ჩემმა მეგობარმა გოგონამ ჩაიკითხა ეს მოთხრობა, სახე ოდნავ წამოუწითლდა.
- რა იყო, მარიკა? - შევეკითხე.
- არაფერი, ახლა მივხვდი, რო გოგოები მაგაში მაინც ბედნიერები ვართ.
- ?
- უფრო მეტად შეგვიძლია, ჩვენს პირველ სიყვარულს შევწიროთ თავი, ვიდრე თქვენ.
- ?
- რა თქმა უნდა, თუ გამბედაობა გვეყოფა, მაგრამ რომ არ გვყოფნის ხოლმე, ეგ არის ჩვენი უბედურება, - მან ნაზად ამოიოხრა და ოდნავ გაფითრდა.
მე ჩემს ფიქრებში გავერთე.
დილის სუფთა ჰაერში მტვერი ავარდა. პატარა ნიავმა გვერდიდან მოუბერა და ადრიანად გამოსულ მემაწვნეს ფეხებში მიაყარა. მეეზოვემ ახლა ქვაფენილის მეორე მხარეს გადაინაცვლა. ვამეხმა ფრთხილად მოიხურა ოთახის კარი, ნელა დაეშვა კიბეზე, შემდეგ ქუჩაში გამოვიდა. გრილოდა. სახეზე პატარა ბუსუსები დააყარა. ნაბიჯს აუჩქარა და ქვაფენილის მეორე მხარეს გადასულ მეეზოვეს მიესალმა. მატარებლის წასვლამდე მთელი საათი რჩებოდა. მზის პირველმა სხივებმა ქუჩის ბოლოს მოუსწრეს, მან ნაბიჯს უკლო და სადგურისაკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვა. ახალადგაფურჩქნილ აკაციის ტოტებში ჩიტები ჟღურტულებდნენ. “მერცხლებიც მოფრენილან.” - გაეღიმა მას და ციდან ისარივით მომავალ ფრინველს თვალი გააყოლა. შენობის ლავგარდანიდან მეორე ამოვარდა, დაიჟღურტულა. პირველმა მერცხალმა ჰაერში ირაო გააკეთა, მერე მეორეს გამოუდგა. მალე ორივენი გაუჩინარდნენ. ვამეხმა სადგურისკენ გაუხვია. მზის სხივები უკვე ქვაფენილს დაეცა.
საღამოს დაღლილი ვამეხ ჯანდიერი ისევ ფეხით აუყვა თავის ქუჩას. ჰაერში სასიამოვნო სითბო იდგა. გაზაფხულის ლამაზი დღე მიდიოდა. ღიღინით შეუხვია თავის ქუჩაზე ვამეხმა და სახლისაკენ გაიხედა. ცოტა შეშფოთდა. მისკენ ნაცნობი სახის გოგონა მოდიოდა. ამ გოგოს თითქმის ყოველთვის ხვდებოდა ხოლმე და თითქმის ერთსა და იმავე ადგილას. უცნობი წითლდებოდა, თან მაინც უყურებდა მას. როცა ჩაივლიდა ვამეხი, გრძნობდა, რომ მისი მზერა თან მოჰყვებოდა. გოგონა ახლაც აუჩქარებელი ნაბიჯით მიდიოდა მისკენ. ბიჭმა ცოტა უხერხულად იგრძნო თავი, სცადა ღიღინის გაგრძელება, მაგრამ არ გამოუვიდა. აი, გაუსწორდნენ კიდეც ერთმანეთს, გოგო დააშტერდა, მერე გაწითლდა და მორცხვადა თქვა:
- გამარჯობათ!
- გამარჯობათ! - ვამეხმა თავი უსერხულად იგრძნო. ისე უპასუხა ნაცნობსახიან უცნობს გამარჯობაზე და ჩაუარა.
- ვამეხ, უკაცრავად, - მოესმა უკნიდან გაუბედავი ხმა. იგი გაჩერდა, მერე ნელა შემობრუნდა. მისგან ორიოდე ნაბიჯზე ის გოგონა იდგა.
- მე, მე მაიას მეძახის დედა, - თქვა გოგონამ.
- ახ, მაიას, ხო. - ვამეხმა ბრიყვული სახე მიიღო.
- მე თქვენ არც კი მიცნობთ, - განაგრძობდა იგი.
- რასა ბრძანებთ, ჩვენი მეზობელი უნდა იყოთ, არა, განა?
