყს და მკაცრს ბუნებას და ისეთის გარმონიით შეხამებულიყო.
დიდი ხანი იყო, რაც კობას ამგვარი სურათები აღარ ენახა და მით უფრო ტკბილი იყო, რომ მისი შეჩვეული ბუნება ითხოვდა ამგვარს გართობას, თვალისა და გრძნობის დატკბობას.
არ გაიარა რამდენიმე წუთმა, როდესაც მეორე მხარეს კლდის კინწრიხოზედ ამაყად გადმოდგა ხარი ჯიხვი, ვეებერთელა მოხრილის რქებით, თითქმის ნახევრად გადმოიზნიქა კლდეზედ და გახურებული შუბლი მიუშვირა ნიავს. ის იდგა ამაყად, უშიშრად: გრძნობდა, რომ თავის სამფლობელოში იყო.
მართლა, თავდამავიწყებელს სურათს წარმოადგენდა ეს ჯიხვი, გადმოზნექილი მაღალ პლატოზედ, თითქოს ქვიდგან გამოჭრილი და შეერთებული ამ კლდეს, რომლის რქებიც, დაფერილი უკანასკნელი მზის სხივებით, ისე აშკარად იხატებოდა ცის კიდურზედ. ის იდგა ისე გაუნძრევლად და კობასაც ეშინოდა განძრევა, რათა ხმაურობით არ დაერღვია სიამოვნება ამ ლაზათით სავსე პირუტყვისათვის.
ერთბაშად მოისმა სტვენის მიმამსგავსი ფრუტუნი და ნადირი ერთბაშად წატრიალდა. კობამაც მიიხედა იქით და დაინახა ისეთივე გალაღებული ხარი, როგორიც იდგა კლდის წვერზედ. ის მოდიოდა მეორე ჯიხვისკენ წყნარად, დარწმუნებული თავის უპირატესობაში და თავის ქნევით თითქოს მუქარას სთხოვდა. იმის იქიდგან გამოჩნდნენ რამდენიმე თხა12 და წალი13, რომლებიც შესდგნენ და დაუწყეს ყურება ამ ორს მეტოქე ხარს, რომელთაც უეჭველია, თავის გამოჩენა უნდოდათ ნაზი ქმნილების წინაშე. კლდეზედ მყოფი ხარ-ლაღიც წამობრუნდა, დაიფრუტუნა და წყნარისავე სიარულით, თავის ქნევით გასწივა მომავალისკენ. როდესაც ისინი მიახლოვდნენ ერთმანეთს რამდენიმე ნაბიჯზედ, შესდგნენ, დაუწყეს ერთმანეთს მრისხანედ ყურება და ფეხებით მიწას ცემა. როგორც ეტყობოდა, ისინი რაღაცას ანიშნებდნენ ერთმანეთს, არა სთანხმდებოდნენ და, რა ვერ დაჰყაბულდნენ, ერთმანეთს გაექანნენ, რქებით დაეჯახნენ. ამის შემდეგ ესენი აწვებოდნენ ერთმანეთს რამდენიმე ხანი ისე ძლიერად, რომ გატენილი ძარღვები ლამის ასკდებოდათ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დასძალა, ვერ დაახევინა უკან.
ბოლოს ისინი გაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი წავიდა ხტუნაობით, მივიდა ზედ კლდის პირზედ, გამობრუნდა, გაიბოწკა ფეხები, გამაგრდა და მოიღერა კისერი; მეორე ჯიხვი კი ზევიდან მოექცა, შედგა უკანა ფეხებზედ, წამოვიდა ისე და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაეცა რქებით კლდის პირა მყოფს ჯიხვს რქებზედ. მასუკან ქვევითი გამოსცვალა ზევითმა და ეს დადგა ამავე გვარად კლდის ნაპირას და პირველი კი შეტოტდა და დაეცა. ყოველი იმათი შეტაკება, ყოველი იმათი რქების მოხვედრა ერთმანეთს ისეთს ხმას გამოიღებდა, თითქოს რამდენიმე თოფი ერთად გავარდაო. ღმერთსაც ნუ ექმნა, რომ ქვევითს ეღალატნა ზევითისთვის: გამოსცლოდა იმ დროს, როდესაც მეორე მოდიოდა, თორემ იმას აღარა იხსნიდა-რა - რამდენიმე ასი საჟენის სიმაღლიდგან გადავარდნილს სული აღარ ჩაჰყვებოდა ხევამდინ. მაგრამ, დარწმუნებული ქვევითის უღალატობას, მოდიოდა ეს შნოებით სავსე პირუტყვი და მხოლოდ იმაზედ ჰფიქრობდა, რომ რამდენადაც შეიძლებოდა ძალზედ დაეკრა.
წალები და თხები კი თავიანთის ეშმაკურის სიმკვირცხლით დახტოდნენ იმათ ახლოს, თითქოს ამით უნდოდათ მეტად წაექეზებინათ მებრძოლნი, რომლების ქცევაც ასე მოსწონდათ.
კობა უყურებდა გატაცებით, გაშმაგებით და შეჰნატროდა ამ პირუტყვთ ზნესა და ჩვეულებას, რომელსაც ერთი ერთზედ გამოჰყავდა და ერთს ერთთან აბრძოლებდა.
სწორედ იმ დროს, როდესაც ერთი ჯიხვი გამაგრდა და მეორე ჯიხვი კი გადმოეშვა ზედ დასაცემად, გავარდა თოფი და გადაატრიალა ქვევით მდგომი ჯიხვი; მეორე ჯიხვმაც ვეღარ შეიმაგრა თავი და ორივე გადაცვივდნენ კლდეზედ. ვიღაცის უხილავმა ხელმა მოუღო ბოლო იმათ ბრძოლას, და ეს ვიღაც წამოდგა, მოიხადა ქუდი და გაიქცა კლდისაკენ, სადაც გადაცვივდნენ ჯიხვები. იმან დაინახა ჩახოცილი ნადირები, რომელნიც წუთს წინათ ისეთს სიცოცხლით სავსე ბრძოლაში იყვნენ.
კობამ უსიამოვნოდ გაჰხედა მონადირეს, რომელმაც ისე უწყალოდ და შეუნანებლად მოუსპო სიცოცხლე ამ პატიოსანს პირუტყვებს და არ დააცალა გამარჯვებით სიამოვნება.
მთის ჩვეულებით, ამგვარად შეხვედრილი მონადირეები მოვალენი არიან უეჭველად გაიყონ ნანადირევი და ამისთვის კობამ გასწია ქვევით, საითკენაც უცნობი მონადირეც თავის მხრიდან ჩარბოდა. ცოტა კიდევ გაიარა და დასძახა კობამ:
- კვლავ უფრო, კვლავ უფრო! - შემოღებული მილოცვა მთის მონადირეთ შორის.
კაცი შესდგა, შემოჰხედა და მადლი გადიხადა. წარმოიდგინეთ ორთავეს სიხარული, როდესაც იმათ ერთმანეთი იცნეს.
- ჯღუნავ!.. გზა მშვიდობისა, ჯღუნავ! - მიეშურებოდა კობა მონადირისაკენ.
- გაგიმარჯოს ღმერთმა, კობავ!.. საიდგან გაჩნდი აქა, საიდგან? - მოუთმენლად მოელოდა პასუხს.
- აბა, რა ვიცი?! ალბათ ჩემმა ბედმა და იღბალმა გადმომაგდო აქეთ.
ისინი მიესალმნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ პირველი იმათი კითხვა იყო იაგოზედ და ნუნუზედ.
- ღთის მადლს, იაგოსი რაი იცი? - იკითხა ჯღუნამ.
- მადლი უფალს! ახლა კარგადაა. ჯერ სულ არ მორჩენილა, მაგრამ დერეფანში კი გამოდის...
- თუ არა დაუშავდა რა?
- არა, ხელს ვერ ხმარობს ჯერა, მაგრამ დაშავებით კი არა უნდა-რა. ნუნუსი რაი-ღა იცი? იმის ჯავრი ჰლევს იაგოს.
- ბედშავი ჩემთანაა დამალული. დაიღუპნენ მისი მამის ძმანი, ერთი არ წამოექომაგა, მაგრამ იმათ რაი ენაღვლებათ, იმის მამის წილი სულ იმათ დარჩათ.
ამის შემდეგ ჯღუნამ დაწვრილებით უამბო ნუნუს თავგადასავალი, იმისი მდგომარეობა და მალვა ხალხისაგან. ამასთანავე უამბო - რა გასაჭირია ამგვარი მალვა, რომელიც შეუძლიანთ დღეს ან ხვალ შეუტყონ და მაშინ ვეღარ გადურჩება გრიგოლას.
- ქალს არა უჭირს-რა, მარტო იაგოზედ ნაღვლობს, - გაათავა ჯღუნამ.
- ო, ბედშავი! - წარმოსთქვა კობამ.
- კარგს იზამდი, უფლის მადლმა, შენ ჩამოსულიყავ, თავად გეამბო თქვენი ამბავი, - უთხრა ჯღუნამ და დაუმატა: - დაჭერის ნუ გეფიქრების, ეგრე ჩაგიყვან და ამოგიყვან, ღთის მადლმა, რომ ადამიანის თვალმა ვერ გაგიცადოს.
- წამოვალ, შენი ჭირიმე, წამოვალ, იმათ როგორ შევუშინდები? შენ რომ არ მენახე, მაინც გუნებაში მქონდა ჩამოსვლა.
ამ გარდაწყვეტილების შემდეგ ჯღუნამ შეჰკრა ერთი ნადირი, რომელიც კობამ, როგორც უმცროსმა, წამოიკიდა და მეორე ნადირი კი გამოშიგნეს, უფეთქეს გარშემო წამალი და იქ დააგდეს, რათა კობას ამოვლაზედ წაეღო იაგოსთან და ნადირობაში აღარ დაჰგვიანებოდა.
ისინი შეუდგნენ მთებს, ჩქარა გადაიარეს ყუროს მთა და გათენებისას მიაღწივეს ჯღუნას სახლს, სადაც ისე ფარულად ინახავდნენ ნუნუს.
ჯღუნა და კობა წყნარად და ფრთხილად მივიდნენ სახლის კარებთან, რომლის დერეფანზედაც გამოდიოდა პატარა სარკმელი, საიდგანაც სახლის პატრონმა რამდენიმე კენჭი შეაგდო და ყური დაუგდო. სახლიდგან გამოისმა ხმა:
- ტიალი თაგვი! ჭერშიაც არ ისვენებს?
