(ანუ დღე შუადღის შემდეგ, მთელი ღამე და დილა)
თქვენ ახლა ნახავთ ბავშვების დაუსრულებლად ბევრ, ბედნიერ, მოღიმარ სახეს, ნახავთ თავშეუკავებელ ხარხარს, მათ თამაშობებსა და თავისებურ, ატეხილ ლხინს.
ნახავთ, აგრეთვე, პატარების განცდათა დიდ სიღრმეს, გონების სიმახვილესა და უცნაურ, დიდებისათვის თითქმის გაუგებარ, სევდას, რომელსაც მათი ბუნება ყოველთვის გართობის საფარველში ახვევს ხოლმე.
ყველაფრის სიმხიარულით გამოხატვა არის მათი უპირველესი თვისება.
ჩვენც აქედან დავიწყოთ.
შეხედეთ მათ სახეებს.
ეს-ეს არის დამთავრდა გაკვეთილები.
მოჩანს:
სკოლის საპარადო განიერი კიბე.
კიბე გაჭედილია ყველა ასაკის ბავშვებით.
ბავშვები სხედან მოაჯირებზე, ფანჯრებზე, კიდიან საფეხურების უკანა მხრიდან გამოშვერილ რელსებზე.
მიდის ბავშვების მიმიკებით თამაში.
ამ მოზღვავებული ჯგუფის შუიდან დგება სწორად გადავარცხნილთმებიანი გოგო, რუსიკო, იყურება ხელოვნური სიმკაცრით, ყელზე უკეთია პიონერის ყელსახვევი:
ორჯერ ზედიზედ უკრავს ტაშს.
საშინელი ხარხარით ივსება მთელი გარემო.
იცინიან გულის შეწუხებამდე კიბეზე მსხდომნი.
სიცილისაგან დაუძლურებულები ცურდებიან მოაჯირებიდან,
ვარდებიან რელსებიდან. იცინიან მსუქნები, გამხდრები, შედარებით პატარები, შედარებით დიდები.
უცებ სწრაფი მოძრაობით ისევ იმართება ის გოგო, თვალის დახამხამებაში იღებს ადრინდელ შეკრულშუბლიან სახეს.
ისევ ორჯერ უკრავს ტაშს:
ახლა სასოწარკვეთით ღრიალებენ ბავშვები, ტირიან ცრემლებამდე, მოთქვამენ, უწითლდებათ თვალები.
რუსიკო ისევ უკრავს ტაშს:
ამჯერად პატარები დგებიან ადგილებიდან და ღრმად სერიოზული სახეებით დააბიჯებენ ტალანში, კიბეებზე; დააბიჯებენ გულხელდაკრეფილები, ხელებუკანდაწყობილები, დოინჯით.
შუა თამაშში:
დერეფნის ორივე ბოლოს მოსახვევთან ჩასაფრებული (ატანდაზე) ბიჭი და გოგო ატეხენ განგაშს.
ბავშვები წამოავლებენ ჩანთებს ხელს.
გარბიან ქუჩაში.
ისევ იღებენ იმ შეთქმულთა სახეებს, რომლებმაც, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდა განაგრძონ თამაში.
წამით ეშმაკურად ინაბებიან.
მეორე წუთს: ეწყობიან ერთ მწკრივად. ჩანს: დიდი კაცის სერიოზული ჩრდილი, რომელსაც თითის წვერებზე სათითაოდ მისდევენ ბავშვების ჩანთიანი ჩრდილები.
დიდის ჩრდილი ნელა აბრუნებს თავს:
პატარების ჩრდილები იფანტებიან.
დამფრთხალი ბავშვები სიცილით გარბიან ყველა მხარეს,
ცოტა ხნის შემდეგ ისევ ერთად იყრიან თავს.
ვიღაც მოხუცი კაცის გაოცებული, კომიკური ჩრდილის წინ უცებ ეცემა ბიჭი. ეს ბიჭი არის გიზო. მას ზემოდან აყრიან ჩანთებს და ფარავენ.
წინ გამოდის მსუქანი, თუხთუხა გოგი, თვალებზე ცრემლი ადგება. ლაპარაკობს სასაცილოდ, თითქმის სლუკუნით: `აქ დაეცა გაკვეთილების გმირულად ხუთებზე ჩაბარების შემდეგ ბიჭი გიზო. მადლიერმა კაცობრიობამ სკოლის ჩანთებით შეამკო იგი.~
ისმის სტვენა.
უსტვენს ვასიკო – პატარა, დიდყურება, წრიპინა.
ყვირის: არიქა, გიზოს დედა!
ზედიზედ იტაცებენ ხელები ჩანთებს.
წამოხტება გიზო, აიტაცებს თავის ჩანთას, თავქვეშ რომ ჰქონდა ამოდებული. გარბის.
გარბიან ყველანი სხვადასხვა მხარეს.
ისმის ხმა: ბავშვებო, ყველანი სახლებში!
ჩანს: ცარიელი სკოლა, დაცარიელებული ქუჩა, ასეთივე ეზოები.
ტექსტი: ამ დროს ბავშვები საუზმობენ და შემდეგ იწყებენ საშინაო დავალების მომზადებას. არავინ აღარა ჩანს გარეთ.
სინამდვილეში
ჩანს: დიდი სტადიონ-ეზოს კუთხეში ზის ე.წ. ქუჩის ბიჭი სოსო, იფურთხება მზესუმზირას, ხელში უჭირავს შურდული, ესვრის სხვადასხვა მომენტებში მოძრავ ან მწოლარე კატებს და დიდებულად ერთობა მარტოკა.
ტექსტი: ოჰ, უკაცრავად, ეს გამონაკლისია. თქვენ ნახავთ, რა კეთილსინდისიერად ამზადებს გაკვეთილებს გოგი.
სინამდვილეში
ჩანს: გოგი ორივე ხელით იტენის პირში საჭმელს და ილუკმება.
ტექსტი: ოჰ, არა, არა, არა, სულ დაგვავიწყდა, რომ ეგ ღორმუცელაა. აი, ახლა გიჩვენებთ ორ ფრიადოსანს, რომლებიც სულ ერთად ამზადებენ გაკვეთილებს.
ჩანს: გიგული /მიმიკების დიდი ოსტატი/ და ვასიკო.
გიგული თითების წყობით აკეთებს კედელზე ჩრდილებს – ფიგურებს, ვასიკო წრიპინა ხმით ახმოვანებს.
ტექსტი: ოჰ, დღეს რაღაც არ გვიმართლებს, მაგრამ მე მეგულება ერთი გოგონა, ის ყოველ მიზეზგარეშე გაკვეთილების სწავლით იქნება გართული.
ჩანს: ირინას ოთახი.
კედლებზე ხატია ათასი უცნაური რამ და კიდია სურათები: ქალების რომანტიკული პორტრეტები, მეკობრეები, პაპუასი, კიდია, აგრეთვე, მარაო-ქოლგა.
ტექსტი: ხედავთ ირინას? ხომ გითხარით!
ჩანს: ირინა, პატარა თხელი გოგონა, ამაყი, ჭკვიანური სახით, ზედმიწევნით ნაზი, ჩაჰყურებს სახელმძღვანელოს, კედელთან გაივლის დედის ჩრდილი და გავა მეორე ოთახში.
ირინა უცებ ხურავს სახელმძღვანელოს. მის ქვეშ ამოდებული წიგნიდან ჩანს რაღაც ბრძოლის სურათი – უცხო ილუსტრაცია ალბომიდან.
ტექსტი: ოი, ოი, აღარ შეხედოთ, სულ დაგვავიწყდა, ეგ ხომ ცნობილი თავგადასავლების მაძიებელი გოგონაა. სულ ეჩვენება, რომ იტაცებენ და, მოტაცებულს, ღირსეულად უჭირავს თავი. ჯობია, ისევ გარეთ გამოვიდეთ საყოველთაოდ ცნობილ ცუღლუტებთან.
ჩანს: ეზოში სოსო შურდულით ქვას ესვრის კატას.
ჩანან: დათო და მიშა სახურავზე.
დათო არის დიდი, დიდთავა დეფექტური ბიჭი.
მიშას აშკარად მლიქვნელის სახე აქვს, მოძრავი, შეწუხებული, მოღიმარი, ვერ ისვენებს ვერც ერთი წამით. ჩუმად ჩქმეტს დათოს, აწვალებს, რადგანაც იცის, რომ იგი ვერაფერს ავნებს.
სამაგიეროდ, აღტაცებულია გურამით.
გურამი წითელ თუნუქზე ცარცით ხატავს ბატალურ სცენებს:
სოსო ახრჩობს კატას.
სოსო შურდულით მისდევს კატებს.
სოსო ცოცხლად აძრობს კატებს ტყავს.
ნახატები გამოირჩევა კატების უცნაური მრავალფეროვნებით.
ამ დროს გაირბენს ცოცხალი კატა,
სოსო ესვრის ქვას ქვევიდან,
ქვა სახურავზე ვარდება.
`სოსოა, სოსო!~ აღტაცებულია ისევ მიშა.
დათო წაწვება და თავს გადაყოფს.
სოსოს ისევ კატა ჰგონია და ესვრის ქვას.
`სოსო, სოსო~, ყვირიან მიშა და დათო.
სოსო კისერზე ჩამოიკიდებს შურდულს.
თვითონ კატასავით მიძვრება საწვიმარი მილით სახურავისაკენ.
ბოლოს უჭირს.
სამივეს დახმარებით მაინც აძვრება.
– შენ ეი, რა თეთრი ხარ, თეთრ პერანგში, დედას ბიჭივით. – აძრომისთანავე ისვრის ის გურამისაკენ.
მიშა ზურგზე ჩამოუსვამს ნახშირის ნატეხს,
გურამი იღუშება და იღიმება, თვითონაც ეხმარება მიშას საკუთარი თავის გაჭუჭყიანებაში.
– აი, აგრე, – ამბობს სოსო, – ახლა ცოტა გაშავდა.
– ეყოფა? – კითხულობს მიშა.
– ეყოფა, ნამდვილი ძველი ბიჭი გახდი. – სოსო გურამს თავზე ქუდს ჩამოაფხატებს. მხატვარი ხარ და არ იცი, ფერს რამდენი შეუძლია, ვინმეს დედალი ეგონებოდი.
უცებ სოსო ხელით ანიშნებს ბიჭებს ჩაწვნენ.
ბიჭები თუნუქს ეკვრიან.
სახურავის თავზე მტრედები იწყებენ ტრიალს.
სოსო წამით ჩამომჯდარ მტრედს მოხერხებულად იჭერს.
ქვევით: ეზოში გამოდის გოგი, პირი საჭმლითა აქვს გამოტენილი, ხელები – მოთხვრილი მელნით.
ჰაერში ისევ ტრიალებენ მტრედები.
გოგი ოთხივე თითს იდებს პირში, უსტვენს, ტუჩები მელნით ეღებება.
სოსო სამტრედეში ჩამწყვდეულ მეორე მტრედსაც იჭერს.
გოგი ითვლის ჰაერში მოტრიალე მტრედებს;
ისევ ითვლის და სულ ორი აკლია.
მიხვდა.
იხედება სახურავისაკენ, – ააა, – ამბობს ხმადაბლა, იქ გაიელვებს დათოს თავი და გაქრება.
გოგი თუხთუხით შერბის სადარბაზოში.
აკაკუნებს სხვადასხვა კარზე.
კარებიდან გამორბიან გოგოები, გამორბიან ბიჭები. ყველას ეტყობა, რომ ეს-ეს არის დაამთავრეს გაკვეთილების მომზადება.
ზოგს ხელები აქვს მელნით მოთხვრილი, ზოგი წიგნს კეცავს. გოგი ხელით ანიშნებს ყველას, რომ ჩუმად იყვნენ.
ნიშნებით აცნობს მოქმედების გეგმას.
ვიწრო კიბით ფეხაკრეფით მიიწევენ სამტრედისაკენ.
ამ დროს სოსოს კამპანია მშვიდდება.
გოგი აღარ არის ეზოში, ყველაფერი რიგზეა!
შერჩებათ მტრედების აწაპვნა –
გურამი ხატავს ხალხმრავალ სტადიონს, სადაც მტრედები უნდა გაუშვან.
გაწოლილი სოსო ტრაბახობს:
– უჰ, ერთი ჩამაგდებინა ხელში ის მაბეზღარა ხოზო!
გურამი ხატავს, რასაც უზამდა იმ მაბეზღარას სოსო. ნახატი საკმაოდ კომიკურია. ყველანი აღტაცებით უყურებენ ნახატზე გამარჯვებულ სოსოს.
– ეს ხელოვნება მე მეკუთვნის, – მხარზე ხელს არტყამს სოსო გურამს. უბიდან ორივე მტრედის ბოლო მოუჩანს.
უცებ გაირბენს კატა.
სოსო ერთი ნახტომით დაეწევა.
კატა გარბის სამტრედისაკენ: აქ ბავშვები არიან ჩასაფრებული.
სოსო დაიჭერს კატას.
გოგი დაიჭერს სოსოს.
ჩოჩქოლია.
ბავშვები დასდევენ და დანარჩენ სამ ბავშვსაც იჭერენ.
აჰყავთ სხვენში.
აქ ოთხ აბლაბუდიან ბოძზე აბამენ ოთხივეს.
გოგი `ჩაჭმუჭნულ~ მტრედებს თავისი ხელით ათავისუფლებს. მტრედები ირაოებით მიდიან ჰაერში.
ბავშვებს მოაქვთ და წითელი ყელსახვევებით დაფარულ ყუთზე აწყობენ მტრედის ბუმბულს, ერთ მკვდარ ჩიტს, იქვე აბამენ ერთ ფეხმოტეხილ და ერთ ყურმოჭრილ კატას, აგრეთვე, ცოცხალ ქათამს, რომელიც სანახევროდ გაპუტულია.
ეწყობა სასამართლო.
გოგი მოსამართლეა, რუსიკო – პროკურორი, ვასიკო – მსაჯული.
– ეგენი დამცველის ღირსნი არ არიან, – ასეთი აზრია დარბაზიდან.