- დიახ, დიახ, აქვე ვცხოვრობ, თქვენს ზევით, მანქანების გასაჩერებელთან. - სული ამოითქვა ქალმა.
ვამეხი კარგად დაუკვირდა მის ოდნავ არასიმეტრიულ, მაგრამ ძალიან ეშხიან სახესა და დიდ, ლამაზ ტუჩებს. გოგონა კი იდგა გაწითლებული და კრთოდა. ბიჭი თითქმის მიხვდა, რაშიც იყო საქმე; შეეცადა მდგომარეობიდან გამოეყვანა.
- მაია, ის ბიჭი თქვენი ძმა ხომ არ არის? ძალიანა გგავთ, მოწაფის ფორმით რომ დადის ხოლმე.
- ჩემი? არა, მე ძმა არა მყავს.
- არც და? - დაინტერესდა ბიჭი.
- არა.
- აბა?
- მე დედა და მამა მყავს.
სიჩუმე ჩამოვარდა. გოგონას ლოყები კიდევ უფრო გაუვარვარდა. დიდ, ლამაზ ტუჩებზე ალმური ასდიოდა. უცებ ვამეხმა იგრძნო, რომ მის წინ ლამაზი, ახალგაზრდა გოგო იდგა, თან გაახსენდა, რომ სახლში გვიან ღამემდე მათთან არავინ მოვიდოდა და შეიპატიჟა. გოგონა თითქმის უყოყმანოდ დათანხმდა ბიჭს. სულ გადაავიწყდა დაღლილობა. კიბეზე ხელკავი გამოსდო. ესიამოვნა მის თეძოზე მკლავის ჩამოდება და ჟინი მოაწვა. “სულ ბავშვია და უკვე ასე...??‘” - გაივლო გუნებაში, მერე კარი გააღო და შიგ შეუძღვა. დერეფანში ფარდები ჩამოაფარა, შემდეგ სინათლეები აანთო. გოგონა კისერგადაგდებული იჯდა სავარძელში, წაბლისფერი თმა შუბლზე გადმოჰფენოდა. ვამეხმა თვალი ააყოლა მის ასხლეპილ წვივებს. “ოჰო, კარგია, კარგი, რა კარგია,” უხაროდა გუნებაში. “ნეტა მართლა ვინ არი? ან სად მოასწრო? სულ ბავშვი ჩანს”. უცებ თავში გაურბინა, რომ მშვენიერი სანახავი იქნებოდა ამ ასაკის გოგოს შიშველი ტანი. ძალიან მოუნდა მისი ასე ნახვა, გონებაში წარმოიდგინა კიდეც. თავს პირობა მისცა, რომ გაეშიშვლებინა და მის წინ პატარა სკამზე ჩამოჯდა, მერე მისი ლამაზი, მოგრძოთითებიანი ხელი თავის თათებში აიღო. გოგონა შეიშმუშნა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. ვამეხმა ხელი მოუჭირა მის ნაზ მტევანს. ქალი წამოწითლდა, კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა. მან ოდნავ შეჰკივლა და თავი უკან გადააგდო. მერე ვაჟის გაწვდილი ტუჩებისკენ დაიხარა. ჯანდიერმა ბაგეები მოაშორა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და თითქმის ჩურჩულითა თქვა:
- მაია.
მაიამ თმა ბეჭებზე გადაიყარა და თვალებში შეხედა. ვაჟი ოდნავ დააბნია ასეთმა მზერამ, მაინც განაგრძო:
- მაია, ამისრულებ ერთ თხოვნას?
- რაც გინდა იყოს, ოღონდ ერთის პირობით: ერთი თხოვნა შენ უნდა ამისრულო. - მორცხვობით, მაგრამ მტკიცე ხმითა თქვა გოგომ.
ვაჟი ჩაფიქრდა, ეჭვებმა შეიპყრეს, მაგრამ მის ათქვირებულ ტანს შეხედა და ყრუდ უთხრა:
- მე მინდა შიშველი გნახო.
- კარგი, - ცრემლნარევი ხმით მისცა თანხმობა გოგომ.
