ცხოვრების უკანასკნელი რვა წელიწადი განუყრელად გავატარე ჩემს მეგობართან ერთად და საშუალება მქონდა მისი კვლევა-ძიების მეთოდს დავკვირვებოდი. ჰოლმსის უჩვეულო კვლევა-ძიებაზე ჩემეული ჩანაწერები სამოცდაათს აღემატება. მრავალი მათგანი ტრაგიკულია, რამდენიმე კომიკურიცაა, ბევრი უცნაური და შიშისმომგვრელი გახლავთ, მაგრამ ჩვეულებრივი და საშუალო ამბავი მათში არ ურევია. ჰოლმსი ხომ თავისი პროფესიის ტრფიალი იყო და მისი სიყვარულით სულდგმულებდა! ეს სიყვარული და არა სიმდიდრის მოხვეჭის საწადელი იყო იმის მიზეზი, რომ ჩემი მეგობარი მუდამ უცნაურ, უჩვეულო, დახლართულ, ფანტასტიკურ ამბებს იკვლევდა და ჩვეულებრივ შემთხვევებს სათოფეზეც არ ეკარებოდა. იმ სხვადასხვა შემთხვევებიდან ყველაზე უფრო განსაკუთრებული, ჩემი აზრით, ინგლისის სამხრეთის საგრაფო სერეიში კარგად ცნობილი ექიმის, როილოტის ამბავია აღსანიშნავი. ეს შემთხვევა ჩემი და ჰოლმსის დამეგობრების პირველ ხანებში მოხდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ორივენი უცოლონი ვიყავით. ბეიკერსტრიტზე ვცხოვრობდით, ცა ქუდად არ მიგვაჩნდა და დედამიწა - ქალამნად. ალბათ, ამ ამბის ჩანაწერს უფრო ადრე დავბეჭდავდი, მაგრამ ერთ ქალბატონს აღვუთქვი, ამ შემთხვევას ქვეყანას არ მოვდებ-მეთქი და სიტყვა ავასრულე. ახლა, იმ ქალბატონის უდროო სიკვდილმა, რაც წარსულ თვეში მოხდა, დადებული აღთქმისაგან გამათავისუფლა. შესაძლოა, ამ შემთხვევის დღის სინათლეზე დაგვიანებით გამოტანა საქმისათვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, ვინაიდან ექიმი გრიმესბი როილოტის აღსასრულზე, სერეიში, იმაზე უფრო საშინელი მითქმა-მოთქმაა, ვიდრე სინამდვილეში მოხდა.
1883 წლის აპრილის ერთ დილით ახლად გამოღვიძებულმა დავინახე, რომ საგარეო ტანსაცმელში გამოწყობილი ჰოლმსი ჩემს საწოლთან მოსულა და თავზე დამდგომია. იგი, ჩვეულებრივ, გვიან დგებოდა ხოლმე და წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა ბუხრის თავზე საათის ისრებს მოვკარი თვალი და გავარკვიე, რომ მხოლოდ რვის თხუთმეტი წუთი იყო. ცოტათი აღვშფოთდი კიდეც და მინდოდა ჩემი გულისწყრომა გამომეხატა, ვინაიდან ჩვეულებად მქონდა ლოგინიდან მოგვიანებით ადგომა.
- ძალიან ვწუხვარ, რომ გაგაღვიძეთ, უოტსონ, - მოიბოდიშა ჰოლმსმა, - მაგრამ ალბათ ზეცაში გადაწყდა, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი ხვედრი ასეთი უნდა ყოფილიყო. ჯერ ჰაიჰარად მისის ჰადსონი გაუღვიძებიათ, მან მე გამაღვიძა და მეც, მეტი ჩარა არ იყო, თქვენ გამოგაღვიძეთ.
- რა მოხდა, ხანძარია?
- არა, კლიენტია. ვიღაც აფორიაქებული ახალგაზრდა ლედი გვესტუმრა და დაუყოვნებლივ ჩემს ნახვას ითხოვს. იგი სასტუმროშია და იქ გველოდება. როცა ახალგაზრდა ლედი ასე სისხამ დილით დედაქალაქის ქუჩებში სიარულს გაბედავს და არც იმას მოერიდება, რომ სრულიად უცნობი ხალხი გარიჟრაჟზე ლოგინიდან წამოყაროს, ალბათ რაიმე მნიშვნელოვან ამბავს გვაუწყებს. ჩემი აზრით, საქმე ძალიან საინტერესო უნდა იყოს, და მე არ მინდა, რომ მერე სანანებლად დაგრჩეთ. რატომ თავიდანვე არ მოვუსმინეო.
- ჩემო ძვირფასო მეგობარო, ახლავე მზად ვიქნები და ახალგაზრდა ლედის თქვენთან ერთად მოვუსმენ.
აბა მითხარით, რა უნდა ყოფილიყო იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე ჩემი მეგობრის მიერ კვლევა-ძიების წარმართვა, რასაც თან სდევდა: დედუქციური მეთოდის გამოყენება, მტკიცე ლოგიკური მსჯელობა, სწრაფი ორიენტაცია, მახვილგონიერი ალღოიანობა და საბოლოო ანგარიშით პრობლემის გადაჭრა და დანაშაულის კვანძის გახსნა. სასწრაფოდ ჩავიცვი და რამდენიმე წამში უკვე მზად ვიყავი, რათა ჩემს მეგობარს სასტუმრო ოთახში გავყოლოდი. სასტუმროში რომ შევედით, შავებით მოსილი, პირბადიანი ლედი ფეხზე წამოდგა.
- დილა მშვიდობისა, ქალბატონო, - მიესალმა ჰოლმსი. - მე გახლავართ შერლოკ ჰოლმსი. ეს კი ჩემი მეგობარი და თანაშემწე უოტსონია, რომელთანაც ისევე თავისუფლად შეგიძლიათ ილაპარაკოთ, როგორც პირადად ჩემთან. ჰა, ძალიან გამეხარდა, რომ მისის ჰადსონს მოუფიქრებია და ბუხარი დაუნთია. გთხოვთ, ახლოს დაჯდეთ ბუხართან, ვუბრძანებ, ცხელი ყავა მოგართვან. ვხედავ, ერთიანად გაკანკალებთ.
- სიცივისაგან არ მაკანკალებს, - დაბალი ხმით წამოიწყო ქალმა და ჰოლმსის თხოვნისამებრ ბუხართან გადმოჯდა.
- აბა რა მიზეზით ცახცახებთ ასე?
- შიშისაგან, მისტერ ჰოლმს, ელდისაგან, - თქვა ეს და პირბადე აიწია. ჩვენ დავინახეთ, რომ საწყალი ქალი მართლაც საცოდავ დღეში იყო. ფერმიხდილი სახე შიშისაგან დაღრეჯოდა, მონადირეთაგან დევნილი ნადირივით თვალები მოეწკურა და აქეთ-იქით აცეცებდა. სახე და ტანი ოცდაათი წლის ქალისა ჰქონდა, მაგრამ თმაში ნაადრევად შეპარვოდა ჭაღარა. შერლოკ ჰოლმსმა თავისი ყოვლისმჭვრეტელი მზერით სწრაფად შეათვალიერა მოსული.
- საშიში არაფერია, - წყნარად უთხრა ჰოლმსმა, წინ გადაიხარა და ლედის მხრებზე ხელი მოუთათუნა. - ეჭვი არ მეპარება, ჩვენ შევძლებთ საშიშროება თავიდან აგაცილოთ. თქვენ ამ დილით მატარებლით ჩამობრძანდით, არა?
- როგორ, თქვენ მე მიცნობთ?
- არა, მაგრამ თქვენს ხელთათმანში უკან დასაბრუნებელი ბილეთი შევნიშნე. ძალიან ადრე ამდგარხართ და მერე მატარებლის სადგურში მისვლამდე, ორბორბლიან ეტლს ძალიან ცუდი გზებით უტარებიხართ.
ქალი ამ სიტყვებზე ადგილიდან წამოიჭრა და ჩემს მეგობარს დაბნეული მიაჩერდა.
- აქ საკვირველი არაფერია, ძვირფასო ქალბატონო, - დაყვავებით თქვა ჰოლმსმა. - თქვენი ზედატანის მარცხენა სახელო ერთ შვიდ ადგილას მაინცაა ლაფის შხეფებით დასვრილი, თანაც ტალახის წინწკლები ჯერ კიდევ არაა შემშრალი. ასე მხოლოდ ორბორბლიან ეტლში ჯდომისას შეიძლება დაისვაროს ადამიანი და ისიც, თუ მეეტლის მარცხნივ ზის.
- არ ვიცი, რა გზით მიხვედით მაგ დასკვნამდე, მაგრამ ყველაფერი კი სწორედ ასე გახლავთ, - თქვა ქალმა. - ჯერ ექვსი საათიც არ იყო, სახლიდან რომ გამოვედი, ოც წუთში ლეათერჰედში ვიყავი, პირველივე მატარებელს ლონდონისაკენ გამოვყევი და ვატერლოოს სადგურში ჩამოვედი. მეტის ატანა აღარ შემიძლია, სერ, თუ ეს დაძაბულობა ასე გაგრძელდა, ნამდვილად შევიშლები. არავინ არა მყავს, რომ დამეხმაროს და ამ გასაჭირიდან გამომიყვანოს. მხოლოდ ერთი საწყალი ყმაწვილია და ჩემი შველა იმასაც არაფრით შეუძლია. თქვენზე მისის ფარინტოშისაგან მსმენია. იგი ხომ უკიდურესი გაჭირვებისაგან დაიხსენით. მისის ფარინტოშმა მომცა თქვენი მისამართი. ოჰ, სერ, იმედია, მეც დამიხსნით გასაჭირიდან, ანდა ყოველ შემთხვევაში ცოტა ნათელს მაინც მოჰფენთ იმ წყვდიადს, რომელშიაც მე მოვექეცი! თქვენთვის გასამრჯელოს გადახდა ამჟამად არ შემიძლია, მაგრამ ერთ-ორ თვეში გავთხოვდები, ჩემი შემოსავლის გამგებლობის უფლებას მივიღებ, და ნახავთ, რომ მე უმადური ადამიანი არა ვარ.
ჰოლმსი მაღალ საწერ მაგიდას მიუახლოვდა. უჯრა გამოაღო და იქიდან ჩანაწერების წიგნი ამოიღო.
- ფარინტოში, ჰო, მაგონდება. ეს ჩვენს გაცნობამდე მოხდა, უოტსონ, და საქმე ტიარას ეხებოდა. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, ქალბატონო, რომ თქვენს საქმეს ისეთივე თავდადებითა და გულისყურით მოვეკიდები, როგორც მაშინ იმ თქვენი მეგობრის საქმეს მოვეკიდე. რაც შეეხება გასამრჯელოს, ჩემი პროფესია ჩემთვის თვითონაა ჯილდოც და გასამრჯელოც. თქვენ შეგიძლიათ გადამიხადოთ ის თანხა, რაც ამ საქმეზე დამეხარჯება და ისიც მაშინ, როცა თქვენთვის მიზანშეწონილი იქნება. ახლა კეთილი ინებეთ და საქმის გარშემო ყოველივე დაწვრილებით მომიყევით.
