გოგოს კონგოს ნაპირიდან ეძახდნენ დიანას – ეს სახელი მას მაშინ დაარქვეს, როცა თორმეტი წლის გახდა; იმ წელს გემის მთვრალმა კაპიტანმა თავის ნადავლად მიიჩნია მაღალფეხება გოგო, შავი, ნაცრისფერღილებიანი ძუძუებით; იმავე ღამეს წააგო კარტში ბადრაგის უფროსთან, ბადრაგის უფროსმა, თავის მხრივ, წააგო მონების პატრონთან, რომელთანაც ის ადრევე მოიგო გემის ქირის გასამრჯელოსთან ერთად კაპიტანმა.
ორმეტრიანი დუმბა, მონებით მოვაჭრე – მისი ბოლო მომგები, ფართო ქამრით და აგდებული ნაბიჯებით უვლიდა გარეშემო კაიუტის კუთხეში მიყუჟულ თორმეტი წლის გოგოს. დუმბა ლაპარაკობდა მსოფლიოს ყველა ენაზე, ამიტომ სთხოვეს მას კარტის პარტნიორებმა ყოფილი მონაგებისათვის გადაეცა მათი სურვილი შუა ოთაზში გამოსულიყო. ორმეტრიანი დუმბა ორად მოიკეცა, სომბრეროსმაგვარი ქუდი გულზე მიიდო და დამფრთხალ გოგოს იმის ენაზე შუა ოთახში გამოსვლა შესთავაზა, გოგოზე, როგორც ეტყობა, კარგად იმოქმედა ხვეწნის ტონმა და უარისმაგვარი რაღაც წაიბუტბუტა – მას ეშინოდა შუა ოთახში გამოსვლა მხოლოდ იმიტომ, რომ კედლის საყრდენის დაკარგვა არ უნდოდა, სიშიშვლის მას არა რცხვენოდა, პირიქით, უკვირდა, როცა, ასაფარებლის გარდა, რაიმე ზედმეტ ნაჭერს უყურებდა კაცის ტანზე. დუმბა შეეცადა უფრო მოხრილიყო წელში რევერანსის გაკეთებისას, რის შემდეგაც გოგო სულ მიიყუჟა კუთხეში და ჩაჯდა.
ახლა ყველამ ერთად დაიწყო ყვირილი, განსაკუთრებით წრიპინებდა პატარა უყბო კაპიტანი; მასზე ეშმაკისეულად იმოქმედა გოგოს ბოლო მოძრაობამ, გარდა ამისა, ის მთელ გემზე ერთადერთი ქალი იყო, რომელიც იზრდებოდა ფშანებში და მთელი აფრიკული დღე ეძინა ლერწმის ქოხში. ეს გოგო მხოლოდ დილით და საღამოს ცხოვრობდა, ამიტომ ყველაზე მეტად მისმა სხეულმა იცოდა ამ ორი დროის მშვენიერება – ამის შესახებ იცოდა ყველამ, განსაკუთრებით უყბო კაპიტანმა, რომელიც ამ მხარეში ოცდახუთი წელი დადიოდა გემით, ამიტომ ყვიროდა ის ყველაზე გამწარებით.
კაპიტანი ყვიროდა, რომ გადააბრუნებდა გემს და დაახრჩობდა ყველას – ეს გოგოზე ნაკლებად მოქმედებდა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გემში ღამე შეიყვანეს, რის წინაც და შემდეგაც ზღვა არ ენახა და წარმოდგენა არა ჰქონდა, აქ თუ შეიძლებოდა დახრჩობა, მეორეც, იმიტომ, რომ არ იცოდა ის ენა, რა ენაზეც ლაპარაკობდა კაპიტანი.