გოგი: თქვენ წინ არის ოთხი აგრესორი.
დათო: მე არა ვარ აგრესორი!
გოგი: სულერთია, მათთან ხარ შენც მიკრული, ამხელა ბიჭი!
გურამი: არც მე ვარ აგრესორი, მე მხატვარი ვარ.
რუსიკო: მოსამართლის ნებართვით ვუპასუხებ.
გოგი: გთხოვთ.
რუსიკო: აგრესორის განკარგულებაში მყოფი ხელოვანი, აქ ვხედავთ მის ნახატებს, – ჩხირით ხატია მტვერზე, – თვითონაც აგრესორია, შეიძლება უარესიც.
სოსო: /ამაყად/ რისი გეშინიათ? დიახ, მე ნამდვილი აგრესორი ვარ, თუ კარგია და აგრე გინდათ.
მიშა: მეც, მეც!
სოსო: გიხაროდეთ, აბა რა, ჩვენ ოთხივენი აგრესორები ვართ!
დათო: /დაეჭვებით/ მართლა? რა არის აგრესორი, გოგი? არც ისე ცუდია? თუ პირიქით, კარგიც არის. /უყურებს სოსოს. სოსო ამხნევებს/.
გოგი: /მორცხვობს/ კარგად არ ვიცი, რა არის, რუსიკომ იცის.
რუსიკო: /იბნევა, მაგრამ ისევ სწრაფად იღებს მკაცრ სახეს/. ჩვენ ვალდებულები არა ვართ განვუმარტოთ მაგათ, რა რას ნიშნავს. ერთი რამ ცხადია – აგრესორობა კარგი არ არის.
გოგი: ჯობია გავაგრძელოთ სასამართლო.
დარბაზიდან: გავაგრძელოთ, გავაგრძელოთ.
იხილავენ დასასჯელთა `ბიოგრაფიებს~.
გოგი: რა სასარგებლო საქმეს ეწევა ბრალდებული სოსო?
სოსო: ათავისუფლებს ეზოს სხვა ეზოს კატებისაგან.
გოგი: ვისია ეს კატა? /უთითებს ფეხმოტეხილზე/.
სოსო: /იმრიზება/.
ხმები: ჩვენი ეზოსია!
გოგი: გაჩუმდით! /გიზოს. ის მდივანია/ ჩაწერე ერთი ეს ფაქტი /გიზო წერს ჩხირით მტვრიან კოჭზე, გურამის ნახატების ქვევით/.
გოგი: რატომ დაიჭირე მტრედები?
სოსო: /თავხედურად/ ვწევდი მაგივრობას იმ კატების, რომლებიც დავხოცე.
გოგი: აჰ, ასე პასუხობ?! /დარბაზს/ რას უშვრებოდა სოსო მტრედებს?!
დარბაზი: აცლიდა ბურტყლებს.
გოგი: კბილი კბილისა წილ, მიესაჯოს სოსოს ყოველი დამსწრესაგან თითო ღერი თმის ამოცლა.
სოსო: /ყვირის/ ეს რა სამართალია!
სხვები აცლიან თმას და ხარხარებენ.
სოსო ატირდება.
გამოდის აქამდე ნახევრად მიმალული ირინა და დამცინავად უყურებს მას, – `მტირალა!~ – უყოფს მას ენას.
გოგი ანიშნებს ყველას, არავის გაუმხილონ დამნაშავეთა აქ დაბმის ამბავი; დაბმულებს კი აძლევენ დროს მოიფიქრონ, რა ურჩევნიათ: ქუჩის ბიჭობა, აგრესორობა თუ ეზოს ბიჭობა, მოშინაურება.
– ეზოს ბიჭობა, ეზოს ბიჭობა, – ბლუკუნებენ ატირებული დათო და შეშინებული მიშა.
– ფუჰ, ეს რანაირი ქუჩის ბიჭები არიან, – გოგის გასაგონად ამბობს რომანტიკულად განწყობილი ირინა და იმრიზება. – აი, მე ვნახე გუშინწინ ისეთი კარგი ყოჩაღი ქუჩის ბიჭები, – უმატებს ის.
გოგი ყურებს ცქვეტს.
ეტყობა, ყველანაირად უნდა, ირინას წინაშე ვაჟკაცი გამოჩნდეს.
– საღამომდე ყველას დაბმულს ვტოვებ, – ამბობს გოგი.
ყველანი ჩარბიან ქვევით. ქვევით ჩარბენის წინ ეჯღანებიან დაბმულებს.
– მაინც რა ბიჭები ნახე ისეთი? – ეკითხება გოგი ირინას, რომელსაც არ დაავიწყდა მისი სიტყვები. გოგი ნაწყენ-გაბერილია, ისინი დგანან ჩამოსასვლელთან.
ირინა სარგებლობს ამით და იპრანჭება /საკმაოდ ზომიერად, ოღონდ გამომხატველად/.
– შენ ვერასოდეს იქნები ისეთი.
– რატომ? – ათუხთუხდება გოგი. – არც მინდა, არც მინდა!
აქეთ, შუა ეზოში:
იწყება `მრგვალი ვირის~ თამაში.
ბავშვები გაჰყვირიან ისეთ სიტყვებს, რომ სხვენში მიბმულები გააბრაზონ: – უჰ, რა ამინდია, რა სათამაშოა, რა კატამ გაირბინა და სხვა.
მორბის გოგი, მას სხვის მაგიერ უცებ აყენებენ `დედად~. გოგი ძალ-ღონის დაუშურებლად, აქლოშინებული თამაშობს.
/მიდის `მრგვალი ვირის~ თამაში მთელი წესების დაცვით/.
გოგის თავიდან არ შორდება ხმა:
`ალბათ, იმიტომ იყვნენ კარგი ბიჭები, რომ ყველას სცემდნენ~.
თამაში უფრო ხმაურიანი ხდება.
`მეც ყველას ვცემ, მეც ყველას მოვერევი~, – უტრიალებს გოგის თავში ეს აზრი.
უცებ `დედა~-გოგის ვასიკო წრიპინით მოახტება ზურგზე. `ესეც შენ~, გაწითლდება გოგი.
`ყოჩაღ, ვასიკო, ვასიკო, ვასიკო!~, – წვრილი ხმით აქებენ ბიჭები. გოგის თვალები, რომელსაც ზურგზე ვასიკო ჰკიდია, ხვდება ირინას დამცინავ თვალებს.
თამაშის წესების მიხედვით, გოგიმ ხაზს გარეთ უნდა გაიყვანოს ვასიკო, მაგრამ ხაზთანვე ბრაზდება და ზურგიდან შორს მოისვრის, `ალბათ, ყველას სცემდნენ ის ბიჭები, ირინას რომ მოეწონა~, – ისევ გაუელვებს გოგის თავში.
იქით ვასიკო დაეცემა და წრიპინით ტირის.
– ე-ე! – არენაზე გამოდის შედარებით დიდი ბიჭი, ედიშერი. იგი აქამდე არაფერში არ ერეოდა.
თამაში ჩერდება.
ყველანი გოგისა და ედიშერის გარშემო იყრიან თავს.
– რა `ე~, – თუხთუხებს გოგი.
– ხოზო! – ეუბნება ედიშერი.
– ჩემზე დიდია, თორემ ვცემდი, – იხედება ირინასაკენ გოგი.
ედიშერს უკანიდან ხელს ჰკრავენ.
ეჯახება გოგის.
გოგი, თავის მხრივ, ოდნავ ჰკრავს ხელს ედიშერს.
– აბა, კიდევ მკარი, – იჯგიმება ედიშერი.
ახლა გოგის ჰკრავენ ხელს, ის ეჯახება. – კიდე, აბა, – გამომწვევად ამბობს ედიშერი და თან ვერ ბედავს ჩხუბის დაწყებას.
– გაგკრავ კიდევაც, – თამამდება გოგი.
– აბა, მკარი, – იმეორებს უკვე შეშინებული ედიშერი.
– გკრავ.
– მკარი.
გოგის ხელს ჰკრავენ და ახლა უკვე მაგრად ეჯახება ედიშერს.
ედიშერი ხელს არტყამს მკერდში.
ირინა ირონიულად იცინის.
გოგი უცებ მთელი ძალით მივარდება მოწინააღმდეგეს, დააგდებს ძირს და სცემს.
ედიშერი დაბნეულობისაგან სუსტად უმკლავდება.
სხვები: ყვირიან, ტრიალებენ, უსტვენენ, ამხნევებენ.
საკუთარი ძალით აღფრთოვანებული გოგი ირინასკენ იხედება.
– ვითომ ჩემზე კარგი მოჩხუბარი იყო ის ქუჩის ბიჭი? – ისმის მისი ხმა.
– მა რა, აბა რა, – იპრანჭება ირინა.
გოგი უცებ შეუშვებს ხელს ედიშერს. ჩააფრინდება ირინას და კიბისკენ გაარბენინებს.
ბიჭები განაგრძობენ `მრგვალი ვირის~ თამაშს.
თამაშის
ფონზე მოჩანს:
ედიშერი ილურსება ბოძთან.
ვასიკო შანსიანად ტრიალებს მის წინ და ენას არ აჩერებს:
– ეგ რა ცემა იყო, ვითომ მოგერია... არც ითვლება ეგ ცემად, არც კბილი ჩამოუგდია, არც ტუჩი გაქვს გახეთქილი, ცხვირიდან სისხლი კი ჩხუბში, შენც იცი, არ ითვლება, არა?!
ედიშერი ძლივს ითმენს მის ეშმაკურ თანაგრძნობას, მერე წამოარტყამს და ლაპარაკის აზარტში შესულ ვასიკოს იქით ისვრის.
ამ დროს:
სადარბაზოდან გაპრიალებული ფეხსაცმლებით პაკაპუკით გამოდის, უნაკლოდ გამოწყობილი სათვალიანი ბიჭი ტატული; მას ხელში უჭირავს ბრტყელი სანოტე, კომპოზიტორის პროფილით.
ვასიკო სწორედ ტატულის ფეხებთან ეცემა.
დაცემისთანავე წამოხტება და სიცილით შეუყეფს: `აუ-აუ~, – მისი ყეფა წრიპინივით ისმის.
ტატული გაიქცევა, ვასიკო გამოუდგება, გათამამებული, მერე გაჩერდება, დოინჯს შემოიყრის და კმაყოფილი უყურებს როგორ გარბიან მისგან.
გოგი ირინას მიარბენინებს კიბეზე.
სხვენთან გაჩერდებიან.
– რითი მჯობია მე ის ქუჩის ბიჭი, შენ რომ ნახე, – გულუბრყვილოდ, გაბრაზებული ეკითხება გოგი გოგონას.
– გჯობია, გჯობია, არ გეტყვი რითი, – გულუბრყვილოდვე იპრანჭება ირინაც.
– მაშ შენ ჩემი ამხანაგი არა ხარ, – თუხთუხებს გოგი.
– შენი ამხანაგი ვარ, მაგრამ ის უფრო ყოჩაღი ჩანდა, აი, ასეთი, – ირინამ ისეთი პოზა მიიღო, თითქოს თვითონ იყოს ტანწერწეტა ბიჭი.
– ხოზო რო ვარ?! – აჭარხლდა გოგი, – მე, მე ყველასა ვცემ, იმასაც ვცემ, მე ყველა ქუჩის ბიჭებზე მეტი ქუჩის ბიჭი გავხდები, ვიოლინოზე ხომ აღარ ვუკრავ? ეს ერთი! –
ირინას უცებ ეშმაკური სახე გაუხდება, გოგისაკენ გადაიწევა და ყურში ეტყვის:
– იცი მამაჩემი როგორი კაცია?
– როგორი?!
– დედაჩემს მოჰკიდა ხელი და მოიტაცა.
– მარტოკამ?
– არა, ამხანაგებთან ერთად.
– სკოლიდან?
– არა, საკუთარი ეზოდან.
– ნამდვილად იცი? საიდან იცი?!
– სულ ჰყვებიან ხოლმე დედაც და მამაც სადილის შემდეგ.
– მერე, მერე?!
– ალბათ, ის ქუჩის ბიჭიც ისევე მოიტაცებს თავის ცოლს.
– ვერაფერსაც ვერ მოიტაცებს ის!
– მოიტაცებს!
– ვერა!
– მოიტაცებს!
– ვერა!
– მაშ, ვინ მოიტაცებს?!
– მე!
– ეეე-უ, გოგი! – ისმის ბოძზე მიბმული სოსოს ხმა სხვენიდან.
გოგი მაგრად სტაცებს ირინას ხელს და იქითკენ მიათრევს.
ქვევით, ეზოში:
პატარები კვდებიან სიცილით.
წრის შუაგულში სკოლამდელი გიგული მიბარბაცებს, ჰბაძავს მთვრალს.
– გენაცვალე სულში, – ბუტბუტებს ის და თვითონვე უკეთებს კომენტარს: – ასეთი იყო გუშინ მამაჩემი, – აგრძელებს გამოჯავრებას:
– შენა ხარ ჩემი საყვარელი მეუღლე, უსაყვარლე-სი, – ხვევს მხარზე ხელს მასზე გაცილებით მაღალ გოგონას, ლიას.
– შენ კი, – ყვრიმალში ამოსდებს ხელს ვასიკოს, – ჩემი უსაყვარლესი, უმამაცესი, უვაჟკაცესი... უუმამაძაღლესი, საკუთარი ვაჟი გი-გული, რომელიც ამასაც მირჩევნია, – უთითებს ცოლზე, – და ამასაც, – ხელს იშვერს მზიასკენ.
ბიჭები შეუჩერებლივ იცინიან.
– ტატული, ტატული, – მზრუნველი დედის სახით შემოდის რუსიკო წრეში, მიდის გიგულისკენ.
გიგული იბერება, სერიოზულდება, იწკიპება გარეგნულად, იღებს მევიოლინის სახეს, ვიოლინოს ნაცვლად იჭერს რაღაც მუყაოს ნაჭერს და `დედისაკენ~ მიდის ნამდვილი ტატულივით.
