Litclub.ge

ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

 

კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი ანანურის ციხეში გამოჩნდა. ეს გამოჩენაც იდუმალებით იყო მოცული. მხოლოდ ციხის ბურჯებზე უმატეს გუშაგებს, მალიმალ მიმოქროდნენ თავდაღუნული მდუმარე მხედრები, სოფლებში ჩურჩულითა და ვიშვიშით გადადიოდა ხან ერთი ამბავი, ხან მეორე, დედაკაცები მუხლებში იცემდნენ ხელებს, მხრებაცახცახებულნი თვალებზე იფარებდნენ მოსახვევის ბოლოებს.

ნაშუადღევს რაღაც ჩოჩქოლი ატყდა ციხის ეზოში. მეციხოვნეებს ვიღაც ცამეტ-თოთხმეტი  წლის ბიჭი შეეპყროთ, კარისკენ ეწეოდნენ, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა, წიხლებს ისროდა, იკბინებოდა და ყვიროდა:

_ მეფესთან მიმიშვით, დიდი საქმე მაქვს, მეფესთან მიმიშვით!

მეციხოვნეები პირზე ხელს აფარებდნენ, წააქციეს, ზოგი ფეხებში ჩაეჭიდა, ზოგი ხელებში, ასწიეს, ასე წაიღეს. ბიჭი მაინც იბრძოდა და ყვიროდა:

_ დიდო მეფეო! დიდო მეფეო!

ამ ჩოჩქოლსა და აურზაურში კოჭლობით, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ციხისთავი. მარცხენა ხელი კისერზე ჰქონდა დაკიდებული ქალის მანდილით. მეციხოვნეებმა რომ დაინახეს, გაჩერდნენ, ბიჭი ძირს დასწიეს, ხელი მაინც არ გაუშვიათ.

_ რა ამბავია, რა მოხდა? _ იკითხა ციხისთავმა.

_ მეფესთან მიმიშვითო, დილას აქეთია, აფთარივით უვლის ციხეს. გავაგდეთ, ვცემეთ, მაინც გადმობობღდა გალავანზე, _ მიუგო ერთმა მეციხოვნემ.

მიწაზე გულაღმა გაკავებულმა ბიჭმა ამოიბრძოლა, თავი ვერ გაითავისუფლა და დაბლიდან ამოიმუდარა:

_ მიმიშვით, თქვენი ჭირიმე, დიდი საქმე მაქვს, ქვეყნისთვის საჭირო საქმე.

ციხისთავმა ვერაფერი თქვა, თვალი კოშკისკენ გაექცა. იქიდან თითქოს ვიღაცამ რაღაც ნიშანი მისცა, ციხისთავმა თავი დაუქნია და მეციხოვნეებს უბრძანა:

_ გაუშვით ხელი!

მეციხოვნეებმა ბიჭს ხელი გაუშვეს. ბიჭი წამოდგა, შარვალი მიიწ-მოიწია, მტვერი ჩაიბერტყა. ერთმა მეციხოვნემ დაძენძილი ნაბდის ქუდი მიაწოდა.

_ სადაური ხარ? _ ჰკითხა ციხისთავმა.

_ აქაური.

_ რომლისა.

_ მზევარისა.

_ რა გინდა მეფესთან?

_ პირადად უნდა მოვახსენო.

_ გაჩხრიკეთ.

მეციხოვნეები ეცნენ და ჩხრეკა დაუწყეს. ბიჭი ხელებაწეული იდგა და მოთმინებით იცდიდა.

მარტო ხელისგულისოდენა ქერის ხმიადის ნატეხი და ნივრის ორი კბილი ამოუღეს ჯიბიდან. ისიც მაშინვე დაუბრუნეს.

_ წამომყევი.

ბიჭმა ერთხელაც გაისწორა დაძენძილი შარვალი და ციხისთავს გაჰყვა. დაბალი იყო, განიერი, როგორღაც გან-განზე მიჰქონდა მძიმე, დაშაშრული შიშველი ფეხები. გაიარეს გრილი კედლებით შემოზღუდული ლაბირინთი, ავიდნენ კიბეებზე და ერთ კარს მიადგნენ. იმ კარს აქეთ-იქიდან თოფიანი მცველები ედგნენ. ციხისთავმა ბიჭი აქ დატოვა და თვითონ შიგნით შევიდა. გაღებულ კარში ბიჭმა დიდებული იერის მოხუცი დაინახა, გუმანმა უთხრა, მეფე ეს უნდა ყოფილიყო. გაიწია, მაგრამ მცველებმა არ გაუშვეს, თოფები გადაუღობეს.

_ გამოატარეთ! _ მოისმა  ციხისთავის ხმა.

ბიჭი კარში შევიდა. ციხისთავმა მხარზე ხელი მოსდო, ცოტაზე ასე წაჰყვა და მერე გვერდზე გადგა.

