Litclub.ge

ფორთოხლის ხუთი კურკა
როცა 1882-1890 წლებში ჰოლმსის თავგადასავალის ჩემეულ ჩანაწერებს ვათვალიერებ, პირდაპირ აღარ ვიცი, რომელი ამოვარჩიო და მკითხველს რომელზე მოვუთხრო. ზოგ მათგანს მკითხველი უკვე იცნობს გაზეთებიდან, ხოლო ზოგი კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებას მთელი ბრწყინვალებით ვუჩვენო ჩემი მეგობრის ღვთაებრივი ნიჭი და დაკვირვების საოცარი უნარი, რომელიც ჰოლმსს ასე უხვად ჰქონდა მიმადლებული.

მე პირუთვნელად მოვუთხრე მკითხველს იმ შემთხვევებზეც, რომლებმაც ჩიხში მოამწყვდიეს ჩემი მეგობრის ანალიტიკური კვლევის მეთოდი და ძიების ხელოვნება. მაგრამ უმრავლესობა იმ საქმეთაგან, რომლებსაც შერლოკ ჰოლმსი იკვლევდა, ძალზე ბუნდოვანი, არეულ-დარეული, დახლართული და საიდუმლოებით მოცული გახლდათ და მათი ხსნის ერთადერთი გზა მის მიხვედრილობაზე, მსჯელობებსა და გუმანზე იყო დამოკიდებული და არა იმ ლოგიკურ მსჯელობებსა და თანმიმდევრულ მტკიცებულებათა ჯაჭვის რგოლებზე, რომლებიც მას აგრერიგად უყვარდა.

დროთა ვითარებაში ალბათ ყველა ჩემს ჩანაწერს გამოვაქვეყნებ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ისე გამოკვეთილი და უცნაური ამბებით დაწნული, როგორც ის, ახლა რომ უნდა მოგითხროთ.

სექტემბრის ბოლო დღეები იდგა და ბუნიობის ძლიერი ქარები განსაკუთრებული სიავით მძვინვარებდა. მთელი დღე სტვენდა, ქროდა და ღრიალებდა ქარბორბალა, წვიმის მსხვილი წვეთები ფანჯრებს ეხეთქებოდნენ და სტიქიამ აქ ლონდონის შუაგულშიც კი მიგვაგნებებინა თავი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისათვის და თავის თავზე ჩაგვაფიქრა. საღამოს უფრო მეტი სიძლიერით დაქროლა ქარმა და ბუხრის თავებში ახლა ბავშვივით ტირილი გააბა. შერლოკ ჰოლმსი მოწყენილი მისჯდომოდა ბუხარს და დანაშაულობათა მემუარული ჩანაწერები მოჰყავდა წესრიგში. მე მის პირდაპირ ვიჯექი და კლარკ რასელის მშვენიერ საზღვაო მოთხრობებს ვკითხულობდი. კითხვამ ისე გამიტაცა და წაკითხულ ამბებში ისე ღრმად შევიჭერი, რომ მეგონა ქარიშხალი წიგნის ფურცლებიდან სტვენდა, ხოლო ფანჯრებზე მოხეთქებული წვიმის წვეთების ხმაური წიგნში ამოკითხულ ზღვის ღელვის ხმად მივიჩნიე. ცოლი დეიდასთან იყო სტუმრად და მე რამდენიმე დღით ძველ საცხოვრებელ ადგილას ბეიკერსტრიტზე დავიდე ბინა.

- ვიღაც რეკავს, - ვუთხარი ჰოლმსს და მისკენ გავიხედე. - ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას. ალბათ ვინმე თქვენი მეგობარი იქნება?

- თქვენს გარდა მე მეგობარი არა მყავს, - მიპასუხა ჰოლმსმა, - და ჩემთან სტუმრებიც არ დაიარებიან.

- აბა, კლიენტი ყოფილა და ისაა. - ვთქვი მე.

- თუ ასეა, მაშინ საქმე ძალიან სერიოზული იქნება. აბა, თუ რამე დიდი უბედურება არ სჭირს, ასეთ ამინდში და ამ დროს კაცს რა მოიყვანდა. მაგრამ იქნებ მოსამსახურე ქალის ვინმე ძველი მეგობარია.

ამჯერად შერლოკ ჰოლმსი შეცდა, რადგან კაკუნი ზედ ჩვენს კარზე გაისმა. ჰოლმსმა თავისი გრძელი ხელი გაიწოდა და ლამპა იმგვარად დადგა, რომ სტუმრის ჩამოსაჯდომად გამიზნული სკამი გაენათებინა.

- შემობრძანდით, - გასძახა მან.

ახალგაზრდა, რომელიც ოთახში შემოვიდა, ასე ოცდაორი წლისა იქნებოდა, კარგად ჩაცმულ-დახურული იყო და დახვეწილი მიხრა-მოხრა ჰქონდა. ხელში ჯერ კიდევ გაშლილი ქოლგა ეჭირა, რომლიდანაც წყალი წურწურით ჩამოდიოდა. ტანზე კი წყალგაუმტარი ლაბადა ეცვა. მოსულმა ოთახში სინოტივისა და სიცივის სურნელი შემოიტანა. იგი აღელვებული ჩანდა და დამფრთხალი ადამიანივით აცეცებდა თვალებს. ლამპის შუქზე შევნიშნე, რომ სახე ბაიასავით ყვითელი ჰქონდა და მის თვალებში შიშს დაესადგურებინა.

- ბოდიში უნდა მოგიხადოთ, - თქვა მან და თვალებზე ოქროს პენსნე გაიკეთა. - იმედია, ჩემს ამ შემოჭრას აბეზრობად არ ჩამომართმევთ. მაპატიეთ, რომ თქვენს წყნარ ბინაში ქარიწხლისა და წვიმის კვალი შემოვიტანე.

- მომეცით თქვენი ლაბადა და ქოლგა, - უთხრა ჰოლმსმა. - აი, ა ჩამოვკიდებ ორივეს და უფრო მალეც გაშრება. თქვენ სამხრეთ-დასავლეთიდან მოხვედით, არა?

- დიახ, ჰორშემიდან გეახელით.

- თიხისა და ცარცის ნარევი, რასაც თქვენი ფეხსაცმლის ცხვირზე ვხედავ, სწორედ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთისათვის არის დამახასითებელი.

- მე თქვენთან რჩევის მისაღებად მოვედი.

- ადვილი სამსახურია.

- უნდა დამეხმაროთ კიდეც.

- ეს ყოველთვის იოლი საქმე როდია.

- თქვენზე, მისტერ ჰოლმს, მაიორ პრენდერგასტმა ყველაფერი მიამბო. მითხრა, როგორ იხსენით ცილისწამებისაგან.

- ჰ, მას ცუდუბრალოდ დასწამეს კარტის თამაშის დროს თაღლითობა.

- მანვე მითხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერში გაერკვეთ.

- მეტისმეტი უთქვამს.

- მან მითხრა, რომ თქვენი დამჯაბნელი კაცი ქვეყანაზე არ დაიარება.

- აკი ოთხჯერ დამჯაბნეს კიდეც. სამჯერ მამაკაცებმა და ერთხელ ქალმა.

- მაგრამ ეს რაა თქვენს წარმატებებთან შედარებით?

- მართალია, ჩვეულებრივ, ჩემს საქმიანობაში წარმატებებს ვაღწევ ხოლმე.

- ასევე იქნება ჩემს საქმეშიც.

- ამ ლაპარაკს ის აჯობებს, სკამი ბუხრის წინ მოაჩოჩოთ და საქმის ყოველი წვრილმანი მიამბოთ.

- რაღაც არაჩვეულებრივი ამბავია.

- ჩმთან ყველა ამნაირი საქმე იყრის თავს. მე უმაღლესი საკასაციო ინსტანცია ვარ.

- მიუხედავად თქვენი გამოცდილებისა, სერ, მაინც მეეჭვება, რომ ისეთი იდუმალებით მოცული, გონებისათვის მიუწვდომელი და დაუჯერებელი ამბავი გაგეგონოთ, როგორიც ჩვენს ოჯახში დატრიალდა.

- თქვენ ძალიან დამაინტერესეთ, - უთხრა ჰოლმსმა. - გამაცანით საქმის ძირითადი შინაარსი და რომელ წვრილმან ამბებზე შეჩერებასაც საჭიროდ მივიჩნევ, თვითონ შეგეკითხებით.

