Litclub.ge

ბოზი და მისი ბავშვი
ცოლს ბავშვი ეჭირა ხელში და იცინოდა. მერე უფრო ხმამაღლა გადაიკისკისა, ლევანმა უცებ მიაბრუნა თავი მისკენ. ცოლს პირი ღია ჰქონდა, თეთრი კბილები უჩანდა სიცილის დროს, რაღაც არ ესიამოვნა ლევანს, ტუჩის ბოლოს ნაოჭი ყვრიმალამდე იხეოდა და რაღაც ნაძალადევი ჩანდა შიგ. წინათაც ამჩნევდა ამ ხაზს მისი სიცილისას, მაგრამ ახლა რატომღაც უფრო მიაქცია ყურადღება. გვერდზე სავარძელში ცოლის ნათესავი კაცი იჯდა, ქერა, მაღალი, გრძელი ლამაზი თითებით იჭერდა რადიოში რაღაცას. ბოლოს ვაშინგტონი მოძებნა. “როკ, როკ-როკ-როკ-როკენ-როულ”, ისმოდა ადაპტერიდან. ის სავარძელში გადაწვა, გრძელი თხელი ფეხები ერთმანეთზე გადაკიდა. ახლა ლევანი ბავშვს უყურებდა. ის პირს აღებდა, დედა ტუჩებზე თითს უსვამდა. პრ-პრ-პრ - აკეთებდნენ ბაგეები ერთმანეთზე დაჯახებისას. როკ-როკ-როკენ-როულ - ისმოდა რადიოდან, ლევანი გრძნობდა, რომ ცოლის სიცილი აუტანელი ხდებოდა მისთვის. პირველად, როცა ის შეირთო, სიამოვნებდა მისი კისკისი, მერეც სიამოვნებდა, როცა ბავშვი ეყოლა. როდიდან აღარ სიამოვნებდა, აღარ ახსოვდა ახლა, შემდეგ გაიფიქრა, რომ, ალბათ, ყურადღებას არ აქცევდა საერთოდ მაშინ, თორემ. არა, მოაგონდა, რომ ისეთი სიცილი ქორწილის ღამესაც შეამჩნია, უფრო ადრეც, სანამ შეირთავდა. დღეს რატო არ ესიამოვნა, აღარ ახსოვდა, მერე ნელა წამოვიდა დღე თავში. სურათები დალაგდნენ როგორც ეკრანზე. დილით ციოდა, მოყინული თითებით შემოიტანა შეშა, ძლივს დაანთო ცეცხლი, ოთახში კვამლი დადგა, ჰაერის გასაწმენდად ფანჯრები დააღო. უფრო გაიყინა ოთახი, მერე ფანჯრები დახურა და დათბა. პატარამ გადაიხადა, იმას ფეხები მოკრუნჩხული ჰქონდა, თავი უკან გადავარდნილი, თითებით დედის ძუძუ ჰქონდა ჩაბღუჯული. დედას თბილად ეხურა, მარტო ცალი ძუძუ უჩანდა საბნიდან ამოვარდნილი. ოდნავ ეწყინა ლევანს, რომ დედას ასე ტკბილად ეძინა, როცა ბავშვი გადახდილი იყო; თვითონ დაახურა ბავშვს. ახლა პატარის მარტო სახე ჩანდა, გრძელი წამწამები ერთმანეთზე ჰქონდა მიკრული. “როგორა ჰგავს დედას”, გაიფიქრა ლევანმა. მასავით გრძელი წამწამები, თეთრი კბილები და ეს ნაოჭი ყვრიმალამდე, ეს ცხვირი კი ჩემი აქვს, მგონი, ნიკაპიც; მერე მზერა კედელზე გადაიტანა, იქ ლევანის სურათი ეკიდა. ბავშვი ხელში ჰყავდა აყვანილი, იცინოდა თვითონაც, პატარაც. ეს დილაც ძალიან ჰგავდა სხვა დილებს. მხიარული ადგა ლევანი, ახლაც მხიარულად იყო, როცა თავის და