კაპიტანთან ერთად ხმაურობდნენ მისი მეზღვაურები. წყნარად იქცეოდა მხოლოდ დუმბა, რომელმაც იცოდა, როგორ შეიძლებოდა პატარა ველური გოგოს შუა ოთახში ძალის გარეშე გამოყვანა; ის ჩაჯდა მის წინ იმასავით მუხლებზე და დიდი კოჟრიანი თითებით დაუწყო ძუძუების სრესა – ღიმილის მსგავსი გაჩნდა შავკანიანი გოგოს სახეზე, დუმბა ახლა მუხლებზე გაიმართა და ბიბილოებზე დაუწყო ხელის შევლება ოდნავ, ისე, რომ მხოლოდ კაცის ხელის კოჟრების შარიშური ეგრძნოთ მის ყურებს, ზანგის ქალი ახლა თავშეუკავებლივ კისკისებდა და აქამდე შიშველ სასირცხოს იფარავდა ცალი ხელით, მეორეთი უაზროდ ეთამაშებოდა ჰაერს თავისა და დუმბას შუა. კამპანია, რომელსაც მიემატა მრგვალი, მსუქანი შკიპერი, თვალმოუშორებლივ უყურებდა ველური გოგოს წვრთნას, დუმბა შევარდნილი გუგებით უძრავად აშტერდებოდა გოგოს თვალებს და დიდი, განიერი პირით მოძრავად, მხიარულად იცინოდა, მერე შუა თითი ამოსდო ნიკაპქვეშ, წამოდგა, წამოაყენა ამ მოძრაობით ზანგის ქალიც, რომელიც, მთლიანად მოკლებული წინაამღდეგობის უნარს, თვინიერად გაჰყვა ნიკაპქვეშ ამოდებულ თითს; დუმბამ ის მაგიდამდე მიიყვანა, მერე შუა მაგიდაზე დასვა. მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ დანარჩენები.
უყბო კაპიტანი ენაგადმოგდებული უყურებდა ზანგის პატარა ტანს, რომელიც ყველა ნაწილით სუნთქავდა, კაპიტანი გრძნობდა როგორ იხედებოდა მისკენ შკიპერი და რაღაც ნიშნებს აძლევდა. – მე უფულოდა ვარ, – თქვა ბადრაგის უფროსმა.
ვაჭრობა დაიწყო კაპიტანსა და მონებით მოვაჭრეს შორის; კაპიტანს უნდოდა ეყიდა იაფად, ვაჭარს, პირიქით – გაეყიდა, რაც შეიძლება, უფრო ძვირად, კაპიტანი მზად იყო მიეცა, რასაც მოსთხოვდნენ, ისე უკანკალებდა ყბები, შკიპერმა ვერ აიტანა ფულის მისაცემად გამზადებული კაპიტნის ყურება და გარეთ გავიდა; მაშინ კაპიტანმა შესთავაზა დუმბას კარტის თამაში. დუმბა დასთანხმდა, რადგან მთელ გემზე ყველაზე კარგად ისა თამაშობდა, უყბო უცებ მიხვდა რაღაცას და შეშინდა, მაგრამ ის კაპიტანი იყო და უარი ვეღარა თქვა, ვაჭარმა ისეთი დიდი სათამაშო ფასი დაუნიშნა გოგოს, რომ კაპიტანს სულ ჩაუქრა აღგზნებული თვალები, დუმბა შეშინდა, რომ დაკარგავდა პარტნიორს, ვისგანაც ბევრი ფულის მოგება შეიძლებოდა და, სანამ უარს ეტყოდნენ, ბადრაგის უფროსის თანდასწრებით ასეთი გეგმა შესთავაზა უყბოს: ქალის თითოეული გამოკვეთილი ნაწილისთვის დაედოთ ცალკე ფასი, რაც გაცილებით ცოტა იყო ცალ-ცალკე, მთელ ფულთან შედარებით, და, ჯამში, სამჯერ მეტი. კაპიტანი დასთანხმდა იმ იმედით, რომ როცა მოიგებდა იმას, რაც ყველაზე ძალიან უნდოდა, დაანებებდა თამაშს თავს. გრძელწვივიანი ფეხი სწორი, მრგვალი მუხლისთავიდან დაწყებული, ღირდა 100-ჯერ ნაკლები ძირითად მოსაგებზე, ის პირველივე ხელზე მოიგო უყბომ და ხელის მოკიდების უფლება მიიღო. დუმბას მთელი ანგარიში სწორედ ამაზე იყო დაყრდნობილი – უყბოს უკანკალებდა მთელი სხეული და ხელს, როგორც დამუხტულ მავთულს, ისე ვერ უშვებდა მონის ფეხს, დუმბას კი თავისუფალი ჰქონდა ორივე ხელი და შეეძლო თავისუფლად თამაში; თამაშობდნენ ყველაფერზე, ცვალებადი წარმატებით, და კაპიტანი, სიგიჟემდე მისული, მოგებისას კოცნიდა ძუძუებს, ტუჩებს, ყურის ბიბილოებს და სულ უფრო და უფრო ეხვეოდა და აგებდა. ის იყო წვრილმანი კაცი, იგებდა წვრილმანს, მაგრამ, როგორც ყველა მეწვრილმანე, ინსტინქტით გრძნობდა ძირითადს და აცხადებდა მასზე პრეტენზიას – ამას უნდა დაეღუპა იგი. ის უკვე ვეღარ იტანდა დაღუპვის ლოდინსა და მოგების სურვილს შორის ბრძოლას.