`დედა~ განაგრძობს: შენ, ჩემო ბიჭო, ანგელოზო, მჯობთა მჯობო ყველა ვიოლინოზე დამკვრელისა, ყველაზე ლამაზო და ჭკვიანო ტატული, ტატული...
რუსიკო ლოყაზე უჩქმეტს გიგულის, ოღონდ ოდნავ უფრო ძლიერად, ვიდრე თამაშს შეეფერება.
გიგული ენას გამოუყოფს და თმას მოსწიწკნის მისკენ დახრილ რუსიკოს, რომელსაც თმა ზედმიწევნით წმინდადა აქვს დავარცხნილი.
რუსიკო სტაცებს ხელს და ერევა გიგულის, გიგულის მიეხმარება ვასიკო.
რუსიკოს მიეხმარება ლია.
ბიჭს ეხმარებიან ბიჭები, გოგოს – გოგოები.
მათ შორის ხელჩართული ომის დაწყებამდე ჩანს:
ეზოს ერთ კიდეში, ისეთ ადგილას, რომელსაც ყველა მხრიდან კარგად ვერ დაინახავთ და საიდანაც, თავის მხრივ, ყველაფერი მშვენივრად მოჩანს, დგას ორსართულიანი ვიწრო საქათმე, ქვედა სართულში შეყრილები არიან ინდაურები და ერთი გოჭი, იქვე, გარეთ, აბია საჩხუბრად მომზადებული ყოჩი, მეორე მხარეს ზის ეზოს ძაღლი ყურშა. ზედა სართულში შეყუჟულ პატარა ვარიკებს შორის ამაყად დადის წითელბიბილოიანი დიდი მამალი.
საქათმის თავზე ზის ფეხმორთხმული, ტანად ძალიან პატარა ბიჭი ლევიკო, მოღერებული ყელით და ამაყი სახით, იგი ხანდახან იღიმება; მიუხედავად თავისი ჩუმი უცნაურობისა, აბსოლუტურად არ ტოვებს არანორმალურის შთაბეჭდილებას – უფრო, პირიქით.
ტექსტი: ერთი წამით, ერთი წამით გამოეთიშეთ ყველაფერს. შეხედეთ ამ პატარა, განმარტოებულ მეოცნებეს, ნახეთ, რა საინტერესოდ აღიქვამს მისი კეთილშობილი, ნაზი და სულის სიღრმეში ვაჟკაცური ბუნება გარემოს.
ლევიკოს უკან წამოყუდებული სახლის კედელი გადაიქცევა სალ კლდედ, ლევიკო თავად – მიჯაჭვულ ამირანად, ხოლო ეზოს ძაღლი – ცნობილ ყურშად.
ტექსტი: მისი არსება ყოველთვის შეპყრობილია რაიმე დიადისა და კარგის გაკეთების სურვილით, მაგრამ სუსტია და პატარა იგი ფიზიკურად, ამიტომ ყოველთვის თავისი საყვარელი ზღაპრის გმირის, მიჯაჭვული ამირანის, მდგომარეობაში წარმოიდგენს ხოლმე თავს.
ეზოში ჩანს: ბიჭები ცალკე გავიდნენ, გოგოები ცალკე. მერე დაერივნენ ერთმანეთს და ხელჩართული წეწვა-გლეჯა ატეხეს.
ლევიკოსთან: მთელი სხეული ეძაბება, ცდილობს, ფეხზე წამოდგეს, რომ გააშველოს ისინი, მაგრამ ჯაჭვები არ უშვებს. ყურშა ლოკავს ჯაჭვს და თითქმის გაწყვეტამდე ათხელებს.
ტექსტი: ლევიკოს გონება ბიჭებისა და გოგონების შეტაკებას ისე აღიქვამს, როგორც ახლად წაკითხულ ლეგენდას ამორძალებისა და მაკედონელის ჯარების შეტაკებაზე.
ეზოში ბრძოლა მწვავდება, ბევრი უსულოდ ეცემა ძირს.
ლევიკოსთან: ესმის იარაღის ჟღარუნი, ცხენების ხვიხვინი.
ეზოში ომი თავის ზენიტს აღწევს.
რამდენიმე ბავშვიღა რჩება ფეხზე.
ეცემიან ისინიც.
გადარჩებიან მხოლოდ რუსიკო და გიგული.
უსულოდ ყრიან შუა მზისგულზე მშვენიერი გოგონები, მშვენიერი ბიჭები.
დადის რუსიკო მარტო თავის დახოცილ დებში და ტირის უძლურებისაგან.
დადის გიგული თავის მეგობარ-ძმებში და ისიც ტირის უნუგეშოდ.
უცებ დაინახავენ ერთმანეთს.
საშინელი სიბრაზე ეტყობა ორივეს სახეზე.
გვერდით მოჩანს ცარიელი საომარი მოედანი.
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის მიდიან იქითკენ.
ლევიკო წამოიწევს, ჯაჭვი სულ გაწვრილებულია, სოლი თითქმის ამოწეულია მიწიდან, უნდა გამოქანდეს, გააშველოს, მაგრამ ამ დროს დაჰკრავენ მჭედლები ჯაჭვს უროს და ისევ ასქელებენ.
ლევიკო უმწეოდ ეშვება თავის ადგილას.
სადაცაა უნდა შეეტაკნენ გიგული და რუსიკო ერთმანეთს.
უნუგეშობაა ლევიკოს სახეზე.
თავგანწირვა ამათ მოქმედებაში.
ამ დროს:
მუსიკის გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, შინ ბრუნდება ტატული. ის მხიარული სახით შემოდის და ელდანაკრავი დგება. გდია პატარა ვასიკო უსულოდ. ტატულის ცრემლი ერევა. წვანან სხვები სისხლიანები. ტატული ტირის.
გიგული და რუსიკო მიიწევენ ერთმანეთისაკენ.
უცებ ისმის მამლის არაჩვეულებრივი მხნე ყივილი.
რაღაცა გრანდიოზული აზრი მოსდის თავში ლევიკოს, ხელით ანიშნებს ტატულის.
ტატული სერიოზულ სახეს იღებს.
ხსნის ბუდეს, ამოიღებს ვიოლინოს და უკრავს.
სულ მაღლა და მაღლა მხიარულად და მხნედ ისმის ხმები.
იმსხვრევა ლევიკოს ჯაჭვები, ფეხზე იმართება იგი.
გიგული მივა ახლოს რუსიკოსთან, რომელიც მეგობრულად უღიმის და ხელს გადახვევს.
თავს წამოყოფს პატარა ვასიკო.
ამოძრავდებიან გალიაში ცხოველები.
ცოცხლდებიან დახოცილები.
უცებ ყველაფერი ეხვევა ისევ რეალურ სამოსელში.
ძველიდან რჩება:
ტატული უკრავს ვიოლინოზე,
ბავშვები აღფრთოვანებულები ცეკვავენ, მღერიან, ერთობიან.
ტექსტი: ხედავთ ლევიკოს?
ჩანს ლევიკო: ხელგაშლილი მდგომი საქათმის თავზე.
ტექსტი: ახლა იგი უეჭველად გაფრენას მოისურვებს!
ლევიკო დააქნევს ხელს, გაფრენა უნდა, მაგრამ ძალიან სასაცილოდ ვარდება თავისი ადგილიდან ძირს, ნესტში, წამოხტება, სევდიანად ეღიმება.
ბავშვები ითვლიან რაღაცა თამაშისათვის.
ვიოლინო ისევ უკრავს. ტატულისაც ათვლიან.
ეზოში ისმის მშობელთა ხმები ყოველი მხრიდან:
– ტატული, ტატული, ჯერ არ გისადილია!
– ვასიკო, არითმეტიკა დაგრჩა მოსამზადებელი!
– რუსიკო, ამოდი ჩქარა!
– გიზო, დაკარგავ, იცოდე, ფრიადოსნობას!..
ბინდდება.
გაბმულ მავთულზე მიბმული ბულდოგი იფხორება.
ცარიელდება ეზო.
საქათმესთან მიბმული ყურშა მოწყენილი რჩება.
ქათმები იბუდრებენ.
გოჭი იძინებს ინდაურებს შორის.
ყოჩი და მამალი უყურებენ ერთმანეთს.
ამოდის მთვარე.
ეზოში ისმის მშობლების შეშფოთებული ხმები:
გოგი! სოსო! მიშა! დათო! გურამ!
ირინა, ჩემო გოგონა, ირინა!
ჩანს სხვენი, ბოძები – გადაჭრილი თოკებით.
ეს ის თოკებია, რომლითაც დილით მიაბეს სოსო, მისი კამპანიით.
ძებნის ხმები მეორდება ცარიელ ეზოში.
ჩანს ხელი, რომელიც მავთულიდან აუშვებს ბულდოგს. ჩანს ხელი, რომელიც ახსნის გალიასთან მიბმულ ყოჩს.
გრძელდება ბავშვების სახელების ძახილი.
ჩანს ღამეში გახვეული მტკვარი, მოქცეული გრანიტის კედლებში.
მთვარე ტალღებს მიჰყვება ხიდის ქვევიდან.
ნაპირი გრანიტიდან ქვიშიან დაბლობზე გადის.
ისმის ხმები წყლის შხრიალთან ერთად:
– მე მეგონა, შემეშინდებოდა.
– მე, პირიქით.
– შენ სტყუი!
– არა, მართლა, პირიქით.
– არც შენ გეშინია, სოსო?!
– მართლა არა?
– არა!
– ყველაზე ყოჩაღი მაინც გოგია.
– აბა, რა!
– ირინასაც კი არ ეშინია, იმიტომ რომ გოგიმ მოიტაცა.
– უჩვენოდ ხომ ვერ მოიტაცებდა.
– ირინამაც ასე თქვა, უამხანაგებოდ მოტაცება მოტაცებად არ ითვლებაო.
– გოგის მერე ყველაზე ყოჩაღი მაინც სოსოა.
– სოსოსაც რომ მოტაცებული ცოლი ჰყავდეს, ისიც ისეთივე ყოჩაღი იქნებოდა.
სოსო: ჩუუ!
გამოჩნდება: ნაპირის გასწვრივ მიდის ოთხი ლანდი.
ბოლოს დიდ, დიდთავა დათოს ათრეული მიჰყავს ყოჩი, ჩქარობს, ბორძიკობს, საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაშია. ყვირის:
– ახლა ქორწილს გადავიხდით, ცხვარს დავკლავთ!
მათგან კარგა მოშორებით წინ მიდიან გოგი და ირინა, თან ბულდოგი ახლავთ. გოგი ხანდახან წვება და მიწას ადებს ყურს.
ამ დროს უკან მიმავალნი ჩერდებიან.
მერე გოგი ნელა უსტვენს და ყველანი განაგრძობენ მოძრაობას.
– გეშინია, ირინა? – ეკითხება გოგი ჩურჩულით.
– მგონი, კი, – პასუხობს ირინა.
– ჩემთან ერთად რო ხარ, მაინც?
– შენ თვითონ ისეთი პატარა ხარ!
– პატარა თუ ვარ, ცოლი საიდანა მყავს?
– მართლა გყავს?!
– დაგავიწყდა? შენ არა ხარ?!
– ჰო, მართლა. მაშ, აღარ მეშინია.
– ახლა მალე მივალთ. ხედავ, იქით ჩანს კიდევაც იმ კოშკის ნანგრევები, სადაც ღამე უნდა გავათიოთ.
– შეიძლება იქ უკვე არიან სხვები.
– ჯერ ერთი, იქ არასოდეს არავინ არის. მეორეც, თუ იქნებიან, ბრძოლით გამოვყრით.
კოშკის ნანგრევები წარმოადგენს სახლს, რომელიც სანაპიროზე მშენებლობის ძირითადი გეგმის გვერდით დარჩა დანგრეული კვარტლის აღების შემდეგ. ამ სახლიდან მხოლოდ მაღალი, სიფრიფანა კედლებიღაა დარჩენილი. აქა-იქ გამოჩხირულია რკინის კოჭები. კედლის მხოლოდ ერთი მხარეა თეთრად განათებული მთვარისაგან. დანარჩენი ჩაფლულია სრულ სიბნელეში, რომელსაც ნელ-ნელა ეჩვევა თვალი.
სანამ შესაძლებელი იქნება იქ რაიმეს გარჩევა, ისმის მოხუცისა და ორი ბიჭის ხმა. მოხუცს ხმაზე ეტყობა, რომ ყოჩაღადაა, მხიარულია და ცოტა მოსულელო.
მოხუცი: ყოჩაღ, ბიჭებო, დიდი ხანია გამოიქეცით სახლიდან?
პირველი ბიჭი: ეე, ვინ მოთვლის.
მეორე ბიჭი: ნახევარ წელიწადზე მეტია.
მოხუცი: გამოქცევა ცუდია, ო, ეგ ცუდია, ცუდია. არც გაიყინეთ, არც შიმშილით დაიხოცეთ?! ყოჩაღ თქვენ, ყოჩაღ!
პირველი ბიჭი: ძალიან მოგვწონს ჩვენ ასე ხეტიალი.
მოხუცი: ოღონდ მაინც უნდა დაბინავდეთ, ბოლოს მაინც. ისე მე თვითონ თქვენზე ძალიან მიყვარს უგზო-უკვლოდ თრევა, დავბერდი და მაინც ასე ვარ. ბევრი ვიხეტიალე, ყველაზე ბოლოს მოვხვდი თბილისში. აქ მომეწონა, აქ ყველაზე კარგია, მე ჭკვიანი და ეშმაკი ვარ, უცებ ავუღე ალღო აქაურობას; რაც დედამიწაზე ერებია, ყველა აქ ცხოვრობს.
ვთქვი, ებრაელი ვარ-მეთქი, – ებრაელებმა მცეს პატივი.
ვთქვი, სომეხი ვარ-მეთქი, – სომხებმა.
მერე ქართველ ემიგრანტად გავასაღე თავი და თან გადამყვნენ ქართველები. მერე ყველა ეროვნებები ერთმანეთში ამერია, სად რას ვამბობდი, აღარ მახსოვდა და მაინც ყოველთვისა მქონდა სამყოფი ლუკმა და პატივისცემა.