ბავშვის სურათს უყურებდა, მერე მოულოდნელად თავს გამოუტყდა, რომ განგებ, ძალით ამხიარულებდა თავის თავს. დიდი ხანი იყო რაღაც არ სიამოვნებდა, მაგრამ ყოველთვის გაურბოდა იმაზე ფიქრს. ისაუზმეს. საუზმეზე ის ფანჯარაში იყურებოდა, მერე ცოლზე გადაჰქონდა მზერა, მერე ბავშვზე. ყოველთვის ფიქრობდა ბავშვზე. გონებაში გაზრდილს ხატავდა, აცმევდა, ავარჯიშებდა და ასწავლიდა თავისი გემოვნებით. ყოველთვის მის შეგრძნებაში ის ვაჟკაცი იყო, სიამოვნებით უყურებდა ოცნებით თავისი ვაჟკაცის მიღწევებს. რაღაც მაინც არ იყო ნორმალური მის სიმხიარულეში, ის, რაზე ფიქრსაც გაურბოდა, მაგრამ დღეს თავი ვეღარ შეიკავა თავის თავთან. საუზმეზე უყურებდა ბავშვს და ვერაფრით ვეღარ ფიქრობდა მის მომავალზე. მისი თვალები შეუმჩნევლად გადადიოდნენ კედელზე, სადაც მისი სურათი ეკიდა ბავშვთან ერთად. მერე დედაზე. საშინელი მოუსვენრობა ეტყობოდა.
- რატო ხარ ასე მოუსვენრად, ლევან, – გაუღიმა ცოლმა, მერე ბავშვი აიყვანა და მეორე ოთახში გავიდა, იქიდან რაღაც რუსული ვალსის სიმღერის ხმა მოისმა. ჩვეულებრივ მოწყენილი, ოდნავ აღრენილი მისი მეუღლე დღეს განსაკუთრებით მხიარული ჩანდა. “რატო ვარ მოუსვენრად?” გაიმეორა ლევანმა თავისთვის, რატომღაც არ უნდოდა ეს კითხვა დაესვა თავისთვის, მაგრამ ცოლმა დაასწრო, მისი გონება აყვა ამ კითხვას, არაფრით არ უნდოდა, რომ მართალი ეთქვა თავისთვის, მაგრამ თვალები თავისთავად უყურებდნენ ფანჯარაზე დაგდებულ დეპეშას, იქ ეწერა “ხვალ მოვალ თქვენთან, ვახტანგი”.

ახლა ვახტანგი სავარძელში იჯდა. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადაკიდებული, იღიმებოდა. ლევანს თავისი ქორწილის ღამე აგონდებოდა. ვახტანგი სუფრის კუთხეში იჯდა თავისთვის, მაშინ არც მიუქცევია ყურადღება მისთვის, ახლა კი ნათლად დაინახა მისი ირონიულად მოღიმარი სახე. ნერვიულად გაიქნია თავი. ფიქრები შეინჯღრნენ თავში, აირივნენ, მერე უფრო მაგრა ჩაჯდნენ შიგ, ფოტო-ლენტივით წამოვიდნენ მისი და მეუღლის ერთად ყოფნის დღეები. ისევ გადევნა ფიქრები, ახლა ის ისევ კედელს უყურებდა. აშკარად გრძნობდა, რომ ის მსგავსება თავის შვილთან არ იყო ისეთი, როგორადაც თვითონ უნდოდა წარმოედგინა.
ცხვირი გაცილებით მაღალი და თხელი ჰქონდა ბავშვს, შუბლი კი უფრო ვიწრო, სახეზეც თეთრი იყო. ლევანი დაიძაბა, ნელა გამოუვიდა შუბლზე ოფლი, მერე ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა, შემდეგ ისევ შეიკრა, ოფლი მოიწმინდა.