ახალგაზრდა კაცმა თავისი სავარძელი მოგიზგიზე ბუხართან მიაჩოჩა, სველი ფეხსაცმელი ცეცხლს მიუფიცხა და დაიწყო:

- მე, ჯონ ოპენშოუ გახლავართ. ჩემი პირადი საქმეები ნაკლებად არის დაკავშირებული ამ საშინელებით მოცულ ამბავთან, ეს უფრო მემკვიდრეობით გადმოცემული საქმეა და ამიტომ თავს ნებას მივცემ, ჩემი მამა-პაპათა ისტორიაც გაგაცნოთ.

ჩემს პაპას ორი ვაჟიშვილი ჰყოლია. ჩემი ბიძა - ელიასი და მამაჩემი - ჯოზეფი. მამაჩემს კოვენტრში ჰქონდა პატარა ფაბრიკა, რომელიც მან ველოსიპედების წარმოების დაწყებით გააფართოვა.

მამამ გამოიგონა უცვეთი სალტეები, წარმოების საქმე მშვენივრად წაიყვანა და როცა იგი გაჰყიდა, კარგა დიდი თანხის პატრონი შეიქმნა.

ბიძაჩემი ელიასი ახალგაზრდობაში ამერიკაში წავიდა და ფლორიდას შტატში მდიდარი პლანტატორი გახდა. სამოქალაქო ომის დროს იგი ჯეკსონის არმიაში იბრძოდა და მერე ჰუდის სარდლობის დროს პოლკოვნიკობას ეწია. როცა ლიმ იარაღი დაჰყარა, ბიძაჩემი, ისევ თავის პლანტაციას დაუბრუნდა, სადაც სამი თუ ოთხი წელი გაატარა. 1869 თუ 1870 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და ჰორშემის სიახლოვეს სასექსში იყიდა პატარა მამული. ამერიკაში მას საქმეები კარგად მიუდიოდა და დიდი ქონებაც შეიძინა, მაგრამ მიატოვა ის ქვეყანა და სამშობლოში დაბრუნდა, რადგან ზანგები არ უყვარდა და მათი განთავისუფლებისათვის რესპუბლიკური მთავრობის უმადური გახლდათ. იგი მკაცრი და ფიცხი კაცი იყო. გაჯავრებულმა დაუზოგავი ლანძღვა-გინება იცოდა. ჰორშემში, ჩემი აზრით, ისე იცხოვრა, რომ ქალაქში ფეხი არ გაუდგამს. მას ჰქონდა ბაღი, სახლს გარშემო ორი თუ სამი მინდორი ეკრა, სადაც სეირნობდა ხოლმე, თუმც მის ცხოვრებაში იყო ისეთი დღეები, როცა ოთახიდან ორი-სამი კვირა არ გამოდიოდა. ბევრს სვამდა და ეწეოდა, მაგრამ საზოგადოებას გაურბოდა, მეგობრები არა ჰყავდა, და საკუთარ ძმასაც კი ერიდებოდა. მე შემეჩვია და ძალიანაც შევუყვარდი, თუმცა, როცა პირველად მნახა, თორმეტი წლისა ვიყავი, ეს მოხდა 1878 წელს, მაშინ ამერიკიდან რვა თუ ცხრა წლის ჩამოსული გახლდა. იგი მამაჩემს შეეხვეწა, რომ მასთან მეცხოვრა. მამამ ნება დამრთო და ბიძასთან გადავსახლდი. ბიძაჩემი თავისი სიმკაცრის მიუხედავად, კარგად მექცეოდა. როცა ფხიზელი იყო, თვითონ მეთამაშებოდა ხოლმე. მევე მომანდო მოსამსახურეებისა და ვაჭრებთან ურთიერთობის საქმეც, ასე რომ თექვსმეტი წლისა მი სახლში ყველაფრის ბატონ-პატრონი ვიყავი. მე მებარა ყველა გასაღები, შემეძლო სადაც მსურდა წასვლა-მოსვლა, მხოლოდ ერთის პირობით: ხელი არ უნდა შემეშალა ბიძის სიმარტოვისათვის. ერთადერთი გამონაკლისი ის იყო, რომ სხვენზე მას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, რომელიც მუდამ დაკეტილი იყო და შიგ შესვლა მის გარდა ყველას ეკრძალებოდა. ბავშვური ცნობისმოყვარეობის გამო, გასაღების ნახვრეტიდან ბევრჯერ შემიჭვრეტია ოთახში, მაგრამ სკივრებისა და რაღაც შეკრული საგნების მეტი არაფერი დამინახავს.

ერთ დღეს, ეს იყო 1883 წ. მარტის თვეში - ბიძაჩემმა წერილი მიიღო, რომელსაც საზღვარგარეთული საფოსტო ნიშანი ეკრა. იგი საერთოდ წერილებს არასოდე|ს ღებულობდა, რადგან მეგობრები არა ჰყავდა და ვაჭრებს კი ფულს ნაღდად უხდიდა.

"ინდოეთიდანაა, - თქვა მან, როცა წერილს დახედა. - პონდიშერის მარკა! რას უნდა ნიშნავდეს?" - მან სასწრაფოდ გახსნა წერილი და იქიდან ფორთოხლის ხუთი მარცვალი გადმოცვივდა და მის თეფშზე დაიყარა. მე სიცილი ამივარდა, მაგრამ ბიძაჩემის გაფითრებულ სახეს რომ შევხედე, იმწამსვე დავდუმდი. ტუჩი დაბლა ჩამოვარდნოდა, თვალები დაეჭყიტა და სახეზე მკვდრისფერი დასდებოდა. აცახცახებულ ხელში კვლავ კონვერტი ეჭირა და ზედ დაჰყურებდა.

"კ.კ.კ.! - წაიჩურჩულა მან და მერე დაუმატა,- ოჰ, ღმერთო! აი, სად მიწია ჩემმა ცოდვებმა".

"რა იყო, ძიავ?" - ვკითხე მე.

"სიკვდილი", - მიპასუხა მან, მერე წამოდგა და თავის ოთახისკენ გაემართა. მე შეშინებული ადგილზე გავქვავდი, არ ვიცოდი, რა მეღონა და ვისთვის მიმემართა.

კონვერტი ავიღე და დავხედე თუ არა, მაშინვე თვალში მეცა წითელი მელნით კონვერტის შიდა მხარეს წარწერილი "კ.კ.კ.". კონვერტში მარტო ფორთოხლის ხუთი მარცვალი აღმოჩნდა. მაშ, რაღამ შეაძრწუნა ბიძაჩემი? მაგიდა მივატოვე და კიბეს ზედა სართულისაკენ შევუყევი. კიბეზე ზევიდან ჩამომავალ ბიძაჩემს გადავეყარე. ერთ ხელში ძველი დაჟანგებული გასაღები ეჭირა, ალბათ თავისი ოთახისა, ხოლო მეორეში თითბრის პატარა ყუთი.

"რაც უნდათ, ისა ჰქნან! მე მაინც მტკიცედ ვადგავარ ჩემს აზრს" - თქვა მან და ლანძღვაც მიაყოლა. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა: - "მერის ჩემს ოთახში ცეცხლი დაანთებინე და ჰორშემში კაცი გაგზავნე, რათა იქაური ნოტარიუსი ფორდჰემი მოიყვანოს".

მე ყოველივე ისე გავაკეთე, როგორც ბიძაჩემმა მიბრძანა, როცა ნოტარიუსი მოვიდა, ზევით ბიძის ოთახში მიხმეს. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და ცხაურზე ჩაშავებული ფერფლი ეყარა, ალბათ ბიძაჩემმა ქაღალდები თუ დასწვა... მაგიდაზე იდგა სახურავახდილი ცარიელი ყუთი, რომლის შიგნითა მხარეს სამი ისეთივე "კ" ამოვიკითხე, როგორც დილით მიღებულ კონვერტზე ეწერა.