ვამეხი ალეწილი და დაბნეული გავიდა. დიდხანს უყურა მის პირდაპირ დაკიდებულ პაპის ახალგაზრდობის სურათს. აუარებელი ნაღველი ჩამდგარიყო წინაპრის ულამაზეს გუგებში, რომელსაც შავი, გადატკეცილი წარბები ამშვენებდა. ქალის სუსტ ხმაზე გამოერკვა იგი და თავისი საზარელი ხასიათისა შერცხვა. გადაწყვიტა დაეძახა, არ შემოვალ, ჩაიცვიო, მაგრამ ქალის ხმა განმეორებით მოესმა და ნელა შეაღო კარი. მის წინ იდგა შიშველი მაია: თმა ჩამოეშალა სახეზე, ტანით სავარძელს იყო მიყრდნობილი. ვამეხმა ხმა ვერ ამოიღო. მის წინ იდგა სიმშვენიერე და ამან მოაჯადოვა. დიდხანს უყურა გაოცებულმა, მერე ისევ გავიდა მეორე ოთახში. როცა უკან შემობრუნდა, გოგონა უკვე ჩაცმული იყო. ვაჟს ხელში ჯორჯონეს “მძინარე ვენერას” რეპროდუქცია ეჭირა.
- მაია, აი ეს ჩემგან, სახსოვრად. - ვამეხი მოდუნებული უყურებდა მის თვალებს.
- გმადლობთ, - ძლივს წაილუღლუღა გოგონამ, სურათი გამოართვა და კარისკენ წავიდა.
- ნახვამდის, ვამეხ. - თქვა მან კარში.
- ნახვამდის, მაია. - ვამეხმა კარი გაუღო. წინ გაუშვა და ისევ მოხურა. თვითონ შინ დარჩა. მარტო დარჩენილი ღრმა სავარძელში ჩაეშვა, ცოტა ხნის შემდეგ გრძელი ხევსურული ყალიონი ამოიღო. ძლივს მოუკიდა ცეცხლი. ბოლოს ღრმად მოქაჩა. გააბოლა. დიდხანს, დიდხანს იჯდა ასე სავარძელში და არაფერზე არა ფიქრობდა.
მთელი მეორე დღე აფორიაქებული დადიოდა. თვალწინ გოგონას შიშველი ტანი ედგა, ხან მის სახეს იგონებდა, ხანაც მისი გამწყრალი თვალები ეჩვენებოდა. მერე თავზე ბრაზი მოუვიდა, რომ შიშველი გოგო სახლში ჰყავდა, ასე ბრიყვივით უყურა და უვნებელი გაუშვა. “საცა გავხადე, იქაც...” - ტუჩებზე იკბინა სიბრაზით, შემდეგ შერცხვა, რომ საერთოდ გახადა ტანზე თითქმის ბავშვს. თავის გრძნობებში ვერ გარკვეულიყო ვამეხი. ქალი თავისი საქციელით ნამდვილად გარყვნილი იყო, უკანასკნელი მეძავი, მაგრამ თვალწინ მისი შეშფოთებული სახე, გაწითლებული ლოყები, ცრემლებნარევი თვალები ეხატებოდა. გონებით ნამდვილად ის იყო, ხოლო გრძნობა სხვას ეუბნებოდა. ისევ მოუვიდა თავის თავზე ბრაზი, ამხელა ვაჟკაცს ყველა ისეთი, როგორიც ის გოგო იყო, პატიოსანი ეგონა. სიბრაზისაგან წამოაწითლა ლოყებზე. “სულელო, როგორ გაუშვი ისე, რას იტყვის, თვითონვე დაგცინებს.” - ფიქრობდა გულში და ნელი ნაბიჯით მოჰყვებოდა აღმართს; შეუხვია, “აი, ის...” გაიფიქრა და თავის სახლისკენ წავიდა. გოგონა ნელა უახლოვდებოდა მას.
- ვამეხ! - დაიწყო მან, ლოყები აუვარდისფრდა, თვალები დახარა. ბიჭს შერცხვა თავისი გუშინდელი სისაზიზღრისა და დღევანდელი ასეთი ფიქრების.
- რა, მაია? - გაბზარული ხმით შეაგება მან.
- ახლა ჩემი ჯერია თხოვნის.
ჯანდიერი მოიღუშა.
- შემისრულებ? - განაგრძო მაიამ.
- რა თქმა უნდა, - ვამეხმა უხერხულად ჩაიღიმა.
- მომყევი. - თქვა მაიამ და წინ წავიდნენ.
ვაჟი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, თან მის უშიშარ გულს შიში შეეპარა შეუცნობლისადმი და იარაღი მოსინჯა ჯიბეში.
გარაჟამდე მდუმარედ იარეს. აქ კიბეზე ავიდნენ, მაიამ კარი გააღო. შიგ შევიდა.
- აი, ეს არის ჩემი ბინა. - თქვა მან. ვამეხმა მხრები აიჩეჩა და თვალი მოავლო ანგრეულ ოთახს.