რაღაცისათვის ტახტისკენ დახრილი მოხუცი მეფე ბიჭისკენ შემობრუნდა, ნელ-ნელა აიწია, გასწორდა, ბიჭმა სახეში შეხედა, ფეხი აერია, ჩაიჩოქა და ასე, მუხლებზე ჩაჩოქილი, აცრემლებული წავიდა მეფისკენ. მეფე შეწუხდა, თვითონ წამოვიდა ბიჭისკენ, მხრებში ხელები მოჰკიდა, წამოაყენა. ბიჭი ცდილობდა, მაგრამ ტირილი ვერ შეეკავებინა. მეფემაც რამდენჯერმე უმწეოდ დაახამხამა თვალები, მაგრამ ეს თვალები მიჩვეულნი იყვნენ მსგავს სანახაობებს და სწრაფადვე დაიბრუნეს სიმტკიცე.

_ დამშვიდდი, ნურაფრისა გეშინია, შვილო, _ თქვა მეფემ წყნარი, ბზარგარეული ხმით.

_ მე არაფრისა მეშინია, მეფევ.

_ აბა, რა გიჭირს, რამ შეგაწუხა, შვილო?

_ თათრები არ უნდა მოგვრეოდნენ, დიდო მეფევ, თათრები ჩვენი მომრევები არ არიან!

მოხუცმა მეფემ შუბლზე ხელის ზურგი აისვა, თითქოს ჩამოწეწილი თმა აიწია მაღლა.

_ მდიდრები გღალატობენ, მეფევ! _ ბიჭმა ღონივრად შეკუმშული ხორკლიანი მჯიღი ნიკაპთან მიიტანა, _ მდიდრებს რატომ ენდობი, დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამეები რჩება. გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად დასდებს! ომში ჩვენ უნდა წაგვიყვანო, ობლები, უქონლები, ულამაზოები, გაჭირვებაში გამოჩეჩქვილები. ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ, ვინ რას უნდა მოვუფრთხილდეთ! აბა, შემომხედე, სხვებიც ჩემნაირები არიან, ქვიდან გამოტეხილი ქაჯები და ეშმაკები! ჩვენ ჭრილობები ვერ დაგვამახინჯებს, პირიქით, მოგვიხდება კიდეც. გაგვიძეხი, მეფევ, ჩვენ გაგვიძეხი! ასამდე ობოლს, ქვრივ-ოხრის შვილს, კომბლიანებს, მე გამოვიყვან მარტო! გაგვიძეხი, მეფევ, და შენი თვალით ნახავ, ჩვენი მომრევი არავინ არის ქვეყანაზე. შვიდი კომბლიანი აქვე მიცდის, ციხის ძირში.

მეფემ ერთხელ კიდევ აისვა შუბლზე ხელი და ტახტზე დაჯდა. ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია, ხელი ახლა მუხლზე ედო, მოიჭერდა მუხლზე და გაშლიდა, მოიჭერდა და გაშლიდა...

_ შეგიძლია, ისინიც მოიყვანო?

_ კომბლებიანად?

_ კომბლებიანად.

_ ეხლავე.

ბიჭი მიბრუნდა და ჯიქური ნაბიჯით წავიდა, მაგრამ უცებ შედგა და აბნეულმა მიმოიხედა. თურმე კარს ასცდენოდა. ბედად ციხისთავმა მოუსწრო, _ აქეთ, მზევარის ბიჭოო, _ და წინ წაუძღვა.

 

*

არ გასულა ნახევარი საათი და, ციხისთავი და მზევარის ბიჭი კუშტად გამომზირალ, აჯაგრულ, აფხორილ კომბლებიან ბიჭებს შემოუძღვნენ დარბაზში. ახლა მზევარის ბიჭსაც გატუსული, ბევრი ხმარებისაგან გაპრიალებული, ვეებათავიანი შვინდის კომბალი ეჭირა. ციხისთავმა ამჯერადაც გვერდზე გაიწია და ბიჭებს ანიშნა, აქ გაჩერდითო. ბიჭები შეჯგუფდნენ, ერთმანეთისკენ მიიწიეს, ერთმანეთის ზურგებს ამოეფარნენ და კომბლები მორიდებით ჩაიყუდეს შიშველ, გაუხეშებულ ფეხებს შორის.

მეფე წამოვიდა, ნელი ნაბიჯით მოახლოვდა და მზევარის ბიჭს ღიმილით ჰკითხა:

_ ესენი არიან შენი ულამაზოები?

_ ესენი, დიდო მეფევ. ამ კომბლებით, ვისაც გინდათ, იმას გაუმკლავდებიან.

ბიჭები უარესად დაიკოხნენ, შეტოკდნენ და ქვეშ-ქვეშ გამოიხედეს მეფისკენ. მეფემ ყველა ბიჭს ხელი ჩამოართვა, ცოტა უკან დაიწია, უყურა, უყურა და გულში გამდნარ ტყვიასავით ჩაეღვენთა: „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები...“ ხმამაღლა კი ეს თქვა მშვიდად, დაყვავებით:

_ სულ მალე დაგიძახებთ, ბიჭებო. მაჰმადიანს ერთიანად უნდა ვაზღვევინოთ ჩვენი სისხლი. ახლა მდივანი ჩაგწერთ და თქვენ-თქვენს სახლებში წადით. როცა საჭირო იქნება, დაგიძახებთ, როცა დრო დადგება, მაშინვე დაგიძახებთ.