"ჯონ, მე მინდა, რომ მოწმედ დაესწრო ჩემი ანდერძის შედგენას. მთელ ჩემს ქონებას ვუტოვებ ჩემს ძმას, რომლის ხელიდან იგი ალბათ შენ გადმოგეცემა. თუ ყოველივე ამას მშვიდობით მოიხმარ, ძალიან კეთილი და პატიოსანი. ხოლო, თუ ნახო, რომ ამ ქონებას თან რაიმე ხიფათი სდევს, მაშინ მიჰყევი ჩემს რჩევას და იგი შენს ყველაზე უბოროტეს მტერს უანდერძე. ძალიან ვწუხვარ, რომ ამნაირი მემკვიდრეობა გხვდა წილად, მაგრამ იქნებ საქმე სულ სხვაგვარად დატრიალდეს. ახლა კი ხელი მოაწერე ანდერძს იმ ადგილას, სადაც ფორდჰემი მიგითითებს".

მე ხელი მინიშნებულ ადგილზე მოვაწერე და ქაღალდი ნოტარიუსმა თან წაიღო. ამ საოცარმა ინცინდენტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თავს ვიმტვრევდი, გონების თვალით ათასჯერ ვუყრუნდებოდი ერთსა და იმავე კითხვას, რას ნიშნავდა ეს ყოველივე. მაგრამ მომხდარ ამბავს ვერავითარი ახსნა ვერ გამოვუძებნე. ამ შემთხვევამ ჩემს სულში რაღაც შეუცნობელი შიშის გრძნობა დატოვა, რომელიც ჟამთა სვლასთან თანდათანობით მინელდებოდა, რაკი ჩვეულებრივი ცხოვრების მდინარება არაფერს დაურღვევია, იმ დღის მერე ცვლილება მხოლოდ ბიძაჩემს შეეხო. მან სმას კიდევ უფრო უმატა და კიდევ უფრო განმარტოვდა. დროის უდიდეს ნაწილს იგი ახლა ოთახში ატარებდა, კარსაც კი შიგნიდან ჰკეტავდა ხოლმე. ხანდახან მთვრალი, რევოლვერით ხელში ბაღში გამოვარდებოდა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ არავისი ეშინია და აც კაცსა და არც ეშმაკს იმის საშუალებას არ მისცემს, რომ ცხვარივით დაკლან. მაგრამ ეს გაცეცხლება გადაუვლიდა თუ არა, მაშინვე თავის ოთახს მიაშურებდა და კვლავ შიგნიდან იმ ადამიანივით იკეტებოდა, რომელსაც მხოლოდ უკიდურესი აღგზნების ჟამს შეუძლია შიშსა და პანიკას გაუბედოს შებრძოლება. ასეთი აღგზნების დროს მისი სახისათვის რომ შემიხედავს, ცივ ამინდშიაც კი ისეთ ოფლს ასხამდა, თითქოს ეს-ეს არის აბანოდან გამოვიდაო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო და თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარგებლო, გეტყვით, რომ ერთ მშვენიერ ღამეს, როცა ახირებამ კვლავ წამოუარა და მთვრალი, რევოლვერით ხელში გარეთ გამოხტა, უკან აღარ დაბრუნებულა. იგი გუბურაში პირქვე ჩამხობილი ვიპოვეთ. ის პატარა გუბურა ბაღის ბოლოში გახლდათ. სხეულზე ძალადობის არავითარი ნიშანწყალი არ აჩნდა, მაგრამ წყლის სიღრმეც გუბურაში ორ ფუტს არ აღემატებოდა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მხედველობაში მიიღო რა ბიძაჩემის ექსცენტრიკული ხასიათი, დაადგინა, საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვსო. მაგრამ მე, რომელმაც კარგად ვიცოდი, როგორ თრთოდა და კანკალებდა ბიძაჩემი სიკვდილის უბრალო ხსენებაზეც კი, ვერაფრით ვერ დავიჯერე, რომ მან თავი მოიკლა. ასე იყო, თუ ისე, ბიძაჩემი მოკვდა და მამაჩემმა მემკვიდრეობით მიიღო თოთხმეტი ათასი ფუნტი სტერლინგი, რომელიც ბანკში მის სახელზე ძევს.

- ერთი მომენტი მინდა დავაზუსტო, - ჩაერია ჰოლმსი. - თქვენი ამბავი ისე საინტერესოა, რომ ამდაგვარი რამ ჩემს სიცოცხლეში მართლაც არ მომისმენია. მხოლოდ ის მითხარით, როდის მიიღო წერილი და რა დრო გავიდა იმ დღემდე, როცა იგი გუბურაში ჩამხობილი იპოვეთ.

- წერილი 1883 წლის ათ მარტს მივიღეთ. თვითონ კი ვითომდა ეს თვითმკვლელობა შვიდი კვირის თავზე, ორ მაისს ჩაიდინა.

- გმადლობთ, გთხოვთ განაგრძოთ.

- შეუდგა თუ არა მამაჩემი სამკვიდროს მართვას, მაშინვე დაჟინებით მოვთხოვე, მეორე სართული, რომელიც მუდამ დაკეტილი იყო, კარგად გავჩხრიკოთ-მეთქი. ჩვენ იქ თითქრის ყუთი ვიპოვეთ, მაგრამ ცარიელი დაგვიხვდა. ყუთს შიგნითა მხარეს პატარა ქაღალდი ჰქონდა მიკრული და ზედ იგივე ინიციალები: "კ.კ.კ." ეწერა. პატარა მიკრულ ქაღალდს ქვევით კიდევ იყო ერთი წარწერა: "წერილები, სამახსოვრო ბარათები, ხელწერილები და რეესტრი". ჩვენი აზრით, პოლკოვნიკმა ოპენშოუმ სწორედ ეს ქაღალდები დასწვა. გარდა ამისა, ზემოთ სართულში საყურადღებო აღარაფერი გვინახავს. მართალია, იქ მიყრილ-მოყრილი აუარებელი ჩანაწერი და ქაღალდი ეყარა, მაგრამ ისინი, მხოლოდ ბიძაჩემის ამერიკაში ცხოვრების ხანას შეეხებოდნენ. ბევრი მათგანი ომის დროინდელი იყო და ბიძაჩემის სამხედრო კარიერის ამსახველ ცნობებს შეიცავდა. მათი გაცნობის შედეგად შევიტყვეთ, რომ პოლკოვნიკი ოპენშოუ სამხედრო დავალებებს პირნათლად ასრულებდა და უმცროს-უფროსებში მამაცი მეომრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. დანარჩენი ქაღალდები სამხრეთი შტატების პოლიტიკური ცხოვრების ახლებურად გარდაქმნას შეეხებოდნენ და იმას ადასტურებდნენ, რომ პოლკოვნიკი ოპენშოუ სამხრეთის შტატების დამარცხების შემდეგაც ჩრდილოეთის პოლიტიკურ მოღვაწეთ ოპოზიციაში ედგა და სიცოცხლეს უმწარებდა.

ასე და ამრიგად, 1884 წლის დასაწყისში გახლდათ, მამა რომ ჰარშემში ჩამოვიდა და სამკვიდრო მიიღო. 1885 წლის 4 იანვარამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამ დღეს სასაუზმედ რომ დავსხედით, მამაჩემმა უცებ წამოიყვირა. მას ერთ ხელში კონვერტი ეჭირა, მეორეში ხელისგულზე კი ფორთოხლის ხუთი მარცვალი ეყარა. იგი მუდამ დაცინვით იგონებდა პოლკოვნიკის გარშემო არსებულ ჭორებს, მაგრამ იმნაირი ამანათი რომ თვითონაც მიიღო, შეეშინდა.

"რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, ჯონ?" - მკითხა მე.

კონვერტის დანახვაზე გული გამეყინა.

"ისევ ის წყეული "კ.კ.კ." არის", - ვუთხარი მე.

მამამ კონვერტის შიგნით ჩაიხედა, - დიახ, კონვერტის შიგნითაც იგივე ასოებია გამოყვანილი, მაგრამ მათ ქვეშ რაღა წარწერაა?

მამას თავზე დავადექი და მინაწერი წავიკითხე: "ქაღალდები მზის საათის ქვეშ დააწყვეთ".

"რა ქაღალდები, ან სად მზის საათის ქვეშ უნდა დავაწყო? - წარმოთქვა გაკვირვებულმა."

"მზის საათი კი ბაღში გვაქვს, მაგრამ ქაღალდები რომ განადგურებულია?" - ვუთხარი მე.

"ფუჰ! - გულადად წარმოთქვა მამამ, - ჩვენ ცივილიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი სისულელის არ უნდა გვეშინოდეს. საიდანაა გამოგზავნილი წერილი".

"დანდიდან", - ვუპასუხე მე, როცა საფოსტო მარკას დავხედე.