- ვაი რომ, ჩემი მდგომარეობის საშინელება სწორედ ისაა, ბურანიდან ვერ გამოვრკვეულვარ და ჩემს შიშსა და ეჭვებს ძალიან მცირე საფუძველი აქვს. სხვებისთვის ჩემი ეჭვების მიზეზი იმდენად უმნიშვნელოა, რომ თვითონ ისიც კი, ვისაც უფლება მაქვს რჩევისა და დახმარებისათვის მივმართო, ყოველივეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფად ნათლავს და ნერვიული ქალის ნაბოდვარს უწოდებს. მართალია, ეს სიტყვები ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ მისი ტკბილი დამამშვიდებელი სიტყვები და ჩემი მზერისაგან თვალის არიდება ყოველივეს უსიტყვოდ მაგრძნობინებს. როგორც მითხრეს, მისტერ ჰოლმს, თქვენ ღრმად იხედებით ადამიანის სულში და სამზეოზე გამოგაქვთ ზოგიერთი მათგანის არსებაში ღრმად დაბუდებული ბოროტი ზრახვები. სწორედ ამიტომ მოგმართეთ და მწამს, რომ აუცილებლად მომცემთ რჩევა-დარიგებას, თუ როგორ დავაღწიო თავი გარსმოჯარულ უბედურებას.
- მე მთელი გულისყურით გისმენთ, ქალბატონო.
- მე ელენ სტონერი გახლავართ და მამინაცვალთან ერთად ვცხოვრობ. იგი საქსონელთა უძველესი გვარის უკანასკნელი ნაშიერი გახლავთ - სტოუკ მორანელი როილოტი. მათი მამულები წინათ სერეის საგრაფოს დასავლეთ კიდეზე ყოფილა.
ჰოლმსმა თავი დაუქნია, - ჩემთვის ეს ნაცნობი გვარიაო, - უთხრა. - ინგლისში ერთ დროს ეს ოჯახი უმდიდრესი იყო. მათი მამულები ჩრდილოეთით ბერკშირამდე აღწევდა და იქაც იჭრებოდა, ხოლო დასავლეთით ჰემპშირამდე იყო გადაჭიმული. ოთხმა უკანასკნელმა თაობამ თავიანთი ხელგაშლილობითა და უყაირათობით ეს დიდი ოჯახი გაღატაკებამდე მიიყვანა. აზარტულ თამაშობათა მოყვარულმა უკანასკნელმა მემკვიდრემ კი, რეგენტობის დროს, საბოლოოდ დააქცია მთელი ოჯახი. ახლა მათ ბარობაზე რამდენიმე აკრი მიწისა და ძველი, ორასწლოვანი სახლის გარდა აღარაფერია და ის ძველი სახლიც დაგირავებული გახლავთ.
ამ გვარ-გუჯაბის უკანასკნელ მემამულეს ღატაკი არისტოკრატის მძიმე ხვედრი ხვდა წილად და თავისი სიცოცხლის დღენი სიდუხჭირეში გალია. მაგრამ მისმა მხოლოდშობილმა შვილმა, ჩემმა მამინაცვალმა, ცხოვრებაში მეტი ფხა გამოიჩინა. ერთი ნათესავისაგან ფული ისესხა, სამედიცინო განათლება მიიღო და სამუშაოდ კალკუტაში გაემგზავრა. იქ თავისი ცოდნით, მოხერხებით, სიმარჯვით და ძლიერი ხასიათის წყალობით კარგი პრაქტიკა იშოვა. მაგრამ ერთ დღეს მას სახლი გაუქურდეს. დანაკარგით შეძრწუნებულმა და განრისხებულმა როილოტმა თავისი მოურავი ისე მაგრად სცემა, რომ იმ უბედურმა ფეხები გაჭიმა, რის გამოც ჩემი მამინაცვალი დააპატიმრეს და სიკვდილის დასჯას ძლივს გადაურჩა. როილოტი ყველაზე და ყველაფერზე აღრენილი, პირქუში და იმედგაცრუებული დაბრუნდა სამშობლოში. ინდოეთში ყოფნის დროს როილოტმა დედაჩემზე, ბენგალიის არტილერიის გენერალ-მაიორის ახალგაზრდა ქვრივ მისის სტონერზე დაიწერა ჯვარი. მე და ჩემი ტყუპის ცალი და ჯულია, მაშინ ორ-ორი წლისანიც არ ვიყავით. დედას წლიურად კარგა გვარიანი შემოსავალი ჰქონდა. მთელი წლიური შემოსავალი მან დოქტორ როილოტის განკარგულებაში გადასცა, იმ დრომდე, ვიდრე ჩვენ მასთან ერთად ვიცხოვრებდით. ჩემი, ან ჩემი დის გათხოვების შემთხვევაში, იმ წლიური შემოსავლიდან, გარკვეული თანხა ჩემსა და ჩემს დაზეც უნდა განაწილდეს. ინგლისში დაბრუნების შემდეგ დედა მალე დავკარგეთ. იგი, რვა წლის წინათ, რკინიგზაზე გრივთან მომხდარი კატასტროფის მსხვერპლი შეიქმნა. მისი დაღუპვის შემდეგ, როილოტმა ლონდონში დასახლებისა და იქ სამედიცინო პრაქტიკის მოკიდების მცდელობას თავი მიანება, საცხოვრებლად საგვარეულო მამულში სტოკ მორანში გადავიდა და ჩვენც თან წაგვიყვანა. ის შემოსავალი, რაც დედამ დაგვიტოვა, სრულიად საკმარისი იყო ყველა ჩვენი სურვილის დასაკმაყოფილებლად და თითქოს ჩვენი ბედნიერებისათვის ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა.
მაგრამ იმ ხანებში ჩვენი მამინაცვალი საშინლად გამოიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა მეზობლებთან, რომლებიც მის გამოჩენას თავის მამაპაპეულ მამულში პირველ ხანებში დიდი სიხარულით შეხვდნენ, იგი სახლში ჩაიკეტა და გარეთ იშვიათად გამოდიოდა. ხოლო თუ გამოვიდოდა, თითქოს იმიტომ, რომ გზად პირველივე შემხვედრისათვის თავს რისხვა დაეტეხა და ერთი ვაი-უშველებელი დაეწია. მანიად ქცეული ხასიათის თანდაყოლილი სიშმაგე და მოუთმენლობა მისი გვარის მამაკაცებს მემკვიდრეობით ჰქონდათ ჯილაგში გამჯდარი და ვფიქრობ, ყველაზე მეტად იგი ჩემს მამინაცვალს ტროპიკულ ქვეყანაში ყოფნამ გაუძლიერა.
ჩემს მამინაცვალს მეზობლებთან ბევრი შეხლა-შემოხლა მოუხდა. ორმა შემთხვევამ იგი საპოლიციო უბნამდეც მიიყვანა. ერთი სიტყვით, ექიმი როილოტი მთელი სოფლის საფრთხობელად გადაიქცა. მასთან პირისპირ შეყრას ყველა გაურბოდა, ვინაიდან იგი არაბუნებრივი ფიზიკური ძალის პატრონია და მრისხანების ჟამს თავშეუკავებელი გახლავთ.
წარსულ კვირას მან ხიდიდან წყალში ისროლა სოფლის მჭედელი და სახალხოდ თავის მოჭრას ის ვამჯობინე, რაც კი რამ მებადა, დამეხარჯა და საქმე მიმეჩქმალა. ერთადერთი, ვისთანაც საერთო ენა გამონახა და მეგობრობს, მოხეტიალე ცხოვრების მოყვარული ბოშები არიან. მათ ნებას აძლევს მის კუთვნილ ძაღლმაყვალათი გადავლილ მამულში დასცენ კარვები და თვითონაც მათთან ერთად კვირაობით იკარგება ხოლმე. ყველა სიკეთესთან ერთად ერთი ვნებაც სჭირს, ინდოეთიდან გამოგზავნილი ცხოველების ნამდვილი ტრფიალი გახლავთ. ამ წუთსაც მის კუთვნილ მიწაზე თავისუფლად დანავრდობენ გაწვრთნილი მონადირე ავაზა და მაიმუნი, რომლებიც პატრონივით, შიშის ზარს სცემენ გამვლელ-გამომვლელთ.
ჩემი მონათხრობიდან ალბათ თქვენთვის ცხადი ხდება, რომ მე და ჩემს დას ვერაფერი სიამოვნებით აღსავსე ცხოვრება გვქონდა. არც ერთი მსახური არ გაგვიჩერდა და სახლის მთელი სამუშაო, კარგა ხანს კისრად ჩვენ გვაწვა. საცოდავი ჩემი და ოცდაათი წლისაც არ იყო, რომ მოკვდა და თმაში, ჩემი არ იყოს, ნაადრევად შეეპარა ზამთარი.
- თქვენი და გარდაიცვალა?
- დიახ, ორი წელია, რაც აღესრულა და სწორედ მის სიკვდილზე მინდა გიამბოთ. რა თქმა უნდა, თქვენთვის გასაგებია, რომ იმ პირობებში, რომელშიაც ვცხოვრობდით, შესაძლებლობა არა გვქონდა ჩვენს ტოლებში გაგვეხარა და ახალგაზრდა ვაჟებს შევხვედროდით.
გვყავდა ერთადერთი დეიდა მის ჰონორია უესტფაილი, რომელიც ჰერონუს მახლობლად ცხოვრობდა. ჩვენ იშვიათად და ისიც ძალიან მცირე ხნით გვეძლეოდა ნება დეიდასთან სტუმრად წავსულიყავით. ორი წლის წინათ, ჯულია დეიდასთან შობის დღესასწაულზე გაემგზავრა. იქ გაიცნო ფლოტის გადამდგარი მაიორი, რომელმაც ჩემი და დანიშნა. მამინაცვალმა ეს ამბავი, ჯულია რომ დაბრუნდა, მაშინ შეიტყო და საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს. მაგრამ ქორწინების დანიშნულ დღეზე ორი კვირით ადრე, ღამით თავს დაგვატყდა უდიდესი უბედურება, რომელმაც ცხოვრებაში ერთადერთი ნუგეშიც წამართვა...
შერლოკ ჰოლმსი სავარძელში გადაწოლილი, თვალდახუჭული ისმენდა ახალგაზრდა ქალის ნაამბობს. უცებ წინ წამოიწია, თვალები სანახევროდ გაახილა და სტუმარს დაყვავებით მიმართა:
- გთხოვთ, ისე გაიხსენოთ ყველაფერი, რომ რაიმე წვრილმანიც კი არ გამოგრჩეთ.
- ჩემთვის იოლია ყოველგვარი წვრილმანის გახსენება, მისტერ ჰოლმს, ვინაიდან იმ საშინელი დროის ყველა განცდა ღრმად აღმებეჭდა მეხსიერებაში. როგორც გითხარით, სახლი ძალიან ძველია და საცხოვრებლად მხოლოდ ერთი ფრთა გვაქვს გამოყენებული. საწოლი ოთახები ამ ფრთის პირველ სართულზეა განლაგებული, სასტუმრო კი შენობის ცენტრში გახლავთ მოთავსებული. პირველი საძინებელი ოთახი ბოილოტისაა, მეორე ჩემი დის იყო, მესამე კი ჩემი. ოთახებს შორის არავითარი კავშირი არაა, გარდა იმისა, რომ გასასვლელი ყველა ოთახიდან ერთ დერეფანში გადის. გასაგებად გიყვებით?
- ნამდვილად კარგად ლაპარაკობთ.
