- რა?
- რა და თურქეთი:
- არა მგონია.
- როგორ, კაცო, ვასოს თუ აღარ დოუჯერებ?
- მისი ნათქვამი კია?
- ღმერთს გეფიცები.
პაპიროსს არც ვახტანგი ეწეოდა, არც სევე. მომტანს ღვინო მოჰქონდა: ორივენი სვამდნენ.
- ახლა თუ გვეშველა, ნამდვილად, - თქვა სევემ.
- ჩვენი შველა? - დაეჭვდა ვახტანგი.
- აბა, ლუქსემბურგს ხო უყურებ?
- ხო, კაცო, რაშია საქმე?
- არაფელი, სულ ნახევარი მილიონი კაცია.
- აპა!
- ჰო, შე კაცო.
- ახლა რითი ცხოვრობენ ვითამ?
- რას გეიგებ, ალბათ ხნავენ.
- მოდის რამე?
- აპა რავა, ჩვენ ერთ ქცევაზე მოყავს ჩემს ძმას და . . .
- სევასტის?
- ჰო, რავა, არ იცოდი?
- კი მარა, ისე ვიკითხე, მართლა, კიდევ თუ გიდგათ ადესა?
- ადესა? რამდენიც გინდა, აგერ ბოვშის ნათლობაზე დაგალევინებ მის ღვინოს.
- ვისი ბოვშის, ნუ გადამრიე.
- სევასტის, კაცო.
- სევასტის? ღმერთო მომკალი, რა ხნის ყავთ?
- ექვსი თვის.
- აუჰ, დავბერდით კაცო.
- მიდის ჩვენი დრო, მიდის.
- კი მარა რა ქვია ბოვშვს?
- კაკო.
- კაკო?!
- კაკო.
- მაშ კაკოს გოუმარჯოს, მისი კარგად ყოფა და ბედნიერება იყოს მუდამჟამს. შენი ძმისშვილი სევასტი კარგი ბიჭია, რაც მთავარია, ადამიანი, ჰოდა ბოვშის დღეგრძელობა იყოს.
დალიეს.
- კი მარა, კაკო რამ დაარქმევინა?
- რავა, არ მოგწონს?
- რავა არ მომწონს, კაკო ყაჩაღს თუ მიამსგავსა, თქო.
- ნამეტანი კაცი იყო მაგი ყაჩაღი.
- ჩვენ დოლიძესთან ვერ მევიდოდა, თვარა ისე.
- ვითამ?
- ნამდვილად.
- მეც ქე ვიფიქრე მაგი.
- აპა, დაერქმია სიმონა, ჰა?
- ნამდვილად ამბობ მაგას, ხო იცი.
- აპა რავა, კაცო, გურულებს სამაგისო რა გვჭირდა.
- მეიტა ხელი.
- ა!
წელი 1957. აპრილის 21.
შენიშვნები
არსებობს ამ ოთხგვერდიანი დასათაურებული ნაწარმოების შავი და თეთრი ავტოგრაფები. შავი ავტოგრაფის დასაწყისში პატარა ჩანახატია გაკეთებული. “1”-ს ისევ ნათურის ფორმა აქვს, ისე როგორც წინა ნაწარმოებში. ოღონდ ახლა ნათურის აბაჟური ამობრუნებულია და იქიდან სხივები არ გამოდის. ჩახატულია კაცის ფიგურები, ერთი ფიგურა გადადის ცხოველის, ხარის სხეულში და იღებს კენტავრის მსგავს მოხაზულობას. ჩახატულია აგრეთვე დოქი, ჯამი. შავი ავტოგრაფი დაწერილია წარსულ დროში, თეთრი - აწმყოში.
ქვეყნდება პირველად.