Litclub.ge

აქ კი თბილა
ვაჟა ჯანდიერი ახლა თბილ, პატარა ოთახში იჯდა. ძლივს იშოვა ასეთი ჭერი. ამ წელს დიდი სიცივეები იყო ბაკურიანში. თხელი კედლები ყინვას ვერ იჭერდნენ. ვაჟა იჯდა და სიამოვნებდა, რომ ასეთი თბილი ოთახი იშოვა. დიასახლისი ჩაის ადუღებდა, პატარა ბიჭი ალგებრის ფორმულებს იზეპირებდა. კარი დაუკაკუნებლად შეაღო მეზობელი ოსის დედაკაცმა.
- წელს ძალიან ცივა, - თქვა მან.
- მაშა, ქალო, კედლები ვერ იჭერენ, - თქვა დიასახლისმა.
- დედა, - წიგნი დაკეცა ბავშვმა, - სკოლაშიაც ისე ცივა, რო...
- აქ კი თბილა, - თქვა ვაჟამ.
- აქ ისეთი ხალხია, - თქვა მეზობელმა, მერე რაღაცების მოყოლა დაიწყო. ვაჟას სიამოვნებდა, რომ მარტო ცივ ოთახში გატარებული ორი დღის შემდეგ მის გარშემო თბილოდა, თან დედაკაცები ოსურ-ქართულად ლაპარაკობდნენ. ჩაიმ ჯერ რამდენიმეჯერ ამოიფშვინა, მერე გაბმული შიშინი დაიწყო. დიასახლისმა სუფრა გაშალა, კარადიდან არაყი გამოიღო.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში. - თქვა ვაჟამ და ჭიქა დაცალა.
- კეთილი იყოს, - თქვა დიასახლისმა.
- გაგიმარჯოს, - თქვა მეზობელმა, ღრძილები გამოაჩინა და გადაჰკრა, მერე ოცი წლის წინ გაშორებული ქმრის ლანძღვას მოჰყვა. ვაჟას არ ეხამუშებოდა მისი გაწელილი, დამახინჯებული ქართული. დიასახლისმა ღორის ხორცი ჩამოარიგა. მოშივნულები გამალებული ჭამდნენ. ოთახში მხოლოდ პირის ტკაპა-ტკუპი ისმოდა. “რა მადიანად ჭამენ”, გაიფიქრა მან, მერე თვითონაც სცადა პირი ეტკაპუნებინა. შეუჩვეველს არ გამოუვიდა. ჩუმად განაგრძო ჭამა. გარშემო კი ისმოდა ტუჩების ტკაპუნი. ვაჟას უხაროდა, რომ მადიან გლეხ ხალხთან იჯდა და ოთახში თბილოდა. მეზობელმა თეფში მოლოკა, ისევ გაიღრიჭა და თითები გაიტლიკა. ვაჟამ მის მაგალითს მიბაძა. ყველამ გაიცინა.
- ნამდვილი ოსის ბიჭია, - თქვა მოსულმა.
- აბა, ქალო, სულ არ იპრანჭება, - თქვა დიასახლისმა.
პატარა ბიჭი ახლო მივიდა მასთან, უხორცო ხელი გადაჰხვია. ვაჟამ პაპიროსი გააბოლა. მალე მეზობელი წავიდა. ვაჟა გაშიშვლდა და თბილ ლოგინში გაეხვია.
დილით ოთახში ცოტა ციოდა.
პატარა ბიჭმა ცეცხლი დაანთო.
თბილ ოთახში ადგა ვაჟა.
ისაუზმეს.
მთელი დღე თხილამურებზე იდგა. მზე ანათებდა და წვავდა. დიდხანს უშვერდა სახეს სხივებს. ლოყები დაებრაწა.
მესამე დღეს უკვე მოიგონა, რაც დავიწყებული ჰქონდა.
კვირის თავზე უკვე რთულ დროშებში გადიოდა. შვიდივე დღე მზე იყო, მერე თოვა დაიწყო. მთიდან დაშვებული გზას ძლივს არჩევდა. ახლა უფრო ხალისიანი გახდა სრიალი. საღამოს დასველებული მივიდა. წინდები დასაშრობად დააწყო, თვითონ კი “რობინზონ კრუზოს” კითხვა დაიწყო, რომელიც თერთმეტი წლის ბიჭს თავისთვის გამოეტანა სამკითხველოდან. იმ ღამეს არავის დაანება წიგნი. წინდები ჯერ სქელ ორთქლს უშვებდნენ, მერე რაღაცა სუნი ეცა. დიასახლისმა ვაჟას ახლად დამწვარი წინდა ჩამოიღო.
შემდეგ დღესაც თოვდა, მერე გამოიდარა. ვაჟას მთაზე, ზევით ასვლა დაეზარა და ქვევით სრიალებდა.
მალე დაანება თხილამურებს თავი და “დინამოში” წავიდა:
ოსის ბიჭები პინგ-პონგს თამაშობდნენ. სასადილოში სამი ჭიქა ჩაი დალია და სახლში დაბრუნდა.
- ასე ადრე? - იკითხა დიასახლისმა.
- ჰო, - თქვა ვაჟამ.
- არ იცურავე? - იკითხა ბიჭმა.
- ვიცურავე, - თქვა ვაჟამ, მერე წიგნი აიღო.
ბიჭი ოსურად რაღაცებს უყვებოდა დედამისს, მერე დედამ დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი, ეტყობოდა, ვიღაცასა ლანძღავდა. ორი გვერდი ისე ჩაიკითხა ვაჟამ, არაფერი გაუგია, მერე ისევ გადმოშალა უკან და ახლიდან დაიწყო კითხვა. ოთახში დიასახლისის ძმა შემოვიდა.
- გამარჯობათ, - თქვა მან.
- ღმერთი გასოსხლებს, - უთხრა დამ.
ბიჭმა სკამი მიაწოდა.
ვაჟამ მხოლოდ თავი დაუქნია, ისევ წიგნს მიუბრუნდა. ახლა კაცმა დაიწყო ოსური, წაყრილი თუ გაბმული ლაპარაკი. ვაჟამ ბოდიში მოიხადა და ჩაწვა.
დილით სიცივემ გამოაღვიძა. ბიჭმა ოთახში ცეცხლი დაანთო. ვაჟას ისევ ჩათვლიმა. ღუმელი გახურდა. დაცხა, ის სულ გამოფხიზლდა. დედა-შვილი მაგიდას მისჯდომოდა. ორივენი წინა დღით მოხარშულ თევზსა ჭამდნენ.
იყო ტუჩების ტკაპუნი.
ვაჟამ მაგიდისკენ გაიხედა: დედას ღრძილებში ფხა გარჭობოდა და თითებით იღებდა.
გადმობრუნდა, მაგრამ თვალწინ ოსის ქალის დაღებული პირი და დაუღეჭავი ლუკმა ედგა.
იყო ტუჩების ტკაპუნი: საბანი თავზე წაიხურა, მაგრამ მაინც ესმოდა. გულზე მოაწვა.
როგორც იყო დაამთავრეს ჭამა.
- რომელი იქნება? - იკითხა დედამ.
- ახლა ჩაიარეს ჩანთებით, - თქვა ბიჭმა.
- მაშ ცხრა ხდება, - თქვა დედამ.
- წავიდეთ, - თქვა შვილმა.
- ვაჟა? - იკითხა ბიჭმა.
- ეძინოს, - დედამ ჩანთა აიღო.
მათი წასვლის მერე ოთახში სიმყუდროვე ჩამოდგა. ვაჟამ თავი გამოყო საბნიდან. უცებ ეცა ღორის ხორცისა და თევზის სუნი. ისევ მოაწვა გულზე: მაგიდაზე ფხები ეყარა. ცეცხლი გამომქრალიყო. გაციებულ ქურაზე დადგმულ ტაფაზე ღორის ქონი იყო მიყინული.
უფრო მოაწვა გულზე: სწრაფად გადაბრუნდა კედლისკენ.

