Litclub.ge

დიალოგები
- ვა, რამდენს ლაპარაკობენ!
- სცივათ.
- ჰოო.
- რა, ჰო, სცხელათ, ზოგიც შეყვარებულია.
- რა ვიცი, მაგათი დედაც ავატირე.
- რო არ შაიგინო, არ იქნება.
- მორჩი, შენი.
- რა ჩემი?
- დედაც ავატირე.
- ჰოო.

ქარია, ცივა

- ჩქარა, დავიხრჩვი.
- ერთი შენი!
- რა ჩემი?!
- ახლა ჩხუბი ატეხე.
- რა ჩემი, თქვი.
- აკი იხრჩობოდი.
- თქვი-მეთქი!
- დაიძრა უკვე.
- ჩახტი მერე.
ლიანდაგი აკოკრებულზე იდგა. მიწა იყო დაქანებული. ორთქლმავალმა სვლას უმატა. ბაქანზე ორნი იდგნენ თოვლში.
- ძლივს არ გავგრილდით?
- ჰო, ქარია.
- ვა, რა ცხელოდა.
- საით მივდივართ?
- მე ვიცი.
- შენ ყველაფერი იცი.
- აბა, როგორ.
- ხედავ, რა ქარია?
- ჰო, მეც შემცივდა.
- ქარია.
- ყურები მაძრება.
- მატარებელშიც ციოდა.
- რა ციოდა, კინაღამ დავიხრჩვი.
- ჰო, ცხელოდა.
- აკი ციოდაო!
- დაიწყე ისევ ჩხუბი.
- არა ვარგიხარ, ისა თქვა.
- რა შუაშია ეგ.
- ისე, დოყლო ხარ.
- მე, დოყლო?
- ჰო, შენ.
- კარგი, ვიყო.
- აკი არა ვარო!
- თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, მცივა.
- ჰო, ცივა.
- ქარსაც ახლა მოუნდა ამოვარდნა.
- ერთი მაგისი.
- ნახე, მაინც რამდენია?
- ალბათ, ათამდე.
- ათი მენეთი?
- ჰო, დიდი მენეთი.
- არა უჭირს, ფულია.
- მეც ეგ არა ვთქვი!
- ჰოდა, მორჩი.
- შენ რა, ისე პრიჩინა გინდა?
- მორჩი, მაჩვენე აქ.
- რათა?
- მერე გეტყვი.
- აჰა, ნახევარი.
- სწორია?
- ჰო.
- მაიტა კიდე!
- რათა?
- კარგი, გქონდეს.
- ცივა, კაცო.
- ცივა, მაშ.
- ადგილი არ იცი თბილი?
- შენს ჩხუბში გზა დავკარგე.
- ცივა.
- მე რა გიყო?
- შენ არ თქვი, ქოხი ვიციო?
- ჰო.
- მერე?
- მერე რა?
- წადი შენი მატყუარა დედაც...
- ისევ.
- ქარია, ცივა.
- მე რა გიყო, მეცა მცივა.
- ერთი შენი.
- მორჩა.
- რა მორჩა?
- ხმას აღარ ვიღებ, რაც გინდა იგინე.
- რაც გინდა ქენი, შენი დედაც...
- რათა, კაცო?
- ცივა, შე ბუმერაზო, ცივა.

წელი 1957. მარტის 8.


ცხელა, დავიძინოთ

- ეგ ხევი რა არის?
- არაფერი, ნახევარია.
- წყალი არ მოდის?
- არა.
- ეგრეც ვიცოდი.
- აბა, რაღას მკითხე.
- ისე, ცხელა.
- მერე რა გალაპარაკებს?
- შენ უფრო მეტს ლაპარაკობ ახლა.
- ახლა შენ.
- კარგი ერთი.
- კარგი და კარგი.
- იცი რა?
- რა?
- მოდი, შევეშვათ თხრას.
- შევეშვათ.
- წყალი არ იცი სადმე?
- წყალი არა ისა, აგე მანდა დგას კოკაში.
- ოჰო, კარგია.
- რაღა კარგი, თბილია.
- თბილიც არის, მტვრიანიც, მაინც წყალია.
- შენ მართალი ხარ, რა მაგის პასუხია, მართლა შევეშვათ.
- ძაან კარგს ვიზამთ.
- კოკას რა ვუყოთ, კაცო?
- მაიტა აქ.
- შენ თვითონ აიღე.
თიხის კოკის ნამტვრევები ნანგრევის კედელთან ჩამოცვივდა.
- ესეც ასე.
- ჰო.
- ახლა?
- მორჩა.
ნანგრევების ქვევით ველი იყო. ველზე ხე არ იდგა. ველის იქით ვენახი. ყურძენი მკვახე იყო. ბაღში ფანჩატური იდგა.
- ხედავ?
- ჰო.
- გინდა, დავიძინოთ.
- ნახე რა საკითხავი.
- რას იკბინები ყველაფერზე.
- მორჩი.
- რათა?
- ცხელა, დავიძინოთ.
- მე რა, არა მცხელა?
- ერთი შენი.
- რა ჩემი?
- არაფერი, დავიძინოთ.

წელი 1957. მარტის 8.