"ვიღაცის უკბილო ხუმრობა იქნება, - თქვა მან, - რა საქმე მაქვს მზის საათსა და რაღაც ქაღალდებთან. ამნაირ სისულელეს კაცმა ყური არ უნდა ათხოვოს".

"მე თქვენს ადგილზე პოლიციას შევატყობინებდი", - გავაფრთხილე მშობელი.

"რომ მასხრად ამიგდონ, ეშინიაო, არა? ამნაირ რამეს მე არ ვიზამ".

"მაშინ მე შევატყობინებ", - შევთავაზე მამას ჩემი დახმარება.

"არავითარ შემთხვევაში! ასეთ სისულელეზე ხმაურის ატეხვა არ ღირს".

იგი ჯიუტი ადამიანი გახლდათ და მასთან კამათი არა ღირდა. მე კი გული ავ საქმეს მიწინასწარმეტყველებდა და სევდა მომერია.

წერილის მიღებიდან მესამე დღეს მამა ერთი თავისი კარგი მეგობრის მაიორი ფრიიბოდის სანახავად გაემგზავრა. ფრიიბოდი პორტსდაუნ ჰილში ერთ-ერთი ფოსტის უფროსად მსახურობს. მე ძალიან გამეხარდა, მამა რომ სახლიდან წავიდა, ჩემი მოკლე ჭკუით აგრე მეგონა, საფრთხე მარტო შინ მყოფს მოელოდა. ვაგლახ, რომ შევცდი! მამის გამგზავრების მეორე დღეს მაიორის ხელით გამოგზავნილი დეპეშა მივიღე, მთხოვდა, მალე ჩამოდიო. მამა ცარცის ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე თავგაჩეხილი. ცარცის ასეთი მაღაროებით ხომ სავსეა ჩვენი მხარე. იგი უგრძნობლად იწვა და გონს მოვლა აღარც ეწერა. ეტყობა, ფარჰემიდან საღამოთი გამოემგზავრა, რადგან იქაურობას არ იცნობდა, ხოლო ცარცის მაღაროები შემოუღობავია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ გასჭირვებია მიეღო დადგენილება: "უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი". მის სიკვდილთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დიდი სიფრთხილითა და გულმოდგინებით შევისწავლე, მაგრამ ისეთს ვერაფერს წავაწყდი, რომ მოკლეს-მეთქი, მეფიქრა. ძალადობის ნიშნები არა ჩანდა, კვალის არსად იყო, გაძარცული არ გახლდათ და გზაზეც უცხო არავინ ყოფილა. მაგრამ მაინც საჭიროდ მიმაჩნია გითხრათ, ჩემს გონებას არ შორდებოდა ის აზრი, რომ მამაჩემს ხაფანგი დაუგეს და მოკლეს.

ასეთი ავისმომასწავებელი ამბები უძღოდა წინ ნაანდერძევი ქონების მიღებას. თქვენ ალბათ მკითხავთ, რატომ არა ვთქვი უარი მემკვიდრეობაზე. გიპასუხებთ, ჩემი აზრით, მომხდარი ამბები დაკავშირებული იყო რაღაც ინციდენტთან ბიძაჩემის ცხოვრებაში და საფრთხე, რომელ სახლშიაც არ უნდა მეცხოვრა, მაინც განუყრელად თან მდევდა.

ჩემი საწყალი მამა 1885 წლის იანვარში გარდაიცვალა და მას მერე ორი წელი და რვა თვე გავიდა. ამ ხნის მანძილზე ჰარშემში თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ვიმედოვნებდი, რომ ის წყევლა, რომელმაც ჩვენი ოჯახის უფროსი თაობა ადრიანად ჩაიყვანა საფლავში, მე აღარ მდევნიდა. მაგრამ თურმე თავს ტყუილად ვინუგეშებდი. გუშინ დილით მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როგორშიაც ამ ორი წლისა და რვა თვის წინათ მამაჩემი იყო.

ახალგაზრდა კაცმა ჯიბიდან დაჭმუჭვნილი კონვერტი ამოიღო, მაგიდისაკენ შებრუნდა და სუფრაზე ფორთხოლის ხუთი ცალი გამხმარი კურკა დაჰყარა.

- აი, კონვერტი, - განაგრძობდა იგი, - საფოსტო მარკა ლონდონისა აქვს, აღმოსავლეთი მხარე. შიგნით იგივე სიტყვები სწერია, რაც მამაჩემის მიერ მიღებულ წერილში ეწერა.

- რა მოიმოქმედეთ, - ჰკითხა ჰოლმსმა.

- არაფერი.

- არაფერი?

- მართალი რომ გითხრათ, - თქვა ესა და ჩვენმა სტუმარმა სახე თეთრ, გამხდარ ხელებში ჩამალა, - ისე ვიფიქრე, რომ საშველი არსით იყო და გველის დანახვაზე ადგილზე გაოგნებული კურდღელივით დამემართა. შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა, მე ცუდუბრალოდ ვებღაუჭები იმედს და ულმობელსა და დაუძლეველ ძალას ვფიქრობ წინ აღვუდგე. იქნებ მართლაც არაა საშველი და ჩემი დაცვა აღარავის ძალუძს.

- სისულელეა ასეთი ლაპარაკი, - წამოიძახა ჰოლმსმა. - თქვენ ან აქტიურად იმოქმედებთ, ან დაიღუპებით. მხოლოდ ენერგიულ მოქმედებას შეუძლია თქვენი ხსნა განსაცდელისაგან. ახლა სასოწარკვეთის დრო არაა.

- მე ვიყავი პოლიციაში.

- ჰო, მერე?..

- მათ ჩემი მონათხრობი რომ მოისმინეს, სიცილად არ ეყოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის ინსპექტორს ეს წერილები ხუმრობად მიაჩნია, ხოლო ჩემიანების სიკვდილი შემთხვევითობად, რომელიც უბრალოდ დაემთხვა ამ წერილების მოსვლის თარიღს.

ჰოლმსის მუშტმა ჰაერი გააპო.

- დაუჯერებელი გონებასუსტობაა, - წამოიყვირა მან.

- მათ მაინც გამომაყოლეს პოლისმენი, რომელიც სახლში ჩემთან ერთად იქნება.

- აქაც თან მოგყვათ?

- არა, ნაბრძანები აქვს ჩემს სახლში იყარაულოს.

ჰოლმსმა ისევ გააქნია მუშტები ჰაერში.

- რატომ მოხვედით ჩემთან? - თქვა მან. - რაც მთავარია, რატომ მაშინვე არ მოხვედით, როცა ეს ამბავი შეგემთხვათ?

- არ ვიცოდი თქვენი არსებობა. დღეს მაიორ პრენდერგასტს შევჩივლე ჩემი უიმედო მდგომარეობა და მან თქვენთან მოსვლა მირჩია.

- თქვენ წერილი ორი დღის წინათ მიიღეთ. მოქმედებაც ადრე უნდა დაგეწყოთ. გარდა იმისა, რაც ჩვენ გვითხარით, მე ვფიქრობ, თქვენ სხვა მონაცემები არ უნდა გქონდეთ. იქნებ რაიმე ისეთი წვრილმანი გაქვთ, რაც საქმეში მოგვეხმარება?

- არის ერთი საგანი, - გვითხრა ჯონ ოპენშოუმ. - მან მიიჩხრიკ-მოიჩხრიკა პალტოს ჯიბეები, იქიდან ლურჯი, გამოხუნებული ქაღალდის ნაგლეჯი ამოათრია, და მაგიდაზე დასდო. - როგორც მახსოვს, - დაიწყო ოპენშოუმ, - როცა ბიძაჩემმა ქაღალდები ცეცხლში შეჰყარა, ის პატარა კიდის ნაწილები, რაც ცეცხლს გადაურჩა, სწორედ ამ ფერისა გახლდათ. ეს ერთი ფურცელი შემთხვევით გადარჩენოდა დაწვას და მისი ოთახის იატაკზე ეგდო. აქ გარდა ფორთოხლის მარცვლებისა სხვა არაფერია ნახსენები და მეეჭვება, რომ ქაღალდი რამეში დაგვეხმაროს. ჩემი აზრით, ეს ქაღალდი რომელიღაც დღიურიდან ამოვარდნილი ფურცელი უნდა იყოს. ხელწერა ბიძაჩემისაა.