- უკაცრავად, გადავდივართ და ცოტა ანგრეულები ვართ. მე ახლავე.
გოგო მეორე ოთახში გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ საშინაო ხალათში გამოვიდა, თეძოები მკვეთრად შეიგრძნო ვაჟმა, მერე ქალმა დაიწყო:
- ვამეხ, ახლა ჩემი თხოვნის დროა.
- ერთი წამით, მაია, მაინტერესებს, რამდენი წლისა ხარ?
გოგო ყურებამდე გაწითლდა, ძლივს ჩაილუღლუღა მორცხვად:
- თექვსმეტის, - მერე თავს ძალა დაატანა, მაღლა ასწია და ნაცნობი სიმტკიცით სთქვა:
- მე მინდა, რომ შენ ჩემი იყო, ბოდიში, მე ვიყო შენი.
- როგორ? - ისევ სულელური სახე მიიღო ვაჟმა.
- მხოლოდ ერთი საათით.
გოგონა ვაჟს მეორე ოთახში შეუძღვა. ვამეხი გაუჯიქდა თავის გრძნობას. ასეთი რამ არასოდეს მოსვლია. უზომოდ მოსწონდა ქალი და არაფერი არ უნდოდა, გრძნობდა, რომ არც შეეძლო. გოგომ რადიო ჩართო. გაისმა ბუგების ხმა. ვამეხმა მისთვის გამზადებული შოკოლადის ლიქიორი დაისხა. რამდენიმე ყლუპის შემდეგ მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. შემდეგ დიდი სინათლე ჩააქრო, მაგიდის მწვანე ნათურა აანთო და ახლოს მივიდა გოგოსთან; მერე ხალათი გადაუწია. ვაჟს სახეზე წამოახურა, რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან. ერთხანს ასე უყურა. ნელა, სულ ნელა მივიდა მასთან. თექვსმეტი წლის ქალიშვილის ოხშივარმა თავბრუ დაახვია.
როცა სინათლე ისევ აინთო, ვამეხ ჯანდიერი იჯდა სავარძელში და უკვე ქალის თვალებზე მომდგარ ცრემლებს უყურებდა სიბრალულით. არასოდეს ანთებულა იგი ასე გვიან და ასე ძლიერ. “მაია ქალწული იყო, ქალწული, ახლა აღარ არის,” ფიქრობდა ვაჟი. მან ყალიონი გააბოლა.
- მაია, - დაიწყო ვაჟმა, ქალი კი იჯდა თავის საშინაო ხალათში, გაფერმკრთალებული და ცრემლები სდიოდა.
- მაია, - გაიმეორა მან, - ამიხსენი, რაშია საქმე, რამ გაიძულა, რომ. . . - აღარ დაამთავრა.
- ჰო რამ. . . მე თვითონ არ ვიცი, ახლაც ვერ მოვსულვარ გონს, - გოგო აქვითინდა. ვაჟი მივიდა, მუხლებზე დაისვა, მერე კოცნით ამოუშრო ცრემლები. მაია ხელიდან გასხლტა, იქვე იატაკზე ჩამოჯდა და წყენით უთხრა:
- ახლა ნუღარ მოხვალ ახლოს.
ვამეხმა გაოცებული სახე მიიღო, ყალიონი ისევ გააბოლა სავარძელში ჩაშვებულმა.
- ერთხელ, სამი თვის წინ, - ხმის კანკალით დაიწყო ქალმა, - დედამ გამგზავნა შაქრის საყიდლად, ერთს გთხოვ, ვამეხ, კიდევ, ეგ ყალიონი მისახსოვრე და როცა თხრობას დავამთავრებ, წადი. ჩვენ ერთმანეთისთვის არა ვართ გაჩენილი, წადი, აღარ მახსენო არასოდეს. მე სოფელში გადავდივარ სასწავლებლად, მერე მოსკოვში წავალ.
ვამეხმა რამდენიმეჯერ კიდევ შეისუნთქა ბოლი თავის საყვარელი ჩიბუხიდან, ქულებად ამოუშვა ფილტვებიდან, მერე ფერფლი გამობერტყა და ჩიბუხი მაგიდაზე დადო.
