დღიური:
1956 წ.
30 ნოემბერი
ანეტამ საბანი გადაიხადა.
კოტემ კარი გამოაღო.
შუშაბანდიდან ოდნავ შემოვიდა სიგრილე.
- ცხვირსახოცები ხომ არ დავიწყებია? - ხრიალითა თქვა ანეტამ და თვალები მილულა, მერე ექთანმა ნემსი გაუკეთა.
- ამაღამ არაფერი უჭირს, - თქვა მან, - დილაზე ისევ ამოვალ.
- საცაა, გათენდება. - კოტემ საათს დახედა.
- ვახტანგ, - ანეტამ საწოლის თავთან მჯდარ ვაჟს მაჯაზე ხელი მოჰკიდა.
- რა, დედა? - ვახტანგმა შუბლზე აკოცა.
- შვილო, ცხვირსახოცები ხომ არ დაგვიწყებია.
- არა, დედა.
- ხო იცი, ბიჭო, ეციება იქ, თბილი ქუდიც ჩადე. - ანეტამ ისევ მილულა თვალები.
ვახტანგი ხშირად დადიოდა მივლინებაში. შინ დარჩენილი დედა შიშით ელოდა მის ჩამოსვლას. ავადმყოფს ეგონა, შვილი ვერ ჩამომისწრებსო. ახლაც, ცუდის მოლოდინში, არ უნდოდა უვაჟოდ დარჩენა. გული მისდიოდა.
ისევ გააღვიძეს ექთანი. ქაფურის ახალმა ნემსმა მოაბრუნა. “ნეტა არ წავიდეს, ახლა კი ვეღარ მომისწრებს”, ფიქრობდა დედა, მერე თვალები გააღო და ჩიფჩიფითა თქვა:
- შვილო, კალოშებიც წაიღე, ლაფი იცის იქით.
ისევ გაჩუმდა. ახლა იწვა და ფიქრობდა ცხვირსახოცებზე, რძლის დაუთოებული თავისი თვალით დაინახა, მხოლოდ ახლაღა მოაგონდა, რომ თითქოს ერთი ცოტა დაჭმუჭნული იყო.
- ვახტანგ, ცხვირსახოცები ხო არ დაკუჭულა ჩაწყობისას, - ისე ჩუმად თქვა, რომ ვერავინ გაიგო. ვაჟმა მხოლოდ თავი დაუქნია და გაუღიმა. დედას ახლა ჰალსტუხები მოაგონდა. “ტყუილა არ მიაქვს წითელწინწკლებიანი, კოტემ რო ჩამოუტანა რუსეთიდან”, გაუელვა თავში. შემდეგ პერანგებზე გადაიტანა ფიქრი, წუხდა გულში, რომ საყელოები თვითონ ვერ დაუუთოვა. ხელი ისევ მოჰკიდა მის მაჯას. შვილი დაიხარა.
- ვახტანგ, - მხოლოდ ტუჩებსღა ამოძრავებდა ავადმყოფი, - ვახტანგ, იქ თეთრი პერანგი ჩაიცვი და შავი ჰალსტუხი გაიკეთე, თეთრწინწკლებიანი.
- კარგი, დედა. - თქვა ვაჟმა.
“ნეტა არ წავიდეს, ნეტა, ვეღარ ჩამომისწრებს”, ფიქრობდა დედა.
- არ წავალ, დედა. - მოესმა ბურანში, მერე თვალების გახელა სცადა.
- წყნარად იწექი, მე ვრჩები, უკვე დავურეკე სალაროში. - მოესმა ისევ.
- წადი, არ დარჩე, იცოდე, მე კარგად ვიქნები. - ძლივს დაიმორჩილა ხმა. მერე სისუსტე იგრძნო. იგრძნო, რომ მართლა ცუდად იყო. “ვახტანგი არასოდეს დარჩენილა ჩემი გულისთვის, რაც ავად ვარ, ალბათ, ახლა...” კიდევ უფრო დასუსტდა. ფიქრებს თავს ვეღარ უბამდა. ბურუსში გაეხვია.