- კარს მოუარე, ჭერს ფიქრი არ უნდა, - წყნარად წარმოსთქვა ჯღუნამ.
ამ სიტყვებზედ შიგნიდგან მოისმა ხმაურობა და წუთის შემდეგ გაიღო კარები, რომელშიაც შევიდნენ ორნივ მოსულები და მაგრა მიკეტეს კარები.
- რაი ამბავია? - შესვლის უმალ იკითხა ჯღუნამ.
- მშვიდობა, - იყო მოკლე პასუხი.
- სარკმელი დაჰხურე და ჩირაღი გაანათე... ნუნუ რასა იქმს?
- რაი უჭირს! სძინავს.
ამის შემდეგ გაანათეს ჩირაღი და ჩამოხსნეს ნადირი კობას, რომელიც მიესალმა ჯღუნას ცოლს; ეს გაშტერებით შეჰყურებდა იმას და თავის თვალებისა არა სჯეროდა.
ბოლოს ქმარმა უამბო, დაარწმუნა, რომ ის კობა არის, იაგოს ამბავი მოიტანა და, რადგანაც მშივრები იყვნენ, ვახშამი მოსთხოვა.
- ეხლავ, სუყველაფერი იქნება, - დაფაცურდა ჯღუნას ცოლი: - მაშ კარგადაა იაგო, ჩემო ყველავ! - ეუბნებოდა კობას გახარებული: - შენისთანა მახარობელს, ღვთის მადლმა, რიგიანი დახვედრა უნდა.
- მაგეებს თავი დაანებე და პური გვაჭამე; ეგ ემჯობინების, ღთის მადლმა, - წამოიძახა ჯღუნამ და მიუბრუნდა მოხევეს: - არა, კობაისი?
- ეხლავ, ეხლავ, ბატარაი დაიცადე, - უპასუხა ცოლმა და გამობრუნდა.
- ძალიან კი კვეხულობ და არ ვიცი, რაი გაქვს?
- მტერსაც ნუ-რა ექნება-რა, თორემ ჩვენ ღთის მოწყალება ყველა გვაქვს.
- არაყი გაქვს?
- ჰაი, ჰაი, რომ მაქვს! ეგეთი შინაური არაყი მაქვს, ღთის მადლმა, რომ რაი-ღა გითხრა.
- აბა, მაშ ბატარაი ცეცხლიც გაანთე, მწვადებსაც შევწვავთ.
- აგრე, - უპასუხა დედაკაცმა და წამზედ გაანთო ცეცხლი, მოიტანა შამფურები, პური, ერბო-ყველი, ნაზუქები და სხვა საჭმელები, - ეტყობოდა, რომ ეს დედაკაცი ქმარს მოელოდა და, როგორც მზრუნველს, გამამხიარულებელს თავის ოჯახობისა, არ დაჰვიწყებოდა ასეთის სამზადისით დახვედრა.
არ გაიარა რამდენმამე წუთმა, როდესაც ხმაურობაზედ გამოჰღვიძებოდა ნუნუს და, რა შუქი დაენახა და მოძრაობა გაეგონა, გულ-გახეთქილს წარმოედგინა, რომ გრიგოლაა იმათსა და იმისთვის არის ეს ალიაქოთი. ის მაგრა მიიჭუჭკა, გაინაბა, გაკმინდა სული და გულის ცახცახით მოელოდა, რომ წუთით-წუთზედ შემოვიდოდნენ, იპოვნიდნენ და მაშინ ვაი იმის დღესა!
კარგა-ხანს იწვა სამალავად გაკეთებულს სენაში და ასე შიშით მოელოდა, რომ გამოაჩენდნენ, იპოვნიდნენ და თუმცა ყოველის ღონისძიებით ცდილობდა გაეგო ლაპარაკის საგანი, მაგრამ ხმაურობის მეტი არა ესმოდა-რა, რადგანაც გაფრთხილებული მოსაუბრენი ნახევარ-ხმად ლაპარაკობდნენ. იმან ვეღარ გაუძლო ამ სატანჯველს მდგომარეობას, წამოიცვა საჩქაროდ ტანისამოსი, მივიდა კარებთან და იქ ნახვრეტიდგან დაუწყო ყურება, თუმცა კვარის შუქზედ, რომელიც ძლივს ანათებდა, ვერა გაერჩივა-რა.
იმას ესმოდა, რომ სტუმარი სახლის პატრონებისთვის სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, რადგანაც ატყობდა მეგობრულს ლაპარაკს და გაშტერებით იძახდა თავის გუნებაში:
- ნუ თუ ჯღუნამ მიღალატა? ნათლიამაც არ დამინდო? - და გულზედ მუხრუჭივით რაღაცამ მოუჭირა და წარმოუდგენელი ტკივილი აგრძნობინა.
- აუჰ, ამათშიაც მოვტყუვდი! - მწარედ წარმოსთქვა იმან და მოაგონდა წარსული სატანჯველი გირგოლას ხელში.
ის მთლად ჭირის ოფლში გაქანდა და გაიფიქრა: აი, ეხლა მიმცემენ ჩემს მტარვალს, ის წამიყვანს, დამამწყვდევს, მაწვალებს, მტანჯავს და, ბოლოს, ისევ შიმშილის, ისევ წყურვილის ცეცხლი!.. მერმე? მერმე იაგოსაც ვეღარა ნახავს, ვეღარ დასტკბება იმასთან და ისე ძაღლ-უმადურად უნდა აღმოჰხდეს სული... მაშ რაღად გამოიყვანა ჯღუნამ? რისთვის-ღა მალავდა ამოდენა ხანს, თუ ასე ჩქარა გასცემდა?
ამ მწარე ფიქრებით იდგა ნუნუ, როდესაც სუფრაზედ მარილი დასჭირდათ და ჯღუნა მიუბრუნდა თავის დედაკაცს:
- წადი-ღა, ბატარა მარილი გამოიტანე.
დედაკაცი ადგა, მივიდა სენასთან და, რა კარი შეაღო, დაინახა ნუნუ, რომელსაც სიტყვის თქმა არ დააცალა. გადაეხვია და დაუწყო კოცნა.
- ჩემო ყველავ! - ეუბნებოდა ის მაშინ, როდესაც ნუნუს ვერ გაეგო ამგვარი სიხარულის მიზეზი.
- ავაიმე, ნათლიაისი! მითხარ, რაი ამბავია? - ძლივს მოახერხა იმან კითხვა.
- კობაი მოვიდა, იაგო კარგადაა! ჩემო გულის საყვარელო! - კიდევ გადაეხვია, კიდევ დაუწყო კოცნა: - ეხლა კი გვეშველა!
ნუნუ ისე გააშტერა ამ სიტყვებმა, ისე მოულოდნელი იყო ეს ხმა იმისთვის, რომ ის მთლად გაშრა, ცახცახმა აიტანა და ხმა ვეღარ ამოეღო.
მაშ იაგო გადარჩა, ის კარგად არის! სხვა რაღა უნდოდა ბედშავს? ცოტა ხანს შემდეგ, როდესაც გონება შემოიკრიბა, ის გიჟსავით გავარდა კობასთან, რომელსაც მოეხვია და გულამომჯდარმა უბე გაუვსო ცრემლებით.
ნუნუ ეხვეოდა უსიტყვოდ, ეალერსებოდა და ამომჯდარი გული ვეღარ დაემშვიდებინა.
როცა იქნა, ქალმა მოახერხა რამოდენიმე ცვარი წყალის ჩაყლაპვა და ძლივს შეაჩერა გულისძგერა. გაჩუმებულს და გათეთქვილს ამდენის მოულოდნელობით ეჭირა კობას ხელი, და მოხევე კი უამბობდა იაგოს თავგადასავალს.
ყველანი წყნარ-წყნარად დამშვიდნენ, დასხდნენ, მოისვეს ნუნუ გვერდით, და სხვადასხვაგვარის ოხუნჯობით ძლივს მოჰგვარეს იმას პირზედ ღიმილი.
- ხუმრობა - ხუმრობად, მაგრამ რაი უნდა ვარჩიოთ, როგორ მოვიქცეთ? - დაიწყო ჯღუნამ: - ასე ყოფნა არ იქმნების, უნდა გზა მოვნახოთ რაიმე...
- შენ გვირჩივე, შენ გვითხარ, - უპასუხა კობამ: - შენი მოაზრებისა ვინ იქმნების?
- ეხლა გრიგოლამაც შაიტყო, რომ იაგო გადარჩა, ხდეს რუსის ყაზახები ჩააყენეს და მონადირე ძლივს-ღა გადადის ხრიოკებზედ, იმაზედ ქალი ვერ გადაიყვანების.
- მაშ რაი გვეშველების? რაი ვქნათ?
- ნუნუ ძაუგში უნდა ჩავიყვანოთ და იქიდგან გატაცება უფრო გაადვიდლების.
- ძაუგში?! - გაკვირვებით იკითხა კობამ: - ეგ საით მოხერხდების, გზები სავსეა ყარაულებით.
- მაგას მე მოვახერხებ...
- აბა შენ თუ - თორემ ცხო ვერავინ შეჰბედავს მაგას.
- იქ ნუნუს მამა მთხოვარობს, იმას ჩავაბაროთ, და ის შეგვინახავს იქამდე, სანამ თქვენ წაიყვანთ.
- ეგ კარგი იქნების, მაგრამ მე გზისა მეშინის... თუ გაგვიგეს, ხომ აღარა გვიხსნის-რა?
- აი, ყური დამიგდე, - დაიწყო ჯღუნამ: - შენ ჯერ ბალღი ხარ, სისხლი გიდუღს, ყველგან ძალით გატანა გინდა და დროება კი ისეთი შეიქმნა, რომ ძალა აღარ ხერხდების... ზოგჯერ ეშმაკობაც არაა გონჯი, არც დასაძრახისია... სტანციებში ტროიკები უკან რომ ბრუნდებიან, იმათ არავინ აყენებს, არავინ შინჯავს... იკითხავენ - „კტო იდოთ“, უპასუხებ - „აბრატნიო“ და გაივლი შენთვის. შევაბამ ტროიკაში ცხენებს, ჩავაწვენ შიგ ნუნუს, ზედ წავაყრი ბატარა თივას და ისე გავივლი ძაუგამდის, ღთის მადლმა, რომ ხმაც არავინ გამცეს... მერმე ძაუგში, როგორც მოახერხებთ, ისე მოიქცევით.
