გურამი ზის ფანჯარასთან. ფანჯარა ეზოში გადის: იქ ბავშვები თამაშობენ. გურამთან ბაბუა მიდის და ეკითხება:
- რას აკეთებ?
- ვუცქერ, - პასუხობს შვილიშვილი.
- რას?
- ეზოს, ბაბუ.
- რატომ?
- ისე, ბაბუა, დედა არ მიშვებს, რომ მეც ვითამაშო.
- არა უჭირს, მოესწრები, ჯერ პატარა ხარ, თვალიც გიჭრის, მე კი თითქმის ვეღარა ვხედავ.
- ბავშვებსაც ვერ ხედავ, ბაბუ?
- ვერა.
- ვერც სახლებს?
- ცოტასღა ვარჩევ, შვილო.
- ხეებს?
- ხეებსაც თითქოს.
- ბავშვებს ვერა, არა?
- ბავშვებს ვერა.
- იცი, რას აკეთებენ ისინი, ბაბუა?
- არა.
- თოვლის ბაბუას.
- მეც მიყვარდა შენსობას.
- მაშინაც ცოტა თოვლი იყო ხოლმე, ბაბუა?
- ხან ცოტა, ხან ბევრი.
- ახლა ცოტაა, ნახევარი მიწა ყვება თოვლს.
- მაგი არ ვარგა, შვილო.
- რატო ბაბუ?
- იმიტო რო თოვლის ბაბუა მიტომაა თოვლის ბაბუა, რომ თოვლი უნდა იყოს სულ.
- მიწა არ ვარგა, როცა ყვება?
- აჰ, გაგიგონია?
- ბაბუ, როდის იყო მერე კარგი თოვლი კიდევ?
- გუშინ ყოფილა, მამაშენმა თქვა.
- კიდე?
- გუშინწინ, იმის წინ.
- დღეს რატომ არ არის?
- დღეს გადნა, გავს.
- მოვა კიდევ, ბაბუ?
- წელს, არ ვიცი.
- მაინც, ბაბუ, მაინც?
- არ ვიცი, ბიჭო.
- მე კი ისე მინდა თამაში, დედამ თქვა, ხვალ გაგიშვებო ეზოში. მოვა კიდე თოვლი, ბაბუ?
- წელს, არ ვიცი, გაისად კი უეჭველად, მაშინ დიდიც შეიქნები, უკეთესია.
- გაისად ციგასაც ვიყიდი, არა, ბაბუა? გავიზრდები კიდეც, არა?
- ჰო, ბიჭო, ჰო.
[1957 წელი. მაისი]
შენიშვნები
ამ ნაწარმოებს არა აქვს არც თარიღი და არც სათაური. არის მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1 - 4გვ.). თარიღი მიახლოებით არის დადგენილი ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე. დასათაურებულია პირველი სიის მიხედვით: “50. ბაბუა, შვილიშვილი და თოვლის ბაბუა.”
ამ მოთხრობასთან დაკავშირებულია გურამისა და ერლომ ახვლედიანის შემოქმედებითი ურთიერთობის ერთი ეპიზოდი:
ერლომი აპირებდა დაეწერა პიესა ხუთ მოქმედებად ბაბუასა და შვილიშვილზე. წაუკითხა გურამს დასაწყისი. ერლომის თქმით, გურამს ძალიან მოეწონა, უთქვამს, აზრები კარგია, მაგრამ ცოტა სქემატურია, ვნება აკლია, ერთ მოქმედებად გადააკეთეო. გურამი, როგორც ყოველთვის, ინტენსიურობისაკენ მიისწრაფვოდა. მერე თვითონაც დაწერა ამ მოტივებზე. ჩვენ ვამბობდით, თქვა ერლომმა, რომ აღარაა სივრცე ხელოვნებისათვის, ძაბვა აღარ ყოფნის, საწვავი არ არის, ის განწყობა დაიკარგა, რაც ნამდვილ ხელოვნებას სჭირდება. ისე როგორც ამ მოთხრობაშია, თოვლის ბაბუა ისეთი ვერ გამოდის, იმიტომ რომ თოვლი არაა საკმარისი და მიწასაც ითრევს გაკეთების დროს.