- კარგი ბიჭი გვყავს, არა? – გაიცინა ცოლმა. სიტყვები გვიან მივიდა ლევანამდე, როცა ცოლს შეხედა ის ვახტანგისკენ იყურებოდა; ვახტანგი წამოდგა, ბავშვი აიყვანა ხელში, საჩვენებელი თითი ნიკაპზე ამოუსვა. პატარა არა ტიროდა, მერე კისერი მოეღიჩინა კოცნისგან, სიცილი დაიწყო. იცინოდა ძალიან და უხმოდ, იცინოდა ვახტანგიც. ისინი იმ კედლის ძირში იდგნენ, სადაც ლევანის და პატარას სურათი ეკიდა.
ლევანმა უაზროდ გაიღიმა.
მერე უფრო უაზროდ გაიღიმა.
- უკაცრავად, – თქვა მან და გავიდა.
გარეთ ციოდა, სწრაფად აუყვა ქუჩას ზევით. ცივი ქარისგან სახე აუხურდა. იქით მისი ამხანაგი ცხოვრობდა, რომელსაც აპარატი ჰქონდა. ეს ამბავი წეღანვე გაიაზრა, რომ ვახტანგისა და პატარისათვის ერთად სურათი გადაეღო, მერე შეედარებინა თავისი სურათისათვის. წინათაც მოსვლია ის აზრი, როცა ვახტანგი მოდიოდა, მაგრამ არ აქცევდა ყურადღებას განგებ, ახლა კი ვეღარ შეძლო. ცოლის დილანდელმა შეკითხვამ “რატო ხარ ასე მოუსვენრად” დაარწმუნა, რომ მართლა მოუსვენრად იყო, მერე უკვე მიზეზი ვეღარ დაუმალა თავის თავს.
ახლა გამალებული მიდიოდა ზევით. იქიდან ქარი ურტყამდა და სახე უხურდა. გონებაში, თვალების უკან, ფოტოპლიონკა მოძრაობდა ძველი კადრებით, ისინი საიდანღაც თავის სიღრმიდან გამოდიოდნენ, მერე ისევ შედიოდნენ და ახლები იჭერდნენ მათ ადგილს. ის რასაც აკავებდა, თავის თვალებს არიდებდა, გამოვიდა გარეთ. შორს ხედავდა თავის თავს, ის იჯდა ბაღში და უცდიდა თავის საცოლეს. ის ხეივნიდან მოდიოდა, ვიღაც კაცს მის მხარზე ჰქონდა დადებული ხელი.
- გაიცანი. ეს ჩემი ბიძაშვილია, – თქვა ქალმა. ლევანმა ხელი ჩამოართვა, მერე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ვახტანგი კი ალაპარაკდა, იცინოდა, რაღაც მაგალითები მოყავდა. ზევით დუქანში ვიღაც მთვრალი იგინებოდა, ახლა ახალმა კადრმა დაიჭირა ადგილი ლევანის თავში, მთვრალი ვახტანგი იგინებოდა დედას, მისი უკვე მეუღლე ხელზე ეკიდა, თვითონ მას წყალი მოჰქონდა. ცოლმა, როგორც ახლა იგრძნო, მასზე ანიშნა ვახტანგს. “ერთი მაგისი”, თქვა ვახტანგმა. “ჩუუ”, ცოლმა ხელი მიაფარა პირზე. “აუტანელი ნათესავი მყავს”, თქვა მან.
მეორე დღეს მეზობელმა ჰკითხა ლევანს:
- ის კაცი ვინ იყო?
- ცოლის ბიძაშვილი.
- ჰმ, – თქვა მეზობელმა, – რა ბიძაშვილები არა ჰყავთ ქალებს.
ლევანი მაშინვე დაიძაბა რატომღაც, მაგრამ თავი გააქნია ფიქრების გასაყრელად, ახლა რატომღაც უცებ მოაგონდა, რომ იმ ამბამდე სამი დღით წინ, ადრე დაბრუნდა სახლში. ეზოს კარები გაიღო და დაიხურა, ცოლი მარტო იწვა ლოგინში.
- ვინ იყო? - იკითხა ლევანმა.
- რა კითხვებს იძლევი, არავინაც არ იყო, - უხეშად უპასუხა ცოლმა.
