Litclub.ge

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?

თავადი ვიტგენშტეინი, რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი, სამეგრელოს მთავართა უმშვენიერესი შთამომავლის პაშა დადიანის ვაჟიშვილი, თბილისიდან პეტერბურგს მიემგზავრებოდა მატარებლით. ამ, ჯერაც ისევ ახალგაზრდა კაცს, ლეიბ-გვარდიის პოლკოვნიკს, ბავშვობა დედულეთში ჰქონდა გატარებული. მოსწავლეობის წლებშიც, არდადეგებზე, ჩამოდიოდა ხოლმე სამეგრელოში. იცოდა მეგრული, ცოტა ქართულიც. აღმერთებდა დედას, უყვარდა ქართველი ნათესავები, მათთან, ნათესავებთან, თავი ისე ეჭირა, როგორც ზრდილ მეგრელ ყმაწვილს შეჰფერის (გამოცდილი თვალი მაინც შეამჩნევდა გერმანულ პედანტიზმს), გაწაფული იყო ნახევრად ველური ჯოგის ცხენების ჭენებაში, ცხენიდან სროლაში, ტახებზე ნადირობაში, იცვამდა ჩოხას, ქართულ უძირო წაღებს, იხურავდა მეგრულ ფაფანაკსაც კი.

ახლაც, მატარებელში, ასე ეცვა _ მწიფე შინდისფერი, თეთრქილებიანი ჩერქეზული ჩოხა, პირისფერი ახალუხი, მუხლქვემოთ სადა, ლეკვერთხებშემოჭერილი უძიროები, ეკიდა სპილოს ძვლისტარიანი, თითქოს უბრალო, მაგრამ ნატიფად ნაკეთები ხანჯალი. შესაშურად აღნაგი, წელში ლარივით აჭიმული, თავისი სხეულის საამოდ მფლობელი, ან წიგნს კითხულობდა კუპეში, ან არადა ვაგონის ფანჯარასთან მდგარი, ხელებუკანშემოწყობილი, მშვიდად გაიყურებოდა გარეთ. თვალს მოგტაცებდათ მისი მაღალი კისერი, კავკასიური პატარა, მკვრივი კეფა, ზემოთ წასული წარბები, ოდნავ კეხიანი,  თხელი ცხვირი და თხელივე ტუჩები. სამხრეთულად მზემოკიდებულს, მაინც შერჩენოდა ჩრდილოეთური მოყვითალო სიფითრე. იშვიათად რომ ვინმეთი დაინტერესება შესტყობოდა სახეზე, თუმცა ვერც იმას იტყოდით, ყურადღების გარეშე დაეტოვებინა ვინმე. ძალდაუტანებელი თავაზიანობით გაატარებდა ხოლმე ვაგონში გამვლელებს. მქრქალი ღიმილით უსმენდა გამოლაპარაკების მსურველთ, მორჩილად ხრიდა თავს, მიუგებდა უმთავრესად შეკითხვებზე და, თუ გრძნობდა, რაღაც არ ხდებოდა ისე, როგორც ამას წესი და რიგი მოითხოვდა, ოდნავ გვერდზე გადაჰქონდა მზერა.

მატარებელი დონის როსტოვში გაჩერდა. ვაგონში აჩქროლებული ფაშფაშა ქალი და ასევე ტანსრული გენერალი ამოვიდნენ. გენერლის მიმოხრამ, მისმა მბრძანებლურმა კილომ, რომლითაც ვაგონის გამცილებელს მიმართავდა, ვიტგენშტეინი მიახვედრა, ეს ერთი იმ გენერალთაგანი იყო, ბრძოლაში საამაყო დაურიდებლობა სამოქალაქო ცხოვრებაშიც რომ გადმოჰქონდათ. იყვნენ თამამნი, ხმაურიანნი, ყველაფრის მცოდნენი, ყოვლისშემძლენი და თანაც, თითქოს კეთილნი. გენერალიც მაშინვე მიხვდა, რა დამღის ღვთის შვილიც იდგა ვიტგენშტეინის სახით მის წინ. აშკარა მისალმებით არა, მაგრამ ღირსების აღიარების ნიშნად მაინც დახარა თავი, ვიტგენშტეინმაც ასევე უპასუხა. გენერლის თანმხლებმა ქალმა, სანამ კუპეში ბარგს შეიტანდნენ მებარგულე და ვაგონის გამცილებელი, რამდენჯერმე გამოაბდღვრიალა ვიტგენშტეინისკენ დიდი, აღმოსავლურად წყლიანი თვალები. მერე გენერალიც და ქალიც შევიდნენ, შეიკეტნენ კუპეში.