_ ოღონდ, მდიდრების გვერდით არ დავდგებით! _ წამოიძახა მზევარის ბიჭმა.

_ არა, თქვენი რაზმი ცალკე იდგება! _ მეფემ ხელი მაღლა ასწია.

ციხისთავი წინ წამოვიდა და ბიჭებს ანიშნა, წასვლის დროაო. მზევარის ბიჭმა მისი მკლავის ზემოდან ერთხელ კიდევ დაუძახა მეფეს:

_ ჩვენ-ჩვენი კომბლებით უნდა წამოვიდეთ.

_ თქვენ-თქვენი კომბლებით, რა თქმა უნდა, _ მიუგო მეფემ.

 

*

გაიარეს გადახრილი მზით განათებული ციხის ეზო, გვერდზე გაიყოლეს გრძელ-გრძელი ჩრდილები და მერე ნელ-ნელა ჩავიდნენ ბნელ ლაბირინთში, თითქოს სამუდამოდ ჩაეფარნენ მიწას.

ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე ვეებათავიან კომბალზე დაყრდნობილი მთლად გადათეთრებული უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთამვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა, _ არა, დამძახებელი არა ვარ, მზევარის ბიჭოო, _ და თავჩაღუნული, სევდაშემოწოლილი განაგრძობდა გზას.

მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ეკიდა _ გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.

-fonH�ჩასაკოკლოზინებლადო, მხოლოდ, ეს უნდა გაირეცხოსო. ავკრიფეთ იმ ქაღალდში, პაპას რომ ყველი და პური ჰქონდა გახვეული, ჩავიტანეთ წყალზე, გავრეცხეთ და რომ დავიგემოვნეთ, აღტაცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს. პაპამ თქვა, _ აბაო, თრთვილდადებულ შვინდზე გემრიელი არაფერია ქვეყანაზეო. მართლაც! მართლაც!

 

ზღმარტლის კრეფა სულ ადვილი იყო, დავკრიფეთ, კალათა პირამდე გავავსეთ, ამასობაში მზეც საშუადღეოს გადასცილდა, ჩავიბარგეთ ტაჭკაში და წამოვედით მხიარულად. პაპა სულ ღიღინებდა.

მიწა ვარ ნიადაგ მენა,

მიწაა ჩემი მშობელიო...

 

ხან ღიღინებდა, ხან ჩვენ გვარიგებდა: შენაო, ქვეყნისთვალოო, უნდა ილოცო ხოლმეო, დასწვე, დაიხარო მიწისკენ, უნდა თქვა, _ ღმერთო, ჩემი კეთილი მიწა მიცოცხლე-თქო, ასდგე, გასწორდე და, მაშინაც ამას უნდა ეხვეწებოდე უფალსო. შენ კიდევაო, ბერდო, მე უკვე ვბერდები, ახლა შენ უნდა გამოიბა ცხრა თვალი და ცხრა ყური, ავმა კაცმა არაფერი გააფუჭოს შენს ირგვლივო.

ბერდო წამოხტა, ხელები ასწია, რაღაცა უნდა დაეძახა, ტაჭკა ჩაზლაყუნდა და ბერდო თივაში ჩაეცა საჯდომით.

პაპა სულაც არ არის ბებერი, აგვისტოს ოცდარვაში, მარიამობას, ორმოცდათვრამეტი წლისა გახდა.

ახლა რა არის საოცარი! საოცარი ის არის, რომ ბოლო ხანებში თითქმის ყოველღამე მეღვიძებოდა და მერე მიძნელდებოდა დაძინება. მე ახლაც მეღვიძება ნაშუაღამევს, მაგრამ დავხუჭავ თვალებს, თვალებდახუჭული წარმოვიდგენ: ფანჯრის რაფაზე ტყის თხილია გაფენილი, ქვაბში გემრიელი ზღმარტლი ყრია და ის ქვაბი ჩემი საწოლის ქვეშ არის შედგმული. ჩახრიალების ზემოთ, ნასიმინდრების იქით, დიდი მაჟალო დგას, იქვე ტრაქტორით მოთრეული ხმელი წიფელი გდია, ხავსებში და ფესვებში მომწვანო წყალი მილიკლიკებს, ჩრდილიან ფერდობებში, ყვითელ ფოთლებზე, თეთრი ჭირხლი დევს, ხეების კენწეროებთან ნათელი მზე ანთია, _ ამოვიწყობ ხელებს ბალიშის ქვეშ, ვიტყვი: _ ღმერთო, ჩემი კეთილი მიწა მიცოცხლე, _ და მაშინვე ჩამეძინება ტკბილად.

ბერდოს ხომ სულ ტკბილად სძინავს.