მეორე ბიჭი: ჩვენ სულ ერთი კვირაა, რაც აქ მოვხვდით და ჯერ ტყუილი არ გვითქვამს.
პირველი ბიჭი: რა, ჩვენც მოვიტყუოთ?
მოხუცი: ცოტა კი, ცოტა აუცილებელად.
მეორე ბიჭი: ჩვენ რომ არ გვინდა ტყუილი?
მოხუცი: მაშინ სიმართლე ილაპარაკეთ. მე, უბრალოდ, ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობ, ძალიან ბევრი ვისწავლე და ძალიან შევეჩვიე ტყუილს.
პირველი ბიჭი: ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა ტყუილის თქმა შეიძლება, საერთოდ.
მოხუცი: თქვით, რომ ისეთი ქვეყანა არასოდეს გინახავთ, როგორიც საქართველოა.
მეორე ბიჭი: ეგ სულაც არ იქნება ტყუილი, ჩვენ სხვა ქვეყანა არც გვინახავს რუსეთის გარდა.
/სიბნელეში ნელა გამოიკვეთებიან ბიჭების ფიგურები, მხოლოდ მოხუცი რჩება ისევ თითქმის უჩინრად ჩრდილში./
მოხუცი: აი, ტყუილიც სწორედ მანდ შეიძლება ითქვას, თანაც სრულიად უმტკივნეულო. მხოლოდ თქვით, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ნახეთ ერთის ნაცვლად, მაგრამ ასეთი... არ გამოდგა არც ერთი... ხი, ხი...
პირველი ბიჭი: ეგ რა, აუცილებელია?!
მოხუცი: აუცილებელია, ჩემო კარგებო, აუცილებელი. ქართველებს ძალიან უყვართ, როცა ცოტას ატყუებენ, თუნდაც იცოდნენ, რომ ეს ტყუილია.
მეორე ბიჭი: ჩვენ კი მაინც არ მოვიტყუებთ!
პირველი ბიჭი: არ მოვიტყუებთ, არ მოვიტყუებთ!
მოხუცი: ხი, ხი, ნუ მოიტყუებთ, ნუ მოიტყუებთ, მე კი დაგტოვებთ, წავალ, გამთენიისას უკვე ქუჩაში ვიქნები, სადაც გარეთ გამოდიან დახლიდარები და თითოეულს დილა მშვიდობისას ვეტყვი; ვეტყვი, აგრეთვე, ასეთი დილა არასოდეს არა ყოფილა-მეთქი. – განა ესეც ტყუილი არ არის? – რამდენი კარგი დილა ყოფილა სხვაც, მაგრამ იმასაც სიამოვნებს და მეც – ასიამოვნეთ სხვას და თქვენს თავსაც, სანამ კარგადა ხართ, ცოცხლები ხართ.
მეორე ბიჭი: არა! როცა ცუდი დილაა, ჩვენ ვამბობთ, რომ დილა ცუდია.
პირველი ბიჭი: ჩვენ იმითი ვამაყობთ, რაც სინამდვილეში გვაქვს. ახლა ვამაყობთ, რომ გვაცვია დახეული ტანსაცმელი, გამოვიპარეთ შინიდან და ვხეტიალობთ.
მოხუცი: თქვენ იცით, თქვენ იცით, მე კი გავიქეცი, რომ დილა მშვიდობისა ვუსურვო ხალხს, ნუ იქნებით ბრიყვები, ჯობია იამაყოთ იმ კარგით, რაც გინდათ გააკეთოთ, ვიდრე იმ ცუდით, რაცა გაქვთ. მე ყოველთვის, რაც მინდა, ის მაძლევს სიამაყეს.
ბიჭები: /წამოდგებიან, აძლევენ პიონერულ სალამს ოდნავ სასაცილოდ/ პიონერული სალამი! ჩვენ ვამაყობთ ორივეთი, იმითი, რაც გვაქვს, ჩვენ ვამაყობთ იმითი, რაც გვინდა! /სხდებიან/
მოხუცი: თქვენ იცით, თქვენ იცით, მე მოხუცი ვარ, მე გავიქეცი.
მოხუცის ხმა ნანგრევებს გარეთ, შორიდან:
მე ერთი სულელი მოხუცი ვარ, მიყვარს `დილა მშვიდობის~ თქმა და მიყვარს ბაყაყივით ყიყინი: ყვიტ, ხი, ხი... ყვიტ, ყვიტ.
პირველი ბიჭი: ნახე, ბებერს ყიყინიც ჰყვარებია.
მეორე ბიჭი: მე კი ოცნება მიყვარს.
პირველი ბიჭი: მეც ძალიან მიყვარს ოცნება.
მეორე ბიჭი: ისეთი ხმა აქვს, ოცნება მაგ მოხუცსაც ძალიან ეყვარება.
პირველი ბიჭი: ყველას, სულ ყველას უყვარს ოცნება.
მეორე ბიჭი: ზოგს მაინც განსაკუთრებით, ალბათ...
ტექსტი: ოო, ზოგი მხოლოდ მაგით ცხოვრობს.
/სიბნელე. სიბნელიდან გამოდის ლევიკოს ოთახი/.
ტექსტი: აი, ეგ ბიჭები ხეტიალობენ, ის მოხუცი `დილა მშვიდობის~ სათქმელად დადის, ეს კი სულ ოცნებობს და ოცნებობს.
ამასობაში ვათვალიერებთ ლევიკოს ოთახს:
ერთ კუთხეში ანთია ფანტასტიკური ფრინველის ფორმის მწვანე ნათურა. კედლებზე ჰკიდია რამდენიმე მკვეთრად დახატული სურათი, ზოგი დახატულია მისი ხელით: როგორ ზის თვითონ ცოცხზე და მიფრინავს კატასტროფის ადგილისაკენ, კატასტროფის ადგილი ცალკე; ერთი სერიის სამი სურათი: ის დგას მზეზე, ის დგას მთვარეზე, ის დგას და ერთი ფეხი მზეზე უდგას, მეორე – მთვარეზე.
კიდია აგრეთვე რაკეტის ფოტოსურათი, ამოჭრილი გაზეთიდან, ჩასმული გაფორმებულ ჩარჩოში.
ლევიკო უზარმაზარი ფანჯრის კუთხეშია მიმჯდარი, პატარა, ერთი ბეწვა, და მისჩერებია ვარსკვლავებს. ერთი ვარსკვლავი განსაკუთრებით კარგად მოჩანს.
ტექსტი: ეს არის მისი ვარსკვლავი.
რადიოს ხმა: იუწყება პირველი საპლანეტათშორისო ხომალდის გაშვების ამბავს.
ლევიკოს
გონებაში: წითელ ზოლად მიდის ხომალდი მისი ვარსკვლავისაკენ.
შეაჟრჟოლებს.
ტექსტი
ლევიკოს ხმით: ნეტავი ახლა ვიჯდე იმ ხომალდში და მივფრინავდე ჩემი პატარა ვარსკვლავისაკენ. ო როგორ მინდა იქ გავფრინდე /მოიხედავს ოთახისაკენ, უცებ მოსწყდება ფანჯარას, გამოიქცევა და უზარმაზარბალიშებიან საწოლში დაეცემა პირდაღმა/.
ისევ მისი ხმა: ძალიან მინდა იმ ვარსკვლავზე მოხვედრა და ასევე ძალიან მეშინია იმ გრძელი, ცივი, უჰაერო გზის, რომლის გავლაც უნდა მომიხდეს იქამდე. მერე, როცა გავივლი, ნეტავ რა იქნება იქ, ჩემს ვარსკვლავზე! იქ, სადაც მივაღწევ!
ნეტა კარგია?! ნეტა კარგია?!
ძალიან მეშინია! აქ ღამისაც კი მეშინია...
/უცებ მხნევდება/ ვისაც ღამის ეშინია, ის ვერც გაფრინდება /წამოხტება ფეხზე და შთაგონებული სახით დგას შუა ოთახში/.
ისმის ლევიკოს დედის ხმა მეორე ოთახიდან:
– მართლა, რა შესანიშნავი მოვლენაა, სადაცაა ადამიანსაც გაუშვებენ მთვარეზე.
– მე კი მეშინია, საშინლად მეშინია ჩემი ლევიკოსა და სხვების მაგიერ.
– რა არის ასეთი საშიში, ქალო, გეგონება, შენი ლევიკო მიფრინავდეს პირველ რიგში.
– ვინ იცის, რა იქნება, ვინ იცის, რა არა ხდება! ახლა ჯერ ვერც გოგი იპოვეს, ვერც ირინა, ვერც სხვები, ხუთი-ექვსი საათია, რაც აღარა ჩანან /ლევიკო ყურებს ცქვეტს/.
– დადასტურდა, თუ იცი, რომ ერთად გაიპარნენ?
– ეჭვი არ არის, სხვა ვინ გადაჭრიდა იმ თოკებს, რომლითაც ისინი დილით მიუბამთ.
– ოოო, რა გაუზრდელობაა სახლიდან გაპარვა. არა მგონია, ჩვენმა ლევიკომ ეგ გაბედოს ოდესმე, ვერც კი წარმომიდგენია.
– ლევიკო ახლა უკვე მესამე პირ ძილშია, ალბათ.
რადიოს ხმა: მოისმინეთ სიგნალები ხომალდიდან – ტტტტ...
ლევიკოს ფიქრი:
ვისაც ღამის ეშინია, ის ვერც გაფრინდება. ისინი გაფრინდებიან, იმათ არ ეშინიათ, უნდა დავარწმუნო ყველა, რომ არც მე მეშინია... /ჩუმად იპარება სახლიდან, ჩადის კიბეზე/.
ფიქრობს: იქ მინდა, იმათთან, იქ, იქ... გადის მთვარიან ეზოში, მიჰყვება ჩრდილიან კედელს საქათმისაკენ.
სიბნელე.
სიბნელიდან
ჩანს: აურზაური, დარბიან სახლის ნანგრევების ახლოს მისული ბავშვების ჩრდილები.
ნანგრევების შიგნით ქვებს აგროვებს ის ორი ბიჭი, მერე წვალებით ადიან კედლის თავზე, ემზადებიან საბრძოლველად.
ნანგრევების გარეთ:
თავგამოდებით ყეფს ბულდოგი,
ბიჭები აქეთ-იქით გარბიან.
მხოლოდ გოგი დგას და ამაყად იყურება სიბნელისაკენ, მას ეკვრის ირინა.
მხნევდებიან გოგის მაგალითით.
შედგება სოსო. მოვა მასთან და გვერდით ამოუდგება.
მას მიბაძავენ მიშა და გურამიც.
დიდი დათო `საქორწინო~ ყოჩთან ერთად ათას კომიკურ სიტუაციაში ვარდება.
საერთო სიტუაცია დრამატულია.
– ეეუ, – იძახის გოგი.
დანგრეული სახლის თხელ, მაღალ, სამკუთხედად მონგრეულ კედელზე, რომელსაც ძირი უფრო წვრილი აქვს, ვიდრე ზედა განი, გადმოდგება პირველი ბიჭის სილუეტი და ისიც იძახის:
– ეი, ეი, ეიიი...
გოგი: ვინ ხართ მანდ, იმ კოშკში, სადაც მოვდივარ მე, ირინათი და ამხანაგებით.
პირველი ბიჭი: თვითონ ვინა ხართ თქვენ, გოგი, ირინა და მათი ამხანაგები?
გოგი: ჩვენ ვართ ისინი, ვინც გადაწყვიტა მაგ კოშკის დამორჩილება, რადგან კოშკი გვეკუთვნის ჩვენ.
პირველი ბიჭი: თუ გინდათ, მიგიღებთ სტუმრად, თუ არადა, აქედან წადით, დაუპატიჟებელო სტუმრებო!
სოსო: /გოგის/ ხო ხედავ, მაგისი ხმა არა ჰგავს ქართველისას.
მიშა: არა ჰგავს, სწორია, არა ჰგავს...
გოგი: /ხმამაღლა/ შენ ეი, შენ თვითონ დაუპატიჟებელო სტუმარო, საიდანა ხარ?
პირველი ბიჭი
მეორე ბიჭს: რა ვუპასუხო?
მეორე ბიჭი: უთხარი მართალი.
პირველი ბიჭი: ჩვენ ვართ რუსეთიდან!
სოსო: /ჩუმად/ ჰკითხე, მერე აქ რა უნდათ?
გოგი: აქ რა გინდათ?!
პირველი ბიჭი
მეორე ბიჭს: რა ვუპასუხო?
მეორე ბიჭი: უთხარი, რომ გამოვიპარეთ სახლიდან.
პირველი ბიჭი: ვხეტიალობთ მთელ ქვეყვანაზე.
სოსო: /ჩუმად/ უთხარი, ახლავე დაცალონ ეგ კოშკი და წაეხეტონ, სადაც უნდათ.
გოგი: საიდანაც მოსულხართ, იქით წადით, თორემ ძაღლს მოგიქსევთ და თავს დაგესხმებით.
პირველი ბიჭი
მეორე ბიჭს: რა ვქნათ?
მეორე ბიჭი: სწორია, კოშკი მაგათია.
პირველი ბიჭი: დავტოვოთ?
მეორე ბიჭი: უთხარი, რომ ვტოვებთ და წავიდეთ.
გოგი: ეეე, ტოვებთ თუ არა!
მეორე ბიჭი: დავტოვებთ, ოღონდ მუქარით, არა!
გოგი
/თავისებს/: აღარ დავემუქროთ?
ირინა: ა?
სოსო: ეგ თავის დაძვრენაა.
გოგი: თუ არ წახვალთ, თავს დაგესხმებით.
მეორე ბიჭი: დაგვესხმებით და დაგხვდებით.
პირველი ბიჭი: დაგვესხით, მაინც არ დავტოვებთ.
ესხმიან თავს.
თავდასხმაში მონაწილეობს ძაღლი, ყოჩი,
მონაწილეობენ ყველანი,
ისინი უშენენ ქვებს,
ესენი სიფრიფანა კედლებზე მიძვრებიან ზევით.