ვიტგენშტეინი კმაყოფილი იყო იმ წყვილის განმარტოებით, ვერ იტანდა ძალიან მოძრავთ, ხმაურიანთ _ ვერც კაცებს, მით უფრო სამხედროებს, და ვერც ქალებს, რანაირი მომხიბვლელნიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი. გარეთ ზამთრისპირის ნაღვლიანი დღე ღამდებოდა, თვითონაც ნაღვლიანი იყო, მძიმე ნაღველში გახვეული უნდა დახვედროდა პეტერბურგიც.

მხოლოდ მეორე დილის ათი საათისთვის გამოვიდნენ დერეფანში გენერალი და მისი თანმხლები ქალი, თანაც სწორედ ისე, როგორც პირველი შეხვედრისთანავე წარმოიდგინა ვიტგენშტეინმა. გენერალს აღმოსავლური მძიმე პრიალა ხალათი ეცვა, აღმოსავლურ პრიალა ხალათში იყო გახვეული მისი თანმხლები ქალიც _ ერთ ღამეში საგრძნობლად შეცვლილი, შებერებულიც კი, მაგრამ მაინც კმაყოფილი, კმაყოფილების გამომეტყველებით იხედებოდა ხან ფანჯარაში, ხანაც აქეთ-იქით. ვიტგენშტეინმა კუპეში შესვლა განიზრახა, მაგრამ მერე რაღაც ყმაწვილურმა ჟინმა აიტანა. გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ბოლომდე მართებული იყო თუ არა, მისი შეხედულება ამ წყვილზე.

გენერალი ქალს სასაცილო რაღაცებს ეჩურჩულებოდა, ქალი პირზე ხელს იფარებდა და ხმამაღლა გაცინებისაგან თავს იკავებდა. გენერალი ისევ და ისევ ეჩურჩულებოდა, ქალს უკვე პირზე ხელის აფარებაც აღარ შველოდა, ვაგონის კედელს საფეთქლითაც ეკვროდა. გენერალმა რაღაც გადასაფიჩინებელი თქვა. ქალმა სახეზე ორივე ხელი აიფარა და, ვაგონის კედელზე შუბლმიყრდნობილი, ფხუკუნით ჩაიხარა. ვიტგენშტეინი, რა თქმა უნდა, თვალს არიდებდა, მაგრამ მაინც შეამჩნია, გენერალმა ჩახრილ ქალს უადგილო ადგილას მიუწკაპუნა ხელი. ქალი შეკრთა, გასწორდა. ჯერ ვერ გაბედა, მერე შეშფოთებული მზერა გამოაპარა ვიტგენშტეინისკენ. ვიტგენშტეინი სფინქსივით მშვიდად იდგა, გარეთ იყურებოდა, მხოლოდ ოდნავ მომატებოდა სიფითრე ბაგეებთან. ქალი მაინც სახეარეული შევარდა კუპეში. გენერალი კი, ვითომც არაფერი, ერთ-ხანს ზურგით იყო მიყუდებული ფანჯარასთან, მქირდავი ღიმილით უყურებდა კარმოხურულ კუპეს, მერე ნასვამი კაცის მორბილებული ნაბიჯებით წავიდა დერეფნის ბოლოსაკენ. ვიტგენშტეინიც იქით გაემართა. გენერალმა გაკვირვებით მოხედა. ვიტგენშტეინმა ხმადაბლა უთხრა:

_ უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მეტი თავშეკავებულობა გამოგეჩინათ, გენერალო?