ამონაწერი 1960 წელს ვახტანგ ჭელიძისადმი მიწერილი გაუგზავნელი წერილიდან:
“თქვენ, როგორც თავად შემოქმედმა, კარგად იცით რა ძნელია ჩვენს ეპოქაში წერა, თავისი კლასიკური გაგებით (მე მხედველობაში არა მაქვს ცენზურა). ჩვენ ყველანი ვხედავთ რა დაცემის წინა დგას ხელოვნება საერთოდ მსოფლიოში. თუნდაც პიკასო, სიცოცხლეშივე გენიოსის გვირგვინით შემკული, ან ავიღოთ რომელიმე დიდი წარმომადგენელი აბსტრაქციონიზმისა. მიუხედავად, ერთი შეხედვით, მხოლოდ ემოციების, შინაგანი განწყობის, მხოლოდ განწყობის გადმოცემისა (ყველაზე დიდი პრეტენზიები მათ ამაზე აქვთ). თუ ჩავუღრმავდებით, უცნაური კედელი დგება ჩვენს წინ, კედელი ხელოვნებაში მხოლოდ ინტელექტუალური ხატვისა. პიკასოსთან წინასწარ, თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში, თითოეული ხაზი გონებაში იმდენად გააზრებულად მუშავდება (უცნაური, ერთგვარი ფოკუსური გზით), რომ მისი გონებრივი მუშაობის პროცესის ტექნიკური გადაღებაც კი გახდა შესაძლებელი სულ იოლი გზით.
ნუთუ ეს შესაძლებელი იყო დიდი ხელოვნების დროს, როდესაც ინტელექტის სიღრმავესთან ერთად ინტუიცია ხედავდა და ქმნიდა, უპირველეს ყოვლისა. განა რომელიმე ბერძენ მოქანდაკეზე ან აღორძინების ხანის ხელოვანზე შესაძლებელი იყო მსგავსი ცდის დამყარება, იმდენად უშუალო, შინაგანი და, უპირველეს ყოვლისა (მიუხედავად დიდი ინტელექტისა), ქვეშეცნეული იყო ყოველთვის ხელოვანის მუშაობა. ...ერთი ფრაზა, ყველაზე დამახასიათებელი ხელოვნებისათვის, მინდა მოვიყვანო ისევ შექსპირიდან. მავრი დასტირის თავის სიყვარულს და დროდადრო გადასაცემად ეუბნება მის გარშემო მდგომთ - სთქვით, იცოდა თქო მან სიყვარული ჭეშმარიტი, თუმც არაბრძნული.
არ არსებობს სიბრძნე კაცის ვნებებისათვის, ხელოვნებას მარტო გულწრფელობა წამს. (რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც მხატვრის ტალანტი უკვე მოცემულია.)....”
ერლომ ახვლედიანი(ამონაწერი ინტერვიუდან):
“ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ყველაფერი რიგზეა - და ესეც ცუდია. როცა თავს უსვამ კითხვას - გაღელვებს თუ არ გაღელვებს? რაღაც დაძაბულობა უნდა იგრძნო, უნდა იყოს ნერვიულობის მომენტი, სიცოცხლის გამომხატველი და არა ის - სწორია თუ არა... ფაქტიურად, ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცით. არ შეიძლება ყველა გრძნობის, ფიქრის რეალიზება, რაც მოგივა. ადამიანს უნდა შეეძლოს სიჩუმეც, დაგროვებაც ... ყველაფერი ძალიან სწორი გახდა, ყველაფერმა რაღაც წახნაგები დაკარგა, პროფესიულობა გაჩნდა, მეტისმეტად პროფესიონალები გავხდით: ყველა კარგად იღებს, ყველა კარგად წერს, ყველაფერი მესმის, მაგრამ ნაკლებად არის ის, რაც მაღელვებს. ღელვა სხვა არის. იქმნება სერიოზული ნაწარმოებები, მაგრამ ყველაფერი პროფესიონალიზმით განისაზღვრება. შესაძლოა, გურამ რჩეულიშვილს უამრავი ენობრივი შეცდომა აღმოუჩინოთ, მაგრამ აბა ნახეთ, გრძნობაში თუ აქვს სადმე შეცდომა. ვერ ნახავთ ასეთს! ყველაფერი უმაღლესი განცდისა და ვნების ნაყოფია. მახსოვს გიორგი შატბერაშვილმა მითხრა: პირველი პერიოდის ნაწარმოებები გაცილებით უფრო კარგი ლიტერატურული ენითაა დაწერილიო, ვიდრე შემდგომშიო. ბუნებრივია, მერე უფრო მეტი სათქმელი ჰქონდა და ვერ ტევდა...ვერ ვგრძნობ იმგვარ მოზღვავებას, ამის გარეშე კი არ არსებობს ხელოვნება.”
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”