Litclub.ge

კიდევ ჩრდილო კავკასიაში ყვებოდნენ
გაზაფხულის დასაწყისში ლერმონტოვის ქუჩის თავში, სადაც სითბოებთან ერთად იფურჩქნებიან სურნელოვანი იასამნები და ფანჯრის გაღებისთანავე ავსებენ თავიანთი არომატით ოთახს, დასახლდა მოსკოვიდან ჩამოსული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქმარი იყო ლეიტენანტის ჩინით, ლამაზი, არისტოკრატული გარეგნობის ვაჟკაცი. ქუჩის მოხუცი ჭორიკანა ქალები განგებ სხდებოდნენ ქუჩაში დადგმულ გრძელ სკამზე, რომ ეყურებინათ ამ წყვილისათვის და დაუსრულებლივ ექოთ. ჯერ ამბობდნენ, რომ ქმარი გაცილებით სჯობია, შემდეგ მთელი კომპლიმენტები ცოლზე გადავიდა, ყველა აღტაცებული იყო მისი ცისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით, ხოლო მოძრავი ათქვირებული სხეული დედაკაცებსაც კი უკარგავდა გონებას. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ასეთი შესაფერი და მშვენიერი წყვილი პიატიგორსკში არასოდეს არა ყოფილა.
ქმარი დილით ადრე მიდიოდა სამსახურში, გამოწყობილი სამხედრო ფორმაში, ხოლო ცოლი ეალერსებოდა იასამნებს და შუადღის მოწყენილობის დროს მარტივი აკომპანემენტით უკრავდა გიტარაზე.
პირველად მეზობლებმა მრავალრიცხოვანი ჭორაობის დროს გადაწყვიტეს, რომ ამ სამაგალითოდ შესაფერი გარეგნობის ცოლ-ქმარი ერთმანეთს არასოდეს უღალატებდა; შემდეგ ისინი, ახლო გაცნობისას, ძალაუნებურად დააშორეს ერთმანეთს და იმაზე მსჯელობდნენ, ღალატის შემთხვევაში, პირველი დამნაშავე რომელი იქნებოდა. რადგან ცოლი სულ სახლში იჯდა, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, რასაკვირველია, ქმარს, რომელიც ხშირად დადიოდა მივლინებებში, მაგრამ მისი ამაყი, შეკრული სახის დანახვამ ყველა დაარწმუნა, რომ ის არცთუ ისე ადვილად ჩაიდენდა ამას. ნელ-ნელა ცოლის მოუსვენარმა სხეულმა ყველანი ჩააგდო საგონებელში. ჯერ იცოდებდნენ, რადგან მეუღლე მას ხშირად მარტოს სტოვებდა, მერე გაჩნდნენ ბოროტი ენები, რომლებიც ასე ხშირად ახალგაზრდა ქალის მარტო ყოფნას ეჭვით უცქერდნენ. ნელ-ნელა დაიშალა მეზობლების თვალში ის ჰარმონია, რასაც ამ ახალგაზრდა, უნაკლო ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ხედავდნენ. ახლა ისინი მათ უკვე ისე უყურებდნენ, როგორც ორ სხვადასხვა ადამიანს. შეუცვლელი რჩებოდა მხოლოდ აღტაცება მათი სილამაზით, რომლის შევსება უკვე აღარ შეიძლებოდა ზედმეტად აღარაფრით. ამდენი ქება ცოლ-ქმრისა ერთად ყველას მოსწყინდა, ამიტომ დაიწყეს მათი ცალ-ცალკე ქება. უსაქმურთა პარტია ორად გაიყო: დაიწყო მსჯელობა მათთვის თითქმის უცნობი ხალხის სულიერი ღირსებების შესახებ. ერთნი, რაც შეიძლება აქებდნენ ქმარს, მეორენი ცოლს და ყველანი ერთად სულმოუთქმელად ელოდნენ იმათ აუღელვებელ ცხოვრებაში რამე დრამატული ელემენტის შეჭრას, რომელიც სწორედ მათი სრულყოფის წყალობით უეჭველად უნდა წარმოშობილიყო.