- ოთახების ფანჯრები გუბურას გადასცქერის. იმ საბედისწერო ღამეს დოქტორი როილოტი ადრიანად გაემართა თავის ოთახისაკენ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ დასაძინებლად არ დაწოლილა. ჩემს დას მისი ინდური მაგარი სიგარების ბოლი აწუხებდა ხოლმე. რომელსაც იგი, ჩვეულებრივ, დაძინების წინ ეწეოდა. ჯულიამ თავისი ოთახიდან ჩემსაში გადმოინაცვლა და თავისი მომავალი ქორწინების ამბებზე მეჭუკჭუკებოდა. თერთმეტ საათზე წამოდგა და კარისაკენ გაემართა. უცებ შემობრუნდა და მოულოდნელად მკითხა:
"ელენ, გეთაყვა, ღამღამობით სტვენა ხომ არ ჩაგესმის ხოლმე ძილში?"
"არა, არასოდეს მსმენია", - ვუპასუხე მე.
"იქნებ თვითონ უსტვენ ხოლმე სიზმარში?"
"არა, არასოდეს, მაგრამ რატომ მეკითხები?"
"იმიტომ, რომ ამ ბოლო დღეებში, გამთენიისას, დაახლოებით სამ-ოთხ საათზე აშკარად მესმის ხოლმე სტვენა და სისინი. მე ხომ კურდღელივით ფრთხილი ძილი ვიცი, და იმ ხმაზე მეღვიძება. მხოლოდ ის ვერ გამირკვევია, საიდან მესმის ის ხმები. მეზობელი ოთახიდან, გუბურიდან თუ... რამდენი ხანია მინდოდა შენთვის მეკითხა, შენც გესმოდა თუ არა ის ხმები".
"არა, მე არა მსმენია. იქნებ ბოშები სტვენენ ხოლმე?"
"შეიძლება, მაგრამ თუ სტვენა გუბურის მხრიდან მოისმის, მაშინ, ჩემი აზრით, შენც უნდა გაგეგონა".
"მაგრამ, მე რომ მაგრად მძინავს!"
"თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს", - თქვა ეს, კარი გაიხურა, თავის ოთახში შევიდა და გავიგონე, როგორ გაიჩხაკუნა საკეტმა მის კარებში.
- მართლა? - იკითხა ჰოლმსმა, - ჩვეულებრივ თქვენ შიგნიდან იკეტებოდით ხოლმე ოთახებში?
- დიახ.
- რატომ?
- აკი, გითხარით, რომ როილოტს მონადირე ავაზა და მაიმუნი ჰყავს, რომლებიც ყველგან თავისუფლად დანავარდობენ. ჩვენ მშვიდად ძილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლო, თუ კარს შიგნიდან ჩავკეტავდით.
- გასაგებია. გთხოვთ განაგრძოთ.
- იმ ღამეს ვერა და ვერ დავიძინე. გარდაუვალი უბედურების გაურკვეველმა, ბუნდოვანმა წინათგრძნობამ ერთიანად შემბოჭა და თავის ტყვეობაში მომაქცია. მე უკვე გითხარით, რომ ჩვენ ტყუპები ვიყავით და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორ სათუთად და ფაქიზად უყვართ დედმამიშვილებს ერთმანეთი და ისიც ტყუპებს. რაღაც უჟმური ღამე იდგა. ქარი მძვინვარებდა და წვიმის წვეთები ფანჯრებს ეხეთქებოდნენ. უცებ ეს გუგუნი ქალის ამაზრზენმა კივილმა გაჰკვეთა. ჩემი დის ხმა ვიცანი. ლოგინიდან წამოვხტი, თავშალში გავეხვიე და დერეფანში გამოვვარდი. ოთახიდან გამოვედი თუ არა, სწორედ ისეთი დაბალი სტვენის ხმა მომეყურა, როგორიც წინა საღამოს ჩემმა დამ ამიწერა, მერე თითქოს ლითონის ნაჭერის დავარდნის ხმაც გავიგონე. ჯულიას ოთახთან მივირბინე და ვნახე კარი ნახევრად ღია იყო. იქ შიშისაგან დაფეთებული შევყოყმანდი. არ ვიცოდი, რა უბედურება გვეწვია და რა უნდა მეღონა. დერეფანში დადგმული ლამპის სინათლეზე დავინახე, რომ კარის ზღურბლზე ჩემი და მთვარეულივით გამობარბაცდა, იგი სრულიად ფერმიხდილი იყო და თითქოს მშველელს უხმობსო, ხელები წინ გამოეწვდინა. მივვარდი და ხელები შემოვხვიე. სწორედ იმ დროს უმტყუნა მუხლებმა და იატაკზე დავარდა. ეტყობოდა, საშინელი ტკივილებისააგნ იკრუნჩებოდა და კიდურები ერთიანად უკანკალებდა და ეგრიხებოდა. პირველად ის ვიფიქრე, ვერ მიცნო-მეთქი, მაგრამ მისკენ დავიხარე თუ არა, უცებ ისეთი ხმით დაიკივლა, რომ იმ ხმას ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებ.
"ოჰ, ღმერთო ჩემო! ჰელენ! ის ლენტი იყო! ჭრელი ლენტი!" კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, თითი დოქტორ როილოტის ოთახისკენ გაიშვირა, მაგრამ კრუნჩხვამ ახალი ძალით დარია ხელი და სათქმელი პირში შეატოვა. მე გარეთ გამოვვარდი და ჩემს მამინაცვალს ვუხმობდი, მაგრამ ის უკვე ხალათმოსხმული ჩემკენ მოიჩქაროდა. ოთახში შესულს ჩემი და უგრძნობლად დაუხვდა. მან გონდაკარგულს ბრენდი ჩაასხა პირში და სოფლის ექიმის მოსაყვანად კაცი აფრინა. მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა. ჯულია ისე გარდაიცვალა, რომ გრძნობაზე აღარ მოსულა. ასეთი საშინელი აღსასრული ხვდა წილად ჩემს საყვარელ დას..."
- ერთი წუთით შეგაწყვეტინებთ, - ჩაურთო ჰოლმსმა, - დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, რომ სტვენა და ლითონის დაბლა დაცემის ხმაური გაიგონეთ? შეგიძლიათ ეს ფიცით დაადასტუროთ?
- სწორედ ამას მეკითხებოდა გამომძიებელიც. ჩემი მტკიცე რწმენით და შეგრძნებით კარგად მახსოვს, რომ ნამდვილად გავიგონე, მაგრამ ქარის სისინისა და ძველი სახლის ჭრაჭაჭრუჭის გახსენებისას ეჭვები მერევა და ვიბნევი.
- თქვენი და ჩაცმული იყო?
- არა, საღამური ტანსაცმელი ემოსა. მარჯვენა ხელში დამწვარი ასანთის ღერი ეჭირა, მარცხენაში კი ასანთის ყუთი.
- ეს იმას მიანიშნებს, რომ მან ასანთი გაჰკრა და ნახა ის, რამაც შეაშინა. ეს ძალიან საყურადღებო დეტალია. რა დასკვნა გამოიტანა აქედან გამომძიებელმა?
- ძიებას დიდი გულისყურით მოეკიდნენ, ვინაიდან როილოტის ანჩხლი ბუნების და ახირებული ხასიათის ამბავი ყველამ კარგად უწყოდა, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. მე ძიებას ვუჩვენე, რომ კარი შიგნიდან იკეტებოდა ხოლმე და ფანჯრებზე კი დარაბები რკინის ფართო საიმედო ურდულებით ირაზებოდა. კედლები და იატაკიც დიდი ყურადღებით დაათვალიერეს, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს. მართალია, ბუხრის ყელი საკმაოდ განიერია, მაგრამ ისიც რკალებითა და ხუფებით ოთხგან გადაღობილი აღმოჩნდა. ამრიგად გარკვეული და დადგენილია, რომ თავის აღსასრულს ჩემი და სრულიად მარტო შეხვდა. ამას გარდა ძალადობის ნიშნებიც ვერ აღმოაჩინეს.
- მოწამვლაზე თუ მიიტანეს ეჭვი?
- ექიმებმა შეამოწმეს, მაგრამ არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი.
- აბა რამ მოკლა, თქვენი აზრით, ის უბედური ქალი?
- ჩემი ღრმა რწმენით, მას შიშმა და ნერვიულმა შოკმა მოუღო ბოლო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რამ, ან ვინ შეაშინა.
- ბოშები თქვენს ახლო იყვნენ დაბანაკებულნი?
- დიახ, ბოშები თითქმის მუდმივად ცხოვრობენ ჩვენს ახლოს.
- თქვენი აზრით, რა უნდა ვიგულისხმოთ თქვენი დის სიტყვებში: ლენტი, ჰელენ! ჭრელი, წინწკლებიანი ლენტიო?!
- ხანდახან მგონია, რომ ის მომაკვდავის ბოდვა იყო, ხან კი იმას ვფიქრობ, ჭრელიო, რომ წამოიძახა, ბოშებს ხომ არ გულისხმობდა-მეთქი. ბოშებს ხომ წინწკლებიანი ცხვირსახოცებით აქვთ ხოლმე წაკრული თავები. ალბათ ეს უცნაური ეპითეტი სწორედ იმ წინწკლებიანი ცხვირსახოცების გამო იხმარა.
ჰოლმსმა თავი იმგვარად გააქნია, ეტყობოდა, პასუხით კმაყოფილი არ იყო.
- არა, აქ წყალი ღრმაა და ფონი იოლად საპოვნელი როდია, - ჩაილაპარაკა თავისთვის და მერე ხმამაღლა დაუმატა, - გთხოვთ განაგრძოთ.
- ორი წელია, რაც სრულ სიმარტოვეში ვიმყოფები. ერთი თვის წინათ, ერთმა ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა პატივი დამდო და ხელი მთხოვა. ჩემი საქმრო გვარად ერმიტეჯია და სახელად პერსი ჰქვია. იგი კრეინუოტერელი, რედინგის ახლოსაა, მისტერ ერმიტეჯის მეორე ვაჟი გახლავთ. მამინაცვალი თანახმადაა რომ მას გავყვე და ჩვენ გაზაფხულზე უნდა ვიქორწინოთ. ორი დღის წინათ სახლის დასავლეთ ნაწილში, რაღაც აღდგენითი სამუშაოები წამოიწყეს, ჩემი საწოლის კედელი დაანგრიეს და მე ახლა ჩემი განსვენებული დის ოთახში, სწორედ იმ საწოლზე მძინავს, რომელზეც იმ უბედურმა ჰპოვა სიკვდილი. წარმოიდგენთ ალბათ, როგორი ჟრუანტელის მომგვრელი იქნებოდა, როცა ძილგამფრთხალსა და აკანკალებულს მთელი ღამე არ მეძინა და სწორედ ის ავისმაუწყებელი სტვენა მომესმა, რომელიც წინ უსწრებდა ჩემი დის სიკვდილს. იმწამსვე ფეხზე წამოვხტი და ლამპა ავანთე, მაგრამ ოთახში ჩემს გარდა არავინ იყო. შიშისაგან აცახცახებულს კვლავ ლოგინში ჩაწოლა აღარ შემეძლო, ტანსაცმელი ჩავიცვი და ინათა თუ არა, თავი ჩვენი სახლის მოპირდაპირედ მდგარ სასტუმრო "გვირგვინში" ამოვყავი. ორთვალა დავიქირავე, ლეთერჰელდში ჩავაღწიე, იქ მატარებელში ჩავჯექი და რჩევა-დარიგებისათვის თქვენსკენ გამოვეშურე.
- ძალიან ჭკვიანურადაც მოიქეცით, - უთხრა ჩემმა მეგობარმა, - მაგრამ ყველაფერი მითხარით?
- დიახ.
- არა, თქვენ ხელს აფარებთ მამინაცვლის ავკაცობას.
- რატომ გგონიათ, ან რა იგულისხმება თქვენს სიტყვებში?