კობა იქამდინ გააშტერა ჯღუნას სიმართლით სავსე მოაზრებამ, რომ ენა ძლივს-ღა ამოაგნო. იმ ხანებში ტამოჟნა ლარსში იყო გაკეთებული და ამგვარად მთის ხალხს გაჰქონდა თამბაქო.
- ღთის მადლმა, რომ საკვირველია! საით მოიაზრე?
- რას იტყვი, მოგწონს?
- აბა რაი-ღა ითქმის, უფლისგან დალოცვილი ხარ და ღთის პირით ლაპარაკობ.
- დედაკაცო, შენ რაღას იტყვი?
- აბა, თქვენთან რაი მეთქმის? თქვენ უფრო არ იცით? მე წმინდას გივარგის შევეხვეწები, რომ ხელი მოგიმართოსთ, ცხო რაი შემიძლიან?
- ქალაუ, შენა?
- ოღონდაც კი გირგოლას მომაშორეთ და თუნდა წყალში გადამაგდეთ.
- მაშ აგრე, ყველანი თანახმა ხართ?
- ყველანი, - იყო საერთო პასუხი.
- მაშ ეხლა თითო საყველაწმინდო შევსვათ და დავიძინოთ, თორემ აგერ ყირვანწვერზედ ინათა, და ჩვენ კი ჯერ არ გვძინებია.
კობა ჩაიყვანეს ქვეით სახლში, რომელშიაც დაუგეს რბილად თივა, გაუგდეს, გაამაგრეს კარის ურდული და იქ დააწვინეს, ჯღუნამ კი მიიხურა ნაბადი და იქვე კერას პირს გრძელს „შკამზედ“ მიწვა. ქალები მოუდგნენ ქურჭლის სუფთავებას და მეორე დღისთვის მზადებას, რადგანაც გათენდა და დაწოლის დრო აღარ იყო, თუმცა იმათი საქმე შეჰსწყდებოდა ხან გახარებულის ნუნუს, ხან იმისი მზრუნველი ნათლიის დაყვავებით, ალერსით და ღვთის ხვეწნით, რომ იმას ხელი მოემართა, და ხევური ჯვარ-ანგელოზნი დაჰხმარებოდნენ ამ ძნელს საქმეში.
მზე ჯერ კარგად არ ამოსულიყო, როდესაც ერთი მთიული14 ამოდიოდა ჯღუნას სოფელზედ და ჰკითხულობდა იმის სახლს. ამ მთიულს, როგორც ეტყობოდა, სოფელში არავინ იცნობდა და მასპინძელიც არა ჰყვანდა. სწორედ ამ მიზეზით, პირველი შემხვედრი მოხევე ჩვეულებისამებრ მიესალმა და დაელაპარაკა:
- მთიულო, გზა მშვიდობისა.
- მშვიდობა მოგცეს ლომისამ, შენი კვნესა-მე! - უპასუხა მთიულმა.
- მასპინძელი თუ არა გყავს, იარე ჩვენსა, - მიიპატიჟა მოხევემ.
- არა, შენი კვნესა-მე, მადლობელი ვარ: თოლიკაანთ ჯღუნაისას მივდივარ.
- თოლიკაანთ ჯღუნაი სოფლის თავსაა, შორია... იარე ჩვენსა.
- მადლობელი ვარ, შენი კვნესა-მე! იმისას საქმე მაქვს.
- ჯღუნას კაი ოჯახი აქვს, ღთის მადლმა, მაგრამ სტუმრისათვის მეც ვიშოვი ლუკმას.
ამ ლაპარაკში იყვნენ, როდესაც ჯღუნა ამდგარიყო და რაღაცა საქმისათვის ქვეით მოდიოდა. ამ ადგილს იმან სწორედ იმ დროს მიაღწივა, როდესაც მთიულს მოხევე ეპატიჟებოდა, და მთიული კი ჯღუნას სახლს ჰკითხულობდა. იმან ვერ იცნო მთიული და ამისათვის მოვიდა მოლაპარაკეებთან.
- დილა მშვიდობისა, სტუმარო! - მოუხადა იმან ქუდი.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა.
- რაი ამბავია, მახუტავ? - მიექცა მოხევეს.
- აი სტუმარს ვეპატიჟები და არ მიჯერებს, შენთან მოდის.
- სტუმარი ღთისაა, იარე, წავიდეთ! - მხიარულად წარმოსთქვა ჯღუნამ და მიუბრუნდა მახუტას: - ეგ რაღა იცი, ჩე! ცხოთა სტუმარი შენ უნდა მიიპატიჟო?
- ნუ გეწყინება, ჯღუნაისი, მე მეგონა მასპინძელი რა ჰყავს მეთქი...
- ვისის გორისა ხარ, სტუმარო? - ჰკითხა ჯღუნამ.
- ჯალაბაურიანთი, შენი კვნესა-მე.
- ჯალაბაურთ გორი მთაჩი განთქმულია! მადლი უფალს, რომ მეწვიე, ჩემი ბედშავი სახლი იკადრე.
- მაი, ჯღუნავ, შენც წამოდი, სტუმარიც წავიყვანოთ და ბატარაი ღთის სახელი ჩვენც ვახსენოთ, - დაიწყო ისევ მახუტამ.
- სახლი მეცა მაქვს, მახუტავ, ღთის მადლმა! თუ შენ წამოხვალ, ღმერთს არ მოეტყუების, მიამება.
რამდენიმე პატიჟის და ვაჭრობის შემდეგ, თუ სტუმარი ვის დარჩენოდა, ყველანი წავიდნენ ჯღუნასას, რომელსაც, მთის ჩვეულებისამებრ, დიდ სირცხვილად მიაჩნდა სტუმრის დათმობა და, თუ ერთხელ ნასტუმრები სხვისას მივიდოდა, მაშინ მიიპატიჟებდა იმას სახლში სადილად და საყვედურის ნიშნად ციკანს უკლავდა.
ისინი წავიდნენ ჯღუნასას, სადაც ჩვეულებისამებრ დასხდნენ ნადიმად. ჯღუნას კარგად ესმოდა, რომ, როდესაც უცნობი კაცი უცნობის სახლში მიდის, კითხვა-კითხვით დაეძებს ამ კაცის სადგურს, უეჭველია, საქმე უნდა ჰქონდეს რამე და გულით ჰსურდა შეეტყო ამ საქმის შინაარსი, მაგრამ მთის ხალხის ჩვეულება და ზრდილობა ნებას არ აძლევდა - დაეწყო ამაზედ ლაპარაკი, სანამ თვითონ სტუმარი არ დაიწყებდა და ის კი, როგორც ეტყობოდა, არა ჩქარობდა, თუ ერიდებოდა მეორე მოხევეს.
როდესაც პურის ჭამა გაათავეს, მახუტამ თავის მოვალეობად ჩასთვალა გამოსთხოვებოდა სტუმარ-მასპინძელს, რათა მარტონი დაეგდო ესენი და თავისის იქ ყოფნით არ დაეშალა მოლაპარაკება იმათთვის.
როდესაც ჯღუნა და მთიული მარტონი დარჩნენ, მასპინძელმა ჰკითხა:
- პურმარილი გავტეხეთ და სახელი კი არ ვიცი შენი, რა გქვიან?
- მე ეფხიაი მქვიან, შენი კვნესა-მე.
- ვაჟკაცს ვაჟკაცის სახელი ექნების! - შეაქო ჯღუნამ: - კაი გორისა ხარ, ღთის მადლმა, და კაი სახელიცა გქონია.
- ვაჟკაცობისა კი რაი გითხრა და მტერს კი არ შევუშინდები, ლომისის მადლმა! - ამაყად უპასუხა მთიულმა და დაუმატა:
- ჯღუნავ! შენი სახელი განთქმულია ჩვენს მხარეს... შენი ტყვია ნიშანს არ ასცდების, შენი სტუმარი არავისგან დაიჩაგრების, შენგან ღალატი არ იქნების... საქმედ მოვსულვარ შენთან, თუ ვერ გამიტან, მითხარ და გაგშორდები.
- მეზობელს საით ეღალატების? მეზობლის მოღალატე ღთის მოღალატეა... მითხარ, რაი გაქვს სათქმელი და, წმინდის გივარგის მადლმა, სტუმრისთვის თავს გადავდებ.
- იაგო დასჭრეს, მოკლეს, თუ რაი მოუვიდა? შენ მონადირე ხარ, სულ მუდამ მთაჩი დადიხარ და გეცოდინების, - პირდაპირ დაიწყო ეფხიამ და მიაპყრო თვალები.
- რას იცნობ იაგოს, რად გინდა ისა?
- ჩემი ძმადნაფიცია ისიცა და კობაც, უიმათოდ გულმა ვეღარ გასძლო, წამოველ: თუ ცოცხლები არიან, იმათთან ვიცოცხლო, და თუ მომიკლეს, იმათი სისხლი ავიღო.. შენ მოკეთე ხარ იაგოსი - ხელი უნდა მომიმართო.
მოხევე ჩაფიქრდა რამდენიმე ხანს.
- ეფხიაუ! ღთის მადლმა, კარგი ვოჟი ხარ და კარგი გორისა! მაგრამ დროება გამოიცვალა და, ნუ გეწყინების, თუ სიტყვას გიბრუნებ. უწინდელი დრო რომ ყოფილიყო, პირდაპირ გიპასუხებდი, არ დაგეკითხებოდი, მაგრამ ახლა დროება გამოიცვალა, ხალხი გაირყვნა, ძმა ძმას ვეღარ ენდობის, მოყვარე - მოყვარესა... ნუ გეწყინების და თუ მატყუვებ, იაგოს სამტროდ გინდა ჩემი გამოცდა, პურ-მარლი გიჭამია ჩემს სახლში, მაი, მომშორდი!.. ნუ ჰგმობ!