თითქოს ნამდვილი, სიცოცხლისთვის მართლა საშიში ომია.
პირველ ბიჭს ჩამოათრევს გოგი დიდი, სახიფათო სიმაღლიდან, მეორე არა ნებდება არავის.
ირინა: გთხოვთ, ნუღარ ღვრით სისხლს, გთხოვთ!
გოგი მის ფეხებთან ორივე ბეჭზე დააწვენს იმ ბიჭს.
ირინა: ო!
პირველი ბიჭი: ა!
ირინა: ეს ის ქუჩის ბიჭია, მე რომ ვნახე სამი დღის წინ და რომ მომეწონა. შენ რომ გითხარი.
გოგი: მართლა?
/გაუშვებს ხელს, ბიჭი თვალებს ხუჭავს და დარცხვენილი წევს ორივე ბეჭზე/.
ირინა: ეს ისეთი ყოჩაღი იყო მაშინ.
სოსო: ეგ მარტო შორიდან მოგეჩვენა. ახლოს, ხომ ხედავ, სხვანაირადაა საქმე.
ირინა: არა, ეგ ტყუილია. ადექი, ბიჭო, ზევით. /ბიჭი დგება/ თქვი, თქვი, შენ ხომ ყოჩაღი ბიჭი ხარ?
გოგი: სწორია, ეგ ყოჩაღი ბიჭია. /სოსოს/ განა შენც მოერევი!
ირინა: შერიგდით რა, გთხოვთ, შერიგდით!
პირველი ბიჭი: მე მარტო არ შევურიგდები... /ზევით მისი ამხანაგი იბრძვის/.
გოგი: თქვენ, ეი, დაანებეთ მაგას თავი /თავს ანებებენ/.
მეორე ბიჭი: რა მოხდა?!
გოგი: ჩამოდი, უნდა შევრიგდეთ /ჩამოდის/.
პირველი ბიჭი: აბა რა!
ირინა: უნდა შევრიგდეთ, უნდა შევრიგდეთ /ორივენი მორცხვად იღიმებიან/.
პირველი ბიჭი: /მიდის გოგისთან და კუნთებს უსინჯავს./ ო, რა ღონიერია! – ამბობს.
გოგი: /ჩამოყრილ თმაზე მოჰკიდებს ხელს/ რა კარგი თმა აქვს ამ ბიჭს, არა? /უყურებს ირინას/.
მეორე ბიჭი: /აქნევს თავს, იცინის/ მეც კარგი თმა მაქვს.
ყველანი: რა კარგი ბიჭები არიან, რა კარგი ბიჭები! /შემოეხვევიან/
დათო: აბა რა! აბა რა! ვაშაა!
მიშა: /ჩუმად/ საინტერესოა, ვინ არიან?
გოგი: ვინა ხართ თქვენ, ბიჭებო?
მეორე ბიჭი: ჩვენ მოგზაურები ვართ.
პირველი ბიჭი: მოხეტიალე მოგზაურები.
გოგი
/სწრაფად/: მერე, მოგეწონათ საქართველო?
პირველი ბიჭი: ძალიან.
სოსო: ყველაზე ძალიან?!
მეორე ბიჭი: არა.
ირინა: განა სხვა რამე უფრო კარგია საქართველოზე?
მეორე ბიჭი: რუსეთი.
ირინა: რატომ?
მეორე ბიჭი: იმიტომ, რომ იქიდანა ვართ.
სოსო: ნახე, რას ამბობს?
გოგი: შენ ნუ ხარ წიწმატა, სწორს ამბობს, ეგ იქიდან არის და ის უფრო მოსწონს.
ირინა: ყოჩაღ, გოგი! /აკოცებს/ რა ჭკვიანი გახდი! როდის დაჭკვიანდი ასე?
გოგი: არ ვიცი...
ირინა: ხომ მოგწონს აქ ყველაზე უფრო, სოსო?
სოსო: მომწონს.
ირინა: ხო იტყვი ყველგან?
სოსო: ვიტყვი!
ირინა: ყოჩაღ, ეგენიც მართალს ამბობენ, არც ეშინიათ და არც ტყუიან.
მეორე ბიჭი: არც გვეშინია და არც ვტყუით.
გოგი: ესენი მართალი და კარგი ბიჭები არიან.
ყველანი: ჩვენ მოგვწონხართ თქვენ, ჩვენ შეგვიყვარდით თქვენ.
მეორე ბიჭი: თქვენ ძალიან, ძალიან კარგი ბიჭები ხართ.
პირველი ბიჭი: ვინა ხართ თქვენ, ჩვენსავით მოგზაურები?...
გოგი: ჩვენ არა... ჩვენ, მე... /ირინას/ ვთქვა?
ირინა: თქვი.
გოგი: მერე? ... /დაიმორცხვებს/
ირინა: თქვი ... /თვითონაც დაიმორცხვებს/
გოგი: მე მოვიტაცე ირინა, ესენი მომეხმარნენ, იმიტომ რომ მარტო ერთმა რო მოიტაცოს, არ შეიძლება.
ირინა: ჰო, მომიტაცა...
პირველი ბიჭი: ო!
მეორე ბიჭი: ჰოო! /იღიმება/ მერე რა უნდა ქნათ?...
გოგი: /გაკვირვებულია/ მართლა, რა უნდა ვქნათ? /ერთ ბიჭს ეღიმება, მეორეს სულელური გამომეტყველება აქვს/
ირინა: ვაიმე, დედა, ალბათ, როგორ მეძებს...?!
გურამი /ჩუმად ტირის, რითაც ტონს აძლევს ყველას/.
გოგი: /ესეც გულაჩუყებულია/ რა მო-გი-ვიდა?...
გურამი: დედა, დედა მეცოდება, ალბათ, გა-გი-ჟე-ბუ-ლია... /ირინა ჩუმი ქვითინით ყველას გულს უჩუყებს/.
პირველი ბიჭი: ჩვენ კი, ალბათ, უკ-ვე მკვდ-რე-ბი ვგო-ნი-ვართ /აბღავლდება/.
მეორე ბიჭი: მერე დედაჩემი რა კარგი ქა-ლია, რა ახალ-გაზრ-და!...
საერთო ტირილია, გარდა დათოსი და ყოჩისა, რომლებიც ისევ ვერ `უგებენ~ ერთმანეთს, ძაღლიც კი ყმუის.
გოგი: ჩვენს ამხანაგებს კი რა ტკბილად სძინავთ, დედებთან ერ-თად...
სიბნელე.
სიბნელეში ჩანს ოთახი.
სძინავს რუსიკოს, სძინავს მის დედ-მამას. მათი მხოლოდ ფეხები ჩანს.
სძინავს გიგულის, სძინავს მის ბებოს, საბანში თავით ფეხებამდე გახვეულს.
სძინავთ ლევიკოს მშობლებს.
ცარიელია ლევიკოს საწოლი...
საქათმე.
ჩანს ხელი, რომლისკენაც იწევს მისაგებებლად ყურშა.
ხელი ათავისუფლებს მას გალიიდან,
ყურშა გარბის.
თოკი არ უშვებს, ბრუნდება, ეფერება ბავშვის ფეხებს და ისევ წინ მიიწევს. გაიარეს უზარმაზარი ეზო, სრულიად ცარიელი და ბნელი. შედიან მრგვალ, მაღალ ალაყაფის კარში.
ორივენი ცნობისმოყვარეობით და შიშით შეპყრობილნი, ინაბებიან ქუჩის ზღურბლთან.
ტექსტი: ეს ჩვენი ტრაგიკომიკური მეოცნებე გმირის პირველი დამოუკიდებელი გასვლაა გარეთ ... თანაც ასეთ დროს.
ჩანს წყვდიადი და თეთრი მთვარე.
ტექსტი: ვუსურვოთ მას წარმატება ამაღამინდელ მოგზაურობაში, ვუსურვოთ, რომ უფრო კარგი მოეჩვენოს სამყარო, ვიდრე ოცნებით წარმოიდგენდა.
წინასწარ იცოდეთ, ზედმიწევნით ნაზი და ადვილად დასამსხვრევია ასეთი ბავშვის გული.
ბოლო სიტყვებთან ერთად ლევიკომ უკვე გადალახა ზღურბლი და შეშინებული მიდის ცარიელ ქუჩაში შეშინებულ ძაღლთან ერთად.
ტექსტი
გრძელდება: იარე, ლევიკო, ჩვენ მივყვებით შენს გზას და მოწმენი ვიქნებით შენი საბოლოო ბედისა... არავინ იცის, კარგია თუ ცუდია შენი სახიფათო მოგზაურობა მარტო, ღამით...
მაყურებლებს: თქვენ ახლა ნახავთ თბილისის ღამეს, დანახულს ბავშვისა და ყურშას თვალით.
ჩანს:
განიერი ცარიელი ქუჩა.
ქუჩას არც თავი აქვს, არც ბოლო.
პატარა, უსუსური წერტილებივით მოდიან შუა ქუჩაში, თეთრ ხაზზე, ლევიკო და ყურშა. ჯერ ვერ გაარკვევ, ლევიკოს ეშინია თუ არა.
ისმის ნალიანი ნაბიჯების ხმა.
ლევიკო შეშინებულ ძაღლთან ერთად გადარბის ქუჩიდან,
ეფარებიან ურნას.
იქიდან უყურებენ თეთრ ხაზს.
ჩაივლის მილიციელის ჩექმები.
ტექსტი: ამ კაცის არ უნდა გეშინოდეს, იგი შენ დაგეხმარება.
ლევიკოს
ფიქრი: ის დიდია და ჩემი მშობლების მხარეს დაიჭერს. დედას და მამას უნდათ, რომ მე შინ დავბრუნდე.
ყურშას
წკმუტუნი: მოერიდე მას!
მიდიან ტროტუარით,
წინიდან ისმის ჯაზის ხმა, მელოდია ძლიერდება,
ხმები გამოდის ღია ფანჯრიდან,
ქუჩაში გოგო და ბიჭი ცეკვავენ `როკ-ენ-როლს~,
ჩანს მხოლოდ მათი ფეხები.
ტაქტში მოძრაობენ მაყურებელთა ფეხებიც.
ტექსტი: ეს დაბადების დღის გაგრძელებაა.
ნუ უყურებ მათ, ლევიკო,
ეს მილიციელზე უარესია.
ის დედ-მამასთან მაინც წაგიყვანს,
ეს კი წაგიყვანს ცუდი ქცევისკენ.
შედი, შედი ეზოში,
მოარიდე თვალი ამ სანახაობას.
ლევიკოს
ფიქრი: შენ რაღას იტყვი, ყურშა?
/ყურშა მიიწევს ეზოსკენ კუდამოძუებული./
შედიან ეზოში,
ეფარებიან სანაგვეს,
იჭუჭკნებიან.
უცებ შეშინებული ყურშა ვიღაცას ეცემა ფეხებში.
მანამდე ჩანს ფეხები წყვილისა. მათ მოძრაობაზე ეტყობათ, რომ კოცნაობდნენ.
ძაღლისაგან შეშინებული წყვილი გარბის ქუჩაში ჯაზის ხმებისაკენ.
იმათგან შეშინებული ყურშა და ლევიკო მირბიან მტკვრის უგრანიტო სანაპიროსაკენ.
ტექსტი: ხედავთ, როგორ დაიღალა ლევიკო,
მას სუსტი გული აქვს, – ხედავ, რა ძნელია რეალური ასეთი პატარა უსიამოვნებაც კი...
ლევიკოს
ფიქრი: ჯობია, გავიქცეთ ტყისკენ,
იქ მეტი სიწყნარე ჩანს და
უფრო ნაკლებად დავიბნევი.
მიდიან დაბალ სანაპიროზე.
ბუჩქები.
პატარა ტყე.
ჯერ შიში,
შემდეგ ლევიკო მხნევდება.
მიდის ხალისით,
წინ ნაკადულია, იგი მტკვარს უერთდება.
ლევიკო ყოჩაღდება და უფრო თამამდება.
მისი ფიქრი: `უხომალდოდ ძნელია მისი გაპობა, მაგრამ მე გავცურავ.~
ძაღლი შერბის კოჭებამდე წყალში,
გარბის და გამორბის.
ლევიკოს მაინც უნდა, რომ ეს მდინარე ზღვასავით დიდი იყოს.
წვება შიგ, სულ იწუწება,
გადის ცურვით.
ქვებზე იღლეტს, ისისხლიანებს ხელებს.
ლევიკოს
ფიქრები: ეს გავცურე, მაგრამ ნამდვილ ზღვას...
იმასაც გავცურავ!
სხეულზე ეტყობა, რომ საშინელი სიამაყე იპყრობს.
იმართება, იცინის...
– ხი, ხი, ხიკ... – ისმის მოულოდნელად ხის უკნიდან ხმა.
ყურშა ეკრობა პატრონს.
ლევიკო მოემზადება.
მისი ფიქრი: ნეტავ რაც შეიძლება დიდი ხიფათი იყოს!
მოხუცის ხმა: მე ხიფათი არა ვარ, შენ, ეი, მეოცნებევ, საშინელ ღელვაში მოყევი და გემი დაგემსხვრა?! ხიკ...
ლევიკო: დიახაც!
მოხუცი: ხი, ხიკ... იცი, მე ამღამით ჭკუა ვისწავლე.
ლევიკო: მე არაფერი არ ვიცი!
მოხუცი: აბა, რას დადიხარ ტყეში ღამე მარტოკა, ბრძენივით.
ლევიკოს
ფიქრი: `მართლა რას დავდივარ?~
მოხუცი: შენ სახლიდან იქნები გამოპარული.
ლევიკო: /შეეშინდება/ დიახ... დიახ...
მოხუცი: /გამოდის შავი სილუეტივით, გრძელი თმით მთვარის შუქზე/
ნუ გეშინია, მე ცოტა სულელი მოხუცი ვარ, მოხუცებიდან კი მხოლოდ სულელებს რჩებათ საღი ჭკუა და სიხალისე. მე არ ვარიგებ პატარებს, პირიქით, თვითონ ვუჯერებ მათ: ახლა მითხრა სწორედ ორმა შენმა ტოლმა, იმით უნდა იამაყო, რაცა გაქვსო და მე უკვე ვამაყობ, რომ სულელი ვარ, ნახე რა კარგი თვისებაა სისულელე, რომელი ჭკვიანი იზამდა ამას, ა?!