პასუხის ნაცვლად ჰოლმსმა ქალის მაჯას ხელი წაატანა, სახელოზე სამშვენისად მიკერებული ყაითანი გადაუწია და ხუთი უხეში თითისაგან ჩასისხლიანებულ, ძალადობის აშკარა ნიშანზე მიუთითა.
- თქვენ ძალიან უხეშად მოგქცევიან, - უთხრა ჰოლმსმა.
ქალი წამოწითლდა და გაშიშვლებულ ხელზე სახელო ჩამოიწია. - მამინაცვალი ძალიან მკაცრი და არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალის პატრონია, - წარმოთქვა მან.
დუმილი ჩამოწვა. იდაყვდაყრდნობილი ჰოლმსი ბუხარში მოგიგიზე ცეცხლს მისჩერებოდა.
- ეს ძალიან ღრმადდაფარული ბნელი საქმეა, - წარმოთქვა მან ბოლოს. - ათასი წვრილმანი ამბავია, რაც წინასწარ უნდა ვიცოდე, ვიდრე ძიებას შევუდგებოდეთ. ამასთანავე დაყოვნებაც არ შეიძლება. თუ დღესვე სტოკ მორენში გავჩნდებით, შევძლებთ თუ ვერა ისე დავათვალიეროთ სახლი, რომ თქვენმა მამინაცვალმა ვერაფერი შეიტყოს?
- დილით მითხრა, დღეს აუცილებელ საქმეზე ქალაქში უნდა ჩავიდეო. ვფიქრობ, ის ქალაქში მთელ დღეს დაყოვნდება და თქვენ ხელს ვერავინ შეგიშლით. მართალია, სახლში მნე ქალი გვყავს, მაგრამ იგი მოხუცებულია და ცოტას მოისულელებს კიდეც. ასე რომ, მისი სახლიდან გასტუმრება არ გამიჭირდება.
- შესანიშნავი ამბავია. თქვენ ხომ წამოხვალთ, უოტსონ?
- აუცილებლად.
- ორივენი გეახლებით. თქვენ თვითონ რას აპირებთ?
- რაკი ქალაქში ვარ, ბარემ პატარ-პატარა საქმეებს მოვაგვარებ და თორმეტი საათისათვის შინ ვიქნები, რომ თქვენ ადგილზე დაგიხვდეთ.
- სწორედ მაგ დროისათვის ალბათ ჩვენც მოვასწრებთ რაღაც წვრილმანი ამბების მომთავრებას და სტოკ მორენში გავჩნდებით. ხომ არ ისაუზმებდით ჩვენთან ერთად?
- არა, მე უნდა წავიდე. რაც გული გადაგიშალეთ და ჩემი სატანჯველი გითხარით, თითქოს დავარხეინდი. მოუთმენლად დაგელოდებით ადგილზე.
მან შავი პირბადე ჩამოიწია და ოთახიდან გავიდა.
- თქვენ რას ფიქრობთ, უოტსონ, ყოველივე იმაზე, რაც იმ ქალმა გვიამბო? - მკითხა ჰოლმსმა და სავარძელში გადაწვა.
- ძალიან ბნელით მოცული, ბინძური საქმე უნდა იყოს.
- დიახ, ნამდვილად აგრეა.
- თუ ჩვენმა სტუმარმა ქალმა მართალი მიამბო, რომ იატაკი, ბუხარი, ფანჯრები და კარი უცხოსათვის შეუვალი იყო, ისე გამოდის, რომ მისი და იდუმალებით მოცულ სიკვდილს მარტოდმარტო შეხვედრია.
- მაშინ როგორ ავხსნათ ღამეული სტვენა და გარდაცვალებულის სიტყვები?
- ვერაფერს საგულისხმოს ვერ გეტყვით.
- მაგრამ თუ მომხდარ ამბებს თავს მოვუყრით, მაშინ, მე მგონია შეგვეძლება ეს იდუმალებით მოხდარი ბნელი საქმე გავხსნათ და ყველაფერს ნათელი მოვფინოთ, მაგალითად: ღამეული სტვენა, ბოშათა ურდო, რომლებიც ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან როილოტთან. იმავე როილოტის სისხლხორცეული დაინტერესება, რომ გერები არ გათხოვილიყვნენ და წლიური შემოსავალი არ შემცირებოდა, გარდაცვალებულის სიტყვები: ჭრელი, წინწკლებიანი ლენტიო, და თვითონ ჰელენ სტონერის მიერ გაგონილი ლითონის დავარდნის ხმაური, რაც შეიძლება ფანჯრის ურდულების ძალდატანებით გაღებისას მოხდა, ყოველივე ამას თუ გავაერთიანებთ, ვფიქრობ, კვანძს გავხსნით.
- მაგრამ რა შუაში არიან ბოშები?
- ვერ გეტყვით.
- იმ ვარაუდში, რომელიც თქვენ გამოთქვით, ბევრი წინააღმდეგობაა.
- მე თვითონაც ასე ვფიქრობ და ამიტომ ყოველივე ადგილზე უნდა შემოწმდეს. მაგრამ დალახვროს ეშმაკმა, ეს რაღა ოხრობაა!
უეცრად კარი გაიღო და თავს ვიღაც ახმახი წამოგვადგა. მისი სამოსი ექიმისა და მემამულის ტანსაცმელის ნარევს წარმოადგენდა. თავზე შავი ცილინდრი ეხურა, ტანზე გრძელი სერთუკი შემოეცვა, ფეხებზე მაღალყელიანი გეტრები შემოეწმაწნა და ხელზე მონადირის შოლტი შემოეხვია. ისეთი ზორზოხი იყო, რომ ქუდი კარის ზედა ჩარჩოს ებჯინებოდა და იმ სიგანე, რომ კარები მთლიანად ჩაეხერგა. ნაიარევებით დაღარული, ფართო, მზემოკიდებული ტლანქი სახე, ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი ავისმეტყველი თვალები და თხელი კეხიანი ცხვირი რომელიღაც ძველ მტაცებელ ფრინველს ამსგავსებდა.
მან მზერა ჰოლმსიდან ჩემზე გადმოიტანა და მერე პირიქით.
- რომელი თქვენთაგანია შერლოკ ჰოლმსი? - იკითხა ბოლოს მოჩვენებამ.
- ეს ჩემი სახელი და გვარია, - მშვიდად მიუგო ჩემმა მეგობარმა, - მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე სტოუკ მორენელი ექიმი გრიმსბი როილოტი ვარ.
- დაბრძანდით, - შეეპატიჟა ჰოლმსი.
- დასაჯდომად არ მცალია, აქ იყო ჩემი გერი. მე მას კვალდაკვალ მოვყვები. რაო, რა გითხრათ?
- რა საშინელი სიცივეები იცის ამ დროს, - ჩაილაპარაკა ჰოლმსმა.
- რა გითხრათ-მეთქი, თქვენ გეკითხებით, - გამოსცრა გამწარებით როილოტმა.
- მაგრამ ეს სიცივე სოსანს ვერაფერს დააკლებსო, მითხრეს, - განაგრძობდა ჰოლმსი.
- ჰა, ჩამოგეხსნათ არა? - წამოიწყო სტუმარმა, თან წინ წამოდგა და ხელში შოლტი შეათამაშა. - გიცნობთ, რა არამზადაც ბრძანდებით! გამიგონია თქვენზე, ყველას საქმეში ეჩრებაო.
ჩემმა მეგობარმა ჩაიცინა.
- თქვენ დიდი გაიძვერა ვინმე ბრძანდებით!
ჰოლმსმა სიცილს უმატა.
- სკოტლენდიარდელო პოლიციელო!
ჰოლმსმა გულიანად გადაიხარხარა. - თქვენ ძალიან კარგი გასართობი საუბარი გყვარებიათ. აქედან როცა წახვალთ, კარი გაიხურეთ, თორემ ორჭოლი ქარი უბერავს.
- როცა სათქმელს მოვათავებ, მხოლოდ მაშინ წავალ. ჩემს საქმეებში არ ჩაერიოთ! მე ვიცი, რომ მის სტონერი აქ იყო, გითხარით, ფეხდაფეხ მოვყევი-მეთქი. მე ძალიან ავი და საშიში კაცი ვარ! აი, შეხედეთ!
იგი სწრაფად მივიდა ბუხართან, ცეცხლის საჩხრეკი რკინა აიღო და მზემოკიდებული ხელებით თვალის დახამხამებაში დაგრიხა.
- გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ეცადეთ, ხელში არ ჩამივარდეთ, - სთქვა ეს, დაგრეხილი რკინა ბუხარში შეაგდო და ოთახიდან გავიდა.
- ძალიან თავაზიანი ჩანდა, - სიცილით სთქვა ჰოლმსმა. - მართალია, მისებრ ზორზოხი ტანის პატრონი არა ვარ, მაგრამ ოთახიდან რომ მალე არ გასულიყო, ვუჩვენებდი, მკლავებში მასზე ნაკლები ძალა რომ არც მე გამაჩნია. - ეს რომ თქვა, დაგრეხილი რკინის საჩხრეკს ხელი წამოავლო და უცებ გაასწორა.
- თავისი ქეჩერა ხასიათით პოლიციელს კი შემადარა! თუმცა ეს ინციდენტი ჩვენს ძიებას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. იმედი მაქვს, ჩვენს პატარა მეგობარს, რომელიც ისე წინდაუხედავად მოიქცა, რომ ამ მხეცს საშუალება მისცა კვალდაკვალ ასდევნებოდა, ვნება არ მოუვა. ახლა კი, უოტსონ, ჯერ ვისაუზმოთ, მერე მე რამდენიმე ცნობის დასაზუსტებლად და შესაკრებად ერთ-ორ კაცს მოვინახულებ და შინ მალევე მოვბრუნდები.
დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, როცა შერლოკ ჰოლმსი შინ დაბრუნდა. ხელში აჭრელებული ლურჯი ქაღალდი ეჭირა.
- ჩვენი უცნაური სტუმრის განსვენებული მეუღლის ანდერძი ვნახე. საქმეში კარგად გარკვევის მიზნით, იძულებული ვიყავი, იმ ფასიანი ქაღალდების ახლანდელი ღირებულება შემეტყო, რომლებშიაც იმ საცოდავს თავისი კაპიტალი დაუბანდებია. ვიანგარიშე და შემოსავლის საერთო თანხას, ქალის გარდაცვალებამდე, ათას ას სტერლინგამდე მიუღწევია, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების დაკლებას წლიური შემოსავალი შვიდას ორმოცდაათ გირვანქა სტერლინგამდე შეუმცირებია. ანდერძის მიხედვით, გათხოვების დროს ქალიშვილებს თითოეულს ორას ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი უნდა დანიშვნოდათ. ნათელია, თუ ორივენი გათხოვდებოდნენ, მაშინ როილოტის წლიური შემოსავალი აღარაფერი დარჩებოდა. ერთ-ერთი მათგანის გათხოვებაც კი მის წლიურ შემოსავალს საგრძნობლად შეამცირებდა. ახლა თქვენთვის ნათელია, რომ მთელი ეს დილა ცუდ-უბრალოდ არ დამიკარგავს. მე დავადგინე, რომ მამინაცვალს გერების გათხოვების საწინააღმდეგოდ ძალიან სერიოზული მოტივები ამოძრავებდა. მდგომარეობა ძალზე დაძაბულია, უოტსონ, მით უმეტეს, რომ როილოტმა იცის, ვინც არის დაინტერესებული მისი პირადი საქმეებით. თუ მზად ხართ, კებს დავუძახოთ და ვატერლოოს სადგურისაკენ გავეშუროთ. ძალიან დაგიმადლებთ, თუ რევოლვერს თან წამოიღებთ. ისეთი ჯენტლმენის შესაკავებლად, რომელიც ცეცხლის საჩხრეკს იოლად ღუნავს, რევოლვერი ძალიან კარგი საშუალებაა. რევოლვერი და კბილის საწმენდი ჯაგრისი, აი, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება.