- აბაიმე! მაგას რას მეუბნები?.. მე ჯალაბაურიანთ გორისა ვარ, ჩემი გორის კაცს ენაც ერთი აქვს და გულიც. ლომისის მადლმა, ქვეყანა გაირყვნა, მაგრამ ჩემი გორის კაცებს კიდევ იმდენად შერჩათ გულიც და ნამუსიცა, რომ მტერს პირდაპირ უმტრონ და მოკეთეს პირდაპირ უერთგულონ, ლომისა იყოს შენი თავდები... მითხარ, თუ იცი რამე.
ჯღუნამ კიდევ ბოდიში მოიხადა სიფრთხილისთვის და ბოლოს, დაწვრილებით უამბო იაგოს და ნუნუს ამბავი, კობას აქ ყოფნა, და ამან ისე იმოქმედა ეფხიაზედ, რომ იმის ვაჟკაცურს პირისახეს ბავშვური სიხარული დაეტყო.
- მადლი ლომისას, რომ აგრე გადარჩენილან! - წამოიძახა მთიულმა და ქუდის მოხდით პირჯვარი გადაიწერა.
- სადაა კობა, მიჩვენე ჩქარა!..
- ქვეითა სძინავს, იქა მყავს დამალული... კარგა ხანია, რაც სძინავს, ახლა გამოღვიძებაც შეიძლების, - უპასუხა ჯღუნამ და დაუძახა თავის დედაკაცს, რომელსაც უთხრა:
- ჩადი, კობაი გააღვიძე, უთხარ ეფხიაი არის აქა, - შენი ნახვაი უნდა-თქო... აქ კი ნუ ამოვა, ჩვენ ჩავალთ იმასთან.
დედაკაცი მაშინვე გაბრუნდა, ცოტა ხანს შემდეგ კაცებიც ადგნენ და სამყოფო სახლში ერდოდ ამოჭრილი ნახვრეტიდგან, რომელსაც უბრალო კიბე ჰქონდა მოდგმული, ჩავიდნენ კობასთან.
საზოგადოდ იმ მხრის მთის ხალხის ზენა სახლი ბნელია, თუმცა უმრავლესი ერდოები, კვამლის გასასვლელად ამოჭრილი, ჭერში რამოდენსამე შუქს უშვებს და ქვენა სახლი, რომლის ერდოც ამ ზენა ბნელს სახლში ამოდის და არავითარს შუქს არ აძლევს, - წარმოიდგინეთ, - რაი იქნებოდა?
ამ ქვენა სახლში, საზოგადოდ, ზამთარში საქონელს აყენებენ და, რასაკვირველია, იქაური ყინვების შიშით, დასათბუნებლად რაც შეიძლება ცოტა სარკმელები აქვს და ისიც მუდამ დახურული, ამოჭედილი.
აი, ამგვარს სახლში ჩავიდნენ ჯღუნა და ეფხია, რომელთაც რამოდენიმე ხანი მოუნდათ შედგომა, სანამ სიბნელეს თვალს შეაჩვევდნენ. ჯღუნა, როგორც სახლის პატრონი და შეჩვეული თავის სახლს, გაჭედილს ბაგებით, პალოებით და კირკლებით, მიუძღვებოდა წინ, უკან სიფრთხილით მისდევდა ეფხია, რომელსაც ეშინოდა ფეხი არაფრისთვის წამოედო.
- ეფხიავ! მოხველ მშვიდობით! - ერთბაშად გადაეხვია მთიულს კობა, რომელიც ბნელაში ვერ დაინახა ეფხიამ.
- კობავ! შენი კვნესა-მე!.. - მოეხვია ისიც.
ორნივ მეგობარნი შეიყარნენ ისეთის სიხარულით, ისეთის სიამოვნებით, როგორც ნამდვილი ძმანი.
პირველი სიხარულისა და ერთმანეთის წარსულზედ კითხვის შემდეგ, ეფხიამ უამბო თავისი სურვილი იმათთან შეერთებისა, რადგანაც იმან ვერ გაუძლო ამდენს უსამართლობას და ყველა ძაღლის ბატონობას.
- შემომაკვდების ვინმე, შენი კვნესა-მე, შემომაკვდების, - გაათავა იმან თავისი ამბავი: - ეხლა ვაჟნი ისინი არიან, შენი კვნესა-მე, ვინც მოძმეთ გამყიდავია, მოღალატეა, ვინც მეზობლებზედ მთხრობლად გამოდის, იმათა აქვსთ ძალა, ისინი არიან ბატონები! რაიც უნდათ, იმას სჩადიან... ლომისის მადლმა, მე იმათთან ვერ გავძლებ!
- ნუ, ეფხიაისი, ნუ! რაისთვი უნდა მოიშალო სახლ-კარი? ჩვენ თავზედ ხელაღებულები ვართ, ჩვენ რას გვიყურებ? დავრჩებით - ცხვრის ტყავი ვართ, გავწყდებით - თხისა.
- სახლს რაღა მოშლა უნდა, შენი კვნესა-მე? მოშლილია და მოშლილი! სირცხვილი აღარსად და სამართალი! არა, კობავ, შენი კვნესა-მე, გული ვეღარა სძლებს, შემომაკვდების ვინმე და ძნელია.
ბევრი ლაპარაკის შემდეგ იმათ გარდასწყვიტეს, რომ საღამოზედ კობა და ეფხია წავლენ არწიაში და ჯღუნა კი, რაწამს მოამზადებდა ტროიკას, ნუნუს წაიყვანს ძაუგს თავის მამასთან. საღამომდინ კობა მაინც ფარულად უნდა ყოფილიყო, და მთიულს კი მიზეზი არა ჰქონდა მალვისა, რადგანაც იმას არავინ ეძებდა და ამისი მოხევეებისას სტუმრობა კი ჩვეულებრივი იყო. თუ, ვინიცობაა, პკითხავდა ვინმე მისვლის მიზეზს, ის ეტყოდა, რომ იმას მწყემსად დადგომა უნდოდა.
თუმცა ეს ყველა მოხერხებით იყო შეთხზული და მთიულს ვერვინ გამოეკიდებოდა, მაგრამ ეფხიამ კობასთან დარჩენა ირჩია, რადგანაც დიდი-ხნის უნახავი იყო და კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი.
ჯღუნა გამოვიდა გარეთ, ჩავიდა დუქნის კარში, სადაც ბ-ნი ნაჩალნიკი და ბ-ნი დიამბეგი ბრძანდებოდნენ და ხალხი ჰყვანდათ შემოხვეული გარს.
ჯღუნა მივიდა ახლოს და გაიგო, რომ მილიციას ამზადებენ ჩეჩნელებთან საომრად და ამ ხალხს ჰპირდებიან ყოველგვარს წყალობას ურჯულოებთან ბრძოლისთვის, რომლისთვისაც ჯილდოს მიიღებენ ჯერ ხემწიფე იმპერატორისაგან და მერმე ზეციურს - სარწმუნოების დაცვისათვის.
ხალხი ჩუმად იდგა და ყურს უგდებდა მოსაუბრეთა ენა-მჭევრობას; იმათ შორის ბევრი ისეთი ხალხი იყო, რომელთაც ენახათ ჩეჩენი, მისი მდებარეობა, გაუსვლელი ხელუხლები ტყეები და კარგად ესმოდათ, რა ძნელს საქმეზედაც გზავნიდნენ იმათ.
ბოლოს ერთმა მოიხადა ქუდი, წადგა წინ და დაიწყო ასე:
- ჩვენ ვიცით, შენი ჭირიმე, ბატონო! ხემწიფეს სამსახური უნდა... ჩვენ ყინვასა და სიცივეში, - როდესაც ბუქი და ქარიშხალი ყოველ წუთს გვექადის ჩაგვჩუმქროს, როდესაც ყოველ წუთს გადმოწოლილი თოვლები გვექადის თავზედ დაგვექცეს, - გავდივართ გზების საკეთებლად ჯარებისთვის... მარხილებით და ზურგით ამ გაჭირვებაში მთაზედ გადაგვაქვს იმათი ბარგი და საომარი იარაღი; ვეზიდებით შეშას, თივას და ხორაგს... ყველა ამას სიხარულით ვასრულებთ იმად, რომ ხემწიფეს სამსახური უნდა... უწინ ჩვენ ამდენი არ გვეხდევინებოდა, მაგრამ არ ვჩივით, თუ კი სამსახური შეგვიძლიან, ხემწიფის ჭირის ნაცვალი იყოს ჩვენი თავი... მაგრამ ჩეჩნელებთან საომრად ნუ გაგვგზავნით. ჩვენ მეზობლები ვართ ქისტების სოფლებთან, ერთმანეთში მოყვრობა გვაქვს, მტრებად ნუ გადაგვკიდებთ, თორემ, ღთის მადლმა, ერთმანეთს დავლევთ.
- ხემწიფის მოწინააღმდეგენი თქვენი მტრები უნდა იყვნენ. თქვენ უნდა წახვიდეთ საომრად, რადგანაც მთავარმართებელი ბრძანებს.
- წასვლით წავალთ, მეტი რაი დღე გვაქვს, შენი ჭირიმე, მაგრამ ჩვენთვის ყველაზედ ძნელია იმათთან ჩხუბის აშლა. ღმერთს არ მოეტყუება, მტრისა არ გვეშინიან, არც სიკვდილს გავექცევით, მაგრამ ისინი არ არიან ჩვენი მტრები.
ამ ლაპარაკის შედეგი ის იყო, რომ ნება-უნებურად უნდა მოგროვილიყო მთის მილიცია, ჩამოეტანათ თავიანთი წმინდა დროშები და რამდენიმე დღის შემდეგ, მთის მებატონის გოშპარაშვილის წინამძღოლობით, წასულიყვნენ დარღოსკენ, სადაც აგროვებდნენ დიდს ჯარებს და ერთის ძლიერის იერიშით შამილის გატეხას და ჩეჩნის დაპყრობას აპირობდნენ. იმაზედ, თუ რამდენად გაუმართლდათ ეს იმედი, ჩვენ ქვევით გვექნება უფრო ვრცლად ნათქვამი და ამისთვის აქ მეტს აღარას ვამბობთ, გარდა იმ სიხარულისა, რომელიც აღუძრა გულში ამ ამბავმა მებატონეთ, კეთილშობილობას.