ჭორიკანა მეზობლების დასკვნები, ლაპარაკი თითქმის სრულყოფილად გამოხატავდა თვითონ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შინაგან, მათ მიერ გაუცნობიერებელ ვნებებს.
მთლიანად გაიფურჩქნენ იასამნები, ახლად გადაღებული წვიმის წვეთები ისე ეკიდნენ მათ ყვავილებზე, როგორც ქალიშვილობის დაკარგვისას კიდიან ხოლმე ცრემლები გოგონას ღაწვზე _ გაკვირვებულად, ლამაზად, სევდიანად.
ერთ დღეს დაღლილი, წვიმისაგან დასველებული ქმარი გვიან ღამე ბრუნდებოდა მეცადინეობიდან, რომელიც განზრახულზე რამდენიმე დღით ადრე დამთავრდა. მისი ოთახის ყოველთვის ღია ფანჯრები რატომღაც მაგრად დაუხვდა დახურული და ზედ ჩამოფარებული ჰქონდა ცოლის საწოლის ხალებიანი გადასაფარებელი. თითქოს გაუგებარი და დიდი ხნის წინ ნაგრძნობი სიბრაზენარევი დარდი შემოაწვა საფეთქლებზე: `ასეთ ამინდში ფანჯრები რატომ დაკეტა?~ გაიფიქრა და დაუკაკუნებლად, პირდაპირ შევიდა ღიად დარჩენილ კარებში, სწრაფად გავიდა მეორე ოთახში და სინათლე აანთო.
მისმა მეუღლემ ძლივს მოასწრო საბანი დაეფარებინა უცხო, შიშველი კაცისათვის. ვიწრო საფარველი ორივეს არ ეყო. ქალი ალეწილი, ათქვირებული სხეულით, მხრებზე დაყრილი წაბლისფერი თმებით, ქორივით გამომწვევად უყურებდა ქმარს, უადგილო სინანულის ნატამალიც კი არ ეტყობოდა მის სახეს, ამან ვაჟკაცობა შემატა მის ქმარს.
– გამარჯობათ, – თქვა მან წყნარად.
– ვერ ხედავ, ჩვენ შიშვლები ვართ, – გამომწვევად ისროლა ცოლმა.
– ვხედავ, – უფრო დაწყნარდა ქმარი, – სანამ თქვენ ჩაიცვამთ, მე გავალ, საუზმეს მოვამზადებ და არაყს გავხსნი. ძალიან დავიღალე და მშია.
ქმარი სასადილო ოთახში გამოვიდა, აანთო ნათურა, მოწვა ქონში ერბოკვერცხი, გახსნა არაყი, გახსნა კონსერვი, გაშალა სუფრა სამი კაცისთვის და აუღელვებლად, ხმამაღლა იკითხა:
– ჩაიცვით?
– ჰო, – მოისმა ქალის ხმა.
– საუზმე მზად არის, გამოდით.
ცოლი უცნაურად, გიჟურად დამშვენებული, მკაცრად შეკრული კაბით გამოვიდა და ხელჩაკიდებული გამოიყვანა შავგვრემანი, მოძრავთვალებიანი შეშინებული კაცი.
– დაბრძანდით, – მიუთითა ქმარმა გაშლილ სუფრაზე. ცოლი დაჯდა, კაცი ძალაუნებურად, სულ დაკარგული შიშისგან, დაემორჩილა მის მიპატიჟებას.
ქმარმა ჯერ ცოლს მიართვა ტაფამწვარი, მერე სტუმარს, შემდეგ თვითონ გადაიღო და მადიანად შეექცა. ცოლმა, რომელიც ძლივს იჭერდა თავის თავს, ისიც მხოლოდ სიუხეშის წყალობით, მის მაგალითს მიბაძა. უცხომ აკანკალებული ხელით წაიკიკნა ერბოკვერცხი და სკამის ზურგს მიეყუდა.
– მიირთვით, მიირთვით, – გაუღიმა მისი შეყვარებულის ქმარმა, იმდენი ხიფათი ამოიკითხა უცხომ ამ ზრდილობაში, რომ სწრაფად დაიწყო ჭამა, თითქოს ამით წყდებოდა მისი ბედი.