ვატერლოოს სადგურში ბილეთები პირველსავე მატარებელზე ვიშოვეთ და ლეთერჰედისაკენ გავემგზავრეთ. ჩავედით თუ არა, სადგურის სასტუმროში რესორებიანი ორთვალა დავიქირავეთ და სერეის მშვენიერი ბუნების წიაღში ოთხი, თუ ხუთი მილი გზა გავიარეთ. ენითუთქმელი მზიანი დარი მოგვესწრო. ცაზე, აქა-იქ ცრიატებდნენ ღრუბლის ქულები. ხეებსა და ცოცხალ ღობეებს მწვანე კვირტები დახეთქოდათ და ჰაერში სველი მიწისა და გამოღვიძებულ მცენარეთა ნაზავი ამო სურნელი იდგა. იმ ბნელით მოცულ ამაზრზენ საქმესა და გაზაფხულის მოსვლით ბუნების გამოღვიძებას შორის რაღაც უჩვეულო კონტრასტი იქმნებოდა. ჩემი მეგობარი ორთვალის წინა დასაჯდომზე მიყუჟულიყო, ხელები გადაეჯვარედინებინა, ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა, ნიკაპი მკერდზე დაეყრდნო და თავი ღრმა ფიქრებისათვის მიეცა. უეცრად წამოიწია, ხელი მხარზე მომითათუნა და მდელოებზე მიმითითა.
- აბა, შეხედეთ! - მომმართა ჰოლმსმა.
ჩემს თვალწინ, ფერდობზე, ნარგავებით დამშვენებული ვეება პარკი გადაიშალა. უზარმაზარი გაბარჯღულტოტებიანი ხეები ძველისძველ შენობას თავის სიმწვანეში მალავდნენ და მხოლოდ სახურავიღა მოჩანდა.
- ალბათ სტოკ მორენია? - თქვა ჰოლმსმა.
- დიახ, სერ, ეს დოქტორ გრიმესბი როილოტის სასახლე გახლავთ, - გვითხრა მეეტლემ.
- იქ რაღაც მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენ სწორედ იქ გვინდა მივიდეთ, - უთხრა მეეტლეს ჰოლმსმა.
- ჩვენ სოფლისაკენ გვიჭირავს გეზი, მაგრამ თუ თქვენ გინდათ სასახლეში უფრო სწრაფად მიხვიდეთ, მაშინ ეტლიდან უნდა ჩამოხდეთ, ღობეს გადაევლოთ და მინდორ-მინდორ გაკვალულ ბილიკებს მიჰყვეთ. სწორედ იმ ბილიკებს, აი, ის ლედი რომ მიჰყვება.
ჰოლმსმა თვალებზე ხელი მოიჩრდილა, მიმავალს დააკვირდა და მერე წარმოთქვა: - მგონია, ის ლედი მის სტონერი უნდა იყოს. დიახ, ჩვენ სწორედ აქ ჩამოვხდებით.
ჩვენ ორთვალიდან ჩამოვედით. მეეტლეს გასამრჯელო გადავუხადეთ და ორთვალა ისევ ლეთერჰედისაკენ წახრიგინდა.
- ძალიან კარგად მოვიქეცით, რომ მშენებლობა მოვიკითხეთ, - წამოიწყო ჰოლმსმა, - მაგ მეეტლეს არქიტექტორები ვეგონებით და ჭორებსა და მიეთ-მოეთს მოეშვება. შუადღე მშვიდობისა, მის სტონერ, ხომ ნახეთ, რა მტკიცე სიტყვის პატრონებიცა ვართ?
ჩვენი დილანდელი სტუმარი მხიარულად შემოგვეგება.
- ოჰ, როგორ მოუთმენლად გელოდით, - თქვა მან და ხელი გულთბილად ჩამოგვართვა. - ყველაფერი ძალიან კარგად მოეწყო, დოქტორი როილოტი ქალაქში წავიდა და ალბათ საღამომდე არც ჩამოვა.
- ჩვენ სიამოვნება გვქონდა თქვენი მამინაცვალი გაგვეცნო, - ჰოლმსმა რამდენიმე სიტყვით მოკლედ მოუთხრო მის სტონერს როილოტის სტუმრობის ამბავი. მის სტონერი ყურადღებით გვისმენდა და თან ფერიფური მისდიოდა.
- ღმერთო მოწყალეო, - წამოიყვირა მან, - ისე გამოდის, ჩემთვის კვალდაკვალ უდევნია.
- დიახ, სწორედ აგრეა.
- ისეთი ცბიერი კაცია, რომ მე ალბათ მის კლანჭებს თავს ვერასოდეს დავაღწევ. ნეტავ რას მეტყვის, როცა დაბრუნდება?
- საკუთარ თავს მიხედოს, თორემ, იქნებ მასზე ცბიერი და ვერაგი კაცი ადგეს ახლა მის ნაკვალევს. თქვენ უნდა საკეტით ჩარაზოთ საძინებელი ოთახის კარი და ღამე ისე გაატაროთ. თუ გახელდა და გაშმაგდა, მაშინ თქვენს დეიდასთან წაგიყვანთ. ახლა კი მის მოსვლამდე დარჩენილი დრო უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და წაგვიძეხით, რომ ოთახები, რაც შეიძლება მალე დავათვალიეროთ.
შენობა რუხი ქვით იყო ნაგები, ხავსი მოსდებოდა და ორი ნახევრადწრიული მოყვანილობის ფრთედები კიბორჩხალას ფეხებივით ჰქონდა ცენტრალური ნაწილისაკენ მოკაუჭებული. ერთ-ერთი ფრთედის ფანჯრები ჩალეწილი იყო და მინის მაგივრად ფიცრით ამოექოლათ, სახურავი ალაგ-ალაგ ჩამოწოლილიყო და ჩამოქცევას აღარაფერი უკლდა. შენობის ცენტრალური ნაწილი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ მარჯვენა ფრთედი სულ ახლახან შეკეთებული ჩანდა. ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდები და ბუხრიდან ამომავალი ბოლი კი იმის მაუწყებელი იყო, რომ ოჯახი სწორედ შენობის ამ ნაწილში ცხოვრობდა. მარჯვენა ფრთედის ბოლო კედელზე ხარაჩო აღემართათ და ეტყობოდა, ქვის სამუშაოები წამოეწყოთ, მაგრამ ჩვენი მისვლის დროს ხელოსნები არსად ჩანდნენ. ჰოლმსი ჭუჭყიან გუბურაში ნელ-ნელა დააბოტებდა და ფანჯრებს დიდი გულისყურით აკვირდებოდა.
- ეს ფანჯარა, - ჰოლმსმა სულ ბოლო სარკმელზე მიუთითა, - როგორც თქვენი ნაამბობიდან მახსოვს, იმ ოთახისაა, რომელშიაც თქვენ ადრე ცხოვრობდით, შუა - თქვენი დის ოთახისაა და ჩემგან მარცხნივ რომაა და შენობის ცენტრალურ ნაწილს ეკვრის, დოქტორ როილოტისა, არა?
- ნამდვილად აგრეა, მაგრამ ამჟამად მე შუათანა ოთახში ვცხოვრობ.
- დიახ, მახსოვს თქვენი ნაამბობიდან, კედლის შეკეთება დაიწყეს და მამინაცვალმა დის ოთახში გადამიყვანაო. მაგრამ იმ ბოლო კედელს, ჩემი აზრით, არავითარი შეკეთება არ ესაჭიროება.
- მეც ასე მგონია, რომ ეს საბაბი უნდა იყოს, რის გამოც შუათანა ოთახში გადამიყვანა.
- საფიქრელია. ოთახების იქითა მხარეს, როგორც მახსოვს, გრძელი ტალანი ჩაუყვება და კარები იქითა მხარეს იღება. დერეფანს, ალბათ, ფანჯრებიც აქვს, არა?
- ფანჯრები აქვს, მაგრამ ძალიან მცირე ზომისა. იმდენად პატარა, რომ შიგ გაძრომა ყოვლად მოუხერხებელია.
- ორივენი კარს შიგნიდან კეტავდით, ესე იგი, ტალანის მხრიდან თქვენი ოთახები შეუვალი იყო. ახლა გთხოვთ, თქვენს ოთახში შეხვიდეთ და დარაბები დახუროთ.
მის სტონერმა დარაბები შიგნიდან ჩარაზა, როგორც ჰოლმსმა სთხოვა.
ჰოლმსი ბევრს ეწვალა, როგორმე გაეღო დარაბა, მაგრამ ყოველგვარმა ცდამ ამაოდ ჩაუარა. არა თუ დანის პირის, დარაბებში ნემსის გასაძვრენი ღრიჭოც კი არსად იყო, რაზა რომ მაღლა აეწია და დარაბა გაეღო. მერე გამადიდებელი შუშით ანჯამები დაათვალიერა. ესეც ამაო შრომა გამოდგა, ვინაიდან ანჯამები მტკიცე რკინისაგან ნაჭედი აღმოჩნდა და ფანჯრებს კედელში მყარად ჩასმულ ჩარჩოებში მჭიდროდ კეტავდა.
- ჰმ, - თქვა ჰოლმსმა და ფიქრებში წასულმა ნიკაპი მოიფხანა, - ჩემი თავდაპირველი ვარაუდი არ მართლდება. ამ დარაბებში ძეხორციელი ვერ შეძვრება, როცა დაკეტილია. იქნებ საქმეს ოთახების შიგნიდან დათვალიერებამ მოჰფინოს შუქი.
გვერდითი კარიდან შევედით ახლად შეთეთრებულ ტალანში, სადაც სამივე ოთახის კარი გამოდიოდა. ჰოლმსმა როილოტის ოთახს გვერდი ისე აუარა, რომ არ გაუსინჯავს და პირდაპირ იმ ოთახში შევიდა, სადაც ამჟამად მის სტონერს ეძინა და სადაც მისმა დამ იდუმალებით მოცულ ვითარებაში მიაბარა ღმერთს უმანკო სული. ეს იყო დაბალჭერიანი, უბრალო პატარა ოთახი, რომელსაც განიერი ბუხარი ამშვენებდა. ასეთი ოთახები სოფლად ძველებურ სახლებში გვხვდება. ერთ კუთხეში იდგა მიხაკისფერი კომოდი, მეორეში ვიწრო, თეთრგადასაფარებლიანი საწოლი, ხოლო ფანჯრიდან მარცხნივ სატუალეტო მაგიდა. ოთახის მორთულობას იატაკზე დაფენილი პატარა ნოხი და ორი სკამი ემატებოდა. კედლებზე აკრული იყო მიხაკისფერი მუხის ფიცრები, რომლებიც ჟამთა სვლას დაეფაცხავებინა, და ისეთი სიძველის იერი ჰქონდათ, რომ ალბათ შენობის აგების დღიდან მოყოლებული მათ გამოცვლაზე აღარავის ეფიქრა. ჰოლმსმა სკამი აიღო, ოთახის კუთხეში ჩუმად მიჯდა და კედლებს, იატაკს, ჭერს, ოთახის კუთხეებს, ყველაფერს გამჭრიახი თვალებით, გაფაციცებული ათვალიერებდა.