გოშპარაშვილის გარდა კიდევ მრავალი ხალხი გროვდებოდა, თავადი თუ აზნაური, ამ ბრძოლისთვის და იმედი ჰქონდათ, რომ იაფად დაუჯდებოდათ ჩინები, რომელსაც ისეთი პატივი დაედო თავადი ვარანცოვის მმართველობის დროს; ამან შეაჩვია ევროპიულს განაზებულს დროსგატარებას ჩვენი მებატონეები და აღუძრა სურვილი იმოდენი საშუალების მოპოებისა, რომ შესძლებოდათ მთავარმმართებლის ბალებზედ სიარული და თავიანთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამისთვის კი, პრიკაზის შემდეგ, ყველაზედ უადვილესად დაინახეს სამსახურით და ჩინებით სიმდიდრის მოპოება. იმიტომაც გარბოდნენ ისეთი სიხარულით.
რამდენიმე ყმაწვილი კაცი შეყრილიყო გოშპარაშვილთან, სადაც საერთო სიხარულს ეძლეოდნენ ჯარში წასვლის გამო. იქ ცოტანი იყვნენ ისეთნი, რომელნიც საფუძვლიანად დაჰკვირებოდნენ თავიანთ საქმეს, რადგანაც იმათ მიზნად გაჰხდომოდათ მარტო ბრძოლა, თავის გამოცდა, ჩინი, პატივი და განსვენება. მხიარულებას ბოლო აღარა ჰქონდა და, ხალხის აზრს, მოთხოვნილებას განშორებულნი, დასხდომილიყვნენ ნადიმად, რომლის დროსაც მრავალჟამიერს შესცვლიდა აზარფეშა, ანუ მცვრიანი ჯიხვის მწვადი, ნათავაზები იქვე მოქეიფე მეზობლისაგან.
ესენი ამ ნადიმსა და ლხინში იყვნენ, როდესაც კობა და მთიული გამოესალმნენ მასპინძლებს და მიიპარებოდნენ ყუროს მთისაკენ; ისინი ისე ავიდნენ წვერზედ, ჩავიდნენ იმ ადგილს, სადაც მოკლული ჯიხვი დაეგდოთ კობას და ჯღუნას, რომ არავის შეხვედრიან. აქ ცოტა შეისვენეს, გაწვნენ ბალახზედ, რათა დაღალულს სხეულს ძალა მოეკრიბა. ამის შემდეგ ეფხიამ წამოიკიდა ნადირი და გასწიეს.
ისინი დაადგნენ გვირგალას იქით ბილიკს, რომელიც მიდიოდა მდინარე ხდის პირობაზედ; გავიდნენ ჩხატისთავთან და ის იყო უნდა გასულიყვნენ სამშვიდობოს, როდესაც გვერდიდგან ხმაურობა მოესმათ და აშკარად გაიგონეს რუსული ლაპარაკი.
- ვინ მოდის? - დაუყვირეს მიმავლებს.
მგზავრებმა ნახეს, რომ იქ გზა შეკრული ყოფილიყო რუსის ყაზახებისაგან და გამობრუნება კი აღარ მოხერხდებოდა; ამისთვის ისინი გადახტნენ გვერდზედ და მოეფარნენ იქვე აყუდებულს კლდეს.
- ვინა ხართ? - კიდევ მოესმათ იმათ.
- ჩვენა ვართ და აბა დედა შეირთეთ ცოლად, თუ თქვენი კაცობა არა სცადოთ! - ამაყად უპასუხა კობამ.
ამ სიტყვებზედ გავარდა რამდენიმე თოფი და ტყვიებმა ხრიალი მიიტანეს კლდეზედ, რომელსაც კობა და იმის ამხანაგი მოჰფარებოდნენ.
- აბა, თუ ხლაზეა, ახლა ჩვენ გვიყურეთ, - დასძახა მთიულმა, რომელიც გადაწვა კლდეზე და კარგა-ხანს ნიშანში იღებდა ვიღასაც, მაგრამ, რადგანაც ყაზახებსაც თავიანთი საფარი ჰქონდათ და ისინიც იმის იქით იმალებოდნენ, ეფხია ელოდა, რომ ამოჩენილიყო ვინმე.
- კობავ, მაი, ნადირი წამოიკიდე და დაადეგ მაგ ბილიკს, სანამ მე ამ ძაღლებს დავიმაგრებ.
კობამ აღარ გაამეორებინა სიტყვა, წამოიკიდა ჯიხვი და გასწია დასახელებულს ბილიკზედ, რომელსაც უჩვევი კაცისთვის გზის კვალიც არ ეტყობოდა. იმ ადგილში, თითქოს განგებ, სწორედ ჩამოჭრილს კლდეზედ, აქა-იქ გამოშვერილიყო ქვები; რომელიც გადაჰყურებდა უფსკრულს.
ამაზედ უნდა გასულიყო კობა, მიეღწივა სამშვიდობოს და იქ კი უშიშრად შეეძლო დასვენება, რადგანაც ეს ადგილი უფრო მაღლობზედ იყო, სანამ ის, რომელზედაც იმის ამხანაგი მთიული და ყაზახები იდგნენ. აქედგან იმას შეეძლო თავისუფლად მიშველება თავის ამხანაგისა ამ ეშმაკურს გზაზედ გამოსვლის დროს.
კობამ დააგდო ნადირი, ამოირჩივა საუკეთესო ადგილი და თოფმომარჯვებული გადმოეყუდა კლდესა სწორედ იმ დროს, როდესაც ერთმა ყაზახმა საფრიდან თავი ამოჰყო დასათვალიერებლად. იმავ წუთს გავარდა ეფხიას თოფი, ყაზახი, თითქოს ინსტინკტიურად შეხტა, უცნაურად აიქნია ხელები, შორს გადასტყორცნა თოფი და თითონაც რახრახით და ტრიალით გადავარდა კლდეზედ. მთიული კი წამოხტა, და გაიქცა კობასაკენ, რომელიც გატაცებით უყურებდა იმის მარჯვედ ხტომას გამოშვერილს კლდეებზედ.
ყაზახებმა შიშით თავი ვეღარ გამოჰყვეს, და ეფხიამ კი მიაღწივა თავის მეგობარს, რომელმაც სიხარულით მიულოცა გამარჯვება. იქ ისინი უშიშარს ალაგს იყვნენ, რადგანაც ერთკენ გამოუსვლელი კლდეები ჰქონდათ და თავს ვერ მოუვლიდნენ და იმ გზაზედ, რომელზედაც ეს ორი თავზე ხელაღებული კაცები გავიდნენ, რუსის ყაზახები ვერ შეჰბედავდნენ გასვლას და, თუნდაც შეებედნათ, თითო-თითოს მეტი ვერ დაეტეოდა და გაქცეულების მარჯვე სროლა კი უეჭველად ბოლოს მოუღებდა იმგვარს თავხედს; ისინი მით უფრო თავისუფლად მიეცნენ განსვენებას, რომ მთელი ასასვლელი გზა, როგორც ხელის გულზედ, ისე უჩნდათ.
ყაზახებმა უკეთესად დაინახეს - გორაკების მოფარებით და მალვით მოსცილებოდნენ მარჯვე მსროლელებს.
ეფხიამ და კობამ კარგა-ხანს დაისვენეს, ამოიღეს გუდიდგან საგზალი და პურის საჭმელად დასხდნენ; ისინი იცინოდნენ უხეირო რუსზედ, რომელიც ისე მასხარად „გადაკოტრიალდა“ კლდეზედ.
როდესაც იმათ საკმაოდ დაისვენეს, ისინი წამოდგნენ, გასწივეს თავიანთ გზაზედ და სადილობისას გავიდნენ არწიაში, სადაც იაგო გულის ჰლევით მოელოდა კობას მოსვლას.
იაგო დერეფანზედ იჯდა, როდესაც პატარა ბალღმა მიირბინა და დაუძახა:
- იაგო, იაგო! კობა მოდის, კობა!.. კიდევ სხვა სტუმარიც მოჰყავს თან.
- სად არის, სადა? - აჩქარებით და ადგომით ჰკითხა იაგომ.
- ა-იქ, გაიშვირა ხელი პატარა ბიჭმა: - მთაზედ ამოდიან, ეხლა წყაროსთან იქნებიან... ისეთი დიდი ჯიხვი მოაქვსთ, ე-ემოდენა რქები აქვს... თვალები კი დაუხუჭავს... - ტიტინებდა პატარა.
იაგო წამოდგა, ჯოხზედ დაბჯენით ჩავიდა კიბეზედ და უთხრა პატარა ბიჭს:
- სულთი, გამიძეღ წინ, მიჩვენე სად მოდიან?
- აი, წავიდეთ, წავიდეთ, - ხტომით მირბოდა ბიჭი და წამდაუწუმ შესდგებოდა, რომ უკან დარჩენილის იაგოსთვის მოეცადნა და ეთქვა რამე.
ამ დროს გორის თავზედ ამოჩნდნენ მომავალნი და, რამდენადაც უახლოვდებოდნენ იაგოს, ამას გული იმდენად მეტად უძგერდა.
რას ეტყვიან? რას შეატყობინებენ თავის ნუნუზედ, თავის „გულის-ყველაზედ“?
მართლაც, ცოტა საფიქრი არ იყო, რადგანაც ისეთს არეულობაში დაჰკარგა ძლივს შეხვედრილი „საყორელი“, რომელთანაც ბედი თითქოს იმისთვის აახლოვებდა იმას, რათა მერმე მომეტებულად ეგრძნობინებინა დაშორების ძალა.
იაგოს ეგონა, რომ იმის მეგობრები განგებ გვიანობენ, განგებ ნელა მოდიან, რომ უფრო მეტად დასტანჯონ მოლოდინით, მაშინ, როდესაც იმათ ჩქარის სიარულით ხვირთქლი გადასდენოდათ სახეზედ. ბოლოს ისინი მოვიდნენ იაგოსთან, რომელმაც სიხარულით აღარ იცოდა, რა უნდა ექნა, და ისე იამა ეფხიას მოსვლა, რომ აღარ იცოდა რა ექნა, რა ეკითხა!
აქვე გამოვიდა ფარჩო მოღიმარის სახით და სტუმრებს მშვიდობა უთხრა.
როდესაც ყველანი დალაგდნენ, კობამ და ეფხიამ უამბეს ნუნუს ამბავი და იმის ძაუგისაკენ გამგზავრება, საიდგანაც, იმათი სიტყვით, ისე უადვილდებოდათ ამ ქალის გატაცება.