მაია კი იჯდა ჩუმად, მხოლოდ იშვიათად ისმოდა ხოლმე ქვითინი, ბოლოს თავს მოერია და ყრუდ დაიწყო:
- მაღაზიიდან როცა გამოვედი, ყვირილი შემომესმა. ვიღაცა შავტუხა, კეპიან, უსიმპათიო კაცს რუსის ქალი დაეჭირა და სცემდა. ალბათ, შენც გახსოვს, მერე მოაბრუნა საზიზღარმა, ბეჭებში ქვა ჩაარტყა. სწორედ ამ დროს გამოხვედი შენ სახლიდან, შავი პიჯაკი გეცვა და თეთრი პერანგი. თეთრის ფონზე დავინახე, თუ როგორ წამოწითლდი, მერე მხრების რხევით წამოხვედი. მე მანამდისაც მყავდი შემჩნეული, - მაიას ხმა ქვითინმა შეცვალა, ვამეხი იჯდა და არ ამშვიდებდა. ქვითინი უცებ შეწყდა, - ჰო, შენ კი მივარდი კაცს და არც გაგირტყამს, ისე სწვდი კისერში, მერე კედელთან მიიყვანე და წაუჭირე. როცა ხელი გაუშვი, ის მოწყვეტით დაეშვა ქვაფენილზე.
მაიამ თხრობა დაამთავრა, მერე უცებ გავიდა მეორე ოთახში. სიჩუმე ჩამოვარდა. დიდხანს იჯდა ასე ვამეხ ჯანდიერი და ვერაფერზე ვერა ფიქრობდა. შეუმჩნევლად შეიჭრა მის შეგრძნებაში, რომ კედლის საათი ტიკტიკებდა. წამოდგა. კარებთან მაია იდგა. მას დამშვიდებული სახე ჰქონდა.
- ვამეხ, სადაცაა, დედა მოვა, ნახვამდის, - ხელი გაუწოდა მან.
ვამეხმა მაგიდაზე დადებულ ჩიბუხს მოხედა, რომელიც ცვაიგის თხელტანიან “უცნობი ქალის წერილზე” დაედო მასვე, შემთხვევით.
- ნახვამდის, - ჩაილუღლუღა ჯანდიერმაც და ღია კარში გამოვიდა. მერე რატომღაც მოაგონდა, რომ ჩიბუხი ცვაიგის “უცნობი ქალის წერილზე” იდო. შუა კიბიდან უკან მოიხედა. მაიას კარი უკვე მოეხურა. მას გული დასწყდა, მერე მაღლა აიხედა. დახლეჩილ ღრუბლებში აქა-იქ კიაფობდნენ ვარსკვლავები.
წელი 1956. ნოემბრის 1
შენიშვნები
არსებობს მხოლოდ დასათაურებული და დათარიღებული შავი ავტოგრაფი (1+1-15გვ.).
თავფურცლის ქვედა ნახევარზე წერია სათაური თარიღითა და შესავალი დღიურით. მოთხრობის ბოლოს თარიღი მინაწერით: „პირველი ამბავი დაწერილი ღამის საათებში 7-1915”.
გურამი ჩვულებრივ, წერდა დილით ან შუადღისას. ეს ჩანს მოთხრობების თარიღის აღნიშვნისას. უთქვამს კიდეც - დილით უკეთა ვგრძნობ თავს მუშაობისთვისო. ერთხელ მითხრა: დრო შემეცვალა, ახლა საღამოთი უკეთ ვმუშაობო. როგორც ამ მოთხრობის მინაწერიდანაც ჩანს, ეს „ერთხელ”, სწორედ ნოემბრის ის დღე იყო, როდესაც დაიწერა „მარტი გიჟობის თვე.”
ერთ-ერთი დღიურიდან: „ბოლო ხანებში გაცილებით ცუდადა (სუსტად მუშაობისათვის) ვგრძნობ თავს დილით, ვიდრე საღამოს, წინათ ვერც წარმომედგინა საღამოს მუშაობა. საერთოდ მე იმ დროს ვინიშნავ გონებით, როდის შეიძლება კარგად მუშაობა, მუშაობით კი თითქმის არა ვმუშაობ.”
თაბახის ფურცელზე გურამის მიერ შემოხაზულ ოთხკუთხა ჩარჩოში დიდი ასოებით წერია: „მარტი გიჟობის თვე”. ერთ მხარეს ხატია უთავო კაცის ფიგურა. მოპირდაპირე მხარეს ჩახატულია ფალოსი. ჩარჩოს მთელი შიგნითა არე დაფარულია თითქოს აშლილი, ნერვიული შტრიხებით. (იხ. აგრეთვე წინა შენიშვნები.)
ქვეყნდება პირველად.