მერე დაიწყეს არყის სმა. ქმარმა ჯერ მეუღლე დალოცა, მერე `სტუმარი~, შემდეგ თვითონ დალია თავისი სადღეგრძელო, როცა არაყი გათავდა, ის ფეხზე წამოდგა. ძალაუნებურად წამოდგნენ ისინიც. `სტუმარი~ ადამიანს აღარა ჰგავდა. შავი თვალები სულ დაეკარგა სიღრმეში და რაღაცა ღიმილის მსგავსის გაკეთება სცადა, მერე კარებისკენ გაიხედა.
– გეჩქარებათ? – იკითხა ქმარმა.
– არა, ხო, იცით, – ალუღლუღდა სტუმარი.
– გთხოვთ, იქით ოთახში, მე აქეთ გავიშლი ჩემთვის, – თქვა მან.
"სტუმარი" სულ აკანკალდა.
– გთხოვთ, – გაიმეორა ქმარმა, – გააცილე იქით ოთახში. მე აქ ვიძინებ. – მიმართა თავის მეუღლეს.
ქალი არ კარგავდა ვაჟკაცობას, მოჰკიდა ხელი იმას და იქით ოთახში გაიყვანა. ქმარი შევიდა, მეორე ნიკელის საწოლი გამოიტანა აქეთ, ისე რომ იქით მხოლოდ ერთი დარჩა, მერე დაკეტა კარები, ჩაწვა საწოლში და ღამე ნებისა უსურვა იქით დარჩენილებს.
ცოლმა გაიხადა და დაწვა. მისი შეყვარებული საწოლის ფეხებთან მოიკუნტა და ცახცახში გაათენა მთელი ღამე. დილაზე თითქოს ჩათვლიმა. ცოლმა გაიგო, როგორ წავიდა მისი ქმარი ისე, რომ არც შემოუხედავს, მან ჩაიცვა, `სტუმარი~ კარებამდე მიაცილა და სრული გაუგებრობის ნიშნად მხრები აიჩეჩა. შეყვარებული უცებ გაქრა ოდნავ გამოღებულ კარებში.
არაფერი არ შეცვლილა გარეგნულად ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ქმარს აღარც გაუხსენებია გაკვრითაც კი ეს ამბავი, ოღონდ ცოლი, რომელსაც პირველს არ შეეძლო ლაპარაკის დაწყება, შინაგანად უცებ მოტყდა, მხოლოდ სახე შერჩა ისეთივე ამაყი. დრამატული მომენტი ვერ დაიჭირეს მეზობლებმა, ოღონდ, ყველამ ერთხმად, რატომღაც აღიარა, რომ ქმარი, აშკარად, სჯობდა. ალბათ, ეს გამოიწვია ხელოვნურად, ზედმეტად ამაყი სახის მიღებამ ცოლისგან, განსაკუთებით, როცა ვინმე უცხოს ესალმებოდა და ისე მოდიოდა ქუჩაში. ჭორაობდნენ გაუთავებლივ, საიდანღაც წარმოიშვა ფრაზები, რომ ქორწინების შემდეგ ქალი გაცილებით უფრო ძლიერი ხდება, ვიდრე ქმარი და, თუ მოუნდა, ყველაფერს გააკეთებს, თანაც ისე, რომ კაცს ხმასაც კი არ ამოაღებინებს.
გაიარა ორმა კვირამ.
იასამნებმა ამოწურეს თავიანთი სიმშვენიერე და, სულ მთლად გაფურჩქნილები, ოდნავ გაცრეცილი იყურებოდნენ ბაღებიდან. ნელ-ნელა სხვა უფრო ცხოველი და ახალი სალაპარაკო გაუჩნდათ ქუჩის ქალებს და სამხედრო, თავისი მეუღლით, თითქოს მიავიწყდათ.
