გურამი დილის სუსხმა გამოაღვიძა. საბნიდან შიშველი ხელი გამოყო, გადავარდნილი პალტო აიღო და ზემოდან გადაიხურა. ერთხანს ასე იწვა და ფიქრობდა: “ნეტავი დღეს მზე იყოს, ცოტა მაინც გავშავდები. ლეილასაც ვნახავ. შეიძლება წაღვერშიაც კი წავიდეთ თხილამურებით. ახლავე ნუკრის მისი ჯემპრე უნდა გამოვართვა. ძალიან მიხდება. თანაც ზემოდან არაფერს არ ჩავიცვამ.” ფიქრებმა ცოტა ააფორიაქეს და ადგომა მოუნდა. საბანი გადაიძრო, ხელები ამოყო და წამოდგომა დააპირა, მაგრამ სუსხმა შეაწუხა. საბანი ისევ გადაიხურა. ერთხანს ასე იწვა. ერთ გარკვეულ რამეზე არა ფიქრობდა. მერე უცებ, ერთი გაკვრით გადაყარა საბანი და პალტო და წამოხტა. ქუსლებზე დამდგარი ღუმელთან მივიდა, ქვევიდან გაციებული ფეხსაცმელები გამოიღო, სკამის ქვედა რგოლიდან მშრალი, გაყინული წინდები ჩამოიღო და ისევ ქუსლებით დაბრუნდა საწოლზე. გაციებულ ქვეშაგებზე ჩამოჯდა. გაყინული წინდები ხელით დაზილა და ფეხზე ჩამოიცვა. ახლა წინდის ძაფის შემოჭერა დაიწყო ფეხზე. შემდეგ შარვალი ჩაიცვა, მერე მეორე წინდა. შიგ შარვლის ტოტები ჩაატანა და ძაფიც გადაუჭირა. “ესეც ასე.” სათხილამურო ფეხსაცმელები ჩაიცვა, შეიკრა და ოთახში გაიარ-გამოიარა. “ბრრ... ცივა, ამის ყოფა ავატირე!” გაიფიქრა. ხუთიოდე წუთში ვარჯიშით ისე გახურდა, რომ თოვლში გავარდა და ტანის ზელა დაიწყო. ხორკლიანმა თოვლმა ტანი დაუწითლა.
- დილა მშვიდობის, ბიჭო! - შემოსძახა დიასახლისმა.
- გაგიმარჯოთ, დეიდა დარო! ლამარა არ ჩამოსულა?
- არა, ბიჭო, არა. იმის ლოდინით აღარა ვარ. ალბათ, ხვალ ჩამოვა.
- ნუ გეშინიათ. ხვალ დილას ერთად დავხვდეთ. მერე ის კარგად მასწავლის თხილამურებზე სრიალს.
- გასწავლის, მაშ, შვილო. გურამ, შენს გაზრდას, ერთი შეშა დამიჩეხე და წყალი ამომიტანე.
- ახლავე, დეიდა დარო.
დეიდა დარომ კმაყოფილებით შეხედა გურამს. “ნამდვილი ჩვენებური ბიჭია. აფსუს, რომ ჩვენიანი, ოსი არ არის, რა ოსის გოგოს შევრთავდი!” გაუზიარა აზრები თავის მოხუც დედას, რომელიც მეორე ოთახში ღუმელის გვერდით იწვა და თავთან და გვერდებზე ქაღალდში გახვეული ცხელი აგურები ეწყო.
გურამი გარეთ გამოვიდა და ბაკურიანს გადახედა. ღრმად ამოისუნთქა. თვალი მიაშტერა კოხტას, რომელსაც მზის სხივი ეთამაშებოდა და კიბეზე დადებულ მშრალ თოვლზე ჭრაჭუნით ჩავიდა. აქ თოვლი გამოქექა, ცულის ტარს ხელი წაავლო, ცული თოვლიდან ამოათრია. მოაჯირს ბრტყლად დაარტყა და თოვლი ჩამობერტყა. მერე სახლის ქვეშ შეძვრა, მსხვილი კუნძები დაითრია და დაპობა დაუწყო. ცული მოქნევისას ზოგჯერ სახლის იატაკის ძირს ხვდებოდა, რაც ჩეხვას აძნელებდა. როცა საკმაოდ დააპო, ზევით აიტანა, დაბერტყა და ღუმელთან დააწყო. შემდეგ ვედროებს ხელი დაავლო და წყლისკენ დაეშვა. წყალთან თავი მოეყარათ ბაკურიანელ დიასახლისებს და გულისნადებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
- ჩემი ბიჭები ისეთი კარგები არიან, რომა, პირდაპირ არ ვიცი.
- შენა, სირან, ბედი გაქვს, შარშანაც კარგები შეგხვდნენ. ჩემები კი ყველაფერს ამტვრევენ. გუშინ, გაგიგია, ქალო, შუა ოთახში მთვრალებმა ცეცხლი დაანთეს და გარშემო ურბენდნენ.