ჰოლმსმა ლამპა შემოაბრუნა და ჩვენ ორივენი ქაღალდისაკენ დავიხარეთ, რომ წაგვეკითხა. ქაღალდის ცალი მხარე ისე უსწორმასწორო გახლდათ, რომ ცხადი იყო მართლაც რომელიღაც დღიურიდან უნდა ყოფილიყო ამოვარდნილი. მაღლა ეწერა: "მარტი, 1869 წ." დაბლა კი გაუგებარი მინაწერები მოსდევდა: -

4-ში. ჰადსონი მოვიდა. ისევ ძველი პლატფორმა.

7-ში. მარცვლები გაეგზავნა მაკ-კოულის, პარამორს და სენტ ავგუსტინელ ჯონ სვეინს.

9-ში მაკ-კოული გაეცალა.

10-ში ჯონ სვეინი გაეცალა.

12-ში. ესტუმრნენ პარამორს. ყველაფერი რიგზეა.

- გმადლობთ! - თქვა ჰოლმსმა, - ქაღალდი დაკეცა და პატრონს დაუბრუნა. - ახლა დრო აღარ უნდა დავკარგოთ. იმის დროც არაა, რომ ის გავარკვიოთ, რაც თქვენ მიამბეთ. თქვენ უნდა სახლში დაბრუნდეთ და იმოქმედოთ.

- რა უნდა გავაკეთო?

- ახლა მარტო ერთი რამაა გასაკეთებელი და ისიც დაუყოვნებლივ. თვენ ის ქაღალდი, რომელიც ჩვენ გვიჩვენეთ, თითბრის ყუთში უნდა ჩადოთ და წერილში მითითებულ ადგილზე მოათავსოთ. ყუთშივე უნდა ჩადოთ წერილი, რომელშიაც მკითხველს აუწყებთ, რომ თქვენმა ბიძამ ყველა სხვა ქაღალდი ცეცხლს მისცა და მხოლოდ ერთადერთი გადაურჩა დაუწვავი. თქვენ ეს ტექსტი ისეთი სიტყვებით უნდა შეადგინოთ, რომ მათ დაიჯერონ. როგორც კი ყოველივეს მორჩებით, თითქრის ყუთი მზის საათს ქვეშ დადგით. ხომ გასაგებია, რაც გითხარით?

- გასაგებია.

- ახლა შურისძიებისა და სხვა გრძნობების აყოლის დრო არაა. ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია ამას კანონის სახელით მივაღწიოთ. მათ უვე მზადა აქვთ ქსელი, ჩვენ კი ახლა უნდა დავიწყოთ მახის დაგება. ამჯერად, უმჯობესია ის საფრთხე ავიცილოთ, რომელიც თქვენ გელით. მერე კი შეიძლება ამ საიდუმლოებით მოცული ამბის გახსნა და დამნაშავეთა დასჯა.

- გმადლობთ, - უთხრა ჰოლმსს ახალგაზრდა კაცმა, თან წამოდგა და ლაბადის ჩაცმა დაიწყო. - თქვენ მე სიცოცხლე დამიბრუნეთ და გულს იმედიც შთამინერგეთ. ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მირჩიეთ.

- დრო არ დაკარგოთ და რაც მთავარია, თავს გაუფრთხილდით, ვინაიდან თქვენ მართლაც რეალური და გარდუვალი საფრთხე გემუქრებათ. უკან რა გზით უნდა დაბრუნდეთ?

- ვატერლოოდან მატარებლით წავალ.

- ჯერ ცხრა საათიც არაა. ქუჩაში ბევრი ხალხი იქნება, ასე რომ დარწმუნებული ვარ, შინ მშვიდობით მიხვალთ. თქვენ თავს ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ.

- იარაღიც მაქვს.

- ეგ კარგია. ხვალიდანვე შევუდგები თქვენს საქმეს.

- მაშ, ჰორშემში გნახავთ, არა?

- არა, თქვენი საქმის საიდუმლო გასაღები ლონდონშია და მეც აქ უნდა ვეძებო.

- მაშინ ერთ ან ორ დღეში თვითონ მოგინახულებთ და თითბერის ყუთისა და ქაღალდების ამბავს მოგახსენებთ. ახლა კი წავალ და რაც რჩევა მომეცით, ყველაფერს სწორედ ისე შევასრულებ. - იგი დაგვემშვიდობა და ხელი მაგრად ჩამოგვართვა. გარეთ ისევ ისე უმოწყალოდ სტვენდა და ზუზუნებდა ქარი, წვიმაც ისევ ისე საშინელი ძალით ეხეთქებოდა ფანჯრებს. ეს უცნაური და ველური ამბავი თითქოს ქარიშხალმა შემოგვიგდო ოთახში და ახლა იმავე ქარიშხალმა შთანთქა. ისევე, როგორც ღელვის დროს ზღვამ იცის ხოლმე წყალმცენარეთა ნაპირზე გამორიყვა და მერე ისევ უკან წაღება.

ჰოლმსი რამდენიმე ხანს გაყურსული იჯდა და ცეცხლის ენებს შეჰყურებდა. მერე ჩიხუბი გააბოლა, სავარძელში გადაწვა და თამბაქოს წრეებად დახვეულ ბოლს აკვირდებოდა, რომლებიც ერთმანეთს ჭერთან ეწეოდნენ.

- მე მგონია, უოტსონ, - წამოიწყო ჰოლმსმა, - რომ ასეთი ფანტასტური საქმე ჯერაც არა გვქონია.

- თუ ოთხთა ნიშანს არ ჩავთვლით, მაშინ მართლაც აგრეა.

- არა, მე მაინც მგონია, რომ ჯონ ოპენშოუ უფრო მეტ განსაცდელშია ჩავარდნილი და უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე შოლტოს ემუქრებოდა.

- მაგრამ გაქვთ კი თქვენი მოსაზრება იმაზე, ოპენშოუს რა საფრთხე ემუქრება?

- ეგ რაღა საკითხავია, როცა ორი მაგალითი თვითონვე ოპენშოუმ დაასახელა?

- მაშ, ამიხსენით, რაშია საქმე? ვინაა ეს "კ.კ.კ." და რა დაუშავა ამ უბედურმა ოჯახმა?

შერლოკ ჰოლმსმა თვალები მილულა, იდაყვები სავარძელს დააყრდნო და თითების ბოლოები ერთმანეთს მიაჭყლიტა.

- იდეალური მოაზროვნე, - წამოიწყო მან ჩემს საპასუხოდ, - ერთი რომელიმე ფაქტიდან, რომელიც მან ნახა, არა მარტო იმ ჯაჭვის შემადგენელ რგოლებს დასძებნის, რომელმაც ამ ფაქტამდე მიგვიყვანა, არამედ იმ შედეგებსაც იწანასწარმეტყველებს, რომლებიც ამ ფაქტიდან გამომდინარეობენ. როგორც კიუვეს შეეძლო ცხოველის ერთი ნაპოვნი ძვლიდან მთელი ჩონჩხი აღედგინა, ისე მოაზროვნემ უნდა შესძლოს ინცინდენტთა სერიიდან, ერთი რომელიმე შესწავლილი რგოლის საფუძველზე, ზუსტად დაადგინოს ყველა დანარჩენი რგოლი, როგორც ინცინდენტის წინათ მომხდარი, ისევე მისგან მომდინარე ჩვენ ჯერჯერობით არა გვაქვს ხელმოსაკიდებელი შედეგი, და, მისი მიღწევა მარტო გონებით შეიძლება. პრობლეა შეიძლება გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ საქმის გულმოდგინე შესწავლითა და კვლევა-ძიებით, და მაშინ იგი ჩიხში მოაქცევს ყველას, ვინც საქმის გახსნას და პრობლემის გადაჭრას მხოლოდ გონების შემწეობით ლამობს. თუ აზროვნების ხელოვნების აყვანა უმაღლეს დონეზე გვინდა, მაშინ მოაზროვნეს უნდა შეეძლოს არა მარტო ყველა ფაქტის გამოყენება, რომელიც თვითონ იცის და მის განკარგულებაშია, არამედ იმისიც, რაც კაცობრიობის ცოდნის სალაროშია და სხვებს მოუპოვებიათ. აქ შეუძლებელი არაფერია, რადგან ადამიანს შესაძლებლობა აქვს არა მარტო თავისი, არამედ სხვისი ცოდნით მოპოვებული შრომის ნაყოფი თავის საქმეში წარმატებით გამოიყენოს. ამ შემთხვევაში მე თვითონ ასე მოვიქეცი. თუ სწორად მახსოვს, ერთხელ, ჩვენი მეგობრობის ადრეულ დღეებში თქვენ სხვადასხვა დისციპლინებში ჩემი ცოდნა შეაფასეთ.

