გოგო ტახტზე გდია. ტახტი ჭრიალებს. გოგოს თავი გადავარდნილი აქვს ბალიშიდან. თვალები დახუჭული. ტუჩები მოძრაობენ:
მერე ტახტი აღარა ჭრიალებს:
ბიჭი ფეხზე დგას და მის ცრემლებით სავსე თვალებს უყურებს.
გოგომ ძლივს აახამხამა ქუთუთოები და თქვა:
- გიყვარვარ კიდე?
ბიჭი იდგა. მის ცრემლიან თვალებს უყურებდა. მერე თვალი აარიდა და თქვა:
- ყველაზე უფრო, ვიდრე ოდესმე.
წელი 1957. აპრილის 21.
შენიშვნები
ამ ნახევარგვერდიანი უსათაურო ჩანაწერის შავი ავტოგრაფი დათარიღებულია. გვერდის ნუმერაცია “1” მთელ ჩანახატადაა გადაქცეული: ხატია ბოძზე ჩამოკიდებული ნათურა, საიდანაც გამოდის სხივები. სხივები ეფინება გზას და კაცს. კაცი ზის ქვიშაზე, ნათურის ქვემოთ, გზის დასაწყისში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ კაცმა ამოიარა გზა და ახლა ისვენებს. შორს უნდა მოჩანდეს თითქოს ზღვის სანაპირო და პინგვინი.
ინტენსიურად იხმარება “ტ” მხოლოდ შავ ავტოგრაფში. შავი ავტოგრაფი დაწერილია წარსულ დროში, თეთრი - აწმყოში. შავ ავტოგრაფში ჩამატებულია შემდეგი სიტყვები: “მერე ფანჯარასთან მივიდა. გაიხედა: ქუჩაში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. გოლებში გოგოები ედგათ და ისე.” ეს წინადადება თეთრ ავტოგრაფში არ არის გადატანილი. გურამის მთელი ცხოვრება-შემოქმედების ფონზე ფეხბურთის მოთამაშე ბიჭები, გოლებში გოგოებით, ჩემთვის სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ზოგადად სიყვარულს, კონკრეტულად ქალის სიყვარულს, ქორწინებას და საერთოდ ოჯახს. ეს უფრო გამოიკვეთა მომდევნო წლებში. ასე მგონია, რომ გურამმა ეს წინადადება თეთრში არ გადაიტანა სწორედ აშკარა სიმბოლურობის გამო, რაც მისი მხატვრული გემოვნებისათვის მიუღებელი იყო (იხილე, აგრეთვე, ამავე წიგნში მოთხრობა “პაბლო პიკასო”: “ცხენი ყალყზე იდგა. აღვირი ქალს ეჭირა ხელში.”)
1958 წელს მოსკოვიდან მოწერილი წერილიდან:
“ვერ ვიტან აშკარა სიმბოლოებს. სიმბოლო არასოდეს არ უნდა იგრძნობოდეს. აი, “ანა კარენინაში” ვრონსკიმ ისე გაუტეხა ხერხემალი თავის უსაყვარლეს ცხენს, რომ თვითონ ვერც იგრძნო. ეს ეპიზოდი სიმბოლურად გამოხატავს ვრონსკის დამოკიდებულებას ანასადმი. მაგრამ ამ ეპიზოდის სიმბოლურობას ძნელად აღიქვამ. ის ზედაპირზე არაა. შენ მიყვები სიუჟეტს და თავისთავად გაინტერესებს, გიტაცებს ამბავი.”
ქვეყნდება პირველად.