ყურშა /ეფერება მოხუცს/.
ლევიკო: შენ კარგი მოხუცი ხარ!
იქ კი ისეთი ხალხი იყო! შეგვაშინეს მე და ყურშა.
ყურშა /ახლა გულადად გაიქაჩება, ვითომ შემშინებლისაკენ/.
მოხუცი: შენ თუ მიატან სიბერემდე... ჩემსავით სულელი იქნები.
ლევიკო: /მოიწყენს/ მე არ დავბერდები.
მოხუცი: საწყალო და ბედნიერო...
ლევიკო: მე ძალიან სუსტი გული მაქვს, ეს მარტო მე ვიცი. ამიტომ სულ შინ ვზივარ და სულ ვოცნებობ.
მოხუცი: ვინ გითხრა?
ლევიკო: ასე უთხრა ექიმმა დედას, როცა სამი წლის ვიყავი, ეგონათ, ვერ გავიგებდი, მე კი დავიხსომე – თქვეს, ძალიან ადვილად შეიძლება გული გაუსკდესო.
მოხუცი: ოი, ოი, აი, ასეთია ჭკვიანი ხალხი. მათ ჰგონიათ, რომ ბავშვებს არაფერი ესმით, იმათ კი სინამდვილეში ყველაფერი იციან. მე არა ვარ ჭკვიანი. ვიცი, რომ შენ ყველაფერს გაიგებ და ამიტომ გეტყვი /გაიყვანს გვერდზე ყურშას და ლევიკოს და ბიჭს ყურში ეუბნება/: არ დაუჯერო არასოდეს დიდებს, ისინი ყოველთვის იმას ურჩევენ პატარებს, რისი გაკეთებაც თვითონ უნდოდათ და ვერ შეძლეს, და არა იმას, რაც სინამდვილეში უნდა გააკეთონ პატარებმა.
მოხუცები სულ ტყუიან. მათ გამოცდილება კი არა აქვთ, არამედ ნაკლები სურვილები აქვთ და ამას ეძახიან ჭკუას.
დედა შენ გცემდა, ამოწუწული რომ ენახე, მე კი არაფერს გეუბნები.
მე ნუ მიყურებთ, სულელი მოხუცი ვარ და არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია. თქვენ კი ოღონდ მოინდომეთ რამე, ოღონდ, და გინდა ეგ პირველად სისულელეც იყოს.
ნუ მოერიდები გამოჩნდე სასაცილო.
მთავარია, გქონდეს სურვილი, რომ ზღვა გაცურო და თუ პირველად ნაკადული ოკეანედ მოგეჩვენება, ეგ არაფერს ნიშნავს.
შორიდან: ისმის ბულდოგის ყეფა.
ყურშას ემატება ხალისი. ყეფს.
მოხუცი: გავიქეცი... გავიქეცი...
წადი შენც... იქით შენი ტოლები არიან... ძალიან კარგი ბიჭები. ხი, ხიკ, ხედავ, მე ვითომ სულელი ვარ და რამდენი ჭკვიანური რამე ვთქვი, ასეთი თვალთმაქცები ვართ ჩვენ, მოხუცები... ზოგი სიჭკვიანეზე დებს თავს და სისულელეს ამბობს. მე კი, პირიქით, მე კი, პირიქით...
თუ გული გტკივა, ბევრი არ ირბინო, თორემ გაგისკდება.
ნახვამდის... ნახვამდის...
ისმის ბულდოგის ყეფა.
მთვარე, ბუნება გარშემო, ბუნებაში დგას სახლის ნანგრევები.
არაჩვეულებრივი გამოცოცხლებაა ნანგრევებში, ყველანი ერთად არიან შეყრილები. მღერიან საშინლად მხიარულ სიმღერას.
მთვარის შუქზე ამფითეატრივით ამაღლებულ ადგილზე გამოდის დიდი დათო: ./ლაპარაკობს ხელოვნური მანჭვით, ბაძავს ბალაგანის წამყვანს/.
– ყურადღება, ყურადღება, ასეთია ბავშვის გული,
ხან იცინის, ხან კი ტირის.
ახლა ვიცინით, როგორც ხედავთ. – მთელი ეს სურათი ჩვენია და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ.
ახლა დავდგამთ წარმოდგენას ცის მნათობებზე, უფსკრულზე, მოქანდაკესა და მლიქვნელზე, აგრეთვე, მეოცნებეზე. /მაყურებლებისაკენ/:
თქვენ გვიყურეთ სავარძლებში კარგად მოკალათებულებმა, თქვენ კი /ორ ბიჭს/ შესკუპდით გალავანზე და იქიდან /ბიჭები შესკუბპდებიან/.
– აი, ეს ბულდოგი ჩვენი ადმინისტრატორია /ძაღლი პოზას იღებს/.
– ეს ცხვარი კი სფინქსია.
/ცხვარი დგება თავის ადგილას/
– გოგი არის მზე.
/თითოეული მოქმედი პირი თავისი სახელის გაგონებისას უცებ იწყებს მხიარულ სიმღერას, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ ყველა არ ამღერდება. შემდეგ სიმღერა გადადის მუსიკაში/.
დათო
განაგრძნობს:
– ირინა მთვარეა.
/ირინა და გოგი, კედლის თავზე ასულები, ალერსის პოზაში დგებიან/
– მზე და მთვარე სხივებით ეალერსებიან ერთმანეთს.
– ეე ... ჰოო ...ვარსკვლავები ... ეს ბიჭები ვარსკვლავები იყვნენ.
/ყველაზე მაღლა შესკუპებული ბიჭები იმანჭებიან/.
– სოსო კი აშკარად ჯურღმულის მეფეა, მის სამეფოში ბნელი ზრახვები და შავი კატები ბატონობენ.
/სოსო დგება ჩრდილში, მის გარშემო დაძრწიან შავი კატები, მტრედის ბურტყლებით პირში/.
– გურამი მოქანდაკეა, იგი მთელ ამ სამყაროს გამოაქანდაკებს.
/რჩება მარტო მიშა, რომელიც განაგრძობს სიმღერას/
მიშა: მე?
დათო: შენ ხარ მლიქვნელი ადამიანი!
/მიშა შეუდგება მლიქვნელის როლის შესრულებას, დადის და ყველას უღიმის/
დათო: ხედავთ, ყველას როგორ ესმის თავისი საქმე, არავინ უშლის ერთმანეთს ხელს. მაგრამ ეს ვიღაა, ძაღლთან ერთად რომ მოდის? აჰ, ჰო, ეს ხომ ცნობილი მეოცნებე ლევიკოა.
ლევიკო, რომელიც დაიღალა მხოლოდ ოცნებისაგან და უნდა საკუთარი თვალით ნახოს ქვეყნად რა ხდება.
ო, მას ეტყობა, უკვე ძალიან მოიქანცა და მოშივდა კიდევაც.
ლევიკო: /გოგის/ დამაპურე, მზეო.
გოგი: მე მხოლოდ შემიძლია გაგათბო და დაგანახვო საშოვარი, შოვნით კი თვითონ უნდა იშოვო.
ლევიკო: შენ მაინც დამაპურე, კეთილო მთვარევ, ჩემი ოცნებების მფარველო.
ირინა: მე შემიძლია მხოლოდ დაგაძინო და ნანა გიმღერო, დაგასვენო და შემდეგ ოცნებებით გაგაძღო, პური კი თვითონ უნდა იშოვო.
დათო: გახსოვდეს, ლევიკო, მათი სიტყვები!
ლევიკო: /სასოწარკვეთილია/ მე მხოლოდ ოცნება შემიძლია, ამიტომა ვთხოვ მზეს, ამიტომა ვთხოვ მთვარეს. /მიდის უფსკრულისაკენ/.
დათო: ფრთხილად, არ გადავარდე!
ლევიკო: /შედგება/ გმადლობთ, დათო. /სოსოს/ შენ მაინც დამაპურე მშიერი.
დათო: ო! უფსკრულამდე მივიდა შენი ოცნება?!
ლევიკო: ჰო, დათო...
სოსო: მათხოვე შენი ჩანთა აქ.
/ამოიღებს იქიდან, რაც კი იყო შიგ ჩარჩენილი/
ახლა უცებ წადი, თორემ ამ კატებს ვუბრძანებ, შენც ჩაგყლაპონ.
/უცებ ისმის მოქანდაკის ჩაქუჩის ხმა!/
ლევიკო: კეთილო კაცო, შენ მაინც დამაპურებ, ვიცი.
გურამი: მე? მე დაბადებიდან მშიერი ხელოვანი ვარ.
ლევიკო: საწყალო…... მე კი გუშინ ვჭამე და უკვე მშია, ეს ვიღაა?
/მიშასკენ უთითებს/ ეს ხომ ვერ დაგვაპურებს ორივეს?
გურამი: ეგ ჩემი ღვიძლი ძმაა, მას მლიქვნელი ჰქვია. ის მზესაც უყვარს, მთვარესაც. ოღონდ მაგისი უბედურება ისაა, რომ ჯურღმულსაც ემლიქვნელება და მასაც შეაყვარა თავი, ამიტომ მიჰყავთ ხოლმე თავისთან ქვესკნელში შავ კატებს.
ლევიკო: არც მაგასა აქვს საჭმელი?
გურამი: აქვს, მაგრამ არავის არაფერს აძლევს, განსაკუთრებით არ უყვარს მეოცნებეები, იმიტომ რომ მათგან არაფერს არ მოელის.
ლევიკო: არც შენ გაძლევს?
გურამი: მე ეგენი წელიწადში ერთ ნაჭერს თუ გადმომიგდებენ ხოლმე... ისიც მთელი წლის მუშაობის საფასურად.
ლევიკო: მე კი დედა რომ არა მყავდეს, ეგ ერთი ნაჭერიც არ მექნება საკუთარი.
გურამი: ჰო, შენ მეოცნებე ხარ.
დათო: ჰო, ეგ მეოცნებეა.
ლევიკო: /ცრემლი ადგება თვალებზე/ მე ვგრძნობ, ჩქარა უნდა მოვკვდე, რადგანაც არავის არა ვჭირდები.
დათო: /უცებ იცვლის კილოს/ შემომხედე! შემომხედეთ ყველამ! /მოდიან მისკენ/
გეყოთ, გეყოთ დარდიანი სახეები და ჭკვიანური ლაპარაკი.
/თენდება/
ხედავთ, გათენდა!
ყველანი: გვეყო, გვეყო!
ცას დილა ეპარება.
– ლევიკოს გაუმარჯოს! – /აიტაცებენ ხელში ლევიკოს, იცინიან, ეფერებიან/ ჩვენს ოცნებას გაუმარჯოს ...!
– გაუმარჯოს, გაუმარჯოს!... დილა მშვიდობისათ!…
/შემორბიან ამ დროს გიგული და ვასიკო, უცებ ეხვევა ყველაფერი რეალურ საფარველში/.
– უუუ, – ყვირიან ყველანი მზის წვერის ამოყოფოსთან ერთად.
გიგული: /იჯღანება/ გამოიპარეთ და არ მითხარით ...
ვასიკო: თქვენთან ლაპარაკი აღარა ღირს, რანაირი კაცები ხართ, – წრიპინებს ვასიკო.
წინ გამოდის ორი ბიჭი.
გიგული: ეს ბიჭები ვინ არიან?
პირველი ბიჭი: ჩვენ?!
მეორე ბიჭი: ჩვენ ახლა .../იქექავს თავს/
გოგი: ახლა ეგენი ჩვენები არიან.
დათო: წავიყვანოთ სახლში, წავიყვანოთ ჩვენს სკოლაში.
ყველანი: წავიყვანოთ ჩვენთან სახლში, წავიყვანოთ ჩვენთან, სკოლაში.
ყველანი: წავიყვანოთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენთან, სკოლაში, ჩვენთან, სახლში.
გიგული: შენ რაღას ყვირი, გოგი. რომ იცოდე დედაშენი რა ამბავშია! /ჰბაძავს დედამისს `ქა-ქა-ქა~ იძახის და ხმას ვეღარ იღებს./
/პირველი ბიჭი ეშმაკურად ცმუკავს, მერე უცებ დაიწყებს გამოჯავრებას, როგორი იყო გოგი ღამით, ციხის აღების დროს, და როგორი იყო ირინა. თამაშობს მუნჯ, სასაცილო სცენას, მას ეხმარება გიგული./
– შეხედეთ, შეხედეთ! – ყვირის უცებ მიშა. ყველანი მივარდებიან ნაპირისაკენ გადასახედს.
ჩანს: მეორე ნაპირზე დარბიან ჯერ კიდევ ბურუსში გახვეული მშობლები.
ბავშვებს ესმით მათი ხმები.
საიდანღაც ნანგრევების თავზე, სიფრიფანა კედელზე ადის ტატული, თავისი ვიოლინოთი. მზის მთლიანად ამოვარდნის წინ გარემო ერთი წამით წყნარდება. ისმის ნაზი, ენერგიული მელოდია, ლევიკო მიდის მუსიკის ხმებისაკენ.
უცებ ჰაერში მძლავრად შემოიჭრება სკოლის ზარის ხმა.
– სკოლისაკენ, სკოლისაკენ! – ერთხმად აყვირდებიან ბავშვები და ქანის აუღებლად მოსწყდებიან ადგილს.
ვიოლინოსაკენ წასული ლევიკო სხვებთან ერთად მირბის, ისმის მუსიკის ამაღლებული, ტრაგიკული ტონი.
გარბიან ბიჭები ქვიშიანი ნაპირის გასწვრივ.
უკრავს ტატული, ნანგრევის მაღალ თავზე გადმომდგარი.
გარბიან თავდაუზოგავად.
გარბის ირინა, გოგი.
გარბიან სხვები.
უკვე აირბინეს სანაპირო.
ძლიერდება ზარებისა და ვიოლინოს რიტმი.