- დიახ, - ვუპასუხე მე სიცილით, - ის იყო არაჩვეულებრივი დოკუმენტი. ფილოსოფიაში, ასტრონომიასა და პოლიტიკაში, როგორც მახსოვს, ნოლი დაგიწერეთ, ბოტანიკის ცოდნა ცვალებადი გქონდათ, გეოლოგია ღრმად იცოდით, რადგან ქალაქის გარშემო ორმოცდაათი მილის მანძილზე ტალახისა და მიწის ყველა ნაირსახეობაში საფუძვლიანად ერკვეოდით, ქიმიაში თქვენი ცოდნა ექსცენტრიკულად შევაფასე, ანატომიაში - არასისტემატურად, სისხლის სამართლისა კი - უნიკალურად. გარდა ამისა ვწერდი, რომ იყავით: მევიოლინე, მოკრივე, მოფარიკავე, სამართლის მცოდნე და თავის მტერი, ვინაიდან საკუთარ ორგანიზმს კოკაინითა და თამბაქოთი იწამლავდით. ასეთი იყო, როგორც მახსოვს, ჩემი ანალიზის ძირითადი პუნქტები.

ბოლო პუნქტის ხსენებაზე ჰოლმსს ჩაეცინა.

- მე ვამბობდი და ვამბობ, - დაიწყო მან, - რომ ადამიანმა თავისი გონებრივი სალარო იმ ცოდნით უნდა შეავსოს, რისი გამოყენებაც შეუძლია, დანარჩენი კი თავისი ბიბლიოთეკის თაროებზე უნდა განალაგოს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს. ისეთი საქმის კვლევა-ძიებისათვის, როგორსაც ამ ღამით გადავაწყდით, საჭიროა ჩვენი ყოველი რესურსის რაციონალურად გამოყენება. აბა, ერთი თაროდან ამერიკული ენციკლოპედიის ის ტომი გადმოიღეთ, რომელიც ასო "კ"-ზეა. გმადლობთ. ახლა ავწონ-დავწონოთ შექმნილი სიტუაცია და ვნახოთ, რა დასკვნების გაკეთება შეგვეძლება. პირველყოვლისა უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლკოვნიკ ოპენშოუს ჰქონდა ძალიან დიდი საბაბი იმისათვის, რომ ამერიკა დაეტოვებინა. მის ასაკში მყოფი ხალხი აგრე ადვილად არ აღალატობს თავის წეს-ჩვეულებებს. არც ისა მჯერა, რომ მას უმიზეზოდ, ერთი ახუშტურებით შეეძლო ფლორიდის შესანიშნავი კლიმატის ნაცვლად ინგლისის პროვინციული ქალაქის ცხოვრებაზე გაცვლა. ინგლისში ყოფნის დროს მის ძლიერ მისწრაფებას განმარტოებისაკენ იმ აზრამდე მივყავართ, რომ მას რიღაცის ან ვიღაცის ეშინოდა. ამრიგად, ჩვენს სამუშაო ჰიპოთეზად უნდა მივიღოთ, რომ ამერიკა პოლკოვნიკმა ოპენშოუმ ვიღაცის ან რიღაცის შიშით მიატოვა. იმაზე, თუ რამ გამოიწვია ასეთი ძლიერი შიში, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმ ავისმომასწავებელი წერილების მიხედვით, რომლებიც მიიღეს თვითონ პოლკოვნიკმა და მისმა მემკვიდრეებმა. თქვენ ნახეთ იმ წერილებზე დაკრული საფოსტო მარკები?

- პირველი პონდიშერიდან იყო გამოგზავნილი, მეორე - დანდიდან, მესამე კი - ლონდონიდან.

- აღმოსავლეთ ლონდონიდან. - ჩაურთო მან. - რა დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ აქედან?

- ყველა ეგ დასახელებული ადგილი საოკეანო გემების სადგომი ნავსადგურებია. ალბათ წერილების გამომგზავნი მართლაც გემბანზე ყოფილიყო. ახლა ამ საქმეს სხვა კუთხიდან შევხედოთ. პონდიშერიდან გამოგზავნილი მუქარის წერილის მიღებისა და მუქარის სისრულეში მოყვანამდე შვიდმა კვირამ განვლო, დანდიდან - კი მხოლოდ ოთხმა თუ სამმა დღემ. გულისხმაში გაგდებთ თუ არა, უოტსონ, ეს ამბები?

- პირველ შემთხვევაში უფრო მეტმა დრომ განვლო მუქარის სისრულეში მოყვანამდე.

- მაგრამ წერილსაც ხომ უნდა დიდი გზა განევლო, ვიდრე ადრესატს მიაღწევდა.

- მაშინ არ მესმის, რაშია საქმე.

- სავარაუდებელია, რომ გემი, რომელზეც წერილის გამომგზავნი იმყოფებოდა, იალქნიანი იყო. ჩანს, ისინი, ვიდრე თავისი მისიის სისრულეში მოყვანას დაიწყებენ, თავიანთ მსხვერპლს წინასწარ აფრთხილებენ, ხომ ნახეთ, დანდიდან მიღებულ მუქარას საქმეც რა მალე მოადევნეს. ისინი რომ პონდიშერიდან ორთქლით მავალ გემს გამოჰყოლოდნენ, მაშინ ინგლისში წერილი და წერილის გამომგზავნები ერთდროულად ჩამოვიდოდნენ. მაგრამ წერილის მიღებიდან მათ გამოჩენამდე შვიდმა კვირამ განვლო. ეს შვიდი კვირა კი, ჩემი აზრით, დროის ის მონაკვეთია, რა დროითაც პონდიშერიდან ორთქლით მავალმა გემმა იალქნიან გემს გამოუსწრო.

- შესაძლებელია.

- მე ნამდვილად აგრე მგონია. ახლა თქვენ კარგად ხედავთ, თუ რამდენად სახიფათო საქმესაა გადაყრილი ჩვენი ოპენშოუ და რატომ გავაფრთხილე რამდენჯერმე, თავს მოუარეთ-მეთქი. წერილის ავტორებს მუქარა სისრულეში მოჰყავდათ მხოლოდ იმ დროის უკანასკნელ მომენტში, რაც წერილის გამოგზავნის ადგილიდან, დანიშნულების ადგილამდე იალქნიანი გემის მგზავრობისათვის იყო საჭირო. ჯონ ოპენშოუს სახელზე მიღებული წერილი კი ლონდონიდანვე არის გამოგზავნილი და ამდენად ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ, რამდენ ხანს აცდიან წერილის ავტორები ადრესატს დავალების სისრულეში მოყვანას.

- ღმერთო ჩემო, - წამოვიძახე მე, - რას უნდა ნიშნავდეს ეს ულმობელი დევნა?

- ცხადია, იმ დოკუმენტებით, რომლებიც ოპენშოუმ დასწვა, სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულნი ისინი, ვინც იალქნიან გემზე იმყოფებიან. იქ ერთი კაცი არ უნდა მოქმედებდეს. ერთ კაცს არ შეუძლია ორი მკვლელობა ისე ჩაიდინოს, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო დააბნიოს და ყველას გზა-კვალი აურიოს. ამ საქმეში რამდენიმე კაცის ხელი ურევია და თანაც მიზნად დაისახეს, ხელში ჩაიგდონ დოკუმენტები, რადაც უნდა დაუჯდეთ და ვის ხელშიაც უნდა იყოს ისინი. ასე და ამრიგად, თქვენ კარგად ხედავთ, რომ "კ.კ.კ." ერთი კაცის კი არა, მთელი ორგანიზაციის ინიციალებია.

- მაგრამ რომელია ეს საზოგადოება?

- თქვენ არასოდეს არ გაგიგონიათ კუ კლუქს კლანზე? - დაიხარა და ჩურჩულით მკითხა ჰოლმსმა.

- არასოდეს.