ქუჩაში ისევ წინწკლავდა, როდესაც ქმარი, ვნებით სავსე 28-30 წლის ქალის თანხლებით, მოვიდა სახლში. მან დააკაკუნა, კარი მეუღლემ გაუღო, რომელიც რაღაცას კერავდა, მის სახეს უცხო ქალის დანახვისთანავე უცებ ეცა ალმური, ოღონდ ისევ აიყვანა თავი ხელში და ოთახში შეუძღვა. ვახშამი მზად იყო და სუფრა გაშლილი ორი კაცისთვის. ქმარმა აუღელვებლად შეხედა მეუღლეს; ცოლმა უცხო ქალს საწვიმარი ჩამოართვა, მერე მესამე თეფში გამოიღო. სამივენი მიუსხდნენ მაგიდას.
– არაყს ხომ არ მიირთმევთ? _ იკითხა სამხედრომ და მოყვანილ ქალს გაუღიმა.
– სიამოვნებით, – მხრების რხევით თქვა მან.
ქმარმა ცოლს შეხედა.
ცოლი წამოდგა, არაყი გამოიღო კარადიდან, გახსნა და თავისი ხელით დაუსხა ორივეს, დაისხა თავისთვისაც. ლაპარაკი მიდიოდა მშვენიერი, გრილი ამინდების შესახებ, როდესაც ბოთლი გამოცალეს, ქმარმა ხელსახოცით მოიწმინდა ტუჩები და ცოლს მიმართა.
– თუ შეიძლება, საწოლი გაგვიშალე იქით ოთახში. -_ ქალი გავიდა გასაშლელად, მერე ქმარს დაუძახა და სთხოვა მეორე ნიკელის მაღალთავა საწოლის გამოტანაში დახმარებოდა; კაცი მიეხმარა, ღამე ნებისა უსურვა მეუღლეს და თავის მოყვანილ ქალთან ერთად, რომელიც მშვენივრად გრძნობდა ასეთ ატმოსფეროში თავს და ვნებით ამოძრავებდა სხეულს, იქით ოთახში გავიდა. იქით ოთახიდან ისმოდა ტანისამოსის გახდის ხმა და ჩურჩული, მერე აჭრიალდა საწოლი.
აქეთ ოთახში დარჩენილმა ცოლმა, რომელსაც გაუგანივრდა თვალის გუგები, თავისდაუნებურად ყურებზე აიფარა ხელი, მერე გიტარა ჩამოიღო და დაკვრა დაიწყო, აკორდების შუა იქით ოთახიდან ისმოდა საწოლის ჭრიალი, ცოლმა მოუმატა რიტმს.
გაბმულად უკრავდნენ მისი თითები წყნარ და უცებ მოვარდნილ რუსულ რომანსებს, უკრავდნენ ჩქარა, წყნარად, ნერვიულად, ოღონდ შეუწყვეტლივ… და უცებ, მისი ოთახიდან მოისმა კივილი, გიტარა ჟღრიალით დაეცა იატაკზე და გაჩუმდა.
წინათგრძნობით შეპყრობილი ქმარი წამოხტა და შიშველი გამოვარდა აქეთ ოთახში.
ნიკელის საწოლის თავზე ფეხებმოკუნტული, ხალებიან პირსახოცზე ეკიდა თავჩამომხრჩვალი მისი მეუღლე;
ქმარმა ხელის კვრით გააღო ჩაბურული ფანჯარა, საიდანაც შემოიჭრა წვიმის წვეთების რიტმული ხმა და იასამნების სუსტი არომატი.