- დაროს რომ ბედი აქვს, ისეთი ტყუილია. აი, ქალო, წყალიც კი თვითონ მიაქვს. ხედავ, რა გრუზა ბიჭია?
გურამმა ვედროდან ღამით დარჩენილი ყინული ამოამტვრია და წყალს შეუდგა. როცა ორივე ვედრო აავსო, დაავლო ხელი, ასწია ფრთხილად, რომ არ დაღვრილიყო და თოვლიან გზას აუყვა. გატკეპნილი მშრალი თოვლი ჭრაჭუნებდა. ზოგან ფეხი ცდებოდა. გურამს ცოტა ხელები დაეღალა. “აი, იმ ხემდე მივალ და დავისვენებ. ნეტა რამდენი ნაბიჯი იქნება? ალბათ, ორმოცდაათი. ხელები კი დამეღალა, მაგრამ მოვითმენ. ორმოციღა დარჩა.” უცებ გურამს თავში გაუელვა: “დღეს ლეილა ვერა ვნახო, თუ დაუსვენებლივ არ მივიდე.” 30, 20, 10 - მივიდა, დადგა და გულზე მოეშვა, დაისვენა. “ალბათ, ლეილა უკვე ადგა. უჰ, რა არის თხილამურები! ჩქარა გავიკეთებ და მორჩა, პარკისაკენ.”
- ეგეც წყალი, დეიდა დარო, ახლა ჩქარა პური მაჭამეთ, სასრიალოდ უნდა წავიდე.
- ბიჭო, დეპეშა მოიტანა პავლემა ფოსტიდან. კარგად ვერ გავარჩიე, მგონი, გიბარებენ სახლში. მაგიდაზე დევს, შენთანა.
გურამი ოთახში შევიდა. შიგ სასიამოვნო სითბო დამდგარიყო, ფანჯრებზე ყინული დნებოდა. ფიჭვის წვის სუნი იდგა და მაგიდაზე დამდგარ ადუღებულ რძის ოხშივართან ერთად სასიამოვნო სიმყუდროვესა ქმნიდა. გურამმა მაგიდიდან დეპეშა აიღო, ფანჯრიდან თვალი გადაავლო ლამაზად დათოვლილ ხეებს და ნაწერი გადაიკითხა. დეპეშას დედის სახელი ჰქონდა მოწერილი და იუწყებოდა: “გურამ, ბებო ძალიან ცუდად არის.” გურამმა ნელა დადო დეპეშა. მერე საწოლთან მივიდა, დაიჩოქა და ზურგჩანთა გამოათრია.
1956 წლის 27 მარტი.
შენიშვნები
შემონახულია მხოლოდ შავი ავტოგრაფი. ნაწერია გურამისათვის უჩვეულო წვრილი ხელწერით ორად გაკეცილი თაბახის ფურცლის ორივე მხარეს ლურჯი მელნით (1-3გვ.). მოთხრობა უსათაუროა. ტექსტს მოსდევს თარიღი (იხ. ტექსტი) მინაწერით: „ახალი ისტორიის ლექცია. ყვება ჩერჩილის ცხოვრების შესახებ”. მოთხრობის ბოლო ორი წინადადება გადაშლილია „პარალელური ხაზებით”, არ ამოიკითხება (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის). ბოლო ცარიელ გვერდზე სხვისი ხელით წერია: „მზიანი დღე”.
სავარაუდოა, რომ არსებობდა თეთრი ვარიანტი, რომელიც დაიკარგა სხვა ავტოგრაფებთან ერთად (იხ. პირველი მოთხრობების შენიშვნები). შემონახულია ორი, 1960 წლამდე კუთხოვანშრიფტიან მანქანაზე გადაბეჭდილი (პირველი და მეორე პირები) მოთხრობის ტექსტი (იხ. წინა მოთხრობების შენიშვნები). ნაბეჭდი ვარიანტის მეორე პირში ჩემი ხელითაა შეტანილი შესწორებები შავი ავტოგრაფიდან არქივზე მუშაობის პერიოდში. თარიღის მომდევნო ტექსტი გადაშლილია სხვის მიერ შავი მელნით. ამავე მელნით, ასევე სხვის მიერ, ალაგ-ალაგ ნასწორებია მთელი ნაბეჭდი ტექსტი. კორექტურა და გვერდების ნუმერაცია გაკეთებულია ვაჟა გიგაშვილის მიერ.
შავ ავტოგრაფსა და 1960 წლამდე გადაბეჭდილ ვარიანტს შორის სხვაობა ძირითადად სტილური ხასიათისაა. ამ გამოცემაში ვეყრდნობი ნაბეჭდ ვარიანტს. ჩემი აზრით, ის წარმოადგენს თეთრი ავტოგრაფის ასლს.
„პირველ სიაში: „28: ბაკურიანიდან უკან.” მეორე სიაში: „ბაკურიანიდან წამოსვლა.”
მოთხრობა სათაურით „მზიანი დღე” პირველად გამოქვეყნდა 1961 წელს ტომში „სალამურა”.