ჰოლმსმა მუხლებზე დადებული ამერიკული ენციკლოპედიის ტომი სათანადო ადგილზე გადაშალა და ხმადაბლა წაიკითხა: "სახელწოდება კუ კლუქს კლანი წარმოსდგება შაშხანის ჩახმახის დაკეტვის დროს წარმოქმნილი ხმაურიდან. ეს საშიში საიდუმლო საზოგადოება ჩამოაყალიბეს სამხრეთის არმიის ჯარისკაცებმა სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ. ორგანიზაციამ უმალვე შექმნა თავისი ადგილობრივი განყოფილებები სხვადასხვა შტატებში, უპირატესად კი: ტეხასში, ლუიზიანაში, ორთავე კაროლინას შტატებში, ჯორჯიასა და ფლორიდაში. ორგანიზაციამ თავისი ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის დაიწყო. იგი პრინციპულად იბრძვის ზანგებისათვის საარჩევნო ხმის უფლების მიცემის წინააღმდეგ. ორგანიზაცია სდევნის ან სიკვდილით გზიდან იშორებს ყველას, ვინც მის შეხედულებებს ეწინააღმდეგება. მათი მხრიდან კანონის სასტიკ დარღვევასა და სიკვდილის მისჯას მუდამ წინ უსწრებდა გაფრთხილება, რომლებსაც ისინი თავიანთ მსხვერპლს უგზავნიდნენ. ეს გაფრთხილება სრულდებოდა რაღაც ფანტასტიკური, მაგრამ ისეთი გზით, რომ ყველას გაეგო ორგანიზაციის ხელწერა. მაგალითად, ზოგიერთ შტატში მსხვერპლს მუხის შტოსა და ფოთლებს უგზავნიდნენ, ზოგან ნესვის თესლს, ხოლო ზოგიერთ ადგილებში ფორთოხლის გამომხმარ კურკებს. მიიღებდა თუ არა ასეთ გაფრთხილებას სამსხვერპლო, ან საჯაროდ უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ჰგმობდა თავის ადრინდელ შეხედულებებს, ანდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო, ხოლო თუ გაფრთხილებისდა მიუხედავად არ მოიქცეოდა, სიკვდილი არ ასცდებოდა, თანაც ისეთ ფორმებში, ვითომ მისი დაღუპვა ბრმა შემთხვევასა და გაუთვალისწინებელ ამბავთან იყო დაკავშირებული. საქმე ისეთ მაღალ დონეზე იყო დაყენებული, ბრძოლის მეთოდები ისეთ სისტემად იყო ჩამოყალიბებული, რომ ორგანიზაციას თავისი არც ერთი მსხვერპლი ხელიდან არ გასხლტომია და ბოროტების ჩამდენნიც არაოდეს არავის უმხელია. მიუხედავად იმისა, რომ მაერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და სამხრეთის მოსახლეობის უკეთესმა ნაწილმა ორგანიზაცია დაჰგმეს და ბრძოლა გამოუცხადეს, მისი საქმიანობა რამდენიმე წელიწადს მაინც ჰყვაოდა. 1869 წლიდან ორგანიზაციის საქმიანობა მოულოდნელად შეწყდა, თუმცა ამდაგვარი ცალკეული შემთხვევები დღემდე კვლავ გრძელდება".

- აი, ხომ ხედავთ, - თქვა ჰოლმსმა და ენციკლოპედიის ტომი გვერდზე გადადო, - ორგანიზაციის საქმიანობის შენელება ოპენშოუს სამშობლოში უეცარ გამომგზავრებასთან რაღაც კავშირში უნდა იყოს. ჯონ ოპენშოუმ ხომ თქვა, ბიძაჩემმა ქაღალდები მთლიანად დასწვაო. აქედან ცხადია, რომ პოლკოვნიკს ორგანიზაციის დოკუმენტაცია თან წამოუღია. ადვილი შესაძლებელია ოპენშოუთა დევნის საბაბი სწორედ ეს იყოს და, ალბათ სწორედ ამიტომ ასე უმოწყალოდ ანადგურებენ მათ სგვარსა და ჯილაგს. ხომ გესმით, სამხრეთის რამდენ გამოჩენილ მოღვაწეს არ შეუძლია მშვიდად იძინოს მანამ, ვიდრე დღიური და ის დოკუმენტები, რაც პოლკოვნიკმა ოპენშოუმ გამოიტაცა, ხელთ არ ექნებათ?

- მაშასადამე, ფურცელი, რომელიც ჩვენი თვალით ვნახეთ...

- სშორედ ისეთი იყო, როგორის მოლოდინიც უნდა გვქონოდა. თუ სწორად მახსოვს, იქ ეწერა: კურკები გაეგზავნათ ა, ბ, გ-სო. ესე იგი, ამ ადამიანებს დაეგზავნათ გაფრთხილებანი. მერე ეწერა: "ა" და "ბ" გაეცალნენო (იგულისხმება ამერიკიდან წასვლა), ხოლო გ-ს ესტუმრნენო. ცხადია, "გ" მოკლეს. მე მგონია, უოტსონ, ჩვენ ერთგვარ ნათელს მოვფენთ ამ საქმეს, ხოლო ოპენშოუს გადარჩენა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მალე შეასრულებს ჩემს დარიგებას. ამაღამ ჩვენ მეტს ვეღარაფერს ვიღონებთ. ამიტომ გთხოვთ, ჩემი ვიოლინო მომაწოდოთ და ამინდისა და ადამიანების უკეთურობაზე ფიქრი ჩვენი მეხსიერებიდან მუსიკის საამო ჰანგებით გავაქროთ.

დილით ქარიშხალი ჩადგა და მზის სხივები უზარმაზარ ქალაქს თვს დაწოლილ ნისლში აქა-იქ ცრიატებდა. დაბლა ჩამოსულს შერლოკ ჰოლმსი უკვე სასადილო მაგიდასთან დამიხვდა.

- მაპატიეთ, რომ საუზმეს უთქვენოდ შევექცევი, - მოიბოდიშა მან. - წინასწარ ვჭვრეტ, რომ ოპენშოუს დასახმარებლად ბევრი ზრუნვა დამჭირდება.

- რა ზომების მიღებას აპირებთ? - ვკითხე მე.

- ეს დამოკიდებულია იმაზე, რას მომცემს საქმის პირველი მოკვლევა. იქნებ, ჰორშემში არ მიემგზავრებით?

- არა, სიტიდან უნდა დავიწყო. ზარი დარეკეთ და მოსამსახურე ყავას შემოგვიტანს.

ყავის მოლოდინში დილის გაზეთის გადათვალიერება დავიწყე. უცებ ისეთ სათაურს მოვკარი თვალი, რომ ძარღვებში სისხლი გამეყინა.

- ჰოლმს, - წამოვიყვირე მე, - თქვენ უკვე დააგვიანეთ.

- რას ამბობთ! - იკითხა მან და ფინჯანი ხელიდან გააგდო, - მეშინოდა და ველოდი, რომ ეს უბედურება მოხდებოდა. მაინც როგორ მოუკლავთ? - ის ახლა უკვე მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ ვატყობდი, რომ ერთიანად ამღვრეული იყო.

გაზეთის დათვალიერებისას თვალში გვარი ოპენშოუ და სათაური "ვატერლოოს ხიდზე მომხდარი ტრაგედია", - მეცა. აი, როგორ იყო მოთხრობილი მომხდარი ტრაგედია: დაახლოებით ათის ნახევარზე, პოლიციის კონსტებლმა კუკმა, რომელიც ვატერლოოს ხიდთან მორიგეობდა, გაიგონა ვიღაცის ყვირილი - მიშველეთო და წყალში ჩავარდნილის ტყლაშუნსაც მოჰკრა ყური. მაგრამ ღამე ძალიან ბნელი იყო, ქარიშხალი მძვინვარებდა და, მიუხედავად რამდენიმე გამვლელის თავგამოდებული ცდისა, განწირული ვერ გადაარჩინეს. საგანგაშო ნიშანზე მთელი სამდინარო პოლიცია ფეხზე დადგა და გვამი იპოვეს. დამხრჩვალს ჯიბეში უნახეს კონვერტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ იგი ჰორშემელი ჯონ ოპენშოუა. ვარაუდობენ, რომ იგი ვატერლოოდან გამავალ ბოლო მატარებელზე იჩქაროდა, სიბნელეში გზა დაკარგა და სამდინარო ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ბილიკზე მოხვდა. სხეულზე ძალადობის ნიშანი არ აღმოჩნდა და უეჭველია, რომ მთლად ახალგაზრდა კაცი უბედური შემთხვევის მსხვერპლი შეიქმნა. ეს უბედური შემთხვევა ქალაქის მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს და ნავმისადგომებს მიხედოს.