- ეს ზარი ვისთან არის გაყვანილი და შეერთებული? - იკითხა მან დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ და ზარის კარგა მსხვილ თოკზე მიუთითა, რომლის ბოლო პირდაპირ საწოლზე ეშვებოდა და თითქმის ბალიშის პირს ეხებოდა.
- ეს მნე ქალის ოთახშია გაყვანილი.
- სხვა საგნებთან შედარებით ეგ რაღაც ახალი უნდა იყოს?
- დიახ, ეგ ორი-სამი წელია, რაც გაიყვანეს.
- ალბათ თქვენი დის დაჟინებით გააკეთეს, არა?
- არა, იგი ზარს არ რეკავდა, ვინაიდან ჩვენ თვითონ ვაკეთებდით ყველაფერს, რაც კი გვჭირდებოდა.
- ისე ამ ზარის არსებობა აუცილებლობით ნაკარნახევი არ უნდა იყოს. მაპატიეთ, ცოტა ხანს კიდევ დაგაბრკოლებთ, ვინაიდან იატაკის კარგად დათვალიერებაც მინდა. - მერე გამადიდებელი შუშით შეიარაღებული, ჰოლმსი მუხლებზე დაემხო, დიდხანს ფორთხავდა იატაკზე და ფიცრებს შორის დარჩენილ პატარ-პატარა ადგილებს დიდი დაკვირვებით ათვალიერებდა. ასევე გულმოდგინედ შეამოწმა კედელზე აკრული მუხის ფიცრები. მერე საწოლის წინ კარგა ხანს შეჩერდა და ლოგინსა და კედელს შეჰყურებდა. ბოლოს, ზარის დასარეკი თოკის ბოლოს წაავლო ხელი და მაგრად ჩამოჰკრა.
- ეს რა, მუნჯი ზარია, თუ რა? - იკითხა ჰოლმსმა.
- რა, არ რეკავს? - ვიკითხე მე.
- არა, მავთულთან შეერთებულიც კი არაა. ეს ძალიან საინტერესო ამბავია. აი, ხედავთ, მისი ბოლო სწორედ იქაა მიმაგრებული, სადაც სანიავოს პატარა ნასვრეტია.
- როგორი სისულელეა, წინათ არც კი შემინიშნავს, - წარმოთქვა მის სტონერმა.
- დიახ, ძალიან დიდი სისულელეა! - თავისთვის ბუტბუტებდა ჰოლმსი, თან თოკს ხელს არ უშვებდა და ხანდახან ძლიერად ჩამოჰკრავდა ხოლმე. - ამ ოთახში ძალიან თვალშისაცემი ამბებია. მაგალითად, ვერ ამიხსნია, სანიავო რატომ უნდა გადიოდეს მეორე ოთახში და არა გარეთ.
- ესეც არაა დიდი ხნის წინ გაკეთებული, - თქვა ლედიმ.
- ალბათ ზართან ერთად გააკეთეს, - ჩაურთო ჰოლმსმა.
- დიახ, მაშინ რაღაც-რაღაცეები გადააკეთ-გადმოაკეთეს.
- ძალიან საინტერესოდ კი გადაუკეთებ-გადმოუკეთებიათ ყველაფერი - ზარი გაუყვანიათ, რომელიც არ მუშაობს და სანიავო არ ანიავებს. ახლა, თქვენი ნებართვით, მის სტონერ, სხვა ოთახებსაც ვეწვიოთ.
დოქტორ გრიმესბი როილოტის საძინებელი ოთახი გერის ოთახზე დიდი გახლდათ, თორემ ისევე უბრალოდ გამოიყურებოდა, როგორც პირველი. სალაშქრო ნაწილი, ხის მომცრო წიგნების კარადა, რომელიც ტექნიკური წიგნებით იყო სავსე, საწოლის გვერდით დადგმული სავარძელი, კედელთან მიდგმული ჩვეულებრივი სკამი, მრგვალი მაგიდა და რკინის დიდი სეიფი, აი, ეს ნივთები მოგხვდებოდათ თვალში ოთახში შესვლისას. ჰოლმსმა ყველა ნივთი დიდი გულისყურით დაათვალიერა.
- ამაში რა არის, - იკითხა ჰოლმსმა და ხელი სეიფს დაადო.
- ჩემი მამინაცვლის საქმიანი ქაღალდებია.
- თქვენ დაგითვალიერებიათ ოდესმე ეს სეიფი?
- მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინათ. მახსოვს, ქაღალდებით იყო გამოტენილი.
- შიგ კატა ხომ არ ჰყავს დამწყვდეული?
- არა, მაგრამ ეს რა უცნაური აზრები გებადებათ?
- ჰო, მაგრამ აბა, ამას შეხედეთ! - თქვა ჰოლმსმა და კარადიდან ლამბაქზე დასხმული რძე გვიჩვენა.
- არა, კატა საერთოდ არა გვყავს, მაგრამ პავიანი და სანადიროდ გაწვრთნილი ავაზა კი ბინადრობენ ჩვენს სახლში.
- ჰო, რა თქმა უნდა! ავაზა მოზრდილი კატაა და მეტი არაფერი, მაგრამ ლამბაქზე დასხმული რძე როგორ ყოფნის, ეს უკვე აღარ ვიცი. აქაა სწორედ ის ძაღლის თავი დამარხული, რომლის პოვნასაც მე ვესწრაფვი, - ჰოლმსი ხის სკამის წინ ჩაცუცქდა და დიდი ყურადღებით გასინჯა საჯდომი.
- გმადლობთ, ყველაფერი გასაგებია, - თქვა მან, წამოდგა და გამადიდებელი შუშა ჯიბეში ჩაიდო. - აჰა! აქ კი რაღაც ძალიან საინტერესო საგანს გადავაწყდით.
მისი ყურადღება ბოლოგაკვანძულმა პატარა შოლტმა მიიპყრო, რომელიც იმ საწოლის კუთხეში ეკიდა.
- თქვენ რა აზრისა ხართ ამაზე, უოტსონ? - მკითხა ჰოლმსმა.
- ჩვეულებრივი შოლტია, მაგრამ ვერ გამიგია ბოლოს გაკვანძა რად უნდოდა?
- არა, მთლად ჩვეულებრივი შოლტი არ გახლავთ. ოჰ, ამ ბინძურ ქვეყანაში ყველაზე საძაგლობა ისაა, როცა ავ საქმეს ჭკვიანი კაცი სჩადის. მგონია, აქ ყველაფერი დავათვალიერეთ, მის სტონერ, და ახლა გუბურისკენ წავალთ.
ჰოლმსი ასე მოღუშული და შუბლშეკრული არასოდეს მინახავს. ჩვენ რამდენიმე ხანს უბრებივით დავდიოდით წინ და უკან, გუბურის ნაპირზე არც მე და არც მის სტონერს ჰოლმსის ფიქრთა დინებისათვის ხელი არ შეგვიშლია, ვიდრე თვითონვე არ დაარღვია სიჩუმე.
- ახლა მთავარია, მის სტონერ, ჩემი რჩევა-დარიგების ყველა წვრილმანი არ გამოგრჩეთ და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოთ ყოველივე.
- სწორედ ისე მოვიქცევი, როგორც დამარიგებთ.
- ასეთ რთულ ვითარებაში ყოყმანი ყოვლად დაუშვებელია. თქვენი სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებთ ჩემს ნათქვამს.
- მე თქვენს ხელთა ვარ, მისტერ ჰოლმს!
- პირველ ყოვლისა, მე და ჩემი მეგობარი თქვენს საწოლ ოთახში უნდა დავრჩეთ.
მეც და მის სტონერმაც ჰოლმსს შეშფოთებულებმა შევხედეთ.
- დიახ, სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. მე ვიცი, რომ აქ სადღაც სოფლის სასტუმროა.
- დიახ, სასტუმრო "გვირგვინი" გახლავთ.
- ძალიან კარგი. თქვენი ფანჯრები ხომ მოჩანს სასტუმროდან?
- რაღა თქმა უნდა?
- როცა თქვენი მამინაცვალი დაბრუნდება, თქვენ თავის ტკივილს მოიმიზეზებთ და ოთახში ჩაიკეტებით. როგორც კი იგი დასაძინებლად დაწვება, დარაბას გამოაღებთ და ლამპას სარკმელში გამოდგამთ. ჩვენ სასტუმროდან ფანჯარაში გამოდგმულ ლამპის სინათლეს დავინახავთ და ამ დათქმულ ნიშანზე თქვენი ოთახისაკენ გამოვეშურებით. თქვენ კი, რაც რამე მოგესურვებათ, აიღებთ და თქვენს ყოფილ ოთახში გადაბარგდებით. რაც არ უნდა დანგრეული იყოს იქაურობა, ერთი ღამის გათევა მაინც შეიძლება.
- ჩემს ოთახში უფრო თავისუფლად დავიძინებ.
- დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ.
- მაგრამ ღამით თქვენ რაღა უნდა აკეთოთ?
- ჩვენ თქვენს ოთახში დავრჩებით და იმ ხმაურის მიზეზს გამოვიკვლევთ, რამაც თქვენ აგრერიგად შეგაშფოთათ.
- მე ისე მგონია, მისტერ ჰოლმს, რომ თქვენ უკვე ყველაფერს მიხვდით და გადაწყვეტილებაც მიიღეთ, - თქვა მის სტონერმა და ჩემს მეგობარს ხელი ხელზე მოუთათუნა.
- შეიძლება ასეც იყოს.
- მაშინ, ღვთის გულისათვის, მითხარით ჩემი დის სიკვდილის მიზეზი.
- ვიდრე ვიტყოდე, მინდა ხელთ უფრო მტკიცე საბუთები გვეპყრას.
- იმის თქმა ხომ მაინც შეგიძლიათ, სწორია თუ არა ჩემი ვარაუდი, რომ ჩემი უბედური და უეცარი შიშის ელდისაგან გარდაიცვალა?
- არა, მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, მისი სიკვდილის მიზეზი ხელშესახები იყო. ახლა კი, მის სტონერ, ჩვენ უნდა დაგვტოვოთ, თორემ თუ დაბრუნებულმა როილოტმა აქ გვნახა, ჩვენი ჩამოსვლა უბრალოდ წყლის ნაყვა იქნება და მეტი არაფერი. აბა, ყოჩაღად იყავით და გარწმუნებთ, რომ ხიფათიდან უცილოდ დაგიხსნით.
შერლოკ ჰოლმსსა და მე სასტუმრო "გვირგვინში" საწოლი ოთახის შოვნა არ გაგვჭირვებია. ჩვენი სამყოფელი მეორე სართულზე გახლდათ და იქიდან კარგად მოჩანდა ძველთაძველი სასახლის პარკში შესასვლელი ჭიშკარიცა და საცხოვრებელი ფრთედის ფანჯრებიც. სიბნელეში შევნიშნეთ, როგორ ჩაგვიარა დოქტორმა როილოტმა. მისი ზორზოხი ტანი გარკვევით მოჩანდა ეტლში მის გვერდით მჯდარ პატარა ბიჭის სხეულთან შედარებით, რომელიც ორთვალას მართავდა. ბიჭმა უცებ ვერ გააღო რკინის უზარმაზარი ჭიშკარი და ჩვენ გარკვევით გვესმოდა ამის თაობაზე გულმოსული როილოტის ცხენივით ფრუტუნი. ასევე გარკვევით დავინახეთ, როგორ უტრიალებდა იმ საცოდავ ბიჭს ცხვირწინ ვეება მჯიღს როილოტი.