გარშემო იდგა საშინელი კვამლი, არყის ნესტი, ქალისა და კარტის ვნების ოხშივარი, ზღვა იწყებდა ქანაობას და ეს ყველაფერი შესამჩნევად მოქმედებდა ყველაზე.
როცა კაპიტანს სისხლით გაევსო თვალები, მის გონებაში, როგორც ცალკე არსებები, ისე ამოძრავდნენ კვამლიდან გამოსული ახლეჩილი ფეხები, ნაცრისფერთავა ძუძუები და სქელი, დახლეჩილი ტუჩები, ახლა უკვე აღარაფერს აღარ შეეძლო შეეჩერებინა კაპიტანი, რომ არ შეეთავაზებინა იმაზე თამაში, რაც ერთნახევარჯერ მეტი ღირდა ყველაფერზე – ეს შეადგენდა თანხას, რომლითაც შეიძლებოდა გემის ყიდვა. საშუალება, რომელიც დუმბამ ჩაუყარა ასაღგზნებად არაყში უყბოს, გაცილებით ძლიერი იყო თავშეკავებაზე, რომელიც ისეც არა ჰქონდა კაპიტანს.
დაუძახეს რამდენიმე პირმოკუმულ მეზღვაურს და შკიპერს. იმათ უნდა დაემტკიცებინათ გემის წაგება თუ გოგოს მოგება. ამ გემზე გემის ფასად ფასობდა გოგო და კაპიტანმა იარაღი მოსინჯა. დუმბას უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდა პისტოლეტის ბუდე ღია.
თამაშობდნენ ოცდაერთს. ბანკს თავობდა უყბო – იქ იდო მისი გემი; ვაჭარი წავიდა მთლიანად და, შეთანხმების თანახმად, დადო შავი გოგო, ნაცრისფერთავება ძუძუებით. კაპიტანმა მოასწრო პირველი კარტის დანახვა, რომელიც დუმბას დაუდო და სიმხნევე მიეცა – თვითონ ამოიღო ტუზი, რამაც უფრო ასწია ხასიათში. დუმბამ შეამჩნია, რომ მისი კარტი იცოდნენ და მაინც არ ამოიღო ხმა, ის ხედავდა ბანკირის თითოეულ მოძრაობას, რადგან სხვა საგნები ბოლისგან იყო დაფარული – მან ბუდიდან იდაყვით ამოსწია ნაგანი და შკიპერს გადახედა.
ფაქტიურად, მეზღვაურებისათვის თამაშს აღარა ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა, აღარავის აღარ აინტერესებდა კაპიტანი, რომელმაც თავისი გემი დადო სათამაშოდ. მისი მოგების შემთხვევაში, შკიპერმა გადაწყვიტა ესროლა მისთვის, ხოლო თუ დუმბა მოიგებდა, ის თვითონ გაუსწორდებოდა კაპიტანს, რომელიც დიდ საბაბს მისცემდა სროლისათვის.