რამდენიმე წუთს ჩუმად ვისხედით. ჰოლმსი ასე დაბეჩავებული და მოტეხილი არაოდეს მინახავს.

- ეს ამბავი თავმოყვარეობას მილახავს, უოტსონ, - წარმოთქვა მან ბოლოს. - მართალია, თავმოყვარეობა პატარა გრძნობაა, მაგრამ ამ ამბავმა ჩემს თავმოყვარეობას გამანადგურებელი ლახვარი ჩასცა. ოპენშოუს საქმე ახლა ჩემს პირად საქმედ იქცა და თუ შემოქმედმა ჯანმრთელობა არ წამართვა, მთელ ბანდას გამოვიჭერ. იგი ჩემთან საშველად მოვიდა, მე კი სასიკვდილოდ გავგზავნე!.. - ჰოლმსი ფეხზე წამოიჭრა და ოთახში აღელვებული მიმოდიოდა. ფერმკრთალი სახე წამოსწითლებოდა და ნერვიულობისაგან თითებს იგრეხდა.

- სატანასავით გაქნილი ავაზაკები კი ყოფილან, - წამოიძახა მან ბოლოს. - როგორ შეაცდინეს და დაბლა როგორ ჩაიყვანეს? ნავმისადგომი სადგურისაკენ მიმავალ გზაზე როდია. ხიდზე ასეთ ამინდშიაც კი ბევრი ხალხი იქნებოდა. რაკი აგრეა, ვნახოთ, ბოლოს ვინ დარჩება გამარჯვებული. უოტსონ, ახლა კი მე წავალ!

- პოლიციაში?

- არა, მე თვითონ ვიქნები მაგათთვის პოლიცია. ისეთ ბადეს მოვქსოვ, რომ ვეღარსად გამიფრინდნენ და პოლიციის ხელში თვითონვე ჩაცვივდნენ.

მთელი დღე ჩემი საქმე მქონდა და ბეიკერსტრიტზე გვიან ღამით დავბრუნდი. შერლოკ ჰოლმსი ჯერ კიდევ არ მოსულიყო. ღამის ათი იქნებოდა, როცა დაღლილ-დაქანცული ოთახში შემოვიდა. იგი კარადასთან მივიდა, პური მოიტეხა, ჭამა დაუწყო და თან წყალს აყოლებდა.

- მშიერი ხართ? - ვკითხე მე.

- მგელივით. სულ გადამავიწყდა, რომ საჭმელი მეჭამა. დილიდან ლუკმა არ ჩამიდევს პირში.

- დილიდან?

- ჰო, მაგისი დრო არა მქონდა.

- საქმე, საქმე როგორღაა?

- კარგად.

- იპოვეთ გასაღები?

- დიახ, და ახალგაზრდა ოპენშოუ მალე შურნაძიები იქნება. ამ ავაზაკებს მათივე იარაღით უნდა ვებრძოლოთ და მათივე სატანური დაღი უნდა დავასვა. ცუდი აზრია?

- რას გულისხმობთ? ვერ მივხვდი.

მან კარადიდან ფორთოხალი გამოიღო, დაჭრა და თესლის კურკები გამოაცალა. მერე ხუთი გადათვალა და კონვერტში ჩაყარა. კონვერტის შიგნით შ. ჰ. წააწერა, ხოლო კონვერტზე - "კაპიტან ჯეიმს კოლჰაუნს, იალქნიანი ორჩხომელი "მარტოხელა ვარსკვლავი", სავანა, ჯორჯია".

- ეს წერილი კოლჰაუნს ნავსადგურში დაუხვდება და ამაღამ აღარც დაიძინებს, - ჩაიხითხითა ჰოლმსმა. - იგი ამ წერილს, რაღა თქმა უნდა, თავისი ბედისწერის აღსასრულად მიიჩნევს.

- ვინაა კაპიტანი კოლჰაუნი?

- ესაა მეთაური იმ ბანდისა, რომელმაც ოპენშოუთა ჯილაგი ამოსწყვიტა. მე სხვებსაც მოვუვლი, მაგრამ კოლჰაუნი პირველი იქნება.

- როგორ მიაგენით?

ჰოლმსმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, რომელზედაც სახელებისა და თარიღების მეტი არაფერი ეწერა.

- მთელი დღე ლოიდის რეგისტრაციის ჟურნალის ჩხრეკასა და ძველი ქაღალდების ქექვას მოვუნდი. რა გემიც კი პონდიშერიდან 1883 წლის იანვარ-თებერვალში ლონდონში შემოსულა, ყველას ასავალ-დასავალი შევიტყვე. სულ ოცდათექვსმეტი გემი ყოფილა ისეთი წყალწევისა, რომელიც მე მაინტერესებდა. მათ შორის ერთ-ერთმა - "მარტოხელა ვარსკვლავმა" უცებ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რადგან პონდიშერიდან მას კურსი პირდაპირ ლონდონისაკენ აუღია. ამასთანავე ამ გემის სახელი ამერიკის ერთ-ერთი შტატის ზედმეტი სახელია.

- მგონი, ტეხასისა, არა?

- კარგად არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი, რომლისა, მაგრამ ეჭვით ვგრძნობდი, რომ ასე იყო. მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ გემი ამერიკული წარმოშობისა უნდა ყოფილიყო.

- მერე?

- მერე 1885 წლის იანვარში დანდის ნავსადგურში გავსინჯე გემების მისვლა-მოსვლა და დავადგინე, რომ იალქნიანი გემი "მარტოხელა ვარსკვლავი" 1885 წლის იანვარში დანდში შემოვიდა. ჩემი ეჭვები თანდათან რწმენად იქცა. ამის მერე ამჟამად ლონდონში მყოფი გემების სია გადავსინჯე.

- და მერე?

- და აღმოვაჩინე, რომ "მარტოხელა ვარსკვლავი" ლონდონის ნავსადგურში წარსულ კვირას შემოვიდა. იმწამსვე ელბერტის დოკებისაკენ დავეშვი, მაგრამ ადგილზე მისულს მითხრეს, დღეს დილით "მარტოხელა ვარსკვლავმა" აფრა აუშვა, მდინარის დინებას გაჰყვა და გეზი სავანისაკენ აიღოო. იმწამსვე დეპეშა გავუგზავნე გრევეზენდს, მაგრამ იქაც ვერ მივუსწარი და, ვინაიდან აღმოსავლეთის ქარი უბერავს, ალბათ "მარტოხელა ვარსკვლავი" ახლა კუნძულ უაიტთან იქნება მისული.

- ახლა რა უნდა ჰქნათ?

- მთელ გემზე მხოლოდ კოლჰაუნი და ორიც სხვა მეზღვაური არიან ამერიკელები. ახლა ისინი თაგვებივით მყავს გამოჭერილი, ვიცი, რომ წუხანდელი ღამე გემზე არც ერთს არ გაუტარებია. ეს გემის მტვირთავმა მუშამ მითხრა. ვიდრე "მარტოხელა ვარსკვლავი" სავანას მიაღწევდეს, იქ უმალ საფოსტო გემით ჩემი წერილი მივა, ხოლო პოლიცია ტელეგრაფის საშუალებით შეიტყობს, რომ გემზე მყოფ სამ ჯენტლმენს ბრალი ედებათ ადამიანის განზრახ მკვლელობაში.

მაგრამ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ნამდვილად ისეა. ჯონ ოპენშოუს მკვლელებმა ვეღარ იხილეს ჰოლმსისგან გაგზავნილი ფორთოხლის გამხმარი კურკები, რომელიც მათ შიშის ზაფრას დასცემდათ და გააგებინებდა, რომ მათზე უფრო საზრიანი და გამბედავი ადამიანი ჩაუდგათ კვალში. იმ წელიწადს ბუნიობის ქარიშხალი ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი გამოდგა. "მარტოხელა ვარსკვლავზე" სავანიდან ამბის გაგებას ბევრი ველოდეთ, მაგრამ ამაო იყო ჩვენი ლოდინი. დაბოლოს, შევიტყვეთ, რომ "მარტოხელა ვარსკვლავი" ქარიშხალსა და ღელვას სამუდამოდ დაეტოვებინა ატლანტიკის ოკეანეში.