ექიმი, რომელიც მოვიდა იაგოს ჭრილობის შესახვევად, არწმუნებდა, რომ ორ კვირაზედ იაგო სრულიად განთავისუფლდებოდა და ოთხ-კუთხივ გზა ჰქონდა გახსნილი, და ამ დღეს კი ძმადნაფიცნი მოუთმენლად მოელოდნენ, რადგანაც ჩეჩნიდგან ხმა მოდიოდა, რომ შამილი დიდს ჯარებს ამზადებს და დიდს ომებს მოელის, სადაც „დედალ-მამლობა“ უნდა გამოჩენილიყო.
ესენი ამ მოლოდინში იყვნენ, როდესაც რუსის სარდლები მართლა დიდს ჯარებს აგროვებდნენ და, თვით ვარანცოვის იქ დასწრებით, ერთბაშად თავს დასხმას უპირობდნენ ჩეჩნელებს.
ამათ ისე ჰქონდათ მოანგარიშებული, რომ რამდენიმე სიმაგრის აღება საკმარისი იქნებოდა ჩეჩნელთ დასამორჩილებლად და „რკინის კაცის“, შამილის, მოსახრელად.
ბევრნი ძალიან ადვილად უყურებდნენ ამ საქმეს, და პეტერბურგშიაც იქამდინ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შამილის დამორჩილება ერთის ძლიერის იერიშით შეიძლებოდა, რომ იქ ყველასათვის გარდაწყვეტილი იყო ამ ქვეყნის ჩქარა და სამუდამოდ დაპყრობა. ავიწყდებოდათ მხოლოდ ერთი, რომ საქმე უნდა ჰქონოდათ მამულის მოსიყვარულე გმირებთან, რომელთაც თავი გამოეჩინათ ვაჟკაცობით და სიგულადით, რომელნიც ისე აფასებდნენ თავისუფლებას.
რუსეთი გაიზარდა, გაიწია განზედ, ის ვეღარ მოთავსდა თავის კალაპოტში და მიეშურებოდა სამხრეთისაკენ და, რაც კი გზაზედ ჰხვდებოდა, უნდოდა დაემორჩილებინა, დაეპყრო. ჩეჩნელები გზაში ეჩხირებოდნენ ამ მდინარებას, და ეს იყო პირველი მიზეზი შეტაკებისა.
იმდროინდელი რუსის პოლიტიკა არ იყო მიმართული მშვიდობიანს მორიგებაზედ, რომელიც ისე ადვილი იყო გონიერს და მიწის მუშა ჩეჩნელებთან. უცნობლობის გამო, მთელს რუსეთს ეს ხალხი გარეგან, ველურ ხალხად მიაჩნდა და ამისთვის ეგონათ, რომ თუ არ ბრძოლა, სხვა არავითარი მორიგება არ გამოდგებოდა იმათთან.
ამასთანავე თავიანთი ხალხის სიმრავლე რუსებს ნებას აძლევდა თავაწყვეტით ეძახათ: „ქუდებით ამოვჟლეტავთ!“ და დიდი თუ პატარა დაუფიქრებლად გაიძახოდა: „წავიდეთ, წავიდეთ იერიშით!“
რადგანაც ეს ბრძოლა ხალხის სიმრავლეზედ იყო დაფუძნებული, ამისთვის სცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა, ადგილობრივაც მეტი ხალხი მოეგროვებინათ და ესარგებლათ იმ რუსის ჯარებითაც, რომელნიც ოსმალეთიდგან დაბრუნებულიყვნენ და ამ ჟამად კავკასიაში იმყოფებოდნენ.
ესენი ამ მზადებაში იყვნენ, მაგრამ არც შამილი ჰკარგავდა უბრალოდ დროს: ის მთელს დაღესტანში და ჩეჩენში აგროვებდა ხალხს, ამაგრებდა ციხეებს და აქეზებდა ხალხს, რომელსაც აგონებდა იმ უსამართლოებაზედ, რაც არა ერთხელ გამოეცადათ გიაურებისაგან ჩეჩნელებს.
სოფლებს და ხალხს, რომელთაც კი მიჰკარებოდა მაშინდელი რუსის აფიცრობა, რომელთ მომეტებული ნაწილი კანტონისტებისაგან იყო შემდგარი, რომელთათვისაც არა ერთხელ ერტყათ კბილებსა და ცხვირ-პირში, და ახლა რიგი იმათ ჰრგებოდათ და ყველა შემხვდარზედ ესენიც, უზნეონი, ყოველს უსამართლობას ჩაიდენდნენ, - ეს უფრო აჯავრებდა, უფრო გულს უდუღებდა და უფრო უღვიძებდა გადახდის სურვილს.
ყოველ ნაბიჯზედ ხედავდით გადაბუგვილს სოფლებს, დამზადებულს თივას და სიმინდს, რომლის ალიც ზეცას სწვდებოდა. თუ სიმინდი შემოსული და მოჭრილი არ იყო, ხმლითა და ცელებით სთიბავდნენ, ცხენებს აქელინებდნენ ფეხ-ქვეშ15 და დამშეული მემამულენი, მოკლებულნი ყოველ სავანეს, გულ-ადუღებულნი ფიცით მიდიოდნენ მთაში, რომ გადაეხადათ მტარვალებისთვის ეს უსამართლოება, ეს უკაცური საქციელი... ან რაღა რჩებოდათ ომის მეტი, როდესაც უსაჭმლოდ დარჩენილი საქონელი უწყალოდ ბღაოდა და ულუკმოდ დარჩენილი ბალღები მწარედ შესწიოდნენ!
შამილი, როგორც ჭკვიანი კაცი, ყველა ამ მდგომარეობით სარგებლობდა და ხალხს გულში თავგანწირულს მტრობას უღვიძებდა. ხალხი კი შამილს უყურებდა, როგორც ქომაგს, მოსარჩლეს და თავდადებით იბრძოდა იმის სიტყვით და სამშობლოს დასაცველად.
შამილს ძალიან კარგად ესმოდა, რომ ის მარტო ჩეჩნელებით და ლეკებით ვერას გახდებოდა-რა და ყოველი ღონისძიებით ცდილობდა სხვა ერობის ხალხიც მიემხრო, მაგრამ ვაგლახად ჰხედავდა, რომ იმათში ბატონყმობას ფესვი გაედგა და ბატონებს კი თავიანთი სიმდიდრისთვის და მოსვენებისთვის თავს შემოევლოთ საქვეყნო საქმე. ამ მთის კაცმა, გაუნათლებელმა, დაინახა, რომ საჭირო იყო, როგორც ჩეჩნელთ არ ჰქონდათ ჩვეულებად ბატონყმობა და ყველანი თანასწორად ითვლებოდნენ, ისე სხვაგანაც ეს წესები ჩამოეგდო და გაესწორებინა ხალხი, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ აღსრულებაში არ მოაყვანინა ეს აზრი.
აგრეთვე შამილი გულის ხეთქით და კვნესით უყურებდა რუსებისაგან ქართველების მიზიდვას, რომლებთანაც იმას სულით და გულით დაახლოვება, შეერთება უნდოდა და ამ აზრით ამაოდ გზავნიდა კაცებს მთებში. თითონ განთქმული ყაზი-მულაც კი რამდენჯერმე განგებ ამ აზრით ჩაუვარდა რუსებს ხელში, მაგრამ, რა ნახა ქართველთ მიმართულება, იმედ-გარდაწყვეტილი ისევ შინ, მთებში გაიქცა, რომ ხელი მიეყო იარაღისთვის და მტერს მედგრად დასცემოდა ხან აქა და ხან იქ.
1845-ში ორივე მხარე, რუსებისა და ჩეჩნელებისა, ამ მზადებაში იყვნენ, ორივე მხარე იგონებდა სხვადასხვა საშუალებას, რომ გამარჯვება იმას დარჩენოდა, და რაც კი შეიძლებოდა, მომეტებული მტერი გაეჟლიტა.
შამილს უნდოდა ვარანცოვი თავისის ჯარით იჩქერის ტყეში შეეტყუებინა, სწორედ იმ ტყეში, სადაც ისე დაამარცხა ამ რამდენიმე წლის წინათ ღენერალი გრაბე, და რუსები კი ემზადებოდნენ, რომ ეს ტყე გაევლოთ თავიდგან ბოლომდინ და თავის იარაღისთვის დაემორჩილებინათ.
იაგო მორჩა და სრულიად განთავისუფლდა თავის ჭრილობისაგან. ის თავის ამხანაგებით დღე-დღეზედ ემზადებოდა თავის გალაშკაში გასვლას, საიდგანაც უნდა შეერთებოდა შამილის ერთ-ერთს ჯარის ნაწილს და ებრძოლა ამ ხალხთან ერთად, რომელთაც მიიღეს და შეითვისეს.
ერთს დღეს სასტუმროში შემოვიდა ფარჩო და პირველის სალამის შემდეგ უთხრა:
- სტუმრებო, ჯარიახს ხატობაა, მე იქ უნდა წავიდე სალოცავად, თქვენ კი არ წამოხვალთ?
- რაისთვი არა, წამოვალთ, - უპასუხა კობამ ამხანაგების მაგიერადაც.
- იქ კაი დღეობა იცის, ახლო-მახლო სოფლის ქალები სულ იქ იქნებიან; ლხინი, თამაშობა იქნება.
- წავიდეთ, წავიდეთ, - დაუმატა იაგომ, რომელსაც უხაროდა, რომ გულს რითიმე გაირთობდა.
ამ დროს პატარა ბიჭმა შემოიტანა რგვალი „სიფრო“, რომელზედაც ელაგა მოხარშული ხორცი, ერბო-კვერცხი, ყველი და გარს მოწყობილი მჭადი.
იმათ ისამხრეს და მოემზადნენ ჯარიახის ხეობაში წასასვლელად, სადაც მაჰმადიანთ უნდა ედღესასწაულნათ წმინდა გიორგის დღესასწაული. ოდესმე ამ ხალხს, მართლმადიდებელს ქრისტიანებს, აეშენებინათ იქ საყდარი და ესრულებინათ მართლმადიდებელთ წესი, მაგრამ ჟამთა-ვითარებამ შესცვალა სარწმუნოება და მთელი ქრისტიანების სოფლები რუსების ხელშიაც კი მაჰმადიანები ხდებოდნენ16.