მირბიან სკოლისკენ.
მირბის ლევიკოც სხვებთან ერთად.
დიდი ქუჩა.
უზარმაზარი საბარგო მანქანა მიქრის მათ წინ, დატვირთული სკოლის მერხებით.
არ ჩამორჩება მანქანას არც ერთი.
ემატებიან ბიჭები.
ემატებიან გოგოები,
ემატებათ ხალისი.
გარბის ლევიკოც და არ ეტყობა დაღლა.
გავარდა მანქანა მტვრიან ქუჩაზე, თეთრ ბურუსში გაახვია ბავშვები.
მისდევენ ისინი შეუნელებლად და დაღლა არ ეტყობათ.
მირბის ლევიკო, არ ჩამორჩება სხვებს.
სახეზე ეტყობა უკანასკნელ ძალას იკრებს.
გათავდა მტვრიანი გზა. გალაღებულები გარბიან ყველანი.
შედგება ლევიკო,
დაბარბაცდება მტვერში;
გაიფანტება მტვერი;
გდია ლევიკო ძირს, თვალები ფართოდა აქვს გახელილი, ღრმად სუნთქავს და ცას უსწორებს მზერას;
უხშირებს სუნთქვას.
უკრავს ვიოლინო თავგანწირვამდე, მონდომებით და ტრაგიკულად.
მიფრინავს ხომალდი ვარსკვლავისაკენ;
მიდიან სკოლებისაკენ სუფთად ჩაცმული ბავშვები, პიონერთა ყელსახვევებით.
ტექსტი: გათენებისას დატოვა პატარა მეოცნებემ ეს ქვეყანა.
– მოდის სინამდვილე გაშლილი რიგებით /მოდიან პიონერები/.
ბოლო:
ჩანს ტატული, რომელიც უკრავს ვიოლინოზე, ჩანან ბავშვები, მწყობრად მიმავალნი სკოლისაკენ.
[1960 წელი]
შენიშვნები
არქივში ინახება ამ ნაწარმოების შავი და თეთრი დაუთარიღებული ხელნაწერები. დასათაურებულია მხოლოდ თეთრი ავტოგრაფი. კინომოთხრობა დათარიღდა არქივის კვლევისას შემუშავებული ზოგადი კრიტერიუმის თანახმად. დაწერილი უნდა იყოს, ვფიქრობ, 1960 წლის მარტში, დაახლოებით იმ დროს, როდესაც დაიწერა ლიბრეტო _ `ჩვენ ერთად მივდივართ~. მსგავსია ორივე ნაწარმოების შავი ვარიანტის ჩანაწერებისათვის გამოყენებული ბლოკნოტიდან ამოხეული ფურცლები, აგრეთვე, თვითონ შავი ავტოგრაფების ტექსტისათვის გამოყენებული თაბახის ფურცლები, ხელწერა, მელანი, კალამი და სხვ.
შავი ხელნაწერის ერთ-ერთი გმირი, რუსის ბიჭი იგორი, მოგვაგონებს გლებს ლიბრეტოდან `ჩვენ ერთად მივდივართ~ (თეთრ ხელნაწერში `იგორი~ შეცვლილია `გურამით~). შავ ავტოგრაფში `რუსიკოს~ მაგივრად არის `რუსული მკაცრი სახის გოგონა, პიონერის ყელსახვევით~, რაც გურამის მკითხველს გაახსენებს ლენას `დღიურიდან~ (ამ დროისათვის ეს მოთხრობა სულ სამი-ოთხი თვის დაწერილი უნდა იყოს). მოულოდნელად, შავი ავტოგრაფის პირველივე გვერდზე გამოჩნდა დიდი ხნის მივიწყებული, 1957 წლის ავტოგრაფებისათვის დამახასიათებელი, ფიგურული `ტ~ სიტყვაში `ტაში~, `ტატული,~ შიგნით ჩახატული სახით (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის).
შავი ავტოგრაფი დაწერილია თაბახის ფურცლების ორსავე მხარეს, დიდი ასოებით, გაკრული ხელით, მეტი ნაწილი გვერდებისა პაგინაციის გარეშეა. განსხვავება შავსა და თეთრ ხელნაწერებს შორის თითქმის არ არსებობს.
თეთრი ავტოგრაფი დაწერილია მოწესრიგებული ხელით დაუხაზავი ბლოკნოტის ტიპის საერთო რვეულის ორსავე მხარეს, დაახლოებით ისეთსავე რვეულში (განსხვავებულია მხოლოდ რვეულის ფერი), როგორშიც მოსკოვის დროინდელი პიესები.
თეთრ ავტოგრაფში შეცვლილია `ლია~ `ირინათი~, შავ ხელნაწერში გიზოს გვარია `ავალიშვილი~. მკითხველს შევახსენებ, აგრეთვე, `ჩემი ლიტერატურული შეხედულებების~ მეოთხე მოთხრობად დასახელებული ნაწარმოების მწერლის ალტერ ეგოს გვარს `მაყაშვილი~ და, აგრეთვე, სახელ `ირინასთან~ დაკავშირებულ ასოციაციებს გურამის შემოქმედებაში (იხ. ტომი 3, შენიშვნები `ირინა და მესათვის~).
თეთრ ხელნაწერში გაკეთებული მწერლის რამდენიმე კომენტარი, რომლის განხორციელებასაც აპირებდა ის, ალბათ, ნაწარმოების დამუშავებისას, ან უფრო რეჟისორთან მუშაობის შემთხვევაში:
* `(ან ჯერ ერთი აკლდა, შემდეგ ორი დააკლდა) (ან რაიმე უფრო დამახასიათებელი) სიტყვებთან `ითვლის მტრედებს~.
(I ვარიანტი: ჩანს, როგორ ემზადებიან სხდომისათვის ბავშვები; ლაპარაკობს მათი აზრების შესახებ დიქტორი, განაჩენსაც თვით დიქტორი აცხადებს მოქმედების პარალელურად).
(II ვარიანტი: თვითონ საუბრობენ ბავშვები (შესაფერი ტექსტი).~
* /სასურველია კადრში გამოჩნდეს მოქალაქეთა მხოლოდ ფეხები, ყველაზე დამახასიათებელი მოძრაობის დროს. ამ პრინციპის დაცვა გამოწვეულია იმ პირობით, რომლის დაშვებითაც კინოში უფროსები მთელი ტანით, საერთოდ, არ ჩანან. გამონაკლისია მხოლოდ უცნაური მოხუცი. ისიც, ძირითადად, სილუეტია/.
(სცენის მოწყობისას ყველაზე მთავარია თავიდან დაშვებული პირობითობის ორიგინალურად დაცვა)~.
თეთრი ხელნაწერისაგან განსხვავებული ტექსტები შავ ვარიანტში (როგორც მკითხველი თავადაც დარწმუნდება, თეთრში ეს ტექსტები გადასულია ქვეტექსტში):
• `არავინ იცის რამდენად სწორია მისი უმეგზუროდ გარეთ სიარული, ხიფათი კი უზარმაზარია. საკმარისია, ასეთ არსებას კიდევ მიემატოს ერთი სურვილი მაინც, თანაც რეალური, რომლის განხორციელებაც გაცილებით ძნელია და თან სრულიად ახალი სამყაროა მეოცნებისათვის, რომ იგი დაიმსხვრეს.~
• `...ლევიკოს ფიქრი: აქ გადავრჩი, აქ გავცურე, მაგრამ რა ძნელია, როცა მართლა აკეთებ რამეს, ნეტა რა იქნება შემდეგ, გავუძლებ კი..~
* `ლევიკო ჯერ ვერ გარკვეულა, ოცნებაში გულადს, ეშინია თუ არ ეშინია:~
* `რა ადვილია ყველაფერი, როცა ეზოში ხარ ან წევხარ საწოლში _ უჰ, როგორ დავიღალე.~
* `გდია ლევიკო გულშეწუხებული. ეჩვენება: უკრავს სევდიანად, ყრუდ, სამგლოვიაროდ ტატულის ვიოლინო, გულსა (...), ნელა შორდება პატარა ლევიკო ამ ქვეყანას. ოცნებით ხედავს, მიფრინავს ის რაკეტით თავისი ვარსკლავისაკენ, (შეიძლება: იქ ზის ის სულელი მოხუცი და ხელგაშლილი ელოდება). ისმის მისი სიტყვები: `იქ არის ჩემი ოცნება~. მიდიან დაუსრულებელ რიგებად პიონერები, წითელი ყელსახვევებით. ლევიკოსთან ხმები: მე იმდენი ვიოცნებე, რომ როცა სინამდვილეს შევხვდი, ვეღარ გავუძელი. ლევიკოს ტექსტი: ოცნებამ დატოვა ისინი, ახლა საქმეა მთელი, დიდი, საჭირო.~
ჩანაწერები ნაწარმოებისათვის:
1. ამ ნაწარმოების პირველი შავი ვარიანტი (1_5გვ.) დაწერილია ბლოკნოტიდან ამოხეულ რამდენიმე ფურცელზე. ასეთსავე ფურცლებზეა გაკეთებული ჩანაწერები ლიბრეტოსათვის: `ჩვენ ერთად მივდივართ.~ ამ ჩანაწერების პირველ გვერდზე დახატულია ადამიანი-რაკეტა, ოთხივე კიდურზე ხელების და ფეხების მაგივრად ფიგურას აქვს ჯვრები. თავზე გამობმულია, ვფიქრობ, რაღაც ანტენასავით. აქვე დახატულია რამდენიმე გაურკვეველი ფორმის ფიგურა, შეიძლება იფიქრო, რომ შანდლები. ერთზე თითქოს გამოსახულია ალი.
`ვარიანტი: შეიძლება მასხარამ დაიწყოს და იდიქტოროს!
თქვენ აქ ნახავთ ბავშვების დაუსრულებლად ბევრ მოღიმარ სახეს, ნახავთ მათ გართობას, მათ თავისუფალ ლხინს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის: გაჩვენოთ რაც შეიძლება მეტი სიმხიარულე, უდარდელობა, ყველაზე მეტად დამახასიათებელი ასაკისათვის. და ნუ გაამტყუნებთ ნურც სცენარის დამწერს, ნურც ფილმის გადამღებ რეჟისროს, თუ შიგადაშიგ შეხვდებით ეკრანზე ნაჩვენები პატარების მოქმედებაში ან კისკისში ასეთ სიღრმესა და სევდას, რომელსაც ისინი ყოველთვის ატარებენ თავიანთ ბუნებაში მალულად და შეიძლება გაცილებით მეტი რაოდენობით, ვიდრე ეს ჩვენ, უფროსებს, გვგონია ხოლმე. ჩვენ ბავშვებს მაინც მხიარუბლებად ვიცნობთ, დავიწყოთ აქედან.
იწყება!
შეხედეთ მათ სახეებს!
ეს ამბავი ხდება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ.
ვის შეუძლია დაძრახოს ისინი, რომ უყვართ გართობა:
... ღამე ბავშვებს, როგორც წესი, ეძინებათ, თუ ამის საშუალება არა აქვთ ეშინიათ, ხოლო თუ დაძლევენ შიშს, უცნაური შიშნარევი ჩვენებები ეუფლება მათ გონებას.
დასაწყისი: მოდი ვითამაშოთ მზე, მთვარე და ქვესკნელობანა.
შინაარსი: თამაშის სახელია: ღამე მოგზაურობანა: თითოეული იკავებს თავის ადგილს. გოგო ჯდება ნანგრევის თავზე როგორც მთვარე. ლია ეწყობა მის გვერდით როგორც მზე, დედოფალი. სოსო ეტუზება მას, გულხელდაკრეფილი მეფისტოფელის სახით, ნანგრევის ბნელ კუთხეში, მის თავთან შავი კატები დადიან. მიშა დგას შუაში და ხან ერთს უღიმი,ს ხან მეორეს. მის ერთ-ერთ მხარეს გაივლის ლევიკო. შუაში დგომა არ მოსწონს. დათო ქვისგან თლის ძეგლს _ შრომობს, მუშაობს. დათო, როგორც ცოტა დეფექტური ( ), პრინციპით _ გიჟი თავისუფალია, დარბის ყოველ მხარეს. ძაღლები უყურებენ წარმოდგენას და თავიანთ აღტაცებას თუ აღშფოთებას ყეფით გამოხატავენ. ლია /ან ჩემგან მოგონილი მასხარა დიქტორი/ აცხადებს /მე/ ლია მზეა, გოგი მთვარე, ორი დიდებული მეფე _ დღე და ღამე. მათ არ შეუძლიათ უერთმანეთოდ / არ შეუძლიათ ერთად ყოფნაც. / ორივეს კეთილი სახეაქვს. სოსო ჯურღმულია, შავი ზრახვებით ის მხოლოდ მარტოა ხოლმე, შავ ფიქრებთან და შავ კატებთან. მიშა შუაშია, მშიშარა და მლიქვნელი. ორივესკენ თანაბრად მიიწევს მისი გული როგორც მნათობისაკენ, ისევე ჯურღმულისაკენ. დათო არხეინია, ის გიჟია, ის თვითონ არის მოქმედი პირიც და მაყურებელიც _ გიჟმაჟია.
/შემოდის დაღლილი//
ლევიკო: დამაპურე.
ლია: მე მხოლოდ შემიძლია დაგაძინო და ნანა გიმღერო, დაგასვენო, მოგცე ოცნების საშუალება. პური შენ თვითონ უნდა იშოვო.
ლევიკო /სოსოს/: დამაპურე.
სოსო: მოდი ახლოს, მაჩვენე ეგ ჩანთა.
ლევიკო: აჰა, აიღე.
სოსო: /იღებს დარჩენილ საგზალსაც/ ახლა უცებ წადი, თორემ შენც გადაგყლაპავ.
/ლევიკო მოდის დაღლილი, შეშინებული და მაინც ამაყად/.
ლევიკო: შენ რას აკეთებ?
იგორი: ვაქანდაკებ.
ლევიკო: რას?