მე ხომ გუშინ გაგიცანი

-ხედავ, რა ახლოა.
- აბა?
- აგერ, აგერ იქ.
- როდის მივალთ?
- ერთ საათში.
- მე არ მინდა.
- რატო?
- მეშინია.
- რისი?
- არაფრის, ისე.
- რა ისე?
- ნუ წავალთ, რა.
- აბა, რა ვქნათ.
- აქ დავსხდეთ.
- კარგი.
მდელო იყო მწვანე. ბალახი რბილი.
- იცი, რა?
- არა.
- როგორ გითხრა, არ ვიცი.
- რა უნდა მითხრა?
- იცი, რა?
- ხო გითხარი, არა-მეთქი, ოი, რა დიდი ხელი გაქვს?!
- არა, რას ამბობ.
- არა, კი; ღონიერი ხარ?
- არა, რას ამბობ.
- რა არა, ნახე, რა კუნთები გაქვს.
- იცი, რა?
- არა, ხო გითხარი.
- წამო რა, იქ.
- სად?
- აი იქ, წეღან რომ მივდიოდით.
- მეშინია.
- რისი?
- არ ვიცი.
- აქ არ გეშინია?
- აქ არა.
ბიჭმა თავის თათში მოიქცია გოგოს ხელი, მერე მოუჭირა.
- მტკივა, იცი!
- რათა?
- იმიტომ, რო ღონიერი ხარ, თანაც ამხელა ხელი გაქვს.
- ჰო, შენ პატარა მტევანი გაქვს.
- მე კი, ნახე, რა თხელია.
- აბა?
- აი,
- ჰო, მართლაც, რა თხელია, მეშინია, არ მოგტეხო.
- არც ისე სუსტია, შენ რომ გგონია.
- გინდა გატკინო?
- აბა, სცადე.
- არა გტკივა?
- არა.
- არც ახლა?
- არა.
- არც ახლა?
- არა.
- აბა, რატო წითლდები?
- ხო ვითმენ, შენ რა გინდა.
- კარგი, გვეყო, აღარ გატკენ.
- როგორც გინდა. მართლა, იცი, რა?
- რა?
- აბა, მარცხენათი თუ მატკენ მარცხენას.
- კარგი.
- არა მტკივა.
- აბა ცრემლი რა არის?
- არ ვიცი.
- როგორ?
- ისე, არ ვიცი.
- იცი, რა?
- არა.
- ცრემლებს ვერ ვიტან, მეცოდები.
- მოვიწმინდო?
- არა.
- რათა?
- მე თვითონ მოგწმენდ.
- ვაჟა!
- რა?
- ვაჟა!! თვალებზე კოცნა არ ვარგა, ცუდი ნიშანია.
- აბა რა ვქნა, ცრემლს ვინ დაგიშრობს?
- არ გინდა, სირცხვილია ასე.
- ვისი?
- არავისი, ისე.
- რა ისე?
- სირცხვილია, გეუბნები.
- განა ვინმე გვიყურებს?
- არა.
- აბა?
- შენი!
- ჩემი?
- ჰო.
- რათა?
- რა უნდა თქვა, მე ხომ გუშინ გაგიცანი.
- მერე?
- არ ვიცი, განა ასე ხდება?
- არც მე ვიცი, ალბათ.
- ვაჟა!
- რა?
- მართლა აკეთებ მაგას?
- რას?
- მაგას.
- ჰო.
- შენი არა მჯერა, მე კი მართლა ვიღებ, ვაჟა, ჰო.
- კიდე ტირი?
- არ ვიცი.
- მომეყრდენი, აი ასე.
- ვაჟა!
- რა?
- თვალებში კოცნა არ ვარგა.
ვაჟი ყვრიმალს დააცხრა, მერე ტუჩებს.
- ვაჟა!
- რა?
- სირცხვილია.
- ვისი?
- შენი.
- ჩემი რატო?
- ისე, არ ვიცი; მე ხომ გუშინ გაგიცანი.

წელი 1957. მარტის 8.

შენიშვნები

პირველი გვერდი წარმოადგენს სამივე დიალოგის თავფურცელს. თავფურცელზე, საერთო სათაურის გარდა (იხ. ნაბეჭდი ტექსტი), წერია შესავალი-დიალოგი. არსებობს ამ შესავალი-დიალოგის როგორც შავი, ასევე თეთრი ავტოგრაფი. არქივში ინახება, აგრეთვე, ამ დიალოგების დათარიღებული და დასათაურებული შავი და თეთრი ავტოგრაფები. პირველი დიალოგის “ქარია, ცივა” შავი ავტოგრაფი შეიცავს ოთხ გვერდს, თეთრი - ექვს გვერდს. მეორე დიალოგის “ცხელა, დავიძინოთ” შავი ავტოგრაფის პირველ გვერდზე ჩახატულია გრძელი და ფართოცხვირა კაცის პროფილი, მეგობრული შარჟის მსგავსი. თეთრი ავტოგრაფი შეიცავს ოთხ გვერდს. მესამე დიალოგის “მე ხომ გუშინ გაგიცანი” შავი ავტოგრაფი შეიცავს შვიდ გვერდს. თეთრი - 8 გვერდს. ერთ-ერთი ავტოგრაფის სათაურის ქვეშ დახატულია კაცის პროფილი ფრინველის მაგვარი ცხვირითა და პირით.
პირველ სიაში: “36. სიყვარულზე
ცხელა, დავიძინოთ
ქარია, ცივა.”
ვფიქრობ, მოთხრობა “სიყვარულზე” იგივეა, რაც “მე ხომ გუშინ გაგიცანი.” ამ სათაურით დაიბეჭდა ის ცალკე 1965 წელს წიგნში “მოთხრობები. პიესა.”
ერთად იბეჭდება პირველად.