მთელი სოფელი მოძრაობაში იყო. ყოველ ადგილას ბღაოდა საკლავები, ჩამოყვანილი მთებიდგან; აქა-იქ დარბოდნენ პატარა ბიჭები; დედაკაცები ალაგებდნენ ქიშელებში (ტყავის ტომარა) ქადებს, ხმიადებს, ხაჭაპურებს და სხვა ხორაგს; კაცები ავსებდნენ ლუდით და შინაურის არყით ტიკებს და ჰკიდებდნენ ჯორებს, რომლებიც ისე მარდად დადიან მთებში; ყმაწვილი გასათხოვარი ქალები კი მორთულ-მოკაზმულნი დარბოდნენ ერთის მეზობლიდგან მეორესთან და თავიანთ მეგობრებთან ერთად ყოფნის პირობას სდებდნენ; ყმაწვილი ბიჭები გამოსულიყვნენ და საწყაოს ზომავდნენ თოფზედ, რადგანაც იცოდნენ, რომ იქ უეჭველად ნიშანში სროლა, - აუცილებელი დროს გატარება ამ შემთხვევაში, - გაიმართება და არწიელები კი შინ შერცხვენილნი არას დროს არ დაბრუნებულან.
მთიელ ქართველებსაც გაეყარათ17 თავიანთი თოფები და ისე გაეწმინდათ, რომ მზეზედ სარკესავით ლაპლაპებდნენ და ადამიანის სახეს აჩენდნენ.
იმათთვის რომ შეგეხედნათ, უფრო სალაშქრო სამზადისში იყვნენ, სანამ ხატობად მიმავალნი. მაგრამ ხატობა და დროსგატარება მთაში არის საომარი ვარჯიშობა და მომზადება ბრძოლისთვის. აქ ეჩვევიან სროლას, სირბილს, ცხენით და იარაღით აქა სცდიან ერთმანეთის ვაჟკაცობას და ხმარებას, ამის შემდეგ გადიან მტერზედ. სწორედ ეს მიზეზია, რომ ისინი გამოდიან საომრად მოწყობილნი, გამართულნი და მომზადებულნი, შეჩვეულნი იარაღის ხმარებას და მომზადებულნი ამ შემთხვევისთვის.
ამისთვისაც იბრძოდნენ თავგადადებით და გასაოცარის გამოცდილებით ისინი, ვინც ისე აგრძნობინა რუსებს ბრძოლის დროს.
ცხვრები შეაერთეს, მიუყენეს რამდენიმე საერთო მწყემსი და გაგზავნეს; ხალხიც დაიძრა და ჯგუფ-ჯგუფად, გვარეულობად დაიყო. ყმაწვილი ქალები, მორთულნი სხვადასხვა ფერის მხიარულის ტანისამოსით, გავიდნენ წინ და მაღალის ხმით დაიწყეს გმირული საომარი სიმღერა. ყმაწვილი კაცები, რომელნიც გვერდს მისდევდნენ ყიჟინით, ჭყივილით და თოფისა და დამბაჩის სროლით, ინთებოდნენ თვალჟუჟუნა მომღერალთ სიტყვებით და ესენი კი აქეზებდნენ ამათ მტრებზედ; ცამდინ აჰყავდათ გულადნი, თავგადადებულნი ვაჟკაცნი, მაშინ, როდესაც მასხარად იგდებდნენ მშიშარებს და ლაჩრებს.
ძნელად დარჩებოდა ისეთი ყმაწვილი ბიჭი, თუ გინდ ის ბუნებით მშიშარაც ყოფილიყო, რომ არ აენთო ბრძოლის სურვილი მასში ამ ქალების სიტყვებს, წამლის სუნს და თოფების გრიალს, რომელსაც ბანსავით ყიჟინა და ჭყივილი უერთდებოდა.
აქვე მისდევდნენ მთიელი ქართველები და ყურს უგდებდნენ გულშემტაცებელს ხმას. ვერ მოასწრობდა ერთი ჯგუფი სიმღერის გათავებას, რაწამს მეორე ჯგუფი დაიწყებდა, მერმე მოჰყვებოდა მესამე, მეოთხე - და ამგვარად მიდიოდნენ ეს ნეტარ-სანახი ხალხი, რომელთ დღეგრძელობა და ერთობა შემდეგში ისე უღმერთოდ დაამქრივა შეუბრალებელმა უგულო ძალამ.
შემობინდდა, როდესაც იმათ მიაღწივეს ერთს ველიანს გორას, რომელზედაც ოდესმე ბრწყინავდა მშვენიერი ეკლესია; ეხლა ნანგრევი, უპატრონო, გაოხრებული, ათას ადგილს დაბზარულის კედლებით მწარედ გულს უთუთქავდა მნახველს. აშკარად ეტყობოდა, რომ აქ როდესღაც სდუღდა ქრისტიანობა, გაბრწყინვებული ამ სარწმუნოების მართლმოსამსახურეთაგან, რომელნიც არაფერს იშურვებდნენ სახარების სიტყვის გასავრცელებლად, და ეხლა წარმოადგენდა დაკარგულს წარსულს.
საყდრის წინ დაცემული მოედანი სწორედ საჯირითოდ იყო მოწყობილი. მშვენიერი წყარო, ცივი როგორც ყინული და წმინდა როგორც დათლილი ბროლი, გამოჩუხჩუხებდა იქვე საყდრის ძირიდგან და გადადიოდა ხევში, რომელიც მინდვრის ერთი მხრიდგან მოჩანდა.
ხევის იქით ამართულიყო უზარმაზარი ხეები, რომელთ შუაც გაბმული მაყვალი და სვია ისე ჩაჰხვეოდა იმათ, თითქოს გაშმაგებული მიჯნური, რომელსაც სურვილი ვეღარ მოუკლავს.
აინთო ცეცხლები, გაისმა ხმაურობა, ყიჟინა და გაჩუმებულს ადგილებს თითქოს ერთბაშად გამოეღვიძა და ერთბაშად ენა ამოედგა; შორი მთები რამდენჯერმე იმეორებდნენ სიმღერას და ხმაურობას.- თითქოს ბანს აძლევდნენ ამ თავისუფალს გულადობას. მაგრამ რამდენადაც ეს გამეორებული ხმა შორდებოდა, იმდენად უფრო ყრუდ და წყნარად მოისმოდა; მერმე იქცეოდა მთრთოლარე ჩურჩულად და, ბოლოს, შორს იკარგებოდა - ვინ იცის სად!
ცეცხლების შუქზედ სურათები გაბრწყინდა და უფრო მედიდური სახე დაიდო: ყოველმა სულდგმულმა, ყოველმა არსებამ იცვალა ფერი, და თვით ჩრდილოებმაც კი რაღაცა საოცნებო ხასიათი მიიღეს.
ყველანი დღესასწაულს ძმურად ულოცავდნენ ერთმანეთს; ერთი ბინიდგან მიდიოდნენ მეორე ბინაზედ, ყმაწვილი ქალები სთავაზობდნენ სასმელს, ქადებს და თავისუფლად ეოხუნჯებოდნენ ყმაწვილ ბიჭებს, რომელთაც სანატრელის ფიქრით აუძგერებდნენ გულს და აუჩუხჩუხებდნენ მდუღარე სისხლს.
ამ ღამეს ბევრმა ყმაწვილმა ბიჭმა ღვთის ფიცი მისცა ყმაწვილს ქალს შერთვისა, ბევრმა ყმაწვილმა ქალმა შეჰფიცა, რომ ყოველს წუთს მზად არის გაიქცეს თავის სატრფოსთან და ეს ყველა ჰხდებოდა ისეთის სიწმინდით, ისეთის გულწრფელობით. რომ უპატიოსნო აზრს ადგილი არა ჰქონია.
ჩეჩნის ქალი ყველა მთის ხალხის ქალებზედ თავისუფალია და მისთვისაც ყველაზედ პატიოსანი. თქვენ ვერც ერთს უპატიოსნო ადგილს და უპატიოსნო ცხოვრებაში ვერა ნახავთ იმას, თუმცა კი კაცებთან ხუმრობისა, თავისუფალი ქცევის ნება სრული აქვსთ. საკვირველია, რომ საყოველთაოდ გარყვნილს და ზნეობით დამახინჯებულს კაცებს, რომელთაც ყველგან თავმოსაწონადა აქვსთ გამხდარი თავიანთი გარყვნილობა და სიამოვნებით კვეხულობენ თავიანთ ცხოვრებას - იქ, ჩეჩნელებში, - იმ გაუნათლებელს და ველურს ხალხში, როგორც ჩვენ ვუყურებთ, - ვერა ჰნახავთ.
ჩეჩნელს თუ შეუყვარდა ქალი, იმისთვის შეუყვარდება, რომ შეირთოს; თუ შესძულდა ცოლ-ქმარს ერთმანეთი, ისინი განშორდებიან და ამ განშორებაში ბრალდებული ჯარიმას იხდის. ეს ყველა ჰხდება მეზობლების ბჭეობით, შინაურად და, მაშასადამე, მშვიდობიანად.
ისეთი უპატიოსნო ვინმე რომ გამოვიდეს, შეაცდინოს, ქალი მოატყუოს, ათასობით ხანჯლის წვერი დაემზადება ერობის უღირსი წევრისთვის გულის გასაგმირად, და ქალს კი თავის მოკვლის მეტი აღარა რჩება-რა.
ესე მხიარულად მიდიოდა ხატობა. იაგოს თავის ამხანაგებით ხან აქ იწვევდნენ, ხან იქ და, როგორც სტუმრებს, ღვთისგან მიცემულს, ყოვლის ღონისძიებით სცდილობდნენ პატივი ეცათ და წესიერად დაჰხვედროდნენ.
გათენებამ მოაღწივა, როდესაც იაგომ და იმისმა ამხანაგებმა განაპირებით გამოირჩივეს ადგილი და მიიძინეს. დანარჩენი ღამის მთეველნიც მოიქანცნენ და აქა-იქ მიწვნენ, ათასში ერთს ადგილს თუ-ღა მოისმოდა რომელიმე მოუსვენარის გამარტოებული სიმღერა.
ღამე თბილი იყო და ცეცხლების გაძლიერება არ ეჭირვებოდათ, მით უფრო, რომ მთვარის შუქმა შესცვალა ცეცხლის შუქი და ბუნების გაჩენილმა მნათობმა დასძალა კაცის მოგონილი სინათლე.