ორთვალა ჭიშკარში შევიდა და რამდენიმე წუთის მერე, ხეების ჩრდილში, სასახლის სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში ანთებულმა სინათლის შუქმა იელვა.
- იცით, გული მეთანაღრება, რომ თან წაგიყვანოთ, უოტსონ. ეს საქმე ძალიან სახიფათოა, - მითხრა ჰოლმსმა, როცა ბნელში ვისხედით და ფანჯარაში დათქმულ ნიშანს ველოდით.
- შემიძლია რითიმე დაგეხმაროთ?
- თქვენი დახმარება ფასდაუდებელი იქნება.
- მაშინ უეჭველად მოვდივარ.
- ეს თქვენი მხრივ დიდი კეთილშობილებაა.
- თქვენ საშიშროება ახსენეთ. ალბათ დათვალიერებისას მეტი რამ შეამჩნიეთ, ვიდრე ეს მე შევძელი.
- არა, ნახვით მეც იგივე ვნახე, რაც თქვენ, მაგრამ ჩემი მეთოდის საფუძველზე დასკვნები სულ სხვაგვარი გავაკეთე.
- გარდა დამუნჯებული ზარის თოკისა, ოთახში უცნაური არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ რა მიზნით ჩამოკიდეს ის მუნჯი ზარი, ამისი ახსნა ნამდვილად ჩემს ძალას აღემატება.
- სანიავოს მიაქციეთ ყურადღება? - მკითხა ჰოლმსმა.
- დიახ, მაგრამ, ჩემი აზრით, ორ ოთახს შუა არსებული პატარა ხვრელი, რაიმე მნიშვნელოვან და საყურადღებოს არ უნდა წარმოადგენდეს. ის ნასვრეტი ისე ერთი ციცქნა იყო, რომ შიგ თაგვიც კი გაჭირვებით გაეტეოდა.
- ოთახებს შორის რომ ხვრელი იყო, ეს სტოკ მორენში ჩამოსვლამდეც ვიცოდი.
- თქვენ მე მაოცებთ, ჰოლმს!
- რა თქმა უნდა, ვიცოდი. გახსოვთ, მის სტონერმა რომ გვიამბო, ჩემს დას როილოტის სიგარების სუნი თავის ოთახში არ აყენებდაო. ეს ამბავი ულაპარაკოდ მიანიშნებდა იმას, რომ ოთახებს შორის იყო ხვრელი, მაგრამ ისეთი პატარა, რომ გამომძიებელმაც კი ვერ შეამჩნია. მე მაშინვე დავასკვენი, რომ ეს სანიავო იქნებოდა.
- მაგრამ სანიავოს რა ზიანის მოტანა შეუძლია?
- აბა დააკვირდით, უოტსონ, საოცარი თანმთხვევა არაა?! ჯერ აკეთებენ სანიავოს, მერე ჰკიდებენ თოკს ზედ საწოლის თავზე და ბალიშზე თავმიდებული მძინარე ლედი სიცოცხლეს ეთხოვება. განა ეს თქვენ არ გაოცებთ, უოტსონ?!
- და მაინც მე ამ მოვლენებს შუა ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ.
- არც საწოლისთვის შეგიმჩნევიათ რაიმე განსაკუთრებული?
- არა.
- საწოლი იატაკზეა დამაგრებული. ადრეც გინახავთ, ან გაგიგონიათ დამაგრებული საწოლი?
- არა, არასოდეს.
- ლედის არ შეეძლო გადაედგა თავისი საწოლი. იგი ერთთავად ისე უნდა მდგარიყო, როგორც ეს საწოლის იატაკზე დამმაგრებელს უნდოდა. სანიავო კი სწორედ მის ასწვრივ იყო მაღლა და იქიდან საწოლამდე უბრალო თოკი (და არა ზარის დასარეკი) იყო აშვებული.
- ჰოლმს, - წამოვიყვირე მე, - ახლა ბუნდოვნად ვგრძნობ ყოველივეს, რაც თქვენ აშკარად კარგა ხანია შეგიმჩნევიათ. ჩვენ სწორედ დროზე მოგვისწრია, რომ ავიცილოთ დახელოვნებული დამნაშავის მიერ მომზადებული, განსაკუთრებით საშიში დანაშაული.
- დიახ, განსაკუთრებით საშიში დანაშაული და ჭკვიანი კაცის მიერ მომზადებული. როცა დანაშაულს ექიმი სჩადის, რაღა თქმა უნდა, იგი ყველა დამნაშავეზე უფრო ოსტატურად ინიღბება და საშიშიცაა. ექიმს აქვს რკინისებური ნერვები და ცოდნა. პალმერი და პრიტჩარდი თავის პროფესიაში ყველას სჯაბნიდნენ. ამ კაცს ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა უფრო ღრმად ჩავყვინთოთ და წყალმცენარეს ფესვები ძირშივე გადავუჭრათ. ამაღამ ძალიან მძიმე და საშიში განსაცდელი მოგველის, ამიტომ ჩიბუხები გავაბოლოთ და დარჩენილი დრო უფრო მხიარული ამბების მოგონებებით მოვკლათ.
ცხრა საათი იქნებოდა, როცა სასახლიდან მომდინარე, ხეებს შორის მოცრიატე სინათლის უკანასკნელი სხივიც ჩაქრა და ირგვლივ უკუნმა დაისადგურა. ასე განვლო სრულმა ორმა საათმა და თერთმეტმა რომ დარეკა, უცებ სტოკ მორანის მხრიდან, ჩვენგან მარჯვნივ, დარაბაში დათქმულმა ლამპის შუქმა იელვა.
- ეს ის ნიშანია, რომელიც ჩვენ გვიხმობს, - თქვა ჰოლმსმა და ფეხზე წამოხტა. სინათლე მის სტონერის ოთახში აინთო. სასტუმროდან რომ გამოვდიოდით, ჰოლმსმა სასტუმროს პატრონი გააფრთხილა, ჩვენ ერთ ნაცნობთან მივდივართ, შეიძლება შეგვაგვიანდეს და ღამე იქ გავათიოთო. წუთიც და, ჩვენ სიბნელეში სასახლისაკენ მიმავალ გზას ვადექით. ცივი ქარი სახეში გვცემდა და შუქურის მოვალეობას დარაბიდან გამომავალი სინათლის სხივები ასრულებდნენ.
სასახლესთან მიღწევა ძნელი არ იყო, ვინაიდან პარკს შემოვლებული ყორე ალაგ-ალაგ გადაქცეულიყო. ხეებს შორის გზას ფრთხილად მივიკვლევდით. გუბურა გადავლახეთ და ის იყო ფანჯარაში უნდა გადავმძვრალიყავით, რომ მწკრივად დარგული დაფნის ბუჩქებიდან, საზიზღარი და მახინჯი ბავშვის მსგავსმა არსებამ ისკუპა, ერთხანს ბალახებზე იკლაკნებოდა და მერე სწრაფად მიიმალა წყვდიადში.
- ღმერთო ჩემო! - წავიჩურჩულე მე, - დაინახეთ, ჰოლმს?
პირველად ჰოლმსი ჩემზე ნაკლებად არ შეშინებულა. აღელვებულმა, ხელი წამავლო და მარწუხებივით მომიჭირა. მერე დაბალი ხმით გაიცინა და ყურში ჩამჩურჩულა: ეს ხომ როილოტის პავიანი იყოო.
მე ნამდვილად გადამავიწყდა მის სტონერის ნაამბობი, როილოტის სანადიროდ გაწვრთნილი ავაზა და პავიანი პარკში თავისუფლად დანავარდობენო. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, ავაზა ზურგზე დაგვხტომოდა. გამოგიტყდებით და ვაღიარებ, მას მერე, რაც ჩემს მეგობარს მივბაძე, ფეხსაცმელი გავიხადე და მის სტონერის საძინებელ ოთახში გადავძვერი, თავისუფლად ამოვისუნთქე. ჰოლმსმა უხმაუროდ მიხურა დარაბა, ლამპა მაგიდაზე გადმოდგა და ოთახს დაკვირვებული თვალი მოავლო. ყველაფერი ისევე დაგვხვდა, როგორც დღისით ვიხილეთ. ჰოლმსი შიშველი ფეხებით, თითის წვერებზე შემდგარი მომიახლოვდა, ტუჩები ყურთან მომიტანა, პირზე ხელები აიფარა და ძლივს გავარჩიე, ისე მითხრა: ჩვენს გეგმას მცირეოდენი ხმაურიც კი დაღუპავსო.
ნიშნად იმისა, რომ მისი ნათქვამი გავიგონე, თავი დავუქნიე.
- ჩვენ უნდა ბნელში ვისხდეთ, თორემ იგი სინათლის სხივს სანიავოში შენიშნავს.
მე კვლავ თავი დავუქნიე.
- არ დაიძინოთ, თორემ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. რევოლვერი მზად იქონიეთ, ვინძლო დაგვჭირდეს. მე საწოლის ბოლოზე ჩამოვჯდები, თქვენ კი სკამზე მოიკალათეთ.
რევოლვერი ამოვიღე და მაგიდის კუთხეში დავდე.
ჰოლმსმა სასტუმროდან წამოიღო გრძელი ჯოხი და საწოლის ბოლოზე, თავისთან ახლო დადო. იქვე დააწყო ასანთი და სანთელი, მერე ლამპას ისე ჩაუწია, რომ ჩააქრო და ჩვენ სრულიად ბნელში დავრჩით.
ნეტავ, თუ ოდესმე დამავიწყდება ის თეთრად გათენებული ღამე? სამარისებურ სიჩუმეში ვისხედით. ჩემი მეგობრის სუნთქვაც კი არ მესმოდა. ვიცოდი, რომ იგი იქვე, საწოლის ბოლოში თვალებდაჭყეტილი და ჩემსავით დაძაბული იჯდა, მაგრამ ყური ჩამიჩუმისთვისაც კი არ მომიკრავს. დარაბებში სინათლის სხივი ვეღარ ატანდა და სრულ სიბნელეში ვისხედით. ხანდახან ჩემს ყურს ღამეული ფრინველის კივილი თუ სწვდებოდა. ერთხელ სწორედ ფანჯარასთან გაისმა კატის ჩხავილის მაგვარი ხმა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ავაზა, მართლაც თავისუფლად დანავარდობდა. ყოველ თხუთმეტ წუთში შორეთიდან ისმოდა საეკლესიო საათის რეკვის ყრუ გუგუნი. ოჰ, როგორ გრძლად მეჩვენებოდა დარეკვიდან დარეკვამდე არსებული დროის მცირე მონაკვეთი! და-ჰკრა თორმეტმა, პირველმა, ორმა, სამმა, ჩვენ კი ვისხედით და უსაზღვროდ ველოდით.
უეცრად სანიავოდან სინათლის სხივმა გაიჭიატა და იმწამსვე გაქრა. მაგრამ მას თან მოჰყვა დამწვარი ზეთისა და გაცხელებული ლითონის სუნი. ვიღაცამ მეზობელ ოთახში მაშუქა აანთო. მერე მცირე ხმაურიც მომესმა, მაგრამ მალე ყველაფერი ისევ მყუდროებამ მოიცვა, ოღონდაც დამწვარი ზეთის სუნი თანდათანობით გაძლიერდა. ნახევარი საათი კურდღელივით ყურდაცქვეტილი ვიჯექი. მერე კიდევ გაისმა ძალიან ნაზი ხმაური, რომელიც ცეცხლზე მდგარი ქვაბის ხუფიდან ამომავალ ორთქლის შიშინს წააგავდა. ამ ხმის გაგონებაზე ჰოლმსი ადგილიდან წამოვარდა, ასანთი გაჰკრა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სანიავოდან ჩამოშვებულ თოკს ჯოხით ცემა დაუწყო.