[1959 წელი, ზაფხული]


შენიშვნები

1959 წელს გურამმა გადაწყვიტა არქეოლოგიაში მუშაობა. მახსოვს, თქვა: შუა საუკუნეები მაინტერესებსო. ის აპირებდა მწერლობა შეეთავსებინა ისტორიკოსობასთან. საქართველოს ისტორიის მუზეუმს არა ჰქონდა თავისუფალი საშტატო ერთეული. საქმის მოგვარებას დაგვპირდა სერგო დურმიშიძე (აკადემიკოსი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ოჯახის ახლობელი, იმ დროს ჩვენი მეზობელი _ მ.რჩ.). ძია სერგოს ძალიან უყვარდა გურამი და აფასებდა კიდეც მის ნიჭს, რითაც ჩემი ძმა მაშინ უფროსების მხრივ არც ისე განებივრებული იყო (სერგო დურმიშიძის მოგონებები გურამზე იხ. წიგნში: "ზოგი რამ წარსულიდან", 1987). ძია სერგომ გურამს გამოუყო უმცროსი მეცნიერ-მუშაკის ერთი შტატი. მუშაობის დაწყების პირველივე დღეს გაირკვა, რომ სამი წლის განმავლობაში მუზეუმში სტაჟიორად, შტატის მოლოდინში, მუშაობდა გურამის ყოფილი თანაკურსელი მარინა ბულეიშვილი. გურამმა ძია სერგოს სთხოვა, მის სახელზე გამოყოფილი საშტატო ერთეული გადაეცათ მისი ამხანაგისათვის და კატეგორიულად განაცხადა, რომ აღარ აპირებდა მუშაობას. მარინა ბულეიშვილი დააკმაყოფილეს. ცოტა ხანში ძია სერგომ თავიდან, ისევ სპეციალურად გურამისათვის, დააშვებინა კიდევ ერთი შტატი. ასე რომ, ჩემმა ძმამ 1959 წლის 27 მარტს დაიწყო მუზეუმში სიარული. თავი გაანება 1960 წლის 11 ივნისს (არქივში ინახება გურამის განცხადება მუზეუმიდან წამოსვლის თაობაზე) იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლო მწერლობისა და ისტორიკოსობის ერთმანეთთან შეთავსება.
გურამის გარდაცვალების შემდეგ, 1960 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ისტორიის მუზეუმის თანამშრომელმა (მე მგონი, ეს იყო გურამის ახლო მეგობარი მარიკა საყვარელიძე) გადმოგვცა ერთი საერთო რვეული (ვფიქრობ, ეს რვეული ბალტიისპირეთში უნდა იყოს გამოცემული, გურამს, ალბათ, ოდესიდან ჩამოჰყვა) და კალმისტარი. როგორც ჩანს, გადმოცემისთანავე რვეულის ყდაზე მამაჩემმა დაწერა მასში მოთავსებული მოთხრობების სია: "1. კიდევ ჩრდილო კავკასიაში ყვებოდნენ; 2. უსათაურო ("ვიდექი ბარის შუაში…"); 3. უსათაურო, ხევსურთა ცხოვრებიდან.” მოთხრობების სიის ქვემოთ ჩემი ხელით დიდი ასოებით წერია: "მუზეუმიდან" და "გადასაბეჭდია". ამავე რვეულში იდო პატარა, მაგარ ფურცლებზე გაკეთებული ჩანაწერები დაუმთავრებელი ნაწარმოებისათვის "საიდან მოვდივარ...", აგრეთვე, ასეთსავე ფურცელზე ჩაწერილი ფრაზა ბიბლიიდან (იხ. შენიშვნა ამ ნაწარმოებისათვის).
არქივის კვლევისას დათარიღებისათვის შემუშავებული ზოგადი კრიტერიუმის თანახმად, სამივე ეს ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს მუზეუმში 1959 წლის ზაფხულში, აგვისტოს თვეში. გურამმა, როგორც ჩანს, შეასრულა მამას თხოვნა (იხ. შენიშვნები წინა ავტოგრაფებისათვის) და განაახლა მუზეუმში სიარული. "კიდევ ჩრდილო კავკასიაში ყვებოდნენ" პირველი მოთხრობაა ამ საერთო რვეულში. არსებობს ამ ნაწარმოების მხოლოდ შავი დასათაურებული და უთარიღო ავტოგრაფი . მოთხრობა ნაწერია მყარი, გაკრული ხელით. ხელნაწერი მწერლის მიერ არ არის გასწორებული. ვფიქრობ, სხვა ნაწარმოებების მსგავსად, ისიც ერთი ამოსუნთქვით უნდა იყოს დაწერილი.
პირველად გამოქვეყნდა 1985 წლის კრებულში: "სად გაექცევი ზამთრის ღამეს."