დუმბამ მოითხოვა მესამე კარტი. კაპიტანს ეჭირა მარცხენაში მთელი ქაღალდი, მარჯვენათი გასაწოდებლად ამოიღო აგურის ქალი – პირველი ისროლა მონებით მოვაჭრემ, რადგან შეასრულა ოცდაერთი და, როგორც მოგებულს, მეტი საფრთხე ელოდა გაბრაზებული წაგებულისგან.
ზანგის გოგო მოკლე კივილით გადახტა მაგიდიდან. მარჯვენა გაწვდილ ხელში დაჭრილი კაპიტანი ადგილზე ქანაობდა და უაზროდ უყურებდა ცარიელ მაგიდას.
დუმბამ თავი აღიარა კაპიტნად და გემის მფლობელად, მეზღვაურები ღრიალით მიესალმნენ მას, მერე შეისვა არაყი და, როცა ბოლით უფრო გაივსო კაიუტა, დუმბამ თავისი ხელით დაალევინა ნაკაპიტნარს არაყი; ის იდგა მჩვარივით და სრულიად დაკარგული ჰქონდა აზროვნების უნარი. ახალმა კაპიტანმა ხელით გამოათრია მაგიდის ქვევიდან ზანგის გოგო და ძველ კაპიტანთან ერთად შესვა სადღეგრძელო, რომელშიაც ზანგის გოგოს დიანა უწოდა, ამან ძალიან გაახარა მეზღვაურები, რომლებიც ირწეოდნენ არყისგან და მთელი ხმით როხროხებდნენ: `დიანა, დიანა~, ამ ხმებში დუმბამ საჯაროდ დაადასტურა, რომ ზანგის გოგო იყო ქალიშვილი, შემდეგ ნაგანიდან ისროლა მაღლა და ტყვიით ჭერი გახეთქა, საიდანაც სუფთა ჰაერი შემოიჭრა.
დუმბას თანხმობით, თითო-თითო მიდიოდნენ მეზღვაურები შავ დიანასთან, რომელიც პატარა მხეცივით იყო პირველად შეშინებული და მერე აღარ იღებდა არავითარ მონაწილეობას.
შუაღამისას აღმოაჩინეს, რომ ნაკაპიტნარი იცლებოდა სისხლისგან და როგორც არაფრისმაქნისი, გადააგდეს გემიდან, მით უმეტეს, რომ ის ახალ კაპიტანსაც არ უყვარდა. შავმა დიანამ მაგიდისკენ გააპარა ხელი, როცა ბოლო მეზღვაური მივიდა მასთან აიღო ნახევრად დაცლილი არყის ბოთლი და მოიყუდა, მისი თვალები აელვარდნენ, გათეთრდნენ, კბილები აშკარად გამოეყვნენ ტუჩებს და მას ბინდივით ჩამოწოლილ ბოლში მოეჩვენა, რომ ხედავს მშვენიერ ჯადოსნურ სიზმარს, რომელშიაც თვითონ იღებს მონაწილეობას. კარადაზე დადგმული სანთელი ჰგავდა დიდ, ბრჭყვიალა, უმოძრაო მზეს, როგორც ეს სიზმარში და სცენაზე არის ხოლმე; გარდა ამისა, ასეთ მზეს ხატავენ ბავშვები სილაზე თამაშის დროს.
[1959 წელი, ივლისი. წყალტუბო]
შენიშვნები
არქივში ინახება თორმეტფურცლიანი უყდო რვეულის ორივე გვერდზე მუქი მელნით და ძალიან გაკრული, დაქანებული, მომსხო ასოებით ნაწერი მოთხრობის შავი ვარიანტი(1_12გვ.). მოთხრობა დასათაურებულია. არა აქვს თარიღი. დაწერილია, როგორც ჩანს, ერთ დაჯდომაზე. ვფიქრობ, ხელახალი გადაკითხვისას ჩამატებულია ერთი-ორი წინადადება ასეთივე მელნით, რამდენიმე წინადადება კი ქიმიური ფანქრით. მსგავსი მელნითა და ხელით, მსგავს რვეულში, დაწერილია "გოგან გაგანია" (იხ. მომდევნო ავტოგრაფის შენიშვნები). მოთხრობის შავი ვარიანტი დაწერილი უნდა იყოს წყალტუბოში ყოფნისას.