გენერალი შექანდა.

_ ეს როგორ?

_ მე, მამაკაცი, ვიდექი თქვენ გვერდით.

გენერალმა ვიტგენშტეინის თვალებს ვერ გაუძლო.

_ მამაკაცი? _ გაეღიმა დაბნეულს.

ვიტგენშტეინმა მოწყვეტით სტკიცა სილა.

_ პირველსავე სადგურში ჩავალთ და ვესვრით ერთმანეთს.

გენერალმა ლოყაზე ხელი ჩამოისვა და დერეფანს გახედა, დერეფანში არავინ იყო, ენის ბორძიკით თქვა:

_ ის ქალი, იმ ქალის გულისთვის არ ღირს.

_ მე არ ვიცი ეგ.

_ თანაც ნაუმოვი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვსვამ.

_ მით უკეთესი თქვენთვის.

_ მე თქვენ უთუოდ მოგკლავთ.

ვიტგენშტეინმა აღარაფერი უპასუხა. თავისი კუპისკენ წავიდა.

_ რენკონტრ?1 _ იკითხა გენერალმა.

_ რენკონტრ.

გენერალმა საფეთქელთან ასწია ხელი, ვიტგენშტეინი კუპეში შევიდა და კარი მოიხურა.

სადგურის თეთრი შენობის უკან, თოვლის მქრქალად შეფუმფლულ შავ ხეებთან, ვიტგენშტეინმა და გენერალმა პატარა წარწერიანი სავიზიტო ბარათები შეუცვალეს ერთმანეთს. ერთმაც ოცი ნაბიჯი გადათვალა, მეორემაც. ერთმაც დამბაჩა მაღლა ასწია, მეორემაც.

თოვდა.

_ მესროლეთ! _ დაიძახა ვიტგენშტეინმა.

გენერალმა დამბაჩა ნელა დაუშვა ძირს და ისროლა. ხეებზე ყვავები აფათქუნდნენ, აჩხავლდნენ. ვიტგენშტეინი შეტორტმანდა, მარცხენა ხელი მკერდზე მიიკრა, დავარდა, მაგრამ არ წაქცეულა, მუხლებზე დადგა. მუხლებზე მდგარმავე ასწია დამბაჩა. გენერალმა თავი აიღო, თითქოს ცას მიაჩერდა. ვიტშგენშტეინმა ესროლა. გენერალს ქუდი გადაუვარდა. ვიტგენშტეინი იდაყვებით ჩაემხო თოვლში.

_ მოჰკლეს!  მოჰკლეს! _ იძახდნენ ვიღაცები.

ვიტგენშტეინს იღლიებში შეუსხდნენ, სადგურის მოსაცდელ დარბაზში შეიყვანეს. არ დაწვა. საწერკალამი მოითხოვა. შინდისფერ ჩოხაზე თითქმის არ ეტყობოდა სისხლი. მოუტანეს საწერკალამი. თვითონ ამოიღო უბიდან გენერლის სავიზიტო ბარათი, მუხლთან დაიდო, აკანკალებული ხელით დაწერა: „ძვირფასო ნიკ! ყველაფერი წესის ფარგლებში მოხდა. ჩემი უკანასკნელი თხოვნაა, არ დაისაჯოს გენ...“ ხელი დაუდუნდა, ძირს ჩამოუვარდა.

ვიღაც ყვიროდა:

_ ჩქარა, ჩქარა!

გარბოდნენ, გამორბოდნენ, მხოლოდ გენერალი იდგა დარბაზში უძრავად. ტყვიით გახვრეტილი ქუდი ორივე ხელით ეჭირა წინ. დარბაზის კარში შეხნიერებული ჟანდარმი გახიდულიყო და აღარავის უშვებდა შიგნით.

 

დავუსვი ამ ამბავს ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზე ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით. მეგონა, თვალები, გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით. მან კი შეეჭვებულმა მკითხა:

_ ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები, მამა?

ეგ იყო და ეგ.