ჩაეძინა.
- ძლივს, - თქვა კოტემ.
- ჰო, ჩაეძინა. - დაადასტურა ვახტანგმა.
- ეძინოს. - ისევ თქვა კოტემ, მერე საწოლის თავს ხელი მოჰკიდა და ნელა წამოდგა. ვახტანგი მეორე ოთახში გავიდა დასაძინებლად. ოდნავ, სულ ოდნავ ინათა, როცა ავადმყოფს გამოეღვიძა. მწოლიარეს სუნთქვა ეკვროდა. ძლივს წამოიწია, მაგრამ უღონოდ დაეშვა ისევე. “კიდე კარგი, ვახტანგი დარჩა”, გაიფიქრა და გული შეუღონდა. თავისით მოვიდა გონს. წამოიწია, როგორც იყო, წამოჯდა. თვალებს ვერ ახელდა. “კიდე კარგი, ვახტანგი დარჩა. ვახტანგი”, - უხმოდა თქვა, ბოლო ძალა მოიკრიბა და ამოიძახა:
- კოტე, კოტე...
მეუღლე უცებ წამოხტა.
ანეტა ესვენა დიდ საწოლზე და თავი გვერდზე ჰქონდა მოქცეული. მთელმა ოჯახმა გაიღვიძა.
- კიდე კარგი, არ წავედი, - ნაწყვეტ-ნაწყვეტადა თქვა ვახტანგმა და ქვითინი განაგრძო.
- აბა, კიდე კარგი, კიდე კარგი, - კოტემ თავში წაიშინა დასუსტებული ხელები.
თენდებოდა.
გათენდა.
ამოვიდა მზე.
მიდიოდა დღე.
მოდიოდა ხალხი:
- ვახტანგი ხო არ წასულა? - იკითხა ნათელამ.
- არა, არა, - კოტემ სლუკუნი განაგრძო.
- კიდე კარგი, - ნათელამ ცრემლები ცხვირსახოცით შეიმშრალა.
- ლეო, - განაგრძო მანვე, - გაიგე, თურმე ვახტანგს დღეისთვის ჰქონია ბილეთი.
- მერე?
- გულმა უგრძნო და არ წავიდა.
- კიდე კარგი, კიდე კარგი, - ლეომ მიცვალებულის ფეხებთან ყვავილი გაასწორა.
- აბა, აბა, - ნათელამ დასპირტული ნაჭერი დააფარა ცხედარს სახეზე.
წელი 1956. ნოემბრის 28.
შენიშვნები
არსებობს ამ მოთხრობის შავი (1+1-2+1-7გვ.) და თეთრი (1-2+1-5გვ.) ავტოგრაფი. ორივე დასათაურებულია და დათარიღებული. შავი თავფურცლის ქვედა ნახევარზე თავდაპირველი სათაური: „დეიდა კოკონა” გადაშლილია. (კოკონა მესხი იყო გურამის დედის მამიდაშვილი, ექიმ-გინეკოლოგი, მთელი ნათესაობისა და საერთოდაც, ყველა გაჭირვებული ადამიანის დამხმარე. ძალიან უყვარდა გურამი. დაუზარებლად უსრულებდა ყველა თხოვნას.) ქვემოთ წერია სხვა სათაური: „კიდე კარგი...” პირველ ორ გვერდზე წერია შესავალი დღიური თარიღით: „დღიური: 1956 წ. 38 ნოემბერი”. ტექსტი რამდენიმე ადგილას ნასწორებია ყავისფერი ფანქრით. აღნიშნულია დამატებითი აბზაცები. ბოლოს უზის თარიღი.
თეთრი ავტოგრაფის თავფურცლის მთელ გვერდზე წერია სათაური, თარიღი და დღიური თავისი თარიღით. ტექსტში გვერდების ნუმერაცია იწყება თავიდან. ბოლოს უზის თარიღი (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში „სად გაექცევი ზამთრის ღამეს”.