წელი 1956. დეკემბრის 20.


შენიშვნები

არქივში ინახება ორი ავტოგრაფი: შავი (1+1-9+1!2გვ.) და თეთრი (1+1+1-9გვ.). ორივე ავტოგრაფი დათარიღებული და დასათაურებულია.
შავი ავტოგრაფის თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური მკრთალი წითელი ფანქრით, დიდი ასოებით. ტექსტში რამდენიმე ადგილას წითელი ფანქრით ჩამატებული სიტყვები გადატანილია თეთრ ავტოგრაფში. თარიღს მოსდევს დღიური: „გუშინ გეპეის ჯაზის ბიჭები ჩამოვიდნენ. ცოტა გავმხიარულდი. მალე ჩამოვა დუდუჩავაც. ალბათ კიდევ დავრჩები 3-4 დღე. აქამდე წასვლას ვაპირებდი, რაღაც უცებ მომწყინდა.” მოთხრობა დაწერილია ბაკურიანში.
თეთრი ავტოგრაფის თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური დიდი წითელი ფანქრით და თარიღი. თავფურცელზე მოთავსებულ თარიღში, ისე როგორც წინა ავტოგრაფში, წელი არასწორადაა მითითებული: „წ. 1957 დეკ. 29”. მოთხრობის ბოლოს ზის სწორი თარიღი. ორი წერტილი სასვენ ნიშნად მხოლოდ თეთრ ავტოგრაფში იხმარება (იხ. მოთხრობა „ნადირობის” შენიშვნები მეორე ტომში).
შავი ავტოგრაფის ბოლოს გადაშლილია წინადადება: „უცებ ჩაიცვა, თხილამურები სახლში დატოვა. და დინამოსაკენ...”
თეთრ ავტოგრაფში თავდაპირველად დაწერილი წინადადება „ვაჟა იჯდა და სიამოვნებდა მისი გაწელილი, დამახინჯებული ქართული” გადაშლილია ავტორის მიერ და მის ნაცვლად წერია: „ვაჟას არ ეხამუშებოდა მისი გაწელილი, დამახინჯებული ქართული.”
თეთრში გადატანილი არ არის შავი ავტოგრაფის ბოლო წინადადება: „ზიზღით აარიდა თვალი.” თეთრ ავტოგრაფში გადატანილია და შემდეგ გადაშლილი ბოლო წინადადება: „ძლივს მოასწრო კედლისაკენ გადაბრუნება.”
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი მოთხრობის ავტოგრაფები გრაფიკული სტრუქტურით და ხელწერით ერთმანეთის მსგავსია.
I სიაში: „23. აქ კი თბილა?” II სიაში: „13. აქ კი თბილა?”
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”