- ხედავთ, უოტსონ? ხედავთ? - მიყვიროდა იგი.
მაგრამ მე ვერაფერს ვხედავდი. იმ მომენტში, როცა ჰოლმსმა ასანთს გაჰკრა, ნათლად გავიგონე ხმადაბალი სტვენის ხმა, მაგრამ უეცრად ანთებულმა სინათლემ თვალი მომჭრა და ვეღარც იმას მივხვდი, რატომ უშენდა ჯოხს ასე გაშმაგებით ჰოლმსი სანიავოდან დაშვებულ თოკს. მხოლოდ ის შევნიშნე, რომ ჩემს მეგობარს სახე მკვდარივით გაფითრებული ჰქონდა და ზედ ღრმა ზიზღი აღბეჭდოდა.
ჰოლმსმა ჯოხის ცემა შეწყვიტა და დაჟინებით მიაცქერდა სანიავოს. უცებ ჰაერი განწირული ადამიანის ისეთმა გამაყრუებელმა ღრიალმა გააპო, როგორიც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მომისმენია. ღრიალი თანდათანობით ძლიერდებოდა და მასში არა მარტო შიში და დრტვინვა, არამედ მრისხანებაც გაისმოდა. მერე ყვებოდნენ, რომ ამ ღრიალმა არა მარტო სოფლელების, არამედ ძალიან შორს, განმარტოებით მდგარ მღვდლის სახლამდეც მიაღწია და ყველანი შიშისაგან დაფეთებულები ფეხზე წამოჰყარაო. ამ განწირულმა, სასოწარკვეთილმა ღრიალმა ჩვენი გულები შესძრა და მე და ჰოლმსი ერთმანეთს მანამდე მივჩერებოდით, ვიდრე ღრიალის ექოც კი არ მიწყდა.
- რა მოხდა? - ვიკითხე სულშეხუთულმა.
- ის მოხდა, რომ თამაში დამთავრდა, - მიპასუხა ჰოლმსმა. - თუმცა, მართალი რომ ითქვას, ასე ჯობდა. აიღეთ თქვენი რევოლვერი და როილოტის ოთახში შევიდეთ.
ჰოლმსმა ლამპა აანთო და მე შევნიშნე, რომ სახეზე კვლავ მკვდრისფერი ედო. გარეთ გავედით და როილოტის ოთახის მიმართულებით ტალანს გავუყევით. იგი ორჯერ მიაწყდა ექიმის საძინებელი ოთახის კარს, მაგრამ შიგნიდან არავინ გამოპასუხებია. მაშინ სახელური გადაატრიალა და ოთახში შევიდა. ხელში სასროლად მომზადებული რევოლვერი დავიჭირე და მეც უკან მივყევი.
ჩვენს თვალწინ არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშალა. მაგიდაზე იდგა ფარანი, რომელიც სეიფის ნახევრად ღიად დატოვებულ კარს სინათლის სხივებს აფრქვევდა. მაგიდის გვერდით დადგმულ ხის სკამზე ექიმი გრიმესბი როილოტი მოკალათებულიყო. ტანზე ეცვა გრძელი რუხი ფერის ხალათი, რომლის ქვეშ, შიშველ ფეხებზე, თურქული, წითელი ფერის, უქუსლო ქოშები მოუჩანდა. მუხლებზე ედო სწორედ ის შოლტი, რომელმაც დღისით, ოთახის დათვალიერებისას, ჰოლმსის ყურადღება მიიქცია. ნიკაპი როგორღაც მაღლა აეწია და თვალები უაზროდ ჭერისთვის მიეშტერებინა. მის გამოხედვაში საშინელი, გახევებული სისასტიკე ისახებოდა. თავზე, რაღაც უჩვეულო, ყავისფრად დაწინწკლული ჭრელ-ყვითელა ლენტი ეხვია. ჩვენი შესვლა, თითქოს არც კი გაუგიაო, როილოტი არ განძრეულა და არც ხმა ამოუღია.
- ჭრელი ლენტი! წინწკლებიანი ლენტი, - ჩურჩულებდა ჰოლმსი.
ნაბიჯი წინ წავდგი თუ არა, როილოტის უცნაური თავსამკაული ამოძრავდა და მისი თმიდან, თითქოს ალმასი ამოცურდაო, თავი გველმა წამოყო.
- ჭაობის ჭრელი გველი! - დაიყვირა ჰოლმსმა, - ეს ხომ სიკვდილის მთესველი ინდური უწმინდურია. კბენიდან ათი წამის მერე აცხებინებს სულს. ტყუილად არაა ნათქვამი: "ვინც მახვილს აღიღებს, მახვილითვე განიგმირებაო". ჯერ უწმინდური თავისივე ბუნაგში შევაგდოთ, მერე მის სტონერი საიმედო ალაგას დავაბინავოთ და მომხდარი ამბავი პოლიციას შევატყობინოთ.
თქვა ეს, გარდაცვლილის მუხლებიდან შოლტი აიღო, გველს ელვის სისწრაფით ჩამოაცვა კისერზე მარყუჟი, გაჭიმული ხელით საზიზღარი ტვირთი სეიფთან მიიტანა, შიგ შეაგდო და კარი გადაუკეტა.
ასეთი გახლავთ ექიმ გრიმესბი როილოტის სიკვდილის ნამდვილი ამბავი.
არა მგონია, მკითხველისათვის აუცილებელი იყოს იმის მოყოლა, როგორ შევატყობინეთ სამწუხარო ამბავი შეშინებულ მის სტონერს, როგორ გადავიყვანეთ იგი დილის მატარებლით ჰეროუში და თავის კეთილ, ღვიძლ დეიდას ჩავაბარეთ.
თავს აღარც იმისი მოყოლით შეგაწუხებთ, თუ რა გვიან მიხვდნენ გონებაჩლუნგი პოლიციელები, რომ ექიმმა გრიმესბი როილოტმა თავისი სვე საშიშ ნებიერთან - ჭაობის ჭრელ გველთან უგუნურ თამაშში გამოსჭედა. მცირეოდენ წვრილმანებს კი, რაც ჩემი იქ ყოფნის დროს ვერ შევიტყვე, ჰოლმსი უკანა გზაზე მომიყვა.
- მის სტონერის ნაამბობიდან, უოტსონ, ძალიან მცდარი დასკვნები გავაკეთე. მცდარი დასკვნები კი ყოველთვის მაშინ კეთდება, როცა ხელთ არასწორი და არასაკმარისი მონაცემები გაქვს.
სტოკ მორენში ბოშათა ბანაკის ყოფნამ, მის სტონერის მომაკვდავი დის უკანასკნელმა სიტყვებმა, ჭრელი ლენტიო, და გარდაცვლილის მიერ სიკვდილის წინ, ასანთის ხმარებამ, მე, ჩემო ძვირფასო, საქმიდან ძალიან მცდარი დასკვნები გამომატანინა.
ჩემი არასწორი პოზიცია მაშინ გადავსინჯე, როცა ვნახე, რომ ოთახში მყოფ ადამიანს საშიშროება არც კარიდან და არც ფანჯრიდან არ ემუქრებოდა. როგორც ეს მაშინვე გითხარით, ჩემი ყურადღება იმწამსვე სანიავომ და იქიდან საწოლისაკენ დაშვებულმა თოკმა მიიპყრო. რა წუთშიაც ნათელი გახდა, რომ საწოლი იატაკზეა დამაგრებული და ზარი დამუნჯებულია, მაშინვე მივხვდი, რომ სანიავოდან საწოლისაკენ დაშვებულ თოკს მხოლოდ შემაერთებელი ხიდის მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული. გუმანმა მითხრა, საქმე გველთან უნდა მქონოდა. მით უმეტეს, როგორც ეს მის სტონერის ნაამბობიდან ვიცოდი, ექიმ როილოტს ინდოეთიდან ჩამოყვანილი ბევრი ტყიური სულიერი ჰყავდა. იდეა, რომ საწამლავად ისეთი საშუალება ეხმარა, რომელიც ქიმიური შემოწმების შედეგადაც კი არ დასტურდება, მხოლოდ აღმოსავლეთში ნაწანწალებ, ისეთ უწყალო და შეუბრალებელ ადამიანს შეიძლება მოსვლოდა თავში, როგორიც ექიმი როილოტი იყო. მისი აზრით, გერების თავიდან მოშორებით ასეთი გზის უპირატესობა იმაშიაც გახლდათ, რომ გველის ნაკბენი შეუმჩნეველი იქნებოდა და სიკვდილიც - როილოტისათვის სასურველი შედეგი - ერთბაშად დადგებოდა.
მაძებარს, რომელიც ძალადობით გამოწვეული სიკვდილის მიზეზებს იკვლევდა, მართლაც უზადო, და ყოვლისმხილველი თვალი უნდა ჰქონოდა, რომ გველის ნაკბილარები შეემჩნია. მერე, - გარდაცვლილს სტვენის ხმა ესმოდაო, ისიც მომაგონდა და გავიაზრე რომ, როილოტი გველს სტვენით უხმობდა უკან, რათა კვლავ სეიფში ჩაეკეტა და დანაშაულის კვალი დაეფარა. ეტყობა, გველი ასე გაწვრთნილი იმ რძით ჰყავდა, რომელიც ჩვენ ლამბაქზე დასხმული ვნახეთ. იგი უწმინდურს სანიავოსა და თოკის საშუალებით გერების საწოლისაკენ აგზავნიდა, იმ განზრახვით, რომ ერთხელაც იქნებოდა, გველი საწოლზე მყოფ მსხვერპლს უკბენდა და როილოტის მიზანიც ხომ ეს იყო!
ამ დასკვნამდე ჯერ კიდევ მანამდე მივედი, ვიდრე როილოტის ოთახს მოვინახულებდი. როცა მისი საჯდომი სკამი დავათვალიერე, დავრწმუნდი, რომ მას ჩვეულებად ჰქონდა, სკამზე შემდგარიყო და სანიავოს მისწვდომოდა. ხოლო, როცა სეიფი, ლამბაქზე დასხმული რძე და მარყუჟიანი შოლტი ვნახე, ყოველგვარი ეჭვი გაქრა და საშინელ სიმართლეში დავრწმუნდი. ლითონის ღრჭიალის ხმას კი, რომელიც ძილ-მღვიძარ მის სტონერს ჩაესმოდა, ალბათ სეიფის კარის მიხურვა თუ გამოსცემდა.
თქვენ უკვე იცით, რაც მოვიმოქმედე, ჩემი ეჭვების სიმართლეში რომ დავრწმუნდი. როცა გველის სისინის ხმა გავიგონე, ალბათ თქვენც ასევე მოიქცეოდით, სინათლე ავანთე და ჯოხით თავს დავესხი.
- და იძულებული გახადეთ, უკან, სანიავოსკენ დაბრუნებულიყო.
- დიახ, იძულებული გავხადე, რომ პატრონისათვის ეკბინა. ჯოხით ცემამ გააღვიძა მასში მიძინებული გველური ინსტინქტები და უკან დაბრუნებულმა, როილოტს უკბინა. ამგვარად, არაპირდაპირ მე ექიმი როილოტის მკვლელობაში ხელი მირევია, მაგრამ ეს ჩემს სინდისს მძიმე ტვირთად არ აწევს.