ლევანმა ნაბიჯებს აუჩქარა, დარწმუნებული იყო, რომ ქუჩაში როცა გადაიხედა, ვახტანგის ზურგი დაინახა, მაშინ რატომღაც არ გამოუტყდა თავს, მხოლოდ ცუდ ხასიათზე დადგა.
- შენმა უხასიათობამ მომკლა, - უთხრა ცოლმა.
ვახტანგმა ისევ გაიქნია თავი, ლენტა ფოკუსიდან ამოვარდა, სურათები ისევ გადიოდნენ, მაგრამ ბუნდოვნად, ახლა ბავშვის სახე ედგა, ვახტანგს რო ეჭირა ხელში და მასთან ერთად იცინოდა.… “ნუთუ, ნუთუ ისიც”, გამოუტყდა თავს და კედელს მიეყუდა. ციოდა. მტვრიანი ქარი ოფლიან შუბლს ეკვროდა, ქუჩაზე გრიალით მიდიოდა ტრამვაი. “ნეტა რამდენი კაცია ტრამვაიში”, მოულოდნელად გაიფიქრა ლევანმა. ახლა თვალწინ ვაგონი ედგა ხალხით სავსე, თვითონ ქუჩაში იდგა, მგონი კვირის, ან თვის წინ ფანჯარაში ცოლი დაინახა და მგონი ვახტანგის სილუეტი.… “ნეტა რამდენი კაცი ჰყავს გატანილი ტრამვაის”. რატომღაც მოაგონდა, რომ სწორედ ბაზრიდან მიმავალი კაცის გაჭყლეტას უყურა გუშინწინ. ჩანთიდან ამოვარდნილი კომბოსტოს თავი, წყლის ჩასასვლელთან მიგორდა, შიგ ვერ გაეტია და გაჩერდა, პატარა ხახვები ჩაცვივდნენ, მარტო ოთხი კარტოფილი არ ჩავარდა. ისინი კომბოსტოს თავის გვერდზე გაჩერდნენ. ხალხით გაიტენა ქუჩა, ლევანს გული ჰქონდა ცუდად. თავისი თვალით უყურა, როგორ გადაუტრიალდა ვაგონის ქვეშ კაცს თვალები, მერე უაზროდ გააყოლა თვალი ჩანთიდან გაგორებულ კომბოსტოს, ის წყლის ჩასავალთან გაჩერდა და გვერდზე ოთხი კარტოფილი მიუგორდა; ლევანმა უკან დაიხია, მათხოვარმა ჩანთაში ჩააწყო კომბოსტო ოთხი კარტოფილით და ხალხს შეუერთდა, საოცარი ზიზღი იგრძნო მათხოვრისადმი. ახლაც საოცარ ზიზღს გრძნობდა, ზიზღი უფრო გაიზარდა და ისევ ნათლად დაინახა ცოლი, მოკისკისე ცოლი, ის ხაზი უფრო ღრმა იყო, შავი, რომელიც ყვრიმალამდე ასდევდა, ცოლი იცინოდა, ვახტანგს ბავშვი ეჭირა, ორივენი იცინოდნენ.
ლევანი იდგა და მთელი ძალით რეკავდა ამხანაგის ზარს.
- რა იყო, ბიჭო, – გამოვარდა თენგიზი.
- ჰა? – იკითხა ლევანმა და უკან დაიხია, რატომღაც ვერ წარმოიდგინა, რომ ამხანაგთან იყო.
- რა იყო, ბიჭო, ჰა? – ისევ ჰკითხა თენგიზმა, როცა ლევანი დაჯდა და ისევ ადგა.

[1957 წლის სექტემბერი]

შენიშვნები

არსებობს მხოლოდ შავი ავტოგრაფი (1- 13გვ.), უსათაურო და დაუთარიღებელი. დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). ბოლო გვერდი (სიტყვებიდან: “ამხანაგთან იყო” ბოლომდე) ინახებოდა სხვა საქაღალდეში. ვფიქრობ, რომ ეს მოთხრობა პირველ სიაში მოიხსენიება როგორც “35. ბოზი და მისი ბავშვი” (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის).
მოთხრობა გამოუქვეყნებულია.