კობას და ეფხიას დასძინებოდათ, მაშინ როდესაც იაგოს ისევ ეღვიძა და ვერ მოესვენა; ისა ტრიალებდა თავის ალაგზედ, ოხრავდა, ქშინავდა და არ იცოდა, რა ექნა, როგორ და რითი მოესვენა. მთვარის შუქი, რომელიც პირდაპირ თვალებში სცემდა, თითქოს კიდეც უალერსებდა და კიდეც აჯავრებდა, რადგანაც ეს აგონებდა იმ ტკბილს და მწუხარებით სავსე ღამეებს, როდესაც ნუნუს თვალთ შესცქეროდა და იმას ჰშორდებოდა.
ამ საღამოს იმან ნახა ჯერ გაურყვნელი ხალხი, რომელიც გულწრფელად დროს ატარებდა, რომელთაც გულის მოძრაობისდაკვალად თავისუფლად შეეძლო ამორჩევა იმისი, ვინც კი შეუყვარდებოდათ, მაშინ როდესაც ის ისე განდევნილი იყო ბედისაგან! ჩეჩნელები ბედნიერები იყვნენ - ის კი უბედური! და ამან მოაგონა ყველა უსამართლოება, გაცხოველებული კანონის დამცველთაგან, რომელიც იმას მიაყენეს; მოაგონდა იმდენი წვალება, ტანჯვა, ძალის მიტანა იმაზედ, და გულმა დაუწყო ჰლევა.
- როდესაც ჩვენი ხალხიც ასე ბედნიერი იყო, ასე გაურყვნელი, მაშინ მოძმე მოძმეს არ ჰღალატობდა! - იფიქრა იმან და გული აუდუღდა. - რად ავირიენით, რად ჩამოვარდა ერთმანეთის სიძულვილი, ჯიბრი? რა იქმნა ხალხის ძალა, სიყვარული? რისი, ან ვისი ბრალია ჩვენი ასე დამხობა? - გაურბინა იმას გულში და მწარედ, მაგრამ გარკვევით, ჩაიცინა და წარმოსთქვა:
ვაი რა დიდი ბრალია:
შავარდენი ჰყავს ძერასა,
გაუფრინდება, წაუვა -
შორით-ღა უწყებს მზერასა.
„მაგრამ გაუფრინდება-ღა?“ გაიფიქრა იმან და მერმე მწარედ წამოიძახა: „ვაი, შენს მტერს!“
კობას, რომელსაც ძილში შეესმა იაგოს სიტყვები, გამოეღვიძა და უთხრა:
- იაგო, რას სჩადი, რაი მოგსვლია?
- რაი ვიცი, არ მეძინების.
- ეგ რაი-ღა იცი, - უპასუხა გაჯავრებით კობამ: - ძილის დროს ძილი უნდა.
- რაი ვქნა, მეც მინდა, და თუ კი არ მეძინების!
- დახუჭე თოლები და დაგეძინების.
ამ სიტყვების შემდეგ კობა გადაბრუნდა მეორე მხარეს და ჩქარა დაეძინა, იაგომ კი კიდევ კარგა ხანს იტრიალა, კიდევ კარგა ხანს ესაუბრა თავის მოუსვენარს გულს და აზრებს, სანამ ძილმა არ დაუხუჭა თვალები.
მეორე დღეს, როდესაც ქართველთ გამოეღვიძათ, მზე ამოსულიყო და მლოცველნი ამდგარიყვნენ: ყველანი საკლავებსა ჰხოცავდნენ, წყალს ეზიდებოდნენ და საჭმლის თადარიგში იყვნენ.
კაცები ერთს ალაგას გროვდებოდნენ და, როგორც ეტყობოდათ იქ რაღაცა სასჯო ჰქონდათ. ამ დროს ფარჩო მოვიდა სტუმრებთან და უთხრა:
- შამილის კაცი მოვიდა, წავიდეთ, რას გვეტყვის.
ყველანი ზეზედ წამოცვივდნენ ამ სიტყვებზედ, დაიბანეს საჩქაროდ ხელ-პირი და წამოვიდნენ მოსასმენად - თუ რა ამბავი მოიტანა შამილის გამოგზავნილმა კაცმა.
ისინი მივიდნენ და თვალ-წინ წარმოუდგათ თეთრ-წვერა მოხუცებული კაცი გონივრულის სახის გამომეტყველებით; იმისი აუჩქარებელი, დალაგებული ლაპარაკი წყაროსავით სასიამოვნოდ მომდინარეობდა. იმისი ვაჟკაცური შეხედულობა, შეჭმუხვნილი წარბები აშკარად ამტკიცებდა, რომ ამ კაცის მტრად გადაკიდება ადვილი არ იყო, თუმცა კი არც სიბოროტე, არც ფარისევლობა და ფანატიზმი არ ეტყობოდა. ისა ლაპარაკობდა დალაგებით საქმეების მდგომარეობაზედ, ამბობდა, რომ გიაურები კავკასიელთ საერთო მტრები არიან, რადგანაც სცდილობენ, შეჰმუსრონ იმათი ჩვეულება, ძალა, ჩაიგდონ მდიდარი ადგილები ხელში და გააძღონ თავიანთი დამშე-ული ხალხი. იმის აზრით ყველა მამულისშვილის მოვალეობა არის წინააღუდგნენ გიაურების გაუმაძღრობას.
- დღე არ გავა ისე, - დაიწყო მოხუცმა, - როგორც მშიერი ძერა, გიაურები ისე არ დაეცნენ ჩვენს მიწებს, არ მოგვტაცონ ჩვენი ნამუშევარი და იმით არ მოიბრუნონ გაუმაძღარი ლეში. რასაც ვეღარ ერევიან, ხვალისთვის უფიქრელნი, ფეხ-ქვეშ ჰქელენ და სწვავენ... სოფელი არ დარჩენიათ გზაზედ, რომლისთვისაც ცეცხლი არ წაეკიდებიათ, ქალი არ დარჩენიათ, რომლისთვისაც უპატიურება არ მიეყენებინათ, არ გაეწბილებინათ! გიაურებს ყოველგან გიაურობა, ყოველგან უსამართლობა და უკაცურობა გამოუჩენიათ.
ამ სიტყვებზედ ხალხი შეიძრა, გამოისმა მუქარის ხმა და მერმე ისევ სულგაკმენდილი მიაპყრეს ყური მოხუცის სიტყვებს.
- განა უნდა მოვითმინოთ წმინდა მაჰმადიანებმა უწმინდური გიაურების ეს საქციელი?
- სიკვდილი გიაურებს, სიკვდილი! - იყო საერთო პასუხი.
- აქამდინ ღმერთი ჩვენის ცოდვებისთვის გვახდევინებდა, ახლა ისევ ჩვენკენ მოიხედა... სადაც ჩვენი ხალხი შეჰხვდება გიაურებს, ესენი დიაცებსავით გარბიან და ჩვენები მისდევენ ხოცვით და ჟლეტით... ეხლა გიაურებს მოუწადინიათ კიდევ გამოსცადონ იჩქერის ტყე, სადაც ისე სამარცხვინოდ გავაბრუნეთ ღენერალი გრაბე. გაიგონეთ, მართლმორწმუნენო! შამილი ლაშქარს აგროვებს, ემზადება კიდევ იმისთანავე ცხარე დღე დააყენოს გიაურებს და ბოლო მოუღოს იმათ გაბედულებას... ვინა ხართ მართლმორწმუნენი? ვინ დაიზარებს საერთო მტერზედ გალაშქრებას?
- არავინ, არავინ! - ყვიროდა ხალხი თოფებ-მაღლა-აშვერილი, რომელთაც მრისხანედ იქნევდნენ.
- წამოდით, გამოიჩინეთ ვაჟკაცობა... მაგისთვის თქვენ მოგელისთ ძვირფასი ნადავლი, ლამაზი ქალების ქება და ალერსი! თქვენი სახელი კიდით-კიდემდე გაითქმის და თვალ-მოჟუჟუნე ქალები თქვენს ქებას წარმოსთქვამენ ნაზის ტუჩებით... თქვენ შეიქმნებით ყველასაგან თითით საჩვენებელნი!..
- წავალთ, წავალთ!
- ვინც შინ დარჩება, ის ქალაჩუნა იქნება, ყველასაგან მასხარად აგდებული!.. იმას არ ექნება მოსვენება ხალხისაგან სააქაოს და საიქიოს მაღლის ღმერთისგან იქნება დასჯილი, ის ვერა ჰნახავს მაჰმადისაგან გამართულს ედემს, რომელშიაც უმშვენიერესი ქმნილებანი, ნაზისა და ნარნარის ხმით, მარტო წმინდა მუსულმანებს და მამულისათვის თავდადებულებს ემსახურებიან.
დიდხანს ილაპარაკა კიდევ მოხუცმა ვაჟკაცობის სარგებლობაზედ და ლაჩრების სამარცხვინო მდგომარეობაზედ; კიდევ ბევრი ეცადა, რაც შეიძლებოდა ხალხი მეტად აეღელვებინა, თუმცა ეს მეცადინეობა სრულიად არ ეჭირვებოდა იმათ. ბუნებით ვაჟკაცნი, ამაყნი, შეჩვეულნი თავისუფლებას, ჩეჩნელები ისეც ვერ ეხერხებოდნენ რუსებს, რომელთ მოთაურებიც თავიანთის საქციელით, თითქოს განგებ ცდილობდნენ უსამართლობის ჩადენით, რაც შეიძლებოდა, მომეტებული წინააღმდეგობა ჩამოეგდოთ ამ ორს ტომს შორის.
ამ ადგილებში გამოუცდელი რუსები, შეუჩვეველნი ხალხის წესებს და ადათებს, იმათ შეხედულობას და სულიერ მდგომარეობას, სრულიად იკარგებოდნენ და არ იცოდნენ - საქმე საიდგან დაეწყოთ; სრულიად სხვარიგად აღზრდილი რუსები ბევრჯერ უნებლიედაც აწყინებდნენ, ამზადებდნენ ჩეჩნელთ თავმოყვარეობას. მაგალითად, ლოთობა ჩეჩნელებში დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კანონისაგანაც ჰქონდათ