იგორი: მე ვაქანდაკებ იმას, რასაც ვხედავ _ მზეს, მთვარეს ან ღამეს და იმას, რაც ჩანს უფსკრულში შავსა და ბოროტში.
ლევიკო: ვინა ხარ შენ?
იგორი: მე ხელოვანი ვარ. მოქანდაკე. .......
ლევიკო: მე მშია, ვერ დამაპურებ?
იგორი: ჩემი პური აი, ეს ქანდაკებაა. აქ არის მზე, აქ არის მთვარე, აქ არის უფსკრული. ვაკეთებ, მერე ვუყურებ და სხვა არაფერი არ მინდა.
ლევიკო: ო, ეგ რა საინტერესოა. /მიშაზე/ ამას რატომ არ აქანდაკებ?
იგორი: ეგ ისედაც ჩანს ჩემდაუნებურად ჩემს ნამუშევარში. ეგ ჩანს, როცა ვაკეთებ მზეს, როცა ვაკეთებ მთვარეს და უფსკრულს. თითოეულს ისე ვაკეთებ, რომ მარტო მე კი არა, იმათაც ესიამოვნოთ. მაგალითად, მზეს ვუმატებ სინათლეს, სიდიდეს, უფსკრულს _ სიბნელეს, სივიწროვეს, ვისაც რა აქვს საქმე (პრეტენზია), იქითკენ სიამოვნებს თავისი გარეგნობის გაღრმავება. ეს ყველაფერი მაგ კაცმა მასწავლა, ეგ კაცი მარტო იმითი ცხოვრობს, რომ ერთდროულად შეუძლია ბევრს ასიამოვნოს, მე ძალიანა ვგავარ მაგას, ოღონდ მაგან ზომა არ იცის და უნიჭოა, მე კი ზომა ვიცი და ნიჭიერი ვარ.
ლევიკო: მე კი არაფერი არ ვიცი, მე სულ შემთხვევითა ვარ აქ მოსული.
იგორი: შენ მეოცნებე იქნები. მეოცნებე და მოგზაური ერთი და იგივეა.
/ამასობაში მოქმედებენ მზე, მთვარე, ვარსკლავები, უფსკრული, მლიქვნელი, ძაღლი, მაყურებლები/.
ლევიკო: ჰო, ჰო, მგონი, ეგა ვარ.
იგორი: საწყალო ბიჭო.
ლევიკო: საწყალო?
იგორი: ჰო, შენ გინდა, რომ ყველას კარგი გაუკეთო, სინამდვილეში კი მხოლოდ შენს თავს ასიამოვნებ, ისიც იმავე ოცნებაში, სხვა ცხოვრებაში, შენს ახლობლებს კი მხოლოდ სიმწარეს აჩვენებ და ჩქარა დაიღუპები, რადგან უნაყოფო ხარ.
/დათო უნდა გავიყვანო საქმეში/.
მოვლენ გიგული და გიზო.
ლევიკო /იმათ/: აქ ყველა რაღაც სიმბოლოები არიან _ მზე, მთვარე. მე მინდა ვნახო ნამდვილი ხალხი.
/ხვდება მიშა/
ლევიკო: დამაპურე, კეთილო კაცო.
მიშა: ახლავე, ახლავე.
ლევიკო /უცდის, მიშა არ აპურებს/: როდის დამაპურებ?
მიშა: ახლავე, ახლავე.
/იცდის/
ლევიკო: როდის?
მიშა: მზემ დაგაპურა?
ლევიკო: არა.
მიშა: მთვარემ?
ლევიკო: არა.
მიშა: ქვესკნელმა?
ლევიკო: არა!
მიშა: აბა, წადი აქედან, მე შენთან სამლიქვნელო არაფერი მაქვს.
ლევიკო: შენ ვინა ხარ?
მიშა: მე ადამიანი ვარ, მლიქვნელი ვარ? მზისგან სინათლეს ველი. მთვარისგან _ ძილს, ქვესკნელისგან _ შენდობას, რომ არ წამიყვანოს უდროოდ..( ). მე ყველასთან კარგადა ვარ, შენ კი წადი, მე არა მჭირდები.
გოგი: მე მომწყინდა მზედ ყოფნა, მე ნამდვილი კაცი ვარ.
ლია: მეც.
სოსო: მეც.
ლევიკო: როგორც ეტყობა, მხოლოდ მე ვრჩები მეოცნებედ, მაგრამ ეს არც ისე ცუდია, არა?
გიგული: პირიქით.
/გიგული აფორიაქებს ყველას, დასცინის მათ პრიმიტიულ მისტიკას და შიშს/
მერე ეუბნება, როგორ ეძებენ დედები.
როგორ გამოიპარნენ ის და გიზო, რომელსაც დილით გაკვეთილები დარჩა გაუმეორებელი. /მეორე ნაპირზე ძებნაა, ჩქარა დაიწყება სწავლა. ჩქარა სკოლისკენ/ /სირბილი. ლევიკოს დაღუპვა. მისდევენ მანქანას. თითოეულის სახე. ამ დროს ოთახი, იქ ვარჯიშობს ტატული, ვიოლინო. მწუხარე ლევიკოს სახე, ტირის გიგული, ლევიკოს ბოლო ოცნება, ტატული ვიოლინოზე უკრავს. იღუპება მეოცნებე. რეალური ხმები: მოდიან ჯანსაღი ბავშვები სკოლაში. / ისევ ვიოლინო/.
ჩანაწერი ცალკე ფურცელზე (1გვ.):
`დაუფარავად, გულწრფელად გამოსჭვივის ხოლმე მათ სიტყვებში _ გთხოვთ, ნუ დაეჭვდებით, რომ ეს მათი საკუთარია _ წინააღმდეგ შემთხვევაში, სულმოკლეობას დაგწამებენ შენ პატარებთან კამათისათვის _
დიქტორის ტექსტი: ბავშვები ყოველთვის ნახევრად არარეალობაში და ოცნებაში არიან, თუმცა არის ვერსია, რომ ისინი გაცილებით რეალური ხალხია და უკეთ გარკვეული თავის სურვილებში, ყოველ შემთხვევაში, მათ მოქმედებაში ნამდვილი და მოგონილი დიდი სილამაზითაა და ერწყმება ერთმანეთს და მათგან ჩვენ მიერ დანახული არაფერი არ ტოვებს ყალბის შთაბეჭდილებას.
აი, ახლაც, ღამე, ისინი დგამენ უცნაურ წარმოდგენას _ როდის მოიფიქრეს მისი მოწყობა, ან როგორ შემოდის შემდეგში ორგანულად, პირდაპირ პატარა ლევიკო, არაფერი ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ბავშვების მოქმედებას ასეთ უცნაურობებს ჩვენ, დიდები, ყოველთვის ვაპატიებთ, კარგი იქნებოდა, რომ უცნაურობასთან ერთად ვაპატიოთ მათ ის ჭკუა და სიღრმე, რაც სრულიად...~
ბლოკნოტიდან ამოხეულ ფურცელზე (1გვ.) დიდი ასოებით დაწერილია: `რა უნდა შევეკითხო~, ალბათ, უნდა გულისხმობდეს კინორეჟისორს, შეიძლება ეს იყოს ისევ გიორგი შენგელაია, რომელსაც წაუკითხავს კინომოთხრობა დაწერისთანავე. შემდეგ ჩამოწერილია შეკითხვები:
1. უფრო სიღრმისაკენ, ბავშვებისათვის ასატან მსჯელობებისაკენ წავიდე თუ თავგადასავლებისაკენ.
2. მოკვდეს თუ მხოლოდ ოცნებაში წავიდეს ლევიკო.
ჩემი ვერსია: მოკვდეს.
ცაში როგორ გაფრინდეს _ იქნებ რაკეტით?!
თუ რაკეტით, მაშინ რაკეტა ადრევე უნდა იყოს ნაჩვენები ან უნდა იყოს ნათქვამი მის შესახებ.
1. ტექსტის წამკითხველი პიროვნება იქნება (მასხარა?) თუ მხოლოდ დიქტორის ხმა.?
2. აინტერესებს თუ არა ლევიკოს კომიკურ სიტუაციებში ჩავარდნა?
შტრიხები ნაწარმოების ინტერპრეტაციისათვის:
• კინომოთხრობის დათარიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ გურამის ამ პერიოდის ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელი მოტივი: `ბევრი ერთად~ (შეიძლება ითქვას ასეც: `ყველა ერთად~). განზე დგას, განსხვავებულია ყველასაგან მხოლოდ მთავარი გმირი, ალბათ, მწერლის ალტერ ეგო, რომლის დაღუპვაც სრულიად ბუნებრივად აღიქმება ნაწარმოებში. მკითხველს შევახსენებ ორი კინომოთხრობის (`ჩვენ ერთად მივდივართ~, `ბევრი ბავშვები ერთად~) ფინალურ სცენას:
`გავარდა მანქანა მტვრიან ქუჩაზე, თეთრ ბურუსში გაახვია ბავშვები.
მისდევენ ისინი შეუნელებლად და დაღლა არ ეტყობათ.
მირბის ლევიკო, არ ჩამორჩება სხვებს.
სახეზე ეტყობა, უკანასკნელ ძალას იკრებს.
გათავდა მტვრიანი გზა. გალაღებული გარბიან ყველანი.
შედგება ლევიკო,
დაბარბაცდება მტვერში;
გაიფანტება მტვერი;
გდია ლევიკო ძირს, თვალები ფართოდა აქვს გახელილი, ღრმად სუნთქავს და ცას უსწორებს მზერას;
უხშირებს სუნთქვას.
უკრავს ვიოლინო თავგანწირვამდე, მონდომებით და ტრაგიკულად.
მიფრინავს ხომალდი ვარსკლავისაკენ;
მიდიან სკოლებისაკენ სუფთად ჩაცმული ბავშვები, პიონერთა ყელსახვევებით;
ტექსტი: გათენებისას დატოვა პატარა მეოცნებემ ეს ქვეყანა.
_ მოდის სინამდვილე გაშლილი რიგებით /მოდიან პიონერები/. (`ბევრი ბავშვები ერთად~).
`გარეგნულად ამ დროს თითქოს დროებით კოლექტივთან ერთად მყოფი გურამი,
სინამდვილეში სულ გამოთიშულია მისგან, მან ვერ იპოვა აქ თავისი ადგილი, ხოლო იმ შემთხვევაში არასაჭირო თავმოყვარეობამ და სიჯიუტემ უფლება არ მისცა თავისი ნებით დაეტოვებინა ქარხანა, სწორედ ეს გახდა იმ ტრაგედიის საფუძველი, რომელიც აღნიშნული სადღესასწაულო დღის წინა საღამოს მოხდა: ამ საღამოს განსაკუთრებული თავდადებით მუშაობდა მთელი ბრიგადა. დაიწყეს გავარვარებული მეტალის ამოღება; `კომკავშირლებო, გამოდით აქეთ~, მოისმა რუპორში ჟორას ხმა; ყველანი გამოვიდნენ. ქარხნის ხმაურში ჩანდა, როგორ არ გამოეხმაურა გურამი კომკავშირლად დაძახებას და თავჩაღუნულმა განაგრძო მუშაობა. მთელი ქარხანა დაიძაბა, ოღონდ უკვე გვიან იყო: წამოსულმა ვარვარა მეტალმა თითქმის მთლიანად ამოწვა იგი. საშინელი სიმწუხარე გამეფდა ირგვლივ, ძლივს შეძლო ბრიგადირმა, თავად უზომოდ დამწუხრებულმა, განწყობილების ოდნავ შერბილება; მეორე დღეს ზეიმი ტრაგედიას არ უშლიდა ხელს, ხოლო ტრაგედიამ ზეიმი უფრო სერიოზული, წონიანი და მრავლისმთქმელი გახადა (`ჩვენ ერთად მივდივართ~).
• მნიშვნელოვანია კოსმოსში გატყორცნილი რაკეტის თემაც, რომელიც შემოდის ნაწარმოებში როგორც ადამიანის უსასრულობისაკენ სწრაფვის ირონიული მაგალითი (პირველად ამის შესახებ დაწერილია 1957 წლის დაუმთავრებელ პიესაში, შემდეგ _ `სალომესა და გურამში~).
• მკითხველს ყურადღებას მივაქცევინებ, აგრეთვე, ბავშვების მიერ მოწყობილ `სასამართლოზე,~ რაც ამ დროისათვის გურამის ნაწარმოებების სიუჟეტის ერთ-ერთ აუცილებელ მოტივად იქცა თითქოს (სასამართლოებისათვის გურამთან იხ. ტომი 3-ის კომენტარები).
• ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი უნდა იყოს გურამის ცხოვრება-შემოქმედების მთლიანობაში გააზრებისათვის, ლევიკოს სიტყვები: `რა ძნელი ყოფილა, როცა მართლა აკეთებ რამეს, ნეტა რა იქნება შემდეგ როცა დამჭირდება _ გავუძლებ კი?~ ან კიდევ ლევიკოს ფიქრები `ეს გავცურე, მაგრამ ნამდვილ ზღვას... ~ (იხ. აგრეთვე, `სურამის ციხის~ კომენტარები), ისე როგორც მის მიერ დახატული სურათი: ლევიკო ზის ცოცხზე და თვითონ მიფრინავს კატასტროფის ადგილისაკენ. `კატასტროფის ადგილი ცალკე, ერთი სერიის სამი სურათი: ის დგას მზეზე, ის დგას მთვარეზე, ის დგას და ერთი ფეხი მზეზე უდგას, მეორე _ მთვარეზე.~ აქ შეიძლება გავიხსენოთ გურამის მიერ გაკეთებული ბარათაშვილის ცნობილი სიტყვების პერიფრაზი, რომელიც მწერლის შემოქმედების კომენტირებისას უკვე მოვიხმე: `ბევრად უფრო ადვილია სხვას გაუადვილო სავალი გზისა, ვიდრე შენ თვითონ იყო ეს მოძმე.~
`ბევრი ბავშვები ერთად~ პირველად გამოქვეყნდა ნუგზარ წერეთლის რედაქციით გამოცემულ კრებულში: `სად გაექცევი ზამთრის ღამეს~ 1985 წელს.