"თეთრი მონები" გადათეთრებულია (1-10გვ.) თბილისში ისეთსავე ფურცლებზე, როგორზეც 1959 წლის შემოდგომაზე "ირინა და მეს", "დევების ცეკვის" და ამ პერიოდის სხვა მოთხრობათა თეთრი ავტოგრაფები. მსგავსია ხელწერაც. ეს ხელნაწერი არ არის დასათაურებული, არა აქვს თარიღი. 1959 წლის შემოდგომაზე პატარა, მაგარ ფურცლებზე _ ასეთი ფურცლები, ჩვეულებრივ, ჩანახატებისათვის იხმარება ხოლმე _ გაკეთებულია ჩანაწერი თეთრი ვარიანტისათვის, რაც შემდეგ შეტანილია მოთხრობაში. ჩემ მიერ შემოთავაზებული დათარიღების სასარგებლოდ მეტყველებს ეს პატარა ფურცლებიც, რომლებიც მხოლოდ 1959 წლის აგვისტოს შემდეგ ჩნდება არქივში. ასეთსავე ფურცლებზეა დაწერილი "დევების ცეკვის" შავი ვარიანტი, ზოგიერთი ჩანაწერი "ჩემი ლიტერატურული შეხედულებებისათვის" და სხვ.
ხელნაწერის პირველ გვერდზე, თაბახის ფურცლის მარჯვენა მხარეს, ფანქრით, ვფიქრობ, მბეჭდავის მიერაა დაწერილი: "II". იმავე ფანქრით, ალბათ, ისევ მბეჭდავის მიერ, ხაზგასმულია რამდენიმე წინადადება. გურამის მიერ გადაშლილია ცალკეული სიტყვები და ერთი-ორი წინადადება. ნაწერია მწერლისათვის ჩვეული ლამაზი ხელით. ავტოგრაფის ბოლო გვერდზე, სავარაუდოა, ისევ მბეჭდავის მიერ, ჩაწერილია ჩვენი სახლის ტელეფონი: "3-24-20", მის ქვემოთ კი - გურამის სახელი და გვარი.
ჩანაწერი "თეთრი მონების" თეთრი ვარიანტისათვის (გაკეთებული უნდა იყოს თბილისში):
"იქ იდო მისი გემი, ვაჭარი წავიდა მთლიანად და, შეთანხმების თანახმად, დადო შავი გოგო ნაცრისფერთავა ძუძუებით. კაპიტანმა მოასწრო პირველი კარტის დანახვა, რომელიც დუმბას დაუდო და სიმხნევე მიეცა - თვითონ ამოიღო ტუზი, რამაც უფრო ასწია ხასიათში. დუმბამ შეამჩნია, რომ მისი კარტი იცოდნენ და მაინც არ ამოიღო ხმა, ის ხედავდა ბანკირის თვითეულ მოძრაობას, რადგან სხვა საგნები ბოლისგან დაფარული იყო, დუმბამ იდაყვით ოდნავ ამოსწია ნაგანი. სხვა ვერავინ ხედავდა კარტს. ფაქტიურად, მათთვის თამაშს არა ჰქონდა არავითარი
—————————————————
დუმბამ მოითხოვა მესამე კარტი. კაპიტანს ეჭირა მარცხენაში მთელი ქაღალდი, მარჯვენათი გასაწოდებლად ამოიღო ქალი - პირველი ისროლა მონებით ვაჭარმა, რადგან შეასრულა ოცდაერთი და, როგორც მოგებულს, მეტი საფრთხე ელოდა.."
1959 წლის ივლისში გურამი დედას ზღვაზე ატყობინებს, რომ დაწერა ორი მოთხრობა ფოლკნერის სტილში. სავარაუდოა, რომ ერთი მოთხრობა არის "თეთრი მონები". მეორე კი, თუ წერილი თბილისშია დაწერილი, _ "ნათელა", თუ წყალტუბოში, მაშინ შეიძლება გულისხმობდეს "გოგან გაგანიას" (იხ. შენიშვნები შემდეგი მოთხრობისათვის).
მოთხრობა არ არის გამოქვეყნებული.